XI-კლასელი ეკოაქტივისტი, რომლისთვისაც საქმე ყოველთვის პირველ რიგში დგას

ის 17 წლისაა და უკვე 5 წელია, რაც ეკოაქტივისტია. მას თელავში ყველა იცნობს და ნამდვილად შეუძლია, წარმატებითაც დაიკვეხნოს. წელს ამერიკაში მიდის, რადგან ერთ-ერთ გაცვლით პროგრამაში (FLEX) გაიმარჯვა. XI-კლასელ მიჭს მისია აქვს, რომელსაც აუცილებლად აღასრულებს! გაიცანით, _ დღევანდელი ჩვენი „პერსონა“ გიორგი ორკოდაშვილია:

_ მომიყევი ცოტაოდენი შენზე, რომ მკითხველმა უკეთ გაგიცნოს.

_ ვსწავლობ თელავის #1 საჯარო სკოლაში, მე-11 კლასში. ვცხოვრობ სოფელ კურდღელაურში, მყავს დედა, მამა, ძაღლი (რომელსაც ძმად ვიხსენიებ ხოლმე) _ კოკი. თუ თამამი ნათქვამი არ იქნება, ვარ ეკოაქტივისტი, გარემოსდამცელი, 5 წელია, ვმონაწილეობ და ასევე ორგანიზებას ვუკეთებ გარემოსდაცვით აქციებს, პროექტებს, კამპანიებსა და სხვ.

_ რით დაიწყე ამ გზაზე „სიარული“ და რა სირთულეები შეგხვდა?

_ ყველაფერი 5 წლის წინათ დაიწყო. სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ სულ ამ საქმეს ვაკეთებ, იმდენად მივეჩვიე. ჩემი საქმიანობა სკოლის ეკოკლუბიდან დაიწყო, რომელშიც ახლაც ვარ. ამის შესახებ ჩემმა ბიოლოგიის მასწავლებელმა შემატყობინა. მანამდეც აქტიური ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, ჩემი აქტიურობა სად გამომევლინა, ეკოკლუბი კი ამისთვის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. შემდეგ ნელ-ნელა გავიფართოვე სანაცნობო არეალი, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დავიწყე, მერე უკვე პროექტების წერაც და მოგების განხორციელება. შევქმენი ,,ეკოაქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“.

სირთულეები ყველაფერშია და, რა თქმა უნდა, ჩემს საქმეშიც. ახლაც ღონისძიება „დედამიწის საათის“ ორგანიზატორი ვარ, თელავში მეოთხედ აღვნიშნავთ და უკვე მერამდენე სირთულე გამოჩნდა ამ აქციის ორგანიზებისას, აღარც კი მახსოვს.

_ რა სპეციფიკა აქვს შენთვის იმ საქმეს, რასაც აკეთებ?

_ ამას ხშირად ვამბობ და ისევ გავიმეორებ: ეკოაქტივისტებისთვის რთულია პრობლემური ადგილების გამოკვეთა, რადგან ყველა ამბობს, რომ თითქოს გარემოსდამცველია, ყველას, თითქოს, ეს პრობლემა აღელვებს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, ასე რომ იყოს, მაშინ ამდენ გარემოსდაცვით პრობლემას არ მივიღებდით. მოკლედ რომ ვთქვა, პირადად მე ვერ ვიგებ ხოლმე, გარემოსდაცვითი ცნობიერების კუთხით სად, რომელ თემშია პრობლემა და სად უნდა ვიმუშაოთ, სად არის ცნობიერება ასამაღლებელი. აი, ეს სირთულე გვაქვს ეკოაქტივისტებს.

_ რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

_ ყველაზე დიდი სიამოვნებით ზუსტად ჩემს საქმეს ვაკეთებ _ აქტივიზმი და გარემოსდაცვითი კამპანიების/პროექტების გაკეთება არის ის, რაც არ მბეზრდება.

_ ვისთვის, ან რისთვის არ გენანება რაიმე?

_ ალბათ, სიტუაციას გააჩნია. შეიძლება, ვიღაცისთვის სიცოცხლეც არ დამენანოს რაიმე კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ როცა ძალიან მშია, შეიძლება, ვიღაცისთვის შოკოლადის გაყოფაც კი დამენანოს.

_ რა არის საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის?

_ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარისხი და შედეგია, საქმის დროს კი _ პასუხისმგებლობა.

_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში? რას აფასებ ყველაზე მეტად?

_ ადამიანში ვაფასებ პროფესიონალიზმს. ადამიანებმა ყველამ ჩვენი საქმე კარგად უნდა ვაკეთოთ.

