„ილია ვარ, ბიძინას ნუ მესვრით“!

rrr

კიდევ ერთხელ ესროლეს ილიას… უკვე მერამდენედ, ვინ მოთვლის… ესროლეს ილიას და არა მარტო ილიას, ესროლეს ივანე ჯავახიშვილს, შალვა ნუცუბიძეს, დიმიტრი უზნაძეს, კონსტანტინე გამსახურდიას, ზვიად გამსახურდიას, მერაბ მამარდაშვილს, იგივე ჟვანიას, კახა ბენდუქიძეს და არაერთ განსვენებულ ინტელექტუალს! და დასცინეს ყველა ცოცხალ ინტელექტუალს.

დიახ, თამაზ თამაზაშვილის სკანდალურ განცხადებაზე მოგახსენებთ, რომ გამოვიდა და გვიბრძანა ბიძინა ივანიშვილზე, _ ილია ჭავჭავაძის შემდეგ ასეთი ინტელექტუალი აღარ გვყოლიაო. რა უნდა ელაპარაკო? პირიქით, მადლობა უნდა გადაუხადო, ილია რომ მარაქაში გაიყვანა და არ გამოგვიცხადა, რუსთაველის შემდეგ ასეთი ინტელექტუალი არ გვყოლიაო. მადლობა უნდა უთხრა, რომ არ დაამატა, _ ნატა ვაჩნაძისა და მერი შერვაშიძის შემდეგ ჩვენი ხელისუფლების ქალბატონებისთანა ლამაზები საქართველოს არ გვყოლიაო. და მაინც, რა იყო ეს? სიძის მიჯირყვნაზე შური იძია და სრულიად ფეისბუკის სასაცილო და საქირქილო გახადა ბიძინა? თამაზაშვილის მიერ აღვლენილ ხოტბას ნიკა რურუა გამოეხმაურა პოსტით: „რაღა მაინცდამაინც „ინტელექტუალს“ აწვებიან?! ვერ ხვდებიან, რომ შეურაცხყოფაა? თქვან რო, მდიდარი კაცია, ხელგაშლილია, ჯანდაბას _ სიმპათიურია, ერთი, მეორე. არა, გინდა თუ არა „ინტელექტუალი“. ეჭვი მაქვს, იმასაც ესიამოვნება, თუმცა მცირე უხერხულობას იგრძნობს“.

რურუამ ინტელექტუალის ტიტული ვერ გაიმეტა და „სიმპათიურობა“ უბოძა, ახლა ამასაც დაიჯერებს და მერე ნახეთ მისი „პერედაჩა“. თუმცა რაღა „პერედაჩა“, სადღა მოიცლის ჩვენთან ეკრანიდან სასაუბროდ, როცა ხმებია მის ხელისუფლებაში მობრუნებაზე. აკი, ბრძანა თამაზაშვილმა, ივანიშვილი მთავრობის საქმეებში არ ერევა: „ალბათ ის რომ ჩარეულიყო, რაც ხდება აქამდე, არც მოხდებოდა“.

დავუშვათ და არ ერეოდა, მაშინ ვისი ბრალია ის, რაც ხდებოდა აქამდე და ხდება დღეს? ვის გამოუსვა ამ განცხადებით ხელი ფეხებში? საყვარელ სიძეს, თუ ჯანყარაშვილს, რომელიც დაიღალა?

