ბოლო 10 თვის მონაცემები: ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 13 მოკლული ქალი!

ii0

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, ოჯახური ძალადობის პირობებში, 13 ქალი მოკლეს, ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი კი კვლავ მაღალია. პოლიციამ 2000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა დაცვის ღონისძიება. უჩა ნანუაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ გასულ წლებთან შედარებით ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა შესაძლო რისკების პრევენციისა და თითოეულ შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.

 

„ჩვენი შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხშირად ძალადობის განმეორების რისკი არ ფასდება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა არ მუშავდება.

 

არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის საქმეთა შესწავლისას გათვალისწინებულ იქნას ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული ვითარება და ყველა შემთხვევაზე ქმედითი ღონისძიებები გატარდეს“, _ ამბობს ნანუაშვილი. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, ხელი შეუწყოს და დააჩქაროს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებზე ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირება. ასევე, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ფემიციდის დეფინიცია განისაზღვროს, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობა.

 

 

 

ამ თემაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი:

 

_ უმძიმესი რეალობის წინაშე ვდგავართ. ადამიანის უფლებების დაცვაში მსოფლიო ძალიან შორს წავიდა და ჩვენ ოჯახურ ძალადობას ვერ გავცდით. საინტერესოა ამ ყველაფრის წინაპირობები: ქალებთან დაკავშირებულ რამდენიმე პროექტში ვიყავი ჩართული, იურისტებთან ერთად ვმუშაობდით. აქ თავშივე ყველაზე ცუდია ქალის დამოკიდებულება ქორწინებისადმი. რასაკვირველია, პრობლემები აღზრდიდან მოდის, ცალსახად რელიგიიდან. _ ცოლებო, დაემორჩილეთ ქმრებს, _ შემდგომში ძალიან საგანგაში ფრაზა აღმოჩნდა. თითქოს ეს პოზიცია მამაკაცებისთვის წამახალისებელიც კი გახდა. მე არ ვიცი, საერთოდ, მორჩილებაზე რატომ უნდა ვილაპარაკოთ? სხვაგან შეიძლება ყველაფერი განსხვავებულად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენთან განათლების მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა, ზოგადი განვითარება კრიტიკულ დონეზეა, ცნობიერების განვითარებაზე საერთოდ არ ვსაუბრობ, _ შუა საუკუნეებია.

 

ეს ძალადობრივი გამოვლინებები ამ ფონზე ხდება. ტრადიციებიდანაც გამომდინარე ამ ყველაფრის საგანგაშოდ წახალისება მიმდინარეობს.

 

მოკლედ, ფესვები აუცილებლად აღზრდაში უნდა ვეძებოთ; სოციუმის ქალისადმი დამოკიდებულებაში, ასევე რელიგიაში და ახალი თაობის სხვანაირად აღზრდა უნდა დავიწყოთ. ჩვენს ქალებს უნდა ჩავუნერგოთ, რომ მათ აბსოლუტური უფლება აქვთ, დამოუკიდებელი ცხოვრება ჰქონდეთ; რომ ქორწინება არ არის სავალდებულო და თუ მაინც ეს სურს (ოჯახის ფენომენი ისეთია, ვერავინ შეეხება), ქალმა უნდა იცოდეს თავისი უფლებები და მისი რეალიზაცია. ასევე ქალის მშობლები სწორედ იმ ტრადიციებიდან გამომდინარე ძალიან ბევრ რამეზე ყურს იყრუებენ. როდესაც გამოკითხვას ვატარებდით, ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ უამრავი ქალი ამართლებს თავის ასეთ მდგომარეობას, ამბობს, რომ დიახ, ის ქმარია და ყველაფრის უფლება აქვს… ამას კიდევ ერთი ფაქტორი ძალიან უწყობს ხელს, რომ ქალებს საკუთარი პროფესია არ გააჩნიათ. ახლა რაღაცას ყველა ამთავრებს და გარკვეული წარმოშობის დიპლომი, ლამის, ყველას აქვს, მაგრამ არ არსებობს სათანადო მოტივაცია. თავიდანვე ისე ზრდიან, რომ შენ მთავარია, გათხოვდე და ეს სარფიანად გააკეთო. ცუდ რამეს ვიტყვი, _ თვითონაც ეძებენ ხოლმე, ასე ვთქვათ, უშრომელ, უზრუნველ ცხოვრებას. როგორც ფსიქოლოგი უამრავ ქალთან ვმუშაობ და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი დამოკიდებულება რეალურად არსებობს. მოკლედ, პრობლემის თავი და თავი ჩვენს გონებაში, ფსიქიკაშია, დანარჩენი უკვე ამ ყველაფრის სავალალო შედეგია. ეს თავისთავად ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა და წარმოაჩენს ჩვენი, როგოც ერის, საზოგადოების განუვითარებლობას.

