ზოია გრაფიშვილი: „სკოლის დირექტორმა ჩემი დისკრედიტაცია განახორციელა!“
ფოთელი პედაგოგი, ზოია გრაფიშვილი, სკოლის დირექტორის მხრიდან, მის მიმართ განხორციელებულ დისკრედიტაციაზე საუბრობს, რასაც, საბოლოოდ, მასწავლებლის სკოლიდან განთავისუფლება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ გრაფიშვილის სკოლაში დაბრუნებას როგორც მოსწავლეები, ისე მშობლები ითხოვენ, დირექტორი გადაწყვეტილებას არ ცვლის.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ზოია გრაფიშვილი:
_ 1976 წლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ. 1981-დან 2016 წლამდე ვასწავლიდი ქალაქ ფოთის მე-11 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას. სერტიფიცირებული პედაგოგი ვარ, ღირსების ორდენოსანი, გოგებაშვილისა და ყიფიანის პრემიების ლაურეატი, მრავალ კონფერენციასა და პროექტებში გამარჯვებული, არა მარტო მე, არამედ ჩემი მოსწავლეებიც. ასევე სამი პოეტური კრებულის ავტორი. მას შემდეგ, რაც სკოლის დირექტორად სოფიო ჭაჭია დაინიშნა, რომელიც ადრე ამავე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი იყო, იგი ჩემ მიმართ არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ავლენდა. სასწავლო ნაწილის მეშვეობით ერეოდა ჩემს სასწავლო პროცესებში, მოსწავლეების მხრიდან დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში არასოდეს მოქმედებდა ობიექტურად, მხარს არ მიჭერდა, მოსწავლეების თანდასწრებით მამცირებდა, რაც წამახალისებელი იყო უდისციპლინო ბავშვებსთვის. იგი არასწორად მაფასებდა, ხშირად მეუბნებოდა, რომ კლასს ვერ ვმართავდი, მაშინ, როცა კლასის მოსწავლეების უმრავლესობა ქცევის წესებს იცავდა, ხოლო როდესაც რამდენიმე მათაგანი დისციპლინას არღვევდა, მანდატურებს მივმართავდი, რომლებიც შესაბამისად რეაგირებდნენ, თუმცა დირექტორი მუდმივად დისციპლინის დამრღვევ მოსწავლეებს იცავდა. იგი საყვედურებს მიწერდა, რასაც ვაპროტესტებდი. იყო შემთხვევა, როდესაც დისციპლინის უხეში დამრღვევი მოსწავლის გამო პოლიციას მივმართე, მათ შესაბამისი რეაგირება ჰქონდათ. ეს ფაქტიც დირექტორმა ჩემ საწინააღმდეგოდ გამოიყენა, _ უდისციპლინო მოსწავლეებს მიპირისპირებდა. არ ახარებდა ჩემი არანაირი წარმატება. ამ საკოლაში ორი დირექტორი გამოვიცვალე და მსგავსი პრობლემა არავისთან შემქმნია. ერთ ფაქტს მოგიყვებით: ჩემს გაკვეთილს, როგორც მინდოდა, ისე ვგეგმავდი. ვიცი, რომ ამას ყველა საგანმანათლებლო წრეში მიესალმებიან. სასწავლო ნაწილი ჩემს გაკვეთილზე ხშირად აღებდა კარს და შემოდიოდა. ვეუბნენოდი, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა, თუმცა კონფლიქტში არ შევდიოდი და ჩემს საქმეს ვაგრძელებდი. ერთხელაც, ჩემი კუთვნილი ტელეფონით მოსწავლე გაკვეთილს იღებდა. მორიგეობით ვახალისებდი მოსწავლეებს და ოპერატორის როლს ვაძლევდი. შემოვარდა სასწავლო ნაწილის გამგე და მოსწავლეს ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა. როდესაც ვუთხარი, რომ ტელეფონი მე მეკუთვნოდა, მითხრა, _ დირექტორთან ჩამოხვალო. ვიკამათეთ. ამის გამო ოქმი დამიწერეს. განათლების განყოფილებაში მივედი და მითხრეს, _ ტელეფონის გამოყენების უფლება არ გაქვსო… სკოლის დირექციის მხარე დაიჭირეს. თუმცა ტელეფონს პირად საქმეებზე სალაპარაკოდ კი არ ვიყენებდი, არამედ, საჭიროებისამებრ. კონკრეტულად ის მოსწავლე, რომელსაც ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა, სხვა გაკვეთილიდან რამდენჯერმე გაიყვანეს და დაკითხვა მოუწყვეს, ხშირად ვიყენებდით თუ არა გაკვეთილზე ტელეფონს.
_ სკოლის დირექტორს ასეთი დამოკიდებულება სხვა მასწავლებლების მიმართ თუ გამოუვლენია?
_ სხვა მასწავლებლების მიმართ მსგავსი რამ არ გამოუვლენია, მხოლოდ ჩემ დისკრედიტაციას ეწეოდა. არც ჩემს ადგილზე მოუყვანია სხვა, ჩვენივე სკოლის მასწავლებლებს გადაუნაწილა ჩემი საათები. სხვათა შორის, არასერტიფიცირებული მასწავლებლები დააკმაყოფილა.
