„საოცნებო“ ანატომია და ივანიშვილის პოლიტიკური მარკეტინგი

eh5

სიტყვა პორტირება, პირველ რიგში, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებთან ასოცირდება და აღნიშნავს პროცედურას, როცა ამა თუ იმ ქსელის აბონენტი იცვლის მობილურ ოპერატორს, ხოლო ნომერს იგივეს იტოვებს. ე. ი. პორტირებისას საშუალება გეძლევათ, ნომრის შეუცვლელად გახდეთ სხვა ქსელის აბონენტი. ამ სიტყვის პოლიტიკური კონტენტი კი აქტიური ადამიანებისთვის კარგა ხანია, ცნობილია, _ წინა ხელისუფლებიდან ახალ ხელისუფლებაში გადაბარგებულ და დაწინაურებულ ადამიანებს პორტირებულებს უწოდებენ.

მათი მისამართით თავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც გამოხატავენ აგრესიას ვირტუალურ თუ რეალურ სივრცეებში, ვინაიდან გუშინდელ მტრებს დღემდე ეჭვის თვალით უყურებენ.

 

2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, მას მერე, რაც რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის მიერ დაქირავებულმა პოლიტიკურმა გუნდმა არჩევნებში ხალხის მოტყუების ხარჯზე გაიმარჯვა, პოლიტიკური სურათი მკვეთრად შეიცვალა. საზოგადოების დიდი ნაწილი იმ პერიოდში იმედით შესქცეროდა მილიარდერ ივანიშვილს, ვინაიდან მისმა თანაგუნდელებმა წინასაარჩევნოდ დაპირებები უხვად გასცეს. როგორც დრომ გვაჩვენა, 2012 წლისთვის გაცემული დაპირებების დიდი ნაწილი, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით, დღემდე ვერ შესრულდა. შესაბამისად, „მეოცნებეებმა“ არაერთი თანაგუნდელი დაკარგეს ბოლო სამი წლის განმავლობაში _ ერთგული აქტივისტებიდან დაწყებული, მთელი რიგი პარტიებით დამთავრებული. მთავარ თემას ოდნავ გადავუხვევ და შევეცდები, არსებული ვითარება გარე თვალითაც გავაანალიზო:

შესაძლოა, ჩვენი გამოცემის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მკითხველები მოგვედაონ და გვითხრან, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველა იმ ადამიანს ვერ დააწინაურებდა, ვინც სააკაშვილს ებრძოდაო. შესაძლოა, პოლემიკა ამ მიმართულებითაც გაგრძელდეს, _ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული ქართველები სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას მივეჩვიეთ და ზეკაცების იმედად XXI საუკუნეში არ უნდა ვიყოთო, თავად უნდა გავანძრიოთ ხელი _ ბიძინა თავის ქონებას ხალხს რომ არ დაურიგებდა, არ იცოდითო?! მაგრამ სწორედ ასეთი კამათის დროს შედიან ჩიხში „მეოცნებეები“. ქართველების პირველობისადმი ლტოლვას და პიროვნულ ამბიციებს რომ შევეშვათ, არსებობს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიისა თუ ინტერნეტსააგენტოს გადაღებული კადრები, სადაც ნათლად ისმის და ჩანს, თუ როგორ აიმედებდნენ ოპოზიციაში მყოფი კოალიციის წარმომადგენლები სააკაშვილის მმართველობით დაღლილ ამომრჩევლებს _ სოფლის მეურნეობაში ჩადებული მილიარდიდან დაწყებული _ 100 ქარხნით დასრულებული. გვახსოვს უფასო ფულის ეპოპეაც… მართალია, ამ სიტყვების ავტორები დღევანდელ მთავრობას ოფიციალურად არ წარმოადგენენ, მაგრამ ქეთი დოლიძისა და ნინელი ჭანკვეტაძის ეს განცხადება წინასაარჩევნოდ, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გაკეთდა, სადაც პარტიული სიმბოლიკით ხელდამშვენებული ქალბატონები ივანიშვილისთვის ერთგულების დამტკიცებას ერთობ ენერგიულად ცდილობდნენ. დღეს კი მოტყუებული ხალხის წინ ისინი, რასაკვირველია, არ ჩნდებიან. ქართულ კულტურულ და პოლიტიკურ წრეებში მგლის მადით ცნობილი ქეთი დოლიძე, რომელიც ყველა მთავრობის დროს ყოველთვის უკმაყოფილებას გამოხატავდა _ იმავე მთავრობების დროს დიდ ფულს ატრიალებდა (ხანაც ფესტივალ „საჩუქრის“ ეგიდით, ხანაც სხვადასხვა კულტურული ღონისძიების სახელით). ქალ-კუკარაჩას დღეს აღარც სამართლიანობის აღდგენა აინტერესებს და არც უმუშევრობით გაწამებული ხალხი. კარგა ხანია, რაც მან ეკრანი გურანდა გაბუნიასა და ლალი ბადურაშვილს დაუთმო. არსად ჩანს ნინელი ჭანკვეტაძეც, რომელმაც, თავისი გმირისგან განსხვავებით, მურტალ ცხოვრებას შვიდივე ტყვია გაარტყა და ივანიშვილის მსახურებით ვალმოხდილი დღეს მდუმარებას ინარჩუნებს. ხოლო საზოგადოება უკვე სხვა მეხოტბეების პირიდან ისმენს განცხადებებს იმის შესახებ, რომ დღეს ცოცხებით არ აუპატიურებენ. მართალია, თავად სისტემის ჭანჭიკი _ მოძალადე ბედუკაძე, დაცვით დასეირნობს და ახალი პარტიის ფრთებქვეშ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კულტის მსახურთათვის.

