„ფრაგმენტირებული ოპოზიციით გართულდება ივანიშვილის „რუსული ოცნების“ დამარცხება“

გიორგი საკარული

„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე:

_ ბატონო სერგო, როგორც ვიცი, ვაშინგტონში იმყოფებით. რას უკავშირდება თქვენი ვიზიტი?
_ დიახ, აშშ-ში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ვიზიტია. მე და გიორგი ვაშაძე ვიმყოფებით. ეს არის მაღალი დონის შეხვედრები: სენატი, კონგრესი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ექსპერტული ორგანიზაციები, აქაური NDI, IღI, ყველას შევხვდით, ვისაც კი საქართველოსთან რამე სახის შეხება აქვს: საგარეო კომიტეტი, სენატი, კონგრესი, შაჰინი, რიში… ვინც საქართველოს იცნობს, ყველას შევხვდით.
ამ შეხვედრების მთავარი მიზანი არის, რომ საქართველო არ დაიკარგოს მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან, რომ საქართველოსადმი ინტერესი იყოს მაღალი. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საქართველო რადარებიდან გააქროს, ამის საპირწონედ კი ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველო იყოს აქტუალური საკითხი. შეხვედრაზე განვიხილეთ უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის საკითხები, ორმხრივი ურთიერთობები, რეფორმებისა და გეოპოლიტიკური საკითხები, რადგან საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ერთადერთი რეალური პარტნიორი ამ რეგიონში. თუმცა ეს პარტნიორობა სულ უფრო და უფრო სუსტდება „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოზიციების გამო. რასაც „ქართული ოცნება“ აზიანებს, როგორღაც, ეს მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.
_ ბატონო სერგო, ალბათ, ევროპელ დეპუტატებთან გექნებოდათ საუბარი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს საქართველოს ევროპულ მომავალთან მიმართებით?
_ ძალიან კარგად არიან ინფორმირებულნი თვითონაც, რომ უკუსვლა არის 12 პუნქტის შესრულების მხრივ. ყველაზე კარგად სწორედ ამერიკელებმა იციან, თუ რატომ დაასანქცირეს ის ოთხი მოსამართლე. ამ მხრივ უკუსვლაა, „ოცნება“ იცავს კლანის წევრებს და აშშ-ში ამაზე ძალიან მწვავე რეაქცია აქვთ. ასევე კარგად არიან ინფორმირებულები იმაზე, რომ არ არის შესრულებული პუნქტები, ასევე ევროკომისიამაც ხომ თქვა, რომ 12-დან მხოლოდ სამი პუნქტია შესრულებული. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შეერთებულ შტატებში ინფორმირებულები და ჩამოყალიბებულები არიან. ამაში აბსოლუტური თანხვედრა არის როგორც სენატის, ასევე უესაიდ-ის პოზიციაში, რომ საქართველოში შემდგომი არჩევნებისთვის გამოგზავნიან გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს. მარტო არჩევნების დღეებს კი არ დააკვირდებიან, არამედ მთელ ამ პროცესებს. ამერიკა წუხს მომავალი არჩევნების შესახებ, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ინსტიტუციები და ყველა მიმართულებით რეგრესია, ძალიან რთული იქნება თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ამიტომ ისინი ფიქრობენ, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს საფრთხეები შემცირდეს. ამიტომ ძალიან გრძელვადიანი მისიების ჩამოყვანას აპირებენ, რომ მთელი წლის განმავლობაში დააკვირდნენ პროცესებს.
_ თუმცა მიმდინარე პროცესებს ძალიან პოზიტიურად უყურებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგალითად, ღარიბაშვილი, კობახიძე. ისინი თავიანთ განცხადებებში ყოველთვის ხაზგასმით ამბობენ, რომ ჩვენ ვასრულებთ 12-პუნქტიან გეგმას. რა აძლევთ მათ ამის თქმის უფლებას?
_ „ქართულმა ოცნებამ“ ხომ უნდა გაყიდოს რაღაც. მაგალითად, თქვეს, რომ 12 პუნქტი შევასრულეთო, მაგრამ გამოვიდა მათივე მეგობარი, ევროკომისარი ბატონი ოლივერ ვარჰეი და პირდაპირ უთხრა მათ, _ არაფერი გაგიკეთებიათ, 12-დან მხოლოდ 3 პუნქტია შესრულებულიო. ცივი წყალი გადაასხეს მათ განცხადებას, რომ ყველაფერი გააკეთეს. ნარატივის დონეზეც კი ჩაკლეს მათი ტყუილი. იმედია, „ოცნების“ ტყუილების არავის სჯერა და არც ევროპაში სჯერა არავის. „ქართული ოცნების“ დიაგნოზი დასმულია. ამაზე აშშ-ში ჩვენი შეხვედრებიც მეტყველებს და ევროპაში ეს დიაგნოზი დასმულია არა პირად საუბრებში, არამედ საჯაროდ, ამიტომ რაც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, კობახიძემ, მართლა ჩალის ფასი აქვს მათ სიტყვებს.
