ნატვრისთვალი თუ მცირე ჰესები?

ვაღიაროთ, გვიყვარს კარგად ცხოვრება, მაგრამ ისე, რომ ჩვენ არ ვიშრომოთ. თითქოს გვეკუთვნის და უნდა გვერგებოდეს. გვიყვარს კომფორტი, მაგრამ ამაზე სხვამ უნდა იზრუნოს და უცებ ნატვრისთვალიც რომ ვიპოვოთ, დარწმუნებული ვარ, ათიდან ექვსი საკუთარ სურვილსაც ვერ ჩამოაყალიბებს სრულად და აუცილებლად იტყვის, _ ეს სამი სურვილი რა ცოტა ყოფილაო. ჩვენ გვიყვარს და გვინდა სილამაზე _ სუბიექტური აღქმაა _ მაგრამ ვერასოდეს ვთანხმდებით მის რაობაზე. სწორედ ასე, ჩვენ გვინდა ეკონომიკური წინსვლა, კარგ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ ეკონომიკის გარეშე, რაც ჰესების, მათ შორის, მცირე ჰესების არსებობასაც მოიცავს.

განა, ვინმესთვის დასამალია ან ვინმემ არ იცის, რომ ამ თემაზე მსჯელობისას მოწინააღმდეგეთა უმეტესობა ეკოლოგიაზე ან მცირე ჰესებისგან მომდინარე საფრთხეებზე კი არ აპელირებს, არამედ მათი ემოციების უკან მეტწილად სხვა პრობლემა დგას. ზოგმა საკითხი სიღრმისეულად არ იცის, ზოგი კი საკუთარ თავთან და უახლოეს გარემოცვაში აცხადებს, _ მერე, მე რა სარგებელი ამ ყველაფრისგან? ანუ, საბოლოოდ, წინა პლანზე ორი უმთავრესი საკითხი გამოდის _ ეკოლოგია და „მე“.
90-იან წლებში რა ზიანიც საქართველოს მოსახლეობამ ეკოლოგიას მიაყენა, ამაზე თითქმის არავინ საუბრობს. არავინ საუბრობს იმაზე, თუ რამდენი მილიონი ხე მოვჭერით და ღუმელს შევუკეთეთ. არავინ საუბრობს იმაზე, რომ ამ მოჭრილი ხეების ნაცვლად მომჭრელებს არაფერი დაგვირგავს. არავინ საუბრობს იმაზე, თუ როგორ დაგვინდო უამრავ ადგილას ბუნებამ და არ დაგვმეწყრა, არ წაგვლეკა. არავინ საუბრობს იმაზე, რატომ შემცირდა წყლის რესურსები და ამის მიზეზი რომ სწორედ ჩვენ მიერ მოჭრილი მილიონობით ხე იყო. რამეს ვაჭარბებ? ერთი ზამთრის სეზონზე სამსულიან ოჯახს, მინიმუმ, 5 კბ/მ შეშა სჭირდება. სხვადასხვა პერიოდში ხალხის სხვადასხვა რაოდენობა მოიხმარდა შეშას, მაგრამ 1991 წლიდან 2005 წლამდე შეშის სტაბილური მოხმარება გასაშუალოებულ დონეზე უწევდა დაახლოებით მილიონ ოჯახს. ანუ წელიწადში დავწვით ხუთი მილიონი კუბმეტრი შეშა, ხოლო 15 წლის განმავლობაში დავწვით 75 მილიონი კუბმეტრი შეშა. ეს არის ყველაზე მცირე მაჩვენებელი, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სოფლებში მოსახლეობა შეშას მხოლოდ ზამთარში არ იყენებდა და არ იყენებს. რა ზიანი მივაყენეთ ამ მიმართულებით ეკოლოგიას და თუნდაც ჰიდრორესურსებს, ამაზე, სამწუხაროდ, არავის სურს საუბარი. თან 2005 წლის შემდეგ პერიოდსაც თუ დავითვლით, მაჩვენებელი ზამთარ-ზაფხულში შეშის მოხმარების მხრივ შემცირებულია, თუმცა საშუალო რაოდენობა ამ პერიოდში 45-60 მილიონი კუბმეტრის ფარგლებშია. ვინმეს დაუთვლია, რამდენი ჰა ტყე გავაჩანაგეთ? და თუ ვინმე დღეს ბუნებრივ კატაკლიზმებზე აპელირებს, სხვა უამრავ მიზეზთან ერთად პრობლემის სათავე აქაც უნდა ვეძებოთ. ჰო, ვაჟასი არ იყოს, _ ბუნება მბრძანებელია… მაგრამ ის არ უნდა აიძულო, გიბრძანოს. რაღაც ძნელად მახსენდება, გარემოს დამცველებსა და იმ პერსონებს, რომლებიც ეკოლოგიურ სირთულეებზე აპელირებენ, ოდესმე მიეპყროთ სათანადო ყურადღება ამ პრობლემისთვის. ახლა არ ვაპირებ უფრო ღრმად განვიხილო გარემოზე ზემოქმედების სხვა უამრავი მაგალითი.
