რუსულ-ქართული მარადიული დეჟავიუ-2

იმ დროს, როდესაც ქართული ბიზნესი დანაკარგებს ითვლის და რუსეთის მხრიდან ახალ სანქციებს ელოდება, მათ შორის, ღვინის, მინერალური წყლებისა და ხილის ექსპორტის აკრძალვას _ რა შეიძლება ადამიანმა თქვას კარგი ყველაფერ ამასთან დაკავშირებით?
ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი? რა შეიძლება იყოს ყველაფერ ამაში დადებითი?
ბევრი არა, მაგრამ ერთი რამ მაინც არის _ დრო, რომელიც მოსკოვმა აირჩია სანქციების გამოსაცხადებლად.

კარგია, რომ ეს მოხდა 2019 წელს და არა, დავუშვათ, 2021-ში, რადგანაც დღეს რუსეთზე მოდის საქართველოს ექსპორტის 15% და ტურისტული შემოსავლების 25%.
სულ რაღაც 2 წლის წინ რუსეთი ჯერ არ იყო ქართული პროდუქციის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა და საქართველოს მთელ ექსპორტში რუსეთს 5% ეჭირა.
ტურიზმშიც, ჯერ კიდევ, 2018 წელს რუსეთი იყო მე-2 ადგილზე ტურისტების რაოდენობის კუთხით და მხოლოდ 2019 წლის I-II კვარტალში გავიდა პირველ ადგილზე.
როგორც ვხედავთ, რუსული გავლენა ქართულ ეკონომიკაში წარმოუდგენელი ტემპებით იზრდებოდა და რომ არა ამჟამინდელი მოვლენები, დამოკიდებულება გაიზრდებოდა, ხოლო გარკვეულ პერიოდში კრიტიკულ ზღვარს მიაღწევდა. ამის შემდეგ ნებისმიერი სანქციები ქვეყნის ეკონომიკისთვის სრულიად დამანგრეველი იქნებოდა.
პუტინმა ოდნავ იჩქარა _ ცოტათი უმტყუნა ინტუიციამ. მას სანქციები უნდა დაეწესებინა 2-3 წლის შემდეგ, როდესაც ქართული ექსპორტის 30% რუსეთთან იქნებოდა მიბმული, ხოლო ტურიზმში _ 40% მაინც. აი, მაშინ საქართველოს სრული კოლაფსი ელოდა.
თუმცა, რეალურად, არც დღეს ვიცით, საბოლოო ჯამში, რა დაგვიჯდება პუტინის რისხვა _ ჯერ ზუსტად არავინ იცის, რამდენი რუსი ტურისტი ჩამოვა საქართველოში. ყველა დღევანდელი პროგნოზი მარჩიელობაა.
მაგალითად, ის არგუმენტი, რომ რუსების 70% საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტით ჩამოდის და, შესაბამისად, მათზე ავიამიმოსვლის აკრძალვა არ იმოქმედებს, ძალიან დიდი მიამიტობაა იმის წარმოდგენა, რომ სახმელეთო საზღვარზე ყველაფერი ძველებურად დარჩება.
რა თქმა უნდა, შესაძლოა, საზღვარი ოფიციალურად არ ჩაიკეტოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რუსეთი იმდენად გაართულებს ზემო ლარსის გადაკვეთის პროცედურებს, რომ საშუალოსტატისტიკური რუსი ტურისტისთვის გაცილებით მარტივი იქნება მთვარეზე აფრენა, ვიდრე საქართველოში ჩასვლა.
ამიტომაც რუსული სანქციების შედეგები ჯერაც არ გვინახავს, მით უმეტეს, ექსპორტი ჯერ არ აკრძალულა.
თუმცა რაც დღეს არის, ისაა, რა გველოდება მომავალში და რა ვქნათ ჩვენ, როგორ მოვიქცეთ?
ერთი წამით წარმოიდგინეთ _ ხვალ ვითარება თბილისში დამშვიდდა, გამოსვლები შეწყდა და სიტუაცია დასტაბილურდა. გამორიცხული არაა, რომ ამ შემთხვევაში პუტინი გადაიფიქრებს სანქციების შემოღებას, იტყვის „აწი რუს ტურისტებს საქართველოში არაფერი ემუქრებათო“… და ისევ აღადგენს ავიამიმოსვლას.
ეს სულაც არაა შეუძლებელი, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯერ არაა ბოლომდე მიბმული რუსეთთან.
ან წარმოვიდგინოთ, რომ რუსი ტურისტები მაინც ჩამოვლენ საქართველოში. რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ, და, საერთოდ, კარგი იქნება თუ არა ქვეყნისთვის ყველაფრის ისევ იქ დაბრუნება, სადაც გავრილოვის კაზუსამდე იყო?
