„ეს ტერორი კი არა, ზეტერორია!“

28 ოქტომბრის არჩევნების წინ „კვირის აქცენტებში“ ფარული ჩანაწერი გავიდა. ჩანაწერის თანახმად მოქმედება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ხდება. კერძოდ სოფლის რწმუნებული და სკოლის დირექტორი საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და „ოცნების“ კოორდინატორ-აგიტატორებს ავალებენ, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო კაბინიდან ყველამ ბიულეტენი გაშლილი უნდა გამოიტანოს, რათა „უფროსობამ“ დაინახოს, რომ სალომე ზურაბიშვილია შემოხაზული. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ თათბირს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელიც ესწრებოდა.

არჩევნების მეორე ტურის წინ ამ სკანდალურ ფარულ ჩანაწერს არანაკლებ სკანდალური გაგრძელება მოყვა _ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩანაწერის გაკეთება სოფელ ვეჯინის ბაგა-ბაღის მენეჯერ თამარ სიბაშვილს დააბრალა და სწორედ ამ მოტივით, 7 ნოემბერს, იგი სამსახურიდან გაათავისუფლა. განთავისუფლებული საჯარო მოხელის ადვოკატი გიორგი სიბაშვილი „ქრონიკა+“-თან საუბრისას მომხდარს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციასა და დევნას უწოდებს.
„საარჩევნო მენეჯმეტში ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ მსგავსი ისტერიკა და ტერორი არ მახსენდება!“ _ აცხადებს ადვოკატი სიბაშვილი, რომელიც განმარტავს, რომ აღნიშნული საქმის შესახებ კონკრეტული მტკიცებულებები აქვს, რომლითაც პოლიტიკური დევნა დასტურდება და რომელ მტკიცებულებებსაც სასამართლოზე გაასაჯაროებს.

გიორგი სიბაშვილი, ადვოკატი:
_ 11 წელია, თამარ სიბაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღის მენეჯერად მუშაობს. სხვათა შორის, მეც ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე… საერთოდ, თამარი ძალიან აქტიური ადამიანია ანუ თავისი საქმე იცის, სკოლის დირექტორის გამოცდებიც აქვს ჩაბარებული, ამიტომ ყოველთვის, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მერეც, ვეჯინის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე იყო ხოლმე.
_ ანუ თამარ სიბაშვილი თავის დროზე „ქოცი“ იყო?
_ არა, რომელიმე პარტიის აქტივისტი არასოდეს ყოფილა, თუმცა მას შემდეგ, რაც საარჩევნოდ ე. წ. აქტივისტებთან შეკრებები დაიწყო, მათ შორის, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროსაც, თამარ სიბაშვილთან ურთიერთობა, რატომღაც, გაწყვიტეს.
_ „ურთიერთობის გაწყვეტაში“ რას გულისხმობთ?
_ თამარს აღარ ეუბნებოდნენ, შენი აქტივი შეკრიბე და წამოიყვანეო. აქედან უკვე ჩანდა, რომ თამარს ე. წ. სანდო ადამიანად აღარ თვლიდნენ.
ახლა ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანს გეტყვით: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გურჯაანში გიორგი ღვინიაშვილის საარჩევნო კამპანიაში ვიყავი ჩართული. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, ჩემი საადვოკატო საქმიანობიდან გამომდინარე, საარჩევნო კამპანიაში აღარ ვმონაწილეობდი.
_ წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც აქტივისტი, მონაწილეობდით?
