„რესურსცენტრში მეუბნებოდნენ, რომ ტუალეტის გასაკეთებლად ნებართვა სამინისტროდან უნდა აგეღოო“

„ქრონიკა+“-ს გურიის რეგიონის ერთ-ერთი სოფლიდან სკოლის პედაგოგი დაუკავშირდა და მის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ ვინაობას, რათა ეს კიდევ ერთხელ მის წინააღმდეგვე არ გამოიყენონ.

„ქრონიკა+“ ჩოხატაურის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლის უფროს მასწავლებელს, ნ. კ.-ს ესაუბრება:
_ ჩვენს სკოლაში არსებული ფული არასწორად იხარჯებოდა, მარტო შეშასა და საკანცელარიო ნივთებზე მიდიოდა. ფული არ არისო და სამასწავლებლო საათებსაც ამცირებდნენ. საერთოდ, ჩვენთან სოფლებში დაბალკონტინგენტიანი სკოლებია. ერთხელ შეამცირეს საათები, მეორედ და ახმაურდნენ ამაზე მასწავლებლები. 17-18 საათიდან 12-13 საათზე ჩამოიყვანეს. მცირე დრო გავიდა და ესეც შეამცირეს. _ ამას რატომ აკეთებთ-მეთქი? _ კითხვა დავსვი, _ სკოლაში ფული არ არისო, გაიმეორეს.
შემთხვევით სკოლის ბიუჯეტის ფურცელი ვნახე. იქ ეწერა, რომ ამდენი ათასი რემონტისთვის, ამდენი საკანცელარიო ნივთებისთვის და ა. შ. არის გამოყოფილიო. მაგდენი მაინც არ მესმოდა და დირექტორს ვკითხე, _ ეს რა არის-მეთქი? პასუხად მივიღე, რომ ბიუჯეტის ეს ფურცელი საიდუმლოება არისო. ამას ყოფილი დირექტორი მეუბნება. _ რატომაა საიდუმლო, როცა საჯარო სკოლაა-მეთქი? მერე კონკრეტულად თანხებზე ვკითხე, _ ეს მაჩვენებელი ჩაშლილია, თანხა კი არ არისო, _ მიპასუხა.
აი, ამის შემდეგ რაიონულ რესურსცენტრში დამიბარეს. იქაც ტკბილად, ლამაზად ლაპარაკი დამიწყეს, _ ეს რეალური თანხა კი არ არისო.
როცა ეს ამბავი სხვა ბუღალტერს ვკითხე, დაახლოებით, ოც ათას ლარზე ყოფილა საუბარი. აქედან, ალბათ, მესამედს დახარჯავდნენ, მეტს არა. ვკითხე, _ ფული არის და ამას რატომ აკეთებთ, საათებს რატომ ამცირებთ-მეთქი? ამის გამო დევნა დამიწყეს.
_ როგორ?
_ მოგახსენებთ: სხვათა შორის, დირექტორობის გამოცდაც ჩაბარებული მქონდა, ასევე სერტიფიცირებული პედაგოგი ვარ. _ შენ დირექტორი ვერასოდეს გახდებიო, _ მითხრეს. _ ჯანდაბას, თუ ვერ გავხდები-მეთქი. მაგრამ მაინც მოვითხოვე, _ საათები ისე გაზარდეთ, როგორც აქამდე იყო-მეთქი. ამის გამო, ჩემ წინააღმდეგ ბრალდებებით მოდიოდნენ და ვერაფერს ახერხებდნენ.
ბოლოს, სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა, იქ წევრად ამირჩეს და საბჭოს თავმჯდომარეც გავხდი. დირექტორს ვთხოვდი, რაც შეეძლო, სოფლის სკოლისთვის ყველაფერი გაეკეთებინა, მაგრამ თავს არიდებდა. ხან რას მოიგონებდა და ხან _ რას. მერე ასე თქვა კიდეც და გავიგონე, რომ ეს ყველაფერი ზემოდან მოდისო. ჩემზეც მიანიშნა, ბოლოს და ბოლოს, მოსწყინდება და თავს დამანებებსო. ასე თუ ისე, რაღაცას მაინც ვაკეთებინებდი. მინიმალურს, მაგრამ მაინც.