_ გადაწყვეტილება, რომელიც გინანია…

_ ყოველთვის ვაღიარებ ჩემს შეცდომებს და მიმაჩნია, რომ ასეთი ძალიან ბევრი მქონია, მაგრამ სინანულს პრობლემის მოგვარების გზის ძებნა სჯობია. არაფერს ვნანობ, არა იმიტომ, რომ შეცდომები არ მქონია, არამედ იმიტომ, რომ იმ შეცდომებიდან ბევრი ისეთი რამე ვისწავლე, რასაც ვერ ვისწავლიდი, ეს შეცდომები რომ არა.

_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

_ უპასუხისმგებლობა. ძალიან ვღიზიანდები იმ ადამიანებთან ურთიერთობით, რომლებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნიათ, საქმეს რომ აგდებულად ეკიდებიან.

ასევე მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც სხვის ცხოვრებაში ერევიან. ასეთი ადამიანი ბევრი დავინახე ჩემ გარშემო იმის შემდეგ, რაც შეკრული თმებით დავდივარ. წარმოგიდგენიათ? ქუჩაშიც კი შეუძლიათ სრულიად უცხო ადამიანებს გამაჩერონ და რეპლიკა მესროლონ ჩემი თმის გამო. აი, გუშინ მაღაზიაში ვიყავი და ერთი ქალი მომადგა, ძლივს მოვიშორე,  მორალისტური ტონით მიმეორებდა, _ მოკლე თმა მოგიხდებაო. თუმცა უკვე ისე მივეჩვიე, ასეთი სიტუაციები უკვე ძალიან მახალისებს და პირველად თუ დაძაბული დავდიოდი ქუჩაში, რადგან მაღელვებდა, რას იტყოდნენ ჩემზე, ახლა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ სულ აღარ მაინტერესებს,  საერთოდ აღარ ვაქცევ არავის ყურადღებას.

_ რისთვის არ გენანება დრო?

_ არაფრისთვის არ მენანება დრო, რაც რამე ახლის გაგებას და ინფორმაციის მიღებას უკავშირდება. ასევე არ მენანება დრო მეგობრებთან ერთად გართობისთვის, მოგზაურობისთვის, ლაშქრობებისთვის…

_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?

_ თავისუფალ დროს ჩემს საყვარელ სერიალებს, ფილმებს ვუყურებ, წიგნებს ვკითხულობ, ვმოგზაურობ, ვლაშქრობ, პიკნიკებზე დავდივარ და ა. შ.

ბუნებასთან კავშირის გარეშე არ შემიძლია, ზამთარში ლაშქრობებზე რომ ვერ დავდივარ, გაზაფხულამდე უკვე ძლივს ვძლებ ხოლმე.

_ მაქსიმალისტი ხარ? ყველაფრის უმაღლეს დონემდე შესრულება გიყვარს?

_ მაქსიმალისტი ვარ, თან ძალიან მაქსიმალისტი. ფაქტობრივად, პერფექციონისტ-მაქსიმალისტი ვარ. საქმეში ჩემს თავსაც და ყველა სხვა ადამიანს მაქსიმუმის გაკეთებას ვთხოვ. არ მიყვარს უპასუხისმგებლობა და მიმაჩნია, რომ თუ საქმეს შევეჭიდე, ბოლომდე უნდა მივიყვანო. მირჩევნია, ვაკეთო ცოტა და ხარისხიანი, ვიდრე ბევრი და მოვალეობის მოხდის მიზნით.

_ მუსიკას უსმენ ხოლმე (რას)?

_ კი, სულ ვუსმენ: ქუჩაში, საქმის გაკეთების დროს და ა. შ. მუსიკა ჩემთვის სიამოვნების მიღების ძალიან კარგი საშუალებაა. მოსმენით ვუსმენ ყველაფერს, ოღნდ მხოლოდ ინტერესის გამო, მაგალითად, როცა ვინმე ცნობილი მომღერალი ახალ სიმღერას გამოუშვებს, ვუსმენ, მაგრამ სიამოვნებას ვიღებ როკისგან. საყვარელი მომღერალი ან ჯგუფი არ მყავს, მაგრამ ქართველებიდან  LoudSpeakers, dagdagani და The Mins მომწონს. ირაკლი ჩარკვიანს ბავშვობიდან ვუსმენ და მიყვარს.

_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?