_ არა. მეტსაც გეტყვით, 5 აგვისტოს შემდეგ კახეთში არც ვყოფილვარ, თუმცა გარკვეულ ინფორმაციას ვფლობდი და ახლაც ვფლობ…
2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნებში, სოფელ ვეჯინში, მაჟორიტარად კენჭს იყრიდა სოფლის ექიმი, ელმირა ბეციაშვილი, რომელიც თამარ სიბაშვილის მეგობარია. ეს ქალბატონი მეორე ადგილზე გავიდა და თამარის მიმართაც „ოცნებას“ უნდობლობა, როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო გაუჩნდა, მით უმეტეს, რომ ეს სოფლის ექიმი დღეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორია. ერთი სიტყვით, ეს მეგობრობა და, პლუს, სიბაშვილობა თამარ სიბაშვილის მიმართ სერიოზული უნდობლობის საბაბი გახდა…
_ გიორგი, იმ სკანდალური ფარული ჩანაწერის შესახებ, რომლის თანახმადაც, გურჯაანის გამგებელი და სხვა თანამდებობის პირები საჯარო მოხელეებს აიძულებენ, რომ არჩევნებზე 48 შემოხაზონ და კაბინიდან ბიულეტენი ისე გამოიტანონ, ყველამ დაინახოს, როდის შეიტყვეთ?
_ ამ ჩანაწერის შესახებ არჩევნების წინ, გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გასული სიუჟეტით შევიტყვე ანუ გავიგე, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სოფლის რწმუნებულმა და სკოლის დირექტორმა სოფლის ადმინისტრაციული რესურსი, ე. ი., „ქოცური სასტავი“ შეკრიბეს და თათბირი ჩაატარეს.
_ ამ თათბირს თამარ სიბაშვილიც ესწრებოდა?
_ დიახ, თამარიც ესწრებოდა და ასევე ესწრებოდა სკოლისა და საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელი. ამავე თათბირზე ისინიც იმყოფებოდნენ, ვინც სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში არიან დასაქმებულნი ან საბიუჯეტო ორგანიზაციებთან რამე შეხება აქვთ. სხვათა შორის, როგორც შემდეგ გავარკვიე, ეს შეხვედრა სოფლის დეპუტატის საკუთრებაში არსებულ შენობაში შედგა.
_ ამ შეხვედრა-თათბირის მიზანი რა იყო?
_ შეხვედრა წინასაარჩევნო იყო, რაც შეეხება მოტივს, ეს „კვირის აქცენტების“ სიუჟეტში გამოჩნდა _ სოფლის რწმუნებული და სკოლის დირექტორიც აქტივს, რომელსაც არ ენდობიან, ავალებენ, _ ხომ იცით, 28 ოქტომბერს რა უნდა გააკეთოთ, კაბინიდან რომ გამოხვალთ, ყველამ ბიულეტენი უნდა დაგვანახვოთ, რომ ნამდვილად ზურაბიშვილი შემოხაზეთო. ისე, მართალია, ჩანაწერში არ ისმის, მაგრამ როგორც გავარკვიე, ამ შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელიც ესწრებოდა.
_ „საიდუმლო სერობას“ მხოლოდ „ოცნების“ აქტივი ესწრებოდა?
_ არა, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები.
_ ვერ გათვალეს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების ყველა თანამშრომელი „ქოცი“ არ იყო და შეიძლება, ამ შეხვედრიდან ინფორმაციას გაეჟონა?
_ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ამის გათვლა რომ შეეძლოთ, ქვეყანა ამ დღეში არ იქნებოდა!
სხვათა შორის, „კვირის აქცენტებში“ მხოლოდ ეს კი არა, ახმეტის გამგებლის ჩანაწერიც გამოქვეყნდა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოყვა. თავის დროზე გურჯაანის რაიონის გამგებელი ვიყავი და „ფეისბუქზე“ დავწერე კიდეც, _ მრცხვენია, რომ ოდესღაც ამ ადამიანებთან შეხება მქონდა-მეთქი.