ბოლოს, ეს დირექტორი გადადგა და მის ადგილზე ახალი მოვიდა. ეს მესამე დირექტორი, ყოფილი მოადგილე, ძალიან წესიერი კაცი აღმოჩნდა. პირიქით, ყველაფერს თვითონვე მაჩვენებდა, _ ნახე, საქმე ასე და ასე უნდა გაკეთდესო. დაახლოებით რვა თვე იყო ეს დირექტორი და რაც სკოლაშია გაკეთებული, სწორედ მის დროს. ის კი არა, იმდენად გახარებული ვიყავით, რომ საერთო საქმისთვის ფული სახლიდანაც კი მიგვქონდა.
ყოველთვიურად სკოლაზე თანხა მოდის, ვთქვათ, 2 ათასი ლარი. ნაწილი მიდის რემონტზე, ნაწილი საკანცელარიო ნივთებზე და ა. შ. რესურსცენტრიდან თანხმობა გვქონდა, სოლაში ტუალეტი და სამზარეულო უნდა გაგვეკეთებინა. თანხასთან შეხება არასოდეს მქონია. დავიწყეთ ამ საქმის კეთება და მაღაზიიდან საჭირო მასალები წინასწარ რომ გამოგვქონდა, მეორე თვეში თანხა ჩაირიცხებოდა. მოკლედ, ამ ტუალეტისთვის კაფელი, მეტლახი და სხვა რაღაცები გვჭირდებოდა. ჩოხატაურის რაიონში ეს მხოლოდ ერთ მაღაზიაში იყო. ამ ბიჭმა მითხრა, _ მე ეს საქონელი ნისიად მაქვს და ფული ორ კვირაში უნდა გადამიხადოო. გავიდა ორი კვირა და ანგარიშზე თანხა არ ჩანდა. სად გაქრა, ვერ გავიგეთ. ამ ბიჭმა მომწერა, _ არ გრცხვენია, შემპირდი, ახლა უარს ამბობ გადახდაზე და მე რა ვქნაო?! ავდექი და ჩემი დანაზოგი ფული, 375 ლარი მივიტანე.
მერე, როგორც ჩანს, ამ ბუღალტერს დაავალეს, რომ ეს თანხა (მაღაზიისთვის გადასახდელი) არ გამოჩენილიყო და მას წინასწარ ორი თუ სამი თვის ხელფასი აუღია. მაშინ ავარია შეემთხვა, ჩვენც მივეხმარეთ და ფული კიდეც დამატებით აუღია. დირექტორი რესურსცენტრში დაიბარეს, სადაც კრება გაიმართა. უფროსი იქ ჩვენს დირექტორს ეუბნება, _ შენ ამას (ანუ ჩემზე ამბობს) ყველაფერი რატომ აჩვენე, ერთსაც და მეორესაც დედას გიტირებთო. მოვიდა დირექტორი და ასე და ასე მითხრაო.
გაუგებრობა ამით არ დამთავრებულა. საბოლოოდ, ეს დირექტორი თანამდებობაზე აღარ გააჩერეს, ახალი მოიყვანეს. გასაუბრებაზე ჩვენც ვიყავით, მაგრამ ვინ გაგვიშვა?
_ მერე რა მოხდა?
_ არაფერი, უკვე პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ თუ ჭკვიანად არ იქნები, სამსახურიდან გაგიშვებთო. რესურსცენტრში მითხრეს, რომ ტუალეტის გასაკეთებლად ნებართვა სამინისტროდან უნდა აგეღოო. კი მაგრამ, სკოლები შეამცირეს, ამის გამო ამხელა თანხები გამოთავისუფლდა, ამ დროს ტუალეტისთვის სამინისტროში რატომ უნდა გვევლო? დღეს პირველი მესამე კლასთანაა შეერთებული, მეხუთე _ მეექვსესთან და ა. შ. აი, ეს ფული რომ გამოთავისუფლდა, ანგარიშზე ხომ უნდა დარჩენილიყო და ამით საქმე გაკეთებულიყო? შემთხვევით წლის ბოლოს ბანკის ამონაწერი ვნახე და ნაშთი სამასი ლარი რჩებოდა.
