„პუტინს იგივე ბედი ელის, რაც _ ჰიტლერს“

გიორგი საკარული

24 თებერვალს გამთენიისას ოკუპანტმა რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინაზე. ერთ-ერთი მიმართულება, საიდანაც უკრაინას რუსეთმა სამხედრო ძალით შეუტია, სწორედ ბელარუსი იყო. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. მოსკოვის აგრესია დაგმეს დასავლეთში და მას ახალი სანქციები დაუწესეს.

ფეისბუქმა ყველა რუსულ სახელმწიფო მედიას პლატფორმაზე რეკლამის განთავსების ფუნქცია შეუზღუდა.

უკრაინაში არსებულმა მდგომარეობამ შეძრა მთელი მსოფლიო. ხმამაღლა და აქტიურად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას რუსეთში მოღვაწე ხელოვანები, რომლებიც გმობენ ომს და პუტინის რეჟიმს. ქუჩაში გამოსული ათი ათასობით დემონსტრანტი, რომელიც რუსეთის აგრესიასა და ომს აპროტესტებდა, პუტინის ტყვეობაშია.

პუტინის აგრესია დაგმეს მსოფლიო ვარსკვლავებმა, მსახიობებმა, მომღერლებმა, ხელოვანებმა და იმ ადამიანებმა, რომელთათვისაც თავისუფლებისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანია.

„და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც“, _ ოთარ ჭილაძის ეს სიტყვები გაიხსენა პუბლიცისტმა თამარ ხოჭოლავამ და ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მონას შეადარა:

_ ძალიან მძიმე ვითარებაა, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ვგულისხმობ მეგობარ უკრაინას. როგორ შეაფასებთ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ ომს, ელოდით, რომ რუსეთი კიევში შეიჭრებოდა?

_ დამპყრობელი ერია რუსეთი, გენეტიკაში აქვს, რომ დაიპყროს. არ მეგონა, უკრაინას თუ გაუბედავდა, მაგრამ დატესტა უკრაინა და საქართველო ხომ ისედაც ჯიბეში ჰყავს. საქართველოს ხელისუფლებას ხომ არ აქვს გარკვეული პოზიცია _ ან იქით უნდა იყოს, ან _ აქეთ, ასე არ შეიძლება. თითქოს თვალებში ნაცარს გვაყრიან, თან სინამდვილეში წაწოლილები არიან. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან კოლაბორაციაშია. დღეს მსოფლიო ცივილიზაციას საფრთხე დაემუქრა და თუ რუსეთი აიღებს უკრაინას, აბსოლუტურად ეცდება მსოფლიოს გადალაგებასაც. უნდა, რომ ისტორია გადაწეროს და მისი იდეოლოგები ამაზე მუშაობენ. ახალგაზრდებს გონება მოუწამლეს. ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში, სადაც პატარა ბიჭს ეკითხებიან: სად მთავრდება რუსეთიო? ეს ბავშვი ახსნას იწყებს და საპასუხოდ ეუბნება, _ რუსეთი არსად მთავრდებაო. ეს არის ამათი თავი და ბოლო, ეს არის ამათი იდეა. პუტინს მსოფლიო მმართველობა უნდა. თქვენ რომ შვილი გყავდეთ, წარმოიდგინეთ, როგორ დაარქმევთ მას: მსოფლიო დაიპყარი, ანუ „ვლადი მირ“. რომელ ერს უნდა მოაფიქრდეს, რომ ასეთი სახელი დაარქვას შვილს. ზოგადად, რუსებს აქვთ ეს პრაქტიკა: ვლადიკავკაზ, ვლადივოსტოკ. როდესაც ჩვენთან 2008 წელს ბომბები ჩამოყარეს, კი ჩამოვიდნენ ევროპელი ლიდერები, მაგრამ საერთოდ არ შეიბერტყეს ყური. როდესაც ერს უჭირს და არ დაეხმარები, უნდა იცოდე, რომ ეს ცეცხლის ალი გადავა ევროპაში და შემდეგ ამერიკასაც მისწვდება.

