კორუფცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებულ ტენდერში

2018 წლის ივნისში საჯარო რეესტრმა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ტენდერი გამოაცხადა, სადაც ორი კომპანია მონაწილეობდა: „კირკიტაძე და კომპანია“ და „კადასტრი+“. ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი „ქრონიკა+“-თან ხსენებული ტენდერის დროს დაფიქსირებულ კრიმინალურ დარღვევებზე საუბრობს, სადაც პირდაპირ იკვეთება კორუფციის ნიშნები.

როსტომ კირკიტაძე _ „კირკიტაძე და კომპანიის“ ხელმძღვანელი:
_ 2018 წლის ივნისში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საჯარო რეესტრმა მიწის აზომვებთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. 2018 წლის 30 ივნისს საბუთების მიღება დაიწყო. ხსენებულ ტენდერში ჩვენმა კომპანიამ და კომპანია „კადასტრი+“-მა მიიღო მონაწილეობა. გავიდა ორი თვე და არანაირი პასუხი არ მიგვიღია.
_ პირობები როგორი იყო?
_ რაც შეეხება პირობებს, ის ასეთი იყო: ტენდერში მომუშავე ფირმას უნდა ჰქონოდა ანალოგიურ სამუშაოებზე შესრულებული არანაკლები 30 000-ლარიანი ერთი ხელშეკრულებისა და მეორე _ 20 000-ლარიანი, ჯამში 50-ათასიანი, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტით წარმატებით უნდა ყოფილიყო დამტკიცებული. ეს წარსულ გამოცდილებას რაც შეეხება. რაც მთავარია, ორივე მკვეთრად უნდა ყოფილიყო დაკავშირებული საკადასტრო-საველე სამუშაოებთან. ჩვენს კომპანიას ამის პრობლემა არ ჰქონია, შესაბამისად, არც ტენდერის გამომცხადებელს ჩვენ მიერ ატვირთულ საბუთებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გასჩენია. მეორე კომპანია „კადასტრი+“-მა ასევე წარდგინა საბუთები, მაგრამ მას მოთხოვნა დაუყენეს, რომ წარედგინა საბუთები, სადაც გაშიფრულად იქნებოდა ნაჩვენები, დამატებით რა სამუშაოები ჰქონდათ ჩატარებული. საპასუხოდ, „კადასტრი+“-მა ისეთი საბუთები წარადგინა, რომელიც საერთოდ არ ეხებოდა საველე-საკადასტრო აზომვებს. შესაბამისად, არც ტენდერის პირობებს აკმაყოფილებდა.
_ მაინც დაუშვეს ტენდერზე?
_ გავიდა დრო და არანაირი პასუხი რომ არ მივიღეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი მივწერე: გთხოვთ, გვაცნობოთ (ვინაიდან ჩვენ დაინტერესებული პირი და ოფიციალური მხარე ვიყავით, თანაც ინფორმაცია საჯაროა), მოგვწერეთ, ვინ მოიგო და თუ ჩვენ წავაგეთ, რატომ წავაგეთ? ამ წერილზე პასუხის გაცემას ერთი კვირა მოუნდნენ. პასუხი იყო ასეთი, _ თუ რამის გარკვევა გინდათ, აქ ჩამობრძანდით.
_ სად უნდა ჩასულიყავით?
_ რეესტრში. ხელახალი წერილი გავუგზავნეთ, რომ არსად ჩასვლას ვაპირებდით; რომ ოფიციალური პასუხი გვინდოდა, რათა შემდეგ ოფიციალურად გვემოქმედა. მირეკავს ქალბატონი გურანდა მაჩაიძე, შესყიდვების სპეციალისტი და მეუბნება, რომ აქ ჩამოდით, აქ გაჩვენებთ საბუთებს, თუ არადა, წავიდეთ და მსოფლიო ბანკს ვთხოვოთო და ა. შ.
_ მსოფლიო ბანკისთვის რა უნდა ეთხოვათ?
_ ჯერ ერთი, მსოფლიო ბანკია თუ რაც არის, საქართველოს მხარემ ტენდერი ჩაატარა და სახელმწიფოს ან ვალად ეწერება, ან სხვა ფორმაში აისახება. შესაბამისად, არ შეიძლება, ამას ასე უდიერად მოექცე. ავუხსენი, რომ თუ თქვენ პირობები დაარღვიეთ, ეს არ ნიშნავს, რომ მსოფლიო ბანკისგან გეპატიებათ. ამაზე ქალბატონმა გურანდამ ლამის ტირილი დაიწყო. ვუთხარი, _ რა გატირებთ, ქალბატონო, თუ ტენდერი სამართლიანად ჩატარდა, წარმომიდგინეთ საბუთები, თუ არადა, ამას არ გაპატიებთ-მეთქი. ნუ ჩალიჩობთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით-მეთქი. დაიწყო, _ რატომ ლაპარაკობთ ამას? რას შვრებით? ახლა ჩვენ სხვა ტენდერს ვაცხადებთ, იქ მიიღეთ მონაწილეობა და უფრო დიდი ფულიაო. ვერ გავიგე, რას გულისხმობდა, ანუ იმას მოგცემთო?! მე ვუთხარი, _ არაფერი არ მინდა, რაც არ მეკუთვნის. სხვა ტენდერი თუ ცხადდება, მონაწილეობას მივიღებ, მაგრამ ამას გაურკვევლად არ დავტოვებ-მეთქი. უაზრო ორსტრიქონიანი წერილი მომწერეს, რომ ვითომ მათ ყველაფერი კარგად ჰქონდათ ჩატარებული და ჩემი მიმოწერისა და წერილების შემდეგ დადეს საიტზე გამარჯვებული კომპანია.
_ როდის დადეს?
_ 19 სექტემბერს. 20 აგვისტოს ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმეს და ერთი თვის შემდეგ გააჟღერეს. ეს არის სწორედ კრიმინალი! ამით მეორე მხარეს ყველა შანსი მოუსპეს, რომ გაესაჩივრებინა და თავისი სიმართლე დაემტკიცებინა. ზოგადად, ყველა ტენდერს აქვს გასაჩივრების უფლება. თუ 3-5 დღე გავა და მეორე მხარე არ გაასაჩივრებს, შემდეგ შეგიძლია ხელშეკრულება გაუფორმო, რა თქმა უნდა, საიტზე გამოქვეყნების შემდეგ, და არა ყველაფერი პირიქით. ჩემს იურისტებს წერილი დავაწერინე, ყველა თარიღი, რიცხვი და ა. შ. და დავადგინეთ, რომ ჩვენ მიერ შეკრებილ ყველა დოკუმენტს არანაირი შეხება არ აქვს იმ საქმესთან, რაც უნდა გაკეთდეს.
_ და რა გამოდის ამით?
_ რა და ის, რომ ტენდერზე პრეცედენტი არ უნდა დაშვებულიყო, იმიტომ რომ მან ვერ წარადგინა ვერც 30 000-ლარიანი და ვერც 25 000-ლარიანი ხელშეკრულება, ხოლო რაც წარადგინა, ანალოგიურ სამუშაოებს არ ეხება, სულ სხვა რაღაცაა. ეს ხომ დიდი დარღვევაა. მოგვწერეს, რომ იურისტები იხილავენ და დარბიანო. ვუთხარი, რომ პასუხს მივიღებ და სასამართლოს მივმართავ. თქვენ მხოლოდ ის დამიმტკიცეთ, ჯერ ხელშეკრულება რომ უნდა გაგეფორმებინათ და მერე აგეტვირთათ ერთი თვის შემდეგ. ძალიან მძიმედ არიან ახლა. ეს კორუფციის უმაღლესი დონეა!