მერე რაც რესურსცენტრი დამემუქრა, რომ მაგ ფულს ყველას გადაგახდევინებთო, შანტაჟი დაიწყო და ა. შ. მაღაზიებში გადასახდელი თანხა ისევ დარჩა, სამასი _ ერთში და ასი _ მეორეში. როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ყველაფრის ნახვის უფლება მქონდა, მაგრამ ვინ გაჩვენებდა? მაინც მოვითხოვე სახელფასო ფონდის ნახვა, ხელფასის უწყისების. არა, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და ამისთვის ნებართვა აიღეო. ყველა მასწავლებელს ამაზე ხელი მოვაწერინე. სწორედ მაშინ ვნახე, რომ სადღაც ორი თვის ხელფასი ბუღალტერს წინასწარ ჰქონდა აღებული; და მეორე თვეს ეს ათასი ლარი უკან დაბრუნდა. ანუ რომ გვეუბნებოდა, ვალი დაგვადეო, ეს ვალი აღარ დარჩენილა.
_ ამ დროს მაღაზიაში რა ხდება?
_ მოკლედ, შემთხვევით ამ მაღაზიაში შევედი და, _ შენ, ბიჭო, ფულს რატომ არ გვიხდიო? ვუთხარი, _ მე დირექტორი არ ვარ, რომ ეს ფული გადავიხადო, მოსთხოვეთ დირექტორს, ანგარიშზე ხუთი ათასი ლარი ჰქონდა-მეთქი. ეს დირექტორიც უკვე პროვოკაციებს მიწყობდა. ცდილობდა, რომ ჩემი მეგობრებიც კი დაეპირისპირებინა ჩემთვის და მე საერთოდ გარიყული ვყოფილიყავი.
მართლაც, ამაზე ძველმა დირექტორმა წერილი დაწერა და… _ საქმეს სადისციპლინო კომისია იხილავს და შენი საქმე ცუდად არისო. _ ასეთი რა დავაშავე-მეთქი? სადიციპლინო კომისიის ხელმძღვანელს არც დავუბარებივარ და პირდაპირ სასტიკი საყვედური გამომიტანა. ამის გამო ბოდიშიც მომიხადა, _ ასეა და ისე, ამას მაიძულებდნენო. _ კი მაგრამ, რა დავაშავე-მეთქი? ვისროლე ეს საყვედურის წერილი და ახლა ამაზე გამომეკიდნენ, _ შეურაცხყოფა რატომ მიაყენე, ფურცელი რატომ ისროლეო? ადამიანმა უარესი გამიკეთა და რომელია აქ უფრო შეურაცხყოფა?
ატირდა ეს სადისციპლინოს უფროსი ქალბატონი, სამასწავლებლოში შევარდა, აყვნენ და ერთი ამბავი ატყდა. სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან ამის გამო გამათავისუფლეს.
_ სხვა რა პრობლემა შეგექმნათ?
_ მერე რა მოხდა, ახალმა დირექტორმა სკოლაში წყალი, ასევე ელგაყვანილობა გამოიყვანა. მე ამ დროს არც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვარ და არც წევრი. შუქის გამოყვანა კი სკოლაში ხუთჯერ ძვირი დაჯდა. ახლა ვეუბნები, _ ეს საქმე ასე ძვირი რატომ დაჯდა-მეთქი? თან საათები კიდევ შეამცირა, _ ფული არ არის, დამრიგებლებიც უნდა შევამციროო. _ თუ წესიერად იმუშავებ, შენ წინაშე ქედს მოვიხრი და გვერდით დაგიდგები-მეთქი. _ კი, ხომ ხედავ როგორი სახლი და კარი მაქვს, აქედან ერთ კაპიკს არ წავიღებო, _ მიპასუხა.
ამის მერე რომ ეს ხუთჯერ ძვირად გაკეთებული განათება ვნახე, _ ეს რა არის-მეთქი? ამაზე ერთი ამბავი ატეხა და ისევ პროვოკაციებს მიწყობდა. სამჯერ პოლიცია გამოიძახა. მერე მე გავბრაზდებოდი და ა. შ.
