,,თსუ“-ს რვადღიანი პროტესტის გმირები და ანტიგმირები?!

k2

მიუხედავად იმისა, რომ ამ საგაზაფხულოდ არაერთი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემა წამოტივტივდა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები აქტუალობას არ კარგავს.

რა ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში? ვინ არიან „ოდეერები“? რატომ გამწვავდა დაპირისპირება მხარეებს შორის და ვის სურს სტუდენტების კონტროლქვეშ მოქცევა? ეს ის კითხვებია, რომლებზედაც პასუხის გაცემას „ქრონიკა+“ საპროტესტო ტალღის დასრულების შემდეგ შეეცადა.

ნიკოლოზ მეტრეველი _ თსუ მაგისტრანტი

_ ჩვენ გუნდებად არ ვიყოფით, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ერთ მხარეს ვდგავართ თავისუფალი სტუდენტები, ხოლო მეორე მხარეს _ ნიღბიანი, გაურკვეველი ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ _ რაც შეილება მეტად დაძაბონ უნივერსიტეტში ვითარება. მივმართე კიდეც სამართალდამცველებს, რომ მათი ვინაობა დაედგინათ, თუმცა, ჯერჯერობით, შედეგი არ ჩანს. დღევანდელი თვითმმართველობის უკან დგას დიდი დაჯგუფება _ პოლიტიკური მადით. ფაქტია, რომ ზონდერების პორტირება მოხდა, კოჰაბიტაცია ყველგან მძვინვარებს და ამ მხრივ არც თსუ-ა გამონაკლისი. ივა კავსაძის გარდა, ამ ხელისუფლების პირობებში, უნივერსიტეტში დასაქმდა ცნობილი „ნაციონალი“ გიორგი შამათავა, სხვებიც არიან. მე არ ვერიდები ღიად საუბარს. ყველაფერი ჯერ კიდევ გიორგი ავალიანისა და ლადო ვარძელაშვილის დროს დაიწყო _ 2007 წლიდან. მაშინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი თოფურიას, 2011 წელს პროექტ „თარგმნეს“ პრეზენტაციაზე სცემეს სტუდენტები, ვინაიდან მათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდათ. მაშინ ამ რეპრესიების უკან ის პირიც იდგა, ვისაც კანცლერობა უნდოდა და ამ არჩევნებშიც მონაწილეობდა. გიორგი გაფრინდაშვილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე გახლდათ.

 

პაატა ბახტურიძე _ თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი:

_ ჩემი დაკვირვებით ეს მოვლენები დაიწყო თავად რექტორმა. კანცლერის არჩევნების წინა პერიოდი ერთობ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. მარათონში მონაწილე ერთმა პირმა თავადვე მოხსნა თავისი კანდიდატურა, დარჩენილი ხუთიდან ერთ-ერთი, იოსებ არჩვაძე, რექტორის ფავორიტი გახლდათ. ბატონ პაპავას კანცლერის ხელით სურდა მთლიანად უნივერსიტეტის კონტროლი, მაგრამ ამ საქმისთვის სუსტი დასაყრდენი შეარჩია. ამის თქმის საფუძველს კი მაძლევს ის შეხვედრები და პრეზენტაციები, რომელსაც პირადად ვესწრებოდი. შიდა საუბრების დონეზე გავიგეთ, რომ ბატონი პაპავა არჩვაძეს მფარველობდა.

მის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა არც ყოფილა, ვინაიდან მასალები ხელის გულზე იდო _ გიორგი ხუბუას მმართველობის დროს ეს პიროვნება იყო ერთ-ერთი კომისიის წევრი, რომელსაც ხელი ჰქონდა გასვრილი სასწავლებლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგების განთავისუფლებაში. ბევრი ლაპარაკობდა იმას, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში სასწავლებელი დაიღუპებოდა და სტუდენტების ინტერესები უკანა პლანზე გადაინაცვლებდა. ამ განწყობებიდან გამომდინარე, ჩვენ მის წინააღმდეგ პროტესტი გავშალეთ, ოღონდ ეს აქციების დონეზე არ ყოფილა. იურიდიულ ჩარჩოებში მოქცეული პროცესი წარვმართეთ. საბოლოო ჯამში, მას სხვა ალტერნატივა აღარ ჰქონდა და კანდიდატურა თავადვე მოხსნა.

