გიორგი ვაშაძე: „პრეზიდენტი არის ოლიგარქიული რეჟიმის ერთი ჭანჭიკი“

გიგა გელხვიიძე

ჩამოშლილი უპრეცედენტო ერთობის შემდგომ, რის გამოც ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს აკისრებდნენ პასუხისმგებლობას, ქართული პოლიტიკის ამ ფლანგზე ახალი გაერთიანება შედგა, რომელიც შედგება სამი ოპოზიციური პარტიისგან: „სტრატეგია აღმაშენებლისგან“, „დროასგან“ და „გირჩი მეტი თავისუფლებისგან“.

ამ სამი პარტიის გაერთიანებამ პოლიტიკურ სივრცეში საკმაოდ ბევრი კითხვა გააჩინა, რასაც ხმაურიანი განცხადებებიც მოჰყვა. თავდაპირველად ყველასთვის გაუგებარი იყო აღნიშნული პოლიტიკური ერთობის ძირითადი არსი, რომ ამ სამი პარტიის რეიტინგი იმდენად დაბალია, მათი ერთობით მნიშვნელოვანი ცვლილების გამოწვევა პოლიტიკურ ველზე არც კი განიხილებოდა. თუმცა დღესდღეობით სწორდ ამ გაერთიანების მიერ წარმოდგენილი ხედვებია ის მთავარი საკითხები, რაზედაც ბოლო ერთი კვირის მანძილზე სახელისუფლებო და ოპოზიციური სპექტრი კომენტარებს აკეთებს.
კონკრეტული ხედვები, ამომრჩევლის მეტი ინფორმირება და თავისუფლება, პარიმერისი და ერთიანი საარჩევნო სია, რომლის მიხედვითაც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს თავად ექნებათ შანსი, ისეთი სამთავრობო კაბინეტი ჩამოაყალიბონ, როგორიც სურთ, მათ მიერ შერჩეული პოლიტიკოსებით.
ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას სამეულს არც სხვა ოპოზიციური პარტიები დავიწყებიათ. მათ განაცხადეს, რომ ახლა ერთობის დროა და ამის გარდა, პოლიტიკურ კრიზისსა და სტაგნაციას, რომელიც ქვეყანაშია, არაფერი უშველის. ისინი მზად არიან, ყველა პოლიტიკურ ძალას მოუსმინონ, მოსაზრებები შეაჯერონ და ერთობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადონ, თუმცა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის მათი ხედვები ორაზროვნად არის აღქმული, ნაწილი ერთობის მომხრეა და აცხადებს, რომ ეს აუცილებელია, თუმცა ყველა ჯერდება იმაზე, რომ ერთიანი პოლიტიკური სია და პარლამენტის ბოიკოტირების საკითხი არასწორი ნაბიჯია, ნაწილი კი მათთან ალიანსს საერთოდ არ განიხილავს და შეფასებების მიხედვით მმართველი გუნდის განშტოების შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე ოპოზიციაში მყოფი კონკრეტული სუბიექტის.
მაგალითად, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი, სამთა კავშირის შესახებ აცხადებს, რომ „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“, ზუსტად იგივეს ამბობს მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიც.
