რატომ ენანებათ ჩინოსნებს ხელფასებიდან 5%-ის გადახდა გაღატაკებული მოსახლეობისთვის?!

4n

არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მამისა (ნანა) ჯაფარაშვილმა ის სქემები გაგვიშიფრა, რომლითაც ხელისუფლება კერძო ფირმებს უფლებას აძლევს, ხალხი გააკოტროს. მისი თქმით, მთავრობა მოსახლეობას ასეთი კერძო სამსახურების კლანჭებში თავად აგდებს და იძულებულს ხდის, მათი მომსახურებით ისარგებლოს.

„ქრონიკა+“-ს მამისა (ნანა) ჯაფარაშვილი ესაუბრება:

_ თავის დროზე „იბერიელთა კავშირმა“ ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, რომ გაეჩერებინა იპოთეკით დაზარალებულთა გამოსახლებები, ან შეექმნა ფონდი და ამ მდგომარეობაში ჩავარდნილ მოსახლეობას იქიდან დახმარებოდა. წერილი გავუგზავნეთ პარლამენტს, პრეზიდენტისა და მთავრობის კანცელარიებს, _ იქნებ, ჩინოვნიკები ერთი თვის ხელფასს, ან სახელფასო დანამატს შეელიოთ, შევქმნათ ფონდი, სადაც ეს ფული თავს მოიყრის და მოსახლეობის 70 პროცენტს, რომელიც საშინელ დღეშია, დახმარების ხელს გავუწოდებთო. თანაც ამ ხალხის უკიდურეს მდგომარეობამდე მიყვანა ხომ სისტემური დანაშაულის შედეგი იყო და არა მათი მაქინაციების? მიუხედავად ამისა, მათგან დახმარებაზე უარი მივიღეთ. ცნობილ პიროვნებებსაც ვესაუბრე: ზურაბ ტყელამაძეს, ნოდარ ებანოიძეს, გედი ფოფოხაძეს, კიკნაველიძეს, მაგრამ ყველა ერთსა და იმავეს გვპასუხობდა, _ ასეთი ფონდის შექმნა არ იქნება სწორი, საიდან უნდა მოვიძიოთ თანხებიო?! ვალერი გელაშვილს როცა ვკითხე, _ ერთი თვის ხელფასს ვერ შეელევით-მეთქი? მიპასუხა, _ როგორ არაო! თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა, ყველამ უარი განაცხადა. ამდენად, მოსახლეობის 70% ამ ადამიანებმა გაწირეს. სოხუმიდან დევნილი ქარდავების 8-სულიანი ოჯახი ამჟამად ქუჩაში ცხოვრობს. ისინი იპოთეკარმა გამოასახლებინა და წასასვლელი არსად აქვთ. საწოლში ჩავარდნილი 82 წლის მოხუცი ბებია ახლაც ამ სახლის ბოსელში უწევთ, თავად კი ღამეებს პოლიეთილენის პარკებში გახვეულები ათენებენ. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც დღე-დღეზე გამოაგდებენ საკუთარი სახლიდან, ბათუმში, ამ დღეებში, მანქანას შეუვარდა და თავს იკლავდა; ბაკურიანში 6-სულიანი ოჯახი იძულებით გამოიყვანეს სახლიდან ამ სიცივეში; ცნობილ ფერმწერს, ლია ბარნაბიშვილს ასახლებდნენ ორი დღის წინ. უამრავი ადამიანი მივედით და რამდენიმე დღე გადავადებინეთ გამოსახლება. ასეთ მდგომარეობაშია ძალიან ბევრი ადამიანი, მათ დახმარებაზე ამბობენ ესენი უარს და მე მეკითხებიან, ფული საიდან და როგორ მოვიძიოთო?!

_ როგორც თქვენ ამბობთ, მოსახლეობის 70% თუ ასეთ მდგომარეობაშია, მათ დახმარებას ბიუჯეტი მართლა არ ეყოფა და რა ქნას სახელმწიფომ?

