დათო გამცემლიძე: „დავაკვირდეთ და შევადაროთ, რა თქვა ტრამპმა საქართველოზე და რა _ უკრაინაზე“

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჰელსინკიში გამართული სამიტის შეფასება ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სპექტრში არაერთგვაროვანი იყო.

აღნიშნულ თემაზე „ქრონიკა+“ ისტორიკოსსა და ჟურნალისტ დათო გამცემლიძეს ესაუბრა:

_ ჰელსინკიში გამართულმა ორი პრეზიდენტის სამიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე ჰქონდათ ანალიტიკოსებს. მედიაში არ წყდება იმაზე საუბარი, თუ ვინ უკეთ და ძლიერად გამოიყურებოდა. მიმდინარეობს პრესკონფერენციაზე გაჟღერებული განცხადებების გაშიფვრა. იმის მიუხედავად, რომ ბევრი ითქვა ამ დღეების განმავლობაში და ბევრი განცხადებაც გაკეთდა, უმთავრესი კითხვა მაინც ასეთია, _ რამდენად სასარგებლო იყო ეს სამიტო არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვის?
_ სამწუხაროდ, ამ სამიტზე ვლადიმირ პუტინი ბევრად „უკეთ“ გამოიყურებოდა იმ მარტივი მიზეზით, რომ უფრო კვალიფიციურად ასრულებდა თავის ფუნქციას. საკმარისია შევადაროთ, რამდენად ცბიერად უპასუხა პუტინმა კითხვას იმის შესახებ, აქვს თუ არა რუსულ სპეცსამსახურებს „სექსუალური ვიდეო-კომპრომატი დონალდ ტრამპზე“? ანუ შინაარსობრივად თქვა, „რა თქმა უნდა, მაქვსო“, მაგრამ… ღიად არ უთქვამს.
მეორე მხრივ, რამდენად „გულუბრყვილოდ“, ასე ვთქვათ, უპასუხა ტრამპმა კითხვას, _ რატომ არ სჯერა საკუთარი სპეცსამსახურების, რომლებიც დაბეჯითებით ამტკიცებენ: რუსეთი ერეოდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში?
საერთოდ, პუტინი ამ სამიტამდე გარკვეული „ფორით“, უპირატესობით მივიდა მოწინააღმდეგესთან. დავაკვირდეთ: პრესკონფერენციაზე მხოლოდ ის კითხვები ისმოდა, რაც არაკომფორტული იყო ტრამპისთვის და კომფორტული _ პუტინისთვის, მათ შორის, ამერიკული არჩევნები, რუსეთის როლი ტრამპის გამარჯვებასა და ა. შ. სამაგიეროდ, სულაც არ ჟღერდა პუტინისთვის არაკომფორტული კითხვები: რეპრესიები, უკრაინა, თვით რუსული არჩევნების არადემოკრატიულობა და ა. შ.
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, არა მხოლოდ რუსული „მედია“ თამაშობდა ამ შემთხვევაში პუტინის მხარეს, ეს გასაგებია, არამედ ამერიკელი ჟურნალისტებიც იმ კითხვებს სვამდნენ, რაც ტრამპს უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა, პუტინისთვის კი კომფორტული იყო.
ამ სამიტის უპირველესი „სარგებელი“ ისაა, რომ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რამდენად სასიცოცხლოა პოლიტიკოსისთვის ელემენტარული პროფესიონალიზმი, მათ შორის, ნარატივის მხრივ. ნარატივი პოლიტიკის „გულანია“. „რას და როგორ ლაპარაკობს პოლიტიკოსი“ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და არა მეორეხარისხოვანი. მით უმეტეს დღევანდელ გლობალიზებულ და კომუნიცირებულ მსოფლიოში
_ როგორ ფიქრობთ, პუტინმა საკუთარი მისია შეასრულა? მოგეხსენებათ, დიპლომატიაში ქცევას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუნდაც რუსეთის პრეზიდენტის ჰელსინკიში დაგვიანებით ჩასვლა იმაზე მეტყველებდა, რომ თითქოს პუტინისთვის ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა და ხათრის გამო ხვდებოდა დონალდ ტრამპს. ის ცდილობდა სახის შენარჩუნებას და თუ ყურადღებას მივაქცევთ, რუსეთთან ანუ საკუთარ თავთან მიმართებით დემოკრატია რამდენჯერმე ახსენა.
