ვლადიმერ პაპავა: „ვინც ფიქრობს, რომ ახალგაზრდობა არის ჩლუნგი, საკითხავია, ასეთებს რატომ უნდა ასწავლიდეს?“

tabor

საბიუჯეტო დაფინანსება

2013 წლის სექტემბრიდან უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ, სახელმწიფოსგან პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება არაერთხელ ითხოვა. სავალალო მდგომარეობაში არსებული სასწავლო კორპუსები და არასაკმარისი თანხა მათი რეაბილიტაციისთვის რექტორს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიაჩნდა. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ერთ-ერთი პუნქტი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებას ეთმობა. როგორც უნივერსიტეტის რექტორი „ქრონიკა+“-თან აცხადებს, ბიუჯეტში ასევე გაჩნდა საუნივერსიტეტო განვითარების ფონდი, სადაც საუბარია, დაახლოებით, 20 მილიონი ლარის გამოყოფაზე. რექტორის თქმით, თანხის რაოდენობა არ არის დიდი, მაგრამ მისი არსებობა უკვე პოზიტივია.

„უნივერსიტეტს პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება სჭრიდება. მე ამას ვამბობდი მაშინაც კი, სანამ რექტორი გავხდებოდი. ამის თქმის საფუძველს ევროპული ქვეყნების გამოცდილება მაძლევს. სხვა დასავლურ ევროპულ უნივერსიტეტებში პრაქტიკა ასეთია _ საბიუჯეტო დაფინანსება 40%-50%-ს შეადგენს. ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის უნივერსიტეტებს აქვთ 25%-30%-იანი დაფინანსება. ეს ქვეყნები შედარებით ღარიბია. უნივერსიტეტის მდგრადი განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა უშუალოდ უნივერსიტეტის დაფინანსება. ამის პრაქტიკა, ჯერჯერობით, საქართველოში არ დამკვიდრებულა, თუმცა აღნიშნული ფონდის არსებობა უკვე პირველი ნაბიჯია საუნივერსიტეტო დაფინანსებისა“, _ აცხადებს რექტორი.

 

სასწავლო კორპუსების რეაბილიტაცია

სასწავლო კორპუსების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით უნივერსიტეტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რამდენიმე პროექტი წარადგინა. ეს შეეხება მესამე კორპუსს, სადაც ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტია. რექტორის თქმით, მისი რეაბილიტაცია მილიონ ლართან არის დაკავშირებული. განათლების სამინისტროში ასევე წარდგენილია პროექტი მედიცინის ფაკულტეტის შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. როგორც ლადო პაპავა აცხადებს, ის დღეს სავალალო მდგომარეობაშია და მისი გარემონტება უნივერსტეტისთვის პრიორიტეტულია, რათა მოვიზიდოთ უცხოელი სტუდენტები.

აღნიშნული პროექტების შეფასება და თანხის გამოყოფა საეჭვოა.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რა ვითარებაცაა ქვეყანაში. ეს უშუალოდ აისახება ბიუჯეტზე. მთავრობას  ეზრდება ვალდებულებები სხვადასხვა პრობლემის გადასაწყვეტად. ქვეყანას ძალიან დიდი ზარალი აქვს მიყენებული, ამიტომ ბიუჯეტში გარკვეული კორექტივები შევა და მე ნამდვილად არ ვიცი, ეს საუნივერსიტეტო განვითარების ფონდი დარჩება თუ არა. როცა ვხედავთ, რამხელა ტრაგედიაა ქვეყანაში, სავარაუდოა, რომ პრიორიტეტები შეიცვლება და არ არის გამორიცხული აღნიშნული ფონდის ამოქმედების გადავადება“, _ აცხადებს პაპავა.

გარდა ურემონტობისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები საუბრობენ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა წყლისა და საკვები აპარატის არარსებობა. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი, ნინო ბიძინაშვილი ამბობს, რომ  ზოგიერთ კორპუსში საერთოდ არ არის საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება: „მაგალითისთვის, მეექვსე და მესამე კორპუსებში არ დგას არავითარი წყლისა თუ საკვების ავტომატი. ცხადია, შემომედავებიან და მეტყვიან, რომ მესამეში დგას ე. წ. ქულერი, მაგრამ იშვიათობაა, ამ ქულერში წყალი ან ჭიქა იყოს. წყლის აპარატის არარსებობა არა მხოლოდ მესამე და მეექვსე კორპუსების პრობლემაა, მაგრამ მე ამ ორს ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ მათთან ახლოს არ არის მარკეტი და გადაბმული ლექციების დროს გარეთ გასვლას ვერ ვასწრებთ“.