_ დარჩენილი ოთხი კანდიდატიდან ვისზე დადო რექტორმა ფსონი?

_ ლადო პაპავას უნდოდა, ახალი კონკურსი გამოცხადებულიყო და თავისი კანდიდატი გაეყვანა. იმ დარჩენილი ოთხი კანდიდატიდან შეირჩა ყველაზე რეალური _ გიორგი გაფრინდაშვილი, თავად რექტორიც აღიარებდა: გაფრინდაშვილი ჭკვიანი და ზრდილობიანი ახალგაზრდააო, თუმცა მხარს არ ვუჭერო.

_ როდის გამოჩნდა ბრძოლის ველზე ,,აუდიტორია 115“?

_ წინასაარჩევნო შეხვედრები რომ იყო, ვგულისხმობ სტუდენტებთან შეხვედრას, გაფრინდაშვილის მიმართ ლევან ლორთქიფანიძის ჯგუფმა რატომ არ ამოიღო ხმა? თუ ამხელა პროტესტი არსებობდა, რამე ხომ უნდა ეთქვათ? ყვირილი მას შემდეგ დაიწყეს, რაც არჩვაძემ თავისი კანდიდატურა მოხსნა. ერთ დღეში გაახსენდათ ყველაფერი? როცა წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა უნდა გამართულიყო, მაშინ გართულდა სიტუაცია, რეალურად კი ამ საბჭოს სხდომაზე მარტივი პროცედურა უნდა განხორციელებილიყო _ ან დაამტკიცებდნენ კანდიდატს, ან _ არა… მაგრამ ამ დღეს მოხდა რაღაც ენით აღუწერელი: თსუ-ში აქცია ტარდება წინა დღეებთან შედარებით გაზრდილ მასშტაბებში, სხვადასხვა არასამთავრობო ჯგუფ-ჯგუფად შემოდის სასწავლებლის შენობაში, მათ ვინმე ანი დარსალია და ჭრელი ხალხი შემოუერთდა. ისინი ორგანიზებულად შემოვარდნენ კორპუსში. უსაფრთხოების სამსახურის გვერდის ავლით გაარღვიეს კორდონი და ის ოთახი დაბლოკეს, სადაც სენატის სხდომა უნდა ჩატარებულიყო. ამ დროს სენატის წევრები მეორე კორპუსში გადაიყვანეს და კვორუმიც შედგა, თუმცა უნივერსიტეტის რექტორი სხდომაზე არ გადმოვიდა. ამ ყველაფრის მერე ვლადიმერ პაპავას ცაგარელი დაგეგმილ კითხვას უსვამს ოდეერებთან დაკავშირებით. ეს სცენა აშკარად დადგმული იყო, რასაც რექტორის მხრიდან აღიარება მოჰყვა. ჩემთვის ამოცანად რჩება ისიც, საიდან ჰქონდა ამ ინფორმაციაზე წვდომა ცაგარელს? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შიდა სამზარეულოს შესახებ მან საიდან იცოდა?

_ ამ კითხვას აუცილებლად დავუსვამთ სანდროს, იქამდე კი მიპასუხეთ, _ თქვენ არ გსმენიათ უნივერსიტეტის შიგნით არსებულ პოლიტიკურ რეპრესიებზე? და აქვე; რატომ მოიაზრებენ ამ რეპრესიების თანამონაწილედ თქვენს თანაგუნდელს, გიორგი გაფრინდაშვილს?

