ბექა წიქარიშვილი: „საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა პრობლემური მომხმარებლების რაოდენობით“

„საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა“ პარლამენტის წევრების მიერ ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას ეხმაურება და ამ პროცესის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს:

„თანამშრომლობის ფორმატმა შესაძლებლობა მოგვცა შექმნილიყო კანონპროექტი, რომელიც სრულფასოვნად პასუხობს იმ სისტემურ პრობლემებს, რომელიც არსებობს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. კანონპროექტი ეხმიანება სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების გაძლიერების საჭიროებას, ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკის დანერგვის საკითხს, ასევე აქცენტს აკეთებს უფლებების შემზღუდავი სამართლებრივი მექანიზმების სამართლიან ჩარჩოებში მოქცევაზე. პლატფორმის შეფასებით, რეფორმის მიმართ სწორედ ასეთი დაბალანსებული და გონივრული მიდგომა უნდა გახდეს პარლამენტსა და საზოგადოებაში კანონპროექტის მხარდაჭერის საფუძველი.

„ნულოვანი ტოლერანტობის“ პირობებში წარმოებული ნარკოპოლიტიკა სრულად ორიენტირდებოდა ადამიანების დასჯასა და იზოლაციაზე, რამაც, საბოლოო ჯამში, უკიდურესად დააზიანა ათეულ-ათასობით მოქალაქის და მათი ოჯახის წევრების სოციალურ-ეკონომიკური პირობები და დაამძიმა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნარკოპოლიტიკა ადამიანებთან ბრძოლისა და ტოტალური საპოლიციო კონტროლის ინსტრუმენტად აქცია.

აღნიშნული პოლიტიკა განსხვავებული ინტენსიობით დღესაც მოქმედებს და კვლავაც არაერთ მსხვერპლს ქმნის დემურ სტურუას, ლევან აბზიანიძისა და სხვათა სახით. ჯერ კიდევ ათასობით პატიმარი სრულიად უსამართლო და არაპროპორციულ სასჯელს იხდის პირადი მოხმარების მიზნით უმცირესი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის გამო. ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოლოდინში არიან.

გასათვალისწინებელია, რომ მრავალწლიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, ქვეყანაში პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობა სტაბილურად მზარდია, „ნარკო სცენაზე“ კი მუდმივად ჩნდება ახალ-ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც უფრო მაღალი რისკებით ხასიათდება. ასევე არაეფექტიანია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და რეაბილიტაციის სერვისები. ეს კი მიანიშნებს, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკა მიზანს ვერ აღწევს და შესაცვლელია.

ამ ვითარებაში ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა პარლამენტის მხრიდან იქნება ჰუმანური აქტი და ნაბიჯი სამართლიანი საკანონმდებლო გარემოს შესაქმნელად ქვყანაში. პლატფორმა იმედს გამოთქვამს, რომ კანონპროექტი სრულყოფილი სახით იქნება გაზიარებული პარლამენტის მხრიდან და მიღების პროცესში არ მოხდება მისი რომელიმე მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერაზე უარის თქმა. პლატფორმა გამოთქვამს მზადყოფნას, გააგძრელოს ამ პროცესის მხარაჭერა და მუშაობა არსებული ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებისთვის“, _ აღნიშნულია განცხადებაში.

 

„ქრონიკა+“ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტს, ბექა წიქარიშვილს ესაუბრება:

_ კანონმდებლობაში ძალიან ბევრი ხარვეზია. მაგალითად, ეს ე. წ. ოდენობების არარსებობაა. არის ნარკოტიკული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობა. ეს დაყოფა სასჯელებში არსებობს, მაგრამ დღევანდელი კანონმდებლობა, ფაქტობრივად, არ განსაზღვრავს, მაინც რამდენია ეს მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა.

რამდენად უმცირესიც არ უნდა გქონდეს ნარკოტიკული ნივთიერება (რომელიც თრობასაც არ შეიძლება იწვევდეს), ასეთ შემთხვევაშიც კი ხშირად ადამიანებს 5-დან 8-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ჩვენი კანონმდებლობით სანქციები, სასჯელები არაადეკვატურია და საკანონმდებლო ინიციატივით მათი დაბლა ჩამოწევა, სასჯელების ლიბერალიზაცია ხდება. მეორე მხრივ, ოდენობები აუცილებლად უნდა განისაზღვროს, ანუ ამა თუ იმ ნივთიერებების რა მაჩვენებელზე რა სასჯელი იქნება გათვალისწინებული.

