გია ხუხაშვილი: „ჩვენ უნდა ვთქვათ: გამოდი, ბიძინა, გხედავთ, აზრი არ აქვს დამალვას“

ნენე ინჯგია

საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი _ ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. მანამდე კი ოპოზიციისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი საკუთარ პოზიციას სწორედ რუსთაველის გამზირზე გამოხატავს. ხალხი მიიჩნევს, რომ გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებასა და ვადამდელ არჩევნებშია.

ვინ არის პასუხისმეგებელი არსებულ შედეგზე? რა მოცემულობის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება და ოპოზიცია? რა გზა არსებობს ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად? ამ მოცემულობაში, აქვს თუ არა რესურსი საბრძოლველად ქართველ ხალხსა და ოპოზიციურ სპექტრს?

ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ ბატონო გია, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, უკრაინასა და მოლდოვას კი _ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, _ რისი შედეგია ეს, მხოლოდ ხელისუფლების, ხელისუფლებისა და ოპოზიციის, თუ პერსონალურად ივანიშვილის?

_ რა თქმა უნდა, ხელისუფლების. ხელისუფლება კი ცდილობს, რომ გადაანაწილოს პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს აბსურდია. ევროკავშირი თავის პოზიციას არ აყალიბებს ოპოზიციის რიტორიკით ან ქმედებით. მას აქვს გაწერილი გეგმა, რეფორმები და აქვს ინფორმაციის მილიონი წყარო, რამდენად შესრულდება და რა მიმართულებით მიდის ეს პირობები და საერთოდ, რა მიმართულებით მიდის ქვეყანა. მათ აქვთ თავისი საელჩოები და გარდა ამისა, ძალიან ბევრი ინფორმაციის წყარო აქვთ. ასე რომ, ხელისუფლების მცდელობა, რომ ოპოზიციას გადააბრალოს, რაღაც არასერიოზულია, მარტივად რომ ვთქვათ. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ არათუ ბევრი არაფერი გააკეთა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რომ მიგვეღო, არამედ გარკვეულ შემთხვევაში პირდაპირი საბოტაჟის ფაქტებიც კი ვიცით, როგორ აპროვოცირებდნენ ევროკავშირს, რომ როგორმე ეს გადაწყვეტილება არ მიეღოთ. მაგალითად, ხელისუფლების გადაწყვეტილება გვარამიას დაჭერასთან დაკავშირებით იმ მომენტში აბსოლუტურად უადგილო იყო. თუ კიდევ ვინმე ყოყმანობდა, მოეცათ თუ არ მოეცათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ბოლო ლურსმანი ჩააჭედეს ჩვენთვის პერსპექტივის გაჩენის თვალსაზრისით. ამის შემდეგ იყო ხელისუფლების მხრიდან ევროპარლამენტარებისა და ევროჩინოვნიკების ლანძღვა, ასევე უკრაინის ლანძღვა, რომელიც დღეს დიდწილად განსაზღვრავს მსოფლიო პოლიტიკის ტრენდს. ასე რომ, რა თქმა უნდა, აქ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა 100%-ით.

_ როდესაც ამბობთ, რომ ეს არის მთლიანად ხელისუფლების კისერზე, ამ შემთხვევაში გულისხმობთ პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს?

_ რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმიტომ, რომ ხელისუფლების წყარო ბიძინა ივანიშვილია. არავის აქვს ილუზია, რომ ეს ბავშვები (ხელისუფლების წარმომადგენლები) რამეს მართავენ ან სისტემურ გადაწყვეტილებებს იღებენ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის საერთო ჩარჩოს აძლევდეს და შემდეგ ესენი ამლაშებდნენ სხვადასხვა მიმართულებით. არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს ამათთვის პირდაპირ დაევალებინა არახამიას გინება ან ევროპარლამენტარების ლანძღვა. ეს უკვე მათი პირადი ინიციატივაა, პირადი დიაპაზონია, მაგრამ პოლიტიკის საერთო ჩარჩო, ასევე სტრატეგიის ჩარჩო, რა თქმა უნდა, მის გარეშე არ წყდება. შესაბამისად, როდესაც ვამბობ სიტყვა ხელისუფლებას, ბუნებრივია, პირველ რიგში, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს.

