არანაირი შემხებლობა რუსეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილთან   ბატონ ზვიად კვიციანსა და „პროფესორთა ლიგის“ დამფუძნებლებს არ ჰქონიათ

„ქრონიკა+“-ის #7 (369)-ში გამოქვეყნებული მასალის („თეა წულუკიანის მიერ დანიშნული დირექტორატის ახალი წევრის წერილი პუტინს“) გამოქვეყნების შემდეგ რედაქციაში დაგვიკავშირდა „პროფესორთა ლიგის“ წევრი აკაკი კარტოზია. აღნიშნული პუბლიკაცია ეხებოდა არასამთავრობოთა ჯგუფის მიერ რუსეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც საუბარი იყო მშვიდობის შენარჩუნების გზებსა და საქართველოსთვის მისაღებ მოდელზე _ ნეიტრალიტეტზე.

მასალაში მითითებული იყო, რომ არასამთავრობოთა ნუსხაში მოყვანილი ერთ-ერთი ორგანიზაციის, „პროფესორთა ლიგის“, ხელმომწერი იყო ზვიად კვიციანი, რომელიც თეა წულუკიანის მიერ შექმნილი 5-კაციანი დირექტორატის წევრია და ასევე „პროფესორთა ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი (რეესტრის ამონაწერის მიხედვით).

როგორც აღმოჩნდა, წერილს პიროვნულად ხელს აწერდა არა ზვიად კვიციანი, არამედ „პროფესორთა ლიგის“ წევრი აკაკი კარტოზია.

„მე პირადად მოვაწერე ხელი ამ წერილს, როგორც პროფესორთა ლიგის  წევრმა. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არც ზვიად კვიციანსა და არც  „პროფესორთა ლიგის“ დამფუძნებლებს ამ წერილთან არანაირი შეხება არ გააჩნიათ, ზვიად კვიციანს ასევე არ აქვს შეხება ამ ეტაპზე „პროფესორთა ლიგასთან“. ამ წერილის შესახებ მან არც იცოდა და მხოლოდ გამოქვეყნების შემდეგ გაიგო“, _ განაცხადა „ქრონიკა+“-სთან აკაკი კარტოზიამ.

აქვე არ შემიძლია არ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, როგორც ჟურნალისტმა და პუბლიკაციის ავტორმა. პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ და მინდა ჩემი, როგორც „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტის სახელით, ბოდიში მოვიხადო ხელმომწერებში ბატონ ზვიად კვიციანის დასახელებისა და მისთვის მიყენებული მორალური ტკივილის გამო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეესტრის დოკუმენტს ვენდე და, რა თქმა უნდა, სწორი იქნებოდა მისი გადამოწმება თავად ბატონ ზვიადთან. როგორც პროფესორმა მამუკა კარტოზიამ აღნიშნა, „პროფესორთა ლიგა“ აქტიურად არ ფუნქციონირებს, რადგან ფინანსები არ გააჩნია. „ზვიად კვიციანმა ამ წერილის შესახებ არც იცოდა. გამოქვეყნების შემდეგ გაიგო“, _ განაცხადა ჩვენთან საუბარში აკაკი კარტოზიამ.

თამარ როსტიაშვილი