ჯანყარაშვილის დაღლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ვისაც კი ოდნავ შერჩენია მოვლენების ჩაანალიზების უნარი, მართლა დაიღალა ამ იაფფასიანი სანახაობით. დაიხ, ბატონებო, სანახაობაა მთელი ეს გადადგომ-გადაყენებები. სანახაობა ორმაგი სახით, ერთი მხრივ, „საკუთარი ნებით გადადგომა“, თან როცა მოაყოლებენ განცხადებას, რომ იგი არსად არანაირ თანამდებობაზე არ დაინიშნება საჯარო სამსახურში და, მეორე მხრივ, კულუარულად გავრცელებული ინფორმაციები, რომ ყველა ამ საკადრო ცვლილების უკან ივანიშვილი დგას, რომ ეს ბიძინამ დაფერთხა ცუდად მეოცნებენი. დიახ, სანახაობაა, იაფფასიანი სანახაობა. აქამდე 2 წელი დაჭერები აჭამეს ხალხს, ახლა გადადგომა-გადაყენებებით კვებავენ. მე იმ ხალხს მინდა ვკითხო, წლების მანძილზე რომ გაიძახოდა „ასფალტი ვჭამოთო?“ ასფალტის „ჭამა“ არ გერჩიათ დაჭერობანა-გადადგომობანას ჭამას? ზედ დადიოდით მაინც…

თამაშია სწორუპოვარი, თანამდებობის პირები თავისი ნებით ტოვებენ პოსტებს, თან მიჯრით. მაგრამ რაც მთავარია „თავისი ნებით“ _ დემოკრატია ყვავის. ამის არავის სჯერა, მაგრამ კმაყოფილია „თავისუფლად სუნთქვით“ და სჯერა მეორე ვერსიის, რომ ისინი ბიძინამ გაყარა და ჰა, ახლა გვეშველება. ამ იაფფასიანი სანახაობით ივანიშვილი ვირტუოზულად „უსრულებს“ თავისი ამომრჩევლის იმ დიდ ნაწილს, რომელიც იმედგაცრუებული დარჩა, როცა ივანიშვილი წავიდა ხელისუფლებიდან. ივანიშვილს ნაკლებად აღელვებს, რას იტყვიან „ნაცები“ და ევროპელები, მისთვის მთავარია, მისმა ხელისუფლებამ (რომელიც მისია და სხვა არავისი) არ დაკარგოს მხარდაჭერა. მისი აქტიური ჩარევა მთავრობის საქმეებში ელექტორატის ნაწილს ამშვიდებს და აიმედებს, რომ ქვეყანას სწორედ ის მართავს და არა ღარიბაშვილი, ამიტომაც ბრაზდება ის პრემიებზე, აციმბირებს ჯანყარაშვილს, და ა. შ. ეს ყველაფერი აიმედებს და ატყუებს ერთხელ უკვე ხოშიანად მოტყუებულ ელექტორატს და ისევ იმედით და ოცნებებით ავსებს _ მერე რა, რომ შეცდომებია, აი, ბიძინა არსად წასულა, აქაა და ყველაფერს გამოასწორებს. თუ ამანაც არ გაჭრა, რა პრობლემაა, გადასწევს დიდ შუშის ფარდას და ისევ გამოვა სცენაზე. თუ არადა, კულუარებიდან გააგრძელებს მინისტრებისა თუ ჩინოვნიკების ყრას და კაი ხანს ფონს ამით გავა. დამშეულ ცხვრებს გუდაში ჩასმულ მჩხავანა კატას უკიდებდნენ _ ცხვრების ყურადღება რომ გადაეტანათ და იმ ბეკეკებს შიმშილი არ გახსენებოდათ. ახლაც რა, ასე არ მოხდა? აღარავის ახსოვს, ლარი რომ თვალსა და ხელს შუა გაგვიუფასურდა, არც იმისთვის მიუქცევია ელექტორატს ყურადღება, თუ როგორ გამყარდა უცებ, ერთი ხელის მოსმით. ესეც ისევ იმ მითის გასამყარებლად, რომ ბიძინა ჩვენთანაა, ყველაფერს შეძლებს. სულ ოდნავ გამოღვიძებულ-გამოქოცებულებმა ისევ ძილს მისცეს თავი. დიახ, ძილს, ძილში კიდევ სიზმარი იცის, ინგლისურში კიდე ოცნებაცაა და სიზმარიც. ასე რომ, „ოცნების“ ახდენისა რა გითხრათ და სიზმარში რაც გინდა იხილეთ, გინდა უფასო ფული, გინდა განახევრებული გადასახადები, გინდა დაბალპროცენტიანი კრედიტები, რაც გინდა სულო და გულო. თუ მაინც შეიღვიძებთ, ბიძინას ამაზეც ნაზრუნი აქვს. ქვეყანა მიჰყავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისკენ. საზოგადოება „ივერიამ“ გაავრცელა კიდეც საგანგებო განცხადება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საიდანაც ირკვევა, რომ რეგიონებში, ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებმა და ძალოვნებმა დავალება მიიღეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით, რაც ადგილზე ახალი საყრდენი ფიგურების მოძიებასა და საარჩევნო რეჟიმში მყისიერი გადასვლისთვის მზადყოფნას გულისხმობს.

