შოთა მალაშხია: „ახლა კობახიძეებსა და მდინარაძეებს კი არ ვუპირისპირდებით, არამედ _ პუტინის რუსეთს“

შორენა მარსაგიშვილი

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბევრმა შეადარა. ამ მოსაზრებას იზიარებს პარლამენტის ყოფილი წევრი, შოთა მალაშხია, რომელიც ზვიად გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერია და ყველა იმ აქციაში მონაწილეობდა, რომელიც პირველი პრეზიდენტის დამხობის შემდეგ გაიმართა. მისი თქმით, სააკაშვილი სამშობლოში საჭირო დროს დაბრუნდა. მალაშხია დარწმუნებულია, რომ მიშა მალე თავისუფალი იქნება.

ვის ებრძვის დღეს ქართული საზოგადოება სინამდვილეში? რას აპირებს რუსეთი? როდის გამოვა სააკაშვილი ციხიდან? დაგვიჭერს თუ არა მხარს დასავლეთი? _ ამის შესახებ შოთა მალაშხია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ შოთა, თქვენ პირველი პრეზიდენტის აქტიური მხარდამჭერი იყავით, ასევე მხარს უჭერთ მიხეილ სააკაშვილს. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა, იგი ბევრმა შეადარა ზვიად გამსახურდიას. თქვენც ადარებთ მათ ერთმანეთს?

_ რა თქმა უნდა. მე 2015 წელს მივმართე საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და იქ ვთქვი, თუ რა მსგავსება იყო ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის. მიშას შემთხვევაში ერთი უპირატესობა გვაქვს, ზვიადის დროს გარე პოლიტიკური კურსი არ იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე. მაშინ საქართველოს მოიაზრებდნენ გადაკეთებულ საბჭოთა კავშირში, ეს გახლდათ სახაროვის პროექტი. დღევანდელ დღეს გარე გეოპოლიტიკა საქართველოს სასარგებლოდ მოქმედებს.

ეს პოლიტიკა საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ არის მიმართული. აქედან გამომდინარე, ზვიად გამსახურდიასთან შდარებით მიხეილ სააკაშვილის შანსები გაცილებით მეტია. ხალხის მხარდაჭერა ზვიადსაც ჰქონდა და მიშასაც აქვს.

_ ზვიად გამსახურდიას უფრო დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მისი დამხობის შემდეგ, ალბათ, გასხოვთ, თბილისში როგორი აქციები იმართებოდა. სამხედრო საბჭო ამ აქციებს ხვრეტდა, მაგრამ პროტესტი არ წყდებოდა. დღევანდელი ხელისუფლება აქციებს არ ხვრეტს, მაგრამ სახალხო პროტესტი არ არის.

_ კარგად მახსოვს ის აქციები, რომლებიც ზვიადის დამხობის შემდეგ იმართებოდა. ყველა ამ აქციის მონაწილე ვარ. საკუთარი ხელით ჩავასვენე აქციაზე მოკლული ადამიანი მანქანაში. დღემდე მახსოვს, ღია ცისფერი „გაზ-24“ იყო…. ვერ ვიტყვი, რომ ხალხში მიშას დაპატიმრების გამო პროტესტი არ არის.

_ აბა, რატომ არ გამოდის ხალხი გარეთ? რისი ეშინია? დღეს აქციას ნამდვილად არავინ დახვრეტს.

_ 21-ე საუკუნეა და ყველაფერი შეიცვალა. ხალხი სოციალურ ქსელებში გამოხატავს პროტესტს. არის უამრავი ოპოზიციური მედია. ზვიადის დამხობის დროს ამდენი გაზეთი და ტელევიზია არ იყო. შეიძლება ითქვას, რომ ტელევიზია საერთოდ არ არსებობდა. ამიტომ იყო ყველა ქუჩაში. ახლა ხალხის აქტიურობის ფორმა შეიცვალა, მაგრამ საპროტესტო განწყობა იგივეა.