_ თუ რამე იცოდნენ, სამი წელია ეს მთავრობა ხელისუფლებაში, ამოეწიათ მტკიცებულებები. ისე, როდესაც ვიკითხე, რამე მაჩვენეთ მტკიცებულების მაგვარი, რაც ამ პიროვნების დანაშაულში თანამონაწილეობას დაადასტურებს-მეთქი, ვერაფერი მომიტანეს. მოვითხოვე დოკუმენტები და იცით, რა მაჩვენეს? ხუთწამიანი კადრი, სადაც ის არც ხელს ურტყამს ვინმეს და არც რაიმე დანაშაულს სჩადის. ამ ჩანაწერში უბრალო კამათია დაფიქსირებული!

 

ქრონიკა+“-მა ასევე შეძლო, სანდრო ცაგარელს დაკავშირებოდა და მისი პოზიციაც მოესმინა:

_ ბოლო პერიოდში თსუში განვითარებული მოვლენების დროს თქვენმა სახელმა და გვარმა ,,ოდეერისინსტიტუტის შესახებ საუბრისას ახლებურად გაიჟღერა, _ საიდან გქონდათ აღნიშნული ინფორმაცია?

_ რაც შეეხება წყაროს, ბუნებრივია, ვერ დაგისახელებთ, როდესაც გამოძიება დაიწყება, მათთან ვითანამშრომლებ. მზად ვარ, ოფიციალურ უწყებებს ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციები მივაწოდო.

_ არც კონკრეტულ ბრალდებებზე ისაუბრებთ? რატომ გინდათ, რომ დაგკითხონ?

_ სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი ხარჯევანიძე, წლების განმავლობაში გახლდათ თვითმმართველობაში მაკონტროლებელი სისტემის ერთ-ერთი შემქნელი. მისი დაარსებულია ეს სტრუქტურა. ის იყო ხელმძღვანელი და საკმაოდ ცნობილი ზონდერი, რომელიც სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობდა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ _ იგი მონაწილეობდა არაერთ დარბევაში და სტუდენტების წინააღმდეგ რეპრესიებში. მეორე ადამიანი ესაა ივა კავსაძე, რომელიც იყო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის ერთ-ერთი უფროსი 2013 წლამდე, მაგრამ მასზე ინტერნეტით არანაირი ინფორმაცია არ მოიძებნება. სანდო წყაროებისგან გავიგე, რომ იგი დააკავეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა _ მეცხრე არხის თეფშების დამტვრევის თემაზე, თუმცა, რატომღაც, მალევე გამოუშვეს. სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად, დააწინაურეს. ყველანაირი მართლმსაჯულების გარეშე იგი აღმოჩნდა ჯერ „საქსტატის“ „ოდეერი“, შემდეგ კი თსუ-ზე მოამაგრეს.

_ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ თქვენ რექტორთან ხართ კოორდინაციაში, რომ ბატონმა პაპავამ საჯაროდ დაგიდასტურათ სასწავლებელშიოდეერებისარსებობა.

_ ბატონ ლადო პაპავას 2012 წლიდან ვუპირისპირდები. ჩემი სიტყვების დამადასტურებელი კადრებიც არსებობს. ისე კი ბახტურიძის სიბეცის საპასუხოდ ვრცელ კომენტარს არ გავაკეთებ. მე სხვებისგან განსხვავებით სწორხაზოვანი ვარ ჩემს პროტესტში, შესაბამისად, დღემდე ვინარჩუნებ კრიტიკულ დამოკიდებულებას რექტორისადმი. მან უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ახლა მოხდება ეს თუ მერე, უკვე დროის და კონკრეტული მოცემულობის საკითხია. ჩვენ ვქმნით სამუშაო ჯგუფებს „აუდიტორია 115“-ის ფარგლებში. დავდებთ ხედვებს აკადემიურ საბჭოსთან მიმართებით და ამის შემდეგ მივალთ განათლების სამინისტროში. დღეს ამ ქვეყანაში მწვავედ დგას უმაღლეს განათლებაში არსებული პრობლემები. რაც მოხდა, ეს იყო გამოხატულება სახელმწიფო კრიზისისა. ვერც სახელმწიფომ, ვერ თსუ-ს ხელმძღვანელობამ ვერ შექმნეს ძირეული რეფორმების დასაწყები პირობები.