_ თქვენ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ სტატუსი: „კრიზისის გადალახვის რუკა“, სადაც საუბრობთ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზე. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა არის ამ მოცემულობიდან გამოსავალი?

_ ვითარება არის ძალიან დრამატული. პროცესს ვუყურებ და ვაკვირდები. ამის დიდი გამოცდილება მაქვს, უახლესი ისტორიის ყველა დრამატული კრიზისის დროს ყოველთვის პროცესში ვიყავი და დაახლოებით შემიძლია პროგნოზირება მოვლენების განვითარების. ახლა გვაქვს მოცემულობა, როდესაც მორალური უპირატესობა არის, რა თქმა უნდა, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარეს. ისინი არიან მართლები. რაციონალურ გზას ისინიც ვერ ხედავენ. მეორე მხრივ, ხელისუფლება არის შეშინებული, დამფრთხალი, კედელთან მიყენებული, მაგრამ ძალიან აგრესიული და, შესაბამისადაც, სახიფათო. ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვდგავართ არა მხოლოდ რიტორიკული, არამედ რეალური პოლიტიკური ომის ზღვარზე. როდესაც ომი იწყება და ჩვენ ამას ვხედავთ, ბუნებრივია, მოვლენების განვითარების შეფასება არის ჩვენი _ ყველას ვალი. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ომში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, რისკი იმისა, რომ ეს იქნება „პიროსის გამარჯვება“, არის ძალიან მაღალი. თუ ხელისუფლება მოახერხებს და გადატეხავს ოპოზიციას თავისი პროვოკაციებით, სუს-ით, კუდ-ით დაღლით და ა. შ., როგორც არაერთხელ გვინახავს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დიდი ხნით უნდა დავემშვიდობოთ ევროპერსპექტივას, რადგან ამის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ რაღაც პირობები შესრულდება ან ჩვენ რაღაცას მოგვცემენ, ეს უნდა დავივიწყოთ. თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, შეშინებული, დამფრთხალი და აფექტური ხელისუფლება მოიქნევს კუდს და მოიქნევს ძალიან ცუდად. ამ შემთხვევაში ზარალის შეფასება, რასაც მივიღებთ, ძალიან ძნელია ამის პროგნოზირება, რამდენად შორს არის წამსვლელი ხელისუფლება და შესაბამისად, რაოდენ დრამატულად შეიცვლება მოვლენების განვითარება. ამიტომ თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენ ვნახოთ მშვიდობიანი გამოსავალი, უნდა მოვსინჯოთ გზა, რომ შევძლოთ მშვიდობიანი გამოსავლის ნახვა. იმისათვის, რომ ეს მოიძებნოს, რაღაც ვიწრო დერეფანი უნდა დაუტოვო ყოველთვის ხელისუფალს. მიუხედავად იმისა, რომ შენ ხარ მართალი, შენ უნდა დაუტოვო ეს დერეფანი. ტერორისტებიც კი, როდესაც მძევლები ჰყავთ აყვანილი, მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინონ, იმიტომ, რომ ტერორისტი, როგორც კი კარგავს იმის იმედს, რომ გადარჩება, მან შეიძლება ყველა მძევალი გადაიყოლოს. აქედან გამომდინარე, აქ შესაძლებლობების რაღაც დერეფანი უნდა დარჩეს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ „ბავშვებთან“ მოლაპარაკებებს არანაირი აზრი აქვს (რა აზრი აქვს კობახიძესთან ლაპარაკს ან ღარიბაშვილთან ლაპარაკს რამე აზრი აქვს?!), ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვთქვათ: გამოდი, ბიძინა, გხედავთ, აზრი არ აქვს დამალვას, _ ეს უნდა ვუთხრათ, _ გამოდი და შენ დაგველაპარაკე, იმიტომ, რომ ისტორიამ შენ დაგაკისრა პასუხისმგებლობა. არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა ის პოლიტიკაში, ამაზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრა და შესაბამისად, მას პირადი პრობლემებიც აქვს ყველაფერ ამის შესახებ, იგივე სანქციების მოლოდინთან დაკავშირებით. ასე რომ, ახლა მოცემულობაა ასეთი: ერთ მხარეს საზოგადოებაა და მეორე მხარეს _ ბიძინა. ის ცუდია, კარგია თუ ყველაფერშია დამნაშავე, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მტერთანაც უნდა დაჯდე მოლაპარაკებაზე, თუ ეს შენს ქვეყანას სჭირდება, ამის არაერთ ისტორიულ მაგალითს მოგიყვანთ. უნდა გამოვიწვიოთ ის ამ მოლაპარაკებებზე, უნდა შეიქმნას რეფორმების ჯგუფი, რომელიც იმ 12 პირობას, რასაც ევროკავშირი გვიყენებს, გაწერს დროში, როგორ და რა პერიოდში ვასრულებთ. ბიძინას დასმა ამ მოლაპარაკების მაგიდასთან კიდევ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ თუ ბიძინას დაითანხმებ რაღაც პირობებზე, ბუნებრივია, მერე ის „ბავშვები“ ვეღარავის გადააგდებენ, რადგან ჩვენს სიტყვას მათთვის ფასი არ აქვს და ბიძინა თუ ეტყვის, ისინი გააკეთებენ, _ ეს არის პრაქტიკული გზა. ასევე ეს არის ბიძინას პრობლემების გადაწყვეტა, მასაც ხომ უნდა, რაღაც ბონუსი მიიღოს ამ პროცესისგან? მისი პრობლემებიც გარკვეულწილად გადაწყდება ამით, _ თუ ის მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას, პოზიტიურ როლს ითამაშებს ამ რეფორმების გეგმის შემუშავებაში, მერე ამ ჯგუფთან ერთად, რომელშიც იქნებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნდობით სარგებლობს ევროკავშირსა და ევროპულ სტრუქტურებში, ბიძინაც ამ ჯგუფში იქნება და ერთად რაღაც შედეგამდე მივლენ. შესაბამისად, ბიძინასაც ჩაეთვლება რაღაც პოზიტიურ ნაბიჯად. გასაგებია, რომ მისდამი დამოკიდებულება შეიძლება არ შეიცვალოს, მაგრამ მის ძალიან ბევრ პირად პრობლემას ეს მოაგვარებს. ამ ჯგუფმა არა მხოლოდ უნდა შეიმუშავოს, არამედ მონიტორინგიც უნდა აწარმოოს მის განხორციელებაზე, იმპლემენტაციაზე ამ რეკომენდაციებისა, რასაც შეიმუშავებენ. გარდა ამისა, ამ ჯგუფმა უნდა დაადგინოს რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა, ჩატარება/არჩატარების, შეიქმნას კონკრეტული არჩევნების გარემო და ეს არჩევნები, თუ საჭირო იქნება, ჩატარდეს. ბიძინა თუ ამ დიდ პროცესში მონაწილეობას მიიღებს, დამერწმუნეთ, რომ ეს ქვეყნისთვის იქნება ძალიან კარგი, ეს მოგვცემს შანსს, რომ ეს რისკები, რაც ამ არაპროგნოზირებად დაპირისპირებაში არის მოსალოდნელი, თავიდან ავიცილოთ. ბიძინას პრობლემებიც ნაწილობრივ მაინც უნდა გადაწყდეს.