 

_ ამ რეალობაზე ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი ხომ არ მოქმედებს?

 

_ რასაკვირველია, ცალსახად მოქმედებს. ქალს (უკვე შემდგომში შვილებთან დარჩენით) საშუალება არ აქვს, წავიდეს და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს. მოგეხსენებათ, ჩვენი საშუალო ხელფასით გამორიცხულია, ბინაც გქონდეს და ბავშვებიც უზრუნველყო… თვითონ კანონიც კაბალურია. მთელ ევროპაში ნებისმიერი კანონი ქალზე მუშაობს, საქართველოში, რატომღაც, ყველაფერი ქალის საწინააღმდეგოდაა. მეგობარი ადვოკატი მყავს და ახლახან მიყვებოდა, _ სარჩელს განიხილავდა, სადაც ქმარი და დედამთილი რძალსა და სამ შვილს, უბრალოდ, სახლიდან ყრიან. ისინი მართლაც ქუჩაში გაუშვეს და ქალმა სასამართლოს გზით შედეგს ვერ მიაღწია. იმ საერთო სახლიდან ვერაფერი წამოიღო და საგანგაშო პირობებში ცხოვრობენ.

 

სამწუხაროდ, კანონი არ გვიცავს და სოციალურ-ეკონომიკური ფონიც საშინელია. ასეთ ვითარებაში საქართველოში ქალისთვის ცხოვრება ურთულესია. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი, მებრძოლი და შემდგარი ადამიანი ვარ (არ გახლავართ ის ქალი, რომელიც რაღაცაზე უკან იხევს), აქ ცხოვრება ძალიან მძიმეა _ ბევრ რამეს უნდა ებრძოლო, რომ თავისუფლება მოიპოვო. უნდა ებრძოლო ტრადიციებს, სტერეოტიპებს, _ ოჯახიდან დაწყებული, მეზობლებით, ნათესავებით, სოციუმით, დამთავრებული… ამ ბიუროკრატიას პირდაპირ ეჯახები, _ მუშაობ, სწავლობ, მაგრამ შედეგი ნაკლებია. კარიერასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ვინც ჩემთან ინდივიდუალურად დადის, ხშირად ნევროზული ფონი  სწორედ სახლში ჯდომის ნიადაგზე ჩამოუყალიბდა. ყველას ერთნაირად ცხოვრება არ შეუძლია. ზოგში დიდი ენერგია და ტემპერამენტია, მას აქტიური ცხოვრება სჭირდება. ზოგს ქმარი არ უშვებს, უბრალოდ, საშუალებას არ აძლევს, რომ გავიდეს და იმუშაოს. ქალებს ვასწავლი, რომ მათ წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ. ვუხსნი, რომ ლოდინი, რომ ვიღაც ზეციდან მოვა და თავისუფლებასა და ბედნიერებას მოგანიჭებს, ასეთი რამ დედამიწაზე არ არსებობს, რომ შენი ცხოვრებისთვის თვითონვე უნდა იბრძოლო. ზოგს უკვე ორი და სამი შვილი ჰყავს, გვიან აღმოჩნდნენ ასეთ მდგომარეობაში, გვიან გააცნობიერეს თავიანთი სავალალო ხვედრი. ამ დროს მასზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდება. სამწუხაროდ, მათ ეკონომიკური მხარე, ელემენტარული დასაყრდენი ბაზა არ გააჩნიათ. სახელმწიფოს მარტოხელა დედებზე პროგრამები არ აქვს. თუ სადმე მსგავსი ხდება, იქაც იმდენი ბიუროკრატიაა, რომ საუბრის დონეზე რჩება ყველაფერი, შედეგი უმნიშვნელოა. ცალსახაა, _ ჩვენთან სახელმწიფო ქალს არ იცავს.

