ანა ბალამწარაშვილი: „ჩემი მიზანია, მოხუცებს ღირსეული სიბერე ჰქონდეთ“

საქართველო 27 წლის წინათ დატოვა, წავიდა ბელგიაში, გაიარა რთული, მაგრამ, ამავდროულად, ნაყოფიერი გზა… ზუსტად 6 თვეში მოქალაქეობა მიიღო და, შეიძლება ითქვას, ქართველი ემიგრანტი ანა ბალამწარაშვილი ბელგიის სრულფასოვანი ოჯახის წევრი გახდა.
გავიდა წლები, მიიღო გამოცდილება, ფინანსურად გაძლიერდა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, რათა ისეთი მადლიანი საქმე გაეკეთებინა, როგორიცაა მოხუც ადამიანებზე ზრუნვა-პატრონობა. ჩანაფიქრი რეალობად აქცია და ქალბატონმა ანამ ყვარლის მუნიციპალიტეტის ულამაზესს სოფელ გრემში თავის მეგობარ ირაკლი ხახუტაშვილთან ერთად მოხუცებულთა სახლი დააარსა.

„ქრონიკა+“ სოფელ გრემს ორი დღით ესტუმრა. ვნახეთ ის საოცარი გარემო, სადაც მოხუცებულ ადამიანებს უწევთ ცხოვრება. როგორც ამ სახლის დიასახლისმა ანა ბალამწარაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მოხუცებულთა სახლში, ამ ეტაპზე, 10 ადამიანის მიღების უფლება აქვთ. რემონტი მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე, სადაც ასევე სოციალურად დაუცველებსა და გაჭირვებულ ადამიანებს შეუძლიათ მისვლა, ცხოვრება და ტკბილი წლების გატარება.
ალბათ, დაინტერესდებით, თუ სად არის ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი? გეტყვით, რომ _ არსად! პირიქით, სახელმწიფო კიდევ ართულებს და დიდ წინაღობებს უქმნის იმ გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, რომ მოხვდნენ სახლში, სადაც გარანტირებული და უდარდელი ცხოვრება ელით.
ანა ბალამწარაშვილთან საუბარი დავიწყეთ იმ წლებიდან, როდესაც ის პირველად წავიდა ემიგრაციაში.
რა გზა გაიარა? როგორია ემიგრანტობა? რა გრძნობაა, გახდე სრულიად უცხო ქვეყნის სრულფასოვანი წევრი? საიდან გაუჩნდა სურვილი, რომ საქართველოში გაეხსნა მოხუცებულთა სახლი? _ ამ და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ის თავად გიამბობთ:

_ ქალბატონო ანა, თავდაპირველად რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა? რა იყო ამის მიზეზი?
_ საქართველო დავტოვე 27 წლის წინათ. არანაირი ეკონომიკური პრობლემა არ მქონდა, მაგრამ გაუსაძლისია ის სიტუაცია, როდესაც თავისუფლების წყურვილი გკლავს და გინდა, რომ სადღაც იპოვო შენი თავი და ვერ პოულობ საკუთარ ქვეყანაში. მოგეხსენებათ, 27 წლის წინათ რა დრო იყო საქართველოში: სიბნელე, უგაზობა, უშუქობა, შიმშილი, მაგრამ მე ამის გამო არ გავქცეულვარ ამ ქვეყნიდან. 9 აპრილის მონაწილე ვიყავი, მოვიწამლე კიდეც ამ დღეს და მთელი ჩემი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ მე მეკუთვნოდა, მონაწილეობა მიმეღო ეროვნულ მოძრაობაში და ამ ქვეყანაში რაღაც შემეცვალა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მარტო მე და დანარჩენიც ვერაფერს გავხდებოდით. ვიფიქრე, წავალ, უფრო გავიზრდები და მერე მოვბრუნდები საქართველოში, შემდეგ კი მის უკეთესობისკენ შეცვლაში მივიღებ მონაწილეობას. მარტო კაცი ვერც ჭამაში ვარგა და ვერც ცვლილებაში ივარგებს-მეთქი. წავედი უცხოეთში, კერძოდ, ბელგიის სამეფოში და დღემდე ვცხოვრობ იქ. ოფიციალურად ბელგიის სამეფოს მოქალაქე ვარ.
