კახელ ლეიბორისტთა ლიდერი თელავის მერიას ძროხით მიადგა და ხარის სპერმა მოითხოვა

6 ივნისს ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე თელავის მერიასთან ძროხასთან ერთად მივიდა.
ნიკა ვარდოშვილმა ამ ფორმით ქალაქ ბიბერახიდან თელავისთვის 2 ათასი ევროს ღირებულების ხარის სპერმის გამოგზავნა გააპროტესტა.
ლეიბორისტი აცხადებს, რომ სურდა, განაყოფიერება სწორედ მისი ძროხიდან დაწყებულიყო.

ვარდოშვილის პერფორმანსი ადგილობრივმა ხელისუფლებამ არასერიოზულად შეფასა. მერის მოადგილის განმარტებით, სპერმის გამოგზავნა დამეგობრებული ქალაქების ბიბერახისა და თელავის ერთობლივი პროექტია, რომელიც ფერმერების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ხარჯები კი მთლიანად ბიბერახმა გაიღო და ჯამურად, თელავის მერიას 16 ათასი ევროს ღირებულების სპერმა გადაეცა.

რამაზ სოზიაშვილი _ აგრონომი: „კომუნისტების დროს რუსული ბუღები ჩამოიყვანეს საქართველოში, დიდი ძროხები გვეყოლებაო, მაგრამ არ გაამართლა. ჩვენთან პატარა ტანის საქონელია: ქართული წაბლა, შვიდცი, ველის წითელი (ეს ბოლო ცოტა დიდია). ძროხები კი განაყოფიერდა, მაგრამ ნაყოფი დიდი იყო და ძროხები ვერ აჩენდნენ. რაც გადარჩა, ვერც ისინი შეეჩვივნენ. დიდ საქონელს დაგდებული მინდორი უნდა, მთაგორიანს ვერ იტანს. მე გერმანიის ფერმაში მუშაობის პატარა პრაქტიკა მაქვს, იქაური ბუღები მინახავს, ჩვენი კამეჩის ხელაა სიგრძეში, უფრო მეტიც. ეჭვი მეპარება, გაამართლოს“.

