მსჯავრდებულის დედა: პროკურატურაში მითხრეს, _ მაგათ არც ერთ კვირაში დაიჭერენ, არც _ ორ კვირაში და არც _ ერთ თვეშიო…

2000 წელს გოდერძი კიკნაძეს მკვლელობის გამო უვადო პატიმრობა მიესაჯა. 2013 წლის 31 იანვრიდან კი ციხეში ახალი გარემოებები შეექმნა: ციხის ადმინისტრაციაზე თავდასხმის ბრალდებით მის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესები წარიმართა. ბრალდების მიხედვით, კიკნაძე დანით თავს დაესხა ივანე ლეჟავას _ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #1 დაწესებულების დირექტორის მოადგილეს.

პროცესები 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით მიმდინარეობდა. 2018 წელს, ზემოაღნიშნულ ბრალდებაში, გოდერძი კიკნაძე გამართლდა, თუმცა დამნაშავეები არ დასჯილან. საქმე დაიხურა. კიკნაძის გამართლების შემდეგ დედამისი, მერი კიკნაძე ითხოვს, დაისაჯონ დამნაშავეები, თუმცა, სულ ახლახან მიიღო პასუხი, რომ საქმე დაიხურა, ხოლო პროკურატურაში ირიბად მიანიშნეს, რომ დამნაშავეთა დასჯას სულ ტყუილად ელოდა.
როგორც გოდერძი კიკნაძის დედა, მერი კიკნაძე ამბობს, 2013 წელს მის შვილს პროვოკაცია მოუწყვეს. საკანში ის ლალი მოროშკინამ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს თანამშრომელმა, აიყვანა. როგორც მერი კიკნაძე ამბობს, ციხიდან წამოსულს აცნობეს, ვითომ ციხის უფროსს გოდერძი კიკნაძემ სამჯერ დაარტყა დანა. დაურეკეს და შეატყობინეს, რომ იმ დღესვე გაასამართლეს. მერი კიკნაძის თქმით, მას დაჟინებით ეუბნებოდნენ: „როგორ, იქ არ იყავით, როცა ეს მოხდა?“ რაზედაც ეს უკანასკნელი პასუხობდა, რომ მისი იქ ყოფნის პერიოდში არაფერი მომხდარა და რომ თუ მისი წამოსვლის შემდგომ მოხდა რაიმე აურზაური, ამაზე ჯერ არაფერი იცოდა.