_ ჩვენ ვეტყვით, საიდან უნდა მოიტანონ ეს ფული. მათ რამდენიმე გზა უკვე შევთავაზე. ვუთხარი, ერთი თვის ხელფასი თუ არ გემეტებათ, დასაწყისისთვის ხელფასიდან მხოლოდ 5% გაიღეთ-მეთქი. როცა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი კატასტროფულ მდგომარეობაშია, რატომ არ შეიძლება, ხელისუფლებამ კანონი გამოსცეს და ყველა მოქალაქეს ხელფასიდან 2-3 ლარი გადაახდევინოს მათ დასახმარებლად? ეს ფული უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს მაინც ხომ გაუწევს შეღავათს და თვითმკვლელობამდე არ მიიყვანს? სხვა წინადადებაც გვქონდა. ქვეყანას რა სიმდიდრეც აქვს, ვთქვათ, მინერალური წყალი, მისი თითო ბოთლიდან ერთი თეთრი ამ ადამიანების დახმარების ფონდში ჩარიცხულიყო. ის ხომ მთელი ერის საკუთრებაა და რატომ უნდა მდიდრდებოდნენ მისი საშუალებით მხოლოდ ცალკეული პიროვნებები? ყველაფერზე უარი მივიღეთ. ხელისუფლების კეთილი ნება არ არის, რომ ამ გაუბედურებულ ადამიანებს რამე ეშველოს. ანაბრების საშუალებით ერის გენოციდი შევარდნაძის დროს დაიწყო. პირველად მაშინ გააღატაკეს ხალხი, თუმცა მასზე პასუხისმგებლობა არც ერთ ხელისუფლებას არ აუღია და დღემდე საქართველოს მოქალაქეების ძარცვა-გლეჯას დასასრული არ აქვს. ბანკების მეპატრონეები რომ აცხადებენ, კომერციულები ვართო, ხომ ვერ მეტყვით, რომელია მორგანისა და როკფელერის შთამომავალი, ან საიდან მოიტანეს ამდენი ფული? ეს არის ის ქონება, რომელსაც ათწლეულებია, ხალხს ართმევენ და იჯიბავენ. ეს ადამიანები არიან ახლა კერძო ბანკების მეპატრონეები და მილიარდერები. ქართველი ერის წვალებით აღებული ფული აქვთ მითვისებული და ახლა ერთი თეთრიც არ ემეტებათ. ყაჩაღობის პროცესი კიდევ გრძელდება. იპოთეკა არ არის საზოგადოების გაკოტრებისა და ქონების წაგლეჯის ერთადერთი ფორმა, სხვა საინტერესო ფაქტებსაც მოგიყვებით და სქემებსაც გაგიშიფრავთ.

_ გისმენთ…

_ ალბათ გაგიგონიათ, რომ არსებობს სალარო აპარატის მომსახურების გადასახადი. მეწარმე თითო აპარატზე თვეში 5 ლარს იხდის. ეს გახლავთ გადასახადი მხოლოდ იმისთვის, რომ მას აქვს ეს აპარატი, რადგან ვისაც უფუჭდება და ამ სამსახურს მიმართავს შესაკეთებლად, კიდევ ახდევინებენ თანხას. ამით იმის თქმა მინდა, რომ მეწარმეს აიძულებენ 5 ლარის გადახდას, თუმცა უფასოდ არავინ ემსახურება. თავადაც ვამუშავებდი 8 წელი ორ სალარო აპარატს, ორივე ჩემი ფულით იყო ნაყიდი, მიუხედავად ამისა, მასში 800 ლარზე მეტი გადამახდევინეს არაფრისთვის. თანხა ირიცხება სპეციალურ ანგარიშზე, რომელიც ვის ეკუთვნის, ბოლომდე უცნობია.

ერთხელ ჩემთან მოვიდა საგადასახადო სამსახურის წარმომადგენელი და  მკითხა, _ როგორ მოგწონთ საგადასახადოს მუშაობა, რამე წინადადებები ხომ არ გექნებათო? ვუთხარი, რომ არ მომწონდა, უაზროდ რომ ვიხდიდით 5 ლარს. მიპასუხა, _ ეს ჩვენ არ გვეხება, რადგან მისი მომკრები კერძო კომპანიააო. თუ ასეა და სახელმწიფო სამსახურს ეს გადარიცხული ფული არ ეხება, მაშინ რატომ ხდება, რომ თუ მეწარმე ერთი თვე დააგვიანებს 5 ლარის გადახდას, ან არ გადაიხდის ამ ფულს, საკასო აპარატი ეთიშება და მუშაობის საშუალება ეზღუდება? ასეთი რამ კი საგადასახადო სამსახურის გვერდის ავლით ვერ მოხდება და ახლა მითხარით, როგორ არის ეს ყველაფერი მხოლოდ კერძო კომპანიის ბრალი?! ასე `იჭრება~ დღისით-მზისით ქვეყანაში უზარმაზარი ფული.

