რა დასკვნა დადო აუდიტის სამსახურმა და ვინ დაინტერესდება დუშეთის რაიონით?

2016 წლის 21 ნოემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დუშეთის მუნიციპალიტეტში შემოწმება ჩაატარა და 21 ნოემბერს დასკვნა გამოაქვეყნა, რომელსაც ხელს აწერს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკიშვილი. დუშეთის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის #71/36 დასკვნა „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი.

მკითხველმა წინასწარ რომ იცოდეს, როგორც ყველა მუნიციპალიტეტს, დუშეთის მუნიციპალიტეტსაც თავის უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საკუთარი ბიუჯეტი აქვს, რომელიც ე. წ. შემოსულობებითა და გადასახდელების დამოუკიდებლად გაწევის შესაძლებლობით გროვდება, რაც განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით. ბიუჯეტის შემოსულობები მოიცავს ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებლებს, ფინანსურ და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციებიდან მიღებულ სახსრებს, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ტრანსფერებსა და ა. შ. 2014-2015 წლების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, დუშეთის მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა სულ შეადგინა 24 760.7 ათასი ლარი. 2014-2015 წლების დუშეთის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, შემოსავლების 78% გრანტებია, გადასახადის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს 16%-ს, ხოლო დანარჩენი 6% უჭირავს სხვა შემოსავლებს. აუდიტმა გაარკვია, რომ 2015 წელს გადასახადების მაჩვენებელი შემცირებულია 529.4 ათასი ლარით (24%-ით), რაც ძირითადად განაპირობა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იურიდიული პირებიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის სახით მისაღები შემოსავლის კლებამ. 2015 წელს, წინა წელთან შედარებით კი, შემცირებულია „გრანტების“ მუხლიც, ხოლო სხვა შემოსავლების მაჩვენებელი არსებითად არ შეცვლილა. ხარჯების ყველაზე დიდი წილი კი მოდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების დაფინანსებაზე (39%)…

 

მიუღებელი შემოსავლები _ გადაუხდელი იჯარები, კრიტერიუმი: 2014-2015 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას სულ იჯარით გაცემული ჰქონდა 44 ობიექტი, საიდანაც 2014 წელს საიჯარო ქირის სახით უნდა მიეღო 25.8 ათასი ლარი და 0.4 ათასი აშშ დოლარი, ხოლო, ფაქტობრივად, მიიღო 20.9 ათასი ლარი; ასევე 2015 წელს მისაღებმა საიჯარო თანხამ შეადგინა 18.9 ათასი ლარი და 0.4 ათასი აშშ დოლარი, ხოლო, ფაქტობრივად, მიიღო 14.1 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ 2014 წლამდე მუნიციპალიტეტის მიმართ მოიჯარეების დავალიანება შეადგენდა 41.9 ათას ლარსა და 2.0-ს. ასევე, (ა)იპების მიერ მიღებული სუბსიდიების 72% მიმართულია დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის მიერ მიუღებელმა საიჯარო თანხამ შეადგინა 51.6 ათასი ლარი და 2.8 ათასი აშშ დოლარი. დამეთანხმებით, რომ ასეთი მონაცემები ბევრ საეჭვო კითხვას აჩენს და როგორც ვხედავთ, ეს კითხვები აუდიტსაც გაუჩნდა.

აი, კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი აუდიტის დასკვნიდან:

აუდიტის მიმდინარეობის პროცესში მუნიციპალიტეტმა არსებული დავალიანება შეამცირა 4.3 ათასი ლარით. გადაუხდელი საიჯარო ქირიდან 28.0 ათასი ლარი არის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს „ავტობაზის“ 8 დავალიანება გამგეობის მიმართ. 2014-2015 წლებში იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ გადახდილი საიჯარო ქირა გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მუნიციპალიტეტიდან დაეგზავნათ წერილები, რითაც გამგეობა მათ ატყობინებდა არსებული დავალიანებისა და გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, მოიჯარეებთან ხელშეკრულებები არ შეწყვეტილა, ხოლო მუნიციპალიტეტს არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება საიჯარო დავალიანებების მისაღებად. რატომ? ეს კითხვაც, ჯერჯერობით, პასუხგაუცემელია. აუდიტი კი წერს: მიზანშეწონილია, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირებმა შეისწავლონ თითოეული შემთხვევა, როდესაც მოიჯარის მხრიდან არ სრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაატარონ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, რათა უზრუნველყონ არსებული დავალიანების სრულად და დროულად მიღება ადგილობრივ ბიუჯეტში.