ყველაფერი ეს ჩემთვის გულდასაწყვეტი ორი რამის გამო იყო: ჯერ ერთი, სოფლის რწმუნებული ხარ თუ სკოლის დირექტორი, თანასოფლელებს, რომლებსაც მხარდამჭერებად მიიჩნევ, ასე და ამ ფორმით არ უნდა ელაპარაკო. შეიძლება, სთხოვო, მაგრამ როცა ადამიანებს ამ ტონით ელაპარალები, ეს იმას ნიშნავს, რომ თანამდებობაზე არ უნდა იყო და მეორეც, თუ პრეტენზია გაქვს, რომ სოფლის რწმუნებული ხარ და 50 თუ 100-კაციან შეხვედრას ატარებ, მინიმუმ, ის მაინც უნდა გათვალო, რომ შენივე აგიტატორი და კოორდინატორი შენთან მხოლოდ ხელფასის გამოა, ადმინისტრაციული რესურსი კი იძულებულია, მსგავს შეხვედრას დაესწროს…
ერთი სიტყვით, სოფელ ვეჯინის ორივე საარჩევნო უბანზე არჩევნები გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მოიგო. სხვათა შორის, ვეჯინი მხოლოდ ჩემი კი არა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის სოფელიცაა.
_ მერი ვინ არის?
_ ყოფილი ბანკის მმართველი არჩილ ხანდამაშვილი.
_ ხანდამაშვილი თავის დროზე „ნაცი“ ხომ არ იყო?
_ პოლიტიკური აქტივობა არ ჰქონია, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის მმართველი გახლდათ…
29 თუ 30 ოქტომბერს, ანუ არჩევნებიდან მეოერე თუ მესამე დღეს, საბავშვო ბაღის მენეჯერ თამარ სიბაშვილს დაუძახეს.
_ ვინ დაუძახა?
_ გეტყვით… ხომ შეიძლება, რომ არაოფიციალურად მაინც გამოეკვლიათ, მაგრამ ასე არ მოქცეულან, მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ლელა თევდორაშვილმა, პირდაპირ დაუძახა და უთხრა, _ ჩანაწერი შენი გაკეთებულია და ამიტომ განცხადება უნდა დაწერო და სამსახურიდან წახვიდეო. ისე, ლელასა და თამარს ძალიან კარგი ურთერთობა აქვთ და ახლაც დარწმუნებულ ვარ, რომ ლელა თევდორაშვილი, უბრალოდ, დავალების შემსრულებელია _ დაავალეს და რა უნდა ექნა?! ეს ცუდია, მაგრამ რას ვიზამთ, ფაქტია.
თამარმა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს მიუგო, ეს ჩანაწერი მე არ გამიკეთებია და ამიტომ, სამსახურიდან წასვლაზე განცხადებასაც არ დავწერო.
_ ბაღების გაერთიანების დირექტორმა რა უპასუხა?
_ არ დაწერ და მაშინ გაგათავისუფლებთო… თამარმა მიუგო, _ გამათავისუფლებთ და ვიცი, როგორც უნდა მოვიქცეო. მოკლედ, შეხვედრიდან გამოვიდა თუ არა, თამარ სიბაშვილმა დამირეკა და მითხრა, ასე და ასეა საქმე, ადვოკატი მჭირდებაო.
_ მაინცდამაინც თქვენ რატომ დაგირეკათ?
_ ამაში გასაკვირი რა არის? _ ჩემი ახლობელია, ბიძაშვილი და სხვას რატომ დაურეკავდა?! მართალია, სამართლებრივ საკითხებში თმარიც ძალიან კარგად ერკვევა, მაგრამ ვუთხარი, _ ეს პოლიტიკური დევნაა, განცხადება არ დაწერო და მზად ვარ, ამ საქმეში ჩავერთო-მეთქი.
ყველაფერ ამის მერე მე, როგორც ადვოკატმა, სადაც საჭირო იყო და მერწმუნეთ, ეს გურჯაანაში არ გამიჭირდებოდა, დავაფიქსირე, თამარ სიბაშვილის უფლებების დამცველი ვარ და ძალიან გთხოვთ, პოლიტიკური ნიშნით ნუ დევნით და ნურც ისეთ რამეს აბრალებთ, რაც არ გაუკეთებია-მეთქი.
_ ისე, თამარ სიბაშვილს საიდუმლო თათბირი რომ ჩაეწერა, ეს დანაშაული იქნებოდა?