დღეს უკრაინა კუთხეში მოიმწყვდიეს. შესაძლოა, რუსეთმა ბოლოს თქვას, ჩერნობილის აფეთქების შემთხვევაში უკრაინის დაბინძურება ნაკლებად მომწვდება და ევროპასთან დაგაბინძურებთო _ ეკოლოგიურ კატასტროფას მოაწყობს. პუტინი არის პოლიტიკური ხულიგანი, რომელიც ქუჩის კანონებით ცხოვრობს.

ძალიან გამიხარდა, რომ 26 თებერვალს „ალტ ინფო“ დაჰაკეს. ეს დამპყრობელი ერი უნდა ჩაახრჩო იქვე, ღმერთო მაპატიე. რამდენი ადამიანია, რომელიც უკრაინის მხარეს გადავიდა. მაგალითად, ერთ-ერთი რუსი ამბობდა, _ მე ვარ რუსი, მაგრამ უკრაინელების მხარეს, უკრაინელებისთვის ვიბრძოლებ. ზოგადად, არიან რუსეთის მცხოვრებლები, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, მაგრამ ყველას გუდავს. როგორც ჩვენთან გამოსვლები ჩაახშო. ბესიკ თამლიანი ციხეში უნდა იჯდეს?! ღარიბაშვილი კი თავისუფლებაზე უნდა დადიოდეს?! _ ეს ხომ საცოდაობაა! ძალიან დიდი სიძულვილი მაქვს, გენეტიკაში გადამივიდა, რუსს რას ვერჩი, რუსული ენის მასწავლებელი ვარ, მაგრამ უკვე რუსული საუბარიც კი მაღიზიანებს. თან საშინელი, ცინიზმით შეპყრობილი ეს ლილიპუტი, საზიზღარი პიროვნება პუტინი.

_ რა პარალელებს გაავლებთ 2008 წლის ომსა და უკრაინაში დღეს მიმდინარე ომს შორის? რა საერთო მახასიათებლები გამოვლინდა?

_ პუტინს მსოფლიო ბატონობაზე აქვს ამბიცია, იმ ტერიტორიების დაბრუნება უნდა, რომელიც საბჭოთა შემადგენლობაში იყო. გონზე აღარ არის, 600 მილიარდს ფლობს, სასახლეში ცხოვრობს, ყველაფერი ხელში უჭირავს და დაბეჩავებული ჰყავს თავისი ქვეყნის მცხოვრებლები.

_ ფაქტობრივად, იგივე სცენარს იმეორებს ახლა უკრაინაში, რასაც 2008 წელს საქართველოში ახორციელებდა?

_ აბსოლუტურად, ერთი ერთშია ყველაფერი. რუსეთი ყველგან, სადაც შედის, შეაქვს სიკვდილი. გაზაფხული მოდის, ამ უწვერულვაშო ბიჭებს უნდა გაეხარათ და ისეთი რამე მემართება, როცა ომში ვხედავ მათ, ტირილი მინდება და თავს ვერ ვიკავებ. რისთვის? ვისთვის? ამ არაკაც ავკაცს როგორ ეწირებიან? რომელ დედას უხარია, რომ მისი შვილი ფრონტზე იღუპება? რომელ რუსის დედას უნდა ეს, მაგრამ პუტინი ყველას გუდავს. ისევ მოგუდავს რუსის ხალხს. თქვენ ხედავთ, რა დღეშია რუსული მილიცია. პუტინს უნდა ეს ტერიტორიები, სადაც ფეხი დაუდგამს, ყველგან მისი ბატონობა სურს. ევროპასაც მიიერთებს, თუ გაუვიდა. თან ევროპა მხოლოდ ქაღალდის ხალხია და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რადიკალურ გადაწყვეტილებებს რთულად იღებენ.

_ რატომ არ დგამს ევროპა, მათ შორის, ევროატლანტიკური ალიანსი, სერიოზულ, მტკიცე ნაბიჯებს, თუ არ ჩავთვლით იმ სანქციებს, რომელიც უკვე დაუწესეს პუტინს? ასევე თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შეშფოთებას გამოხატავენ?