ზემოთ სიკეთეებზე ვისაუბრე _ ჩვენ რომ გვინდა გვქონდეს, მაგრამ ისე, რომ თავად არაფერი ვაკეთოთ, ანუ ნატვრისთვალის პოვნას რომ ველოდებით, დაახლოებით ამ კატეგორიის მოთხოვნაში ჯდება მუდმივი აპელირება ალტერნატიულ ენერგორესურსებზე, მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებაზე. ენერგეტიკოსები ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ ქარისა და მზის ენერგია მიმდინარე ეტაპზე და ვერც სამომავლოდ სრულად ვერ შეძლებს უზრუნველყოს რომელიმე სახელმწიფოს და, მათ შორის, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა. რატომღაც, ევროპული მაგალითების მოხმობისას არავინ ფიქრობს, თუ რამდენი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში განლაგებული და თვით იმ სახელმწიფოებზე, რომელთაც აქვთ იმის ფუფუნება, რომ მცირე დოზით მაინც ჰქონდეთ განახლებადი და ალტერნატიული ელექტრომომარაგების წყაროები. არც იმაზე საუბრობს ვინმე, რომ ასეთი წყაროების ხვედრითი წილი, საშუალოდ, 15%-ს არ აღემატება.
ამიტომ საკითხის სწორად გააზრებისას უნდა მივხვდეთ, რომ გარემოზე ზემოქმედების მინიმალური ალბათობა მუდამ იქნება და ამას ჰესების მშენებლობის გარეშეც ვახერხებთ, მაგრამ იმისთვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს და სიკეთეებიც მივიღოთ, რომელსაც ნატვრისთვალი და ჩვენი სურვილების რაოდენობა ვერ აუვა, მცირე ჰესების მშენებლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია.
აქ მნიშვნელოვანია სათანადო განათლებაც და მოსახლეობასთან განმარტებითი მუშაობაც, თუნდაც ზიანის სწორად წარმოჩენა და სიკეთეების დემონსტრირებაც. ამ შემთხვევაში მოსახლეობა თუ ცალკეული აქტიური ჯგუფები, რომელთაც გულწრფელი მოტივაცია აქვთ ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მხრივ, სწორად გაიაზრებენ საკითხის არსს.
ნათლად უნდა ავუხსნათ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია ისეთი ობიექტების მშენებლობა, რომლისგანაც მიღებული სიკეთე ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ამ ობიექტის უარყოფითი გავლენა.
ხელისუფლება ვალდებულია, მოქალაქეებს აუხსნას, რომ ყოველწლიურად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, სახელმწიფო კი ვერ ახერხებს საჭირო რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავებას.
უნდა განვმარტოთ, რომ ქვეყნიდან ელექტროენერგიის შესაძენად ყოველწლიურად ათობით მილიონი აშშ დოლარი გაედინება. ბოლო წლებში საშუალოდ ამ დანიშნულებით ქვეყნიდან 80 მილიონი აშშ დოლარი გავიდა და ეს უარყოფითად აისახება ქართულ ეკონომიკაზე, ეროვნული ვალუტის მდგრადობაზე, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველო არ არის ენერგორესურსების მფლობელი ქვეყანა _ არ გვაქვს ნავთობი, გაზი, მაგრამ გვაქვს ჰიდრორესურსები, რომლის სწორად გამოეყენება და მისი ელექტროენერგიად კონვერტირება არანაკლები მნიშვნელობისაა. ამ მხრივ მცირე ჰესების მშენებლობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, შეუქცევად პროცესად უნდა ვაქციოთ. და რატომ მცირე ჰესები? პასუხი მარტივია: თუ ვამბობთ, რომ გარემოზე ზემოქმედება ნებისმიერ ვითარებაში გარდაუვალი პროცესია, მაშინ იმასაც ადვილად უნდა მივხვდეთ, რომ სამ-ხუთ მეგავატიან ჰესებს გარემოზე მინიმალური ზემოქმედება აქვს, ანუ ზიანის კოეფიციენტი მინიმალურია. აუცილებლად იკითხავს ვიღაც, _ კი მაგრამ, ენერგეტიკული და ეკონომიკური ეფექტი ექნება 5 მგ-იან ჰესს? პასუხი: 10-ს? ანუ 50-მგ-იანი ჰესს ექნება ეფექტი? კი, ნამდვილად. თუმცა იმ 5-მეგავატიანი ჰესის სოციალური და ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, გნებავთ, მიგრაციული ეფექტი უმნიშვნელოვანესია კონკრეტული დაბისთვის თუ სოფლისთვის, სადაც ასეთი ჰესები აშენდება.
