ლევან სამუშია: „ღარიბაშვილი არის 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძე ულვაშების გარეშე“

ნენე ინჯგია

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ოფიციალურ აპლიკაციას მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც თბილისში მრავალრიცხოვანი აქციები გაიმართა.

აქციის მონაწილეები უკრაინის შესახებ ღარიბაშვილის განცხადებას აპროტესტებდნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა მოთხოვნამ უკანა პლანზე გადაიწია.

რატომ არ მოითხოვა აქტიურად ოპოზიციამ ღარიბაშვილის გადაყენება? როგორ აფასებენ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას ოპოზიციურ სპექტრში? რა ფორმით უდგას პარტია „ლელო“ უკრაინელ ხალხს?

ამის შესახებ „ქრონიკა+“ „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ლევან სამუშიას ესაუბრება:

_ ბატონო ლევან, საუბარი დავიწყოთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით. როგორ შეაფასებთ იმას, რასაც ბოლო დღეების მანძილზე ვუყურებთ? _ ვგულისხმობ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებულ მუდმივ სამხედრო იერიშებს.

_ უკრაინაში სრულიად კატასტროფა ხდება! ფაშისტი პუტინი რაებს სჩადის და როგორ იქცევა?!! ეს ჩვენთვის ახალი არ არის, მაგრამ იქ, უკრაინაში, წარმოუდგენელი მასშტაბები აქვს ამ ყველაფერს. ეს ადამიანი 21-ე საუკუნის ჰიტლერია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში სიმართლე უკრაინის მხარეს არის და უკრაინელები გაიმარჯვებენ! სხვანაირად წარმოუდგენელია და უდიდეს პატივისცემას ვაფიქსირებ უკრაინელი ერის მიმართ, ამ მებრძოლი ხალხის მიმართ, რომელიც ერთ მუშტად, ერთ ორგანიზმად არის შეკრული. იქ რასაც ვუყურებთ, არანაირ პოლიტიკურ დაყოფაზე არ არის საუბარი, ყველა ერთად არის შეკრული და ებრძვის ფაშისტებს, რომლებიც შემოესივნენ უკრაინას. წარმოუდგენლად დიდი დანაკარგი აქვს რუსეთს და დემორალიზებულებიც არიან _ დიდება უკრაინას, დიდება უკრაინელ ერს!!! პირველ რიგში, გამარჯვება მინდა ვუსურვო ფაშისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

_ უკრაინაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ ჩვენ ვნახეთ, რა განცხადებები გააკეთა საქართველოს პრემიერმა: „მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს. ჩვენ შეშფოთებით და დიდი ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს“, _ რით ახსნით პრემიერის ასეთ პოზიციას?

_ ეს არის მიზანმიმართული ქმედება, ჩვეულებრივად ერთი ერთში რუსულ რიტორიკაზე სხედან: ის, რომ თურმე სანქციები არ მოქმედებს, ამას ერთადერთი რუსეთის ხელისუფლება გაჰყვიროდა და ახლაც ამას აკეთებს. თავიდან ბოლომდე რუსულ მესიჯბოქსზე სხედან _ მიაქციეთ ყურადღება, სად გააკეთა პირველი განცხადება ღარიბაშვილმა: იუნკრების საფლავზე! და ეს იყო სამარცხვინო განცხადება, რომელმაც ლაფი დაასხა ჩვენს ქვეყანას! ეს იყო წარმოუდგენელი დარტყმა! მიუღებელია, გმირების ქვეყანაში გვყავდეს ასეთი ხელისუფლება! მაგრამ რას ვიზამთ?! _ სამწუხაროდ, ეს რეალობაა და სრულიად მსოფლიო ხვდება იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებული, პრემიერ-მინისტრად წოდებული პერსონა და ივანიშვილის დაჯგუფება არ წარმოადგენენ ქართველი ხალხის ნებას. რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებებს, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ღარიბაშვილი არის 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძე ულვაშების გარეშე. ანალოგიურად იქცეოდა სერგო ორჯონიკიძე, როგორც ახლა ღარიბაშვილი და ეს ხელისუფლება იქცევა. თუნდაც ის ფაქტი ავიღოთ, როცა ქალბატონ ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, არ მოუსმინეს 5 მარტს და პარლამენტის სხდომა ჩაშალეს, _ თურმე, მივლინებაშია ხალხი და არ სცალიათ! წარმოიდგინეთ, ისვენებენ ეს ადამიანები, გადაღლილები გვყავს და როდესაც მთელი მსოფლიო ფეხზე დგას, ბაიდენი, ჯონსონი, მაკრონი 24/7-ზე ზელენსკისთან კავშირზე არიან, არ ისვენებენ, ამ დროს ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, ოკუპანტი წარმოუდგენელ ომშია უკრაინასთან, რომელიც არ ზოგავს ბავშვებს, ქალებს, ყველას კლავს. „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის მოსმენაზე უარს ამბობს. პრეზიდენტი, რომელიც ჩასული იყო ევროპაში, კონტაქტი ჰქონდა მსოფლიო ლიდერებთან, ამ პრეზიდენტის მოსმენაზე ამბობენ უარს! წარმოიდგინეთ, რა სიტუაციაა ქვეყანაში.

_ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ახსენეთ, რომელიც, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, აქტიურად გამოხატავს უკრაინის მხარდამჭერ პოზიციას, მათ შორის, მან 4 მარტს, ზელენსკის მიმართვის შემდეგ, რუსთაველზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და თქვა: „ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება, ქართველი ერის ღირსება, რომ ვიდგეთ იქ, სადაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა იბრძვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, ჩვენ იქ ვიქნებით. მინდა, რომ აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, _ როგორ შეაფასებთ მის ამ გამოსვლას და, ზოგადად, პოზიციას უკრაინასთან მიმართებით?

_ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ადრე ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ და ეს ხშირად დამიფიქსირებია, მაგრამ არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ, რომ სახელისუფლებო წარმომადგენლებიდან ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადებები და პოზიციები იყო ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც უნარჩუნებს ქვეყანას იმიჯს და ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არ არის ის აზრი, რასაც ღარიბაშვილი ივანიშვილის დავალებით ასრულებს. 4 მარტს ფეისბუქგვერდზე საჯაროდ მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ღირსეული განცხადებისა და ნაბიჯისთვის, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი დგამს ამ ბოლო დროს. ამის დაუფასებლობა, უბრალოდ, არ შეიძლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ პრეზიდენტს ასეთი პოზიცია აქვს და მადლობა კიდევ და კიდევ მას.

_ ღარიბაშვილს რომ დავუბრუნდეთ, მის ამ სკანდალურ განცხადებებს საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან უარყოფითი გამოეხმაურება მოყვა. მეტიც: სამოქალაქო სექტორი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვდა. რატომ ვერ განვითარდა პროცესები ამ მიმართულებით? ოპოზიციამ რატომ არ გამოიჩინეთ სათანადო აქტიურობა?

_ პირველ რიგში, ახლა მთავარია, გარკვეულწილად, ქვეყნის ერთიანობა. მოგეხსენებათ, მთავრობამ იძულებით გადადგა ნაბიჯი, განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირისთვის, მაგრამ მხოლოდ განაცხადი არაფერს ნიშნავს, _ რეფორმებია განსახორციელებელი და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ივანიშვილისა და ღარიბაშვილის პირობებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ შანსი არ ექნება, თუ რეფორმები არ გატარდა. რაც შეეხება გადადგომას, თქვენ გგონიათ, რომ ეს ღარიბაშვილის განცხადება იყო?! _ ღარიბაშვილს, უბრალოდ, ალაპარაკებენ, სისტემაა თავიდან ბოლომდე შესაცვლელი. ჩვენ სისტემის ცვლილებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. მთელი მსოფლიოსი და ჩვენი მთავარი ფიქრები არის უკრაინისკენ მიმართული, ვინაიდან უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა! უკრაინის მარცხი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება კატასტროფა! აქედან გამომდნარე, პირდაპირ ვამბობ, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა და ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს ხელისუფლების რიგი წარმომადგენლები (არ მინდა, ყველაზე ასე ვიფიქრო) გულშემატკივრობენ პუტინ-კადიროვს. მათი რიტორიკიდან გამომდინარე, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.

_ გეთანხმებით, რომ ახლა ყველანი უნდა გავერთიანდეთ უკრაინისთვის და მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით უკრაინელ ხალხს. მაგრამ როცა ღარიბაშვილი დგას ქვეყნის სათავეში, ეს ხომ პირდაპირი მნიშვნელობით საფრთხეს შეიცავს ჩვენი ქვეყნისთვის? ის საქართველოს სახელით საუბრობს და ამ შინაარსის განცხადებებს მომავალშიც გააკეთებს, _ ეს ხომ დამაზიანებელი და სახიფათო იქნება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე? შესაბამისად, ამ ნაწილში ოპოზიცია პასუხისმგებლობას არ გრძნობთ?