 

_ რა იწვევს ამას?

 

_ პატრიარქალური სახელმწიფოა. სათავეშიც ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი. ჩინოვნიკები უფრო მამაკაცები არიან. როდესაც ამ კანონებს ადგენდნენ, ვერ გეტყვით, რას ითვალისწინებდნენ. რაღაც ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ და ყველამ იცის, რა ხდება გერმანიაში, საფრანგეთში… ასევე ისრაელში ნახეთ, რა კანონებია, რომ ქალმა შვილებთან ერთად დამოუკიდებლად შეძლოს ცხოვრება. მივმართავ იურისტებს: რატომ არავის სურს აქ ქალების ულებების რეალური დაცვა, როდესაც ეს თემა საუბრებს არ სცდება? არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამ მხრივ რელიგიის პოზიციაც საგანგაშოა, რომელიც ყოველთვის ცალსახად მამაკაცის მხარეს იჭერს. ალბათ, ეს ყველაფერი პატრიარქალური აზროვნებიდან მოდის… ვინც ამ კანონებს წერს, ისიც ჩვენივე სოციუმიდან არის გამოსული, აქ მაღალი ცივილიზაციიდან არ ჩამოდიან და მოქმედ კანონებს ისინი არ გვიქმნიან. სავარაუდოდ, იმ სტერეოტიპებსა და ტრადიციებს არგებენ, რაც ჩვენთან გაბატონებულია. საერთოდ, ყველა ქვეყანა, რომელიც ასე აპელირებს ტრადიციაზე, რელიგიაზე პატრიარქალურია, იქ ქალი ყველგან დაჩაგრულია. გადახედეთ მუსლიმურ ქვეყნებს და თქვენ ნახავთ, იქ ქალისთვის რა საგანგაშო ვითარებაა, საერთოდ არსებობას ვგულისხმობ.

 

_ თქვენთან აუდიენციაზე მოსულები, ძირითადად, რა გამოწვევებზე ამახვილებენ ყურადღებას?

 

_ ფსიქიკური დარღვევა უამრავია, მაგრამ ბევრი შემთხვევა მაქვს ქალებთან, რომლებსაც უშუალოდ მეუღლეები ავიწროებენ. ისეთი შემთხვევებიც კი მქონია, როდესაც ადამიანი თავის ისტორიას ყვება და ხვდები, რომ ის მამაკაცისთვის რაღაც ეგზოტიკური ნივთია, რომელთანაც ის ცხოვრობს: არის შვილების მომვლელი, ოჯახში მხოლოდ და მხოლოდ მოსამსახურის ფუნქციები აქვს და მისთ. ისეთი პაციენტიც მყოლია (თითქოს განათლებული ცოლ-ქმარია), რომელმაც მითხრა, _ ჩაცმის უფლებაც კი არ მაქვს ისე, როგორც მე მინდა, სხვანაირად გარეთ ვერ გავალო. არ ვიცი, ეს უკვე სრული კატასტროფაა. ასეთი მეთოდებით, ძირითადად, ქალის ნებელობა, ასევე მისი შემოქმედებითი ენერგია ითრგუნება და ეს ყველაფერი ნევროზის სახით უბრუნდება მას, ანუ ქალები ძალიან სერიოზულად არიან (ფსიქოლოგიურად) მამაკაცებზე დამოკიდებული.

