„ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სარჩელი ვერ შეაქვს

შორენა მარსაგიშვილი

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ აშკარად ტოქსიკურად არის განწყობილი. ქვეყნის მესამე პრეზიდენტს რომ ერჩიან, ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ მათ მიერვე გაპრეზიდენტებულებსაც უცხადებენ ბრძოლას: ჯერ იყო და გიორგი მარგველაშვილი შესვეს ვირზე უკუღმა, ახლა სალომე ზურაბიშვილს უჩივიან საკონსტიტუციო სასამართლოში. უჩივიან იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ევროპაში თვითნებურად წავიდა. მისი ევროპული ვოიაჟი კი „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედიოდა.

ჩვენ გარშემო ისეთი ამბები ტრიალებს, „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტთან საქმეების გასარჩევად არ უნდა ეცალოს. ახლა განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართ უნდა იყოს მიპყრობილი. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება ამ რეგიონების არსებობასაც კი აღარ იმჩნევს.

დაიგნორების მხრივ ყოფილმა ხელისუფლებამაც გამოიჩინა თავი _ იშვიათი გამონაკლისების გარდა, პატიმრობაში მყოფ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს აღარავინ ახსენებს.

ასევე უკრაინაში მიმდინარე საშინელებაზე საპატრიარქოს დაავიწყდა განცხადების გაკეთება. მათი დუმილი ცოტა უცნაურია იმ ფონზე, როცა რუსები უკრაინაში ეკლესია-მონასტრებს ანადგურებენ და სასულიერო პირებს კლავენ. არც ქართველ მებრძოლებზე უთქვამთ რამე, რომლებიც უკრაინულ მიწაზე საქართველოს იცავენ.

ამ მხრივ საპატრიარქოს არც მმართველი პარტია ჩამოუვარდება. ისინი არ იმჩნევენ იმას, რაც უკრაინაში ხდება. სამაგიეროდ, კანონში შეაქვთ ცვლილება და თუ საქართველოში შემოსულ რუსებს ვაწყენინებთ, პრობლემებს შეგვიქმნიან. სამწუხაროდ საერო და სასულიერო ხელისუფლებისთვის რუსეთია მთავარი და უპირველესი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტისთვის

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას. არადა, არსებული კანონმდებლობით, ისინი ამას ვერ გააკეთებენ. იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ პრეზიდენტს უჩივლოს, კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შევიდეს. და როგორ ფიქრობთ, ამან „ქართული ოცნება“ შეაფერხა? ნურას უკაცრავად.

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ განცხადებით, მმართველი პარტია პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციური დავის დასაწყებად კანონმდებლობას ცვლის. როგორც ორგანიზაცია განმარტავს, იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის მიმართ საკონსტიტუციოში კომპეტენციების შესახებ დავა დაიწყოს, მოქმედი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა, ამიტომ მმართველმა გუნდმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა.

„უფლებები საქართველომ“ მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება შეაფასა და მიიჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, მსგავსი კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად განსახილველად არ უნდა მიეღო. „უფლებები საქართველო“ ამ შეფასების მომზადებისას დაეყრდნო კანონმდებლობის არსებულ ჩანაწერს, რომლის თანახმადაც, კომპეტენციების შესახებ დავის დასაწყებად აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის გასაჩივრება. პრეზიდენტის მიერ შეხვედრების გამართვასა და ელჩების არდანიშვნას კი ნორმატიული აქტი არ უდევს საფუძვლად, _ განმარტავენ ორგანიზაციაში.

გასული კვირის ბოლოს მმართველმა პარტიამ აღნიშნა, თუ როგორ აპირებს ამ დაბრკოლების გადალახვას. ისინი კანონმდებლობაში აპირებენ ცვლილებების შეტანას და აფართოებენ იმ ქმედებების ჩამონათვალს, რაც საფუძვლად შეიძლება დაედოს კომპეტენციების შესახებ დავას.

_ ცვლილებები შედის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და სახელმწიფო ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანა შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმატიული აქტით ხდება ორგანოთა შორის კომპეტენციის დარღვევა, არამედ აგრეთვე მაშინ, როდესაც იგივე შედეგს იწვევს მოქმედება ან/და უმოქმედობა, _ განმარტავენ ორგანიზაციაში „უფლებები საქართველო“.

ორგანიზაციის იურისტების განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები, პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ საშუალებას მისცემს, საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხოვოს პრეზიდენტის მიერ უკვე განხორციელებული ქმედებითა (ჩატარებული ვიზიტები) და უმოქმედობით (წარდგენილი ელჩების კანდიდატურების დანიშვნაზე უარის თქმა) კონსტიტუციის დარღვევის დადგენა.

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილების საკითხს. ამასთან, დაუშვებელია საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისა და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის უფლებამოსილებების გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად და სახელმწიფო ორგანოთა/თანამდებობის პირთა დასჯის მექანიზმად.

_ ცალსახაა, რომ „ქართული ოცნების” ლიდერების მიერ ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები პირდაპირ მიმართულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ქმედებებისა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირების წინააღმდეგ, _ აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ისინი პარლამენტს მოუწოდებენ, არ დაუჭირონ მხარი ამ ცვლილებებს.