_ ალბათ, ახალ შანსებს, შესაძლებლობებს, საქმეებს. მიყვარს დილა და ჩემს შემთხვევაში დილას როგორც ვიწყებ, ისეთი დღე მაქვს ხოლმე. საქმეების შუადღეს დაწყება არ მიყვარს. მირჩევნია, დილიდან შევუდგე ხოლმე.

_ რაზე ოცნებობ?

_ ვოცნებობ წარმატებაზე, ერთი კვირის წინ ჩემი მთავარი ოცნება ერთი წლით ამერიკაში წასვლა იყო და ამიხდა, სექტემბერში სასწავლებლად მივდივარ. ვოცნებობ ყველა ქვეყნის ნახვაზე, წარმატებაზე. ვოცნებობ იმაზე, რომ ჩემი ყველა ოცნება იქცეს ხოლმე მიზნად. როცა მიზანი არსებობს, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.

_ თუ გყავს ფილმის, ან წიგნის გმირი, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ?

_ არ ვიცი, ვგავარ თუ, უბრალოდ, მინდა, რომ ვგავდე, მაგრამ პეპიზე ვგიჟდები და მგონი, ბევრი თვისებით ვგავარ. წვიმაში ყვავილები არ მომირწყავს, მაგრამ მსგავსი რამ გამიკეთებია, თუმცა, როგორც მახსოვს,  პატარა ასაკში პეპისნაირი ცელქი არ ვიყავი. ახლა უფრო ვარ.

_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის? რატომ?

_ სიტყვა „მისაბაძი“ არ მიყვარს, რადგან ,,ბაძვა“ არის ის, რაც ერთფეროვნებისკენ არის მიმართული, ერთფეროვანი გარემო კი ჩემთვის ყველაზე უინტერესო მდგომარეობაა, მაგრამ თუ სამაგალითო და, უბრალოდ, ჩემთვის „მაგარ“ ადამიანებს გულისხმობთ, ასეთი ბევრია: ქრისტე, მაჰათმა განდი, მარტინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა, მიხეილ ჯავახიშვილი. ისინი არ უშინდებოდნენ სირთულეებს და იბრძოდნენ სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის, თავისუფლებისთვის.

_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?

_ ძალიან ბევრს. გარემოსდაცვით სფეროში პრობლემა ბევრია, რომელსაც მოსახლეობაც და ხელისუფლებაც ქმნის. ეს არის ხარვეზები კანონმდებლობაში, ადამიანების გულგრილობა,  ცნობიერების დაბალი დონე, პასიურობა.  ზოგადად, საქართველოში უმთავრეს პრობლემად განათლების სისტემა მიმაჩნია, რომელიც ორიენტირებული არის თეორიულ მასალაზე და არა აზროვნებაზე და უნარებზე, რომელიც ცხოვრებაში აუცილებელია. განათლების სისტემის ბრალია, ადამიანები სწორად რომ ვერ ირჩევენ პროფესიას, გარკვეულწილად, სისტემის ბრალია დღეს, ცოტა აქტიური მოქალაქე რომ არ გვყავს.

_ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

_ გარემოსდაცვით პრობლემებს ცნობიერების ამაღლება, ამ სფეროში მომუშავე ადამიანების სწორი გადაწყვეტილებები ნელ-ნელა უშველის.

რაც შეეხება განათლების სისტემას, ამ ეტაპზე, თავის გადარჩენის კარგი საშუალება არაფორმალური განათლების მიღებაა, ზოგადად კი ევროპისა და ამერიკის განათლების სისტემების მაგალითზე დაყრდნობილი განათლების სისტემა კარგი იქნება. ასევე მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი კვალიფიციური და, ამავდროულად, თავისუფალი, ტოლერანტი, ჯანსაღი მასწავლებელი. განათლება ისეთი სფერო მგონია, ინვესტიცია რომ უნდა ჩაიდოს და შედეგი 10-15 წელიწადში ჩნდება, საქართველოში კი ყველა მომდევნო მინისტრი ხედვებით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია, ერთი ჩადებს ინვესტიციას _ არ ვაცდით, მეორე მოდის, რომელიც სულ სხვა ცვლილებებს ატარებს, შემდეგ მესამე, რომელიც მეორის ცვლილებებს საპირისპიროთი ცვლის და ა. შ. არ ვაცდით დათესილ მარცვალს, გაღვივდეს და ამოვიდეს. განათლების სფერო კი ასეთია, დრო გვჭირდება, შედეგი რომ დავინახოთ.

_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?