_ პუტინის ჩვევა, დაგვიანებით სხვების დამცირებისა, საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა, ჩემი ინფორმაცით, ეს „დაგვიანება“ ამჯერად ორმხრივ შეთანხმებული იყო. რუსეთის პრეზიდენტი ჰელსინკის სასახლეში 40 წუთის დაგვიანებით მივიდა, ხოლო ამერიკის პერზიდენტი, საერთოდ, 1 საათის დაგვიანებით. პროტოკოლის სამსახურებმა საკითხი ტელეფონით შეათანხმეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პუტინის თვითმფრინავი ჰაერში იმყოფებოდა.
ვლადიმირ პუტინმა ძალიან კარგად იცის, ვისთან რა გაუვა. „დაგვიანებაც“ პოლიტიკური ტექნოლოგიაა. ტრამპი შეიძლებოდა ამდგარიყო და, უბრალოდ, სამიტი სკანდალით ჩაეშალა. ეს ერთმნიშვნელოვნად მომგებიანი იქნებოდა პუტინისთვის PR-ული თვალსაზრისით, რადგან დასავლური მედია ამერიკის პრეზიდენტს ამას დიდ მარცხად ჩაუთვლიდა, მაგრამ ტრამპთან მას კიდევ ბევრი „საქმე“ აქვს სამომავლოდ და მის ასეთ განრისხებას მოერიდებოდა, ამიტომ სხვა მეთოდებით და ტექნოლოგიებით დამცირება სცადა. სამწუხაროდ, გარკვეულწილად, გამოუვიდა კიდეც პრესკონფერენციაზე.
_ ისევ პუტინზე, ვიდრე თემას კიდევ უფრო გავშლით. საკმაოდ ნიშნადობლივად მეჩვენა, რომ სწორედ მან გააჟღერა ყირიმის საკითხი. თან დააკვირდით, რა კონტექსტში _ ტრამპი რჩება საკუთარ პოზიციაზე, მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია გვაქვსო, _ რეფერენდუმი და საერთაშორისო სამართლის ნორმები მოიშველია. მარტივად კი ეს სიტყვები იმას ნიშნავდა, ტრამპის პოზიცია სულ ფეხებზე მკიდიაო. რამდენად მეთანხმებით ამ მსჯელობაში?
_ აბსოლუტურად გეთანხმებით. ყირიმის თემაზე პუტინის პოზიცია ასეთია: „ეს საკითხი დახურულია, მორჩა, წერტილი. ამ თემაზე არ ვსაუბრობთ“.
ბუნებრივია, თავად წამოწევდა თემას მას შემდეგ, რაც ტრამპმა თქვა, „ვნახოთო“, როცა პასუხობდა კითხვას, _ შეიძლება თუ არა ამერიკამ ცნოს ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ? პუტინმა იცოდა, რომ ტრამპი ამ საკითხზე არაფერს იტყოდა, ამიტომ „მომგებიან მოედანზე“ ითამაშა საკუთარი წესებით.
ეს თემა ტრამპისთვისაც „დახურულია“ იმ აზრით, რომ ყირიმის ინკორპორირებას, რა თქმა უნდა, არ სცნობს, თუმცა თემის გამწვავებას არ აპირებს. ტრამპი ხომ ყირიმზე, უკრაინაზე, დონბასზე, საქართველოზე სალაპარაკოდ არ ჩასულა ჰელსინკიში? ჩავიდა სირიაზე, ირანსა და ჩრდილო კორეაზე სასაუბროდ. და როცა იცი, რა თემები აინტერესებს შენს ვიზივის, მუდამ ხელსაყრელია ის თემა გააჟღერო, რაც მისთვის უინტერესო, თუმცა შენთვის მომგებიანია.
_ თქვენ სამიტამდე აცხადებდით, რომ აშშ-ის არ აწყობს საქართველოს თემის წამოწევა სამიტზე და მისთვის, ამ ეტაპზე, რეალობის შეცვლამდე მიუღებელია არსებული სტატუს-კვოს შეცვლა. რეალურად ასეც მოხდა. კიდევ ერთხელ ვრცლად ვისაუბროთ ამ არგუმენტზე, მით უფრო რომ ცალკეული პოლიტიკოსები საქართველოს თემის ნიველირებაში აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს კი არა, საქართველოს ხელისუფლების უუნარობასაც ხედავენ.
_ ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, მუდამ და ყოველთვის ხელისუფლება დაადანაშაულოს უუნარობაში, მაგრამ ოპოზიციური ნარატივის „ხბოს უტყვობით“ აყოლა ისეთივე პრიმიტივიზმი იქნებოდა, როგორც სახელისუფლებო ნარატივისა. გავემიჯნოთ ამ ინტერესებს და ობიექტურად ვთქვათ: 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ არც ერთ დასავლელ ლიდერს (ვგულისხმობ დიდ სახელმწიფოთა ლიდერებს) არც ერთ სამიტზე, არც ერთ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, G8-ს არც ერთ შეხვედრაზე საქართველო საერთოდ არ უხსენებია. ერთადერთი გამონაკლისია აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც 2009 წლის გაზაფხულზე მოსკოვში, პრეზიდენტ მედვედევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა: „ჩვენ ვერ ვთანხმდებით საქართველოს საზღვრებზე“. ეს იყო და ეს _ „ოკუპაცია“ მას არ უხსენებია.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოსდა საქართველოს თემა ნიველირებული იყო ან ამჟამად არის უგულებელყოფილი. უბრალოდ, პოლიტიკური ტექნოლოგია მოითხოვს, რომ საჯარო სივრცეში აღარ გაიჟღეროს თემამ, რომელიც აქტუალური არ არის.
2008 წლის ოქტომბრიდან, როცა საოკუპაციო ხაზი დაფიქსირდა, ამ ხაზზე საქართველოს მხრიდან ევროკავშირის მონიტორები შემოვიდნენ და რუსული ქვედანაყოფების „სიღრმეში“ შემოჭრის საფრთხე, ასე თუ ისე, მოიხსნა, თემამ „რიტუალურობის მნიშვნელი“ შეიძინა: რეგულარულად ჟღერდა ჩრდილო-ატლანტიკური სამიტის რეზოლუციებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, მაგრამ… არა ორმხრივი თუ მრავალმხრივი ურთიერთქმედებისას ძირითად მოთამაშეთა მონაწილეობით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო უკვე რიტუალური თემაა Status quo-ს შენარჩუნებით და არა პრაქტიკულად განსახილველი საკითხი. ასეა 2009 წლიდან _ დღემდე.
ანუ დებულება, თითქოს 2012 წლამდე იყო საქართველოს ოკუპაციის თემა რეალპოლიტიკის საგანი _ სადმე სხვაგან „საპარლამენტო ასამბლეებისა და რეზოლუციებს მიღმა _ ხოლო დღეს აღარ არის _ დემაგოგიაა. ე. ი., ქართულად თუ ვიტყვით, ცრუპენტელობაა.
თუმცა ეს პოლიტიკოსთა პროფესიაა და ამ პროფესიის სისტემური თვისებების მიმართ შემწყნარებლები უნდა ვიყოთ
_ ძალიან საინტერესო იყო პუტინის მიერ სამიტის შემდეგ გაკეთებული განცხადება საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებისა და ორმხრივი თანამშრომლობის პრიზმაში. რეალურად რუსეთის ლიდერმა თქვა, რომ მისთვის ორმხრივი თანამშრომლობაც მიუღებელია. ამ კონტექსტში ყურადღება გაამახვილა არსებულ პრეცედენტებზეც. ანუ ჩიხში ვართ? და უნდა გაუწიოს თუ არა მის ამ განცხადებებს ანგარიში საქართველომ? მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს ქართულ დიპლომატიას ზოგადად პირდაპირ ესმის ყველა ფრაზა და წინადადება.
_ დავაკვირდეთ, რა თქვა ტრამპმა საქართველოზე და შევადაროთ, რა თქვა მანამდე უკრაინაზე, მათ შორის, ყირიმზე. ძალიან იოლი შესადარებელია.
ყირიმზე თქვა: „ვნახოთო“; საქართველოზე _ კი, გახდებით ნატო-ს წევრები, მაგრამ დღეს არაო. აფხაზეთზე ხომ არ უთქვამს „ვნახოთო“?!