რაც შეეხება მოსაზრებას პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ოპოზიციურ ერთობაში იმყოფებიდნენ და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერამდე ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ასეთ შემთხვევაში პარლამენტის ბოიკოტირება ერთადერთი გამოსავალია, დღეს იმავე პარლამენტიდან გამოსვლის მოწოდებას უპასუხისმგებლობას უწოდებენ: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რესპუბლიკელები“ და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ბოლო პერიოდში გვაქვს სრულიად განსხვავებული პოზიციები. მე და დამოუკიდებელ დეპუტატებს, ტარიელ ნაკაიძეს, თეონა აქუბარდიას გვაქვს მიდგომა, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართული საპარლამენტო მუშაობაში და იმ შემთხვევაში, თუ აქციები გაიმართება, ჩვენ ამაში ჩავერთვებით, რადგან ესეც არის ინსტრუმენტი, რომ ხელისუფლება გამოვაფხიზლოთ. ჩვენი პარტნიორები, გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებელი“, სხვა პოზიციაზე არიან და მიიჩნევენ, რომ აზრი არ აქვს პარლამენტში მუშაობის გაძლიერებას. როდესაც მე ვხვდებოდი სპიკერს, რომელთანაც მქონდა საუბარი სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, როგორ აგვერჩია, მაგალითად, ომბუდსმენი, ის ამბობდა, რომ ეს პროცესი არის ფარსი. მე ამაში კატეგორიულად არ ვეთანხმები გიორგი ვაშაძეს. მას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები პოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ დღეს, ამდენი ხნის შემდეგ, როცა ჩვენ პარლამენტში ვმუშაობთ, ისევ შემოტანა თემის, რომ გავიდეთ პარლამენტიდან, მგონია, რომ არის უპასუხისმგებლო“ (ხათუნა სამნიძე, „რეპუბლიკური“ პარტია).

იმის გასაგებად, თუ რა გეგმები აქვს ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობას და სად ხედავენ ისინი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს, ასევე რა აზრის არიან კოლეგების მოსაზრებებზე, „ქრონიკა+“ ოპოზიციური სამეულის ერთ-ერთ წარმომადგენელს, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს ესაუბრა:

_ გიორგი, თქვენს პოლიტიკურ ერთობაზე _ მის რეალურ არსსა და დატვირთვაზე რომ გვესაუბროთ, რათა მკითხველისთვის კიდევ უფრო გასაგები იყოს თემა, _ დღეს რატომ გახდა მსგავსი მოცემულობა საჭირო და რეალურად რა ბერკეტები აქვს ამ ერთობას?
_ ჩვენ გავქვს კონკრეტული ამოცანა, რომ პრორუსული ძალების მიერ მიტაცებული ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს პროევროპულმა უმრავლესობამ და ეს არის გზა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ, რაც ნიშნავს საქართველოს განვითარებას სწრაფი ტემპებით, ახალ სამუშაო ადგილებს და ა. შ. ეს რომ მივიღოთ (კანდიდატის სტატუსი), ამისთვის პროევროპულ პარტიებს გვჭირდება ერთიანობა და აქედან არის სწორედ ეს ნაკარნახევი. დღეს სადაც არის მსოფლიო და სადაც ვართ ჩვენ, არის აბსოლუტურად სხვადასხვა რამ, ამიტომაც სწორედ ერთობაშია გამოსავალი და ჩვენ ერთობით შევძლებთ, რომ დავამარცხოთ პრორუსული „ქართული ოცნება“, რადგანაც არ შეიძლება, პროევროპულ უმრავლესობას მართავდეს პრორუსული ძალა. სანამ ეს არ მოხდება, ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ.
_ კოლეგა ოპოზიციურ პარტიებზე გკითხავთ, _ როგორც აღმოჩნდა, ისინი სკეპტიკურად უყურებენ გაერთიანებას, მეტიც: ზოგიერთი უპასუხისმგებლოსაც კი უწოდებს კონკრეტულ ინიციატივებს. ამასთან დაკავშირებით როგორია თქვენი შეფასება?
_ არ მაინტერესებს, რას უყურებს პოლიტიკური კულუარები და ვიწრო პარტიული ინტერესებით მოძრავი ადამიანები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას უყურებს ქართველი ხალხი. ქუჩაში გადით და ნებისმიერს ჰკითხეთ, რას ითხოვენ ისინი ჩვენგან? ისინი ჩვენგან ითხოვენ პროევროპულ ერთიანობას. თუ ვინმე მაჩვენებს რამე სხვა გზას და იდეას, მე მათ სიამოვნებით მოვუსმენ. ამ ერთიანობასთან დაკავშირებით ექვსი თვეა დავდივართ ბევრ ადამიანთან და ამ პარტიებმა გადავწყვიტეთ, საჯაროდ გვეთქვა ამის შესახებ და სწორედ ხალხის ხმა იქნება განმსაზღვრელი ამ ერთიანობაში, რაშიც მე ეჭვი არ მეპარება.