რეალურად, ეს კანონმდებლობის ხარვეზებია, მაგრამ კანონპროექტის მთავარი სულისკვეთება ის არის, რომ მომხმარებელთა დასჯის მიდგომებიდან უფრო ზრუნვის, ჯანდაცვის მიდგომებზე გადავიდეთ. მანამდე, სახეზეა საპოლიციო მიდგომები, დევნა და ა. შ. ამ შემთხვევაში, ისედაც მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების დევნისა და მათი ციხეში ჩასმის მაგივრად, ახალმა კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ისინი სამკურნალო დაწესებულებებში მოხვდნენ.

ანუ საკანონმდებლო ცვლილებების მთელი არსი საპოლიციო მიდგომის ჯანდაცვის მიდგომით შეცვლაა.

_ კანონპროექტის ავტორებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

_ კანონპროექტი ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ მოამზადა, რომელშიც 40-მდე ორგანიზაცია არის გაერთიანებული. ასევე არიან ექსპერტები, ნარკოლოგები, თემის წარმომადგენლები, დიდი ხნის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ადამიანები, სერვისის მიმწოდებლები და ა. შ. პლატფორმაში ადამიანების დიდი ჯგუფი სწორედ ამ მიზნით გაერთიანდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის მიგვეღწია. პლატფორმის ფარგლებში გავლის შემდეგ კანონპროექტი დამატებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად მომზადდა და უშუალო ინიციატორი, ამ ეტაპზე, 5 პარლამენტარია, მათ შორის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეა.

_ საკანონმდებლო ინიციატივა ლიბერალიზაციის რომელ კომპონენტებს ითვალისწინებს?

_ ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ და ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება აქვს პორტუგალიას. ამ ქვეყანამ მოახერხა, რომ ბოლო პერიოდში მოხმარებით გამოწვეული ინფექციები შეემცირებინა; შეემცირებინა სიკვდილიანობა, რაც ასევე მოხმარებით არის გამოწვეული, ასევე ზედოზირების რისკები და ა. შ., ანუ პორტუგალიას ჯანდაცვის მიმართულებით ერთ-ერთი სწორი გადასვლა ჰქონდა, ამიტომ რაღაც ნაწილი მათგან ავიღეთ.

მაგალითად, როცა ადამიანი საკუთარ დოზა ნივთიერებას ფლობს, ეს სისხლის სამართლით დასჯადი აღარ იქნება. ამის შემდეგ, თუკი მცირე ოდენობიდან მაჩვენებელი ზემოთ ადის, უკვე სისხლის სამართალი იწყება და დიდ ოდენობებზე სანქციებიც უფრო მკაცრია.

სისხლის სამართლის საწყისი ოდენობა უკვე ჯარიმითა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დასჯადია. დიდი ოდენობა ისჯება უკვე ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით (კანონპროექტის მიხედვით, შეთავაზებული ვერსიით), ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდებობა 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მაგრამ აქ მხოლოდ პირად მოხმარებაზე ვსაუბრობთ, ანუ პირადი მოხმარების მიზნით ფლობაზე და არა გასაღებაზე. ბუნებრივია, რომ გასაღებაზე სანქცია ძალიან მკაცრი იქნება და პოლიტიკა შენარჩუნდება.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მომხმარებელი, ადამიანი, რომელსაც სახელმწიფოსგან რაღაც სახის დახმარება და სერვისი სჭირდება, ციხეში კი არ იდევნებოდეს, არამედ ეს სახელმწიფო სერვისები განვითარდება და ადამიანები აღნიშნულ მომსახურებაში ჩაერთვებიან.

სწორედ ამისთვის, როდესაც ადამიანი თავის დოზა ნივთიერებას ფლობს, ეს სისხლის სამართლებრივად, ანუ ციხით დასჯადი ქმედება არ უნდა იყოს, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ პოლიციას მასთან შეხება აღარ ექნება. ის ადმინისტრაციულად დაისჯება და ამის თეორიული შანსი არსებობს.