_ არა, რა თქმა უნდა. რომც ჩაეწერა და ამის გამო გაეთავისუფლებინათ, ესეც პოლიტიკური დევნა იქნებოდა.
სხვათა შორის, ამ ჩანაწერში ზოგი ადამიანის ხმა მკაფიოდ ისმის, ზოგის _ არა, ანუ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვიღაცას თითქოს მიკროფონი უჭირავს, ანუ ეჭვი იმ ადამიანზე უნდა მიიტანო, ვინც იმ ადამიანის გვერდით ზის, ვისი ხმაც ყველაზე მკაფიოდ ისმის!
_ ყველაზე მკაფიოდ ვისი ხმა ისმის?
_ გამგებლის, სკოლის დირექტორისა და ა. შ.
_ გამორიცხული არ არის, რომ ჩანაწერი თავად რომელიმე „ქოცის“ გაკეთებული იყოს?
_ ჯერ ერთი, თვითონ განსაზღვრონ, ვინ სად იჯდა. მეორეც, ჩემგან არ გესწავლებათ, რომ „ოცნებაში“ შიდა დაპირისპირება მხოლოდ ცენტრალურ ოფისში კი არა, რაიონებშიც არის _ ერთმანეთში არიან დარეულები და თამარ სიბაშვილმა არათუ არ ჩაწერა, არამედ არც იცის, ეს თათბირი ვინ ჩაწერა.
მოკლედ, კომუნიკაცია შედგა _ დავაფიქსირე, რომ თამარ სიბაშვილის ადვოკატი ვარ და რაკი ამ პრეტენზიას უყენებთ, ეს პოლიტიკური დევნაა და ჩემთვის, პირველ რიგში, როგორც გურჯაანელისთვის და ასევე, როგორც ადვოკატისთვის ძალიან უხერხული იქნება, ამ მუნიციპალიტეტს პოლიტიკურად დევნის იარლიყი მიეკეროს. მე, როგორც ადვოკატი, თამარ სიბაშვილის უფლებებს აუცილებლად სასამართლოში დავიცავ და არ მაქვს სურვილი, რომ გურჯაანში ისევ ანალოგიურ საქმეზე ჩამოვიდე-მეთქი.
სხვათა შორის, ადრე იყო ანალოგიური შემთხვევა ჭანდრის საბავშვო ბაღის პედაგოგთან დაკავშირებით და ეს საქმე, პრაქტიკულად, მოვიგეთ _ სამსახურში დაბრუნებამ აზრი დაკარგა, თუმცა განაცდური აუნაზღაურეს.
_ ჭანდრის საბავშვო ბაღის პედაგოგიც სამსახურიდან პოლიტიკურ ნიადაგზე გაათავისუფლეს?
_ რა თქმა უნდა. ერთი სიტყვით, დავაფიქსირე, _ ეს ძალიან უხერხული საქმე იქნება-მეთქი. მეორე მხრიდან წამოვიდა, რომ არ გავათავისუფლოთ, თამარ სიბაშვილმა გვითხრას, ჩანაწერი ვინ გააკეთაო.
_ გიორგი, კომუნიკაცია ვისთან გქონდათ, ანუ ვინ გითხრათ, რომ თამარ სიბაშვილს „ჩამწერი“ ემხილებინა?
_ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
_ მნიშვნელობა, მგონი, სწორედ ამას აქვს…
_ ეს მტკიცებულებაა, სარჩელი უნდა აღვძრათ და მტკიცებულებებს მოწინააღმდეგე მხარეს წინასწარ ხომ არ გავაცნობთ?
_ თქვენს ხელთ არსებული მტკიცებულება აუდიოა, ვიდეო თუ წერილობითი?
_ რა მნიშვნელობა აქვს მე, როგორც ადვოკატი, სასამართლოზე რა სახის მტკიცებულებების გამოქვეყნებას ვაპირებ? საერთოდ, ადვოკატები წინასწარ არ ლაპარაკობენ, რა სტრატეგია აქვთ და სიმართლის დაცვას როგორ აპირებენ.
