რატომ დაიბარა პრემიერმა თბილისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე?

777

აჭარაში `ქართულ ოცნებას~ სახარბიელოდ რომ არ აქვს საქმე, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისში დაიბარა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და უმაღლესი საბჭოს `ქართულ ოცნებას~ შერჩენილი დეპუტაცია.

კულუარული ინფორმაციით, ღარიბაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ასევე მთავრობის ხელმძღვანელი ავთანდილ ბერიძე და არჩილ ხაბაძე დაუტუქსავს უმოქმედობისა და უუნარობისთვის. მათ გააქტიურება მოსთხოვა და დაავალა, ყოველი ღონე იხმარონ, რათა თანამდებობაზე დარჩეს ავთანდილ ბერიძე და ვიცე-სპიკერად არ აირჩიონ თავისუფალი დემოკრატების წევრი სულხან ღლონტი.
თუ ეს ასე არ მოხდა, არჩილ ხაბაძეს თანამდებობის დატოვება მოუწევს. არადა, ჩვენი ინფორმაციით, ღლონტს ამ თანამდებობაზე სწორედ ხაბაძე-ჭეიშვილის დაჯგუფება ლობირებდა.
შეხვედრაზე გაკვრით ითქვა საარჩევნო სიებზე და ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. ჯერჯერობით არ გაჟღერებულა, რომელი მინისტრი დატოვებს თანამდებობას, თუმცა ეს გარდაუვალია.
ასევე ღარიბაშვილი უკმაყოფილო ყოფილა ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის გამგებლების საქმიანობით და პრემიერმა ხაბაძეს დაავალა რეაგირება.
ბატონმა ირაკლიმ, ალბათ, ინსტრუქციაც გამოატანა ხაბაძეს, დანიშნულმა თავმჯდომარემ როგორ უნდა დასაჯოს არჩეული გამგებლები.

ამ შეხვედრის შესახებ `ქრონიკა+~-მა კომენტარები სთხოვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს.

პეტრე ზამბახიძე _ `ნაციონალური მოძრაობა~:
_ ეს შეხვედრა იმ შიშმა გამოიწვია, რაც აჭარის უმაღლეს საბჭოში განსახორციელებელ დემოკრატიულ პროცესებს უკავშირდება.
მას შემდეგ, რაც უმაღლეს საბჭოში `ოცნებამ~ უმრავლესობა დაკარგა, მიმდინარეობს გამალებული ნადირობა სხვა პარტიების რამდენიმე წევრის გადმობირება-მოსყიდვაზე.
ამ შეხვედრაზე სწორედ ეს დავალება მიიღეს ხაბაძემ და ბერიძემ.
ამის შესახებ ჩვენც განგვიცხადეს, რომ ზევიდან გადაწყვეტენ ერთი-ორი კაცის გადმობირების საქმეს.
_ ვინ გითხრათ?
_ ვერ გეტყვით, რომ დავასახელო, მერე არაფერს აღარ მეტყვის და ინფორმაციები ხომ გვჭირდება?
_ რა დემოკრატიულ პროცესებს გულისხმობდით?
_ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნას, კიდევ ერთი კომისიის გაუქმება და რიგი სხვა საკითხებისა.
_ აპირებთ თუ არა ავთანდილ ბერიძის გადაყენებას?
_ თუ `ოცნებას~ უნდა ასეთი ურეიტინგო თავმჯდომარე, სიკეთეში მოიხმარონ.

ამ შეხვედრაზე ღარიბაშვილმა ხაბაძეს დაავალა, რომ უმაღლეს საბჭოში გამოცხადდეს და ანგარიში წარადგინოს.
`ქრონიკა+~ სულხან ღლონტს დაუკავშირდა, რომელმაც განგვიცხადა, რომ ის ბათუმში არ იმყოფება და ამ შეხვედრაზე მხოლოდ ის იცის, რაც სოციალურ ქსელებში დაიწერა.

მურმან დუმბაძე:
_ ეს `ქართული ოცნების~ შიდა საქმეა და ის ჩემი ინტერესების სფეროს სცილდება, თუმცა საქმე კარგად რომ არ აქვთ არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ორგანოში, ამაზე აღარავინ დაობს, მათ შორის, ცენტრალურ ხელისუფლებაშიც.
საგულისხმოა, რომ ამ შეხვედრას იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ღარიბაშვილისთვის, რომ ქობულეთის წყალდიდობის შესახებ სიტყვაც არ დასცდენია.
აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა 15 ოქტომბერსაა ჩანიშნული და ამ სხდომაზე ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

ანზორ თხილაიშვილი _ `ქართული ოცნების~ წევრი:
_ ეს შეხვედრა ჩვენი ინიციატივით შედგა და მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები იქნა განხილული.
წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს აუნაზღაურდებათ ზარალი, მომდევნო წლიდან ჩატარდება მიწის რეფორმა ქობულეთსა და ხელვაჩაურში, გაგრძელდება ბათუმი-ადიგენის გზის  მშენებლობა.
_ სამეურნეო საკითხების განსახილველად მთავრობას იწვევენ?
_ ჩვენთან ერთად მთავრობის თავმჯდომარე იყო.
_ რა პოლიტიკური საკითხები განიხილეთ?
_ რაც საჭირო და აუცილებელი იყო ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის.

ნატო ქათამაძე