_ პარლამენტის დატოვების შემთხვევაში, სხვა ოპოზიციური პარტიებიც დატოვებენ პარლამენტს? როგორი სვლა იქნება ეს და რა პროცესებამდე მიგვიყვანს?
_ პირველი: „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ კამპანიას ატარებს იმიტომ, რომ უნდა იყოს გააზრებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებში, თუ რატომ იდგმება ეს ნაბიჯი, რადგან ის არნახული მხარდაჭერა, რომელიც საქართველოში გვაქვს მათი სახით, ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, რადგანაც ჩვენ ვართ ევროპელების პარტნიორები და არა რუსების. აქედან გამომდინარე, პარლამენტიდან გასვლა ეს არის ერთი-ერთი მძლავრი მექანიზმი, რომლითაც ევროპას უნდა ვუჩვენოთ, რომ ჩვენ ერთად ვდგავარათ. ეს იქნება კატალიზატორი და ინდიკატორი იმისა, რომ ვუჩვენოთ ჩვენი მისწრაფებები ევროპას. პარლამენტიდან გასვლა, იქ რაღაცის ბოიკოტი და რაღაც პროცედურები _ ეს ყველაფერი არის ერთობისთვის. ორად გავყოფდი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ზურა ჯაფარიძემაც ისაუბრა ამაზე. არიან პოლიტიკურ სპექტრში შემორჩენილი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაღაც გამოდნება „ქართული ოცნებისგან“ და არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, არაფერიც არ შეიცვლება. ჩვენ განვეკუთვნებით იმათ რიცხვს, რომლებიც აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომლისგანაც არაფერი გამოვა და ეს არის, უბრალოდ, შოუ და კლოუნადა, რაშიც მონაწილეობის მიღებას არ ვაპრებთ.
_ საპარალამენტო არჩვენების შემდგომ ოპოზიციური ერთობა შედგა, თუმცა იგი ჩამოიშალა _ თუ ერთობაშია მთავარი ძალა და სწორედ ამით შეიძლება დამარცხდეს მმართველი გუნდი, მაშინ რატომ ჩამოიშალა ეს ერთობა თავის დროზე?
_ მე ნუ მეტყვით, 90-მა პროცენტმა ხელი მოაწერა შარლ მიშელის შეთანხმებას მაშინ. ღიად ვამბობ, _ ყველას რომ მოეწერა მაშინ ამ შეთანხმებაზე ხელი, დღეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა. ევროპულ-დასავლური გარანტიის ქვეშ 43%-იან რეფერენდუმს მოვიგებდით და დაინიშნებოდა რიგგარეშე არჩევნები, ხოლო თუ ამას არ იზამდა „ქართული ოცნება“, იგი გამოცხადდებოდა არალეგიტიმურად. თუმცა ურთიერთბრალდებებმა ოპოზიციურ პარტიებში ხელი შეუწყო ამ პროცესების არევას და სიღრმეებში ჩასვლა აღარ გვინდა. მოცემულობა შარლ მიშელამდე და შარლ მიშელის დოკუმენტის შემდეგ იყო სრულიად განსხვავებული და დღეს გვაქვს სულ სხვა მოცემულობა _ ან ევროპა ან რუსეთი. მაშინ იყო მოცემულობა, როგორ გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან და დღეს ჩვენ პოლიტიკური კრიზისი არ გვაქვს, დღეს ჩვენი სამშობლო მიტაცებული არის პრორუსების მიერ და ის უნდა დავიბრუნოთ. რაც შეეხება ერთიანობას _ ყველა საკითხი, რაზედაც ჩვენ ვმსჯელობთ, ეს არის ერთიანობის გარანტიების მექანიზმები, დემოკრატიული მექანიზმები, შიგნით-გარეთ საუბარი. ასევე დემოკრატიის მოსპობის გარანტი იქნება კულუარებში მსჯელობა და სანამ ჩვენ ამას არ მოვსპობთ, მანამდე ყველანაირი გზა იქნება ხსნილი „ქართული ოცნებისთვის“ და ის შეეცდება, პროცესები თავად მართოს ქვეყანაში.
