ივანიშვილთან ვაჭრობა თუ გამიჯვნის მცდელობა? _ ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება.

შორენა მარსაგიშვილი

„ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის დაპირისპირების მორიგი რაუნდი დაიწყო. ბოლო ერთი წელია, პრეზიდენტი ცდილობს, მმართველი პარტიისგან ოდნავ განსხვავებული პოზიცია დააფიქსიროს. ერთ-ერთი ვერსიით, მას „ოცნებისგან“ გამიჯვნა უნდა, მეორე ვერსია კი ის გახლავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ევაჭრება.

ზურაბიშვილი ივანიშვილთან შეხვედრას და რიგ საკითხებზე დალაპარაკებას კარგა ხანია, უშედეგოდ ცდილობს. არადა, ზურაბიშვილს იმ გარანტიებზე სურს საუბარი, რომელიც მან მაშინ მიიღო, როცა „ოცნების“ ლიდერმა შესთავაზა, პრეზიდენტად კენჭი იყარეო.

ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს თუ გადავხედავთ, არაა გამორიცხული, ზურაბიშვილს გარანტიებზე მეტად „ქართული ოცნებისგან“ დისტანცირება სურდეს. მმართველი პარტია ღიად პრორუსულ თამაშს თამაშობს, ზურაბიშვილს კი ევროპული ყაიდის პოლიტიკოსის იმიჯის შენარჩუნება სურს. ამ იმიჯზე წინა წლებში დიდად არ უზრუნია. მეტიც, ამტკიცებდა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო და მძინარე ცხინვალის გაღვიძებაზე მოსთქვამდა. ახლა უკრაინას მთელი ცივილიზებული სამყარო უჭერს მხარს და საქართველოს პრეზიდენტიც უკრაინის მხარდამჭერთა რიგებშია. „ქართული ოცნება“ ღიად ლანძღავს უკრაინას.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტისთვისაც უნდა მიემართა. უკრაინის პრეზიდენტმა თითქმის ყველა ქვეყნის პარლამენტს მიმართა.

_ არავინ გვთხოვს ჩვენ იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ მორალური სოლიდარობა გვევალება უკრაინის მიმართ. ერთ მაგალითს გეტყვით: ჩვენ ვართ, ალბათ, ერთ-ერთი ქვეყანა ევროპაში დარჩენილი იმ ცოტა ქვეყნიდან, სადაც ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ის ხომ არაფერს ითხოვს სხვას, გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობისა?! _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტისვე თქმით, მაშინ, როცა საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა, პარლამენტის ფასადზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებთან ერთად შეიძლებოდა უკრაინისა და მოლდოვის დროშებიც გამოფენილიყო.

_ თუ ეს ტრიო ერთად მიდის ევროინტეგრაციის კუთხით და თუ უკრაინა არის დღეს ამ პროცესის აჩქარების მიზეზი, ალბათ, უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიყოთ მადლიერი ზოგჯერ, _ თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მმართველი პარტია გამოეხმაურა. „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ ზელენსკის მათთვის არ მოუმართავს, რომ საქართველოს პარლამენტში გამოსვლა სურდა.

მმართველი პარტია პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღესაც გააბრაზა. მაშინ მან თქვა, რომ ასეთი ისტორიისა და ტრადიციის მქონე ქვეყანას სასამართლო კუთხით დღეს პარტნიორები არ უნდა გვახსენებდნენ, რომ კიდევ არის რეფორმა საჭირო.  სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი დასკვნები საქართველოს სასამართლო სისტემაზე არის ის, რასაც გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები.

_ ჩემი დასკვნა სასამართლოზე და შეფასება ზოგადად, არის ის, რასაც გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები. ეს არის ჩემთვის სამარცხვინო, რომ ასეთი ისტორიისა და ტრადიციის მქონე ქვეყანას სასამართლო კუთხით, ჩვენი პარტნიორები უნდა გვახსენებდნენ, რომ კიდევ არის რეფორმა საჭირო, კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული სასამართლო სისტემა და ჩვენ ამ გზაზე უნდა ვიაროთ უფრო გადამწყვეტი ნაბიჯებით. ჩვენ უკვე ჩვენით უნდა მივსულიყავით იმ დონეზე, რაც არის ევროპული დონე, _ განაცხადა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა.

სასამართლოსთან დაკავშირებით ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, სამარცხვინო უწოდა:

_ ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც თქვა პრეზიდენტმა, ერთი იმის გამო, რომ მისი ბრალდება შინაარსობრივად იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე რა უნდა ითქვას და რა არ უნდა ითქვას, ეს ჩვენ ყველამ ვიცით და პრეზიდენტმაც ბუნებრივია, რომ უნდა იცოდეს. ამიტომ ორმაგად სამწუხარო იყო ის გზავნილი, რომელიც მისგან გაჟღერდა ამ საზეიმო ღონისძიებაზე. როდესაც ოპოზიცია არგუმენტების გარეშე ბრალს სდებს სასამართლო სისტემას რაღაცაში, ოპოზიციაა და მიჩვეული ვართ ამას და იმხელა პრობლემა არ არის, მაგრამ როდესაც არგუმენტების გარეშე იმავეს იმეორებს პრეზიდენტი, ეს არის ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილთან სალომე ზურაბიშვილს კარგი ურთიერთობა რომ არ აქვს, ამაზე ოფიციალურად არავინ საუბრობს. ურთიერთობის გაფუჭების ფაქტს არც პრეზიდენტი ადასტურებს. თუმცა ამბობს, რომ მას ოლიგარქთან წელიწად-ნახევარია, კონტაქტი აღარ ჰქონია. ამასთან ამბობს, რომ ივანიშვილის გავლენას საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებში ვერ ხედავს.