_ დავაკონკრეტოთ: მტკიცებულება იმის შესახებ გაქვთ, რომ მეორე მხარე გეუბნებათ, თამარ სიბაშვილმა გვითხრას, ჩანაწერი ვინ გააკეთა და სამსახურიდან არ გავათავისუფლებთო?
_ დიახ, შეიძლება, ასე ითქვას…
ხედავთ, რომ მთელ ქვეყანაში სრული ისტერიკაა. ასევე სრული ისტერიკაა გურჯაანის მუნიციპალიტეტში _ აბსოლუტურად ყველას ეძახიან და ხალხს უკვე ნაფტალინში ეძებენ…
სხვათა შორის, 6 ნოემბერს თამარ სიბაშვილს საბავშვო ბაღთან უცხო ავტომანქანა დარაჯობდა.
_ რა მიზნით?
_ აკონტროლებდა, სამსახურში რომელ საათზე მივიდა, სამსახურიდან რომელ საათზე წავიდა და ა. შ.
_ თამარ სიბაშვილს სუს-ი უთვალთვალებდა?
_ არა, არ მგონია.
_ აბა?
_ ამ ავტომანქანაში ის ადამიანები ისხდნენ, რომლებიც მეორე დღეს საბავშვო ბაღში მივიდნენ და განაცხადეს, _ ჩვენ აუდიტის წარმომადგენლები ვართ და ორგანიზაცია უნდა შევამოწმოთო.
თამარს სამსახურში მისვლა 4, მაქსიმუმ, 5 წუთი დააგვიანდა და აქტი შეუდგინეს, _ ათი წუთის დაგვიანებით მოხვედიო. კი ბატონო, დააგვიანდა, მაგრამ ამის გამო სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა.
_ სიბაშვილის განთავისუფლების ოფიციალური მოტივი ის გახდა, რომ სამსახურში მისვლა რამდენიმე წუთით დააგვიანდა?
_ განთავისუფლების შემდეგ გურჯაანის ბაღების გაერთიანების დირექტორმა განაცხადა, _ საბავშვო ბაღში საინიტარიული პირობები იყო დარღვეულიო.
_ სანიტარიული პირობების კონტროლი აუდიტის სამსახურს ეხება?
_ აუდიტი ყველაფერს ამოწმებს. სხვათა შორის, ამ „დარღვევაზე“ თამარმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა: ვადასტურებ, რომ ბაღში ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია. 41 ბავშვს სამი კარადა აქვს, რომელთაგან კარი ერთსაც არ აქვს, ტანსაცმელი კი ერთმანეთზე, ლურსმნებზე კიდია და ბავშვებმა შეიძლება ხელი ან თვალი ჩამოაგონ. შეშა ალაგია კარადის უკან და ა. შ. საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურა ნულია, სწორედ ამიტომ არის დარღვევებიო. გაუგებარია, ყველაფერი ეს თამარ სიბაშვილმა საკუთარ თავზე რატომ უნდა აიღოს, როცა ამ პრობლემების მოგვარება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პრეროგატივაა!
იმავე დღეს თამარ სიბაშვილმა ახსნა-განმარტება დაწერა და მთელი ისტორია დეტალურად მოყვა, ასე და ასე იყოო და ისიც მიუთითა, რომ პოლიტიკური მოტივით ათავისუფლებდნენ. სხვათა შორის, ახსნა-განმარტების წარდგენისას ჯერ კიდევ 6 ნოემბერს თამარს უთხრეს, რომ მისი გათავისუფლების ბრძანება უკვე გამზადებული იყო…
_ ამის შესახებ ვინ უთხრა?
_ როცა 11 წელი ერთ ადგილას მუშაობ, კეთილისმსურველებიც გყვანან, რომლებიც ხედავენ, რომ უკანონობა ხდება. ჰოდა, თამარიც გააფრთხილეს… მეორე დღეს კი განთავისუფლების ბრძანება, მართლაც, ჩააბარეს.
_ ბრძანებაში სიბაშვილის განთავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რა არის დასახელებული?
