როგორ იგებენ ტენდერებს „შავ სიაში“ შეტანილი კომპანიები?

tb1

2010 წლის 27 ნოემბერს ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 39-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა. კენჭისყრაზე საქართველომ ხუთი ხმით აჯობა კონკურენტ ჩეხეთს და 2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლება მოიპოვა. ახალგაზრდული ოლიმპიადა სპორტის 9 სახეობაში გაიმართება. თბილისში 49 ქვეყნის 3800 წარმომადგენელი მოიყრის თავს. გახსნის ცერემონია 2015 წლის 26 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის („ლოკომოტივი“) სტადიონზე გაიმართება, რომელიც 23 000 ადამიანზეა გათვლილი, დახურვის ცერემონია კი _ 2015 წლის 1-ლ აგვისტოს ოლიმპიურ სოფელში.

2010 წელს, როცა თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარება გადაწყდა, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ოლიმპიადის მასპინძლობა ახალ ხელისუფლებას მოუწევდა. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე ოლიმპიური სოფლის მშენებლობაზე ქართულმა მხარემ კონტრაქტი ჩინურ კომპანია „ჰუალინგს“ გაუფორმა, რომელიც საქართველოში ინვესტიციებს 2007 წლიდან ახორციელებდა. მაშინვე გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ რეალურად თბილისის ზღვაზე „ჩინური სოფელი“ შენდებოდა და ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მშენებლობაზე ჩამოყვანილი ჩინელები ამავე სოფელში დასახლდებოდნენ. თუმცა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ინვესტორი შეიცვალა თუ არა, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. არ შეცვლილა საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი, რომელიც იმ დროისათვის გიგი უგულავას მეგობარი იყო, მერე ლაშა ნაცვლიშვილთან გადაპორტირდა და, დღევანდელი ინფორმაციით, ზვიად ჯანყარაშვილისა და ლაშა ჩხენკელის პატრონაჟის ქვეშ მუშაობს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ფესტივალის არაოფიციალურ ორგკომიტეტს სწორედ ზვიად ჯანყარაშვილი და ლაშა ჩხენკელი წარმოადგენენ, მათ მიერ ხდება ახალგაზრდული ფესტივალის ყველა ფინანსური ნაკადის კონტროლი და სწორედ ისინი სთხოვენ ღიად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს „ატკატებს“. (ამ თემას „ქრონიკა+“ სამომავლოდ აუცილებლად დაუბრუნდება.)

საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 29 დეკემბერს გამოსცა #2534 დადგენილება ა(ა) იპ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ, რომელშიც ნათქვამია:

1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 10-1 მუხლის მე-3 პუნქტის დ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების _ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტმა საჭირო საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;

2. გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანებით, დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების შესაბამისად, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების მიმწოდებელი პირი განთავისუფლდეს ა(ა)იპ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტისთვის გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან.

საქმეში ჩაუხედავი ადამიანიც კი მიხვდება, რომ პრემიერ ღარიბაშვილის ამ განკარგულებით ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა გარკვეული შეღავათები მიიღო, მაგრამ მათთვის არავის მიუცია ნება, რომ ტენდერები იმ კომპანიებს მოეგოთ, რომლებიც, სწორედ სატენდერო პირობებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო „შავ სიაში“ არიან შეტანილები. ოფიციალური მონაცემებით, „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 28 მილიონი ლარი გამოიყო. გარდა ამისა, ფესტივალს ათზე მეტი ოფიციალური სპონსორიც ჰყავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ მონაცემებით, გამოცხადებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 18.339.998 ლარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით ტენდერები მოგებული აქვს 47 კომპანიას, მათ შორის, რამდენიმე ისეთს, რომელიც შავ სიაში არის შეტანილი.