_ თქვენ აქტიურად ხვდებით ამომრჩეველს და კარგად იცით მათი პოზიციები და შეხედულებები, ეს ჩვენთან საუბარშიც ახსენეთ. დღეს მოქალაქეების უმეტესობა ოპოზიციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გამოსავალი არის ქუჩის აქციებში, ოპოზიცია კი ნაკლებად განიხილავს ამ მექანიზმს. გისაუბრიათ თუ არა ამაზე და თუ შეეცადეთ ხალხი დაგერწმუნებინათ იმაში, რომ ქუჩის აქციებამდე არის სხვა მნიშვნელოვანი პროცესები?
_ არაფერში არ ვაპირებ, ისინი დავარწმუნო, რადგანაც ქუჩის აქციებიც საჭიროა და ყველაფერი, მაგრამ ჯერ საჭიროა ერთიანობა, მერე ქუჩის აქციები და პროცესებიც დაჩქარდება. არავის ვარწმუნებ, რომ ბაფთებით და ლამაზი საუბრებით ტელევიზიიდნ რამე შეიცვლება, ამიტომაც გავერთიანდით, ვინც სხვაგვარად ვფიქრობთ.
_ უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. როგორ გგონიათ, რამდენად იქნება ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ დასავლეთმა და ევროპამ ახლა უკვე თავად ივანიშვილი შეიყვანოს სანქცირებულთა სიაში?
_ დასავლეთის მხრიდან სანქციებიც იქნება, მხარდაჭერაც და ყველაფერიც, მაგრამ ჯერ გვჭირდება ერთიანობა პროევროპულ ფლანგზე, თორემ იმის საუბრით, რომ უკრაინა ომს მოიგებს და ივანიშვილი დამთავრდება, არაფერი გამოვა. უკრაინა მოიგებს ამ ომს, მაგრამ ივანიშვილი დამთავრდება და ოლიგარქიული რეჟიმიც დამთავრდებაო _ ეს არ არის პირდაპირ პროპორციული. ყველა ევროპელი გვეუბნება, _ თუ ითხოვთ ჩვენგან ხელისუფლების ცვლილებას, ხელისუფლება უნდა შეცვალს ქართველმა ხალხმა! პრორუსებისგან ქვეყანა უნდა გაათავისუფლოს ქართველმა ხალხმა და არა გერმანელებმა, ფრანგებმა და სხვებმა, ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ და შემდგომში იქნება ყველაგერი.
_ თქვენ და ზურა ჯაფარიძე ბრიუსელში იმყოფებოდით და შეხვდით გავლენიან პოლიტიკოსებს _ რა იმედები გაგიჩინათ მათმა საუბარმა?
_ მე და ზურა ჯაფარიძეს ბრიფინგიც გვქონდა ამაზე და გამოვაქვეყნეთ ყველაფერი, რაც პირველწყაროდან მოვისმინეთ. შევხვდით იმ ადამიანებს, რომლებიც გაფართოების საკითხებზე მუშაობენ და ყოველწამიერად აფასებენ, რა ხდება ქვეყანაში. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ისინი ვერ ხედავენ „ქართულ ოცნებაში“ იმის ნებას, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციები შსრულდეს და ამიტომაც მათი პასუხი იქნება უარყოფითი. „ქართული ოცნება“ არ მიდის ევროკავშირისკენ და ამის დასტური იქნება ბრიუსელის გადაწყვეტილება, რასაც ისინი მიიღებენ.