_ როგორ გგონიათ, რა გვღუპავს ქართველებს?
_ ღალატი, არათანადგომა, ერთმანეთის გაუტანლობა. რატომ უნდა წავსულიყავი მაშინ, როდესაც 9 აპრილს ასეთი რამ მოხდა და მე მოვიწამლე?! არ ვამბობ, რომ განსაკუთრებული შემთხვევა ვარ და არ ვსპეკულირებ ამ თემით, უბრალოდ, ვამბობ, რომ ის თაობა, რომელსაც მე ვეკუთვნი, 9 აპრილის თაობაა. ეს მინდა ვთქვა და არავითარ შემთხვევაში რამე პრიორიტეტი არ მაქვს ცხოვრებაში, რადგან მოვიწამლე, მაგრამ დავინახე, რომ არც მაშინ იყო საზოგადოება ერთიანი, მყარი.
_ საკუთარი თავისუფლებისთვის წახვედით?
_ არა მარტო. მაშინ ვფიქრობდი, რომ უნდა მყოლოდა შთამომავალი, ოჯახი და იმ საზოგადოებაში, იმ სოციუმში, სადაც ვერაფერს მივაღწიე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა თაობამ ძალიან ბევრი გააკეთა ამისთვის, მეტს ვიმსახურებდით და არა იმას, რომ ქვეყანა დაგვეტოვებინა და გვეძებნა ის, რასაც რუსთაველზე ჩვენი ხედვით მივაღწიეთ. დღევანდელივით მაშინაც არსებობდა პოლიტიკური პროსტიტუცია და ამან შეიწირა საქართველო. ის, რაც ვერ შევქმენი საქართველოში, გავაკეთე მიმღებ ქვეყანაში, სადაც დღეს ვცხოვრობ.
_ შექმენით?
_ შევქმენი!
_ 23 წლის გოგო ჩადის სრულიად უცხო ქვეყანაში, რა რეალობა დაგხვდათ, რა სირთულეებს შეეჯახეთ?
_ მე ჩავედი ჩაბნელებული ქვეყნიდან განათებულ ქვეყანაში, ძალიან დიდი ხანი ვიდექი ქუჩაში და ვფიქრობდი: ნუთუ, ეს რეალობაა, სადაც მოვხვდი? დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ყველაფერი გამეთავისებინა. დავტოვე ის, რაც ჩემი ცხოვრება იყო, მაგრამ საქართველოს სიყვარული დაავადებად მექცა. დიდი დრო დამჭირდა, რომ ყველასთვის ამეხსნა, მე სსრკ-ს წარმომადგენელი კი არა, ქართველი ვიყავი. საბუთებში მიწერდნენ სსრკ-ს და ამას სულ განვიცდიდი, ვაპროტესტებდი. ყველგან ვამბობ, რომ მე ჩემი საქართველო შევქმენი ბელგიაში.
_ რატომ ბელგია და არა სხვა ქვეყანა?
_ ბელგიის სამეფო არის ძალიან ლიბერალური, კონფიდენციალური და სენსიტიური დამოკიდებულება აქვს ადამიანის უფლებებთან.
_ თავიდან რთული იქნებოდა თავის დამკვიდრება, რა გზა გაიარეთ?
_ რესტორანში ვმუშაობდი ჭურჭლის მრეცხავად. პირველად რომ სამსახურში ამიყვანეს, მეგონა, უმდიდრესი ადამიანი ვიყავი ცხოვრებაში. პოლიტიკური დევნილის სტატუსით ჩავბარდით მე, ჩემი მეუღლე და ტყუპისცალი ძმა. პოზიტიურად შეგვხვდნენ, საოცარი ხალხია.