დიდი ხანია ვცდილობ და ვერ მოვიპოვე ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი სალარო აპარატია საქართველოში დარეგისტრირებული. მარტო ხაშურში 7 ათასი სალარო აპარატი მოქმედებს. წარმოიდგინეთ ახლა, სადაც არის სადისტრიბუციო კომპანიები, იქ რამდენ სალარო აპარატს ამუშავებენ და რამდენი 5 ლარი შესდის ამ უცნობ კომპანიას არაფრის კეთებაში. რატომ არავინ ინტერესდება, სად მიდის ეს კოლოსალური ფული, არ მესმის!  ერთხელ ჩემი აპარატი დროში ჩამორჩებოდა და გორის საგადასახადო სამსახურში დავრეკე. მითხრეს, _ გუბერნიაში არიან მისი შემკეთებლებიო, მაგრამ ამისთვის იქ დამატებითი ფული უნდა გადაიხადოო. ამ 5 ლარს ხომ ჰქვია მომსახურების გადასახადი და რატომ არ აკეთებენ აპარატებს უფასოდ?! როგორც ჩანს, ამ სამსახურს ვიღაც „კრიშავს“ და ეს ფულიც მათთან მიედინება. მათი აზრით, თვეში 5 ლარი ბიზნესმენისთვის არაფერია და „დარმავიო“ ფულს იღებენ. ამ სქემით ძარცვა-გლეჯა „ნაციონალების“ დროს დაიწყო, მაგრამ ახალ ხელისუფლებასაც მოეწონა, უარი აღარ თქვა და იგივე ტემპით აგრძელებს ყაჩაღობას.

_ მსგავსი სქემები კიდევ არსებობს?

_ ასეთი სქემა უამრავია, მაგრამ ამჯერად კიდევ ერთზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას: ყველამ ვიცით, რომ პატრული „ლევ ფულს“ ხელს არ ჰკიდებს, მაგრამ, ვთქვათ, მოხდა ავტოავარია, ოქმის შედგენის შემდეგ ავტომანქანები სპეციალურ საჯარიმოზე გადაჰყავთ და აქედან იწყება მისი მესაკუთრის გაძარცვა. ევაკუატორის მძღოლთან ხელშეკრულებას არავინ დებს, არადა, გადაყვანის შემდეგ კილომეტრში 4 ლარს გთხოვენ. სხვა შეთხვევაში ევაკუატორი თუ დაგჭირდა, ერთ კილომეტრში ლარნახევარს, ან ორ ლარს იხდი, ასეთ დროს კი ისედაც დაზარალებული ადამიანი ბოლომდე ნადგურდება. საჯარიმოზეც კოლოსალური თანხებია გადასახდელი. ერთ ჩემს ახლობელს 4-5 დღეში საჯარიმოზე მანქანის გაჩერებისთვის 2700 ლარი მოსთხოვეს. თუ ავტოავარიის საქმეზე სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა, ცოტა ნაკლებს იხდი, მაგრამ თუ სასამართლო პროცესი ჩატარდა და მანქანა კიდევ საჯარიმოზე დგას, გადასახადი ასტრონომიულ თანხებს აღწევს. საჯარიმოზე ერთი დღით მანქანის გაჩერება 30-40 ლარი ღირს. თუ იჩხუბებ და ქვეყანას შეყრი, შეიძლება ცოტა დააკლებინო. ამ შემთხვევაშიც ბოლომდე უცნობია, რომელ ფირმას ურიცხავ ფულს და რატომ? საჯარიმოზე მანქანის გადატანას სწორედ პოლიცია უზრუნველყოფს. თუ ავტოავარია იმერეთის რეგიონში მოხდა, უფლებას არ გაძლევენ, სადაც ცხოვრობ, იმ რეგიონში მაინც წაიყვანო მანქანა, ანდაც სახლში გააჩერო და ტყუილუბრალოდ არ იხადო ფული. მათ ევაკუატორიც თავად მოჰყავთ. შენს ოჯახის წევრსაც რომ ჰქონდეს ევაკუატორი, იმის უფლებას არ გაძლევენ, უფასოდ გადაიყვანო. ეს თანხებიც კერძო ადამიანების ჯიბეებში ილექება.