ერთი ფაქტი: 2013 წლის 30 აგვისტოს შპს „მშენებელი XXI+“-თან დუშეთის მუნიციპალიტეტმა გააფორმა ხელშეკრულება მდინარე დუშეთის ხევის გამაგრებით სამუშაოებზე, საერთო ღირებულებით 885.0 ათასი ლარი, რაც გულისხმობდა 1577 გრძ.მ-ზე ბეტონის ფილებისა და ორი ხიდის მოწყობას. მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში, შუალედური შესრულების საფუძველზე, მუნიციპალიტეტი მიმწოდებელს უნაზღაურებდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. ჯამურად, შემსრულებელზე გადახდილია 869.4 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფმა, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა მდინარე დუშეთის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები. აღმოჩნდა, რომ ნაგებობის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით, 232 გრძ.მ, გამოსულია მწყობრიდან. დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად კი  აღნიშნული შპს არ ფუნქციონირებს და იგეგმება მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყება.

აუდიტორულ დასკვნაში წერია: ნაპირსამაგრი ბეტონის ფილების დაზიანება (კედლების წაქცევა), ძირითადად, შესაძლებელია გამოწვეული იყოს უხარისხო პროექტით, ან არსებული პროექტის შეუსაბამოდ ჩატარებული სამუშაოებით. შპს „მშენებელი XXI+“-ის დაკვეთით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა. დასკვნის თანახმად, სამუშაოები შესრულებულია პროექტის მიხედვით, ნაგებობის დაზიანება კი გამოიწვია წყალდიდობის შედეგად საძირკვლის გამორეცხვამ, რომლის პრევენციის ღონისძიებებს პროექტი არ ითვალისწინებდა. პროექტის ავტორმა, შპს LMჩ-მ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაუკვეთა შესრულებული ბეტონის სამუშაოების ექსპერტიზა. დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ მიმწოდებელს, ნაცვლად მ-400 მარკის ბეტონისა, გამოყენებული აქვს მ-350 მარკის ბეტონი. შედეგად, დუშეთის ხევის კალაპოტის გამაგრებით სამუშაოებში მუნიციპალიტეტის მიერ გადახდილია 869.4 ათასი ლარი, მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია და გამოსულია მწყობრიდან. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, უხარისხო იყო როგორც აღნიშნული ხევის გამაგრების პროექტი, რომლის ღირებულებამ 21.4 ათასი ლარი შეადგინა, ასევე მიმწოდებლის მიერ შესრულებული ბეტონის სამუშაოები, რაშიც გადახდილია 323.7 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ მოწყობილი ბეტონის კედლის ნაწილი დაინგრა სამუშაოების საბოლოო ჩაბარებამდე, რის გამოც მუნიციპალიტეტმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მიმართა სამართალდამცველ ორგანოებს.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ფირმა ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ჯეროვნად არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მუნიციპალიტეტს შეუძლია აღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებული თანხა უპირობოდ მოითხოვოს გარანტიის გამცემი ორგანიზაციისგან. მიუხედავად იმისა, რომ მიმწოდებელმა ვერ მოახერხა სამუშაოების ჩაბარება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, მუნიციპალიტეტმა არ მოითხოვა გარანტიის ვადის გაგრძელება და შესაბამისად, დაკარგა 88.5 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა.

მეორე ფაქტი: 2015 წლის 3 სექტემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტმა ახატანი-ბიწმენდის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელშეკრულება გააფორმა შპს „ინჟინერთან“, საერთო ღირებულებით 820.0 ათასი ლარი. ხელშეკრულების ფარგლებში მუნიციპალიტეტმა მიღება-ჩაბარების აქტით ჩაიბარა 819.5 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში მიმწოდებელზე გადახდილმა თანხამ შეადგინა 737.6 ათასი ლარი. მიმწოდებელი ვალდებულია, შესრულებული სამუშაოების აქტებში ასახოს მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტი ვალდებულია, გადაამოწმოს და დაადასტუროს სპეციალურ ფორმაში ასახული ინფორმაციის სისწორე. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მიმწოდებელს უნდა გაეტანა დემონტირებული ასფალტის საფარი და კლდის ნაშალი 7 კმ-ზე ნაყარში, ჯამურად, 2.9 ათასი ტონა. აუდიტის ჯგუფმა, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ვერ მიუთითეს, კონკრეტულად საიდან გაიტანეს აღნიშნული სამშენებლო ნარჩენები. ასევე აღმოჩნდა, რომ მოხსნილი კლდის ძირითადი ნაწილი გადაყრილია გზის ნაპირზე, 10-15 მეტრის რადიუსში, ხოლო გზის გასწვრივ შეინიშნება დემონტირებული ასფალტის საფარი და სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენი. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა 30.8 ათასი ლარის ღირებულების ისეთი სამუშაოები, რომლებიც მიმწოდებელს სრულად არ შეუსრულებია.

