რუსეთის რომელი აგენტურა მოქმედებს საქართველოში და რა მიზნები აქვს მას?

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2015 წლის 18 ნოემბრის #584 დადგენილებით დამტკიცებულია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა. ხსენებული სტატუსი განისაზღვრა 25 სუბიექტის მიმართ და თითოეულს, სპეციფიკის გათვალისწინებით, დაუდგინდა შესაბამისი რეჟიმი. უსაფრთხოების სამსახურის ურთიერთობები მაღალი რისკის სუბიექტებთან ხორციელდება შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ ცხადი გახადა, რომ რუსეთი მზად არის, ღიად დაუპირისპირდეს საერთაშორისო სამართალს.
ამავე დროს, რუსეთის სპეცსამსახურების უმთავრესი სამიზნე საქართველოს სპეცსამსახურები არიან.

„ქრონიკა+“ ესაუბრება ექსპერტს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, გიორგი ჯაბაურს:
_ აბსოლუტურად ვეთანხმები გლობალური უსაფრთხოებისა და სპეცსამსახურების მკვლევარს, პროფ. თორნიკე შურღულაიას, რომელსაც ძალიან საინტერესო კონცეფცია აქვს. მისი განმარტებით, კაცობრიობის ისტორია სასიცოცხლო სივრცისთვის ბრძოლის უწყვეტ ხაზს წარმოადგენს. ინგლისელმა გეოგრაფმა, ოქსფორდის პროფესორმა, ჰელფორდ მაკინდერმა, რომელიც შემდეგ ლონდონის ეკონომიკურ სკოლას ხელმძღვანელობდა, წარმოადგინა შემდეგი იდეა: პლანეტარული თვალსაზრისით სამყაროს ცენტრში დგას ევრაზიის კონტინენტი, ხოლო მისი ცენტრი – „ჰართლენდი“ (შუამდებარე მიწა), არის მსოფლიოს კონტროლის მნიშვნელოვნად ხელსაყრელი გეოგრაფიული პლაცდარმი. იგი მოიცავს რუსეთს, ბალტიის ზღვას, დუნაის, მცირე აზიას (თურქეთი), ამიერკავკასიას, ირანს, მონღოლეთს. მასსა და ევროპის სანაპირო სარტყელს შორის დემარკაციულ ზონას წარმოადგენდა გერმანია. ჩრდილოეთ ამერიკა, იაპონია, ავსტრალია, აფრიკა და ინგლისი მაკინდერის რუკაზე განეკუთვნებიან „საგარეო ან კუნძულოვან ხაზს“. ჰართლენდი (შუამდებარე მიწა) „მსოფლიო კუნძულზე“ კონტროლის უზრუნველმყოფია. მოვლენები არასასურველად რომ არ განვითარდეს, საზღვაო ქვეყნები (აშშ, ინგლისი და იაპონია) უნდა გაერთიანდნენ და გადამწყვეტი ბრძოლა აწარმოონ „ჰართლენდის“ სიღრმეებში შესაღწევად. ამ მიმართებით მეტად მნიშვნელოვანია შავ და ბალტიის ზღვებს შორის არსებული აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორია. მაკინდერის გეოპოლიტიკურმა კანონმა 3 მაქსიმის სახით დიდი მნიშვნელობა შეიძინა: ის, ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, აკონტროლებს „ჰართლენდს“; ვინც აკონტროლებს „ჰართლენდს“, აკონტროლებს მსოფლიო კუნძულს; ვინც აკონტროლებს მსოფლიო კუნძულს, აკონტროლებს მთელ სამყაროს. აღნიშნულ იდეას იზიარებს კრემლის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი. სამწუხაროდ, საქართველო, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის ინტერესებში მოწინავე ადგილს იკავებს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოს მიერ უბლოკო სტატუსის გამოცხადებამ გამოიწვია ბრიტანეთის სამხედრო ძალების გასვლა ქვეყნიდან, რითაც ისარგებლეს ბოლშევიკებმა და „გააწითლეს“ საქართველო, რის შემდეგაც 70 წელი უფუნქციო და ცენტრიდან მართული ქვეყანა მივიღეთ. 1991 წელს საქართველომ დაიბრუნა თავისუფლება, რის ფასად, სხვა საკითხია, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ვერ გამოვდივართ ეკონომიკური კოლაფსიდან. რუსეთი დღემდე ვერ ეგუება საქართველოს დამოუკიდებლობას და დღემდე ამუშავებს სპეცსამსახურების მიერ მთელ რიგ სქემებს. ეს მუდმივად ხდება _ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი სადაზვერვო სამსახურების მეშვეობით სულ ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია, შეაღწიოს ხელისუფლების უსაფრთხოების სტრუქტურებში, ჰქონდეს მუდმივი წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე, ჩანერგოს აგენტები და ა. შ.
_ და ამას ახერხებს კიდეც?
_ სამწუხაროდ. ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკურ ფენებში დესტაბილიზაცია მისი მიზნების რეალიზებაა. რუსეთის სპეცსამსახურებს ჩამოგითვლით: ГРУ _ თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველო; СВР _ საგარეო დაზვერვის სამსახური და ФСБ _ ფედერალური უსაფრთხოების სამსახური. ГРУ განაგებს კონფლიქტურ რეგიონებს, აფხაზეთი, სამაჩაბლო და ა. შ. ქმნის ახალ კონფლიქტურ რეგიონებს, ხოლო უკვე არსებულში აყალიბებს აგენტურულ ქსელებს. როგორც წესი, ГРУ დიპლომატიური მისიების ფრთის ქვეშ მოქმედებს, უფრო კონკრეტულად, საელჩოების. მასვე მიეწერება დივერსიული და ტერორისტული აქტივობები სასაზღვრო ზოლში.