ბექა გონაშვილი _ ფერმერი:
„პრობლემა ის არის, რომ ფერმერებში ცოდნის დონე 0 იყო და დღემდე რჩება 0-ს+ ცოტაოდენი. უკვე თაობები დარწმუნდნენ, რომ ეს არ არის GMO (გენეტიკური მოდიფიკაცია).
სოფლის ბუღა, რომელთანაც ძროხის მიყვანა და ერთი „ჩაკაჩავება“ 10 ლარი ღირს, რატომ არის ცუდი? იმიტომ, რომ აღნიშნული ბუღა, რომელსაც უფრო ბუღიტას დაარქმევდით, ერთ წრეზე ტრიალებს, ნათესაური შეჯვარებები ხდება, რაც პროდუქტიულობას ამცირებს და სხვა გვერდითი მოვლენებიც აქვს.
პრობლემას ამ საქმეში სულ სხვაგან ვხედავ! _ სადაც მერის მოადგილე ამბობს, რომ ეს სერვისი გლეხებისთვის უფასო იქნებაო!!!
აი, აქაა პრობლემა და ამას არავინ უკვირდებით, თქვენ ოდენ საღლიცინო გწადიათ, ეგრე გამოდის. რატომ? იმიტომ, რომ 2000-იანი წლების გარიჟრაჟიდან მრავალი პროექტია განხორციელებული, მრავალი მილიონი და გრანტი დაიხარჯა ზოგი ფერმერებზე, ზოგი ფერმერთა მომსახურების სერვისების მიმწოდებლებზე და შედეგი გვაქვს, როგორც გითხარით, 0-ს პლუს ცოტაოდენი! არ შეიძლება, პროექტი ისე დაგეგმო, რომ მას განვითარება არ ჰქონდეს და თუ იცი, რომ პროექტი დასრულდება და ყველა მომავალ პროექტზე შევხვდებით და შენ ასეთ პროექტს მაინც ახორციელებ, მაინც ხარჯავ ვინმეს (ხალხის, ევროკავშირისა და სხვ.) ფულს, უკვე არასწორი ხარ!
მიჩვეული ვარ იმას, რომ არავინ მეკითხება ასეთ დროს არაფერს. გააკეთებენ, მერე დადგება ხოლმე რიგი, ესა თუ ის საკითხი როგორ გამოვასწოროთო… ბიჯოო, იქამდე მკითხე, რა, დაგზარდით ვინმეს რამეზე?
ისე, ზოგადად, რატომ არის საჭირო ჯიშების გაუმჯობესება, წაიკითხეთ და იცოდეთ!
3 წლის წინანდელი მონაცემებით:
• ისრაელს ჰყავდა 130 000 სული მეწველი ფური საშუალო წველადობით: 11500 ლიტრი ლაქტაციაზე. ლაქტაცია იანგარიშება 305 დღე. ისრაელში ცხოვრობს 9 მილიონზე მეტი ადამიანი + ტურისტები. იქ არის 2 ძირითადი რძის ჩამბარებელი კომპანია. ისრაელი თავისი რძის პროდუქტების ექსპორტსაც კი ახორციელებს. იმპორტი არ აქვთ;
• იტალიაში, დაახლოებით, 1 300 000 სული მეწველი ფურია, საშუალოდ, წველადობით 9500 ლიტრი ლაქტაციაზე. ქვეყანაში ცხოვრობს 50 მილიონი ადამიანი + ბევრი ტურისტი. იტალიას არათუ შეაქვს რძის პროდუქტები, აშშ-ში იტალიური მაფიის ძირითადი ფულის წყარო სწორედ იტალიური ყველის იმპორტია ამერიკაში!
• იბერიაში (საქართველო) დაახლოებით 1 326 000 ძროხაა, აქედან ავიღოთ, რომ 700 000-მდე ფურია. აქ ცხოვრობს 3.5 მილიონი ადმიანი + ცოტაოდენი ტურისტი. საშუალო წველადობა ჩვენს ეროვნულ ძროხებს აქვთ, დაახლოებით, 900 ლიტრი ლაქტაციაზე, თუმცა ჩვენი ძროხების ლაქტაცია, ფაქტობრივად, 200 დღეც ვერ გრძელდება. რძის პროდუქტების 80% არის იმპორტირებული და რძის ფხვნილები. ირანიდან შემოტანილი რძის ფხვნილის აღდგენით მიღებულ ყველს აკრაწუნებთ ხოლმე, ძვირფასო მოქალაქეებო, როგორც თბილისში, ისე კახეთში: თუნდაც თელავში, ახმეტაში, დედოფლისწყაროსა და სხვ. ხვდებით, ხომ? ირანში, სადაც უმეტესად უდაბნოა, სადაც სერიოზულად განიხილავენ იმას, რომ საქართველოდან მილებით წყალი გაიყვანონ, რათა სოფლის მეურნეობაში პრობლემები აღმოფხვრან, იქიდან შემოტანილი რძის ფხვნილით იკვებებით თქვენ, ვინცა ღლიცინებთ ან არც ღლიცინებთ, მაგრამ არც გაინტერესებთ ეს საკითხი!!!
– რა ჯდება რძის წარმოება?
– როგორ უნდა შეიცვალოს სიტუაცია ამ სფეროში?
– რა ჯიშების მოშენებას უნდა შევუწყოთ ხელი?
– ვის რა როლი ეკისრება ამ სფეროში?
– და, ზოგადად: გვეშველება რამე?
ამ საკითხებზე ფეხდაფეხ ვიმსჯელოთ, როცა ჯერ ამას გავიაზრებთ, რაც დავწერე და ადამიანების შრომის დასაფასებლად მოვემართებით!
P. S. პროექტებით ასე დათურად კი არ უნდა ემსახურებოდეთ ხალხს, ბატონო ან ქალბატონო საჯარო მოხელეებო (ვუშვებ იმას, რომ კეთილი განწყობით გინდათ დაეხმაროთ, მაგრამ ვიღაცამ ან არასწორად გირჩიათ ამის გაკეთება და რეალობა დაგიმალათ, ან იმ მრჩეველს ფარული ქვენაგრძნობა ჰქონდა), არამედ რეალური დახმარებით“.