აღსანიშნავია ისიც, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვა დაკორექტირდა, რის შედეგადაც 5118 კვ.მ.-ით გაიზარდა ღორღის მოცულობა სისქის შეუცვლელად. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, დამატებული ხრეშით უნდა მოწყობილიყო გზის გვერდულები. აუდიტის ჯგუფმა, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. შედეგად, აღმოჩნდა, რომ რეაბილიტირებული გზის ძირითად ნაწილზე გვერდულები მოწყობილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა 18.5 ათასი ლარის ღირებულების ისეთი სამუშაო, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არ შესრულებულა. ჯამურად, ახატანი-ბიწმენდის გზის რეაბილიტაციაზე შემსრულებელს აუნაზღაურდა 49.3 ათასი ლარის ისეთი სამუშაოს ღირებულება, რომელიც მიმწოდებელმა სრულად არ შეასრულა. დასკვნის მიხედვით, გამგეობამ აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინა 25.6 ათასი ლარის ფარული სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები. წარმოდგენილ აქტებში ფიქსირდება 15443 კვ.მ. ასფალტის ქვედა ფენის მოწყობა, მაშინ როდესაც ფორმა #2-ის მიხედვით, მოეწყო 16599 კვ.მ. ფართობის გზა. აღნიშნული გარემოება დაფიქსირებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაშიც, რომლის თანახმადაც, ფარული სამუშაოების აქტების სრულყოფილად წარმოუდგენლობის გამო, მოცულობების განსაზღვრისას ექსპერტი დაეყრდნო ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებულ მონაცემებს. ახლა არ მითხრათ, რომ ასეთი ინფორმაცია საეჭვო არ არის და ეჭვის მიმართულების ვექტორი გამგეობისკენ არ მიემართება. აუდიტი აცხადებს, რომ შემსრულებლის მიერ მიწოდების ვადების დარღვევის დროს, მუნიციპალიტეტმა უნდა გამოიყენოს ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები. თუმცა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში მიმწოდებლის მხრიდან სისტემატურად ირღვეოდა გეგმა-გრაფიკი, რასაც ადასტურებს გამგეობის მიერ შპს „ინჟინერისთვის“ გაგზავნილი გაფრთხილების წერილები. მიუხედავად ამისა, გამგეობას არ გაუტარებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებები და არ დაუჯარიმებია მიმწოდებელი გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის. გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს უნდა დარიცხვოდა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 18.0 ათას ლარს. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები, საბოლოოდ, ჩაბარდა 28 დღის დაგვიანებით, რის გამოც მიმწოდებელს დამატებით უნდა დარიცხვოდა 22.9 ათასი ლარის ჯარიმა.