 

კვების ობიექტი

ამ პრობლემას ემატება ისიც, რომ უნივერსიტეტში ბოლო რამდენიმე თვეა, დაიხურა კვების ობიექტი. ნინო ბიძინაშვილი ამბობს, რომ ბუფეტის არარსებობა ხელს არ უშლის, მაგრამ მისი თქმით, არის რაღაცები, რაც უნივერსიტეტს, უბრალოდ, უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, როცა მას პირველობის პრეტენზია გაქვს.

რექტორი კვების ობიექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოქმედი წესის მიხედვით, უნდა გამოცხადდეს ტენდერი და გამარჯვებულს გადაეცეს კვების ობიექტი, მაგრამ ეს რთული საკითხია. ტენდერის პირობით გამარჯვებულია ის, ვინც მეტ საიჯარო ქირას იხდის. ის, ვინც მეტს გადაიხდის, ბუნებრივია, მეტ საფასურს ჩადებს კერძში, ანუ კერძს აძვირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიები კოტრდებიან და ამიტომაა, რომ უნივერსიტეტის პირველი და მაღლივი კორპუსები სასადილოს გარეშე არიან.

„ჩვენ მივმართეთ განათლების სამინისტროს, რათა მოეცა ჩვენთვის უფლება, დაგვეარსებინა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც განახორციელებდა სასადილო მომსახურებას. სამწუხაროდ, ეს უფლება არ მოგვცეს და გვითხრეს, რომ ვიმოქმედოთ ზოგადად საუნივერსიტეტო წესით. ეს კი გულისხმობს შეიქმნას სპეციალური უჯრედი, რომელიც იქნება შიდა დეპარტამენტის ან განყოფილების დონეზე და იმუშავებს შესყიდვებით და ხაზინით“, _ აცხადებს პაპავა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ეს პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზაა და ამიტომ აპირებენ, გააგრძელონ მუშაობა და სექტემბრისთვის მაღლივ კორპუსში გახსნან კვების ობიექტი.

„რაც შეეხება ავტომატებს, ამაზე მოგვმართა რამდენიმე ფირმამ, გამოვაცხადებთ ტენდერს და აუცილებლად დავდგამთ კორპუსებში“.

 

სასწავლო ინვენტარისა და აპარატურის შეზღუდული რაოდენობა

ჟურნალისტიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი, თამუნა გეგიძე, „ქრონიკა+“-თან საუბრისას აპარატურის შეზღუდულ რაოდენობას ხელშემშლელ პირობად ასახელებს. მისი აზრით, კამერებისა თუ აპარატების სიმცირე პრაქტიკული კურსის გავლის პერიოდში  პრობლემებს ქმნის. სტუდენტებს აპარატურის გამოყენებისთვის რიგში დგომა უწევთ.

თამუნა გეგიძე: „საკმაოდ რთული აღმოჩნდა თოქშოუს ჩაწერა მხოლოდ სამი კამერით. მიუხედავად იმისა, რომ შედეგი კარგი გამოვიდა, მუშაობის პროცესი მაინც რთული იყო. გარდა ამისა, ფოტოჟურანლისტიკის კურსის გავლისას სტუდენტებს რიგში უწევთ დგომა, სანამ არსებულ ხუთიოდე აპარატს სხვა გამოიყენებს. თან ეს აპარატები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია და დაზიანებულია“.

ამ პრობლემას უნივერსიტეტის რექტორი ერთ-ერთ რთულ საკითხად  მიიჩნევს და იდეალურ სიტუაციას სტუდენტებს ამ ეტაპზე ვერ ჰპირდება. გამომდინარე იქიდან, რომ აპარატურა არ მზადდება საქართველოში, მისი გამოწერა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რადგან ბიუჯეტი ლარშია, ხოლო მათ საყიდლად დოლარია საჭირო.

„დღევანდელი ვალუტის კურსი ხელს არ გვაძლევს. ეს უფრო ძვირი ჯდება ჩვენთვის, ვიდრე აქამდე. რას ვიზამთ? ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია ფიზიკის, ქიმიის ლაბორატორიები. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ, რათა სტუდენტებს არ ჰქონდეთ პრობლემა“, _ აცხადებს პაპავა.

რექტორი შესყიდვებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს. მისი თქმით, სავალალო მდგომარეობაშია მიკროავტობუსები, რომლებიც უნივერსიტეტს საველე საქმიანობის განსახორციელებლად სჭირდება. უნივერსიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული 100 000 ლარით იგეგმებოდა 2 მიკროავტობუსის შესყიდვა. მაგრამ ვალუტის კურსის საგრძნობმა ცვლილებამ მხოლოდ ერთი მანქანის ყიდვა გახადა შესაძლებელი. რექტორის თქმით, ეს საკმაოდ რთული საკითხია, მაგრამ მთავარია, რომ არ არსებობს საკითხი, რომელზედაც უნივერსიტეტში არ მუშაობენ.