საპროტესტო განწყობა რომ მაღალია, ეს კარგად აჩვენა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა. სამეგრელოში, ბათუმში, ქუთაისში თელავში ძალიან გაუჭირდა ხელისუფლებას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საკმაოდ რთული სისტემაა და იქ როდესაც, პრაქტიკულად, იმარჯვებს ოპოზიცია, ეს ხალხის საპროტესტო განწყობას აჩვენებს. გარე გეოპოლიტიკა და საქართველოს მოსახლეობის განწყობა სინქრონულია და ეს არის გარანტი იმისა, რომ აქ ყველაფერი კარგად დასრულდება.

_ კარგად დამთავრებაში სააკაშვილის განთავისუფლებას გულისხმობთ?

_ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! სააკაშვილი მალე თავისუფალი იქნება. ის ტყუილად არ ჩამოსულა საქართველოში და რაც მთავარია, მიშა სწორ დროს დაბრუნდა სამშობლოში. კარგად მახსოვს, როგორ დაბრუნდა საქართველოში განდევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ეს მაშინ მოხდა როცა სოხუმი ეცემოდა. შეუძლებელი იყო, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში არ დაბრუნებულიყო მაშინ, როცა მისი ერთ-ერთი ქალაქი ეცემოდა.

_ ამბობენ, რომ გამსახურდია მაშინ ჩამოიტყუეს.

_ ამბობენ, მაგრამ ეს არის ზღაპრები. ზვიად გამსახურდიამ თავად მიიღო ჩამოსვლის გადაწყვეტილება. ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და როცა სოხუმს დაცემის საფრთხე შეექმნა, სად უნდა ყოფილიყო, თუ არა საქართველოში? ზვიადი იმ დროს რომ არ დაბრუნებულიყო, მე მას საქართველოს პრეზიდენტად აღარ მივიჩნევდი. დაბრუნებულმა ზვიადმა ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო.

ის რუსული ჯარი, რომელიც ჩვენ სოხუმში გვიტევდა, სოხუმის დაცემის შემდეგ პუტჩისტებთან ერთად ფოთიდან შემოვიდა და ამხობდა კანონიერ ხელისუფლებას. ზვიადმა ყველას აჩვენა, სოხუმში ომი რას ნიშნავდა. ერთი და იგივე ჯარმა აიღო ჯერ სოხუმი, გალი და ოჩამჩირე, მერე დანარჩენ საქართველოში შემოვიდა და ბალტინის მეთაურობით კანონიერი ხელისუფლება დაამხო.

ჩვენ დღეს პრორუსი ხელისუფლება კი არა, ცალსახად რუსი ხელისუფლება გვყავს. ეს არ არის ჩემი და თქვენი პოზიცია. ამაზე საუბრობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სერგეი ლავროვმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში ყველაფერი მოწესრიგებულია. კმაყოფილები იქნებიან, აქ მათ თავიანთი „ნამესტნიკი“ ჰყავთ ივანიშვილის სახით.

დღეს საქართველოში ყველა სახელმწიფო სისტემა მოშლილია: პროკურატურა არ არსებობს, სასამართლო არ არსებობს, პოლიცია არ არსებობს, სუსი არ არსებობს, პარლამენტი არ არსებობს, მთავრობა არ არსებობს. ეს ყველა უწყება არის ბიძინა ივანიშვილის მომსახურების ბიურო. ბიძინა ივანიშვილი, თავის მხრივ, არის პუტინის მარიონეტი.

ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სად უნდა იყოს? ის საქართველოში უნდა იყოს და რაც საქართველოში ხდება, ყველაფერი ქართველ ხალხთან ერთად უნდა გაინაწილოს.

_ საქართველოში კი არის, მაგრამ ციხეშია.

_ მთელი ქვეყანა ციხეში ვართ და, მათ შორის, მიშაც. იმედი მაქვს, ის მალე გამოვა ციხიდან. ამდენი ხანია, ეს ქვეყანა ამ რეგიონში ინარჩუნებს თავის თვითმყოფადობას. ამასაც გადავიტანთ და დავდგებით ფეხზე. ამას არსებული გარე გეოპოლიტიკიდან გამომდინარე ვამბობ. ეს გეოპოლიტიკა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ზვიადის დროს საქართველოს სასარგებლოდ არ მუშაობდა. უფროსი ჯორჯ ბუშის თქმით, ზვიადი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა. შემდეგ პროცესებმა აჩვენა, რომ სწორად მოიქცამ დინების საწინააღმდეგოდ რომ მიცურავდა. ახლა საგარეო გეოპოლიტიკა ჩვენ სასარგებლოდ მუშაობს.