_ ბრძანებაში წერია: შრომის კოდექსისა და საბავშვო ბაღის შინაგანაწესის იმ მუხლების შესაბამისად, რომელიც სანიტარიული პირობების დარღვევას ითვალისწინებს, დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდესო.
_ გიორგი, თუნდაც სანიტარიული პირობების დარღვევა ისეთი დანაშაულია, რომ ამის გამო ადამიანი სამსახურიდან გაუშვან? არ შეიძლებოდა, მაგალითად, საყვედურის გამოცხადება?
_ ამბობენ, რომ თამარ სიბაშვილს საყვედური თითქოს უკვე ჰქონდა, თუმცა მასალებს ახლა ვაგროვებ და ვნახავ, რა სახის და რის გამო ჰქონდა საყვედური გამოცხადებული, თუმცა სუფთა სამართლებრივად რომ მივუდგეთ, ეს სასამართლო პროცესი მოწინააღმდეგე მხარისთვის ძალიან ცუდი იქნება, რადგან მას მოუწევს დაამტკიცოს, რომ სიბაშვილი სამსახურიდან პოლიტიკური დისკრიმინაციისა და დევნის გამო არ გაუშვია!
დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანებას გააბათილებს, მაგრამ მომდის ინფორმაცია, რომ ადამიანები იძულებული არიან, მივიდნენ და უთხრან, _ ოღონდ თავი გაგვანებეთ და, კი ბატონო, ზურაბიშვილს ვაძლევთ ხმასო.
_ ეს საიდან იცით?
_ საიდან ვიცი და ეს ადამიანები ჩემთან, როგორც იურისტსა და ადვოკატთან, კონსულტაციებს გადიან!
_ სიბაშვილის განთავისუფლების გადაწყვეტილება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ავტონომიურად მიიღო თუ დავალება ზემოდან მისცეს?
_ ამის შესახებ არ ვიცი.
_ ცნობილია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა ე. წ. დამოუკიდებელმა კანდიდატმა არჩევნები წააგო. ამ წაგებაზე იმ სკანდალურმა ფარულმა ჩანაწერმაც იმოქმედა?
_ ყველამ იცის, რომ ასეთი რაღაც ხდებოდა და რა მნიშვნელობა ჰქონდა, თათბირის ჩანაწერი გასაჯაროვდებოდა თუ არა. არ მგონია, არჩევნების შედეგზე ამ ჩანაწერს ემოქმედა, რადგან „ოცნებას“ არჩევნები ისედაც წაგებული ჰქონდა.
_ კი ბატონო, მაგრამ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ეს ჩანაწერი ევროსასამართლოში შესაძლოა, მტკიცებულებად გამოიყენოს და იმის დემონსტრირება მოახდინოს, რომ „ოცნება“ არჩევნების გაყალბებას 28 ოქტომბრამდე ცდილობდა…
_ ასეთი მტკიცებულება ძალიან ბევრია და ამ მტკიცებულებების ნახვა სოციალურ ქსელშიც შეგვიძლია. მესმის, რომ ადმინისტრაციულ რესურსს ყველა ხელისუფლება იყენებდა, მაგრამ ახლა სიტუაცია, პრაქტიკულად, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდა.
_ ანუ აღიარებთ, რომ ადმინისტრაციულ რესურსს „ნაციონალური მოძრაობაც“ იყენებდა, რომლის დროსაც კახეთის ვიცე-გუბერნატორი იყავით, არა?
_ კი ბატონო, მაგრამ ამ დონისა და მასშტაბის არ ყოფილა.
_ და დღეს, მაინც, რა დონისაა?
_ მაგალითად, სკოლის პედაგოგს, რომელიც „ოცნების“ მხარდამჭერი არ არის, მაგრამ ვერც სანიტარიული ნორმების დარღვევას ედავებიან და ვერც იმას ეუბნებიან, რომ გაკვეთილს ცუდად ატარებს, ასეთ დროს საქმეში „ქუჩის ავტორიტეტებს“ რთავენ.