მერი კიკნაძე: „ლალი მოროშკინა მპირდებოდა, რომ ჩემს შვილს გაუშვებდა. მეუბნებოდა, გოდერძის ისეთი დაავადებები აქვს, რომ გავუშვებო. ვრეკავდი ლალისთან, ყველა საშუალებით ვცდილობდი მასთან დაკავშირებას. ერთხელაც ჩემი შვილი დაიკარგა. მოროშკინა მატყუებდა, ვითომ, ხან სად გადაჰყავდა, ხან _ სად. ჩემი შვილი, ერთი სიტყვით, დაიკარგა. მოროშკინას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ბოლოს, მოვახერხე ლალისთან საუბარი. ამ უკანასკნელმა მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო. მე არ მჯეროდა ამის. მან მითხრა, რომ მივსულიყავი და საკანში შემახვედრებდა ჩემს შვილს. არ ვიცოდი, რომ საკანში ამიყვანეს, სანამ პატიმრები არ შევნიშნე. ლალიმ ჩემს შვილს უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ერთ-ორ დღეში გაუშვებდნენ, _ სამედიცინო დასკვნას ელოდებიანო. მან მე ცალკე მითხრა, _ უთხარი, დამშვიდდესო. ამაზე ჩემი შვილი აღშფოთდა, მაგრამ არავისთვის არაფერი დაუშავებია. _ მე ხომ რვა თვის მანძილზე მატყუებდა, ახლა შენ გატყუებენო? _ ეს იყო გოდერძის სიტყვები.
არც ვინმესთვის მიუყენებია შეურაცხყოფა. აღელდა, _ პატიმარს რომ ამდენ თვეს ატყუებ, ეს ხომ ბუნებრივია? მერე მე რომ დავინახე, ასე იყო აღელვებული. ციხის უფროსის მოადგილეს ვუთხარი, რომ კიდევ მოეცა ჩემთვის შეხვედრის საშუალება.
ისიც კი ვიფიქრე: „მე რომ წამოვედი, მაშინ ხომ არ მოხდა-მეთქი რამე?“ მაგრამ არა _ დაჟინებით ამბობდნენ, რომ ყველაფერი ზუსტად ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში მოხდა.
მეორედ ამიყვანეს საკანში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ლეჟავა მასთან ხელგადახვეული დამხვდა. მალევე ვიგებ, რომ ჩემმა შვილმა ვიღაცები დაჭრა. ზოია ხასიას (სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი) ივანე ლეჟავა ერთი კვირის დანიშნული ჰყავდა მანდ. ესეც მაეჭვებს. მოხდა ერთი რაღაც _ ციხეში მოკლეს ასლან აბაშიძის სიძე. სანამ ჩემი შვილი საკუთარ საქმეზე გასამართლდებოდა, ერთი კვირით ადრე უთხრეს, რომ ეს დანაშაული საკუთარ თავზე უნდა აეღო, _ ვითომ, თვითონ მოკლა დიასამიძე. მან ეს არ გააკეთა და ჩარჩა ციხეში. ჩემს შვილს უთქვამს, _ მაშინ რომ მიმიყვანეს და ივანე ლეჟავა დამხვდა, მივხვდი, აქაც რაიმეს მომიწყობდაო. ჩემი შვილი გაასამართლეს, საქმე აღუძრეს ამ სასჯელზე _ ვითომ, ციხის უფროსის მოადგილე, ივანე ლეჟავა დაჭრა. დანის დარტყმა არ დაუმტკიცდა იმიტომ, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ დანა არ დაურტყამს, მაგრამ ის მის ხელში ეჭირა. შემდეგ მე დავამტკიცე, რომ არც დანა ჭერია და, შესაბამისად, ის არც გამოუყენებია. მე ხომ იქ ვიყავი? შეუთხზეს ეს ყველაფერი. იმან განმარისხა, რომ ამ დანაშაულის სასჯელის ათვლა დაუწყეს 2013 წლიდან. სასჯელი უნდა მოეხადა 2028 წლამდე. ისე გამოვიდა, თითქოს, 15 წელს კი არა, სამ წელს იჯდა. 2013 წელს საქმე იმისთვის აღვძარი, რომ დამნაშავეები დაესაჯათ.
ამასთან ერთად გადავწყვიტე, რომ კანონის ძალით მემოქმედა _ რატომ ამიყვანეს საკანში? მათ ხომ არ ჰქონდათ უფლება, მშობელი აეყვანათ პატიმრებთან? მოვითხოვე, იმის გამო დაეკავებინათ, რომ კანონი დაირღვა და საკანში ამიყვანეს. შემდეგ მპირდებოდნენ, რომ ოღონდ გავჩერებულიყავი და ორ წელიწადში ჩემს შვილს გამოუშვებდნენ. ახლა ჩემთან დაიწყო ტყუილების თქმა. ამ პირობის შემდეგ მეუბნებოდნენ, _ ვინ გამოუშვებდა, დანაშაული ჩაიდინა და დანა გამოიყენაო. სულ იმას ვამბობდი, რომ დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაეკავებინათ.
ამ ექვსი წლის მანძილზე სულ მეუბნებოდნენ, რომ გამოძიება მიმდინარეობდა. ამ დროს საქალაქო პროკურატურა მატყობინებს, რომ არ დადგინდა იმათი დამნაშავეობა, ვინც მართლა ჩაიდინა დანაშაული, _ არ იკვეთება ეს ფაქტი და საქმე დახურულიაო“.