_ საბოლოოდ, რა გახდა სკოლიდან თქვენი განთავისუფლების მიზეზი?
_ სამუშაოდან ჩემი განთავისუფლების მიზეზი გახდა ერთ-ერთი მოსწავლის, ნინი ნოდიას გაკვეთილიდან გაძევება. იმ დღეს ამ გოგონას ვერ ვცნობდი, გაკვეთილზე დადიოდა, ადგილებს იცვლიდა და ხმაურს იწვევდა. რამდენჯერმე მივეცი შენიშვნა, მაგრამ იგივე რომ გააგრძელა, გავიყვანე და დერეფანში საკმზე დავსვი. უყურადღებოდ არ დამიტოვებია, კარი შეღებული მქონდა და თან ვუყურებდი, არსად წასულიყო. როდესაც გაკვეთილის ახსნა დავიწყე, მე თვითონ გავედი, ხელი მოვხვიე და საკლასო ოთახში გულში ჩახუტებული შემოვიყვანე, რომ გაკვეთილის ახსნაზე ყოფილიყო. გოგონამ მაინც გააგრძელა გადაძახილები, მანდატურმა გამოიარა და დერეფანში გავუყვანე. აქ დავუშვი შეცდომა, ამას იხვევენ ხელზე, რომ თვითონ გაჰყავს ბავშვები მანდატურებთანო. რომ მომეცადა, მანდატური თვითონ შემოვიდოდა ოთახში. მანდატურმა დოკუმენტი შეადგინა და დაფიქსირებულია, რომ ბავშვმა წესერიგი დაარღვია. შემდეგ ჩემ მიმართ ოქმები შეადგინეს და იმ დროს გადმომცეს, როდესაც ბავშვებს არდადეგები ჰქონდათ. 9 ბავშვი იყო გამოკითხული, სათითაოდ დავიარე და ვეკითხებოდი, რა დაწერეს, რადგან ოქმში ეწერა ის, რაც არ ყოფილა. ბავშვისთვის ხელი არ დამირტყამს და ეწერა, თითქოს კეფაში ხელი დავარტყი, მერე კი გარეთ გავიყვანე. ბავშვები ტირილს იწყებდნენ, ასე არ გვითქვამსო. მშობელი, რომელიც მათ გამოკითხვას ესწრებოდა, ისიც იგივეს ამბობს. დირექტორს ვუთხარი, აქ სიცრუე წერია და ძალიან გთხოვთ, საბოლოო გადაწყვეტილებას კარგად დაუკვირდით, თორემ ხომ იცით, გასაჩივრების უფლება მაქვს-მეთქი. _ თქვენ ახლა იმუქრებითო, _ მიპასუხა. ბავშვები ჩემთან ერთად არ გამოკითხულან, დირექტორი მეუბნება, დისციპლინური კომიტეტის 5 წევრი ისმენდა და როგორ ამბობთ, რომ ბავშვებს ეს არ უთქვამთო? ვითხოვდი, რომ ჩემი თანდასწრებით გამოეკითხათ ბავშვები, არ გააკეთა და სამი დღის შემდეგ მეუბნება, _ თუ დღეს მოიყვან ნინი ნოდიას მშობელს და ის იტყვის, რომ მასწავლებელი არ არის დამნაშავე და არ იხოვს თქვენს განთავისუფლებას, გადაწყვეტილებას შევცვლიო. ნინის მამას დავურეკე, მდგომარეობა ავუხსენი, კაცი სამსახურიდან გამოიქცა და დირექტორს უთხრა, ამას არ ვადასტურებო. დირექტორი ეუბნება, _ რას ამბობ, ხუთი კაცი ისმენდა, გიწერია: მართალია, ფაქტი მოხდა, მაგრამ მასწავლებელს არ ვუჩივიო. ეს ადამიანი ფაქტში გულისხმობდა იმას, რომ მისი შვილი გაკვეთილიდან გააძევეს. როდესაც მშობელი წავიდა, დირექტორს გზიდან მოუბრუნებია და უთქვამს, _ განცხადებაში დამიწერე, რომ ზოია მასწავლებელს არ უჩივიო. ის განცხადება სასამართლოზე ამიფრიალეს. ადვოკატად ჰყავდათ რესურსცენტრის იურისტი, რომელიც ცალსახად იცავდა ამათ, რომ მე გავემტყუნებინე. ასე თქვა, თითქოს მე დავდიოდი ბავშვებთან და ვეხვეწებოდი, აქ რაც წერია, ის არ თქვათ-მეთქი. მე ეს არ მაინტერესებდა, მე ვკითხულობდი იმას, რაც იქ ეწერა, ბავშვებმა მართლა თქვეს თუ არა.
_ რა ეწერა განცხადებაში, რატომ აფრიალებდნენ?
