სერგო ჩიხლაძე: „ივანიშვილი შურისძიების სურვილით ცხოვრობს და არ ანაღვლებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა“

გიორგი საკარული

„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე:

_ ბატონო სერგო, საუბარი დავიწყოთ 2022 წლის ერთგვარი შეჯამებით და შეფასებით. როგორი იყო ზოგადად გასული წელი პირადად თქვენთვის და პარტიისთვის? რა მოლოდინები გქონდათ, რომელიც არ გამართლდა, ვერ განახორციელეთ?.. აქვე დავძენ იმას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის უკვე მეთერთმეტე წელი დაიწყო და ამ პერიოდის მანძილზე ოპოზიციური სპექტრისგან გვესმის, რომ ეს მთავრობა უნდა დასრულდეს.
_ 2022 წელი, პირველ რიგში, აღსანიშნავი წელი იყო იმით, რომ რუსეთის აგრესია განხორციელდა, _ შეიჭრა უკრაინაში და მსოფლიოს მთავარი თემაც ეს იყო _ რუსეთის აგრესია უკრაინაში და რუსეთის დამპყრობლური ომი. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მოლოდინებსა და ა. შ., პირველ რიგში, მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“, მმართველმა ძალამ, ამ პრორუსულმაც არა, რუსულმა ხელისუფლებამ, საქართველოში დაიჭირა მხარე. 24 თებერვლამდე თუ ის იფარებოდა რაღაც ორსახოვნებით, შეფარული იყო მისი პრორუსულობა, 24 თებერვალს ისინი აიძულეს რუსეთიდან, რომ გამხდარიყვნენ მხარე _ დასავლეთი თუ რუსეთი. აქამდე თუ მანიპულირებდნენ თემით, რომ ვითომ მედასავლეთეები არიან, ვითომ ევროპა უნდათ და ა. შ., 24 თებერვლის შემდეგ ნათლად დავინახეთ, თუ ვინ არიან ისინი _ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. მათ დაიჭირეს რუსული მხარე, შესაბამისად, აქ კითხვის ნიშნები, ფაქტობრივად, უკვე აღარ არსებობს. მაგრამ ახლა ჩვენი პოლიტიკური სპექტრის, აქტიური ადამიანების მოვალეობაა, რომ თუ ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამ ხელისუფლებას საქართველო მიჰყავს რუსეთისკენ და კითხვის ნიშნები აქვს, ამ ადამიანების მხარდაჭერა, პირდაპირ ვიტყვი, ბოლომდე გამოვაცალოთ „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება რას მივაღწიეთ და რას ვერ მივაღწიეთ _ ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ რაც შეეხება, დავიწყეთ ეს პროცესი ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ასე ვთქვათ, ერთიანი პოლიტიკური ფრონტის შეკვრა. ეს პროცესი დაიწყო, ზაფხულიდან, ვმუშაობდით ამ თემებზე და შემოდგომა-ზამთარში გარკვეული კონტურები გამოიკვეთა. ამიტომ მე არ ვიტყოდი, რომ რაღაცას მნიშვნელოვანწილად ვერ მივაღწიეთ. გასაგებია, რომ მეტი გვინდა, სწრაფად გვინდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს პროცესი დაიწყო, მიმდინარეობს. წინასწარ არაფერს ვიტყვი, მაგრამ უახლოეს თვეებში ვნახავთ გარკვეულ შედეგებს. ერთიან ფრონტში ვგულისხმობ პროევროპულ, ევროპისკენ მიმავალ, ვისაც რუსეთი არ გვინდა, ვისაც დემოკრატია გვინდა ამ ქვეყანაში, ვინც დასავლური არჩევანის მომხრე ვართ _ მათ ერთიანობასა და ერთიან ბრძოლას. აქ იგულისხმება პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, მაგრამ არა მარტო. ასევე სამოქალაქო საზოგადოება, აქტიური ადამიანები. რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიყოთ ამ ფლანგზე, რასაც ჰქვია დასავლეთი, დასავლეთის ვექტორი _ იმ ფლანგზე, ვისაც მიგვაჩნია, რომ რუსული ხელისუფლება რაც შეიძლება დროზე უნდა მოშორდეს საქართველოს და მათ ამის ბერკეტები გამოვაცალოთ. ეს პროცესი დაიწყო, აქ საკმაოდ აქტიურები ვართ, ეს პროცესი მიმდინარეობს და გარკვეული განვითარება ექნება უახლოესი 1-2 თვის განმავლობაში. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პირადად „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ არის ის, რომ ძალიან მაღალი დონის ურთიერთობები დავამყარეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ქვეყნებსა და ევროკავშირის სტრუქტურებში. გვქონდა არაერთი წარმატებული ვიზიტი, ოღონდ ეს ვიზიტი ვიზიტისთვის კი არ არის, ყველა ამ ვიზიტს მოჰყვება ხოლმე გარკვეული რეზოლუცია. ჩვენ ვნახეთ „ალდეს“ ორი რეზოლუცია, სადაც ინიციატორები ვიყავით, შემდეგ ეს რეზოლუციები ედება საფუძვლად კიდევ სხვა რეზოლუციებს: ევროკავშირის, ასევე ბევრ საერთაშორისო დასკვნას, მოწოდებებს, რომელშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი მიგვიძღვის. ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ თუ რეჟიმის ცვლილება გვინდა ამ ქვეყანაში, ეს არის დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა, მათგან ზეწოლა ხელისუფლებაზე და დემოკრატიული ძალების მხარდაჭერა; და მეორე: ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, პროტესტი და ა. შ.
_ რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერა და მათთან აქტიური თანამშრომლობა, მაგრამ ჩვენ მათი მხრიდან ხშირად გვესმის აღშფოთება, შეშფოთება და არა ქმედითი ნაბიჯები. ამას უკვე ამჩნევს ხალხიც. საინტერესოა, ამ შეშფოთების მიღმა რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი დასრულდეს და თუ გაქვთ რამე კონკრეტული გეგმა?
_ კი, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ რაღაცების წინასწარ დაანონსება, მუშტების ტრიალი, რაც არ არის საჭირო. ყველამ ყველაფერი უნდა შევაფასოთ ქმედებებით ან, პირიქით, უმოქმედობით. აქედან გამომდინარე, არასერიოზულია წინასწარ საჯაროდ გაწერილი დღის წესრიგი, რომ აი, ვთქვათ, პირველ თებერვალს ამას ვიზამთ, მარტის პირველში ამას ვიზამთ და ა. შ.
_ წინასწარ არ გსურთ საუბარი, მაგრამ კონკრეტული გეგმა თუ გაქვთ?
_ დიახ, მაგას ვამბობ ზუსტად, ეს არის პროცესი, რომელშიც ვიმყოფებით. სამ ძირითად მიმართულებას გამოვყოფ, რაზე ვმუშაობთ კონკრეტულად „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩვენს პარტნიორებთან, პარტიებთან და იდეურ თანამოაზრეებთან ერთად. ხაზს ვუსვამ, რომ აქ მარტო პარტიულ ერთობაზე ან პარტიულ ურთიერთობებზე არ არის საუბარი _ თქვენ ნახავთ ძალიან ბევრ არაპარტიულ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება სხვადასხვა პროცესში. პირველი ეს არის ერთიანი სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება, რაც ნიშნავს, რომ სინქრონიზებულად ვიქცევით: ვიცით ვინ რას ამბობს, ვინ რას აკეთებს, როგორ ვაძლიერებთ ერთმანეთს, რა ნაბიჯებს ვდგამთ. ეს პროცესი გაწერილია, რის შემდეგაც ვაყალიბებთ ვის რა როლი აქვს, ვინ რაზე იღებს პასუხისმგებლობას. ეს არის დიდი ერთობა რუსეთისა და რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. მეორე არის ევროინტეგრაციის პროცესების დახმარება. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ყველანაირად გვაშორებს ევროპას და რუსეთისკენ მივყავართ, ამიტომ პარალელურად ამ გეგმისა უნდა არსებობდეს გეგმა, რომლითაც მთელ მსოფლიოს ვანახებთ, რომ საქართველოს მოსახლეობას, დასავლურ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებას, გვინდა ევროპა, ევროინტეგრაცია და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. უბრალოდ კი არ გვინდა, გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ _ იქნება ეს დემონსტრაციები, საჯარო აქციები, განცხადებები თუ ა. შ. _ ეს არის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება. მესამე მიმართულებაა რაც შეიძლება სწრაფად რუსული მთავრობის ჩამოშორება ხელისუფლებიდან. პირველ, მეორე, მესამეს რომ ვამბობ, რიგითობას არ აქვს მნიშვნელობა, სამივე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. მეოთხე: ამ დემოკრატიულმა ძალებმა, მოქალაქეებმა, მაღალი დონის პროფესიონალებმა, პოლიტიკოსებმა საზოგადოებას დავანახვოთ, რას კარგავს „ქართული ოცნების“ ხელში და ხელისუფლების ცვლილებიდან უახლოეს პერიოდში რისი მიღწევა შეგვიძლია, რისი თავი გვაქვს, რა იქნება სამ თვეში, რა იქნება ექვს თვეში, რა იქნება ერთ წელიწადში, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება. ხალხმა ეს ალტერნატივაც უნდა დაინახოს, იმიტომ რომ კონსენსუსი, რომ „ქართული ოცნება“ უვარგისი ხელისუფლებაა, არსებობს. დიდი უმრავლესობა იზიარებს, რომ ევროპისკენ არ მივყავართ ამ ხელისუფლებას, ეს კვლევებიდანაც ჩანს. მაგრამ ალტერნატივების დანახვების დრო არის, ადამიანებმა ალტერნატივა უნდა ირწმუნონ.
_ ბატონო სერგო, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ჰქონდა ერთიანი ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბების იდეა, თუმცა ამაზე საუბარი მინელდა. ახლა რა სტადიაზეა ეს პროცესი?
_ არ მინელებულა, პირიქით, ახალ სტადიაში გადავიდა. ამ დიდ ერთობაში არავინ იქნება ვინმე წამყვანი პარტია ან ვიღაცის ფრთის ან ფლანგის ქვეშ. ეს დიდი ერთობა იქნება, ამას ჩვენ დავინახავთ უახლოეს თვეებში. ყოველდღიურად ვმუშაობთ, უბრალოდ საჯაროდ ასე ყველაფრის თქმა არ მიმაჩნია სწორად, რადგან რაღაც გამოვა, რაღაც ვერ გამოვა, ჩამოყალიბების სტადიაზეა. როცა იქნება, რაღაცა ნაბიჯს რომ გადავდგამთ, შემდეგ ვიტყვით, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა. საზოგადოება და მედია შეაფასებს. ახლა წინასწარ საუბარი, რომ მე გუშინ ამას შევხვდი, დაველაპარაკე, რაღაც პასუხისმგებლობას აიღებს ეს მოძრაობა თუ ეს ადამიანი _ არ არის სწორი. როცა ეს ყველაფერი იქნება, ყველაფერს გავასაჯაროებთ. პროცესი მიმდინარეობს.
_ კოალიციას გამორიცხავთ?
_ არა, კოალიციებზე არ არის ჯერ საუბარი, აქ ლაპარაკია ერთ დიდ ერთობაზე, რომელიც ნიშნავს, რომ ეს ოთხი მიზანი უნდა განვახორციელოთ.