_ რამდენად დიდი შანსია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას დათანხმდეს და პერსონალურად ჩაერთოს ამ პროცესში?

_ 1%-ს ვუშვებ, რომ ბიძინა შეიძლება ამაზე დათანხმდეს, მაგრამ როცა ამ წინადადებას ვაყენებ, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის აგრესია დავიმსახურე ორივე მხრიდან, ამით ვიხდი ჩემს მორალურ ვალს. ხვალ რომ ვიღაც იტყვის, სხვა გზა არ დამიტოვეთ და ამიტომ მოვიქეცი ასეო. ეს ბოლო არგუმენტიც რომ წავართვა, გვექნება სათქმელი, რომ შევთავაზეთ ალტერნატიული გზა, შენ ამაზე არ დათანხმდი და გააკეთე ეს, ანუ ეს არის ჩემი მორალური ვალის მოხდა დიდწილად. თუმცა თეორიულად, რა თქმა უნდა, ვუშვებ, რომ შეიძლება ამ გზას დავადგეთ.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დათანხმების შანსი ამ წინადადებაზე 1%-ია. მაშინ ასე გკითხავთ: რა შემთხვევაში შეიძლება დათანხმდეს ივანიშვილი ამ შეთავაზებას?

_ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს რიმე ტიპის ვალდებულებები და უკვე მანქანა იმდენად არ არის დაძრული, რომ გამოსავალი აღარ რჩება და მეორე: რომ მას შენარჩუნებული აქვს საღი აზროვნება. თუ ის საღად აზროვნებს და მას აქვს მოქმედების თავისუფლება, სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რატომ არ უნდა დათანხმდეს ამაზე? ამ გზით ის მოახდენს საკუთარი პერსონის ისტორიულ და, შეიძლება ითქვას, პრაქტიკულ რეაბილიტაციას ქართული საზოგადოების წინაშე, რომელსაც მასთან სერიოზული პრეტენზიები აქვს. შესაბამისად, შეიძლება ის პრობლემებიც მოეხსნას, რაც მას აწუხებს _ პირადი სანქციების მუქარასთან დაკავშირებით იქნება ეს, თუ სხვა საკითხებთან. შესაბამისად, მისი თავისუფალი ნების არსებობისა და საღად აზროვნების შემთხვევაში ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება მან ამაზე უარი თქვას. თუმცა დიდწილად ვუშვებ, რომ შეიძლება არის რაღაც იმ ტიპის ვალდებულებები და შეზღუდვები, რის გამოც ის სხვა ნაბიჯს ვერ გადადგამს. არ კი არა, ვერ გადადგამს.

_ გამოსავალზე საუბრისას აღნიშნეთ რეფორმების ჯგუფზე, რომელშიც უნდა შევიდეს როგორც საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა, ასევე სამოქალაქო სექტორი. უახლოეს წარსულში ასეთი მუშაობის გამოცდილება გვაქვს, როდესაც შარლ მიშელის მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკება და დოკუმენტიც მიიღეს, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ეს დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამ ნაწილში ვერ ხედავთ რისკებს, რომ ეს პროცესიც ანალოგიურად განვითარდეს?

_ განსხვავება იმაშია, რომ იქ ბიძინას ჰქონდა მანევრი, მისთვის პრობლემა არ არის, რომ ვიღაც ბიჭები შეჰპირდნენ მეორე მხარეს რაღაცას და შემდეგ გადააგდონ, ამის პრობლემა არ აქვს იმიტომ, რომ თვითონ არ ჩანს. ის, რომ კობახიძე შეჰპირდა და გადააგდო, ეს ბიძინას არ აწუხებს, მაგრამ თუ ის პირადად იქნება პროცესში ჩართული და ის ძალიან მტკივნეულად უყურებს პირადი რეპუტაციის საკითხს, ვგულისხმობ პირადი ძალის რეპუტაციას და არა მორალურ რეპუტაციას, ამ შემთხვევაში შანსი იმისა, რომ ეს პირობა შესრულდება, არის უფრო მაღალი. გარანტირებული არაფერია ამ პროცესში, მაგრამ შანსი იმისა, რომ შესრულდება, თუ ის პირადად გახდება პასუხისმგებელი, უფრო მაღალია. მაშინ ის პირადად არ იყო პასუხისმგებელი, კობახიძე ლაპარაკობდა და კობახიძეს დღეს ამას დაავალებს და ხვალ ამისვე საწინააღმდეგოს, რა პრობლემაა. კობახიძის რეპუტაცია თუ შეილახა, ეს ბიძინას საერთოდ არ აინტერესებს, მაგრამ თუ ის პირადად იქნება ჩართული და, შესაბამისად, პირადად გახდება პასუხისმგებელი, ბუნებრივია, შანსი იმისა, რომ ეს შესრულდეს, არის ბევრად უფრო მაღალი.

_ ბატონო გია, მკითხველისთვის რომ დავაზუსტოთ, ამ პროცესს იმ შემთხვევაში ექნება შედეგი, თუ თავად ივანიშვილი ჩაერთვება მასში?

_ ის პირადად უნდა იყოს ჩართული, აბა, კობახიძესა და ღარიბაშვილთან ლაპარაკს არანაირი აზრი არ აქვს, ეს უნდა ვიცოდეთ. მე ზუსტად ამას ვამბობ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად არ გამოჩნდება პროცესში და კადრს მიღმა დარჩება, ამათთან არანაირ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ბიძინა ამათ ეტყვის, რომ თქვენ დაჰპირდით და მერე მე ამათ გადავაგდებო. ამის მანევრი უნდა მოვუსპოთ ბიძინას და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის პირადად მიიღებს მონაწილეობს.