_ განცხადებაში რომან ნოდიას ეწერა, რომ ფაქტი მოხდა, მაგრამ მასწავლებლის განთავისუფლებას არ მოვითხოვო. ამ ადამიანმა სასამართლოზე განმარტა, რომ ამ ფაქტში გულისხმობდა, მხოლოდ და მხოლოდ, ბავშვის გაკვეთილიდან გაძევებას. ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა, თორემ მე როგორი მამა ვიქნები, მასწავლებელმა ჩემს შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს და ამის შემდეგ ისევ ის დავიცვაო? ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსამართლე თეა ბერაიამ გამამტყუნა. სამწუხაროდ, შემდგომ ინსტანციებში საქმე აღარ განხილულა, რადგან ორ რიცხვში გადმოსაცემი გადაწყვეტილება ხუთში გადმომცეს. 14 დღე მქონდა გასაჩივრების ვადა, ათვლა 5 რიცხვიდან დავიწყე და ზუსტად მე-14 დღეს შევიტანე. თანხის უქონლობის გამო, საჩივარი მანამდე ვერ შემქონდა. სააპელაციო სასამართლომ ორი რიცხვიდან დაიწყო ათვლა და დამაგვიანდა. შემდეგ განჩინება უზენაეს სასამართლოში გადავაგზავნეთ. მოსამართლე ძლიერიშვილმა დამირეკა და მითხრა, _ სამწუხაროა, რომ თქვენ სკოლის არასწორი რეაგირების გამო გაგათავისუფლეს, მაგრამ ჩვენ კანონი უფლებას არ გვაძლევს, რომ საქმე განვიხილოთ, რადგან თქვენ დაიგვიანეთო. სკოლის დირექტორმა, რომელსაც მშობლებმა თხოვნით მიმართეს და უამრავი ხელმოწერა წარუდგინეს, უარი განაცხადა ჩემს დაბრუნებაზე.
_ პროკურატურას რატომ მიმართეთ?
_ ძველი ოქმები ამოატივტივეს, სადაც დირექტორი დისციპლინის დამრღვევ ბავშვებს მიპირისპირებდა. პროკურატურას მივმართე, მოკვლევა ჩატარდა და დირექტორი გამოიკითხა. პროკურორი გაოცებულია, _ ისე კარგად გახასიათებთ დირექტორი: მე არ მინდოდა მისი მოხსნა, დისციპლინის საბჭომ მოხსნაო. ბავშვმა და მშობელმა პროკურატურაში კვლავ დაადასტურეს ჩემი უდანაშაულობა. ასეთ გაუგებრობაში ვარ ჩავარდნილი, ბავშვი დაზარალებული არ არის, მშობელი არ მიჩივის, 242 მშობელი ჩემს დაბრუნებაზე განცხადებას აწერს ხელს და დირექტორი რატომ ამბობს უარს?! ისევ და ისევ ხომ მივდივართ იქამდე, რომ ეს ყველაფერი მის გამო მოხდა?!
_ ამ საკითხთან დაკავშირებით, რა პოზიცია აქვს განათლების სამინისტროს?
_ განათლების სამინისტრო ერთსა და იმავეს იმეორებს, _ სასამართლოს მიმართეთო.
_ ახლა რა არის თქვენი მოთხოვნა?
_ ჯერ კიდევ შრომისუნარიანი ვარ, ჩემი საქმის პროფესიონალი, ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული, კაციშვილი არ მყავს მომდურავი. ჩემს ქუჩაზეა სკოლა და ყოველ დილით, როდესაც სკოლისკენ მიმავალ ბავშვებს ვხედავ, ცრემლები მომდის. ჩემი მოთხოვნაა, დამაბრუნონ სკოლაში!
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ქალაქ ფოთის მე-11 საჯარო სკოლის დირექტორს _ სოფიო ჭაჭიას დაუკავშირდა:
_ ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა ფოთის საქალაქო სასამართლომ, სააპელაციომ, უზენაესმა, ასევე პროკურატურაში ძიება მიმდინარეობს. მე წერილობითი მიმოწერა მქონდა ბატონ დავით ფერაძესთან და კიდევ დამატებით ახსნა-განმარტების მიცემას არ ვაპირებ იმიტომ, რომ ასახსნელი არაფერი მაქვს. ეს ყველაფერი დეტალურად არის მოცემული სასამართლოს მასალებში და შეგიძლიათ გაეცნოთ. მასწავლებლისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიმიღია, დისციპლინურმა კომიტეტმა იმსჯელა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე არგუმენტირებულად, სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება და უფლება არ მქონდა. ქალბატონ ზოიას იმის საშუალება მივეცი, რომ თავი ემართლებინა და მან არგუმენტი ვერ წარმომიდგინა. რაც შეეხება მშობლისა და ბავშვის ჩვენებას, სულ სხვა ჩვენება მიდევს, წერილობითი განცხადება. ასე რომ, მე არ მქონდა საფუძველი, სხვა რამე გამეთვალისწინებინა. ქალბატონი ზოია რასაც ამბობს, რბილად რომ ვთქვათ, ტყუილია.
თამარ ბატიაშვლი