_ ისინი ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვასრულებთ და ჯერი ახლა ოპოზიციაზეაო. ამაში რას გულისხმობენ? რა როლი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას ამ 12 პუნქტის შესრულებისას?
_ რომელ ქვეყანაში ატარებს ოპოზიცია სასამართლო რეფორმებს? ოპოზიცია ამას რომ ატარებდეს, მაშინ ოპოზიციაში კი არა, ხელისუფლებაში ვიქნებოდით. ოპოზიციის როლი არის ის, რომ წამოჭრას პრობლემური საკითხები, წარმოადგინოს ალტერნატივები, მოითხოვოს შესრულება, რასაც ოპოზიციური პარტიები ძალიან კარგად ვუმკლავდებით, რაც შესანიშნავად ესმით დასავლელ პარტნიორებს. ციტირებას მოვიყვან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებისას, როდესაც ის ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა: ოპოზიციას რომ ვინმე სთხოვდეს რეფორმების ჩატარებას, მაშინ თქვენ უნდა იყოთ ხელისუფლებაშიო. „ქართული ოცნების“ ნარატივია, „ოპოზიციამ უნდა გააკეთოს“. ეს არის გადაბრალება, რომ ოპოზიციის ბრალია, დასავლეთის ბრალია, ევროპის ბრალია.
შარშან რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, „ქართული ოცნება“ ადგა და კარლ ჰარცელს დააბრალა, რომ ევროკავშირის მაშინდელმა ელჩმა კარგად არ იმუშავა და ამიტომ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსიო. ასეთი სიგიჟეები უნდა დავაიგნოროთ. არ შეიძლება, სიგიჟეზე კომენტარი ვაკეთოთ. „ქართული ოცნება“ არის დესტრუქციული ძალა, ანტიევროპული, ანტიდასავლური, რუსული ჰიბრიდული ომის ნაყოფი და ხან დასავლეთისკენ გაიშვერს ხელს, ხან _ მედიისკენ, ხან _ ოპოზიციისკენ, მარსზე სიცოცხლე რომ არსებობდეს, იმათაც რაღაცას დააბრალებდა. ეს ხელისუფლება თავის ბრალეულობას ვერასოდეს ხვდება და რუსული ჰიბრიდული ომის იარაღია, შესაბამისად, „ოცნება“ ჩაფიქრებული იყო, როგორც რუსული ჰიბრიდული ომის იარაღი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. „ქართული ოცნება“ აკეთებს რუსულ საქმეს. ტროას ცხენივით შემოგზავნილია საქართველოში, რუსეთმა გამოგზავნა საკუთარი ჰიბრიდული ომის მანქანა და ეს არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი.
_ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა. როგორ შეაფასებთ მის ამ გადაწყვეტილებას? რამდენად მოულოდნელი იყო ეს და რას შეცვლის ნიკა გვარამიას განთავისუფლება პოლიტიკურ პროცესებში?
_ ეს არის მისასალმებელი და უკიდეგანო უსამართლობაა, როდესაც უდანაშაულო ადამიანი ერთ წელიწადზე მეტ ხანს იჯდა საპყრობილეში. ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები. კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა. არ ვიცი, ეს იყო თავისი გადაწყვეტილება, თუ ივანიშვილთან შეთანხმებით მიღებული, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებდა. მთავარია, რომ ნიკა გვარამია განთავისუფლდა და სად გააგრძელებს ის მოღვაწეობას, მედიაში თუ პოლიტიკაში, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება და თავის წვლილს შეიტანს რუსული რეჟიმის დამარცხების საქმეში.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტმაც შესაძლოა განაპირობა ის, რომ დღეს ნიკა გვარამია თავისუფალია? გამორიცხავთ დასავლეთის ზეწოლას?
_ თავისთავად, ზეწოლა იყო ყველაზე, ეს არც იმალებოდა პრემიერის ვიზიტისას გერმანიაში, ასევე ბრიუსელში. აშშ-ი ჩვენი ყოფნის დროს განვითარდა ეს პროცესები. ვსაუბრობდით ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე და რეაქცია იყო ძალიან მწვავე. ეს გახლდათ კონსენსუსური საკითხი. როგორც ჩანს, წნეხმა შედეგი გამოიღო.
_ ამ ყველაფრის ფონზე, გახდება თუ არა პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხრიდან აგრესიის სამიზნე?
_ პრეზიდენტი ყოველთვის იყო აგრესიის სამიზნე. შეიძლება, პრეზიდენტი დაპირისპირებულია ღარიბაშვილთან, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ის არ არის დაპირისპირებული ივანიშვილთან. ზურაბიშვილი ივანიშვილს ვერ დაუპირისპირდება და წითელ ხაზებს ვერ გადაკვეთს. ყველას უნდა გვახსოვდეს 2018 წლის არჩევნები: როცა ასეთი ქმედებებით დაგსვამენ პრეზიდენტად, შეუძლებელია შეინარჩუნო დამოუკიდებლობა. ვიმეორებ, _ არა მგონია, ის ივანიშვილთან იყოს დაპირისპირებული.