იმავე საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ის ადამიანები, რომლებიც არაფორმალურ მმართველს სხვადასხვა ტოქშოუში აქებენ (თუ აქებდნენ), მისგან ფინანსურად არიან დავალებულნი, შესაბამისად, პიროვნულ ხოტბას არაფერი აქვს საერთო სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან.

კარის დაქირავებულ მეხოტბეებს არ აინტერესებთ საზოგადოებრივი დაკვეთები _ არც სამართლიანობის აღდგენა, არც დასაქმება, სამაგიეროდ, მათი ლიდერი ზრუნავს ერთი კატეგორიის ადამიანების დასაქმებაზე და ობიექტურობისთვის მას ეს არ უნდა დავუკარგოთ. გავიგეთ, რომ უმუშევრობა პრობლემაა, მაგრამ ეს პრობლემა არ ეხება პრაგმატულ „ნაცებს“. მათ კარიერულ ზრდაზე უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი ზრუნავს. პარტია, რომელიც თავისიანებს განვითარების შანსებს უსპობს, აწინაურებს ყოფილ მეტოქეებს. წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ არაერთი წარმატებული, ღირსეული და ერთგული თანამებრძოლი ამ მთავრობამ გვერდზე გაწია, არ შეიმჩნია.

ისიც ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების დროს მოღვაწე რამდენიმე მაღალჩინოსნის გარდა, რომლებიც ციხეში სხედან, გარეთ დარჩა ენმ-ს ძირითადი ბირთვი, რომლის ნაწილმაც შეთავაზებული კოჰაბიტაცია მშვიდად მიიღო, ზოგიერთი დედაპარტიას ამბიციურად გამოეყო და პარტიებიც შექმნა, მეორე ნაწილი კი უფრო წინ წავიდა და ფარულ პოლიტიკურ თუ ბიზნესკავშირებს გამჭვირვალე ღალატი არჩია. ვინც 2012 წლამდე ივანიშვილის გუნდის წევრებს ქვებს ესროდა, დღეს აღსარების გარეშე მოხვდა მათ მიერ დარბეულ და თავგატეხილ ადამიანებთან სასწორის პინაზე. ერთი ცნობილი გამოთქმის საწინააღმდეგოდ ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ სახელის გატეხას თავის გატეხა არაფრით სჯობს, ვინაიდან თავის გამტეხები დაწინაურდნენ, გატეხილები კი გატეხილში დარჩნენ.