_ სიმშვიდის დარღვევა არ უნდათ, მაგრამ ის კი არ იციან, რომ თუ დღეს გაუვიდა რუსეთს უკრაინაში, ჩვენ ჯიბეში ვყავართ და შემდეგ მიადგება ევროპას. ევროპის კარზე ჩაიმუხლავს ომის აჩრდილი. დაუწესეს სანქციები, მაგრამ სანქცია შეაჩერებს რუსეთს? ტყეში რომ მხეცი შემოგხვდებათ, სანქცია რომ დაადოთ, ამით რამე შედეგს მიიღებთ?! ამ ნადირს ძალა უნდა დაუპირისპიროთ. თუ ადეკვატური ძალა არ დაუპირისპირეთ, ის გამჩერებელი არ არის. სულ ამას ვამბობდი, მაგრამ ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა გამაჩუმა. უნდა ჩამოუგდონ ერთი ბომბი კრემლში, მაგრამ ეს გამოიწვევს იმას, რომ მთელი მსოფლიო ცეცხლის ალში გაეხვევა და ამ ნაბიჯს არ დგამენ. რაც შეეხება მოლაპარაკებას, ეს ხომ ჭკვიანი კაცი არ არის, მასთან ვერ მოილაპარაკებ. ის გაიძახის მხოლოდ მე-ს, გაუმაძღარი სული აქვს, ყველაფერი უნდა, მაგრამ ბოლოს ოთხი ფიცარი ეყოფა, რადგან უკვდავი არავინ არის. მას ყველა ზურგს აქცევს. ახლა თითქოს კარგადაა, რუსული ელიტა, სადაც ის ცხოვრობს, დითირამბებს უძღვნის, გმირად და რაინდად შერაცხეს, ისინი აგიჟებენ და ასულელებენ. ჩემი გადასახედიდან რთული სიტუაციაა. ყველაზე მეტად რაც მიკვირს და მაოცებს არის ის, რომ სასწრაფოდ და უახლოეს პერსპექტივაში რატომ არ შეიძლება შეიყვანონ საქართველო და უკრაინა ნატოში, რომ მერე ნატოს ჯარითაც დაეხმარონ და უბრალოდ დაიცვან? _ მგონია, რომ საერთო კონსენსუსამდე მაინც მივლენ.

_ ამ მოცემულობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიცია და ღარიბაშვილის განცხადებები რაზე მეტყველებს?

_ ესენი არიან ოროსნები, პუტინის ჩვეულებრივი მონები. წაწოლილები არიან პუტინს. ესენი არიან რუსული ნარატივის გამტარებლები. შეიძლება, ერთი საათი ილაპარაკონ, მაგრამ საბოლოოდ არაფერი თქვან იმიტომ, რომ არაფერი აქვთ სათქმელი, მიკიბულ-მოკიბულად საუბრობენ. 25 თებერვალს პარლამენტარები რომ არ შეუშვეს და თავიანთი აზრის დაფიქსირების საშუალება არ მისცეს რიგგარეშე სხდომაზე, ბოსელი ხომ არ იყო პარლამენტი? უკრაინა, რომელიც ასეთ გაჭირვებაში დგას, არ მივატოვოთ და იდეურად მაინც დავუდგეთ მხარში, ჩვენ ხომ არაფრით არ ვეხმარებით, არც სისხლით, არც იარაღით, სანქციებს რომ უწესებს ევროპა რუსებს, იმაზე მაინც თქვან, რომ ძალიან კარგიაო. ყველა მიმართულებით ჯიბეში ჰყავს პუტინს საქართველოს ხელისუფლება, პუტინს ხალხი არიან. ახლა ვფიქრობ, როგორ ხელი არ გამიხმა, 41 როგორ შემოვხაზე? მაგრამ ჩვენ ასე მოვტყუვდით. ჩვენ მთავრობა არ გვყავს, ესენი არიან აბსოლუტური თავმოჭრა, მაგრამ ხალხიც მაოცებს, უცებ რომ გამოვარდებიან, ბოლს გამოუშვებენ და შემდეგ ისევ შიგნით ჩასხდებიან. ერთად უნდა მივაწვეთ ყველა ამ ხელისუფლებას და გადავაგდოთ. აქ არ შემოვა რუსის ჯარი იმიტომ, რომ ქართველი აღზევდა და აღდგა მათ წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერი წაგვართვეს, წაგვართვეს არჩევნები, ყველაფერი მოგვიწყვეს, ყველა ის უბედურება, რისი მოწყობაც შეეძლოთ, სისხლიც დაიღვრა, 9 აპრილი, 20 ივნისი, 5 ივლისი, ჟურნალისტებს რა უქნეს?! _ დაჟეჟეს ხალხი და აფურთხეს! ვინც სიმართლეს იტყვის, ყველას გაუსწორდით, დაუნგრიეთ ცხვირპირიო, _ ეს იყო ხელისუფლების გზავნილი. ჩვენ ხომ ყველანი კარგად ვხვდებით, რა სიტუაციაშიც ვართ. ჩემი ერი ადეკვატურად აზროვნებს, განსაკუთრებით ახალგაზრდები. 25 თებერვალს ჩემი შვილიც უკრაინის მხარდასაჭერ შეკრებაზე იყო გასული. ვაჟკაცობა და ადეკვატური აზროვნება მაინც აქვთ სისხლში ქართველებს. თანადგომა უკრაინელების მიმართ გვაქვს, ახლა ვინმემ რომ მითხრას, _ თამარ, მოგცემ იარაღს და წადი უკრაინაშიო, აუცილებლად წავალ და გმირად მაინც მოვკვდები, ერთ კეთილ საქმეს მაინც გავაკეთებ, ადამიანები ისედაც მოკვდავები ვართ. არავინ იფიქროს, რომ ვინმე ზეცას გამოეკერება. სიკეთისთვის გაღებული სიცოცხლეც კი არაფერი არის. ტყვია რომ მომიშვიროს ვინმემ და მითხრას, საით ხარო, ვიტყვი, რომ სიმართლის და დაჩაგრულის მხარეს ვარ ყოველთვის: „ეჭვით ვუმზერ ბედნიერ კაცს, განა გამემტყუნება,