შემდეგ ბავშვიც კი დამიპირისპირა. მე, საერთოდ, ტესტირებებს ვატარებ. წინასწარ არ ვეუბნები ხოლმე, თუ როდის ჩავატარებ ამ ტესტირებას. ერთი ბავშვისთვის გეოგრაფიის წიგნი არ მიუციათ. ჰოდა, ტესტირებაზე არც ეს ბავშვი და არც ერთი სხვა დავალებას არ წერს. _ ბავშვებო, რატომ არ წერთ-მეთქი? _ იმიტომ, რომ არ გაგვაფრთხილეთ და წიგნიც არ არისო. _ არაფერი რთული არ არის, გავლილი მასალაა და დაწერეთ-მეთქი. მაინც არ დაწერეს და ბოლოს ყველას ორიანი დავუწერე.
ბოლოს ეს ბავშვიც (წიგნი რომ არ ჰქონდა) ატირდა. სხვათა შორის, ვინც სასტიკი საყვედური გამომიცხადა (სადისციპლინოს ხელმძღანელი), იმის მულია. ატირდა, შევარდა, განცხადება დაწერა და დირექტორი უკვე სკოლიდან გაგდებას მიპირებს. პედაგოგიური საბჭოს, სადისციპლინო კომისიის სხდომა დაინიშნა და იქ უკვე მსჯელობენ, პროკურორივით კითხვებს მისვამენ და მთელ ამბავში არიან, _ წიგნი რატომ არ მიეცი და ა. შ.
ბოლოს, დანარჩენი ხალხი სკოლიდან ჩემ გაგდებას არ დაეთანხმა. მეორე დღეს დირექტორი სადისციპლინოს თავმჯდომარეს ემუქრებოდა, _ შენ თუ ამას არ გააგდებ, ხვალ მე გავაგდებო. სადისციპლინოს თავმჯდომარეს ვუთხარი, რომ შენც ადრე ასეთი ვითარება გქონდა (ადამიანს შეიძლება ყვირილი მოგივიდეს) და მაშინ ჩვენ გვერდში დაგიდექით-მეთქი; ის ვითარება განვმუხტეთ და ბოლომდე შენ გვერდით ვიყავით-მეთქი.
ახლა ეს ქალი ატირდა, სამასწავლებლოში შევარდა და ატყდა ისევ ერთი ამბავი. ვინც კი მეგობრები მყავდა, ისინიც კი დამიპირისპირდნენ, _ შენ ეს რატომ აატირეო? თურმე, რატომ ატირებულა, _ ეს როგორ მითხარი, შენც ჩემნაირი ქმედებები გქონდაო.
პირველი ზარი დაირეკა და უკვე გამაგდებენ, არ ვიცი, რა ვქნა. დერეფანში დირექტორი დამხვდა და, _ შენ ეს ქალბატონო როგორ აატირეო? შე იდიოტოო! ხელი მომკიდა და დამარტყა კიდეც. არავინ აღიარებს, რომ მან დამარტყა. დავრეკე პოლიციაში, როგორც ის მებრძვის, იძულებული ვარ, მეც ასევე ვებრძოლო. ჩავიდა პოლიციაში და მერე მეუბნება, – არ გრცხვენია, როდის დაგარტყიო? მერე ექსპერტიზაზე წამიყვანეს. სამი კვირის შემდეგ ასეთი პასუხი მომივიდა, _ მართალია, არ გამჩნევია, მაგრამ იმას არავინ ამბობს, რომ შენ არავინ დაგარტყა, აი, მოწმე კი არ გყავსო.
იმ ბავშვის მშობელიც მიპირისპირდებოდა. ამ დროს დირექტორს უკვე თვითონაც პრობლემები ჰქონდა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, _ შეწყდეს შენი საქმე, მაგრამ გამეორების შემთხვევაში ზომებს მივიღებთო.
_ გავიგე, რომ ჩემ მიმართ ბრალდება უნდა შეწყდეს, მაგრამ ეს დამატებითი მუქარა რატომაა საჭირო-მეთქი? სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთ წევრს (მაღაზიაში მუშაობს) ვკითხე, _ ეს რას ნიშნავს-მეთქი? და, – გაგათავისუფლებთო. ნერვები მომეშალა და _ პროვოკატორი ხარ-მეთქი.