ყველაფრის მიუხედავად თელავის მერიამ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც იუწყებოდა, რომ მეგობარი ქალაქი ბიბერახი ვარდოშვილის პერფორმანსით განაწყენდა:
„თელავის მუნიციპალიტეტის მერია ეხმიანება გავრცელებულ დეზინფორმაციას, დამეგობრებული ქალაქების _ თელავისა და ბიბერახის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტის „ძროხის ჯიშების გაუმჯობესება თელავში ბრუცელოზის შემცირების მიზნით, რძისა და ხორცის წარმოების გაზრდა“ შესახებ და მოგახსენებთ:
თელავსა და გერმანიის ქალაქ ბიბერახს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 1988 წელს და მას შემდეგ, გერმანული მხარის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა 20-ზე მეტი მსხვილი პროექტი, რომელთა ნაწილი დღესაც მიმდინარეობს:
• „მეხანძრე-მაშველების სწავლება კატასტროფების-ხანძრისა და საგზაო შემთხვევების უსაფრთხოების მიზნით“, ქალაქის ეფექტიანობის გაზრდა და მისი როლის გაძლიერება რეგიონში;
• პროფესიული სკოლა: სარესტორნო საქმიანობის სწავლება და ტურიზმის მენეჯმენტი;
• საბავშვო ბაღების ეზოებში უსაფრთხო ბავშვთა გასართობი ადგილების მოწყობა;
• მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა;
• გერმანული ენის შესწავლის ორკვირიანი ინტენსიური კურსი ქალაქ ბიბერახში;
• სოციალურად დაუცველ პირთა სამზარეულოს აღჭურვა;
• შშმ პირების ეტლებითა და საოჯახო ტექნიკით უზრუნველყოფა;
• „ძროხის ჯიშების გაუმჯობესება თელავში, ბრუცელოზის შემცირების მიზნით, რძისა და ხორცის წარმოების გაზრდა“.
ქალაქ ბიბერახის მერია აგრძელებს თანამშრომლობას კომპანია „ატელიე არქიტექტთან“ და მის პარტნიორ ორგანიზაცია „RED FUND“-თან, რომელიც თელავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტს შეიმუშავებს.
დაგეგმილია შემდგომი ღონისძიებებიც, კერძოდ, უახლოეს მომავალში განხორციელდება მეტად მნიშვნელოვანი პროექტი: „ქალაქ თელავის კემპინგის ადგილი _ გარემოს გაუმჯობესება რეგიონში და ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი კახეთში“, რაც ხელს შეუწყობს თელავის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას. ასევე გერმანიის მხარე თელავს საჩუქრად გადასცემს სპეციალური ავეჯით დატვირთულ კონტეინერს პროფესიული სკოლისა და საბავშვო ბაღებისთვის.
რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ პროექტს „ძროხის ჯიშების გაუმჯობესება თელავში ბრუცელოზის შემცირების მიზნით, რძისა და ხორცის წარმოების გაზრდა“, იგი ითვალისწინებს ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ვეტერინარისა და მოძრავი ლაბორატორიის ადგილზე მომსახურებას, რაც გულისხმობს როგორც კონკრეტული მუნიციპალური ერთეულის მიწის დიაგნოსტირებას, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემოწმებასა და ლაბორატორიულ პირობებში მათ განაყოფიერებას.
პროექტი დაიწყო 2015 წლის ნოემბერში და წარმატებით განხორციელდა 100-ზე მეტ ბენეფიციართან (ფერმერთან). იგი ინიცირებულია გერმანული მხარის მიერ და თელავის მუნიციპალიტეტის მერიას მხოლოდ შუამავლის როლი აკისრია ფერმერებსა და მეგობარი ქვეყნის დონორ ორგანიზაციას შორის. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 54375,81 ევროს და სრულად ფინანსდება ფონდ „ანგაჟმო გლობალის“ პროექტის „მდგრადი კომუნალური განვითარება პარტნიორული პროექტებით“ (NAKOPA) ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან დღემდე გერმანული მხარის მიერ თელავში დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 180.000 ევროა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ შავ პიარს და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი სახის ინციდენტი, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს თელავის მუნიციპალიტეტისა და ბიბერახის 30-წლიან მეგობრობას, მომავალში აღარ განმეორდება.
განცხადებას თან ერთვის ქალაქ ბიბერახის მერიის წერილის ასლი, სადაც ქალაქის ხელმძღვანელები გამოხატავენ თავიანთ გაკვირვებას და წუხილს პროექტის არასწორი ინტერპრეტაციის გამო და კიდევ ერთხელ განმარტავენ მის მნიშვნელობასა და სარგებლიანობას!“