ახლა კი დავსვათ მთავარი კითხვა, _ ვინ არიან პორტირებულები? რა საზოგადოებრივი კლასია ეს? _ პორტირებულები არიან ადამიანები, რომლებმაც დროის ისრები სათავისოდ შეატრიალეს, რომლებიც ყველა დროში პრივილეგიებით სარგებლობენ და რომელთათვისაც პარლამენტი მუდმივსამყოფელი ადგილია, საიდანაც თავიანთ კერძო ინტერესებს ლობირებენ. ოლიგარქის პოლიტიკური კომპლექსი _ იყიდოს ყველა და ყველაფერი (მათ შორის, მოღალატეებიც), პორტირებულებმა სათავისოდ გამოიყენეს და ახალ რეალობას ძველებურად მოერგნენ. პრივილეგირებული კლასი დარჩა პრივილეგირებულ კლასად _ ის გვერდს უვლის კანონს, მფარველობს შავ ბიზნესს, სახელმწიფო ბიუჯეტს სათავისოდ განკარგავს. მათ ოსტატურად ჩამოიწმინდეს ძველი შეცდომები და ახალი პარტიული ქოლგის ქვეშ, ხანაც დარში და ხანაც ავდარში, სხვა კამერტონზე აჟღურტულდნენ. რეპერტუარი, რასაკვირველია, იგივე აქვთ _ მაამებელ-სადიდებელი ოდები. დიდი ალბათობით, მათი გედის სიმღერას ქართულ პოლიტიკაში კიდევ კარგა ხანს ვერ მოვისმენთ, რადგანაც ისინი კვლავაც მედგრად გამოიყურებიან. სწორედ ამიტომ ივანიშვილის საკადრო შეცდომებზე მეტად აქცენტებს მათ პერსონებზე გავაკეთებთ. ამ სტატიაში შემდგომი თხრობისას მოგიყვებით კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ რეალობას ერთი და იგივე სახით მოერგნენ. მათ დღეს უკვე წინა ხელისუფლებიდან შემოსწყრნენ, რადგანაც მოღალატეები არსად უყვართ.

პორტირებულებს „ქართული ოცნების“ ჭეშმარიტ აქტივისტებში ლეგიტიმაცია არ აქვთ, ვინაიდან ეს ადამიანები, „მეოცნებეთა“ დიდი ნაწილის აზრით, მტრის ბანაკიდან მოვიდნენ და ასეთებს ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებენ. „ქართული ოცნების“ ვეტერანი აქტივისტები ხშირად სვამენ კითხვებს, _ რატომ არ აფასებენ ერთგულ და პროფესიონალ კადრებს ჩვენს გუნდში? ივანიშვილმა რატომ დაგვასვა თავზე ეს ხალხი? მართლაც საინტერესოა, სად გადის ზღვარი თანამედროვე დასავლური პოლიტიკის სტანადარტებსა და ღალატის რომანტიზაციას შორის? რატომ აწინაურებენ წინა ხელისუფლების დროს გაზულუქებულ ოდიოზურ სახეებს ივანიშვილის კარზე? იქნებ, ამ ტიპის გადაბირებით ივანიშვილი ენმ-ს ასუსტებს და ჩვენ, რიგითი მოკვდავნი, ამას ვერ ვხვდებით? რაც არ უნდა იყოს, დააფასო გუშინდელი მტერი გუშინდელ უღალატო მოყვარეზე მეტად, ადამიანურად, უზნეობაა… პოლიტიკურად კი აქვე გავაანალიზოთ კონკრეტულ პერსონათა განვლილი გზა და ამისთვის მრავალენოვანი, ღია ვიკი-ენციკლოპედია დავიხმაროთ, სადაც არაერთ საინტერესო ცნობას ამოიკითხავთ სხვადასხვა მასშტაბის მწერლებზე, ცნობილ ადამიანებსა თუ ისტორიულ მოვლენებზე. შესაბამისად, პორტირებული „ნაცების“ შესახებ ბიოგრაფიული ფაქტების გასაცნობად ვიკიპედიის საძიებო სისტემას ერთად მივაშუროთ…

კახაბერ ოქრიაშვილი (დ. 21 მარტი, 1966, თბილისი) _ ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის (2004, 2008 2012 წწ.) წევრი. 1982-1983 წლებში მუშაობდა სანიტრად დმანისის რაიონულ საავადმყოფოში; 1989-1990 წლებში იყო სოფელ განთიადის საექიმო ამბულატორიის მთავარი ექიმი; 1990-1995 წლებში მუშაობდა მეან-გინეკოლოგად დმანისის რაიონულ საავადმყოფოში; 1995-2003 წლებში იყო ფარმაცევტულ კომპანია „PშP“-ს გენერალური დირექტორი; 2004 წელს გახდა საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, ხოლო 2008 წელს გახდა მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი დმანისის საარჩევნო ოლქიდან; 2012 წელს გახდა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.