რაც ჩვენს კანონპროექტში ყველაზე მთავარია, იქმნება შეფასებისა და გადამისამართების კომისია, ეს ასპექტი ცალკე რომ გამოვყოთ. აღნიშნული კომისია ოთხი წევრისგან შედგება: ნარკოლოგი, ფსიქოლოგი, იურისტი და სოციალური მუშაკი. და როდესაც პოლიცია პიროვნებას ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე აკავებს, ციხის მაგივრად სწორედ ამ კომისიაში ამისამართებს. კომისიაში ამ ადამიანს აფასებენ, თუ რა სახის დამოკიდებულება აქვს ნარკოტიკულ ნივთიერებასთან და, შესაბამისად, სერვისებში ჩართვას სთავაზობენ.

დღევანდელი ნარკოპოლიტიკისგან განსხვავებით, სადაც ყველა ადამიანის მიმართ ერთი და იგივე მიდგომას ვატარებთ (არ ვასხვავებთ, დამოკიდებულება აქვს თუ, უბრალოდ, ე. წ. რეკრეაციული მომხმარებელია, იშვიათად მოიხმარს, თუ ყოველდღიური დამოკიდებულება აქვს, ყველას ერთნაირად ციხეში ვუშვებთ), ამის ნაცვლად ადამიანები კომისიის მეოხებით (კონკრეტული საჭიროების მიხედვით) შესაბამის სერვისებში ჩაერთვებიან, იქნება ეს ზიანის შემცირების პროგრამა, ჩანაცვლების პროგრამა თუ სხვ.

_ ინიციატივის ფარგლებში რომელ ნარკოსაშუალებებზე არის გათვალისწინებული ლიბერალიზაცია?

_ ჩვენთან დღეს, ძირითადად, ათამდე ნარკოტიკული ნივთიერებაა (ანუ რასაც მოიხმარენ) და, პრინციპში, ყველა მათგანზე ეს მცირე რაოდენობა ადეკვატურად განისაზღვრება.

ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნარკოტრანზიტის, ან ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის წახალისება ხდება. პირიქით, კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ როცა პოლიციას საქმე მომხმარებელთან აღარ ექნება და ამ ადამიანების დევნისგან დიდი რესურსი გამოთავისუფლდება, ეს რესურსი სწორედ გამსაღებლებსა და დიდ ნარკოტრანზიტზე მუშაობაზე უნდა მიემართოს, იმის ნაცვლად, რაც დღეს ხდება, როდესაც უდანაშაულო მომხმარებლებს დასდევენ, ნარკოლოგიურიდან ნარკოლოგიურში გადაჰყავთ და პოლიცია მთელ რესურსს ამაში ხარჯავს.

მოკლედ, კანონპროექტით უზრუნველყოფილი იქნება პოლიციის რესურსის გამოთავისუფლება, რაც ნარკოტრაფიკსა და დიდ ვაჭრობებს, იგივე ამ მიმართულებით საზღვრის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს.

_ ნარკოდამოკიდებულებთან მიმართებით მთლიანობაში რა შედეგებს ველოდებით?

_ ჩვენ, პლატფორმა, სახელმწიფოს ვთვაზობთ სერვისების გარდამავალ გეგმას. ეს ჯანდაცვის სერვისების გარდამავალი გეგმაა და ვფიქრობთ, რომ კანონპროექტი შეიძლება არა პირდაპირ, არამედ დათქმით მივიღოთ. ანუ კანონი მივიღოთ და პარალელურად ინფრასტრუქტურის გამართვის სამუშაოები წარიმართოს, იგივე სამედიცინო, სამკურნალო დაწესებულებებზე და ა. შ. იმისთვის, რომ მზად დავუხვდეთ ცვლილებებს, იმ ადამიანებს, ვინც ლიბერალიზაციის ფარგლებში საპატიმროებიდან გარეთ გამოვლენ.

მოლოდინი გვაქვს, რომ ამ კანონპროექტის გატარებით, ჯერ ერთი, შემცირდება პრობლემური ნარკომომხმარებლების რაოდენობა, შემცირდება და დაიკლებს, სწორედ ინექციასთან დაკავშირებული ინფექციები. აქ საუბარია როგორც ჰეპატიტებზე, ასევე აივ შიდსზე.