ეს სხვაობა წვრილმანი არავის ეგონოს. როგორი გამოუცდელიც არ უნდა იყოს ტრამპი პოლიტიკურად, იგი ექსპრომტადაც იმ „საზრისებით“ მოქმედებს, რაც თეთრი სახლის „ოვალურ დარბაზში“ ესმის, მათ შორის, ისეთი პერსონაჟებისგან, როგორიცაა უშიშროების საკთხებში მრჩეველი ჯონ ბოლტონი და ჯეიმს მეტისი _ აშშ თავდაცვის მდივანი, ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სპეციალური სამსახურების წარმომადგენლების თითქმის ყოველდღიური მოხსენებები.
და რით იწყება ეს მოხსენებები ბუკვალურად ყოველდღე? დიახაც, იწყება ცნობებით „ცხელი წერტილებიდან“, მათ შორის, ავღანეთიდან. ამერიკის პოლიტიკური კულტურა ისეა აწყობილი, რომ ნებისმიერ პერზიდენტს არ გააჩნია და არც შეიძლება ჰქონდეს იმაზე დიდი საზრუნავი, ვიდრე მისი ჯარისკაცების _ როგორც ამერიკელები ამბობენ _ „სამხედროფორმიანი მამაკაცებისა და ქალების“ _ მდგომარეობა, მათი უსაფრთხოებაა. ერთი ჯარისკაცისა და ოფიცრის დაკარგვაც კი ამერიკის ნებისმიერი პრეზიდენტისთვის მთელი დღის მსჯელობისა და განხილვის საგანია. ამიტომაც იბრძვის ტრამპი იმისთვის, რათა პუტინთან შეთანხმებით თუნდაც სირიიდან გამოიყვანოს ამერიკული კონტინგენტი. და… ამ ფონზე მას მუდმივად ესმის, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც, განსხვავებით ნატოს-ს წევრი ბევრი სახელმწიფოსგან, საკუთარი ჯარსიკაცებით რისკავს ავღანეთში. გამორიცხულია, ეს ტრამპმა არ იცოდეს და მისთვის მნიშვნელოვანი არ იყოს.
ამიტომ სრული დარწმუნებთ შეიძლება ითქვას, რომ სხვაობა, რომელზედაც მოგახსენეთ, უპირველესად, იმ სულმნათი გმირი ბიჭების დამსახურებაა, რომლებმაც შორეულ ავღანეთში სამშობლოსთვის გაწირეს თავი!
_ დონალდ ტრამპი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ყველამ _ ოპონენტებმაც და თანაგუნდელებმაც. ამის მიუხედავად, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი არგუმენტი იმის შესახებ, რომ ტრამპი ბიზნესმენია და სწორად ხედავს ფინალს. მეტიც, ტრამპისტებმა ეს სამიტი დიდ წარმატებად მიიჩნიეს. რამდენად წარმატებულად უნდა ჩავთვალოთ პრეზიდენტ ტრამპისა და თეთრი სახლის მიერ პუტინის ლეგიტიმაცია, მით უფრო იმ კონტექსტში, რა დღეც აყარა მან ევროპის ლიდერებს რუსეთთან თანამშრომლობის მხრივ?
_ მართალი ბრძანდებით: საშინელი დღე აყარეს დონალდ ტრამპს ამ სამიტის შემდეგ.
არაფერი მსგავსი არ მახოვს ამერიკულ ტელეარხებზე, რომელთა ერთგული მაყურებელი ვარ 1991 წლიდან. ერთმა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა ისიც კი თქვა, რომ დონალდ ტრამპი… „ანგრევს დასავლურ ცივილიზაციას“.
ეს, რა თქმა უნდა, გადაჭარბებაა. რომც მოინდომოს, ამ დიდ ცივილიზაციას ერთი პრეზიდენტი ვერ დაანგრევს, ანუ ვერ დაანგრევს ვერც ტრამპის პოლიტიკური შეცდომები და ვერც პუტინის ბოროტი ნება და მისი „ჰიბრიდული ომის“ ტექნოლოგია.
გავითვალისწინოთ, რომ ტრამპს, როგორი გამოუცდელიც არ უნდა იყოს იგი, ჰყავს გარემოცვა, რომელიც საკმაოდ კვალიფიციური პერსონაჟებისგან შედგება. იგივე ბოლტონი ან სახელმწიფოს მდივანი მაიკ პომპეო (CIA-ს ყოფილი დირექტორი, _ ავტ.). წარმოუდგენელია, ისინი მოვლენათა განვითარებაში ამერიკისთვის სასარგებლო სცენარებს ვერ ხედავდნენ, ვლადიმირ პუტინი ვინ არის და რა უნდა, ვერ ხვდებოდნენ… გავიხსენოთ თუნდაც იგივე პერსკონფერენცია: რა ეშმაკურად უპასუხა პუტინმა კითხვას და თქვა: „ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რაც სულაც არ ნიშნავს, თითქოს ერთმანეთს ვენდობით“.