 

სტუდენტები და ბაზები

თამუნა გეგიძე: „თსუ-ის ნებისმიერი სტუდენტის მთავარი პრობლემა ბაზებია, რომელიც ყოველი სემესტრის დასაწყისში ნერვული სისტემის პირველი მტერია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ადმინისტრაცია ცვლილებების სახით ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას, დღემდე შედეგი არ აქვს. წინასწარი რეგისტრაციის მიუხედავად, მაინც ვერ ხერხდება ლექცია-სემინარებზე საკმარისი რაოდენობის ადგილების გამოყოფა. ხშირად პრობლემა სავალდებულო საგნების აღებისასაც იქმნება, რომელსაც სტუდენტები ონლაინით ვერ აგვარებენ და ადმინისტრაციის თანამშრომლის კაბინეტთან გრძელ რიგში დგანან“.

ნინო ბიძინაშვილი: „ყველაზე მეტად რაც მანაღვლებს ამჟამად, უნივერსიტეტის პრობლემათაგან ეს ბაზის გაუმართაობაა. სულ ორჯერ მქონდა საგნების არჩევის საშუალება და ორივეჯერ გარკვეულ პრობლემებს წავაწყდი. პირველად ბაზა დაგვიანებით გაიხსნა, რამაც საკმაოდ ამანერვიულა, შედეგად, ვერ ავირჩიე რამდენიმე სასურველი ლექტორი, მეორე არჩევანისას ბაზამ საერთოდ არ გამიხსნა რიგი საგნები. არაერთგზის `გადატვირთვა~ მომიხდა საიტისა. ზოგჯერ საგანი ჩნდებოდა, ზოგჯერ ქრებოდა“.

თორნიკე შევარდნაძე: „საგნების არჩევა პრობლემა იყო, არის და, ალბათ, კიდევ იქნება, თუმცა ვფიქრობ, გაუმჯობესების ტენდენცია შეინიშნება. მე პირადად არ გამჭირვებია არც ერთი სასურველი საგნის აღება“.

ლადო პაპავა, რექტორი: „ბაზების გაუმართაობაზეც გეტყვით: ბაზების „ჩამოკიდების“ პრობლემა დღეს, პრაქტიკულად, აღარ გვაქვს. ჩვენ შევიძინეთ სრულიად ახალი პროგრამა და მიმდინარეობს ტესტირება. ყოველი ფაკულტეტის სპეციალისტს ყოველკვირეულად ტრენინგი უტარდება. ვიმედოვნებ, სექტემბრიდან ახალი ტექნიკური უზრუნველყოფა ამოქმედდება. თუ პრობლემა შეიქმნა, არ გავრისკავთ და მის ამოქმედებას ერთი სემესტრით გადავდებთ.“

 

სტიპენდია და შერჩევის კრიტერიუმები

სახელმწიფო სტიპენდიის შერჩევის კრიტერიუმები სტუდენტებისთვის კიდევ ერთ რთულ თემას წარმოადგენს. თუკი ამ დროისთვის გარკვეული მნიშვნელობა სერტიფიკატებსა და სიუჟეტებს ენიჭება, მომავალი წლიდან სტიპენდიას, აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობა განსაზღვრავს. ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან, რადგან მიიჩნევენ, რომ სიუჟეტის მომზადება სტიპენდიის განმსაზღვრელი უნდა იყოს. ამაზე ლადო პაპავა კატეგორიულად ამბობს უარს. ის აცხადებს, რომ თსუ სამეცნიერო სასწავლო უნივერსიტეტია, სადაც ფასდება სტუდენტის პროფესიული სასწავლო მომზადება, თუ როგორია მისი აკადემიური მოსწრება და სამეცნიერო საქმიანობა. რაც შეეხება სიუჟეტს, ეს სასწავლო კომპონენტია.

„ჟურნალისტიკა მეცნიერების დარგია. ამ სფეროში იცავენ დისერტაციებს. მაშინ თქვან ჟურნალისტებმა, რომ ეს არ არის სამეცნიერო დისციპლინა და პროფესიული პროგრამაა, კი ბატონო. 2013 წელს გამოიცა გაზეთი „თსუ სტუდენტური მეცნიერება“. აქ გამოქვეყნებულია სტუდენტების ნამუშევრები. ეს მხოლოდ ერთი ნომერია. კიდევ გააკეთეთ, უნივერსიტეტი დაგიფინანსებთ. 2013 წლის შემდეგ არავის გამოუჩენია სურვილი. გააკეთეთ, მოამზადეთ ნაშრომები, დაგეხმარებით, ხელს შეგიწყობთ“, _ განაცხადა რექტორმა