_ „ძველი ბიჭები“ პედაგოგებს „საქმეს ურჩევენ“?
_ დიახ, მაქვს ინფრომაცია, როცა „ქუჩის ავტორიტეტებმა“ უთხრეს, _ ხომ იცი, ჩვენ ვინც ვართ, შვილი გყავს და პრობლემებს რატომ იქმნიო? ყველა გმირი ვერ იქნება და ზოგი ადამიანი ამ ფსიქოლოგიურ მუქარას ემორჩილება.
_ ასეთი მუქარა მხოლოდ პირველი ტურის წინ იყო თუ ახლაც არის?
_ ახლა უფრო მეტად ხდება. დიახ, სრული ისტერიკაა და საარჩევნო კოდექსი, რომელშიც ცვლილებები „ოცნებამ“ შეიტანა, აბსოლუტურად გვერდზეა გადადებული. საარჩევნო კოდექსში შეიძლება, პირდაპირ არ წერია, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან რომელიმე კანდიდატის სააგიტაციო მასალის გამოყენება, მაგალითად, კონკრეტულნომრიანი მაისურის ჩაცმა არ შეიძლება, მაგრამ 28 ოქტომბერს აბსოლუტურად ყველა საარჩევნო უბანზე, გაიხსნა თუ არა, სალომე ზურაბიშვილის პლაკატები იყო მიკრული და აქედან გამომდინარე, რომელ დემოკრატიაზეა ლაპარაკი?
რაც შეეხება თამარ სიბაშვილის განთავისუფლებას, ეს ძალიან უსუსური გადაწყვეტილებაა და აი, რატომ: რაიონის ხელმძღვანელი მეც ვიყავი, მაგრამ ასეთი რამ არ გამიკეთებია და არც გავაკეთებდი.
_ შეიძლება, მაგრამ თუ რაიონის ხელმძღვანელობამ დავალება ცენტრიდან მიიღო, რა უნდა ექნა?
_ რაიონის ხელმძღვანელი რომ ხარ, იმდენი უნდა შეგეძლოს, რომ დაასაბუთო, როდის და რისი გაკეთებაა აუცილებელი, მაგრამ თამარის გაშვებით სხვებს დაანახვეს, _ აი, რაც ამას დაემართა, თქვენც იგივე დაგემართებათო…
_ არ ელოდნენ, რომ ამ განთავისუფლებას უფრო დიდი სკანდალი მოყვებოდა?
_ არ ვიცი, მაგრამ ნათქვამი მქონდა, რომ 30 ოქტომბერს ადვოკატის დამადასტურებელი დოკუმენტი/ორდერი გამოწერილი მქონდა, ანუ იცოდნენ, რომ სიბაშვილის ადვოკატი ვარ და ამ საქმეში შეუვალი ვიქნები.
_ იქნებ, მოპასუხეს იმის იმედი აქვს, რომ სასამართლო მაინც „ქოცებისაა“ და თამარ სიბაშვილი თავის სიმართლეს ვერ დაამტკიცებს?
_ ალბათ, უფრო იმის იმედი აქვთ, რომ მე, როგორც ადვოკატი, გარკევული სახის მტკიცებულებებს არ გამოვიყენებ, მაგრამ გამოვიყენებ!
_ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები გასაგებია, მაგრამ თქვენი ინფორმაციით, ხელისუფება „ქუჩის ავტორიტეტებს“ როგორ და რით მართავს?
_ ალბათ, სასათბურე პირობებს უქმნის და რაღაც პრობლემებს უგვარებს. სამწუხაროდ, ეს რეალობაა.
_ თამარ სიბაშვილის ქეისმა ადგილობრივი მოსახლეობა შეაშინა თუ პირიქით?
_ ჩემი ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობა, ასევე საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები შეიკრიბნენ და თამარ სიბაშვილის განთავისუფლება გააპროტესტეს!
_ გიორგი, სასამართლოში უშუალოდ ვის უჩივით?
_ საბავშვო ბაღების გაერთიანებას.