საერთოდ, ეს პარტიული ინტერესები, რაღაც კოალიციები მოხსნილია დღის წესრიგიდან. ეს არის საერთო სტრატეგია, როგორ ვიბრძვით ევროპისთვის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ასევე ევროინტეგრაციისთვის რაც შეიძლება ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ხელისუფლების საპირწონედ, რომ მისი განეიტრალება შევძლოთ. ხალხს ალტერნატივა უნდა დანახვოთ, რომ აგერ არის დიდი ერთობა ადამიანების, პარტიების, უპარტიოების, მაღალი დონის პროფესიონალების, აქტიური ადამიანების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების, რომლებიც შეიძლება არცერთ პარტიას არ ეკუთვნოდნენ, მაგრამ გაერთიანებული ვართ ამ ოთხი იდეით. სხვა საკითხია, ვინ რა კოალიციაშია და ვინ რა პარტიაში იქნება.
_ 2023 წელი დაიწყო ფარული ჩანაწერების გავრცელებით. ეს არის ერთ-ერთი ბინძური ხერხი, რაც ჩვენ უკვე გამოვიარეთ. რისი თქმა უნდათ ამ ყველაფრით?
_ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარიც არ უნდა გავაკეთოთ, რომელ მხარესაც არ უნდა გამოჩნდეს იგი. ამ ფარული ჩანაწერებისა და შანტაჟის პირობებში ვცხოვრობთ 10 წელზე მეტია და მგონი, ხალხი უკვე ყურადღებას აღარ აქცევს ამ ხერხებს, აღარ აინტერესებს. გულწრფელად გეტყვით, ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ ასეთ ჩანაწერებს ნაკლები მნიშვნელობა ექცევა იმიტომ, რომ ყველამ იცის, ეს ჩანაწერი უმეტესწილად არის ფაბრიკაცია, ნახევარსიმართლე. ვიღაცამ ჩვენი ჩანაწერიც რომ აიღოს და დაამონტაჟოს, ათას საკითხზე ვისაუბრეთ, შეიძლება რაღაც შეთქმულების თეორიებში გაგვხვიონ. ამიტომ ძალიან ბევრ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რაც არის უკანონოდ მოპოვებული ფაბრიკაცია, არ მიაქციოს მოსახლეობამ ყურადღება. მე, როგორც პოლიტიკოსი და ბევრი ჩემი კოლეგა, მათ შორის ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ვამბობთ, რომ საერთოდ იგნორირება გავუკეთოთ ასეთ ჩანაწერს. ვაქცევთ ყურადღებას იმას, რაც არის საჯარო, რასაც საჯაროდ ვაკეთებთ, რა განცხადებებიც კეთდება და არა ასე ვიღაცის შემოგდებულ ჩანაწერს. საზოგადოება მგონი გავიზარდეთ. თუ ეს ასეა, როცა ადამიანები რაც არ უნდა ჩანაწერი იყოს, არაფრად ჩათვლიან, იმ ბოროტ ძალებსაც, ვინც ამ ჩანაწერებს აკეთებს, მოტივაცია გაუქრებათ მსგავსი ჩანაწერების საზოგადოებისთვის გადმოგდების. მას შემდეგ, რაც რუსული ხელისუფლება შეიცვლება, ერთხელ და სამუდამოდ დალაგდება ეს საკითხი, რომ არანაირი ფარული ჩანაწერები არ გავრცელდეს; არანაირი სუს-ის 1000-კაციანი ბრიგადები, დანაყოფები, რომლებიც ამ ჩანაწერებზე მუშაობენ, უსმენენ და ა. შ. ეს ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა. სუს-ში არსებული ეს მახინჯი სისტემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაუქმოთ. თუმცა მანამდე კარგია ის, რომ, ჩემი დაკვირვებით, საზოგადოება გაიზარდა და ამ ფარულ ჩანაწერებს ისეთი აჟიოტაჟი, გამოძახილი და ყურადღება აღარ ექცევა.
_ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პოლიტიკოსის გარდა თქვენ მედიცინის სფეროში მოღვაწე ადამიანი ხართ, პროფესიით ექიმი. ძალიან ბევრი ექსპერტის დასკვნა დაიდო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ. რა სავალალო შედეგამდე შეიძლება მივიდეთ, თუ „ქართული ოცნება“ არ მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და მესამე პრეზიდენტს არ გაუშვებენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ? თქვენ როგორ გესახებათ ზოგადად მესამე პრეზიდენტის ბედი და რა შეიძლება, რომ მოხდეს?
_ ექსპერტების დასკვნებით ეჭვქვეშ საერთოდ აღარ დგება მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. თანაც, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ესენი არიან მსოფლიო სახელის მქონე ამერიკელი ექსპერტები, რომლებიც თუკი რამე სამეცნიერო საზოგადოება არსებობს, იმის წევრები არიან, თუკი რამე ჯილდო არსებობს, იმათი მფლობელები არიან, ნობელის ლაურეატი იყო აგერ ჩამოსული ბოლოს.
წარმოიდგინეთ, მსოფლიო სახელის მქონე ექიმებს არ ეთანხმება პენიტენციური სისტემის სამედიცინო სამსახურის უფროსი, არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული ვიღაც ადვოკატი, რომელსაც საერთოდ გაურკვეველი განათლება აქვს მიღებული. უბრალოდ, სასაცილოა ეს, ადამიანის ტრაგიკულ ბედთან რომ არ იყოს დაკავშირებული. აღნიშნული დასკვნები იმის მანიპულირების საშუალებას აღარ უტოვებს „ქართულ ოცნებას“, რომ თქვას, _ აი, იცით, რა კარგად არის. სასამართლოებზე, რომლებსაც მეც ვესწრები და ექსპერტების გამოკითხვის დროს „ქართული ოცნების“, პენიტენციური სამსახურისა და მათი ადვოკატის სტრატეგია არის შემდეგი _ იმას კი ვეღარ ამბობს, რომ ცუდად არ არის და კარგად არის, არამედ აპელირებს რაღაც პროცედურულ საკითხებზე: როდის გადმოგეგზავნათ მოთხოვნა, რომ ექსპერტიზა ჩაატარეთ? თქვენ როდის დაუბრუნეთ? ცდილობენ ვადის გაწელვას ამ რაღაცნაირი ტექნიკური საკითხებით, თორემ არსობრივ განხილვაში ვერც კი შედიან, იმდენად შავით თეთრზე დასკვნა დევს, _ იქ უბრალოდ კითხვებსაც ვეღარ სვამენ. პირველი: ძალიან სერიოზულია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ყოველდღიურად უარესდება. ვინც მედიცინაში მეტ-ნაკლებად ჩახედულია, იცის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარეგნულად მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ადამიანს საუბრის უნარიც ჰქონდეს, გაგებისაც და ა. შ., ნებისმიერ საათში, ნებისმიერ დღეც შეიძლება ფატალური შედეგი დადგეს _ ეს იმ დიაგნოზებისა და დასკვნების პირობებში, რომლებიც დასმულია. ამიტომ ახლა მთავარი არის, დროულად მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, კიდევ აღარ გაიწელოს თვეები, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, რომ მესამე პრეზიდენტის გარდაცვალებით არ დამთავრდეს ყველაფერი. მესამე პრეზიდენტის გარდაცვალება პატიმრობაში იქნება პირველი პრეზიდენტის მკვლელობის ტოლფასი. იმ მოვლენების შემდეგ საქართველო ასცდა თავისი დასავლური განვითარების კურსს და ათწლეულებით უკან დავიწიეთ, როდესაც შეგვეძლო ბალტიის ქვეყნების დონეზე ან შეიძლება უფრო წინაც ვყოფილიყავით, რადგან სასტარტო პირობები ბევრად უკეთესი გვქონდა. დღეს ვხედავთ, რომ ისინი გვისწრებენ ათწლეულებით. კიდევ ათწლეულობით უკან ნახტომი