 

,,ქრონიკა+“ თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსს _ ირაკლი ხარჯევანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებების ადრესატი იყო, ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა

_ ძალიან დაძაბული ვითარებაა და არ მინდა, ცეცხლზე ნავთის დასხმა გამომივიდეს. ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. ადამიანურად გთხოვთ, გამიგოთ, მე დასამალი არაფერი მაქვს, უბრალოდ, იმდენი ჩირქი მომცხეს, ბოლო პერიოდში იმდენჯერ შეეცადნენ ჩემს განადგურებას, რომ არ მინდა, ამ კრიტიკულ სიტუაციაში დაძაბულობის ეპიცენტრი გავხდე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად ამ რეჟიმში ვიქნები, მალე გავმართავ შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან, სადაც ყველაფერზე ღიად ვისაუბრებ.

_ იქნებ, ერთ კითხვაზე მაინც გვიპასუხოთ, _ სტუდენტების წინააღმდეგ რეპრესიების მოწყობაში რატომ გდებენ ბრალს?

_ მე და ზონდერი?! სასაცილოა! მე ვარ ხელოვნებისა და სპორტის მოყვარული ადამიანი, ჩემი არგუმენტები და ჩემი სიმართლე მაქვს, რომელსაც მალე დავამტკიცებ! ბოდიშს გიხდით, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ინტერვიუს ფარგლებში საუბრისგან.

 

ანი დარსალია _ „გაერთიანებული საზოგადოებისლიდერი

_ არავინაა ჩემი და ჩემი ორგანიზაციის გამო უკმაყოფილო, მცირე ჯგუფის გარდა. 7 მარტს სტუდენტური მოძრაობის წევრები „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჩემს გადაცემაში მივიწვიე, სადაც უნივერსიტეტის კედლებს მიღმა დავიწყეთ იქაურ პრობლემებზე საუბარი. რა თქმა უნდა, თვითმმართველობის წარმომადგენლები გაღიზიანდნენ, მაგრამ მე ვალდებული ვარ ვიყო იქ, სადაც ახალგაზრდული პროცესებია… არანაირი ბლოკირება არ მომიხდენია და ვინც ამ ბრალდებებს მიყენებს, დამიმტკიცოს, ან ბოდიში მომიხადოს. ჩვენ ორგანიზაციულად არ ჩავრეულვართ პროცესებში. მათ პიროვნულ დონეზე სტუდენტური სოლიდარობა გამოვუცხადეთ, ხოლო, ბახტურიძეს, ვატყობ, უკვე არაერთი ცილისწამებისთვის მოუწევს საჯარო ბოდიშის მოხდა. თსუ-ში არეული სიტუაცია იყო და ბევრმა ნამდვილად არ იცოდა, რა ხდებოდა შიგნით. მიუხედავად იმისა, რომ ამ სასწავლებელში სამი წელი გავატარე და კავშირები მაქვს, ჩემი თანაგუნდელების საკმაო ნაწილი დღესაც სტუდენტია, ჩვენ არ მივეცით თავს იმის უფლება, რომ სხვათა ბრძოლაში ზედმეტად ჩაგვეყო ცხვირი. ამ ბრძოლაში ჩვენ „აუდიტორია 115“-ის მხარეზე ვართ. რაც შეეხება თვითმმართველობას, მას ყოველთვის მართავდა ხელისუფლება, რის გამოც ჩვენი კრიტიკის ობიექტები გახდნენ _ „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც ცოცხლობს მათში!

 

გიორგი გაფრინდაშვილი _ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტპროფესორი

_ ვფიქრობ, გარკვეული ადამიანების ინტერესებში შედის, თავის მართლების რეჟიმში ჩავდგე. XXI საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, განა რამე დაიმალება? თუ აქვთ მტკიცებულებები გაასაჯაროვონ, დადონ ერთი ფოტო, რომელიც ჩემს განსაკუთრებულ, ახლო კავშირებს დაადასტურებს წინა ხელისუფლებასთან. სამიზნე გავხდი მას შემდეგ, რაც ბატონმა იოსებ არჩვაძემ თავისი კანდიდატურა მოხსნა და აკადემიურმა საბჭომ, თოთხმეტიდან ცხრა ხმით, ჩემი კანდიდატურა წარუდგინა საბჭოს. სწორედ ამის შემდეგ წამოვიდა ტალახის ნიაღვარი. მე არ მჩვევია პერსონალური შეტევები, თუმცა, როგორ ვატყობ, ვიღაცებს ჩემდამი პიროვნული სიძულვილი გაუჩნდათ, რაც ჩემი პიროვნების დისკრედიტაციაში გადაეზარდათ. ჩემდა სამწუხაროდ, გიორგი გაფრინდაშვილის მისამართით პერსონალური თავდასხმები მათი სამოქმედო გეგმის ნაწილი გახდა. მაშინ როდესაც უნდა ჩატარებულიყო სენატის სხდომა და მზად ვიყავი, ნებისმიერი კითხვისთვის გამეცა პასუხი, ჩვენთან დაპირისპირებულმა ბანაკმა დიალოგის რეჟიმს კამერების წინ ხმაური არჩია. ხოლო პატივცემული რექტორი საერთოდ არ გამოჩენილა და მან უნივერსიტეტში წესდებით გათვალისწინებულ პროცესებს ზურგი აქცია.

მე ვფიქრობ, რომ რექტორი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, რადგან უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოების საქმიანობის განხორციელებას მან ხელი არ შეუწყო, ბატონმა პაპავამ ვერ ვერ უზრუნველყო პროცესების მშვიდ და სამართლებრივ კალაპოტში წარმართვა. არც ერთი თანამდებობა არ ღირს ერთმანეთზე ტალახის სროლის ფასად. მე ჩემი კანდიდატურა მოვხსენი უნივერსიტეტის სასარგებლოდ, რადგან სასწავლებელში დაპირისპირება არ მომხდარიყო. იმედს ვიტოვებ, რომ პასუხისმგებლობას რექტორიც გაიზიარებს.

 

ლევან ლორთქიფანიძე _ სენატის წევრი:

_ ჩვენს სასწავლებელში არიან თავის დროზე პოლიტიკური ნიშნით დაწინაურებული ადამიანები, რომლებიც დღესაც წარმოადგენენ ახალ სისტემას. ეს ადამიანები იყვნენ წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებულნი, შესაბამისად, ვიღებდით ვერტიკალს, რომელშიც ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე პოლიტიკური ინტერესების გამტარებელ იარაღად გვევლინებოდა. დღეს კი საქმე გვაქვს მათი მხრიდან რევანშის მცდელობასთან.

სისტემა არ დანგრეულა, ვერტიკალი არ ჩამოშლილა, მეტიც, _ ამ ვერტიკალმა მოინდომა ახალ საფარქვეშ მოქმედება იგივე სახელებით და გვარებით. მათ უნივერსიტეტში კანცლერის არჩევნებზე თავიანთი კანდიდატი წარმოადგინეს _ გიორგი გაფრინდაშვილი, რასაც ჩვენი მწვავე რეაქცია მოჰყვა. ჩვენი მიზანია, ასეთ ადამიანებს ძალაუფლება არ ჰქონდეთ. ჩვენ ბოღმას და პერსონალურ თავდასხმებს ბრძოლის მეთოდად არ ვირჩევთ, უბრალოდ, აქამდე ამ ადამიანს პრეტენზია არ გამოუხატავს თსუ-ში დაწინაურებაზე და, შესაბამისად, არც ჩვენ ვსაუბრობდით მასზე. ჩვენი რექტორი ზედმეტად ფრთხილი ადამიანია, იმდენად ფრთხილი, რომ, მე ვიტყოდი, მშიშარაც. ის ფაქტის წინაშე დავაყენეთ და იძულებული გახდა, ეღიარებინა მათი არსებობა ჩვენს სივრცეში. სამწუხაროა, თუ ასეთი ფაქტის არსებობა ბატონმა ლადომ საჯაროდ დაადასტურა, მსგავსი პრაქტიკა იქნება სხვა სახელმწიფო სასწავლებლებშიც. ანუ საქმე გვქონია სისტემურ პრობლემასთან და არა ერთეულ შემთხვევასთან, რაც, ბუნებრივია, საგანგაშო ტენდენციაა. აქვე დავამატებ: რექტორი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

