,,გამარჯვება მხოლოდ შენთან ერთად დადგება” – რა მიწერა ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილს?
მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტი დატოვა და ახალი ბრძოლის დაწყება დააანონსა. გადადგომას წინ რეიტინგები და ფინანსური დეკლარაციები უძღოდა. უკრაინაში სააკაშვილი ყველაზე ღარიბ და ყველაზე პოპულარულ ლიდერად დასახელდა.
ისტორიას უყვარს პარალელები _ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ გადადგა და რამდენიმე თვეში პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით დაბრუნდა.
ნიშნავს თუ არა ეს გადადგომა უკრაინაში ხელახლა წარმატებულ დაბრუნებას, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება, საქართველოში კი მის პარტიაში დაპირისპირება კულმინაციას აღწევს.
არჩევნების დასრულების შემდეგ `ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტსაბჭო მესამედ და ისევ დახურულ კარს მიღმა შეიკრიბა. დახურულ პოლიტსაბჭოს პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საჯარო წერილი უძღოდა წინ. უგულავა თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგა და პარტიის თავმჯდომარის არჩევნებიც მოითხოვა. პარტიის თავმჯდომარის პოსტი ამ დრომდე სიმბოლურად მიხეილ სააკაშვილს ეჭირა და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს და მას ამ მიზეზით პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეეზღუდა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ასევე დახურულ კარს მიღმა ვიწროპარტიული ჯგუფის მიერ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის საკითხი განიხილებოდა. მაშინ პროტესტი არც არავის გამოუთქვამს, რადგან კარგად ესმოდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა უმრავლესობა სწორედ სააკაშვილის მომხრეა და არა პარტიის ახალი სახეების. ამავე წყაროს ინფორმაციით, საპატიმროში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა უკრაინაში სააკაშვილს წერილი გაუგზავნა და მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა, _ გამარჯვება მხოლოდ შენთან ერთად დადგება, „ნაცმოძრაობის“ ლიდერი შენ ხარო, _ ასეთი ყოფილა ვანო მერაბიშვილის წერილის პათოსი.
„ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო ასევე საინტერესო ინფორმაციას უმხელს, _ გიგი უგულავას წერილის გამოქვეყნების ინიციატორი გოკა გაბაშვილი ყოფილა, მისივე ინიციატივა გახლდათ ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციებიც, რომ გიგი უგულავასთან ერთად წერილისთვის „ნაცმოძრაობის“ გენერალურ მდივანს მოეწერა ხელი, მაგრამ ამ კონსულტაციებიდან არაფერი გამოსულა, მერაბიშვილს საკუთარი მკაფიო პოზიცია უკვე გამოხატული ჰქონია გაგზავნილ წერილში და გოკა გაბაშვილის თხოვნაზე იმთავითვე უარი უთქვამს.
პოლიტსაბჭოს დახურულ სხდომაზე დღის წესრიგში სამი საკითხი შეუტანიათ. მთავარი საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის ჩატარება და ამ მიზნით საორგანიზაციო ჯგუფის შექმნა უნდა ყოფილიყო. პარტიის წესდებაში მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, ვინ და რა ფორმით ირჩევს ყრილობის დელეგატებს, მაგრამ საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ ამ დრომდე პარტიის წესდება საგულდაგულოდ გადამალულია და არც ყრილობის ჩატარების წესზე არსებობს ერთიანი პოზიცია. პოლიტსაბჭოს არსებულ შემადგენლობაში გიგა ბოკერიაა უმრავლესობაში. თუ გაფართოებული ყრილობა პარტიის აქტივის მონაწილეობით ჩატარდა, მაშინ მიხეილ სააკაშვილი უკონკურენტოა. პოლიტსაბჭოს სხდომაზე არა, მაგრამ ყრილობაზე ერთი დელეგატის ხმის უფლებით ჩართვა მიხეილ სააკაშვილსაც უთხოვია. რას გამოიწვევს სააკაშვილის ჩართვა, ძნელი წარმოასადგენი არ უნდა იყოს. სწორედ ამ სირთულეებისა და წინააღმდეგობების გავალისწინებით პარტიის ყრილობის საკითხი ძირეულად აღარ განხილულა და სრულიად მოულოდნელად პარტიის მხარდამჭერების მხრიდან სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების განხილვა დაწყებულა.
ამ მომენტში პოლიტსაბჭოს სხდომა დაუტოვებია ლევან ვარშალომიძეს, რომელსაც უთქვამს, რომ დისკუსიაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავდა, არ მიიჩნევდა საჭიროდ, რომ თუნდაც რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე მყოფი პარტიის მხარდამჭერების მოსაზრებებს უნდა გამიჯვნოდა. პოლიტსაბჭოს სხდომა ასევე დაუტოვებია დათო კირკიტაძეს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს ცალკეულ წევრებს განსაკუთრებული აგრესია თავისუფალი ზონის იმ წევრების სტატუსების გამო ჰქონიათ, რომლებიც აქტიურად იცავდნენ მიშა სააკაშვილს და ბოკერიას ჯგუფს აკრიტიკებდნენ, წინადადებაც კი დაუყენებიათ, ამ ეტაპზე მხოლოდ გაკიცხვით შემოფარგლულიყვნენ, თუ პარტიიდანაც გაერიცხათ განსხვავებული აზრის მხარდამჭერები. საბოლოოდ, სიტუაციის გამწვავებას მორიდებიან და ისევ განცხადების ტექსტზე შეთანხმებულან, რომელიც გოკა გაბაშვილს შეუდგენია და რომელიც თავისი პათოსით ძალიან ჰგავს კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს დადგენილებას.