თუმცა იმდენად რთული გზა გავიარე, რომ დღეს მგონია, წიგნში ვკითხულობ… დილის 5 საათამდე ვმუშაობდი რესტორანში, შემდეგ 7-ის ნახევარზე პირველი ავტობუსი მოდიოდა, რომ წავსულიყავი ენის სასწავლებლად, სადაც 5 საათი ვიჯექი, მერე მოვდიოდი სახლში, მისახედი მქონდა ყველაფერი, შემდეგ ისევ სამსახური და ასე გრძელდებოდა. 4 საათი მეძინა, მაგრამ არ ვიღლებოდი. ყველასთვის მინდოდა დამენახვებინა, რომ არ ვიყავი მათზე ნაკლები. მე ისეთი ქვეყნიდან ჩავედი, რომელსაც არ აქვს საშუალება, გეოპოლიტიკურად კარგ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ მინდოდა, რომ ჩვენი არსებობის შესახებ სცოდნოდათ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
6 თვეში მოგვცეს ბელგიის მოქალაქეობა, ქალაქის მერმა პირადად მოგვიტანა სახლში მოქალაქეობის მოწმობა.
_ 27 წლის შემდეგ გადაწყვიტეთ, ჩამოსულიყავით და მოხუცთა სახლი დაგეარსებინათ. მოგვიყევით ამ ძალიან მადლიანი საქმის შესახებ , რატომ გადაწყვიტეთ?
_ დაავადებად მექცა საქართველოს სიყვარული. არასოდეს გამიწყვეტია სამშობლოსთან კონტაქტი. კარგი ფინანსური მდგომარეობა მქონდა, რომ ჩამოვსულიყავი და თავისუფლად დამეხარჯა, პატივი მეცა ყველასთვის და ისეთი განსაკუთრებული რამ გამეკეთებინა, რაც აქედან წასვლის მიზეზად მექცა.
პირველად 2007 წელს ჩამოვედი ბელგიელ ინვესტორებთან ერთად; კიდევ სექტემბერში ჩამოვედი საქართველოში რამდენიმე წლის შემდეგ, ათენში მყოფ დარეჯან ღამბაშიძესთან ერთად. ვიფიქრე, ეს იყო ქვეყანაში ჩემი დაბრუნების შანსი, თუნდაც დროებით და გადავწყვიტე, გამეკეთებინა ხანდაზმულთა პანსიონატი და არავითარ შემთხვევაში თავშესაფარი! წლების განმავლობაში მოხალისედ ვმუშაობდი მოხუცებულთა სახლში და ვუცქერდი, თუ როგორი ბედნიერები, ხალისიანები და მომავლის იმედით ანთებულები ცხოვრობდნენ იქ. ვფიქრობდი, რომ ასეთი რაღაცის გაკეთება საქართველოშიც იყო შესაძლებელი. შემდეგ, როგორც კი ამის შანსი გამოჩნდა და ირაკლი ხახუტაშვილთან მქონდა საუბარი, ის სიამოვნებით დამთანხმდა და მუშაობას შევუდექით. ამ ადამიანებს უნდა დაუბრუნდეთ ღირსების გრძნობა და იცხოვრონ კარგად, რადგან ჩვენი მოხუცები ღირსება აყრილნი არიან, რის გამოც ძალიან მტკივა გული. ჩემი მიზანია, მოხუცებს ჰქონდეთ ღირსეული სიბერე და ბავშვებს ღირსებული ბავშვობა.
_ ამ ყველაფერს მხოლოდ თქვენი ფინანსებით აკეთებთ თუ?
_ დიახ.
_ ქალბატონო ანა, როგორც მივხვდი, სახელმწიფო ამ საოცარ საქმეში არ არის ჩართული და არც კერძო ბიზნესსექტორი. როგორ ხვდებიან თქვენთან მოხუცებული ადამიანები, რამდენად დიდ პრობლემას გიქმნით სახელმწიფო? როგორც წესი, ამ ქვეყანაში მხოლოდ პრობლემებთან და დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული ბიუროკრატია.