 

უმეტეს შემთხვევაში ამ სურათს ეკონომიკური მხარე განაპირობებს, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ეს მხარე არაფერ შუაშია; რაღაც აღზრდა, ტრადიცია თუ სტერეოტიპები, რაც ჩაუნერგეს, ქალს იმის საშუალებას არ აძლევს, რომ ხმა ამოიღოს და თავისი უფლებებისთვის იბრძოლოს. ეს დანაშულად მიაჩნია, რადგანაც საკუთარი დედ-მამა, და-ძმა და ა. შ. არ მოუწონებს, ამიტომ მთლიანად დამოკიდებულია და ამ მდგომარეობიდან ვერაფრით გამოდის. გაგეცინებათ და ხანდახან იმის ახსნაც მჭირდება, რომ შენ ხარ ადამიანი, შენ ხარ თავისუფალი ადამიანი, რომ ისეთივე უფლებები გაქვს, როგორიც ყველას. რომ შენ დაიბადე მარტო, მოკვდები მარტო, რომ ფსიქიკის სტრუქტურა შენთვისაც და მამაკაცისთვისაც იგივეა, _ ახლა წამოიდგინეთ, რა სავალალო მდგომარეობას ვაწყდები ხოლმე. ქალი, რომელიც თითქოს ბავშვობიდან დაჩაგრულია, დათრგუნულია და ვერც კი ბედავს და ფიქრობს, _ ვაიმე, რამეს ხომ არ ჩავდივარ, რამეს ხომ არ ვაშავებო, ამაზე იტანჯება, როდესაც საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას იწყებს.

 

პრობლემა ფსიქიკიდან მოდის. ამიტომ ვამბობ, რომ საჭირო პროგრამები სკოლიდანვე უნდა ჩავრთოთ. უნდა იყოს ტრენინგები, რომ პატარა გოგონები მოტივირებულები გავხადოთ სწავლაზე, განათლებაზე და არა ნაადრევ ქორწინებასა და შვილებზე, როცა აბსოლუტურად აღარ გაქვს იმის დრო, რომ რაღაც ფასეული შექმნა. უკვე მიჯაჭვული ხარ, როგორც მონა, თუნდაც იმიტომ, რომ წასასვლელი აღარსად გაქვს. პროფესია კი გაქვს, მაგრამ იმ პროფესიაში რა უნდა გააკეთო, ისიც აღარ იცი.

 

_ ამგვარი მდგომარეობა ოჯახზე როგორ აისახება?

 

_ ძალიან ცუდად. ასეთ ოჯახებში გაზრდილი ბავშვებიც პრობლემურები ხდებიან. ისინიც თავისებურად სტერეოტიპებითა და კომპლექსებით დამძიმებული ხდებიან. ერთი ქალბატონი მიყვებოდა: იმის გამო, რომ თვითონ განერვიულებულია, ვეღარ ამყარებს ბავშვებთან ურთიერთობებს, სულ ყვირის, ჩხუბზეა მომართული და ამით ბავშვებიც ძალიან ითრგუნებიან. მერე უკვე ჰგონიათ, რომ მას რაღაც სჭირს, რომ აი, შენ უკვე ავად ხარ და ა. შ. ეს ქალს ორმაგად თრგუნავს, ის ნერვებს ვეღარ იკავებს, ვერავისთან ახერხებს ემოციის გამოტანას და შვილებზე ძალადობს. რასაკვირველია, ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვი ასევე ვეღარ ახერხებს ნორმალურად ურთიერთქმედებას. ყველა ერთნაირად ძლიერი და მოტივირებული არ იბადება. ისინი ითრგუნებიან, იკეტებიან და ცდილობენ, ამ სახლებიდან თვითონაც გაიქცნენ. ნაარდევი ქორწინების უმრავლესობისას, როდესაც იკვლევ, თუ რატომ დაქორწინდნენ 17-18 წლის ასაკში, გიყვებიან, რომ ძალიან მძიმე სიტუაცია ჰქონდათ; რომ მამა დედაზე ძალადობდა, ხოლო მას ამის ყურება არ შეეძლო; პირველივე შემხვედრს ცოლად გაჰყვა და იგივე დრამა და სცენარი განმეორდა. აი, ხომ ხედავთ, როგორ ჯაჭვურ რეაქციას იწვევს ეს ყველაფერი. ამიტომ მივიჩნევ, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება, სადღაც უნდა გავჩერდეთ. პოლიტიკოსები, არაპოლიტიკოსები, სასულიერო პირები, მოაზროვნეები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები, ექიმები, მასწავლებლები უნდა გავერთიანდეთ ამ საქმეში. მით უმეტეს, როცა ჩვენს ყოფაში ამ ყველაფერს ასეთი საზარელი მკვლელობების სახე მიეცა. ხშირად პატრულის ჩარევაც საპირისპირო შედეგის მომტანი ხდება. ერთი ადვოკატი ქალბატონის მონაყოლს მეუბნებოდა: როდესაც ოჯახურ ძალადობაზე პატრული გამოვიძახე, მისი მხრიდან ცინიკური დამოკიდებულება იყოო; ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ მას მამაკაცის მხარე ეჭირა, რადგან თვითონვე ამბობდა, რომ მეც ცოლი მყავს და რას ჰქვია, ასე გავაკეთეო. მაგრამ ყველგან ხომ ჩვენი სოციუმიდან გამოსული ადამიანები მუშაობენ? ყველა სფეროში პატრიარქალური აზროვნებაა გაბატონებული და ის, ვინც რეალურად ქალს უნდა იცავდეს, საბოლოო ჯამში, უნებლიეთ მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს.