დუღილის პროცესი პარტიაში ამით არ დასრულებულა _ საბოლოოდ, ენმ-მ რაიონული ოფისების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ელენე ხოშტარია არ დასთანხმებია, რომელსაც უთქვამს, რომ ვაკეში მისი ოფისის ფუნქციონირებისთვის საჭირო სახსრებს თავად მოიზიდავს და ადგილობრივი არჩევნების წინ საკუთარ ამომრჩეველს არ დაემალება. სხვა პარტიული ოფისები უსახსრობის მოტივით იხურება, მაგრამ აქტიური მუშაობა ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან მიმდინარეობს იმისთვის, რომ მათი მხარდაჭერა სწორედ ბოკერიას დაჯგუფებამ მოიპოვოს. ენმ-ს რაიონულ ორგანიზაციებთან მუშაობა და თავმჯდომარეების გადაბირება კი სწორედ ნიკა მელიას დაევალა.
წარმოუდგენელია, „ნაციოანლურ მოძრაობაში“ არ ესმოდათ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სულ ერთია, რამდენი კაცით იქნება წარმოდგენილი პარტია საქართველოს პარლამენტში, მისი მთავარი საზრუნავი მიხეილ სააკაშვილია. ვინ, ვინ და სწორედ ივანიშვილს ესმის ყველაზე უკეთ, რომ სააკაშვილი მისი ხელისუფლებისთვის საფრთხეა. ეს ესმოდა 2013 წელსაც, როცა მან ამერიკელებისთვის მიცემული პირობა დაარღვია. პირობა კი ასეთი იყო: არ უნდა დაწყებულიყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამართლებრივი დევნა, მას საქართველოში თავისუფლად ჩამოსვლის საშუალება უნდა ჰქონოდა, მაგრამ ივანიშვილის დავალებით მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღძრა და გამოძიებაც დაიწყო, თუმცა ის, რაც ივანიშვილმა ვერ გათვალა, სააკაშვილის თანაგუნდელების ერთიანობა აღმოჩნდა. მან მიუხედავად გულუხვი დაპირებებისა, ვერ მოახერხა ამ წინააღმდეგობრივი ერთიანობის დარღვევა, არც ერთმა მთავარმა ფიგურამ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა, პროკურატურამ ვერ მიაგნო სააკაშვილის ანგარიშებს და იქ გადამალულ ფულს, ვერ დაამტკიცა მისი უშუალო მონაწილეობა კორუფციულ სქემებში და საბოლოოდ, ეს სამართლებრივი დევნა ერთ დიდ კომედიად იქცა, 5 პიჯაკისა და ერთი ქიშმირის პალტოს ყბადაღებულ სასამართლო პროცესად, რომელიც როდის დასრულდება, კაცმა არ იცის, როგორც ამავე პროცესებზე გაირკვა, დაცვის სპეციალურ სამსახურს ანალოგიური ხარჯები ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროსაც აქვს გაწეული და ამავე ფორმულირებით. ასევე წარმატებით შეიძლება დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელი უფროსის, ანზორ ჩუბინიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება.
დაპირებები ივანიშვილის ხელისუფლებას არც ფინანსურ ნაწილში შეუსრულებია, ირაკლი ღარიბაშვილისა და გიგი უგულავას პარტიულ მოლაპარაკებებზე შეთანხმებული არც ერთი საკითხი არ შესრულდა, მეტიც, საბოლოოდ, ადგილობრივი არჩევნების წინ გიგი უგულავა სწორედ შტაბის უფროსის რანგში დააკავეს. ამ დაკავების მიუხედავად, ენმ „ქართული ოცნების“ თამაშის წესებს დაჰყვა და ბოიკოტის მაგივრად თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, რაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ნიკა მელიას მარცხით დასრულდა.
შეუძლებელია, ამ დეტალებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიპები არ ფიქრობდნენ. შეუძლებელია, მათ არ ესმოდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი შეთანხმების პირობებს არც ახლა დაიცავს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა უჭირავს ხელში. განხეთქილება ენმ-ში ბიძინა ივანიშვილისთვის წარმოუდგენელი კომფორტია. იმედია, ორივე მხარეს ეყოფა იმის გონიერება, რომ საჯარო სივრცეში დაპირისპირებაზე უარი თქვას და ყველა პრობლემური საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვიტოს.
ელისო კილაძე