საზოგადოებამ ახლახან შეიტყო, რომ ბატონ ოქრიაშვილს პარლამენტში მეოთხედ მოხვედრის იმედი აქვს.

8 ოქტომბრის არჩევნებში „პე-ეს-პეს“ დამფუძნებელი „ქართულ ოცნებას“ წალკისა და დმანისის ოლქში წარადგენს. ჩვენს კოლეგებთან საუბრისას იგი მშვიდად განმარტავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი 2012 წლიდან გაწყვიტა. ამბობს, რომ პოლიტიკაში ყოფნა მისი ბიზნესინტერესების დაცვას არ ემსახურება: „ჩვენი კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობს, რადგან მე პოლიტიკაშიც ვარ. „ნაციონალურ მოძრაობას“ 2006-დან, დაახლოებით, 2011 წლამდე, ფინანსურად მუდმივად ვეხმარებოდი. 2012 წელს ციხის კადრები იყო ბოლო წერტილი, რომლის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობა“ დავტოვე“. სანამ „ოცნების“ სახელით მოსაუბრე ოქრიაშვილი სახელისუფლებო არხებიდან თავის ბიოგრაფიაზე მშვიდად გვიყვება, იქამდე დღეს უკვე მისი პოლიტიკური პატრონის მიერ ერთ დროს მართულ „მეცხრე არხზე“ უპატრონოდ დარჩენილი დმანისელების პროტესტის ხმა ისმოდა.

„ძროხების დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით, საძოვარზე მხოლოდ იმ ძროხებს უშვებენ, რომელთა მეპატრონეებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევენ ხმას. დმანისის რაიონის სოფელ ირგანჩაის მოსახლეობა უსაძოვროდ დარჩა. ადგილობრივთა თქმით, სოფლის საძოვრები მაჟორიტარ დეპუტატ კახა ოქრიაშვილის ოჯახმა მიისაკუთრა და სარგებლობისთვის თითო ჰა-ში 50 ლარის გადახდას ითხოვს. ვინც მმართველ მოძრაობას მხარს არ უჭერეს, შესაძლოა, საერთოდ უსაძოვროდ დარჩეს“, _ გვამცნო ერთ ამოსუნთქვაზე შეშფოთებულმა ნათია ლაზაშვილმა. მაშინდელი ოპოზიციური არხების სტუდიებიდან ყოფილი მეან-გინეკოლოგის შავბნელ საქმეებზე არაერთგზის საუბრობდნენ. იმავე პერიოდში (დაახლოებით, ოთხი წლის წინათ) „მეოცნებე“ არხებზე გაჟღერდა ინფორმაცია „ჭრელი აბანოების“ გასხვისების შესახებ. ისტორიულ შენობას რომ სააკაშვილის დროს მეპატრონეები შეეცვალა, ეს ინფორმაცია საზოგადოების ნაწილს კარგად მოეხსენება. ჰოდა, სწორედ შეცვლილი მეპატრონეების სიაში ერთ-ერთი პირველი ოქრიაშვილის გვარი ფიგურირებს. ყოფილმა მფლობელმა გია ხიზინიშვილმა განაცხადა, რომ ის 2006 წელს პროკურატურაში დაიბარეს და ქონების ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაფორმება მოსთხოვეს, უარის შემთხვევაში კი ოჯახის წევრების დაპატიმრებით დაემუქრნენ. ხიზანიშვილის გადმოცემით ქონებით დაინტერესებული იყვნენ „პე-ეს-პეს“ დამფუძნებელი და წინა მოწვევის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კობა კურდღელაშვილი. დაზარალებულის მტკიცებით, მისი მილიონიანი ქონება კახა ოქრიაშვილმა ჩაიგდო ხელთ. „ჭრელი აბანოების“ მეპატრონეთა საქმე დღემდე გამოუძიებელია. „მთავარ პროკურატურას კიდევ ერთი საქმის შესწავლა მოუწევს: რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი დეპუტატ კახა ოქრიაშვილს მისი გატაცების ორგანიზებაში ადანაშაულებს და პარლმანეტარისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს“, _ ეს უკვე „მოამბეა“ _ 24 წლის წინანდელ დანაშაულზე დიმიტრი ბერუაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ სატელეფონო ინტერვიუში 2014 წელს უამბო.