მნიშვნელოვანია, რომ უნდა არსებულიყო ჩანაწერი, რომელზედაც გოდერძი კიკნაძის საკანში მიმდინარე შეხვედრა იქნებოდა ასახული. როდესაც მერი კიკნაძე ამ ჩანაწერის არსებობის საკითხს შეეხო, პასუხად მიიღო, რომ ის ციხე მეორე დღეს დაინგრა და ჩანაწერი განადგურდა.
მერი კიკნაძე სტრასბურგის სასამართლოში წარდგენის წინადადებითაც გამოვიდა. შესაბამის დადგენილებას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო იმ მოტივით, რომ თვითონ სტრასბურგიდან უნდა მოსულიყო დადგენილების გაცემის მოთხოვნა.

მერი კიკნაძე: „გაასამართლეს ერთი ადამიანი _ მორიგე. მისთვის ივანე ლეჟავას უთქვამს, რომ კიკნაძეს ძეხვი მოუნდა და თხლად რომ დაჭრას, დანა შეუტანეო. დანა ნამდვილად იყო საკანში, მაგრამ ის იქამდე ლეჟავას ბრძანებით მივიდა. როდესაც მოსამართლემ იკითხა, დანის გამოყენების შემდეგ რატომ არ გამოიტანა მორიგემ ის უკან, მან უპასუხა, რომ დარჩა. ცხადია, არ დარჩენია. ლეჟავას ბრძანება იყო, რომ მას საკანში დანა დაეტოვებინა. ჩემი შვილი სულ სხვანაირ ჩვენებას აძლევს _ ის ამბობს, რომ ლეჟავამ თვითონ შემოიტანა დანა. მხოლოდ ის გაასამართლეს _ სამსახურიდან მოხსნეს, პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.
18 დღის განმავლობაში რომ ვიშიმშილე, ახლა დახურეს საქმე? მაშინ რატომ არ დახურეს, როცა ის მორიგე გაასამართლეს? მაშინ რატომ არ თქვეს, რომ მათი დანაშაული არ იკვეთებოდა და მხოლოდ ერთ პიროვნებას ასამართლებდნენ? ექვსი წლის შემდეგ დახურეს საქმე? ამ პერიოდის მანძილზე, სულ მწერდნენ, რომ შეუჩერებლად იძიებდნენ საქმეს. ამის დამამტკიცებელი უამრავი ფურცელი მაქვს. ახლა ჩემს შვილს საფრთხე ემუქრება. შიშისგან აღარ ვიცი, რა მოვიმოქმედო. ბუნებრივია, თვითონაც ვერ ეგუება უსამართლობას. 2013 წლამდე ჩემს შვილთან დაკავშირებით არანაირი წინააღმდეგობა და პრეტენზია არ ყოფილა. ამ ექვს წელიწადში მოხდა ყველაფერი. ზუსტად 2018 წლის იანვრიდან დაიწყო მისი წამება. პროკურატურაში მითხრეს, _ მაგათ არც ერთ კვირაში დაიჭერენ, არც _ ორ კვირაში და არც _ ერთ თვეშიო. ეს არის სამართალი? დანაშაული ჩვენთვის არის დასჯადი და მათთვის არ არის? მე ვიბრძოლე და მივაღწიე იმას, რომ გოდერძი გამართლა. 2028 წლამდე უნდა მჯდარიყო? ჩემი საჩივარი გვერდზე არის გადადებული. ამ ექვს წელიწადში სამას დღეზე ბევრად მეტი აქვს თვითონ ჩემს შვილს ნაშიმშილები. სულ სამართლის ძიებაში იყო ამ პერიოდის განმავლობაში“.