_ იმ შემთხვევაში, თუ ამ გზით არ განვითარდა მოვლენები და ბიძინა ივანიშვილი პირადად და ღიად არ ჩაერთო პროცესში, მაშინ რა ხდება, მოვლენების განვითარების ლოგიკა როგორი იქნება ასეთ მოცემულობაში?

_ როგორ მუშაობს პირდაპირი დემოკრატია, _ როდესაც ხელისუფალი, რომელსაც ხალხი ქირაობს და აძლევს მას მანდატს რაღაც ამოცანების გადასაწყვეტად და ხელისუფლება გადის ამ მანდატის ფარგლებიდან, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფალი არ ასრულებს ხალხის, როგორც ძალაუფლების წყაროს ნებას და შესაბამისად, აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას. როცა ხელისუფლება ამბობს, გადატრიალებას აპირებენო, სინამდვილეში პირიქით არის, თვითონ ხელისუფლება აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას, მაშინ, როდესაც არ აღასრულებს ხალხის ნებას, თუნდაც კონსტიტუციის იმ ნორმას, სადაც წერია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ხელისუფალმა უნდა გააკეთოს ყველაფერი. როდესაც ხელისუფალი ეწევა კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულების საბოტირებას, ის გადის კონსტიტუციური ფარგლებიდან და, შესაბამისად, არღვევს კონსტიტუციას, ასეთ შემთხვევაში, ხალხი უკვე იწყებს პირდაპირი დემოკრატიული პროცესის განვითარებას და აღადგენს კონსტიტუციურ წესრიგს. კონსტიტუციურ წესრიგს აღადგენს ან იმ გზით, რომ აიძულებს ხელისუფლებას, დაბრუნდეს კონსტიტუციურ ფარგლებში და აღასრულოს ის მანდატი, რომელიც მიცემული აქვს და თუ ხელისუფალი ამაზე უარს აცხადებს, მაშინ კონსტიტუციური წესრიგი აღდგება ხელისუფლებიდან არსებული პოლიტიკური ძალის ჩამოშორებით. ეს არის სწორი აღქმა ცივილიზებული საზოგადოების და არა ის, რომ მე ამირჩიე და მე წავალ ახლა, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, ხალხო, თუ ამას შეეწინააღმდეგებითო. ე. ი. თქვენ აწყობთ გადატრიალებას. ასე არ არის, პირიქით არის ყველაფერი. თუ ხელისუფალი გადის მიცემული მანდატის ფარგლებიდან, ის აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას და ხალხი ვალდებულია, აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი არსებული, დაქირავებული ხელისუფლების ძალაუფლებიდან ჩამოშორებით.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ თუ ხელისუფლება გადის მიცემული მანდატიდან, ხალხი ვალდებულია, აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი, ჩვენ უკვე ვნახეთ ათასობით ადამიანი ქუჩაში წინა კვირას. არის იმის პერსპექტივა, რომ ეს საპროტესტო მუხტი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ ჩამოშორდება ძალაუფლებას? პროცესების ასე გაგრძელებას თუ ხედავთ?

_ უნდა დავინახოთ იმიტომ, რომ თუ ხელისუფლებამ გააგრძელა ეს მამაძაღლობა და მაიმუნობა, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. როდესაც გეუბნებით, რომ ხალხმა უნდა აიძულოს ხელისუფალი ან გადააყენოს, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფოს გრძელვადიან განვითარებასა და უსაფრთხოებას, _ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ეს ბრძოლა შედეგის მიღწევამდე უნდა იყოს. ამ ბრძოლაში საზოგადოება არ უნდა დაიღალოს და ბოლომდე, რამდენი ხანიც დასჭირდება, რა ფორმებიც დასჭირდება, ყველა ფორმა უნდა იყოს გამოყენებული (გარდა იარაღისა, რა თქმა უნდა) იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას, _ დღეს ავცდით ამ გზას და ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფალი. აქედან გამომდინარე, ეს მძიმე გზაა, ეს არ არის მარტივი გზა. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, არაერთხელ ჩაიფუშა ეს და ხელისუფალს ახლაც ამის იმედი აქვს, რომ გამოვლენ იხმაურებენ და დაიღლებიან, ხელისუფალი კი სპეცრაზმს გამოიყვანს, ხალხს სცემს, წყალს მიასხამს, ამის იმედზეა დღეს ხელისუფალი, არ უნდა დავიღალოთ! სისტემას ხალხმა უნდა დაანახვოს, რომ ისინი უნდა ემსახურონ არა კონკრეტულ ხელისუფალს, არამედ ქართულ სახელმწიფოს და ქართული სახელმწიფოს ინტერესები ყოველთვის ხალხის მხარეს არის და არა ხელისუფალის. ასე რომ, ეს არის უმძიმესი მრავალვექტორიანი სამუშაო, რაც უნდა ჩატარდეს. რამდენი ხანი დასჭირდება? _ რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, თუ ჩვენ ეს გვინდა და როგორც ვამბობთ, ვიმსახურებთ ამას, ეს გრძელვადიანი მძიმე ბრძოლაა, მაგრამ ფინალში უნდა გავიყვანოთ, აბა, როგორ?!