დღეს ნათლად ვხედავთ, რომ „რუსეთის ბაზარი“ არ არის ეკონომიკური ცნება და, შესაბამისად, მასთან მიდგომაც არ უნდა იყოს წმინდა წყლის ეკონომიკური.
„მთავრობა არ ერევა ბიზნესის საქმეში“ _ სწორი მიდგომაა, თუ საქმე ეხება ევროპას, ამერიკას, თურქეთს, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს, რომლებთანაც ვაჭრობა და ტურიზმი არაა დაკავშირებული დიდ პოლიტიკასთან.
შესაბამისად, მთავრობა დიახაც, უნდა ჩაერიოს, რადგან ხვალ კიდევ რამე რომ გაუჭირდეს ქართულ ბიზნესს რუსეთში, ის იმ წუთას მოცუნცულდება მთავრობასთან თხოვნით: „გვიშველეთ!“ და, რატომღაც, ამ დროს არავის ახსოვს, რომ „მთავრობა არ უნდა ჩაერიოს ბიზნესში“…
ასე არ გამოვა _ როდესაც გაწყობთ, არ ჩაერიოს და როდესაც გაწყობთ _ პირიქით.
ხელისუფლებამ, მაღალი პოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე, დიახაც, უნდა აკონტროლოს სიტუაცია იმისთვის, რომ მომავალში მაინც არ დაუშვას ქვეყნის ჩათრევა რუსულ ეკონომიკაში.
პირველ რიგში უნდა გავიგოთ _ რა გვსურს ჩვენ? გვინდა თუ არა რუსი ტურისტი და თუ გვინდა _ რამდენი?
2011 წელს, ჯერ კიდევ, სააკაშვილის პერიოდში, საქართველოში ჩამოვიდა 278 000 ტურისტი _ ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრისა და გაუქმებული ავიამიმოსვლის პირობებში. სავარაუდოდ, მინიმუმ, ამდენივე ჩამოვა ახლაც. შეიძლება მეტი, შეიძლება ნაკლები, მაგრამ მთავარი სხვაა _ აი, რამდენიც ჩამოვა ახლა _ იმაზე მეტი _ არ გვინდა.
ტურისტი, რომელიც ჩამოვა გააფთრებული პროპაგანდისა და გაუქმებული ავიარეისების პირობებში, გადალახავს სირთულეებს, ჩამოფრინდება თბილისში ერევნის ან კიევის გავლით _ ეს ტურისტი მიზანდასახულად ჩამოდის საქართველოში და სწორედ ეს კატეგორიაა ჩვენი ტურისტი.
ის რაოდენობა, რომელიც ჩამოვა ამ სეზონზე _ სწორედ ის იქნება ქვეყნისთვის ოპტიმალური და უსაფრთხო. ეს იქნება ის რაოდენობა, რომელიც ჩამოვა პოლიტიკური თუ სატრანსპორტო პრობლემების მიუხედავად და რამდენის იმედიც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ნებისმიერ სიტუაციაში.
მაშინაც კი, როდესაც სანქციები მოიხსნება, რუსი ტურისტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მაჩვენებელს. და, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში რუსი ტურისტები არ უნდა გავიდნენ პირველ ადგილზე რაოდენობის თვალსაზრისით.
სახელმწიფოს ამისთვის საკმარისი ბერკეტები აქვს _ ყველაზე მარტივია _ შეამცირეთ ავიარეისების რაოდენობა იმ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას და არც ერთი კაცით მეტი.
ასევე მისაღებია ზომები რუსეთში ქართული ექსპორტის თანდათანობით შემცირებაზე _ კერძოდ, უნდა შემოვიღოთ შეზღუდვები, რომელიც აკრძალავს გარკვეულ ქვეყნებში გარკვეული საქონლის მთლიანი ნაკადის 50%-ზე მეტის ექსპორტს.
ქართული ღვინის 65%-ის ექსპორტი არ უნდა მოდიოდეს რუსეთზე, ასევე ხილისა და ბოსტნეულის 70%. არც ერთი ამ პროდუქტის ექსპორტი რუსეთში არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი ექსპორტის 50%-ს.
ეს გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას ბიზნესწრეებში, თუმცა საკმარისია ისიც, რომ სწორედ ქართველი მეღვინეების უსაზღვრო მადის გამო საქართველო ყოველ 5-6 წელიწადში ბრუნდება რუსული ეკონომიკის ჭაობში.
არც ერთი დარგი არ უნდა იდგეს ქვეყანაზე მაღლა. მეღვინეობაა ქვეყნის ნაწილი და არა ქვეყანა _ მეღვინეობის.
თუ ეს არ გაკეთდა, დეჟავიუ განმეორდება და ქვეყანა ვერასდროს გასცდება ამ ჭაობს.

თენგიზ აბლოთია