რაც შეეხება ნიკოლოზ ვარდოშვილს, ის თავის პერფორმანსს შემდეგნაირად აფასებს:
„რატომ გაუკვირდა თელავის მერიას ეს პერფორმანსი? იმიტომ, რომ სადღაც რაღაც დაეწვათ… ჯერ ამ პერფორმანსით არ დამისრულებია მათი მხილება. მე კი არ ვიშაყირე, არამედ სიმართლე ვთქვი. დიახ, მივიყვანე ძროხა და მოვითხოვე, რომ სწორედ, აი, ამ ძროხისთვის გაეკეთებინათ ხელოვნური განაყოფიერება. და იცით, რატომ? ესენი არიან სპეკულანტი ჩინოვნიკები. ესენი მეგობარ ქალაქებს ეწუწუნებიან, რომ ქალაქს ეს უჭირს და ის უჭირს, აწუხებენ და ისინიც გულით გვეხმარებიან. სად მიდის ეს ჰუმანიტარული ტვირთი? როგორც ტრადიციულად დამკვიდრებულია, ვიღაცის ჯიბეში, ვიღაცის სახლში და აი, ახლა უკვე ვიღაცის ბოსელშიც. დიახ, ამათ გერმანელების ეს დახმარება რიგითი გლეხებისთვის კი არ უნდოდათ, არამედ ისევ მანდ, მაგ შენობაში არსებული სავარძლების უკან დამალული ფერმერებისთვის სჭირდებოდათ. რაში ადარდებთ ამათ გლეხები?
ამიტომ ძროხასაც მივიყვან და სათითაოდ შევამოწმებ იმ 450 ერთეულ სპერმას, სად წაიღებენ. და საერთოდ, გამოვიდნენ და ხმამაღლა თქვან, გასულ თვეებში რომ მიიღეს სპერმის ანალოგიური ტვირთი, სად წაიღეს? რომელი გლეხის ძროხას მოახმარეს? თუ დასაცინად მივიჩნევდი ამ პროცესს, მაშინვე მივიყვანდი ძროხას, მაგრამ პირველი ეტაპით მიღებულმა დახმარებამ მაჩვენა, რომ ეს ავაზაკი ჯგუფი, რომელიც მუნიციპალიტეტის შენობაშია დაბუდებული, მხოლოდ თავის ინტერესზე ირგებს ბიბერახის ყველა დახმარებას. არც მიკვირს _ ასე იყო იმ უხსოვარი 30 წლის წინათაც, მირიან ყარაულაშვილი რომ „გრიმიტობდა“ ამ შენობაში, მხოლოდ საკუთარ მიზნებს ახმარდნენ ბიბერახის ჰუმანიტარულ ტვირთს და ასეა დღესაც.
აქვე ვაფრთხილებ თელავის მერს, უსუსურ ოპონენტებს, დებატებში ტელევიზიაში არ მომყვებით, ქუჩაში მხვდებით და გამირბიხართ, იმდენი წერილი აფრინეს ბოლო კვირაში ბიბერახში, რომ ამდენი თავის დროზე ნაპოლეონს არ მიუწერია ჟოზეფინასთვის… ამიტომ „ჩერეზ“ ბიბერახით დაგელაპარაკებით, არ იდარდოთ!“

მაკა მოსიაშვილი