_ ანუ რეალურად დაზვერვაა?
_ კი ბატონო, მას შეუძლია ცხელ წერტილებში დაზვერვის განხორციელება და მეტიც, მოწინააღმდეგის შესაძლებლობების განადგურება. მას შუძლია როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური პირების განადგურება. აგენტურული დაზვერვის გარდა, ГРУ განახორციელებს ასევე კოსმოსურ და ტექნიკურ დაზვერვას.
_ ГРУ-ს კადრი ოფიციალურად მზადდება?
_ რა თქმა უნდა. მისი ოფიცრები მომზადებას გადიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-დიპლომატიური აკადემიის სამ ძირითად ფაკულტეტზე. სტრატეგიული აგენტურული დაზვერვის ფაკულტეტი ამზადებს კადრს, რომელიც შემდგომში ნაწილდება საელჩოს საფარქვეშ მოქმედ რეზიდენტურებში; აგენტურულ-ოპერატიული დაზვერვის ფაკულტეტი ამზადებს სამხედრო ატაშეებს; ოპერატიულ-ტაქტიკური დაზვერვის ფაკულტეტი ამზადებს ოფიცრებს, რომლებიც სამხედრო შტაბის ოლქებში იგზავნებიან.
_ კარგით, ФСБ-ზე გადავიდეთ…
_ ФСБ სასაზღვრო ჯარების სამსახურის მეშვეობით სასაზღვრო ზოლში ქმნის აგენტურულ ქსელებს. მხოლოდ მისი სპეციფიკა კონტრდაზვერვაა. სამიზნე რუსეთში მყოფი ეთნიკურად ქართველები არიან. აბსოლუტურად ყველგან _ სასწავლებლებში, ორგანიზაციებში, კერძო სექტორსა და ა. შ. ФСБ-ს ჩანერგილი ჰყავს უსაფრთხოების ოფიცრები. მაგალითად, სასწავლებლებში სტუდენტებზე ცალკე მუშაობენ მათი შემდგომი დამუშავებისა და გადაბირების მიზნით. ФСБ ასევე ზრუნავს, რომ სასაზღვრო ზოლიდან ინფორმაცია არ გავიდეს. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ე. წ. სამხრეთ ოსეთის-ალანიის სამმართველოს უფროსი 2006 წლიდან გახლავთ გენერალ-მაიორი ვლადიმირ შვეცოვი. ФСБ-ს საზღვრის დაცვის აფხაზეთის სამმართველოს უფროსად 2015 წელს დაინიშნა დიმიტრი იუდინი. ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთში ФСБ-ს სამმართველოს არსებობა რუსეთის ფედერაციის უშუალო იურისდიქციას ნიშნავს, ხოლო აფხაზეთის შემთხვევაში იქ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური სასაზღვრო ძალების საშუალებით აკონტროლებს ვითარებას.
_ ანუ საქართველოს ტერიტორიაზე სტრატეგიულ დაზვერვას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური აწარმოებს?
_ დიახ, ასეა. რუსეთის სხვა სპეცსამსახურებისგან განსხვავებით СВР მუშაობს, გაგიკვირდებათ და, ელიტაზე, წარმომადგენლებზე პოლიტიკური სფეროდან, მათ გავლენის აგენტები ეწოდებათ; სამეცნიერო წრეებზე, არასამთავრობოებსა და მედიაზე. ისინი რბილად მოქმედებენ და ცდილობენ საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებითა და კულტულური ღონისძიებებით შექმნან პერსპექტიული აგენტურა. СВР-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის კონტრდაზვერვითი რეჟიმის შესწავლა.
_ რაც რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა, საელჩოც ამიტომ დაიხურა?
_ დაიხურა კი? სამაგიეროდ, საქართველოში რუსეთმა სხვა კარი გახსნა. ეს არის რუსული ინვესტიციები და რუსული ბიზნესკომპანიები საქართველოში.
_ რა შეიძლება ამ შემთხვევაში გააკეთოს და როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა?
_ სუს-ისთვის მთავარი გამოწვევა ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა და იქ განთავსებული უცხო ქვეყნის სამხედრო ძალაა. ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით რუსული სამხედრო კონტინგენტი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. იქ არსებული მძიმე კრიმინოგენური ვითარება _ ადამიანების გატაცება, მკვლელობები, მოსახლეობაზე თავდასხმა, ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია, თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და ა. შ. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა დარტყმის ქვეშ აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს, მაგრამ წინააღმდეგობა ძალიან დიდია.

თამარ როსტიაშვილი