ზემოთ მოყვანილი ორი ფაქტი, ამჯერად, ალბათ, საკმარისია, რომ  ადამიანებს წარმოდგენა შეექმნათ, რა სახის სქემებით იძარცვება მოსახლეობა და სად მიდის მათთვის წართმეული თანხები?!! სწორედ ამ ფულის ადრესატებს არ ემეტებათ გაუბედურებული ადამიანებისთვის ერთი თეთრი და არც ის უნდათ, რომ ფონდი შეიქმნას. ზურაბ ტყემალაძეს რომ ვუთხარი, ფონდი შევქმნათ და დავეხმაროთ უსახლკაროდ დარჩენილებს-მეთქი, აყვირდა, _ რა ფონდი, რის ფონდიო?! მეც აღარ მოვერიდე და მივუგე, _ 25 წელი პარლამენტში ხართ და ქვეყანას აქცევთ, გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, ხელფასს ქართველი ერის გაუბედურებაში ხომ არ ვიღებთო?! მე არ ვიცი, მათ მიერ მიღებული კანონებიდან რომელი წაადგა ქართველ ერს?!! საქართველოს მოსახლეობის 80% უკვე დგას საფრთხის წინაშე, რომ შეიძლება მათ საცხოვრებელი დაატოვებინონ, ან სხვა ქვეყნებში გადაიხვეწონ. დოლარის კურსის აწევა, ცხადია, დაზარალებულების რაოდენობასა და რისკებს კიდევ უფრო გაზრდის და ესენი კიდევ მხართეძოზე წამოწოლილები უყურებენ ამ სიტუაციას. თავად არიან ამ ადამიანების გაუბედურებაში დამნაშავეები და არ აწყობთ, რომ მათი დახმარების პრეცედენტი დაუშვან. აბა, იმ ტოტს ხომ არ მოჭრიან, რომელზეც თავად სხედან? ზუსტად ვიცი, რომ ტყემალაძეს ერთ-ერთი ბანკიდან გამოტანილი აქვს 0%-იანი, უვადო სესხი, რომელსაც, ფაქტობრივად, ნაჩუქარი ჰქვია. როგორც ჩანს, ასეთ საჩუქრებს ამ ხალხს ბანკები გაჩუმებისა და უმოქმედობის საფასურად უკეთებენ. სანამ ეს არ დასრულდება, ქართველებს არაფერი ეშველება!

ორი წლის წინათ „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი ვიყავი. მათი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხის დარიგება. ამჟამად შს მინისტრის მიადგილე, ლევან იზორია, წინასაარჩევნო კამპანიას რომ ატარებდა ხაშურში, ხალხს ჰპირდებოდა უფასო ჯანდაცვას, განათლებასა და ა. შ. მაშინ ვკითხე, _ მაინტერესებს, თქვენც ყველაფერს მხოლოდ უცხოელების დასანახად გააკეთებთ, თუ ქართველების პრობლემების გამოსწორებისთვის იმუშავებთ, რა კურსით წაიყვანთ ქვეყანას-მეთქი? დაიბნა და პასუხი არ გამცა. გიგა ბუკია დღეს რომ პარლამენტში ზის, ჩემი დამსახურებაა, რადგან ხობში მასთან და ბიძინა გუჯაბიძესთან ერთად დავრბოდი, ახლა კი როცა დამინახავენ, ქუდი თუ აფარიათ, ქვემოთ სწევენ, არიქა, არ დაგვინახოს და არაფერი გვკითხოსო. იმდენად შეურაცხყოფილი ვარ, ვერ აგიწერთ. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ „ოცნება“ გააგრძელებდა ქართველი ერის ძარცვისა და გაღატაკების იმ კურსს, რომელიც „ნაციონალებს“ ჰქონდათ აღებული.

 

ნელი ვარდიაშვილი