რაში სჭირდება ივანიშვილს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები? იგი ბიძინაა და მას ბიძინა ვერ ატყუებს. ძალიან კარგად ხედავს, რომ მისი შეკოწიწებული კოალიცია, მთელი ხელისუფლება, ჭენებ-ჭენებით მიდის მარცხისკენ და ზუსტად იცის, რომ 2016 წლის არჩევნებზე მას არანაირი შანსი არ ექნება, მას კიდევ 2030-მდე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა (ახლა რა მნიშვნელობა აქვს, კულისებში იდგება, სცენაზე თუ ავანსცენაზე?). იმასაც ხვდება, რომ 2016 წლისთვის „ნაციონალები“ კიდევ უფრო მოძლიერებულნი, რებრენდინგგავლილნი იქნებიან, მათ გარდა სხვა პოლიტიკური ძალების აღმოცენება-კონსოლიდაციაც არ არის გამორიცხული, მის პარტიას რეიტინგის ნასახიც არ შერჩება და უნდა წაგება? ახლა არ ურჩევნია არჩევნები? ალასანიასაც მოიშორებს, რესპუბლიკელებსაც, მათ ნაცვლად იმ ბურჯანაძესა და ალიანსს ამოიყენებს, რომელიც აგრესიული ელექტორატის ხმებს მოუტანს, თან არჩევნებს ჩაატარებს ადამინისტრაციული რესურსის მაქსიმალური მობილიზებით და კიდევ 4 წელს გაიხანგრძლივებს ხელისუფლებას. შეიცვლება კოსმეტიკა, მაკიაჟი, მაგრამ არსი? არსი დარჩება უცვლელი, ისევ გაგრძელდება ინფანტილური ხალხის გაცუცურაკება უხვი, უსაგნო და შეუსრულებელი დაპირებებით. და ხალხი, ალბათ, ისევ დაიჯერებს, დაიჯერებს იმიტომ, რომ შრომას ისევ სასწაული ურჩევნია _ სასწაული, რომელიც მოულოდნელად დაატყდება თავს და კარგად აცხოვრებს. იმ ბრძენმა კაცმა კარგად ისწავლა იმ რუსეთში ის რუსული სიბრძნე, რომლის მიხედვითაც რა არ გვასწვალა ცხოვრებამ, მაგრამ ხალხს სწამს სასწაულების. სწამს მაშინაც, როცა სრულიად დამსახურებულად გააბრიყვებენ და იმედგაცრუებულები და ოცნებაგატრუსულები ყურებს ჩამოყრიან. დაჰპირდებიან და ისევ დაცქვეტენ ყურებს და კიდევ ერთხელ მისცემენ ხმას, რომ იქნებ ახლა მაინც გვიშველოს. ბიძინამ კი არ უნდა გიშველოს, შენ უნდა უშველო ქვეყანას და მოიცილო უნიათო ხელისუფლება, რომელიც 2 წლის მანძილზე არაფერს აკეთებს პრემიების გამოწერის გარდა! თან უნდა მიაყოლო მერი (შერვაშიძე არა, ნარმანია), რომელიც მილიონი ხის დარგვას გპირდებოდა და როდის, როდის ძლივს დაგიდგა თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხე, ისიც უგულავას დროინდელი. `ლუსტრებიც~ უგულავასდროინდელი დაგიკიდა და „ანგელოჩიკებიც“ უგულავასდროინდელი დაგიდგა! ერთი ველოსიპედის გადაყენებას დაგპირდა და ისიც არ „გადააყენა“, ნაგავი