დღეს უკვე „მეოცნებე“ ოქრიაშვილმა ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს ორი წლის წინათ არ უპასუხა. ბიზნესმენ ბერუაშვილის მტკიცებით, 1992 წელს მომხდარ დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმე არაერთხელ აღიძრა, თუმცა ამ დრომდე არც ერთი ეჭვმიტანილის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

ბოლოსკენ კი ყველაზე გემრიელი ლუკმა შემოვიტოვეთ, რითაც კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და პარლამენტარის რეალურ სახეს: ბატონი კახას თანაგუნდელებმა დმანისის რაიონში „ოცნების“ შტაბზე 2012 წლის ზაფხულში იერიში მიიტანეს. მაშინ „ნაციონალების“ მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის ბიუროს უფროსი, მისივე ნათესავი მერაბ ოქრიაშვილი, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ბიუროს უფროსის მიერ ორგანიზებული თავდასხმა „მეოცნებეებმა“ კამერაზე აღბეჭდეს. კადრებში ნათლად ჩანს, რომ მერაბ ოქრიაშვილი საკუთარი პიკაპით განზრახ ეჯახება ოპოზიციონერთა ავტომობილებს. მაშინ კოალიციაში თქვეს, რომ დმანისში წარმოდგენილი მმართველი გუნდისგან ასეთი შემთხვევა პირველი არ იყო. ქვემო ქართლის ამ რაიონში ფესვებგადგმულ აფთიაქარ- ბიზნესმენ-პოლიტიკოს-მეანგინეკოლოგზე ბევრი მასალა მოიპოვება, დაწყებული ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მონოპოლიებიდან, დამთავრებული ოპონენტებთან არსებულ ანგარიშსწორებებზე, მაგრამ ერთ საგაზეთო სტატიაში აღნიშნული პერსონის ირგვლივ არსებულ ბრალდებებს ნამდვილად ვერ ჩავატევთ. შესაბამისად, მასზე საუბრის დასასრულ ჩნდება ლოგიკური კითხვა, _ რა მოცემულობებით იხელმძღვანელა დღევანდელმა მთავრობამ, როცა ბატონი კახა სიაში ჩასვა? ამ კითხვაზე ხელისუფლებიდან უნდა გვიპასუხონ.

იქამდე კი, სანამ ხელისუფლება პასუხს მოიფიქრებს, კიდევ ერთი პორტირებული „ნაციონალი გავიხსენოთ“:

ვიკიპედიაში გოდერძი ბუკიას შესახებ ვგებულობთ, რომ ეს ბატონი 1952 წლის 15 ოქტომბერს დაბადებულა. ქართველი პოლიტიკოსის ბალანსზე საქართველოს ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრობაა (1995, 2004, 2008, 2012 წწ.). შესავლის შემდეგ კი ვკითხულობთ: 1975 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი; 1975-1990 წლებში ეკავა ხელმძღვანელი პარტიული თანამდებობები კომკავშირსა და კომპარტიაში თბილისში; 1990-1995 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას; პარლამენტში წარმოდგენილია, როგორც ხობის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი. ბუკიას მარიფათი მეან-გინეკოლოგის ბიოგრაფიას სხვა მხრივ ჩრდილავს, ვინაიდან იგი კომპარტიიდან იღებს სტარტს და, აგერ უკვე, „საოცნებო“ რეალობაშიც აგრძელებს მოღვაწეობას. მასზე ხობში შავი იუმორითაც ხუმრობენ, _ თავის დროზე პარლამენტიდან გამოასვენებენ ამ ჩვენს გოდერძის, თუ საერთოდ იქ არ დამარხესო. ბუკიას „ნაციონალური“ წარსული ხასიათდება ტრადიციული ქართველი კაცის იმიჯის მორგებით და შეუსრულებელი დაპირებებით. მართალია, მის საწარმოებში დასაქმებული ხალხი მადლიერია, რაც, ბუნებრივია, ცუდი სულაც არა არის, თუმცა რა აუცილებლობით არის გამოწვეული ამ ბატონის მეხუთე ჯერზე გაპარლამენტარება?

