ჰენრიკ შუტცი: „ევროკავშირი არის საქართველოს სტაბილურობისა და სიმშვიდის გარანტი“

მიხეილ ხაჩიძე

ოკუპანტ და ტერორისტ სახელმწიფო რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგა. კრემლის მანიაკის გადაწყვეტილებით, 4-წლიანი პაუზის შემდეგ, მოსკოვსა და თბილისს შორის რეისები ამოქმედდა, ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლაც.

თბილისის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენის თაობაზე თავისთავად გამოიწვევს მწვავე რეაქციებს დასავლეთში, ბოლოს და ბოლოს, ეს სილის გაწვნის ტოლფასია ევროკავშირისთვის _ საქართველოს ხელისუფლებას არ შეუცვლია გადაწყვეტილება, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა, უარი თქვას მოსკოვთან ამგვარ დაახლოებაზე. გაისმა სანქციების მუქარა შტატებიდანაც. თუმცა არც ეს უღია ყურად „ქართულ ოცნებას“.
კრიტიკა გაისმა უკრაინიდანაც: „რუსეთი საქართველოს სთავაზობს ეშმაკთან გარიგებას. ეშმაკთან გარიგებაში კი, მოგეხსენებათ, ეშმაკი იმარჯვებს“, _ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ.
მანვე გაიხსენა: „2008 წელს რუსული თვითმფრინავები უკვე შეფრინდნენ საქართველოში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად, ახლა გეგმავენ ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას“.
საყურადღებოა, რომ თბილისი სერიოზულად აფასებს რუსეთის ფედერაციიდან ფრენების გახსნისთვის მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესების პერსპექტივას. შემთხვევითი არ არის, რომ თბილისის აეროპორტში რუსული თვითმფრინავების მოვლა-პატრონობას განახორციელებს კომპანია, რომელიც შეიქმნა რუსეთის მიერ საქართველოსთან ცის გახსნის შესახებ გადაწყვეტილებამდე მხოლოდ 20 დღით ადრე.

რა მოხდება? იქნება სანქციები ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, თუ ქართული ავიახაზები (Gეორგიან Aირწაყს) რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს? როგორია ჩვენი ქვეყნის შანსები ევროპულ გზაზე იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა რუსეთთან უფრო კარგ ურთიერთობაშია, ვიდრე დასავლეთთან? რას მოუტანს ევროკავშირი საქართველოს? რა პრიორიტეტები აქვს ევროპულ ალიანსს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა? ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრა ცნობილ გერმანელ ჟურნალისტსა და მიმოხმილველს, ჰენრიკ შუტცს.
შეგახსენებთ: ჟურნალისტი ჰენრიკ შუტცი უკვე წლებია, პოსტსაბჭოთა ქვეყნებით ინტერესდება და მათზე წერს. ის ნამყოფია უკრაინაში, პოლონეთში, სომხეთში, საქართველოში. მომზადებული აქვს მასალები ჩვენს ქვეყანაზე არაერთ ასპექტში. ამ ეტაპზე საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმზეც კი მუშაობს.