_ აღვნიშნე, რომ ბევრ ღარიბაშვილისნაირ ფიგურას მონახავს ივანიშვილი. იქ ვის დანიშნავს და ვის რას ალაპარაკებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ღარიბაშვილი დღეს დავალების შემსრულებელია. ამიტომაც ვსაუბრობ სისტემის ცვლილებაზე, ზოგადად, „ქართული ოცნების“, ბუნებრივია, მშვიდობიანად, კონსტიტუციის ფარგლებში, ხელისუფლებიდან გაშვებაზე, _ ეს არის მთავარი ამოცანა, თორემ ღარიბაშვილს დღეს გაუშვებს და ხვალ სხვას მოიყვანს. ბუნებრივია, ღირსების საკითხია ის, რომ ღარიბაშვილები და ასეთები ხელისუფლებაში არ გვყავდეს, ეს აუცილებელია ქვეყნის მომავლისა და დემოკრატიული წინსვლისთვის. ამას ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მივაღწიოთ, ყველანაირად, კანონიერ ფარგლებში, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებას მშვიდობიანად, კანონიერ ფარგლებში ჩამოშორდნენ.

_ საბოლოო ჯამში, საქართველომ ევროკავშირს ოფიციალური განაცხადით მიმართა ბლოკში გაწევრიანების თაობაზე, _ რა მოლოდინი გაქვთ?

_ უმთავრესი, ვინც ეს გააკეთა, არის საქართველოს მოქალაქეების უმწვავესი და მტკიცე პროტესტი, _ ამასთან დაკავშირებით, როდესაც მიხვდნენ, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ნაძალადევად შეიტანა, ბუნებრივია, ეს მიმართვა კარგია. ამ სიტუაციაში წარმოუდგენელი იყო, რომ ეს არ გაკეთებულიყო, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანებას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა. ამ სასამართლო სისტემით, უსამართლობით, ტოტალური მოსმენებით ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, აქედან გამომდინარე, სასწრაფოდ საჭიროა რეფორმები. ისე კი არა, რომ მიშელის ხელშეკრულებიდან გარბიან და შემდეგ მიშელს დასცინიან, _ ეს ყველაფერი არის ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების შემაფერხებელი და ამის მთავარი წყარო, ბუნებრივია, „ქართული ოცნებაა“.

_ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი მიმართულებით აკეთებს აქცენტს: 4 მარტს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთში ცხოვრობს 800 ათასამდე ქართველი, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე 10 ათასამდე საქართველოს მოქალაქე. „დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსების მიმართ ამ ქართველებს უქმნის პრობლემას“. კობახიძის თქმით, საქათველოს პარლამენტმა დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციასა და შუღლის გაღრმავების წინააღმდეგ იქნება მიმართული, _ რაზე მიუთითებს მმართველი გუნდის ეს აქტიურობა?

_ მმართველი პარტიის მხრიდან ძალიან სახიფათო განცხადებაა. არანაირი ეთნიკური ნიშნით დაპირისპირება საქართველოში არ ყოფილა, არ არის და არც იქნება! ეს ყველამ კარგად ვიცით. უბრალოდ, გამორიცხულია. მე პირადად და ყველა ნორმალური ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველოში ეთნიკური დისკრიმინაცია, უბრალოდ, არ არსებობს. ეს არის წარმოუდგენლად მავნებლური განცხადება, რაც 4 მარტს კობახიძემ გააკეთა. ეს იყო ქვეყნისთვის საშიში განცხადება.

_ რას ემსახურებოდა კონკრეტულად ეს განცხადება?

_ ეს არის ქვეყნისთვის საშიში განცხადება, რომელიც რუსეთს შეუძლია გამოიყენოს.

_ თქვენი თქმით, კობახიძის განცხადება საფუძველს მოკლებულია?

_ ბუნებრივია, საფუძველს მოკლებულია და გარდა ამისა, განცხადების შინაარსი არის ძალიან სახიფათო. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რაც გუშინ კობახიძემ და „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთეს, რადაგან მსგავსი რამ ქვეყანაში არ არსებობს და, ზოგადად, ასე მმართველი პარტიის მხრიდან არარსებულ ფაქტზე საუბარი საჯაროდ ქვეყნისთვის საშიშია.

_ რა ფორმით ერთვება „ლელო“ კონკრეტულად ამ მოცემულობაში უკრაინის მხარდასაჭერად?

_ უკრაინასთან მიმართებით შექმნილი გვაქვს შტაბი, სადაც ჰუმანიტარულ დახმარებას ვაგროვებთ. სავსეა ჩვენთან ოფისი, ტევა აღარ არის, მადლობა ყველას! წარმოუდგენელი რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება მოდის: სხვადასხვა პროდუქტი, ნივთები, ტანსაცმელი, რომელიც დევნილებსა და უკრაინაში მყოფ ადამიანებს სჭირდება. მათ შორის, წამლები, პირველადი მოხმარების საგნები. მეც ვმონაწილეობდი ერთ-ერთი სატვირთოს დაცლაში და შემდგომ დასაწყობებაში. ძალიან დიდი ერთობაა ხალხში უკრაინის დახმარების მიმართ. ამაში აქტიურად ვართ ჩართულები და ბოლომდე გავაგრძელებთ.