დღევანდელი თვითმმართველობის უკან დგანან კარგად ორგანიზებული სისტემები. ერთ დროს მათი პატრონები წინა ხელისუფლებაშიც იყვნენ მოკალათებულნი და მათ დღესაც გააგრძელეს მსაუხრი, ვინაიდან ისინი სტრუქტურის მორჩილები არიან და კარგად ემსახურებიან ბრძანებების გამცემებს!

 

შალვა საბაური _ თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი:

_ ეს იყო სტუდენტური პროტესტი, ასეთი რამ ბევრჯერ გვინახავს და, ალბათ, მომავალშიც ვნახავთ, უბრალოდ, ცუდი რაც შევნიშნე ამ ამბავში, ეს იყო გარე ძალების მხრიდან ზედმეტი ჩარევის მცდელობა. ეჭვი არ მეპარება, რომ „აუდიტორია 115“-ისა და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს გულწრფელად შესტკივათ გული სასწავლებელზე და მათმა პროტესტმა ერთბაშად ამოხეთქა. რაც შეეხება „ოდეერების“ თემას, საკითხს ასე დავსვამ: სამი წლის განმავლობაში იცოდნენ თუ არა მათი არსებობის შესახებ სასწავლებლის ზედა ფენებში და რატომ აღიარეს კონკრეტულმა სტუდენტებმა ეს ფაქტის წინაშე დადგომის შემდეგ? რამდენადაც ვიცი, კანონის გათვალისწინებით უნივერსიტეტში მსგავსი ტიპის ინსტიტუციის არსებობა დაუშვებელია, ამ ტიპის ჯგუფების მფარველობა თავისთავად კანონდარღვევაა. ალბათ ყველაფერს მოკვლევა დაადგენს.

 

რამაზ ქურდაძე _ თსუ აკადემიური საბჭოს წევრი:

_ დღევანდელი მოვლენები, ფაქტობრივად, კანცლერის არჩევნებთან ერთად იღებს სათავეს. სტუდენტების ორივე მხარე სხვადახვა დონეზე ამწვავებდა ვითარებას ამ პერიოდიდან. მე მხარეების მიხედვით არავითარ შემთხვევაში არ დავყოფ ახალგაზრდებს. დაუშვებელია სტუდენტთა დაპირისპირება, ლექტორებთან ჯიბრში დადგომა. თუ რაიმე პრობლემაა ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულთან მიმართებით, აი, ამ პრობლემის გადასაწყვეტად ერთად უნდა ვიზრუნოთ. ადმინისტრაციამ უნდა მისცეს სტუდენტებს მაგალითი. ჩვენი მაგალითით სტუდენტები ერთიანი უნდა გახდნენ.

მალე უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს იზეიმებს და არ გვეკადრება ასეთი დაძაბული სიტუაცია.

 

არჩილ გამზარდია _ საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი:

_ თუ საიდან იღებს სათავეს ეს მოვლენები, კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება, ვინაიდან ამის მოკვლევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, თუმცა გარემოებებზე და ზოგად ტენდენციებზე დაკვირვებით, ეს გზა აუცილებლად მიგვიყვანს პოლიტიკურ მდგენელამდე. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი მხარდაჭერა არ გააჩნია, ყოფილი ხელისუფლება მაინც ინარჩუნებს გავლენას საზოგადოებაზე, როგორც პროპაგანდით, ასევე ინსტიტუციურად. შევჩერდეთ უმაღლესი განათლების კერებზე _ რაც დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, „ნაციონალურ მოძრაობას“, სულ ცოტა, ორ უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებელში ვხედავთ _ ეს არის აგრარული უნივერსიტეტი (აგრუნი) და ილიას უნივერსიტეტი (ილიაუნი), ამ უკანასკნელში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ერთობ გააქტიურდა ყოფილი ხელისუფლება: თქვენ „ილიაუნში“ ნახავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს, ჯანდაცვის მინისტრს, ყოფილ პარლამენტარებს, რომლებიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ახორციელებენ.