_ დავიწყებ იმით, რომ ჩვენთან ყველა იმ ადამიანს შეუძლია მოსვლა და ცხოვრება, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს. რაც შეეხება მეორე საკითხს, საოცრება იცით, რა არის? ამ ადამიანებმა უნდა გაიარონ და გადალახონ მილიონი ბარიერი, რათა ჩვენთან მოხვდნენ. უნდა აღწერონ დეტალურად, რატომ უნდათ წამოსვლა, ცხოვრება და ა. შ. ჩემი აზრით, არ უნდა არსებობდეს ამდენი ბარიერი. გადაწყვიტა მოხუცმა? _ უნდა წამოვიდეს! ერთ რამეს ვერ ვიგებ: ორი სტრუქტურაა შექმნილი მერიაში: სოციალური სააგენტო და სოციალური სამსახური და რატომ უნდა გაიაროს ამ მოხუცებულმა ამდენი ბარიერი? რატომ უქმნი წინაღობებს, რადგან უპატრონოა? ის დგება თავისი სკამიდან და მიდის უკეთესს გარემოში, კარგ სკამში ჯდება, რადგან გადარჩეს, იცხოვროს, ჭამოს, ჩაიცვას და თბილი კერა ჰქონდეს.
რომელი საუკუნეა გარეთ? საერთოდ, რაზე გვიწევს საუბარი? ადამიანებს რომ თბილი კერა სჭირდებათ, საჭმელი უნდათ, ამაში რამე ახალია? ჩვენ გვყავს ერთი ბენეფიციარი, რომელიც კვდებოდა, იხრჩობოდა, ამიტომ მოვკიდე ხელი და წამოვიყვანე. არ დაველოდე საბუთების გაკეთებას. თუ მაინც ყველაფერი მარტო თბილისში წყდება, რა საჭიროა ამდენი სტრუქტურა რაიონებში? ჩემთვის ვერ ასოცირდება ადამიანის სიცოცხლე დოკუმენტთან. ვნახე, ადამიანი კვდება, მოვკიდე ხელი, წამოვიყვანე ჩემთან და ვაცხოვრებ, მორჩა! ჩვენი საკუთარი ჯიბიდან გადის ეს ყველაფერი: პამპერსი, წამალი, საჭმელი, კომუნალური, ჩაცმა და ბევრი სხვა რამ.
გული მწყდება, რომ ბიზნესმენები პარტიების დაფინანსებაზე არიან გადასულები და ის ადამიანები, რომლებიც მათ თვალწინ იხოცებიან, არაფერს ნიშნავს მათთვის. ჩვენს სახლს დიდების საბავშვო ბაღს ვეძახი. ამ შემთხვევაში რას მიკეთებს სახელმწიფო, ის ხელისუფალი, რომელსაც აქვს დიდი შემოსავალი, რესურსი? თუ მაინც სამოქალაქო სექტორი ზრუნავს ნებისმიერი ადამიანის დაპურებზე, მათ ჯანმრთელობაზე, სითბოზე, მაშინ რას მიკეთებ შენ _ სახელმწიფო?!
_ დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.

დაბოლოს, ჩვენ იქ მცხოვრებ ერთ-ერთ მოხუცებულ ადამიანს, ქალბატონ ლამარას ვკითხეთ, თუ რა იყო მისი ოცნება?
„ჩემი ოცნებაა ქვეყნის გამთლიანება. ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა, ჩვენი ახალგაზრდების ზნეობრივი ამაღლება და წინაპართა დიდი ტრადიციების დაცვა ბოლომდე“, _ გვითხრა 86 წლის ქალბატონმა ლამარამ, რომელიც, სხვათა შორის, პროფესიით ჟურნალისტია და ის განსაკუთრებით ბედნიერი იყო ჩვენი სტუმრობით. როდესაც გაიგო, რომ მის სანახავად ჟურნალისტები მივდიოდით, საგანგებოდ გაიპრანჭა და თავისი ცხოვრების ულამაზესს წუთებს „ქრონიკა+“-სთან იხსენებდა.

გიორგი საკარული