_ ცოტა რთულია იმის თქმა, როდის ვისვენებ, ან როდის ვაკეთებ საქმეს, რადგან არ მაქვს ასე განსაზღვრული გრაფიკი. როცა საქმეა, ვაკეთებ, როცა არა _ ვისვენებ. არის შემთხვევები, როცა 2-3 კვირა ისე მიყვება ხოლმე, თავისუფალ დღეს კი არა, საათსაც ვერ ვპოულობ და გათენებაც კი მიწევს, ხან _ პირიქით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, სიამოვნებისგან და ემოციებისგან ვიღლები და არა მოვალეობებისგან.

_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?

_ ახლა, ამ წამს, ყველაზე მეტად ჩემი მეგობარი მარიამ გელდიაშვილი მენატრება, რომელიც ამერიკაშია სასწავლებლად და 8 თვეა, არ მინახავს.

_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?

_ მართლა ყველაფერია: სიამოვნების მიღების, ენერგიის დახარჯვის,  კონტაქტების დამყარების, ადამიანებთან ურთიერთობის, ახლის სწავლის საშუალება.

_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?

_ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მინდა, რომ თავისუფალი ვიყო. ალბათ, არ ვარ, რადგან კომპლექსები მაქვს, რომელზე საუბარიც არ მიყვარს.

_ რა არის თავისუფლება შენთვის?

_ თავისუფლება ჩემთვის ნიშნავს, ვაკეთო ყველაფერი, რაც მინდა და რაც სხვას არ ვნებს. თავისუფლება არის ის, რაც არ მიმაჩნია, რომ მხოლოდ „ლომთა ხვედრია“. თავისუფლება აუცილებლად უნდა იყოს ყველა ადამიანის ხვედრი. ჩემი აზრით, განვითარება, წინსვლა და პროგრესი წარმოუდგენელია თავისუფლების გარეშე. მნიშვნელოვანია, დავამსხვრიოთ ყველა სტერეოტიპი, დავძლიოთ ყველა სტიგმა და ვიცხოვროთ ისე, როგორც გვეცხოვრება, და არა ისე, როგორც სოციუმი გვიწესებს.

_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?

_ ჩემი ღირებულებების, ინტერესებისა და მიზნების გადაფასებას ვაკეთებ.

_ საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვს?

_ ხანდახან მგონია, რომ კი, აი, ვიპოვე ჩემი თავი-მეთქი, მაგრამ არა, რა თქმა უნდა, არა! ახლა ძიების პროცესში ვარ და იმდენად საინტერესოა ეს, სულ არ მინდა, ჯერ ვიპოვო. მზად ვარ, მთელი ცხოვრება ნამდვილი გიორგი ვეძებო, მგონია, რომ ასე უფრო განვვითარდები.

_ მიგაჩნია, რომ რაიმე მისია გაქვს ცხოვრებაში?

_ დიახ, ვფიქრობ, რომ არა მარტო მე, ყველა ადამიანს აქვს მისია _ ეს არის იყოს აქტიური მოქალაქე და იბრძოლოს სამართლიანობისთვის. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ჭამა და ბუნებრივი მოთხოვნილებები არ არის მხოლოდ ცხოვრება.

_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?

_ ის, რისთვისაც მე ვიბრძვი, არის განათლებული ადამიანები, ლიბერალური, ტოლერანტული, სოლიდარული და გარემოსდამცველი სამოქალაქო საზოგადოება. ვიბრძვი სტერეოტიპების მსხვრევისკენ, ვებრძვი ფუნდამენტურ ფობიებს.

_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი, ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში, ან ქვეყანაში, ზოგადად?

_ ჩემს ცხოვრებაში რას გამოვასწორებ, რა თქმა უნდა, ჩემი ნებაა და ვცდილობ ამის გამოსწორებას, მაგრამ არ ვიბრძვი სრულყოფილებისკენ. სრულყოფილებისკენ ბრძოლა ფაშიზმის გამოვლინება მგონია. მე, უბრალოდ, ვცდილობ ვიყო ის, რაც ვარ, ვაკეთო ის, რაც მინდა და ვიბრძოლო უსამართლობისა და უთანასწორობის წინააღმდეგ.

ქვეყანაში კი შევცვლიდი ადამიანების ცნობიერებას, ადამიანებს სიძულვილსა და ძალადობის, თავისზე სუსტის დაჩაგვრის სურვილს ამოვუძირკვავდი.

_ რა არის ცხოვრების აზრი შენთვის?

_ ჩემი ცხოვრების აზრი არის ვიყო ბედნიერი, ვაკეთო საქმე, რომელიც მომწონს, სასარგებლო ვიყო ადამიანებისთვის და გარემოსთვის.