იქნება საქართველოსთვის სააკაშვილის პატიმრობაში გარდაცვალება, ჩამოშორება იქნება ჩვენი დასავლური განვითარების გეზისგან. ეს მარტო ერთი ადამიანის ტრაგედია კი არ იქნება, ეს იქნება, კიდევ ერთხელ, ქვეყნის სწორი განვითარების გზიდან აცილება. თქვენ იცით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ძალიან აქტიური პოზიცია, ყველა ჩვენ მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში მოვახერხეთ და მიხეილ სააკაშვილის საკითხი დავაყენეთ. სხვათა შორის, ჩვენ ვიყავით პირველები, როდესაც „ალდეს“ რეზოლუციაში დავაყენეთ საკითხი და ევროპული პარტიების მხარდაჭერა მოვიპოვეთ. მაშინ, როდესაც პირდაპირ მოსთხოვეს სალომე ზურაბიშვილს, რომ დაუყოვნებლივ შეიწყალეთ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია _ ორი პოლიტპატიმარზე იყო საუბარი და ზუსტად შემდეგ იგივე თანხმობით, იგივე ფორმულირებით, ეს გადავიდა უკვე ევროკავშირის დიდ რეზოლუციაში და კიდევ სხვა რეზოლუციებშიც. ეს საკითხი ძალიან აქტუალურად დგას. პირდაპირ გეტყვით, რომ გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია როგორც ევროპელ, ასევე ამერიკელ პარტნიორებთან და უახლოესი თვეების, ერთი თვის, თვე-ნახევრის განმავლობაში კიდევ უფრო მწვავედ დადგება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხი. კიდევ უფრო მწვავედ და მკაფიოდ დაუყენებს დასავლეთი ევროპა, ამერიკა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ამ საკითხს. ამიტომ რაც შეეხება ამ მიმართულებას, ეს კიდევ უფრო გაძლიერდება და გამძაფრდება დასავლეთის მხრიდან. ვფიქრობ, რომ, საბოლოო ჯამში, ამ წნეხისა და ულტიმატუმის საფუძველზე, თუკი „ქართულ ოცნებას“ რაღაც ოდნავ 1% ლოგიკა, პრაგმატიზმი შერჩენია, მოუწევს ან სასამართლოს წესით გადაწყვეტილების მიღება, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაუვადდეს სასჯელი და საზღვარგარეთ წასვლის საშუალება მიეცეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის გარეშე სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ან პრეზიდენტის ხელით ირიბად მოუწევს ამის გაკეთება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დღესდღეობით ჯერ კიდევ დგას რუსეთის მხარეს. არ იღებს იმ გადაწყვეტილებას, რისკენაც მას სრულიად ევროპა მოუწოდებს _ ევროკავშირი, ევროპული ფრაქციები, „ალდე“ და სხვა ფრაქციები, ევროპული სტრუქტურები, რეზოლუციები _ „პასესი“ და სხვა, პირადად პოლიტიკოსებიც, ყველა მოუწოდებს ქალბატონ ზურაბიშვილს, რომ დროულად მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ფასადურად აიგივებს საკუთარ თავს ევროპასთან, ყოველ შემთხვევაში, დეკლარირებულად ევროპელია და თუ ევროპა ამას გთხოვს, სრულიად ევროპელი საზოგადოება, პოლიტიკოსები, ევროსტრუქტურები ამისკენ მოგიწოდებენ და შენ ამას არ აკეთებ, მაშინ შენ დგახარ რუსეთის მხარეს. ამიტომ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, პირადად ჩემსას და „სტრატეგია აღმაშენებლის“, რომ ჯერჯერობით ქალბატონი ზურაბიშვილი დგას რუსეთის მხარეს. ამიტომ ჯობს, მან გადადგას ევროპისკენ ნაბიჯი და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია. ეს მასაც ევროპულ სახეს შეუნარჩუნებს და საქართველოს ევროინტეგრაციისთვისაც გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს იქნება ოპტიმალური გამოსავალი.