კიდევ ერთი ფაქტი: 2014 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტმა შპს „ინჟინერთან“ იოსელიანის ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გააფორმა ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 180.0 ათასი ლარი. პროექტი უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში, 2014 წლის 8 დეკემბერს. ხელშეკრულების ფარგლებში მუნიციპალიტეტმა მიღება-ჩაბარების აქტით ჩაიბარა 177.0 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში მიმწოდებელზე გადახდილმა თანხამ შეადგინა 168.2 ათასი ლარი. შესყიდვების კანონმდებლობის მიხედვით, ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისთვის. იმ შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელი სამუშაოებს აბარებს შეთანხმებული ვადების დარღვევით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შემსრულებელს დაარიცხოს პირგასამტეხლო და გაატაროს კანონით განსაზღვრული ღონისძიებები მის ამოსაღებად. შემსრულებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში. მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ, მას შესრულებული ჰქონდა მხოლოდ 11.4 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო, რაც მთლიანი ხელშეკრულების ღირებულების 6,3%-ს შეადგენს. 2014 წლის 22 დეკემბერს სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, უამინდობისა და ხელშეკრულების კორექტირების გამო შემსრულებელს მიწოდების ვადა გადაეწია 2015 წლის 15 აპრილამდე. ტექნიკური ზედამხედველის ახსნა-განმარტების თანახმად, შემსრულებელმა საქმიანობა დაიწყო 1 თვის დაგვიანებით. შესაბამისად, სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დაუსრულებლობა, ძირითადად, განპირობებულია შპს „ინჟინრის“ მიზეზით, რაც მიწოდების ვადის გაგრძელების ობიექტური საფუძველი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი არ გადაწევდა მიწოდების ვადას, შემსრულებელს დამატებით დაეკისრებოდა 20.5 ათასი ლარის ჯარიმა. შპს „ინჟინერმა“ გამგეობას ბოლო ფორმა #2 2015 წლის 13 აგვისტოს წარუდგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველს მიმწოდებელი უნდა დაეჯარიმებინა 118-დღიანი ვადის გადაცილებისთვის, თანხით 14.0 ათას ლარი.

დასკვნაში ნათქვამია, რომ სამშენებლო-სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში, ფაქტობრივად, შესრულებული სამუშაოების აქტებს უნდა ახლდეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა შედეგებიც მუნიციპალიტეტმა უნდა გაითვალისწინოს სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების დროს. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე გამგეობა ვალდებულია, შეამოწმოს და დაადასტუროს, რამდენად ასახავს რეალობას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 2015 წლის დეკემბერში  მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხი არ აკმაყოფილებს არსებულ სტანდარტს. მიუხედავად ამისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მაინც ჩაიბარა 177.0 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, უხარისხო სამუშაოების მიღების საფუძველი იყო მიმწოდებლის წერილი, რომლის თანახმად, ის იღებდა ვალდებულებას არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე 2016 წლის მაისამდე. ექსპერტიზის აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა მიმწოდებელმა დაიწყო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მიუხედავად ამისა აუდიტის მიმდინარეობის პროცესში არსებული ხარვეზები გამოსწორებულია ნაწილობრივ. კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შპს-მ გამოასწორა მხოლოდ ხარვეზით შესრულებული ბეტონის სამუშაოები. მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელთან 2016 წლის 23 აგვისტოს შეთანხმება გააფორმა, რის შედეგადაც შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა ერთი წლით გაიზარდა. იმ შემთხვევაში, თუ გამგეობა არ ჩაიბარებდა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, მას იურიდიული საფუძველი ექნებოდა მიმწოდებელზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასათანადოდ შესრულებისთვის, 2015 წლის 13 აგვისტოდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო 180 ლარის ოდენობით. სამუშაოების დასრულებისას გამგეობის მიერ დაქირავებული ტექნიკური ზედამხედველი ადგენს შესაბამის დასკვნას, სადაც მითითებულია მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი და მათი დასრულების თარიღი. აღნიშნულ დოკუმენტს ზედამხედველი უგზავნის გამგეობას, რომელიც ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად წარმოადგენს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველს. მიმწოდებლის საქმიანობის დასრულების ვადად ითვლება ტექნიკური ზედამხედველის დასკვნაში დაფიქსირებული თარიღი, რომლის მიხედვითაც გამგეობამ უნდა განსაზღვროს, დაასრულა თუ არა ფირმამ საქმიანობა ხელშეკრულების ვადების შესაბამისად. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აუდიტის ჯგუფს წარუდგინა იოსელიანის ქუჩის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ტექნიკური ზედამხედველის დასკვნასთან ერთად. ორივე დოკუმენტში სამუშაოების დასრულების საბოლოო თარიღად მითითებულია 2015 წლის 21 ივლისი. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 29 ივლისს ზედამხედველმა გამგეობას მიმართა წერილით, რომლის თანახმად, იოსელიანის ქუჩაზე სამუშაოების გარკვეული ნაწილი შესრულებულია და მშენებლობა ისევ გრძელდება. შესაბამისად, სამუშაოები ვერ იქნებოდა დასრულებული 2015 წლის 21 ივლისს.