მერე ეს სკოლაში ამოვარდა, დირექტორს ეუბნება, _ ყველა მასწავლებელი შემოიყვანე და რაღაც უნდა ვთქვა, მომისმინეთო. დაიწყო მოყოლა, ასე და ასე მოხდა და გავათავისუფლოთო. დაწერა განცხადება. მოკლედ, ვინც კი ჩემზე განცხადება დაწერა, რაღაც შეღავათები და სარგებელი მიიღო. დირექტორმა, ეს საქმე სკოლის გარეთ მოხდა და აქ არ იხილებაო. ვეღარ მოვითმინე და განცხადების ავტორს ვუთხარი, _ შენ პროვოკატორი ხარ-მეთქი. ამის გამო ახალი ბრალდება წამიყენეს.
დირექტორი მეუბნება, _ კაცო, შენ მარტო ასწავლე, სხვა არ გეკითხება და გაჩერდიო. რვალარიან ნათურაში 34 ლარს ხარჯავ, სკოლაში კლასებს ამცირებ, ეს მასწავლებლები დამიპირისპირე, ამდენი შეურაცხყოფა მომაყენე და ახლა? ამასთან, მეუბნება, თუ შენ ბოდიშს მოიხდი, ამით ყველაფერი დასრულდებაო. სხდომა დანიშნულია.
ვუთხარი, ათ საათზე ჩამოვალ, ჩემს საათებსაც მოგცემ, ოღონდ შენ წესიერად იმუშავე, რადგან ეს წესიერება ქვეყანას სჭირდება-მეთქი. ჩვენ სხვებს რა უნდა ვასწავლოთ, როცა ჩემ წინააღმდეგ ასეთ ცრულ ბრალდებებს იყენებთ-მეთქი. ასე იყო, მსგავსი კიდევ ბევრი შემთხვევაა და ამას დასასრული არ უჩანს.
_ ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით რას აპირებთ?
_ თუკი რაღაც მომივიდა, კი ბატონო, ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ დირექტორმა ამიხსნას, რატომ ხარჯავს ფულს სამჯერ და ხუთჯერ მეტად? თვითონ დირექტორმა ამაზე მითხრა, _ სამინისტრომ მომცა ეს ხარჯი და მე რა ვქნაო. მითხარით, ახლა რასთან გვაქვს საქმე?
მართლაც, ამას მარტო დირექტორი ვერ იზამს, რადგან ყველაფერი ზემოდან მოდის. წარმოიდგინეთ, აქ სოფელში რამეს სამჯერ და ხუთჯერ ძვირად რომ გააკეთებ, ეს ქვეყანა საერთოდ აშენდება?
ამ დროს, თუ ბოდიშს არ მოვიხდი, სკოლიდან მაგდებენ. შეეკრნენ ერთმანეთს და ეს შეშინებული, საბჭოთადროინდელი მენტალიტეტის ხალხი რას იზამს, კაცმა არ იცის. თუ არ გამიშვეს, რაღაც გაფრთხილებას მაინც მომცემენ.
ასევე ჩემი ბრალია, რომ პირველი სასტიკი საყვედური არ გავაპროტესტე. მერე ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე იოლად გამწირავდნენ. დირექტორიც კი მეუბნება, ხომ ხედავ რამდენი საქმე გაუკეთე კოლეგებს, მადლობელი კი არავინ არისო. კოლეგები 12 საათიდან 17-18 საათამდე ავიყვანე.
_ საქმე ძვირად რატომ კეთდება?
_ ყველაფერი სამინისტროდან მოდის. სწორედ იქიდან მოვიდა ეს ხარჯთაღრიცხვა, სადაც ყველაფერი ხუთჯერ ძვირად წერია. დირექტორი ამას თუნდაც რესურსცენტრის გარეშე გაბედავს?
_ და სად მიდის ეს ზედმეტი თანხა?
_ მთავარ პირებთან, სამინისტროში, რესურსცენტრში…
_ გამოსავალი სად არის?
_ ყველაფერი ქვეყნის პირველ პირზეა დამოკიდებული, პრემიერ-მინისტრია ეს, თუ ვინც არის. ამიტომ ამ ყველაფერს შესაბამისი კონტროლი სჭირდება. ხომ მოგახსენეთ, საათებს კიდევ ამცირებდნენ და მე რომ გავჩერებულიყავი, კაცმა არ იცის, საერთოდ რას იზამდნენ. ჩემი აქტივობის გარეშე ამ საათებსაც შეამცირებდნენ, დამრიგებლებსაც. ამ დროს გამოთავისუფლებული თანხები სად მიდის, კაცმა არ იცის.

გელა მამულაშვილი