და, რასაკვირველია, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ოჯახები ამოისუნთქავენ ამ საპროცესო გარიგებების შედეგად ჯარიმებისგან და გაუბედურებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისგან.

ვიცით, რომ დღეს ძალიან ბევრ ოჯახს ჩადებული აქვს სახლი, საპროცესო შეთანხმებებში ხარჯავენ უამრავ ფულს და ა. შ.

_ რას ელოდებით, პარლამენტში როგორ განვითარდება პროცესები?

_ რთული სათქმელია, გვყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ სწორი, საღი აზრი გაიმარჯვებს. ამ ცვლილებების მიღწევამდე მხარეებს შორის გარკვეული შეთანხმება უკვე არსებობს და ეს მმართველი პარტიის პროგრამაშიც აისახა, მათ შორის, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

შესაბამისად, ისინი ვალდებულიც კი არიან, რომ ნაბიჯები წინ გადადგან. მეორე მხრივ, ერთ-ერთი საფრთხეა, რომ კანონპროექტი ისეთი სახით არ გავიდეს, როგორადაც წარმოდგენილია. არადა, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი სახით საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია არ დაიჩეხოს და რაღაც ფრაგმენტული ცვლილებები არ მივიღოთ.

ჩვენ რეფორმა გვჭირდება და არა უბრალოდ საკანონმდებლო ცვლილება. არ დაგვავიწყდეს, რომ ვართ ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა პრობლემური მომხმარებლების რაოდენობით. ჩვენ თუ აქ რეფორმა არ გავატარეთ, შეიძლება ითქვას, ქვეყანა განგაშის პირასაა.

_ მმართველი პარტიიდან რა ძალები ეწინააღმდეგებიან რეფორმას?

_ ვიცით, რომ კონსერვატორებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ლიბერალიზაციას არ ეწინააღმდეგებიან, წინააღმდეგი არიან, რომ სისხლის სამართლის დანაშაულიდან მოხმარება ამოვარდეს. ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ ამ პერიოდში, მათ შორის, განხილვებზე, შეთანხმებას მივაღწევთ.

_ შსს-ს დამოკიდებულება როგორია?

_ პოლიცია, ტრადიციულად, მოწინააღმდეგე კონტრარგუმენტებით გამოდის. თუმცა განსაკუთრებული ხელშეშლა მათი მხრიდან, ჯერჯერობით, არ ყოფილა.

_ საპარლამენტო ოპოზიციის დამოკიდებულება როგორია?

_ მათი მოსაზრებებიც ვიცით, რომ მზად არიან, მხარი დაუჭირონ ლიბერალიზაციას, თუმცა იქაც, ოპოზიციაშიც ვერ იტყვი, რომ მთლად ერთიანი დამოკიდებულებაა.

_ თუ რეფორმა სათანადოდ არ გატარდა, პლატფორმის ფარგლებში რას აპირებთ?

_ ჩვენ, უპირველესად, სწორება იმისკენ გვაქვს, რომ მომხმარებლებისთვის გარკვეული სახის პროგრამები განვავითაროთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებასთან ერთად ამ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებში ჩაერთონ. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ადამიანების რესოციალიზაცია, სოციალურ ფონზე ფიქრი, რადგან ნარკოტიკის მოხმარებას, როგორც წესი, სოციალური მიზეზები იწვევს.

იმას ვგულისხმობ, რომ ხშირად ეს გამოწვეულია სიღარიბით, უმუშევრობით, იმით, რომ ამ ადამიანებს შესაბამისი განათლება არ აქვთ და ა. შ. ამ მიმართულებით მთელმა ქვეყანამ უნდა ვიფიქროთ და ვიმუშაოთ და არა მხოლოდ პლატფორმამ, _ ეს მთლიანად სახელმწიფოს ვალია.

აქ ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ მომხმარებლების მიმართ დახმარების გზით წავიდეთ და არა მათი დასჯის გზით. იმედი გვაქვს, რომ არ მოგვიწევს დიდი აქციების ჩატარება, კონფრონტაცია და ა. შ. თუმცა თუ სხვა გზა არ იქნება, თავს არც ამისგან შევიკავებთ.

 

გელა მამულაშვილი