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის შესყიდვების სპეციალისტ გურანდა მაჩაიძეს დაუკავშირდა:

_ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ტენდერი, სადაც ორი კომპანია მონაწილეობდა, „კირკიტაძე და კომპანია“ და „კადასტრი+“, ჯერ გაიმარჯვა „კომპანიამ“, გაფორმდა ხელშეკრულება და ერთი თვის შემდეგ საიტზე დაიდო. არის თუ არა აქ საუბარი კორუფციულ გარიგებებზე?
_ არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხთან დაკავშირებით და, ზოგადად, მე არასწორად მიკავშირდებით. პროექტს ხელმძღვანელი ჰყავს და მე კი რიგითი თანამშრომელი ვარ.
_ თქვენს სტატუსს ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს? ანუ როსტომ კირკიტაძეს არ ეკონტაქტებოდით და არც კირკიტაძე გადიოდა თქვენთან ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებს?
_ არა, ერთი წუთით… მე ვარ რიგითი თანამშრომელი. ახლა თქვენ ადექით და ჰკითხეთ კირკიტაძეს, რომ ვისთანაც ახლა დაგარეკინათ, იმან მითხრაო…
_ ქალბატონო გურანდა! ჯერ ერთი, როსტომ კირკიტაძეს კი არა, კომპანიის იურისტთან მაქვს ამ წუთას კომუნიკაცია. აი, თქვენ პირადად როსტომ კირკიტაძეს ელაპარაკებოდით. ამაზე მაქვს საუბარი…
_ …უთხარით, რომ ამ პროექტს ხელმძღვანელი ჰყავს, იმ საჯარო უწყებასაც თავისი ხელმძღვანელი ჰყავს. ანუ ლაპარაკია თანამდებობის პირებზე, საჯარო მოხელეებზე. თქვენთან ახლა ასეთი კავშირი, რომ მე თქვენ რაღაც წერილები მიგზავნოთ, მერე მე უკან გიგზავნოთ, ამის უფლება არ მაქვს. არასწორ მიმართულებას მოგცემთ. კირკიტაძემ ძალიან კარგად იცის, რომელმა სამსახურმა გამოაცხადა ტენდერი, ვინ არის ამ პროექტის პასუხისმგებელი პირი და ა. შ. გასაგებად ჩამოვყალიბდი, ხომ?!

„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და გასაგებად ჩაოყალიბება ნამდვილად მოუწევს ამ ტენდერის გამომცხადებლებსა და ყველა მონაწილე პირს, მათ შორის, რა თქმა უნდა, რიგით თანამშრომელ გურანდა მაჩაიძეს!

თამარ როსტიაშვილი