ბექა ბასილაია: „მიხეილ სააკაშვილს ქართველი ხალხი გამოიხსნის“

თამარ ოქრუაშვილი

ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებულ სამართლებრივ დევნას კიდევ რამდენიმე დაემატა. საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საქართველოში შედგა. საზოგადოებამ ის ბრალდებულის სკამზე იხილა და მისი სიტყვა მოისმინა. მიხეილ სააკაშვილს 29 ნოემბრის სასამართლო სხდომამდე ფართო საზოგადოებასთან კონტაქტის შესაძლებლობა არ ჰქონია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა მესამე პრეზიდენტი იხილეს და მისი გამოსვლა მოისმინეს.

„მე რამდენიმე დღე ვიარე საქართველოში ტყვედ აყვანის წინ და ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის ძალიან მოღუშული, ხალხი, პრაქტიკულად, არ იღიმება, გაუბედურებულია. მინდა გკითხოთ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო: არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და დრაივი განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, ის, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ“, _ თქვა სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზში.

ჯერჯერობით საქალაქო სასამართლოში ბოლო სხდომა  გასულ კვირას, 13 იანვარს ჩატარდა.

სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა აქვს მისჯილი ორ საქმეზე: სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული, მათ შორის, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის _ ე. წ. პიჯაკების საქმე და 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალის გადამეტებით დაშლის გამო.

სააკაშვილის გამოსვლას ოპოზიციური სპექტრის მხრიდან მნიშვნელოვანი შეფასება მოჰყვა, უმეტესობა თანხმდება, რომ სასამართლო პროცესებზე პრეზიდენტის სიტყვა ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის პროგრამაა.

საქმის წარმოების დაწყებიდან მესამე პრეზიდენტის უფლებებს, სხვა ადვოკატებთან ერთად, უფლებადამაცველი ბექა ბასილაია იცავს, რომელიც სააკაშვილის გზავნილების მნიშვნელობაზე „ქრონიკა+“-სთან საუბრობს:

_ ბექა, როგორ შეაფასებთ  ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმოთქმულ სიტყვას სასამართლო პროცესზე? უმრავლესობის მხრიდან მას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

_ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. მან თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზებზე, მოტივებზე. ამავდროულად, ამ სიტყვაში გაჟღერდა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რაც დღეს ქართულ საზოგადოებას უდგას. იგი ყველა იმ პრობლემას შეეხო, რაც ხალხის წინაშე დგას. მან ისაუბრა ამ პრობლემის გადაჭრის უაღრესად კონსტრუქციულ, რეალურ და ეფექტიან გზებზე. ეს გამოსვლა უნდა დავინახოთ იმ ჭრილში, რომ  ეს არის ფაქტობრივი პროგრამა, როგორ გამოვიდეს საქართველო იმ ჩიხიდან, რომელშიც იმყოფება ოლიგარქის მმართველობის პირობებში.

_ მოსამართლე და პროკურორები არცთუ სახარბიელოდ გამოიყურებოდნენ მთელ ამ პროცესში. ისინი გამუდმებით აწყვეტინებდნენ სიტყვას მესამე პრეზიდენტს. შთბეჭდილება რჩებოდა, რომ არც აინტერესებდათ, რაზე საუბრობდა იგი. მთავარი იყო, სააკაშვილის მუხტი ჩაეხშოთ.

_ სასამართლოს ქცევის ნაწილში სასამართლო ცდილობდა, გაეწყვეტინებინა სიტყვა. ბუნებრივია, ვხმარობ ამ შეფასებას, რადგან ჩვენ ვიცით, სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება და ყველა მოსამართლე არის ამ დაკვეთის შემსრულებელი. განსხვავება არც ამ შემთხვევაშია და ამ საქმის მოსამართლეც არის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი. შესაბამისად, მათ არ სურდათ და არც სურთ, რომ ქართველმა ხალხმა პირდაპირ, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან მოისმინოს ის სიმართლე, რაც ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას ეხება და მისგან გაიგოს გამოსავლის გზები. ამიტომ ეს ვერ შეძლეს, რადგან ყველას კარგად ესმის, მიხეილ სააკაშვილს სიტყვა გააწყვეტინო, არ არის ადვილი.

პროცესი იმ მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა, რომლებმაც ქვეყანაში ჩამოსული პრეზიდენტი შეიფარეს. მათ ოპოზიცია ასევე ოლიგარქის მძევლებად მიიჩნევს.

63 წლის ბიზნესმენმა, ელგუჯა ცომაიამ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან ჯერ ფოთში, შემდეგ აბაშაში, შემდეგ ბათუმში, ხოლო შემდეგ უკვე თბილისში, მართალია, შიშითა და ნერვიულობით, მაგრამ ისე ამგზავრა, რომ, როგორც თავად ამბობს, სერიოზული წინააღმდეგობა, პრაქტიკულად, არსად შეხვედრიათ. 

პროკურორების არაერთ შეკითხვას, _ თუ როგორ გამოეპარათ მებაჟეებს არაჟნით დატვირთულ სატვირთო მანქანაზე მოხსნილი „ბოლტი“ და ახსნილი ლუქი, ცომაიამ 13 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაკითხვისას უპასუხა, რომ წესიერად არავის არაფერი შეუმოწმებია, ხოლო უკრაინელი მებაჟეები საერთოდ ტვირთის ზედაპირული დათვალიერებითაც არ დაინტერესებულან.

ვიდრე უკრაინიდან 2021 წლის 27 სექტემბრის ღამით წამოსულები ტრაილერით გემზე ავიდოდნენ, მიხეილ სააკაშვილს ცოტა ხნით მოუწია მანქანის სალონის უკანა, ზედა ნაწილის საძინებელ სივრცეში ასვლა, რომ გარეშე თვალს მორიდებოდა; უკვე გემზე კი, როგორც ცომაია ამბობს, ორი დღე ერთად „კაიუტაში“ უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს.