2015 წლის 25 დეკემბერს შპს „ინჟინერმა“ გზის ლაბორატორიული შემოწმების შედეგების ამსახველი ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა გამგეობას. დასკვნაში არ ფიქსირდება წყალგაჯერების, გაჯირჯვების, სიმტკიცისა  და წყალმედეგობის მაჩვენებლები. 2016 წლის 28 აპრილს შემსრულებელმა გამგეობას წარუდგინა მეორე ლაბორატორიული კვლევის შედეგები, სადაც დასახელებული მონაცემები უკვე შევსებულია. წარმოდგენილ დასკვნებში ასფალტის ნიმუშის აღების ადგილი და თარიღი, ასევე დასკვნების ნომრები და გაცემის თარიღი ერთმანეთს ემთხვევა. აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ერთსა და იმავე ექსპერტიზის დასკვნაში განსხვავებული მონაცემების ასახვა, ამიტომ დაწერა, რომ საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს სამართალდამცველი ორგანოების მიერ.

2015 წელს მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გაუფორმა შპს „არაგვს“ დუშეთში საჭიდაო მოედნის მიმდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად, ღირებულებით 56.0 ათასი ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელს ჯახისა და რიყის ქვებით უნდა მოეპირკეთებინა სკვერის ბილიკები. ჯგუფმა სამუშაოების ადგილზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩინა, რომ შემსრულებელს, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასალისა, გამოყენებული ჰქონდა ბეტონის ფილები, მუნიციპალიტეტთან შესაბამისი შეთანხმების გაფორმების გარეშე. აღსანიშნავია, რომ ბილიკების ბეტონის ფილებით მოპირკეთების სამუშაოები დადასტურებული აქვს ზედამხედველს და ჩაბარებული აქვს გამგეობას, რაზედაც შედგენილია ფორმა #2 და გადარიცხულია შესაბამისი თანხა. აუდიტის ჯგუფის მიერ სამუშაოების ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად გამგეობამ მიმართა მიმწოდებელს, შეეცვალა ფაქტობრივად გამოყენებული მასალა არსებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. მიმწოდებელმა გაითვალისწინა მუნიციპალიტეტის მოთხოვნა და მოწყობილი ბეტონის ფილები ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული მასალით შეცვალა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილების თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გამარტივებული წესით შესყიდული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება აანაზღაუროს მეწარმის მიერ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯების შესაბამისად. ასევე დაქირავებულ მანქანა-მექანიზმებს არ დაარიცხოს ზედნადები ხარჯები და გეგმური დაგროვება.

 

2014-2015 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმებული 382 ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდულია 3533.1 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები. საანგარიშგებო პერიოდში მუნიციპალიტეტი არ ითხოვდა მიმწოდებლებისგან ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ დოკუმენტაციას. აღნიშნული წარმოშობს იმის რისკს, რომ საბიუჯეტო სახსრები ზედმეტად დაიხარჯა. მუნიციპალიტეტმა აუდიტის ჯგუფის მოთხოვნის საფუძველზე მიმწოდებლებისგან გამოითხოვა დოკუმენტაცია შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ, მაგრამ მათ დოკუმენტაცია არ წარმოადგინეს. გამარტივებული წესით შესყიდულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებებისა და შესაბამისი ფორმების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მიმწოდებლებზე თანხის ანაზღაურების დროს არ იყო გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ არც ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არ არის შემცირებული ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა გამოყენებულ რესურსზე ფაქტობრივი დანახარჯების გათვალისწინებით. მსგავს ზღვა ფაქტს აღარ გავყვებით და ახლა არანაკლებ საინტერესო თემას შევეხებით, რომლითაც, ასევე, აუდიტი დაინტერესდა.