ბუნებრივია, რამის მტკიცება შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ, დიდი ალბათობით, ვივარაუდოთ. „აუდიტორია 115“-ის მხარეს ვერანაირ პოლიტიკურ ძალას ვერ ვხედავ, ამ სტუდენტებმა ის რისკები გააცნობიერეს, რაც თსუ-ს ჰქონდა ე. წ. ოდეერების კუთხით და შეეცადნენ, უნივერსიტეტში ჯანსაღი პროცესი გამოეწვიათ. მათგან განსხვავებით, სრულად ჩანს პოლიტიკური ზურგი თვითმმართველობის ქცევებში, აკადემიური საბჭოს ქცევებსა და ა. შ. მათ უკან ყოფილ მმართველ ძალას _ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ სურვილს ვხედავ, ხელში ჩაიგდონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

,,ქრონიკა+“ ასევე დაუკავშირდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს _ ვლადიმერ პაპავას და ბოლო დროს შექმნილ ვითარებაზე მოკლე ინტერვიუც ჩაწერა:

_ ბატონო ვლადიმერ, რა პროცესები მიმდინარეობს დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში?

_ რთულია აქ ერთი კონკრეტული რამის თქმა. სამწუხაროდ, ამ სასწავლებელში წლების განმავლობაში იყო დაპირისპირება თვითმმართველობასა და სხვა ჯგუფებს შორის. ასეთი პრაქტიკა, ალბათ, ნაცეპოქიდან იღებს სათავეს. მართალია, თაობები იცვლებიან, მართალია, ბევრი ახალგაზრდა, ვინც წინა ხელისუფლების დროს ჩვენთან სწავლობდა, სტუდენტი აღარაა, მაგრამ ასეთი მიდგომები, ეს სტიგმა, ინერციით შემორჩა. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დღეს სულ სხვა თაობაა. შეიძლება მაშინ სასწავლებელი ერთგვარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენებოდა და სწორედ ამის გამო, სამწუხაროდ, თვითმმართველობამ ბოლომდე ვერ მოიცილა წარსული სახელი.

_ დაპირისპირებული სტუდენტების ერთერთი მთავარი მოთხოვნა უნივერსიტეტიდანოდეერებისწასვლა იყო. განსაკუთრებით ხშირად ისმოდა ვინმე ივა კავსაძის სახელი და გვარი, რა კომენტარს გააკეთებთ ამ თემაზე?

_ „ოდეერი“ მოქმედი რეზერვის ოფიცრის პირობითი სახელია, ასეთი რამ თავად რუსეთშიც აღარ იქნება. საქმე გვაქვს პიროვნებასთან, რომელიც ასეთი განცდით მოქმედებდა. ბოლო პერიოდში მის შესახებ ყველა ალაპარაკდა _ სტუდენტებიდან დაწყებული, პროფესორ-მასწავლებლებით დამთავრებული და ეს ინფორმაცია, ბუნებრივია, ჩემამდეც მოვიდა. ივა კავსაძე შეიძლება, გარკვეულწილად, ანალიტიკური ფუნქციის შემსრულებელი იყო, ყოველ შემთხვევაში, მე არც ერთი ფაქტი არ მაქვს, რომ რექტორის საქმიანობაში ჩარეულიყოს. ის თანამდებობით კანცლერის თანაშემწე იყო.

_ ვინ იყვნენ ის ნიღბიანი პირები, რომელთა სასწავლებელში ყოფნასაც ასევე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა?

_ მათ შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. მე მქონდა კონტაქტი ბ-ნ უჩა ნანუაშვილთან. რამდენადაც ვიცი, სახალხო დამცველის დავალებით საინტერესო მოკვლევა ჩატარდა. საქმის კურსში არიან შესაბამისი უწყებები, ამიტომ ეჭვებისა და ვერსიების დონეზე საუბარს მოვერიდები.

_ შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ დგას თითოეული ჯგუფის უკან? დარწმუნებული ვარ, გეცოდინებათ

_ მოდით, ასე ვთქვათ: არ მგონია, მართებულია სტუდენტების დაყოფა ,,ნაცებად“, ,,ქოცებად“ და სხვა პარტიების მომხრეებად. მე უნივერსიტეტს ვუყურებ, როგორც ერთ მთლიანს. ჩემთვის საინტერესოა არა ის, თუ რომელი პროფესორ-მასწავლებელი, ან რომელი სტუდენტი რომელ პარტიას უჭერს მხარს, არამედ ის, თუ რას აკეთებს კონკრეტული პიროვნება ქვეყნის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლისთვის. იმის გამო, რომ ვიღაც ვიღაცას უჭერს მხარს, ჩვენთან _ სამსახურში, არანაირი პრობლემები არ შეექმნება.

_ რას გვეტყვით ,,აუდიტორია 115“-ზე

_ რა თქმა უნდა, მათ სენატის საბჭოს ბლოკირება მოახდინეს, რაც არ იყო სწორი საქციელი. მართებულად არ მიმაჩნია, როგორადაც შემდგომ განავითარეს მოვლენები. თუმცა თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება და ამას მივესალმები. მე მათ შევხვდი, მთელი რიგი წინადადებები შევთავაზე, მათ შორის, აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა, მაგრამ ამ ეტაპზე თქვეს, რომ უნდა ჩამოყალიბდნენ. ხოლო რაც შეეხება მათ მთავარ მოთხოვნას, კვლავ რჩება დღის წესრიგში რექტორის, ანუ ჩემი გადაყენების საკითხი.

_ საბოლოო ჯამში, ვინ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში?

_ ამ ბრძოლაში გამარჯვებული მაღალი შეგნებაა, ვინაიდან იყო ალბათობა იმისა, რომ უნივერსიტეტს პრობლემები შეჰქმნოდა. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია არაერთგზის გამწვავდა, საბედნიეროდ, რთული დღეები უკან დარჩა. თუ რაღაც ნაკლი გვაქვს, ამაზე, რასაკვირველია, უნდა ვისაუბროთ, თუმცა არა სასწავლო პროცესის ხარჯზე და არა დესტაბილიზაციის მიღწევით. უნივერსიტეტი ღია, აკადემიური სივრცეა, საზოგადოება კი _ მრავალფეროვანი. აქ განსხვავებული შეხედულებები აქვთ პროფესორ-მასწავლებლებსაც. თავად თვითმმართველობაშიც სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანები არიან და ამ განსხვავებულობამ მწვავე ფორმებით იჩინა თავი. საარჩევნო წელს, ზოგადი პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, სიტუაცია ერთობ დინამიკური გახდა. როგორც ვატყობ, გარკვეულ ძალებს აწყობს უნივერსიტეტის შიგნით არეულობა, იციან რა, რომ აქ არსებულ ქაოსს დიდი რეზონანსი მოჰყვება. სცენარის ასეთი განვითარება ქვეყანას ავნებს, თუმცა მღვრიე წყალში თევზის დაჭერის მსურველები ამაზე არ ფიქრობენ.

 

მას შემდეგ, რაც ,,ქრონიკა+“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების თითქმის ყველა მხარეს დაუკავშირდა და მათი პოზიციებიც დააფიქსირა, დარჩა ეპიცენტრის ,,უჩინარი გმირი“ _ ივა კავსაძე, რომლის ადგილსამყოფელი და საკონტაქტო ტელეფონის ნომრები, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც ვერ მოიძია. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე კავსაძე უკვე დედაქალაქში აღარ იმყოფება. რედაქცია არ ღალატობს მისთვის ჩვეულ წესს და თანაბარ პირობებში აყენებს ყველა მხარეს, შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, ჩვენ გაზეთის ფურცლებს ივა კავსაძესაც დავუთმობთ, თუკი იგი გამოგვეხმაურება.

 

                                                                                                                       ზაზა სვანაძე