_ ჰენრიკ, რას ნიშნავს ევროკავშირი? რა არის მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები? რას მოუტანს იგი საქართველოს?
_ ევროკავშირი მუშაობს სახელმწიფოთა მთლიანობის დასაცავად. არცერთი ქვეყანა არ უნდა შეიჭრას სხვის ტერიტორიაზე და დაიპყროს იგი. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნასწავლი გაკვეთილები. ევროპაში ომი აღარასოდეს უნდა დაიწყოს. ევროკავშირი არის საქართველოს სტაბილურობისა და სიმშვიდის გარანტი; თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტი; ბედნიერი და ნათელი მომავლის გარანტი.
საქართველოსთვის ეს მთავარი კრედო უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორი ქართული რეგიონი, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ამას გარდა, ევროკავშირი არის ეკონომიკური უპირატესობების მთელი დასტა, რაც ასევე აისახება საქართველოს წარმატებულ და ბედნიერ მომავალზე, ყველა მოქალაქის ჯიბესა და ბიუჯეტზე.
_ რამდენად ახლოს არის საქართველო ევროპასთან დღევანდელ რეალობაში? სამწუხაროდ, რუსების მასობრივმა შემოდინებამ დააზიანა საქართველოს იმიჯი დასავლეთში.
_ აგენტების შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტით ქართველებმა ნათლად აჩვენეს, ვინ არიან ისინი და რა უნდათ მათ, კონკრეტულად კი ის, რომ ევროპის ნაწილი არიან. გერმანიაში ასევე ესმით ყველა იმ ადამიანის, ვინც რუსეთს ტოვებს. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამის შედეგად საქართველოს იმიჯი დაზარალდა. ბევრად უფრო გადამწყვეტი იქნება, თუ როგორ მოექცევა საქართველო რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ შანსი, ესაუბროთ მათ და დაარწმუნოთ ისინი, იბრძოლონ რუსეთში ცვლილებებისთვის.
_ რას ფიქრობს დასავლეთი საქართველოს ევროპულ ამბიციებზე? მოგეხსენებათ, ქართველების 80%-ს ევროკავშირში შესვლა სურს და იმედი აქვს, რომ გახდება ამ დიდი ოჯახის წევრი.
_ მიზეზები, რის გამოც საქართველოს უნდა, რომ გახდეს ევროკავშირის ნაწილი, უმრავლესობისთვის ნათელი გახდა უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ. მაგრამ ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ: ყოველთვის არის შიში, რომ თუ ქვეყანას მიიღებ, მის პრობლემებსაც აიღებ და პასუხისმგებელი ხდები.
_ თუმცა, ამ ფონზე, საქართველოს მთავრობა აუმჯობესებს ურთიერთობებს რუსეთთან, პუტინის ბრძანებულებით ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა და აღდგა ფრენები. როგორ უმკლავდება დასავლეთი ამ საკითხს?
_ გასაგებია საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობა და ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესებს არ ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ეს ასევე ძალიან სამწუხაროა იმ სანქციების გათვალისწინებით, რაც რუსეთს დაუწესდა დასავლეთში.
_ რუსეთი არის ოკუპანტი, საქართველოს მტერი და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. ამჟამად საქართველოს მთავრობა არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სანქციებს. ეს აბსურდულად არ ჟღერს?
_ დიახ, ძალიან აბსურდულად ჟღერს. ამაზე ვთქვი სწორედ: სამწუხაროა, როცა საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ინტერესებს არ ითვალისწინებს.
_ თქვენ იყავით საქართველოში და მოამზადეთ მასალები ამ ქვეყნის შესახებ. როგორი შთაბეჭდილებები გქონდათ გერმანიაში დაბრუნებისას?
_ პირდაპირ გეტყვით: დიდებული იყო შთაბეჭდილებები საქართველოს შესახებ. აეროპორტის საპასპორტო ოფიცერიც კი ისეთი მეგობრული იყო, პირდაპირ რჩევებს მაძლევდა, რა და სად მეჭამა თბილისში ყოფნისას. გერმანიაში ეს არასდროს მოხდებოდა. მალე დავბრუნდები, რათა დავრწმუნდე, რომ ეს მხოლოდ სიზმარი არ ყოფილა.
_ რას ფიქრობთ ქართველ ხალხზე? ხელისუფლებისგან განსხვავებით, ის ცალსახად პროუკრაინულია და ავტომატურად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს.
_ ქართველებს დიდი და გრძელი ისტორია აქვთ, რომლითაც ისინი სამართლიანად ამაყობენ. ქართველების მიერ ევროპული ღირებულებების გაზიარებას ევროკავშირში დიდად აფასებენ. ამიტომ ევროპაში ყველა უნდა იყოს ქართველების მადლიერი და ყველანაირად მხარი დაუჭირონ მათ.

როგორც „ქრონიკა+“-სთან საუბრისას ჰენრიკ შუტცი განმარტავს, ევროკავშირი არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლებოდა შექმნილიყო ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
მისივე თქმით, გერმანია იყო ქვეყანა, რომელმაც მთელი მსოფლიო ომში ჩართო, ახლა კი უზარმაზარი სამშვიდობო პროექტის ცენტრშია:
„გერმანიამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ იცოდა, მშვიდობისთვის ყოველდღიურად უნდა ებრძოლა და დაეცვა ის. ამიტომ მე ასევე მჯერა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის ნაწილი, რადგან მას არ დავიწყებია, რომ მშვიდობისთვის უნდა იბრძოლო“, _ განმარტავს გერმანელი ჟურნალისტი.
როგორ განვითარედება პროცესები რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შემდეგ დასავლეთსა და საქართველოს შორის? რა მოხდება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში? იქნება თუ არა ისეთი „გადადებული სასჯელი“, როგორიცაა ომის დასრულების შემდეგ უკრაინასა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლაზე უარის თქმა?
მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი _ უკრაინის ურთიერთობა საქართველოსთან დღემდე სტრატეგიულად განიხილებოდა. და ეს არ იყო საეჭვო, თუნდაც ბოლო წლების ყველა დაპირისპირების მიუხედავად. მაგრამ როგორც ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი და მიმომხილველი, იური პანჩენკო, ჩვენთან საუბრისას აცხადებს: „შეუძლებელია, სტრატეგიულ პარტნიორად მივიჩნიოთ სახელმწიფო, რომელიც პატივს არ სცემს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას“.
„საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება გაანადგურებს სტრატეგიულ ურთიერთობებს უკრაინასთან იმ მომენტში, როდესაც ის გასცემს ნებართვას რუსული ავიაკომპანიის თბილისში დაფრენაზე. ეს კომპანია რეალურად ჯერ კიდევ არის ოკუპირებული უკრაინული ყირიმის ანექსიის „დაკანონების“ პროგრამის მონაწილე“, _ ამბობს პანჩენკო.