რამდენად თავსებადია ერთდროულად ბიზნესში და საკანონმდებლო ორგანოში მოღვაწეობა? „ნაციონალური მოძრაობის დროს“ ხობის მოდერნიზაციის მაკეტებისგან მხოლოდ ინტერნეტვერსიები დარჩა, ხობელების უმრავლესობა კი კვლავაც ყოფითი პრობლემების წინაშეა. რაიონის ბევრ სოფელს XXI საუკუნეში წყალი არ მიეწოდება. მაშ, რატომ უნდა აირჩიონ ხობელებმა ის დღეს?! იმიტომ ხომ არა, რომ მეგრული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე“ სწორედაც რომ მისი ინიციატივით და ფინანსებით დაფუძნდა? არც ფესტივალებია ცუდი, არც მეგრული სიმღერა და არც მომღერლების პატივისცემა, მაგრამ საკუთარი პიარისთვის მოწყობილ ზეიმზე, სადაც ათობით ჟურნალისტსა და მომღერალს გემრიელი კერძებით რამდენიმე დღის განმავლობაში უმასპინძლდებოდნენ, მაინც პიარის სუნი უდის, ვიდრე ხელოვნების სიყვარულის. სხვა თუ არაფერი, შავი ფული უნდა გათეთრდეს. ველურ 90-იანებში, მაშინ როცა რუსეთში კაპიტალს კანონიერი გზით ვერავინ შოულობდა, ბუკია გამდიდრდა, შემდეგ შევარდნაძის სამსახურში ერთგულად იმსახურა, მოერგო სააკაშვილსა და ახლა ივანიშვილს. საინტერესოა, რატომ უნდა წარმოადგენდეს საქართველოს პარლამენტში ხობის რაიონს უკვე მერამდენედ ეს პიროვნება? დავიჯეროთ, სხვა კანდიდატი რაიონს არ ჰყავს? დავიჯეროთ, ახალი სისხლი, ახალი ენერგია, რომელიც განვითარების ახალ შანსებს დასახავს, არავის სჭირდება? არ შეიძლება, რომ ამ ადამიანმა კერძო სექტორში იმოღვაწეოს და პარტიული ლოგოების გარეშე განავითაროს თავისი ბიზნესი? ამ კითხვაზე პირადად ჩემი, ამ სტატიის ავტორის პასუხი ასეთია:

ხელმომჭირნე ივანიშვილს არ უყვარს ზედმეტი ხარჯები. სავარაუდოდ, ბუკიას კანდიდატურით იგი ერთდროულად რამდენიმე კურდღელს იჭერს _ „ნაცებს“ ხობის რაიონში დასაყრდენი გამოაცალა, თან წინა ხელისუფლების დროს ნაშოვნ ფულს თავადვე დაახარჯინებს თანაგუნდელს და, ამავდროულად, ეკონომიასაც გააკეთებს, ბატონი გოდერძი კმაყოფილი იქნება პარლამენტარობის მოლოდინში. ანუ იგი მის ჭიასაც გაახარებს და ივანიშვილის სალაროსაც მოუფრთხილდება. ასეთი ისტორიები მეტად არაპროგნოზირებადი არჩევნების პერიოდში მრავლად გვხვდება _ ყველა რაიონს ჰყავს ერთი ბუკია და ერთი ოქრიაშვილი. სხვებზე სხვა დროს მოგიყვებით.

 

სტატიის მეორე ნაწილში კი სულ ცხელი ამბავი შემოგინახეთ:

 

კულუარებში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ისანი-სამგორის რაიონის ერთ ოლქში „ქართული ოცნება“ შესაძლოა, კიდევ ერთმა ექსნაციონალმა წარადგინოს. ჩვენი წყაროს მტკიცებით, გადაპორტირებული „ნაცის“, ვანო ზარდიაშვილის მოსალოდნელი წარდგენით, დიდი გაწევ-გამოწევა ყოფილა სამთავრობო გუნდში. ძირძველ „მეოცნებეებს“ გაცხარებულებს გაუპროტესტებიათ ზარდიაშვილის კანდიდატურა, თუმცა იგი ჯერ არავის ჩაუხსნია და, თურმე, ახლაც განაგრძობს შიდაკულუარულ ბრძოლას. საზოგადოების ფართო მასები ამ ახალგაზრდა კაცს არ იცნობს, თუმცა ჩვენთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, მისი ბიოგრაფიის შესწავლა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ზარდიაშვილის მზარდ კარიერას საფრთხე შეექმნა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, უკვე 2012 წლის 2 ნოემბრიდან. ამაზე ოდნავ ქვემოთ გიამბობთ, იქამდე კი მის სივს გადავხედოთ: 2004-2006 წლებში მან დაიწყო მუშაობა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჯერ გენერალური პროკურორის ტექნიკურ თანაშემწედ, შემდეგ გენერალური პროკურორის მრჩევლად; 2007-2010 წლებში საფინანსო-საქალაქო სამსახურის საერთო განყოფილების უფროსად გადაიყვანეს, იქ სხვადასხვა პოზიციაზე იმუშავა _ ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის თანაშემწის პოსტიდან, მოგვიანებით, ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