რიგის ნატოს სამიტზე საქართველო დაპატიჟეს და უთხრეს, რომ აუცილებლად გახდებით ნატოს წევრებიო. ბაიდენისა და პუტინის ბოლო საუბარიც ბევრის მთქმელია. დასავლეთის რეაქცია დაგვიანებულია, მაგრამ კარგია, რომ საერთოდ აქვს. მათ თავის დროზე რომ მიეცათ „მაპი“ საქართველოსთვისა და უკრაინისთვის, 2008 წლის მოვლენები არ განვითარდებოდა, ვერც ყირიმს წაიღებდა რუსეთი 2014 წელს. შეუცდომელი არ არის ეს დასავლეთი, უამრავ შეცდომას უშვებს. დღეს დასავლეთი უკვე ეუბნება რუსეთს, რას უზამენ, თუ უკრაინის ტერიტიორიაზე შეიჭრებიან, _ ეს სანქციები რუსეთის ეკონომიკას ჩამოამხობს. რუსეთი ამას უკვე ვეღარ გაუძლებს. ჩემი აზრით, რუსეთმა უფრო მკაცრი პასუხი უნდა მიიღოს, რადგან სუვერენული სახელმწიფოს ანექსიაზეა საუბარი. სუვერენული ქვეყნის ანექსიაზე რუსეთმა მარტო ეკონომიკური სანქციებით არ უნდა აგოს პასუხი.

ჩვენ შემთხვევაში წარმოუდგენელი რამე მოხდა: მსგავსი ფაქტები მე-20 საუკუნეში არ ხდებოდა. საქართველოში, კონკრეტულად ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, ჩაატარეს ქართველების ეთნოწმენდა და მერე რუსეთმა ამ რეგიონებს დამოუკიდებლობა მიანიჭა. ასეთი არავის არ გაუკეთებია.

_ რუსეთმა გააკეთა და მათი სათათბირო ქართველების მიერ ოსების გენოციდის აღიარების საკითხს განიხილავს.

_ განიხილონ. სტრასბურგმა ამაზე უარყოფითი პასუხი გასცა. რუსეთის დუმას რას ვერჩით, როცა საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, ჩვენ ვბომბავდით ცხინვალსო.

_ ზურაბიშვილი დღემდე ვერ ინელებს, მძინარე ცხინვალი რომ გავაღვიძეთ.

_ საუბედუროდ, მარტო სალომე ზურაბიშვილი არ არის ამ აზრზე. იგივეს ლაპარაკობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. იგივეს გაიძახის ამათი მამა და მარჩენალი ბიძინა. ეს სიტუაცია გვაქვს დღეს. „ქართული ოცნება“ შესაცვლელია. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რათა ქვეყანა ნორმალურად განვითარდეს. გამორიცხულია: საქართველო რუსეთის უკანა ეზო ვერასდროს იქნება. მოსკოვმა რამდენჯერმე სცადა თავის უკანა ეზოდ ვექციეთ, მაგრამ ვერ შეძლო. ვერც ახლა შეძლებს.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა კობახიძეებსა და მდინარაძეებს კი არ ვუპირისპირდებით, არამედ გამოვდივართ პუტინისა და სტალინის მენტალობის რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ იმ რუსეთს ვებრძვით, რომელმაც უკრაინაში 6 მილიონი ადამიანი მოკლა შიმშილით. გოლოდამორის დროს ხალხი იმ დონემდე მიიყვანეს, რომ მშობლები შვილებს ჭამდნენ. ჩვენ ამ რუსეთს არ შევეგუებით, ივანიშვილი არის მათი პირადი წარმომადგენელი, ეს ხელისუფლება აუცილებლად უნდა შევცვალოთ და შევცვლით კიდევაც.