უშუალოდ არაჟნით დატვირთული ტრაილერის მაცივარში შესვლა მიხეილ სააკაშვილს, ცომაიას მონათხრობის თანახმად, ჯერ კიდევ გემზე, ფოთის პორტში გადმოსვლის წინ მოუწია და იქ სულ 15 წუთი დაყო.

„ეს მაცივარი ჩართულ მდგომარეობაში იყო?“ „რა ეცვა, თუ გახსოვთ და რა ნივთები ჰქონდა თან?“ „ქუდი ეხურა?“ „მობილური ტელეფონი თან ჰქონდა?“ _ ეკითხებოდნენ ელგუჯა ცომაიას პროკურორები.

ის კი დაბალ ხმაზე პასუხობდა: „მერე რა… კი, ჩართული იყო“; „კი, ქუდიც ეხურა და პირბადეც ეკეთა“; „ტელეფონი სულ თან ჰქონდა“.

ბექა ბასილაია ელგუჯა ცომაიას ღირსეულ ადამიანად ახასიათებს და ამბობს, რომ მის ქმედებას ისტორია დააფასებს:

„მე სასამართლო პროცესზე, ყველა ეტაპზე, რაც ამ საქმეზე შეხება მაქვს, დავაფიქსირე, რომ ელგუჯა ცომაია არის ღირსეული ადამიანი, მშრომელი პატიოსანი, პატრიოტი, რომელმაც პრეზიდენტი, ფაქტობრივად, შეიფარა, ხელი გაუმართა და მთელი ამ ხნის მანძილზე ეს ამბავი შეინახა საიდუმლოდ. ხელისუფლება როდესაც აცხადებდა, რომ ჩვენთვის ცნობილი იყო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნის შესახები, სინამდვილეში მათ არაფერი იცოდნენ. პატრულმა გააჩერა მიხეილ სააკაშვილი, გადაადგილდებოდა და ვერ იცნო. რომ სცოდნოდათ, რომ საქართველოში იყო, ასეთი სამარცხვინო განცხადებების გაკეთება არ მოუწევდა მთელ ლიდერშიპს,. ელგუჯა ცომაიას ღვაწლს დააფასებს ისტორია. რაც შეეხება ჩვენებას, ამდენი ხნის მანძილზე ადამიანს ტანჯავენ ციხეში და ჩვენება რანაირად იქნებოდა დაფიქსირებული, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ცომაია ამ დროსაც გამოიყურებოდა ღირსეულად“.

ხელისუფლების წარმომადგენლები ბათუმიდან მიხეილ სააკაშვილის ჩართვის შემდეგაც აცხადებდნენ, რომ ის ქვეყანაში არ იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა თითქმის თავისი სურვილით გამოიძახა სამართალდამცველები და შეატყობინა ოფიციალური მისამართი, თუ სად იმყოფებოდა, პროკურატურამ განცხადებაც გაავრცელა:

აი, რას ვკითხულობთ პროკურატურის მიერ დიდი ხნის დაგვიანებით გავრცელებულ მაშინდელ განცხადებაში:

„პროკურატურამ დაადასტურა, რომ სააკაშვილი საქართველოში არა პირველ ოქტომბერს, არამედ 29 სექტემბერს შემოვიდა.

გამოძიების ვერსიით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან, ჩერნომორსკის პორტიდან, სატვირთო გემ „ვილნიუსს“ წამოჰყვა და ფოთში ამ გზით შემოვიდა. გემი საქართველოში 28 სექტემბერს 23:00 საათზე შემოვიდა, საიდანაც, დაახლოებით, 2 საათში, 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ელგუჯა ცომაიას კუთვნილი მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება _ ტრაილერი, რომელშიც იყო რძის პროდუქტი.

01:47 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე, ცომაიამ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა.

ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა, სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ელგუჯა ცომაიას დახმარებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი… მიხეილ სააკაშვილის ზემოაღნიშნულ მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და ვიდეო ექსპერტიზით“.

ადვოკატი ბექა ბასილაია აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ყველა წარმოებული საქმე ფალსიფიცირებულია, ასევე გაყალბებულია განაჩენები. ბექა ბასილაიას პრეზიდენტის განთავისუფლების მთავარ ბერკეტად მოსახლეობის აქტიურობა მიაჩნია, ის სააკაშვილს ერთ-ერთ უდიდეს რეფორმატორად მოიხსენიებს:

_ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ყველა საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. უკვე არსებული განაჩენები არის ფალსიფიცირებულ, კანონსაწინააღმდეგო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი უკანონო გადაწყვეტილებები, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ პატიმრობაში. პრეზიდენტის თავისუფლებას მივაღწევთ ქართველი ხალხის აქტიურობის შედეგად. მხოლოდ ამ შემთხვევაში ხელისუფლება უკან დაიხევს. მჯერა, რომ ეს აქტიურობა იქნება, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც საუბარია საქართველოს მთავარ რეფორმატორ მიხეილ სააკაშვილზე. ის არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური რეფორმების გამტარებელი. ქართველი ხალხი დიდხანს არ აიტანს მის მძევლობას.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა იცოდა, მის დასახვედრად უამრავი ადამიანი შეიკრიბებოდა, მან მოსახლეობას ააცილა ის პროვოკაცია, რას შეიძლებოდა მოეწყო „ქართულ ოცნებას“.

 სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც იგი უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზედაც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 30 დეკემბრამდე იყო, შემდეგ კი პენიტენციურმა სამსახურმა ის კვლავ რუსთავის ციხეში დააბრუნა