ურნაში ჩააგდე, თორემ ჯარიმა არ აგცდებაო, _ გეუბნება და თვითონ რომ იმ გადავსებული ურნებიდან ნაგვის დროულად გატანა უნდა უზრუნველყოს _ მაგაზე ჩუმადაა და გაყურებინებს, როგორ მიაქვს ნაგავს ქალაქი. გეკაიფებიან, მასხრად გიგდებენ და ისევ შენ იმედზე არიან, რომ რიგგარეშე არჩევნებს ჩაატარებენ, მიხვალ და ხმას მისცემ. ან მათ ზღაპრებს დაიჯერებ ისევ, ან ისევ მიხეილ სააკაშვილის ჯინაზე მისცემ ხმას და როდემდე აპირებთ ცხოვრებას ან მიშას ჯინაზე, ამ ზღაპრებით, რომ ყოველი დაკლული დედლის ცალი ბარკალი მიშასი იყო? მანამ, სანამ სული არ გაგძვრებათ იმის ყურებაში, როგორ გეახლებათ ხადური ქონდარში დამარინადებულ ბატკნის ბარკალს? კარგი, ბატონო, მაშინ გჯეროდათ, რომ ბაჩო ახალაია „ბალკონზე“ მგლის ლეკვებს ზრდიდა, ხომ გაიგეთ, ვინ ზრდის პინგვინებს, ზებრებს და ზვიგენებს? კარგი, ბატონო, მაშინ გჯეროდათ, რომ ბიძინას თქვენთვის ფულის დარიგება უნდოდა და ის სამგლე მიშა არ ანებებდა. ხომ მოვიდა, რა, ვერ დაგირიგათ 2 წლის მანძილზე? ისე, მიშამ მართლა არ დაარიგებინა თავის დროზე თქვენთვის ფული. დაიხ, ბატონო, ივანიშვილი მილიარდს დებდა, რომ სოფლის მეურნეობის განსავითარებლად სოფლად მცხოვრებლებისთვის უპროცენტო კრედიტად დარიგებულიყო. მაგ „ბრძენი კაცის“ ამ მავნებლურ იდეას მართლა ბრძენი კაცი _ კახა ბენდუქიძე აღუდგა წინ. ბენდუქიძემ ზუსტად იცოდა, რომ იმ კრედიტს მოსახლეობის დიდი ნაწილი სხვა დანიშნულებით გამოიყენებდა და არა მეურნეობისთვის, ზოგს სამკურნალოდ დასჭირდებოდა და შემოეხარჯებოდა, ზოგი მანქანას იყიდდა, ზოგი სხვა ოცნებას აიხდენდა და როცა დაბრუნებაზე მიდგებოდა საქმე, საქართველოში ცოდვის კორიანტელი დადგებოდა, ხელისუფლება გამოვიდოდა მტარვალი, კრედიტის ამოღება მონღოლების მიერ ხარკის აკრეფას დაემსგავსებოდა და გადაჰყვებოდნენ კიდეც. ბიძინა კარგი გამოვიდოდა (მისცა) და მიშა _ მტარვალი (წაართვა).

ეს რომ მიშას მოსაშორებელი ფანდი იყო, ახლა მაინც ხომ გამოჩნდა „პოსლეზე“? თორემ თუ მაშინ მიშამ არ დაარიგებინა ეგ ფული, ახლა რატომ არ დაგირიგათ? აა, თავად მოუწევდა ხომ უკან ამოღება? ბიძინა კი ის კაცია, რომელიც ბიძინას ინტერესების წინააღმდეგ არასოდეს მიდის… თქვენ კი არ გგავთ, საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ რომ მიდიხართ და მიიმღერით…

 

                                                                                                       რეზო შატაკიშვილი