გულმოკლული უფრო მიყვარს კაცია-გუნება“… _ ეს არის შოთა ნიშნიანიძის ლექსი. ოთარ ჭილაძე კი წერდა: „და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც“. აბსოლუტური მონაა პუტინი. უახლოეს ვადიან პერსპექტივაში ისეთ ეკონომიკურ გასაჭირში ჩავარდება! მაგრამ მას ექნება სარდაფებში გადანახული ფული, ასევე ბიტკოინები. მას მაინც არ გაუჭირდება, მაგრამ რუსმა ერმა უნდა მოაწყოს ამბოხება. რუსი ერი უნდა გამოვიდეს, არ უნდა შეეშინდეს, მაგრამ შიგნით სხედან ბუტუსურასავით, ჩვენსავით სისხლი არ აქვთ მათ, ახალგაზრდები კი არიან პროტესტით სავსე, მაგრამ ვნახეთ, რაც გაუკეთეს.

_ იმ ზომამდეც კი მივიდნენ, რომ მედვედევმა განცხადება გააკეთა, _ არ გამოვრიცხავთ, სიკვდილით დასჯა აღვადგინოთო. თავისუფალი სიტყვის გამო პროტესტანტები დააკავეს და შესაძლოა, უახლოეს მომავალში პირდაპირ დახვრიტონ.

_ არადა, თუ მართლა უნდა აღდგეს სიკვდილით დასჯა, პირველად ეს ურჩხულები და მკვლელები უნდა დაისაჯონ, რომლებმაც მთელი ცივილიზაცია თავდაყირა დააყენეს. 21-ე საუკუნეში ომი და სისხლისღვრაა! ახლა დავინახე კადრებში, ცოლ-ქმარი და შვილი როგორ ამოხოცეს რუსმა ოკუპანტებმა. ზუსტად ის შეიარაღებული არმია, რომელიც პუტინმა უკრაინისკენ გამოაგზავნა, უნდა შეუბრუნდეს მას და ეს დროც დაუდგება. ის ნეოფაშისტია, მას იგივე ბედი ელის, რაც ჰიტლერს. კობო აბეს აქვს ძალიან კარგი ნაწარმოები, „ქალი ქვიშაში“. ეს ქალი ყვირის, მიშველეთო… გაცვეთილი სიტყვაა და აბა, სამარის პირას მისულს რა ეორიგინალებაო. ზუსტად ასე მიგვიყვანა ყველა სამარის პირას და ვილანძღებით პუტინის მისამართით.