 

ჰიდრო-მეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია

გასულ კვირას მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურდა მდინარე ვერის ხეობაში არსებული თსუ-ის ჰიდრო-მეტეოროლოგიური ლაბორატორია. თბილისში მსგავსი კატასტროფა, მდინარე ვერის ადიდების გამო, 1960 წელს მოხდა. მაშინაც განადგურდა ზოოპარკი. და სწორედ იმ დროს თსუ-ის აკადემიკოსის, გივი სვანიძის ინიციატივით მდინარე ვერის სანაპიროზე შეიქმნა ჰიდრო-მეტეოროლოგიური ლაბორატორია. აქ აკვირდებოდნენ მდინარეს და ასევე სასწავლო პრაქტიკას გადიოდნენ სტუდენტები.

„2013 წელს აკადემიკოსის გივი სვანიძის სახელობის ჰიდრო-მეტეოროლოგიური ლაბორატორიის პრივატიზაციაში გადაცემას გვთხოვდა მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ის ამბობდა, რომ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის ეს ტერიტორია უნივერსიტეტს უნდა დაეთმო. ჩვენ, რა თქმა უნდა, უარი ვთქვით: ჯერ ერთი, ეს იყო მხოლოდ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასწავლო ლაბორატორია და მეორეც, რა უნდოდა იმ ადგილას კორპუსს?!! წარმოიდგინეთ, ახლა იქ რომ სახლი მდგარიყო, რა უბედურება დატრიალდებოდა?!

სამწუხაროდ, ლაბორატორია იქ აღარ არსებობს. მე ქალბატონ თამარ სანიკიძესთან ერთად მოვინახულე კორპუსები და მინისტრმა მითხრა, რომ ეს ლაბორატორია აუცილებლად უნდა აღდგეს. კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე აღდგება თუ სხვაგან, ეს ჯერ კიდევ შესასწავლია. ჩვენ რამდენიმე უცხოელმა მეგობარმა უნივერსიტეტმაც მოგვმართა დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ჩვეი ასაშენებელი იქნება, მაგრამ შესაძლოა პარტნიორი უნივერსიტეტები ტექნიკით დაგვეხმარონ“.

 

ქეთევან პავლიაშვილი და სტუდენტები

პრობლემა, რომელმაც ბოლო დღეებში იჩინა თავი, სტუდენტებისა და თსუ-ის ერთ-ერთი პროფესორის, ქეთევან პავლიაშვილის არასახარბიელო ურთიერთდამოკიდებულებაა. პროფესორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ყოველ მომდევნო თაობას ერთმანეთზე ჩლუნგად მოიხსენიებს. ამ ამბავმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თსუ-ის სტუდენტებში და არა მხოლოდ. საკითხზე რექტორსაც ვთხოვეთ კომენტარი…

ლადო პაპავა: „ყველას ვერ მოვთხოვთ, რომ ერთნაირად აზროვნებდეს. ხოლო ის, ვინც ფიქრობს, რომ ახალგაზრდობა არის ჩლუნგი, მაშინ საკითხავია, ასეთებს რატომ უნდა ასწავლიდეს? მოდი, მოვძებნოთ ის ადამიანები, რომელთაც პირობითად „ჩლუნგებთან“ მუშაობა შეუძლიათ, ან არ ფიქრობენ, რომ ახალი თაობა არის ჩლუნგი. მე არ მიმაჩნია, რომ ახალგაზრდები ჩლუნგები არიან. ზოგი კარგად მომზადებულია, ზოგი _ ნაკლებად, ზოგი ზარმაცია, ზოგი _ ბეჯითი. მთავარია, რომ ამ ტრაგედიამ გვაჩვენა, ეს ახალგაზრდები ჩვენ გვყავს ფსიქიკურად ჯანსაღი და დიდი მადლობა მათ. ამ ახალგაზრდებმა აჩვენეს ძალიან უბრალო რამ _ მათ უყვართ სამშობლო, მათ არ სჭირდებათ დაძახება, რათა მივიდნენ და დადგნენ იქ, სადაც სჭირდება ქვეყანას. ეს არ იყო სპექტაკლი. ეს იყო ჯანსაღი დამოკიდებულება _ ქვეყნის სიყვარული. ამიტომ ახალგაზრდობას მე, როგორც უნივერსიტეტის რექტორი, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი სტუდენტია თუ სხვა უნივერსიტეტის _ ყველას დიდ მადლობას ვეუბნები იმისთვის, რომ მოქალაქეობრივი გრძნობა ამოძრავებდათ. ქართულმა საზოგადოებამ ტესტი ჩააბარა _ კარგი ახალგაზრდობა გვეზრდება“.

 

                                                                                                 რუსუდან დუმბაძე