2013 წელს დაიკითხა უსაფრთხოების თანამშრომელი, ლალი მოროშკინა. მისი დაკითხვის ოქმში წერია: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზოია ხასიას მან უთხრა, რომ გოდერძი კიკნაძე იყო საკმაოდ ჭკვიანი და ცბიერი ადამიანი და რომ არ უნდა მოქცეულიყვნენ მისი მანიპულაციის ქვეშ, რადგან ის ყველანაირ ხერხს მიმართავდა ციხიდან გასათავისუფლებლად. შესაბამის ოქმში წერია: „ვინაიდან მსჯავრდადებულთან საკანში მოქალაქის შეყვანა იყო კატეგორიულად აკრძალული და მე ამის უფლება არანაირად მქონდა, დავუკავშირდი ზოია ხასიას, რომელსაც მოვახსენე ზემოაღნიშნული (მე მას (გოდერძი კიკნაძე) ვთხოვე, დამშვიდებულიყო, რაზეც მან წამომიყენა ულტიმატუმი იმ მიზნით, რომ მეორე დღეს დედამისს შევახვედრებდი და მხოლოდ ამის შემდგომ შევიდოდა ის საკანში). ზოია ხასიამ მითხრა, რომ ეს ყველაფერი არანაირ პრობლემას წარმოადგენდა და პირადად დამავალა, შემეყვანა მასთან დედამისი, მერი კიკნაძე“.
ამის პარალელურად, ზოია ხასიას დაკითხვის ოქმში წერია, _ მას აცნობეს, რომ გოდერძი კიკნაძე დედამისთან მოკლევადიან შეხვედრას ითხოვდა, რადგან ის იყო აგრესიული და არ მშვიდდებოდა. „თუ ეს იქნებოდა გამოსავალი და მსჯავრდადებული დამშვიდდებოდა, მეც დავეთანხმე, გოდერძი კიკნაძესთან შეეხვედრებინათ დედამისი მოკლევადიან პაემანზე, თუმცა ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასაც შეეძლო მიეღო ჩემგან დამოუკიდებლად, რადგანაც, კანონით, მათ ამის უფლება აქვთ. უბრალოდ, მეც ჩამაყენეს საქმის კურსში და ამის წინააღმდეგი არ ვყოფილვარ. მე არ მიმიცია იმის განკარგულება, რომ მოქალაქე შეეხვედრებინათ მსჯავრდადებულისთვის თავისივე საკანში და არც განმიმარტავს მათთვის, თუ სად უნდა შეეხვედრებინათ, რადგან ამის საჭიროება არ იყო და ეს უნდა გადაეწყვიტა, პირადად, #1 დაწესებულების დირექტორს ან მის მოადგილეს“, _ წერია ოქმში.
2016 წლის ოქტომბერში პენიტენციური დეპარტამენტის #6 დაწესებულების დირექტორ შოთა ტრაპაიძეს საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელ კახა კოტრიკაძისგან გაეგზავნა დადგენილება, რომლის თანახმად დადგინდა, რომ შესაბამის პროცესში არსებითად დარღვეულია მსჯავრდადებულ გოდერძი კიკნაძის თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებები. „მოცემულ ვითარებაში ნათელია გოდერძი კიკნაძის მიმართ ივანე ლეჟავასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელი რიგი მოხელეების დაინტერესება და პირადი მოტივით მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის დანაშაულებრივი განზრახვა“, – წერია დოკუმენტში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ გოდერძი კიკნაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მისი თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებები.
გოდერძი კიკნაძე გამართლდა ივანე ლეჟავას მიმართ მიყენებული ზიანის ბრალდების საქმეში, თუმცა, 2018 წლის 23 აგვისტოს საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლისგან, კახა კოტრიკაძისგან, მერი კიკნაძემ მიიღო დოკუმენტი შემდეგი შინაარსით: „მოცემული საქმის გამოძიების ფარგლებში არ დადასტურდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენის ფაქტი, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე არ იკვეთება სხვა დანაშაულის ნიშნები, რის გამოც სისხის სამართლის #010300916801 საქმეზე შეწყდა გამოძიება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო“ – ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქმის გამოძიება შეწყვეტილია…

მარიამ ტიელიძე