_ და მაინც, თქვენი მოლოდინი რა არის, როგორ ფიქრობთ, შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს? თუ გავიხსენებთ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს, როცა ის ამბობს, მესამე პრეზიდენტის შეწყალება არა, არასდროსო, ამის მერე რას უნდა ველოდოთ? ის ისევ დარჩება თავის პრინციპებზე, თუ მაინც „ქართული ოცნების“ ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული?
_ ქალბატონი ზურაბიშვილი ჯერ უფრო კატეგორიული იყო: „არა და არასდროს“; შემდეგ ჩვენ ვნახეთ შედარებით შერბილებული განცხადებები, თუმცა ამ შერბილებული განცხადებებიდან გავიდა თვეზე მეტი და არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. ძალიან ძნელია მისი პროგნოზირება გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ზუსტად კიდევ არ ვიცით, რა ვალდებულება აქვს მას აღებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე. 2018 წლის არჩევნები არავის დაგვვიწყებია, არც ისე შორს იყო ეს, სულ რაღაც 4-5 წლის წინათ და ყველამ ვიცით, რა დაჯდა ქალბატონი ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, თანხობრივადაც და ადამიანების სიცოცხლეებზე გადაიარა მისმა პრეზიდენტობამ. შესაბამისად, ის არის უდიდეს ვალში. ისევე როგორც ივანიშვილს აქვს ვალდებულებები რუსეთთან და კრემლთან, აქაც, ცოტა უფრო მინი მოდელში რომ გადმოვიტანოთ, სალომე ზურაბიშვილსაც აქვს ვალდებულებები აღებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე, რაც მის გაპრეზიდენტებას უკავშირდება. ამაზეა დამოკიდებული ბევრი რამე. ამიტომ ამ ვალდებულებებს ის გადააბიჯებს-ვერ გადააბიჯებს არ ვიცი, როგორ წნეხში ჰყავთ ან რა კომპრომატი არსებობს მასზე _ ამაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ რა ვალშიც არ უნდა იყოს, თუ შენ პროევროპელი ხარ, ევროპელ პოლიტიკოსად მიგაჩნია თავი, მაშინ უნდა გარისკო. რა ვიცი, თუ პრეზიდენტობაზე თანხმდები, რაღაცა დამოუკიდებელი მანევრის საშუალება უნდა გქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, ის საკუთარი თავის ლუსტრაციას მოახდენს, როგორც ივანიშვილის სრული მარიონეტი და ადამიანი, რომელიც დგას რუსეთის მხარეს, პირდაპირ ვიტყვი, არ შემეშინდება ამის და მას ბევრი დრო არ დარჩენია საფიქრალი.
_ რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მას არ უნდა, რომ დაიჯეროს სააკაშვილის ამჟამინდელი რთული მდგომარეობა და სირაქლემის პოზიციაში ყოფნას ამჯობინებს, თუ პირდაპირ სასიკვდილოდ სწირავს მესამე პრეზიდენტს?
_ ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ „ქართულ ოცნებაშიც“ არის წინააღმდეგობრივი განწყობები, მაგრამ ყველაფერი ერთ ადამიანზეა დამოკიდებული, ბიძინა ივანიშვილზე. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ რაღაცა შურისძიების სურვილით ცხოვრობს და მას, რა თქმა უნდა, არ ანაღვლებს ადამიანისა და მით უმეტეს, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა. ერთი მხრივ, ახლა ისინი ფიქრობენ, რომ თავიანთი აზრით, რაც შეიძლება მეტად დაამცირონ მესამე პრეზიდენტი, დააკნინონ ის საზოგადოების თვალში, თუმცა ჩემი დაკვირვებით, მგონი, უფრო საპირისპირო მოვლენებთან გვაქვს საქმე, _ ასეთი სისასტიკის ფონზე საზოგადოება ყოველთვის დგება დაჩაგრულისა და მსხვერპლის მხარეს და მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ ვიცით, რა ვალდებულება აქვს ბიძინა ივანიშვილს რუსეთის წინაშე, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.