_ მე ვერაფერს ვხედავ, მართალი გითხრათ, რადგან ივანიშვილი არ მინახავს წელიწად-ნახევარია, აზრზე არ ვარ, ვისთან არის კონტაქტში ან არ არის, რა შეიძლება იყოს მისი გავლენა ან არა, _ აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარი ბოლოს გასული წლის მიწურულს ჰქონდა. მაშინ ზურაბიშვილი შერიგების ინიციატივით გამოვიდა. ამ ეგიდით მან ორბელიანის სასახლეში მთელი რიგი შეხვედრებიც კი გამართა. მან ამ თემაზე შეძლლო ივანიშვილთან დაკავშირება. „ოცნების“ დამფუძნებელმა მას უთხრა, რომ მისთვის ეს საკითხი საინტერესო არ იყო. ივანიშვილთან საუბრის შემდეგ პრეზიდენტმა შეხვედრები შეაჩერა, ერთ მშვენიერ დღეს კი განაცხადა, რომ მას საყოველთაო შერიგება არ ძალუძს, რადგან ამის ბერკეტები არ გააჩნია.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ზურაბიშვილი ივანიშვილთან შუამავლების საშუალებით ცდილობს კონტაქტზე გასვლას. მართალია, ის აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არ უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს. როგორც ამბობენ, სწორედ ამიტომ ამბობს უარს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე. ივანიშვილს გარემოცვასთან ნათქვამი აქვს, რომ სააკაშვილი კიდევ რაღაც დროის მანძილზე უნდა დარჩეს ციხეში.

სააკაშვილს რომ არ შეიწყალებს, ამის შესახებ პრეზიდენტმა თავის ბოლო ინტერვიუშიც ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილის შეწყალება ქვეყანაში პოლარიზაციას გაზრდის.

_ ეს იქნება უაღრესად დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი. მანამდე სამჯერ შევიწყალე ადამიანები სწორედ იმ მიზნით, რომ ჩამქრალიყო პოლარიზაცია, შედეგს ვერ მივაღწიეთ ვერც მაშინ და აქ ბევრად უფრო მძაფრად არის გამოხატული ადამიანების პოზიციები. გამომდინარე იმ ძალიან მძიმე წლებიდან, რაც საზოგადოებას ახსოვს, აქ არ შეიძლება მე ვიყო მონაწილე იმის, რამაც შეიძლება კიდევ გააღრმავოს ეს პოლარიზაცია ქვეყანაში, _ აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი ოპონენტები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება პოლარიზებას დაასრულებს.

„ოცნებისგან“ განსხვავებით პრეზიდენტს არ მოსწონს ნიკა გვარამიას დაკავება. მისი თქმით, გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება, „რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო“, არ იყო პოლიტიკურად დროული.

_ მე, როგორც პრეზიდენტმა, არ შეიძლება, რომ ეჭვები წარმოვთქვა სასამართლოს მიმართ. შემიძლია მხოლოდ ერთი რამ წარმოვთქვა, რომ პოლიტიკურად, ამ დროს, ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო, მიმაჩნია, რომ არ იყო დროული. სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსზე არაფერს ვიტყვი. ვიცი, როგორც ყველამ იცის, რომ იყო სხვადასხვა ვარიანტი სასჯელის, ვიდრე ის, რაც მიიღეს, მაგრამ მე ამას ვერ შევაფასებ, _ განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ოპოზიციის მიმართ მმართველი პარტიის ბრალდებებსაც გამოეხმაურა. „ქართული ოცნება“ ერთხმად აცხადებს, რომ თუ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს ოპოზიციას დაბრალდება. მისივე თქმით, მთავარი მაინც ხელისუფლებაა, რადგან ის იღებს გადაწყვეტილებებს.

_ იმის დრო არ არის, ევროპელებს მივცეთ განცდა, რომ ქართველები ყველანი იქ არიან და ვინ, ვინ არის და ვინ რომელზე ცუდს ამბობს – ესეც არ არის ისეთი სურათი, რომელიც ჩვენ წაგვადგება. თუმცა ოპოზიცია სარგებლობს შეცდომებით და იქ აკეთებს აპელირებას იმაზე, რომ ვითომ ეს იყოს მხოლოდ მთავრობა (მთავრობის შეცდომა) და ამას გავლენა არ ჰქონდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, რა შედეგი დადგება სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ამაზე წინასწარ მსჯელობა ძნელია.