2010-2012 წლებში ზარდიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიაშურა, სადაც ადმინისტრაციის უფროსი გახდა. სწორედ ამ პერიოდში შეექმნა მის აღმავალ კარიერას პირველი სერიოზული საფრთხე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურები: თამაზ ზურაშვილი, ზურაბ ჭიკაიძე, დავით ხარიტონიშვილი, თამაზ სარალიძე, ზურაბ ღუღუნიშვილი, კობა თურიაშვილი და გიორგი უშვერიძე მათზე განხორციელებულ ზემოქმედებასა და მუქარაზე 2012 წლის შემოდგომაზე ალაპარაკდნენ. შვიდი მანდატურის მტკიცებით, ზეწოლა დაიწყო 2012 წლის 28 სექტემბერს ეროვნულ სტადიონზე, ენმ-ს მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობაზე უარის შემდეგ. „27 სექტემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სტადიონზე წასაყვანად ხალხის მობილიზება დაიწყო. ჩვენთანაც შეადგინეს სიები, ვინ მიდიოდა და ვინ _ არა. ხალხს რომ ვერ აგროვებდნენ, სამუშაო საათებში სასამართლოს თანამშრომლები სტადიონზე მანქანებით წაიყვანეს. მათთვის მთავარი იყო, სტადიონი გაევსოთ. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა საქალაქო სასამართლოს მენეჯერი, მანდატურების აპარატის უფროსი, ვანო ზარდიაშვილი“, _ განაცხადა თამაზ ზურაშვილმა. ამ საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ვეგბვერდზე 2012 წლის 1-ლ ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებასაც მივაკვლიეთ, საიდანაც ამონარიდს გთავაზობთ: „თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძის გადაწყვეტილებით აღნიშნულ ფაქტზე ჩატარდა სამსახურებრივი მოკვლევა. მოკვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ სასამართლოს თანამშრომლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ სასამართლოს მენეჯერი ბატონი ვანო ზარდიაშვილი თანამშრომლებში სარგებლობს კეთილგანწყობით და მათ მიმართ სასამართლოს ხელმძღვანელი პირებისგან რაიმე სახის ზეწოლა არ ყოფილა. შესაბამისად, მათ მიაჩნდათ, რომ მენეჯერი არ უნდა განთავისუფლებულიყო თანამდებობიდან“. დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე მალევე დატოვა ვანო ზარდიაშვილმა. საინტერესოა, რატომ?!

თუ ის მართალი იყო და რეალურად არ ახორციელებდა ზეწოლას, რისთვის დაწერა განცხადება? მით უფრო იმ ვითარებაში, როცა მისივე უწყებაში მოკვლევის შემდეგ ითქვა, რომ მენეჯერი არ უნდა განთავისუფლებულიყო. ოფიციალური ვერსიის მიღმა, სავარაუდოდ, მასაც აიძულეს სამსახურიდან წასვლა და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა: სივი არ გაიფუჭა და თავად წამოვიდა, თუმცა მის თავზე არსებული კითხვის ნიშნების მიუხედავად, კარიერული ზრდა მედგრად განაგრძო და 2013 წლიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე მოიკალათა. 2013 წლის ივნისიდან ზარდიაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილეა, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი მადა იზრდება და იგი კულუარებიდან დიდ პოლიტიკაში შემობიჯებას გეგმავს. მართალია, მიზანსწრაფული ექსნაცის შესახებ ჯერ ვიკიპედიაში ცნობები არ იძებნება, თუმცა მას ყველაფერი წინ აქვს. „ბუკიას სინდრომი“ ზარდიაშვილში უკვე გამჯდარია და თუ ასე გააგრძელა, გოდერძის სიმაღლეებსაც მალე დაიპყრობს _ „ქართულ ოცნებაში“ ხომ პორტირებულებზე მზარდი მოთხოვნაა?

 

                                                                                                                    ზაზა სვანაძე