_ თორმეტპუნქტიან რეკომენდაციებზე მინდა გკითხოთ: იქ ხაზგასმულია პოლიტიკური პატიმრების საკითხი და ამ შემთხვევაში საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას სახით. ამ კუთხით ოპოზიციამ რა სამუშაოები უნდა გაწიოს?
_ ისევ და ისევ ერთიანობა! უნდა მორჩეს ილუზიები იმის შესახებ, რომ ვთხოვოთ პრეზიდენტს, შეიწყალოს გვარამია. მე არ ვიცი, ასეთი ცრუ აზრები რატომ აქვთ, _ დავუჩოქოთ, მოდი და იქნებ, შეიწყალოს… პრეზიდენტი არის ოლიგარქიული რეჟიმის ერთი ჭანჭიკი და მეტი არაფერი. არცერთ პრინციპულ მომენტში ის არ იღებს გადაწყვეტილებას, იმისგან განსხვავებულს, რომელიც მმართველ გუნდს აქვს.
_ როგორია მედიაგარემო დღეს საქართველოში და როგორ აფასებთ თქვენ მას? თუ მოისმინეთ ევროპელი პარტნიორების ხედვები ამის შესახებ.
_ მედიაგარემო არის ძალიან მძიმე, „ქართული ოცნების“ კონტროლირებადი ყველა მედია გადასულია იმაზე, რომ გააჟღეროს რუსული ნარატივი. აი, ჩართეთ ტელეკომპანია „იმედი“ და ნახეთ, როგორ აწყობენ სიუჟეტებს იმაზე, რომ ევროპა შიმშილობს. ლამის იმდენი სიუჟეტია, შეილება, ფულის შეგროვება დავიწყოთ იმისთვის, რომ ევროპას დავეხმაროთ. რაც შეეება დამოუკიდებელ, ხელისუფლებისგან არაკონტროლირებად მედიას, მათ ფინანსური რესურსები გადაუკეტეს, ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს იჭერენ, „მთავარი“ ხელფასებს ვერ გასცემს, ტელეკომპანია „ტვ პირველი“ ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, „ფორმულას“ დახურვა უნდათ დეკემბრის დასაწყისში და მაგასაც ველოდებით. თუ ასე მოხდება, გამოსავალი არის ერთიანობა. დავაგვიანებთ ერთიანობას და მოგვიწევს პროკლამაციებით ხელში მუშაობა ამ ყველაფრის წინააღმდეგ, ისევე როგორც ეს ხდებოდა მე-19-20 საუკუნეებში. მერე შეიძლება ინტერნეტი და სოციალური ქსელებიც დაგვიკეტონ, ეს არის სრულიად რეალური სცენარი. ვისთვის არის დეოლიგარქიზაციის კანონი? მათთვის, ვინც გაიხედავს ოპოზიციისკენ, მათ დაასამარებენ და ბიზნესებს დაუყადაღებენ. ეს არის რუსული ტოტალიტარული მმართველობის დამყარება.
_ პრაიმერისზე მინდა გკითხოთ: ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ყველაფრის წინააღმდეგია და მათ არ უდნათ, რომ კონკრეტული თანამდებობის პირისა და მით უფრო, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აირჩიონ ამ გზით, _ რისი ეშინია ოპოზიციას?
_ პრაიმერისს რაც შეეხება, რაღაც გადაჭარბებული ყურადღებაა მასზე მიპყრობილი, ეს არის ერთიანობისთვის და იმისთვის, რომ ხალხმა მიიღოს ყველაფერზე გადაწყვეტიელბა და ვინც ამას ეწინააღმდეგება, უნდათ, რომ კულუარებში მიიღებოდეს გადაწყვეტილებები, ჩვენ კი ვამბობთ, რომ აღარ გვინდა ეს კულუარები, ეს დამანგრეველია. ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ რას ფიქრობს და ვის რა სურს. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირისკენ ვიაროთ.