_ მტკიცებულებებიც საბავშვო გაერთანების ხელმძღვანელზე გაქვს თუ სხვა ადგილობრივ ჩინოვნიკებზე?
_ მტკიცებულებები მასზე მაქვს, ვინც თამარ სიბაშვილის განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს, მაგრამ სხვები ასრულებენ.
_ დაუჯერებელია, რომ ვეჯინის საბავშვო ბაღის მენეჯერის მოხსნის გადაწყვეტილება ივანიშვილს მიეღო…
_ ცხადია, არა, მაგრამ ივანიშვილი გადაწყვეტილებას იღებს, უკანონო ბრძანებას კი ესა თუ ის მინისტრი გამოსცემს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ სიბაშვილის განთავისუფლების გადაწყვეტილება სხვამ მიიღო, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა კი ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ, შეასრულა.
სხვათა შორის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: 28 ოქტომბერს თამარ სიბაშვილის შვილი, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ერთ-ერთი პარტიიდან, დამკვირვებელი იყო და 30 ოქტომბერსვე, მუნიციპალიტეტიდან საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს დაურეკეს და ჰკითხეს, _ თამარ სიბაშვილის შვილი დამკვირვებელი რომელი პარტიიდან იყოო?
_ გიორგი, ყველაფერ ამას, რაზეც საუბრობთ, როგორ აფასებთ, ტერორია?
_ ეს ტერორი კი არა ზეტერორია! შეგიძლიათ, რეგონში ჩახვიდეთ და ხალხი თავად მოგიყვებათ, რაც ხდება, მაგრამ ყველაფერი ეს უფრო დიდ აგრესიას იწვევს და, როგორც 2012 წელს, ხალხს არც ახლა ეშინია!
_ ე. ი., დარწმუნებული ხართ, რომ ამ საქმეს მოიგებთ?
_ რა თქმა უნდა, მოვიგებ, თუმცა სანამ სარჩელს შევიტანთ, შეიძლება, ადგილზე სხვა გადაწყვეტილება მიიღონ და თამარ სიბაშვილი სამსახურში აღადგინონ!
ისე, ებრაელებს ასეთი წყევლა აქვთ, _ შენი არ იცოდე და სხვისი არ გეყურებოდესო. აი, ზუსტად ასეა „ოცნების“ საქმე. ადვოკატი ვარ და პოლიტიკურ განცხადებას არ გავაკეთებ, მაგრამ როგორც ჩემი წყარო ამბობს, ერთმანეთი თვითონ „ოცნების“ წევრება ჩაწერეს, რადგან შიდა დაპირისპირება აქვთ.
_ გიორგი, ამ შეხვედრაზე თამარ სიბაშვილივით, ასე ვთქვათ, ნეიტრალური სხვაც იქნებოდა. მაინცდამანც თამარზე რატომ მიიტანეს ეჭვი, რომ შეხვედრა მან ჩაწერა?
_ ნეიტრალურები სხვებიც იქნებოდნენ, მაგრან ისინი სიბაშვილები არ არინ.
_ გამოდის, ვეჯინის საბავშვო ბაღის მენეჯერის დასჯის კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ის თქვენი ახლობელია?
_ რა თქმა უნდა. მართალია, პირდაპირ არ მეუბნებიან, მაგრამ ისრები ჩემკენ აქვთ მომართული, _ სხვა ვინმე როგორო გაბედავდა, თუ არა თამარ სიბაშვილიო!.. მართალია, ჩემი პოლიტიკური შეხედულებები მაქვს, მაგრამ იქ, სადაც ვარ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და საჯარო სამსახურში დაბრუნებას არ ვაპირებ. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ პროცესები არასწორად ვითარდება და ამიტომ გუნდრუკსაც არავის ვუკმევ! მოკლედ, „ქოცებისთვის“ მიუღებელი ვარ და კახეთში გვარი სიბაშვილი მათთვის ცოტა სხვანაირად ჟღერს!

გიორგი აბაშიძე