წინა წერილში პოლიტიკურ ფაქტორებზე ვისაუბრე და ვგონებ, გასაგებად განვმარტე, ვის არ აწყობს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და რატომ. ამიტომაც არანაირად არ ვაპირებ ახლა ისევ დავუბრუნდე ამ საკითხს. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ვიტყვი, ნამდვილად არაა სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, ნებსით თუ უნებლიეთ სხვა ქვეყნისა და სხვა სახელმწიფოების სამსახურში ყოფნა.
ახლა „მეს“ ფაქტორზე გადავიდეთ. ყველა პერსონას, რომელიც ფიქრობს ან აცხადებს, პირადად მე რა სარგებელი მექნება ჰესიდანო, უნდა განვუმარტო: ჰესის მშენებლობისას და მერე ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, თუ თქვენ ხაბაზი ხართ, მერწმუნეთ, თქვენ მიერ გამომცხვარი პურის რეალიზაცია გაიზრდება და არც იმას გამოვრიცხავ, ელექტროენერგია, მეტ-ნაკლებად, შეღავათიანი რეჟიმით მიიღოთ. თუმცა ამაზე თავს არ ვდებ. თუ თქვენ კალატოზი ხართ ან შემდუღებელი, ასევე მიიღებთ სიკეთეს ამ ყველაფრისგან. მეწაღე? _ კი თქვენც, მერწმუნეთ. მასწავლებელი? _ რა თქმა უნდა, თქვენც, რადგან თქვენი მოსწავლეებისთვის მოგიწევთ უფრო მეტი ცოდნის მიცემა ამ მიმართულებით, შესაბამისად, თუ ამას კვალიფიციურად გააკეთებთ, დაფასება მაშინ ნახეთ, ისევე როგორც ეკონომიკური სარგებელი. გლეხი? _ აქ საუბარი არც ღირს… მშენებლობაზე დასაქმებულებს, მინიმუმ, კვება სჭირდებათ. გავაგრძელო? ვგონებ, ყველა შეძლებს, საკუთარი თავი იპოვოს იმ სარგებელში, რომელსაც მცირე ჰესები რეგიონს, დაბასა თუ სოფელს მისცემს და მის მოსახლეობას.
ახლა უფრო გლობალურად _ ნუ დაგვავიწყდება, რომ ინვესტორები იღებენ კონკრეტულ ვალდებულებებს: ინფრასტრუქტურულს, სოციალურს, კულტურულს. ეს არ არის საერთო სიკეთე? საერთო სიკეთე არ არის გზა, ბიბლიოთეკა, კულტურის ცენტრი თუ სხვა რამ, რაც შესაძლოა, საინვესტიციო პროექტით იყოს განსაზღვრული? და თუ ადგილობრივი მოსახლეობა საინვესტიციო პირობების შექმნაში იმთავითვე ერთვება, მას შეუძლია მაქსიმალური სარგებელი მიიღოს კონკრეტული პროექტიდან. ან ის რატომ გვავიწყდება, რომ მეტწილად ჰესების მშენებლობის დაწყებამდე სრულდება ყველა ასეთი დანაპირები? აი, თუ ვიღაც არ ასრულებს რაღაცას, აქ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ხელისუფლებაზეა, არამედ მოსახლეობაზეც, რომელმაც ინვესტორი უნდა აიძულოს, პირობები შეასრულოს.
ამიტომ აუცილებელია ჰესების პროექტების, ასევე მშენებლობების მონიტორინგში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა.
და ისევ საკითხის არსს დავუბრუნდები: როგორც ექსპერტები და სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, საქართველოში იმ პროექტებით, რაც არსებობს _ ასაშენებელი თუ აშენებული მცირე ელექტროსადგურებით, 5-6 მილიარდი კილოვატ/საათის გამომუშავება შეიძლება. მცირე ელექტროსადგურებს კაშხლები არ სჭირდება და შესაბამისად, გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს, არც მიდამო იტბორება. ამას გარდა, მცირე ჰესები იმ სიკეთესაც გვაძლევს, რომ მეტი ელექტროენერგია გვიჩნდება და აღარ ვყიდულობთ, ანუ თითოეული ჩვენგანის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოებაც გაცილებით იზრდება. და როდესაც ენერგოდამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, სახელმწიფოს წინააღმდეგ ხმალამოღებული ბრძოლა _ „არ დავუშვებთ!“ _ რბილად რომ ვთქვა, გაუაზრებელი ნაბიჯია და იმ სიკეთეებზე უარის თქმა, რომელიც ასე გვიყვარს და რომლის ასრულებასაც, რატომღაც, მუდამ ნატვრისთვალის მეშვეობით ვცდილობთ.

გოჩა მირცხულავა