_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი მსოფლიოში და რას ნიშნავს წარმატება შენთვის?

_ ჩემი აზრით, ყველას ყველაფრის შანსი აქვს, მათ შორის, მეც. ის, რომ დავიბადეთ და ვცხოვრობთ, ეს, თავისთავად, შანსია ყველაფრის და მჯერა, რომ ნებისმიერი სურვილი და მიზანი მიიღწევა დიდი შრომის, წვალების შემდეგ. ჩემთვის წარმატება ბევრს ნიშნავს, ჯერ მაგდენი ამბიცია ნამდვილად არ მაქვს, რომ მსოფლიოს დონეზე გავხდე წარმატებული (თუმცა უარსაც არ ვიტყოდი). წარმატება ჩემთვის იქნება ჩემი საქმის წარმატება _ როცა დავინახავ, რომ ჩემმა კამპანიებმა და პროექტებმა წარმატებას მიაღწია, როცა დავინახავ, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი მდგომარეობა უმჯობესდება და ა. შ.

რაც შეეხება პიროვნულ წარმატებას, ყოველთვის მეცვლება ამასთან დაკავშირებით შეხედულებები _ ახლა ჩემთვის წარმატება ნიშნავს, თუ ვიმუშავებ ისეთ საქმეზე, რომელიც მომწონს და ეს საქმე გარემოსთვის სასარგებლო იქნება.

_ გაქვს ისეთი პრინციპი, რასაც არასდროს უღალატებ?

_ კი, არასდროს დავუშვებ ჩემი მხრიდან უსამართლობას.

_ ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობ ხოლმე?

_ ბოლო თვეებია, როცა ამერიკაში წასვლაზე პასუხს ველოდებოდი, სულ ამერიკაზე მეფიქრებოდა, სულ იმას ვფიქრობდი, რომ ამერიკის ქუჩებში დავაბიჯებდი, ამერიკულ სკოლაში ვსწავლობდი და ა. შ. როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ გავიმარჯვე და ამერიკაში მივდივარ, იმის შემდეგ ვეღარ ვფიქრობ მაგაზე, არ ვიცი, რატომ.

ზოგადად კი სიტუაციას გააჩნია _ ალბათ, ისევ ჩემს საქმეზე მეფიქრება ხოლმე, რამეს რომ ვგეგმავ, როგორი გამოვა, რა შედეგი ექნება და ა. შ. (მკითხველს ჩემი საქმით დაავადებული ვეგონები).

_ რომ არა გიორგი ორკოდაშვილი, ვინ იქნებოდი?

_ ისევ გიორგი ორკოდაშვილი ვიქნებოდი, უბრალოდ, სხვა სახელით და გვარით. თუ, უბრალოდ, სხეული შემეცვლებოდა, ეს ჩემს ცხოვრებაზე დიდ გავლენას არ მოახდენდა.

_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?

_ 4 თვეში ამერიკაში მივდივარ, მანამდე მცენარეებისა და, განსაკუთრებით, დიდი რაოდენობის ბზის ნერგის დაკალმება მინდა, შემდეგ სიმბოლურ ფასად გაყიდვა და ამ ფულის ეკოაქტივიზმში გამოყენება. ახლა, მალე, აპრილში თელავში პირველ ძველმანების ბაზრობას გავმართავთ. ამერიკიდან რომ ჩამოვალ, უკვე სრულწლოვანი ვიქნები და სოციალური საწარმოს დაარსება მინდა: ,,ეკო-კაფის“ და ასევე უკვე უნივერსიტეტში ჩაბარება და თბილისში გადასვლა მომიწევს. სამაგიეროდ, „ეკო-კაფეს“ დავტოვებ და თბილისიდან გავაკეთებ სასარგებლო საქმეებს თელავისთვის და თელაველი ახალგაზრდებისთვის.

_ რა გაძლევს ხვალინდელი დღის იმედს და სტიმულს?

_ ხვალინდელი დღის იმედი და სტიმული არასდროს დამკაგვია და არ ვიცი, არც მიფიქრია, რა არის ის, რაც მე სტიმულს მაძლევს. ჯერ არ ჩანს, უხილავია, იმედია, მალე გამოჩნდება.

_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?

_ პირველ რიგში, საკუთარი თავის.

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ იყავით აქტიური მოქალაქეები. მოხალისეობა და აქტივიზმი სახალისოა ჩვენთვის, სასარგებლოა ქვეყნისთვის და პლანეტისთვის!

 

ნინო ტაბაღუა