 

_ გამოსავალი სად არის, სად უნდა გავჩერდეთ და ადეკვატური ნაბიჯები სად უნდა გადავდგათ?

 

_ პირველ რიგში, პატრიარქალურ დამოკიდებულებაზე უნდა გავჩერდეთ, ჩვენს რელიგიაში მუდმივ ხაზგასმაზე მამაკაცის უფლებებთან დაკავშირებით; ბავშვების აღზრდა სკოლიდან უნდა დავიწყოთ… ახლა, სხვათა შორის, ძალიან საინტერესო პროექტში ვარ ჩართული, ეს არის ლიკა ყაზბეგის „წარმატებული ქალი პოდიუმზე“, ძალიან წამახალისებელი ღონისძიებაა (თავისებურად ლამაზი შოუა და შემდგარ ქალებს გულისხმობს, რომლებიც გამოდიან და სხვადასხვა ტანსაცმელს აჩვენებენ). ესეც ერთგვარი სტიმულია, რომ ვიღაცამ შეგხედოს, მოუნდეს, რომ ისიც ასევე წარმატებული, შემდგარი იყოს. ჩვენს ბავშვებს უნდა ვაჩვენოთ, თუ რამდენი შეუძლია ქალს. უნდა მოვუყვეთ ცნობილი, წარმატებული ქალბატონების ბიოგრაფიები, ამ მონაკვეთების სასკოლო პროგრამებში შეტანაც კი შეიძლება. როგორ და რამდენი იშრომეს ცნობილმა და წარმატებულმა ქალებმა, რომ თავი დაეღწიათ ჩაგვრისგან და წარმატებისთვის მიეღწიათ, როგორ გადალახეს ეს ბარიერები და ა. შ. განათლებაში რესურების ჩადება გვჭირდება. ოჯახებიც უნდა დაფიქრდეს, რისთვის სწირავენ საკუთარ შვილებს, რატომ უნდა გაწირო შვილი იმისთვის, რომ ვიღაცის ოჯახში წავიდეს და შემდგომში სულ დათრგუნვილი იყოს?! ამიტომ ძალიან ბევრი საუბარი, ლექცია და ტრენინგი გვჭირდება. შემდგომში ოჯახებსაც უფრო წარმატებულად შექმნიან, ღალატიც ნაკლები იქნება და _ ერთმანეთის მიმართ მეტ პატივისცემას გამოიჩენენ. ჩვენ ამ გზით გაცილებით ჯანსაღი თაობაც გვეყოლება. შეხედავენ, რომ დედა სადღაც დათრგუნული კუთხეში კი არ ზის, არამედ ის ძლიერი ქალია, გნებავთ, დიასახლისი, მაგრამ აბსოლუტურად იცის საკუთარი უფლებები და ასევე ლაღად ზრდის საკუთარ შვილებს.

 

 

 

     გელა მამულაშვილი