 

უფრო კონკრეტულად:

 

SPA 150008204 19.03.2015

კატეგორია: საოფისე მანქანა-დანადგარები,

შპს  Geosm (ს/კ 404873614) 8874 ლარი,

შეტანილია შავ სიაში;

 

SPA 140023496 15.10.2014

კატეგორია: ავეჯი,

ი/მ ვიოლეტა მინაძე (ს/კ 03001011058) 23550 ლარი.

შეტანილია შავ სიაში;

 

SPA 140021329 11.09.2014

კატეგორია: ავეჯი,

ი/მ ვიოლეტა მინაძე, 490 ლარი;

 

SPA 140019012 14.08.2014

კატეგორია: ავეჯი,

ი/მ ვიოლეტა მინაძე, 3450 ლარი;

 

SPA 140012553 20.05.2014

კატეგორია: ავეჯი,

ი/მ ვიოლეტა მინაძე 13126 ლარი;

 

SPA 140017986 30.07.2014

კატეგორია: კომპიუტერული მოწყობილობები,

შპს „ადა“, 22300 ლარი,

შეტანილია შავ სიაში;

 

SPA  140012662,

კატეგორია: კომპიუტერული მოწყობილობები,

შპს „ადა“, 38480 ლარი;

 

SPA  140012769 23.05.2014

კატეგორია: ბროშურების დანადგარები,

შპს „ალგორითმი“, 2985 ლარი,

შეტანილია შავ სიაში;

 

SPA 130028885 16.01.2014

კატეგორია: შენობის დასრულების სამუშაოები,

შპს „ინდუსტრია-2“, 2 902 550 ლარი, შეტანილია შავ სიაში.

 

ე. წ. შავი სია არაკეთილსინდისიერი მეწარმეების რეესტრია. მათ რეგისტრაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მკაცრად გაწერილი პროცედურის მიხედვით ახორციელებს. სანამ კომპანია ამ რეესტრში ირიცხება, მას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება. გამომდინარე აქედან, სამართალდამცველი ორგანოები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ, როგორ მოიგეს ტენდერები „შავ სიაში“ შეტანილმა კომპანიებმა?

კატეგორია: შენობის დასრულების სამუშაოების კიდევ ერთი ტენდერი, რომლის საერთო ღირებულება 2 348 997 ლარია, შპს „ხომერიკი და კომპანიამ“ მოიგო, ხოლო ამავე კატეგორიაში 2 159 000 ლარის ტენდერი შპს „დამბამ“. სამშენებლო სამუშაოების ტენდერში, საერთო ღირებულებით 6 249 000 ლარი, შპს „დაგიმ“ გაიმარჯვა. რაც შეეხება ჩინურ კომპანია „ჰუალინგს“, რომელთანაც ოლიმპიური სოფლის მშენებლობაზე კონტრაქტი გაფორმდა 2010 წელს, ჯერჯერობით, გაურკვეველია, აღნიშნული კომპანიები მას ეხმარებიან სამუშაოების დასრულებაში, თუ ტენდერები სხვა ობიექტების მშენებლობაზე მოიგეს.