_ „არა და არასდროს“, _ როგორ ფიქრობთ, ამ პოზიციაზე დარჩება პრეზიდენტი, თუ, მისი ექსცენტრიკულობიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილიც შეიწყალოს?
_ ეს დამოკიდებულია მიმდინარე პროცესებზე. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებაზე“ გაზრდილი წნეხის პირობებში და იქიდან გამომდინარე, თუ რა მოხდება რუსულ-უკრაინულ ფრონტზე, გამორიცხული არაფერია. თუმცა ჩვეულებრივ ვითარებაში არა მგონია, რომ მან ეს გააკეთოს. არ უნდა გავზარდოთ პრეზიდენტის მნიშვნელობა. ბიძინა ივანიშვილის გარეშე სალომე ზურაბიშვილი ვერაფერს გააკეთებს სააკაშვილთან მიმართებით. ნიკა გვარამიას საქმეზე წნეხისა და კონსენსუსის პირობებში მას კიდევ ჰქონდა ამის საშუალება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს ხალხის დიდი წნეხი გაათავისუფლებინებს ციხიდან. ასევე ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორის ზეწოლა.
_ რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა. რა ზომებს უნდა მიმართოს საქართველოს ხელისუფლებამ, _ უნდა ჩაიკეტოს თუ არა საზღვრები?
_ არის საშიშროება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება მოაწყდეს საზღვარს. ეს უნდა იყოს კონტროლირებადი პროცესი, სულ მცირე, სავიზო რეჟიმი უნდა შემოიღონ. ამდენი უკონტროლო ადამიანის შემოსვლა არის საფრთხის შემცველი. აუცილებელია მთელი ამ უსაფრთხოების რისკების გაანალიზება, რასაც უნდა უზრუნველყოფდეს ჩვენი თავდაცვის სამსახურები, თუმცა ამის გარდა ყველაფერს აკეთებენ _ პოლიტიკურ ოპონენტებს სდევნიან და ადამიანების ტყვედ აყვანაში გამოიბრძმედნენ. თავის დროზე, ნიკა გვარამია აიყვანეს ტყვედ, სააკაშვილი აიყვანეს ტყვედ. პირველ რიგში, საზღვრები უნდა გაკონტროლდეს. ძალიან სახიფათოა ის, რაც 2 დღის წინ რუსეთის ოფიციალურმა პირმა, საბაჟოს უფროსმა განაცხადა, რომ ჩვენ გავარღვიეთ ეკონომიკური სანქციები საქართველოს საშუალებით და 7-დან 15 მილიონამდე უნდა გავზარდოთ ტვირთბრუნვაო. რა ტვირთებზეა საუბარი, რა სანქციების გვერდის ავლაზე ლაპარაკობენ?! ეს არის ძალიან სახიფათო საქართველოს ინტერესებისთვის. რა გამოაქვს და შეაქვს რუსეთს, კაცმა არ იცის. ოფიციალური პირი თავად აცხადებს, რომ სანქციების გარღვევა მოვახერხეთ ლარსის გამშვები პუნქტის საშუალებითო. რაზეა საუბარი?!
_ დაბოლოს, მინდა გკითხოთ Eდისონ ღესეარცჰ-ის კვლევაზე, სადაც პოლიტიკური პარტიების რეიტინგები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ _ 37%, „ნაციონალური მოძრაობა“ _ 25%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ _ 3%, „საქართველოსთვის“ _ 6%, ლეიბორისტები _ 5% და ა. შ. 4, 3, 2 და 1% შეხვდა სხვა პარტიებს. არჩევნებამდე კიდევ შეიცვლება მონაცემები და ციფრები, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ამ რეიტინგების ფონზე რას გეგმავს უშუალოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“? აპირებთ ოპოზიციური პარტიები გაერთიანებას? რამდენად მოიაზრება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, რათა საზოგადოებაში უფრო მეტი ნდობა გაჩნდეს?
_ არა მხოლოდ ეს კვლევა, არამედ წინა კვლევებიც ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ოპოზიციური გაერთიანება. საუბარია არჩევნების წინა კოალიციაზე. ეს უალტერნატივოა. ყველამ იცის, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთი წელია, ამას პროპაგანდირებს და მათ შორის ჩვენს კოლეგებს, პარტიებს ყოველდღიურ რეჟიმში ვესაუბრებით, რომ აუცილებელია გაერთიანება, რადგან ფრაგმენტირებული ოპოზიციით ძალიან რთული იქნება ბიძინა ივანიშვილის „რუსული ოცნების“ დამარცხება. ამიტომ ჩვენი გეგმაა კონსოლიდაცია ოპოზიციურ ფლანგზე. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, დისკუსიები, მოლაპარაკებები და ვფიქრობ, რომ შემოდგომის ბოლოს გამოიკვეთება სურათი, რამდენად მძლავრი გაერთიანება იქნება პროდასავლურ ოპოზიციურ ფლანგზე. იქნება ეს ერთი დიდი გაერთიანება, კოალიციური კონგლომერატი თუ სხვა. ოქტომბერ-ნოემბრისკენ ყველაფერი გაცხადდება.