ვიმეორებ: დასავლური სამყარო ისე „შედუღაბდა“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მილიონობით სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, ადამიანური და კულტურული ძაფით, მას ვერც ბოროტი ნება დაანგრევს უკვე, ვერც არაპროფესიონალიზმი ან მცდარი პოლიტიკური პროექტი, მაშასადამე, ვერ დაანგრევს ვერც „ბრექსიტი“, ვერც სავაჭრო-ეკონომიკური წინააღმდეგობები თუ პოპულისტ პოლიტიკოსთა აღზევება. სულ მალე ეს ყოველივე „დაღვინდება“ და პოლიტიკის ძირითად კანონს: „შესაძლებლის რეალიზებას“ დაუბრუნდება. ტრამპის გარემოცვა და ამერიკული ელიტები შეძლებენ „მოათვინიერონ“ ზეაქტიური და ექსპრესიული ლიდერი. სხვებიც მოუთვინიერებიათ.
ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში, ჩექ-ენ ბალანსის სახით ისეთი „ღვედებია“ გათვალისწინებული, განსაკუთრებული საფრთხის შემთხვევაში მართვის სადავეები ძალაუფლების სხვა ცენტრში გადავა. მაგრამ ტრამპი აქამდე საქმეს არ მიიყვანს, ცხადია. სწორედ ბიზნესმენის ინსტინქტი და რისკის ადეკვატურად შეფასების უნარი დაეხმარება მას.
_ სამიტის ძირითადი თემა მაინც ახლო აღმოსავლეთი იყო: სირია, ირანი, ისრაელი. ამ მიმართულებაზე ვიმსჯელოთ: რა მოცემულობას ვიღებთ აქ? მხოლოდ „ჰესბოლაა“ მსოფლიოს თავის ტკივილი? და რუსეთის გარეშე ეს საკითხი ვერანაირად გადაწყდება?
_ მართალს ბრძანებთ: სამიტის ერთადერთი ხელშესახები შედეგი ის გახდა, რომ ტრამპმა და პუტინმა კომპრომისს მიაღწიეს ისრაელის საკითხში. ამ კომპრომისის არსი შემდეგია: ამერიკა აღარ ეცდება დაამხოს-გაანადგუროს ბაშარ ასადის რეჟიმი, შეურიგდება ასადის გამარჯვებას სამოქალაქო ომში, დამასკოს გავლენის გავრცელებას ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ქურთებით დასახლებული რაიონებისა, ოღონდ იმ პირობით, თუ პუტინი დაითანხმებს ირანს, არ შეიყვანოს „ჰესბოლას“ რაზმები ისრაელის მოსაზღვრე რაიონებში. სხვათა შორის, ამერიკელ პოლიტიკოსთა მქუხარე კრიტიკაში „დაიკარგა“ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთენიაჰუს განცხადება: მან ტრამპს მიულოცა და პუტინთან მიღწეულ შეთანხმებას „ბრწყინვალე გამარჯვება“ უწოდა. მაშ, ჩვენ როგორღა ვუწოდოთ ამ სამიტს მთლიანობაში „კატასტროფული მარცხი“ ტრამპისთვის, თუ ამერიკულ ისტებლიშმენტში ისრაელის ლობის გავლენას გავითვალისწინებთ?..
_ სამიტამდე ანალიტიკოსების ერთი ნაწილი აცხადებდა, რომ ტრამპი პუტინთან შეხვედრის შემდეგ ახალ მსოფლიო წესრიგს დაუდებს სათავეს. ამ წესრიგის კონტურებიც კი ძნელად დასანახია, თუ ჰიპოთეტურ მსჯელობაში არ შევალთ და ჩვენი ვარაუდების პრიზმაში არ დავინახავთ მოვლენებს. და მაინც, რა გლობალური შედეგები შეიძლება ვივარაუდოთ ამ შეხვედრის შემდეგ? ან, საერთოდ, შეიძლება რაიმე გლობალურზე და ფუნდამენტურზე საუბარი?
_ ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრება ტრამპის მიზანი არ არის და არც იქნება. დონალდ ტრამპი ბიზნესმენია და კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. იგი ხელმძღვანელობს მარტივი ბიზნესლოგიკით პოლიტიკაში, როგორც მოქმედებდა ბიზნესში: „იყიდო იაფად, გაყიდო ძვირად“, _ ეს არის და ეს. ამ მხრივ, ცივი ომის დასრულების შემდეგ, ტრამპის „დეიდეოლოგიზებულობამ“ აბსოლუტში აიყვანა ამერიკული „რეალპოლიტიკა“ და პრაგმატიზმი. ცუდი შედარებაა, თითქოს, მაგრამ საქართველოში, რატომღაც, არ ახსოვთ „ფრანშიზა“, რაც ტრამპმა ჩვენს ქვეყანაში 2011 წელს განახორციელა, როდესაც „ტრამპთაუერების“ აგებას მოაწერა ხელი. სინამდვილეში, თავად არაფერს აშენებდა, არც ერთ ცენტს არ ხარჯავდა, თუმცა მოგება ექნებოდა _ მცირე, მაგრამ მაინც მოგება.
იგივე პოზიცია აქვს პოლიტიკაშიც: თუ იქნება მოგება, _ ხომ კარგი. მთავარია, არ წააგო; მთავარია, არ გქონდეს დანაკარგი.
_ ერთი კითხვაც ტრამპთან დაკავშირებით: გლობალურ პოლიტიკაში რა არის ტრამპის უმთავრესი ამოცანა? მხოლოდ იერუსალიმში საელჩოს განთავსება და „ჰესბოლასგან“ იერუსალიმის დაცვის მოთხოვნა?
_ იერუსალიმის დაცვა, თუ ფიგურალურად განვიხილავთ, ტრამპისთვის ძალიან მნშვნელოვანია ცნობილი მიზეზების გამო, მაგრამ ამ პროცესში ტრამპი არც პრაგმატიზმს ივიწყებს. გახსოვთ, რასაკვირველია, რა აპოკალიპტური მოლოდინები იყო საელჩოს იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით და რა? ბევრი არც არაფერი. ანუ გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა არათუ მომწიფდა, არამედ გადამწიფდა. რეიგანი ხომ დიდი პერზიდენტი იყო, მაგრამ მაშინ(!) ამას ვერ გაბედავდა.
საოცარი ილუსტრაციაა, ზოგადად, დონალდ ტრამპის პოლიტიკური „ფილოსოფიისა“: „სამუშაო ადგილები და უსაფრთხოება“. ეს არის მისი კრედო!
_ პუტინის განცხადების კონტექსტში, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის წინააღმდეგიც არის, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ და როგორ ფიქრობთ, რას იზამს ვაშინგტონი? მეტიც, თუ ასეთი თანამშრომლობა რეალური გახდა, უფრო სწორად, ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები გადაიდგა, რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან?
_ ჩემი აზრით, შექმნილ ვითარებაში საქართველოს მხრიდან ყველაზე ჭკვიანური იქნება იმ პოლიტიკური ტექნოლოგიის გამოყენება, რასაც რუსები უწოდებენ „Сосредотачиватся“, რაც ქართულად ყველაზე ზუსტად აისახება ტერმინით „გაფაციცება“.
სწორედაც გაფაციცებით უნდა დავაკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს, არ გავაკეთოთ მკვეთრი მოძრაობები, მივყვეთ დინებას იმდენად, რამდენადაც ჩვენთვის სასარგებლო მიმართულებით მიდის და, რაც მთავარია, არ გამოგვეპაროს ხელსაყრელი მომენტი, როდესაც სიტუაცია ისე დაეწყობა, რომ ამერიკისგან სამხედრო-პოლიტიკური გარანტიების მოპოვებას შევძლებთ.
_ დაბოლოს, „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“, ვაშინგტონს თავისი მიზნები აქვს, ამ ვითარებაში ერთი ცნობილი ფრაზის პერიფრაზს გავაკეთებ: ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?
_ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვეღარსად გავექცევით _ უკანმოუბრუნებლობის წერტილი განვლილია, ხოლო „უკანმოსაქცევი“ ყველა ხიდი კარგა ხნის წინათ დაიწვა, აფრთხობს ეს ვინმეს თუ არა.

გოჩა მირცხულავა