_ თქვენ თქვით საინტერესო ფრაზა: საზოგადოება არ უნდა დაიღალოსო, ამ კონტექსტში განვიხილოთ ოპოზიცია, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მათ დაღალეს საზოგადოება, – ეს პროცესებმა გვიჩვენა, საზოგადოება ბოლო დროს ნდობადაკარგული და იმედგაცრუებული იყო ოპოზიციის მისამართით, ამ მოცემულობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოპოზიციის სწორი ტაქტიკა და სტრატეგია, _ რამდენად გაქვთ ამის იმედი დღევანდელი ოპოზიციური სპექტრისგან?

_ სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ნეგატიური გამოცდილება. ბიძინა ივანიშვილმა ერთი რაც მოახერხა ოპოზიციასთან ერთად, არის ის, რომ მოხდა მთელი პოლიტიკური კლასის სრული დეგრადაცია, კომპრომეტაცია. ხალხსა და მთელ პოლიტიკურ ელიტას შორის, ფაქტობრივად, ხიდი ჩატეხილი თუ არ არის, ძალიან შელახულია. ოპოზიციამ უნდა იმუშაოს ხალხთან. ნებისმიერ პროტესტს სჭირდება ლიდერი და ეს უნდა იყოს პოლიტიკური კლასი, შესაბამისად, უნდა იმუშაონ ხალხთან, უნდა გადონ ხიდები, უნდა აღიდგინონ ეს დაკარგული ნდობა. უნდა აჩვენონ, რომ ის, რასაც არ აკეთებს ხელისუფლება, ამის გამკეთებლები თავად ისინი არიან. ეს პარალელური პროცესია. დღევანდელი გამოცდილებით, სამწუხაროდ, ამას ყველაფერს სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვან, მეტი უნდა იაზროვნონ, მეტი ინტელექტუალური, ფიზიკური, მორალური ენერგია უნდა ჩადონ ამაში. დიდი ბოდიში, მაგრამ მთელი პოლიტიკური ელიტა ექსპერტებად იქცა, ტელევიზორში დასხდებიან, ილაპარაკებენ და ჰგონიათ, რომ ეს არის პოლიტიკა, ამას მე და თქვენც კარგად ვახერხებთ, პოლიტიკოსები სხვა რამისთვის არიან. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა მაინც ამ გზას, ამ შანსს, პირველ რიგში, ქვეყნისთვის და მათთვისაც ისინი სწორად გამოიყენებენ. საზოგადოება, რომ არ დაიღალოს, ამას სჭირდება ლიდერი და სწორი მართვა, სწორად მართვა მაინც პოლიტიკოსების საქმეა, საბოლო ჯამში, ისევ პოლიტიკოსებთან მივდივართ.

_ მაშინ ასე გკითხავთ: დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტზე არის თუ არა ისეთი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელსაც შესაძლოა, ხალხი გაჰყვეს? _ დღეს კონკრეტულ ლიდერებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, ჩვენ თუ საპირწონე ლიდერებზე, ძალის ცენტრებზე ვსაუბრობთ, _ არ არის ასეთი ლიდერი. თუმცა არსებობენ კოალიციები, არსებობენ ლიდერთა ჯგუფები, რომელთაც აქვთ გარკვეული თეორიული