ცნობისთვის: აუდიტის დასკვნაში, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გარდა თანამდებობის პირისა, თავის უფლებამოსილებას უსასყიდლოდ ახორციელებს. მას შეიძლება, აუნაზღაურდეს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ იღებენ ხელფასს, დამტკიცებულია საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი. 2014-2015 წლებში საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებზე თანხები გაიცემოდა საკრებულოს სხდომებში, ფრაქციებსა და კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის. საკრებულოს არაანაზღაურებად დეპუტატებზე ხარჯების ანაზღაურების მიზნით 2014-2015 წლებში სულ გაცემულია 128.7 ათასი ლარი, მათ შორის, 2014 წელს _ 48.9 ათასი, ხოლო 2015 წელს _ 79.8 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ 2014-2015 წლებში საკრებულოს ყველა არაანაზღაურებად დეპუტატს დამატებით 32.0 ათასი ლარი აქვს მიღებული სადღესასწაულო დღეებში დახმარების სახით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს წევრების მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება უნდა მოხდეს შესაბამისი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. 2014-2015 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს დეპუტატებზე ხარჯები ანაზღაურებულია ისე, რომ არც ერთ შემთხვევაში მათ არ წარმოუდგენიათ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს ხარჯების ანაზღაურების სახით მიღებულ თანხებზე დაუკავდათ საშემოსავლო გადასახადი, ჯამურად, 26.8 ათასი ლარი.

ახლა კი იმის შესახებ, რაზედაც წინა ნომერში ვწერდით: უკანონოდ გამგებლის ხუშტურების გამო სამსახურიდან თანამშრომლის დაუსაბუთებელი განთავისუფლება, სახელმწიფოს არ უნდა აზარალებდეს. იგივეს ამბობს აუდიტიც:

„მოხელის თანამდებობიდან შესაბამისი დასაბუთების გარეშე განთავისუფლება, შესაძლებელია ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანის მომტანი იყოს მუნიციპალიტეტისთვის. 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტის შესაბამისი თანამდებობებიდან გამგებლის ბრძანებით განთავისუფლდა 18 დასაქმებული. აღნიშნული პირებიდან 3-მა სასამართლოში გაასაჩივრა გამგებლის გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც ისინი თანამდებობებიდან გაათავისუფლეს დისციპლინური გადაცდომის მოტივით. სასამართლომ აღნიშნული პირების დაკავებული თანამდებობებიდან განთავისუფლება უკანონოდ ცნო და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაავალა მოსარჩელე პირებისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან, მათი სამსახურში აღდგენის დღემდე. მთლიანობაში, განთავისუფლებული პირების განაცდურისა და კომპენსაციის სახით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 69.7 ათასი ლარი.

„ქრონიკა+“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა დუშეთის გამგეობის პრესსამსახურის თანამშრომელს _ თეკლას, რომელმაც გვითხრა, რომ სამშაბათს ბატონ ვაჟას გაესაუბრებოდა და თუ კომენტარს ისურვებდა, შემატყობინებდა. სამშაბათს ჩვენი გაზეთი უკვე დაბეჭდილია. ამის შემდეგ დავუკავშირდით დუშეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „არაგველები 21-ე საუკუნის“ თავმჯდომარე ვაჟა საღირაშვილს: „დუშეთის გამგებელმა საკრებულოს საწვავის ჩარიცხვები შეუწყვიტა. 2017 წლის იანვრის დასაწყისში გადაიგზავნა საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეთა მიერ მობილური კავშირგაბმულობის ხარჯისა და საწვავის ლიმიტების ცვლილების პროექტი, სადაც განსაზღვრული იყო საწვავის უკვე არსებულ ლიმიტებზე 7%-ით დაკლებული ვარიანტი. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს გამგებლის მიერ წარმოდგენილ პროექტს და ისევ გამგებელს გადაუგზავნეს სათანადო შენიშვნებით. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2017 წლის 17 იანვარს გამოსცა #175 ბრძანება, რითაც თვითონ, ერთპიროვნულად, ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტების გარეშე, განსაზღვრა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა კავშირგაბმულობის ხარჯი და საწვავის ლიმიტები, რითაც გამგებელმა უხეშად დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.

ვაჟა ჩოხელმა ჩაიდინა საბოტაჟი საკრებულოს წინააღმდეგ, გამგეობის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს კატეგორიულად აუკრძალა საკრებულოს მოსამსახურეებისთვის საწვავის ჩარიცხვა. მივმართავ შესაბამის სამართალდამცველ ორგანოებს: დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მიერ ჩადენილ უკანონო ქმდებებზე, რომლის შედეგად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებით ხალხის მიერ არჩეულ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 33 დეპუტატს უკანონოდ შეუწყვიტა საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული საწვავის ლიმიტების ჩარიცხვები და ხელი შეუშალა მთლიანად დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმალურ ფუნქციონირებას“.

 

ნელი ვარდიაშვილი