ასევე საინტერესოა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერები ავეჯზე. 23 550 ლარის ავეჯი „თბილისი 2015“-ს შპს „სპორტაინმა“ უნდა შეუძინოს. კომპანიის დირექტორს, გიორგი წასიძეს, შს გენინსპექციის ყოფილი უფროსი, ირაკლი სამყურაშვილი ლობირებს. სხვათა შორის, წასიძე სწორედ ტენდერების დროს ჩადენილი თაღლითობისთვისაა ნასამართლები და მას თავისუფლების სანაცვლოდ 700 000 ლარი აქვს გირაოს სახით გადახდილი (ამის შესახებ „ქრონიკა+“ წინა ნომრებში დეტალურად წერდა). ავეჯის კიდევ ერთი მიმწოდებელი ინდმეწარმე ვიოლეტა მინაძეა. მას ავეჯის შეძენის ტენდერი ზუსტად იგივე თანხაზე _ 23550 ლარზე აქვს მოგებული, რაც „სპორტლაინს“ (15.10.2014 SPA 140023496). გაუგებარია, თუ 2014 წლის 16 თებერვალს „სპორტლაინმა“ ერთხელ უკვე მოიგო ავეჯის ტენდერი, იმავე წლის 15 ოქტომბერს რაღა საჭირო იყო იგივე ღირებულების ავეჯის შეძენა? მით უფრო მაშინ, როცა 2014 წლის 11 სექტემბერს ვიოლეტა მინაძეს 490 ლარი ისევ ავეჯის შესაძენად მიუღია, 2014 წლის 14 აგვისტოს ამავე დანიშნულებით დამატებით 3450-ლარიანი ტენდერი მოუგია, 2014 წლის 20 მაისს ამავე ინდმეწარმეს 13126 ლარის ავეჯის შეძენაზე კიდევ ერთი ტენდერი აქვს მოგებული. სჭირდებოდა თუ არა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტს 64166 ლარის ავეჯი, რეალურად შესრულებულია თუ არა ტენდერის პირობები, თუ, უბრალოდ, ამ კომბინაციით თანხაა გაწერილი, ამის კვლევა ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებს ნამდვილად სცილდება და სამართალდამცველების პრეროგატივაა, მით უფრო მაშინ, როცა ინდმეწარმე ვიოლეტა მინაძე, როგორც არაკეთილსინდისიერი მეწარმე, ასევე „შავ სიაშია“ შეტანილი.

საორგანიზაციო კომიტეტს ასევე რამდენიმე ლოტად აქვს გამოცხადებული ტენდერი კატეგორიაში კომპიუტერული მოწყობილობები.

 

SPA 140023731 17.10.2014

კატეგორია: კომპიუტერული მოწყობილობები,

შპს „ალლმარკეტ.გე“, 6735 ლარი;

 

SPA 140017986 30.04.2014

კატეგორია: კომპიუტერული მოწყობილობები,

შპს „ადა“, 22 300 ლარი;

 

SPA 140022370 30.09.2014

კატეგორია: კომპიუტერული მოწყობილობები,

შპს „ადა“, 21 370 ლარი;

 

SPA 140012662 22.05.2014

კატეგორია: კომპიუტერული მოწყობილობები,

შპს „ადა“ 38480 ლარი;

 

SPA 140008127 28.03.2014

კატეგორია: კომპიუტერული მოწყობილობები,

შპს „კომპი შოპი“ 15 950 ლარი.

 

რამდენად სჭირდებოდა 99 110 ლარის კომპიუტერული მოწყობილობები „თბილისი 2015“-ს, ესეც, ალბათ, სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ, ისევე როგორც, რას ნიშნავს კატეგორია ქსელური მოწყობილობები, რომელზედაც ორი ტენდერია გამოცხადებული, საერთო ღირებულებით, 53 453 ლარი და ორივე მათგანში კომპანია „ორიენტ ლოჯიკ“-ია გამარჯვებული.

 

საორგანიზაციო კომიტეტს კატეგორიაში მანქანის რეცხვა 5488 ლარი გამოუყვია, მანქანის რეცხვის ტენდერი „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მოუგია. გაუგებარია, ვისი მანქანები ირეცხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, როცა ვერ მივაკვლიეთ საწვავზე გამოცხადებულ ტენდერს. სამაგიეროდ, „ქრონიკა+“-მა გაარკვია, რომ „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტში 7410 ლარის ყავას დალევენ, რომელსაც მათ შპს „ესპრესო პოინტი“ მიაწვდის.

 

P.S.  შპს „დაგი“ წინა ხელისუფლების პირობებში ვანო მერაბიშვილის კომპანიად მოიაზრებოდა. „დაგი“ პრემიერ-მინისტრმაც ახსენა პარლამენტში გამოსვლისას. როგორც ჩანს, ამჯერად „ქართულ ოცნებაში“ გადმოპორტირდა და „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის ყველაზე მსხვილი ლოტი – 6249000-ლარიანი სამშენებლო სამუშაოების ტენდერი მოიგო.

 

                                                                                                 ელისო კილაძე