დავიწყებული მიშა

უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ძალიან ბევრი საკითხი გადასწია უკანა პლანზე. მეორეხარისხოვანი გახდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც. ჩვენს საზოგადოებას, დასავლეთსა და უკრაინას სააკაშვილისთვის რომ აღარ სცალია, ეს გასაგებია, მაგრამ ცოტა უცნაურია, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ყოფილი ხელისუფლებაც კი აღარ ახსენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს სულ უფრო ნაკლებად ახსენდებათ ის ამბავი, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმარია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ყველას გახსოვთ, ალბათ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი საპროტესტო მოძრაობის დაწყება დააანონსა. ეს მოძრაობა 5 მარტს უნდა დაწყებულიყო. პროტესტი არც 5 მარტს დაწყებულა და, დიდი ალბათობით, არც მომავალში დაიწყება. უცნაური ისაა, რომ განმარტებაც კი არ გაკეთებულა, თუ რატომ არ დაიწყო გამოსვლები. უკრაინაში მიმდინარე ომი ამ აქციების გამართვას ხელს არ უშლის. სხვა თუ არაფერი, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და რუსეთთან მისი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია.

ქოცექსპერტები ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გარკვეული ძალები ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილი ჩააჩოჩონ. მათი პროგნოზები, როგორც წესი, არ მართლდება ხოლმე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეოცნებე ანალიტიკოსები სიმართლეს ამბობენ. გავრცელებული ინფორმაციით, „ნაცმოძრაობისგან“ სააკაშვილის ჩაჩოჩებას ცდილობს დავით კეზერაშვილი. როგორც ამბობენ, ბოლო დროს გააქტიურდა ვანო მერაბიშვილიც.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის, ფაქტობრივად, არსად გამოჩენილა. პარტიაში მას დიდი სიხარულით ბევრი არ შეხვედრია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღემდე ბევრს სჯერა, რომ მერაბიშვილი ივანიშვილთან თანამშრომლობს. მათი აზრით, მერაბიშვილის დახმარებით და ხელშეწყობით გაიტანეს საქართველოდან ე. წ. ციხის სკანდალური კადრები. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას სწორედ ამ კადრებმა შუწყო ხელი.

ვანო მერაბიშვილი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ის ლვოვის მერთან ერთად ვიხილეთ. ამ ომის დროს რამდენიმე ბობოლა ნაციონალი დაწინაურდა უკრაინაში. კუდის უფროსის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე, რომელზეც „ქართულ ოცნებას“ ძებნა აქვს გამოცხადებული, უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. ლორთქიფანიძე ამიერიდან უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილეა.

კიდევ ერთი ძებნილი, ზურაბ ადეიშვილი, უკრაინაში ასევე სოლიდურად არის წარმოდგენილი. ის უკრაინელებთან ერთად ჰააგაში წარსადგენ დოკუმენტებზე მუშობს. ადეიშვილი რომ კარგი იურისტია, ამას ყველაზე მამალი „ქოციც“ კი ვერ უარყოფს.

ჩვენი ხელისუფლება და მისი მომხრეები უკრაინის დღევანდელ მთავრობას ისედაც „ნაცებს“ ეძახდნენ და ამ საკადრო გადაწყვეტილებების შემდეგ, ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა ხარისხის ნაცები გახდნენ ისინი.

„ოცნება“ და მისი მომხრეები ამბობენ, რომ უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაითრიოს. არადა, ამას საქართველოსგან არავინ ითხოვს. საქართველომ თავის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე რომ უნდა იფიქროს, ამაზე, წესით, უკრაინელი პოლიტიკოსების მოწოდება არ უნდა გვჭირდებოდეს. იმ ქვეყნისთვის ვისი ტერიტორიებიც ოკუპირებულია, ნომერ პირველი საკითხი ტერიტორიული მთლიანობის აღგენა უნდა იყოს. საქართველოში ეს სხვაგვარადაა. თუკი ვინმე იტყვის, რომ დაკარგული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ, იმას ეგრევე მოღალატედ და ომის მსურველად აცხადებენ. ტერიტორიების დაბრუნებას ვინ ჩივის, იმაზეც აღარ იღებენ ხმას, რუსი ოკუპანტები შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზებს რომ წევენ და ქართულ მიწაზე მავთულხართებს ავლებენ.

ისევ სააკაშვილს დავუბრუნდეთ და როგორც ამბობენ, საქართველოში ვიზიტად მყოფი პოლონეთის პრემიერი, მატეოშ მორავეცკი, მესამე პრეზიდენტზე ესაუბრა ირაკლი ღარიბაშვილს. რამდენიმე კვირით ადრე პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ესაუბრა სააკაშვილზე სალომე ზურაბიშვილს. ორივე საუბარი არაოფიციალურად შედგა. პოლონელები საქართველოს მესამე პრეზიდენტის განთავისუფლებას ითხოვენ. არის მოლოდინი, რომ სააკაშვილი მართლაც გაათავისუფლონ და ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

პარლამენტის წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ, გასულ კვირას მოინახულა სააკაშვილი და განაცხადა, რომ ის ძალიან მძიმედ არის. ვაშაძის განმარტებით, თუ სააკაშვილს სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარდა, შესაძლოა, ლეტალური შედეგი დადგეს.

მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, აშკარად იმედგაცრუებულია იმით, რა დამოკიდებულებაც მისი შვილის მიმართ არის. გიული ალასანიამ მედიასთან განაცხადა, რომ მიშას სამშობლოში დაბრუნება დიდი შეცდომა იყო. დიდი ალბათობით, თავად მესამე პრეზიდენტიც ასე ფიქრობს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბევრი არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სააკაშვილი ციხიდან გამოეყვანა. უკრაინის ომის დაწყებით პასიურობის გამართლება არ შეიძლება. რადგან სააკაშვილი ოქტომბრის დასაწყისში დააპატიმრეს, პროტესტისთვის მათ საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ, მაგრამ პროტესტი, რატომღაც, არ გამოვიდა.  ქუჩის აქციებს ვინ ჩივის, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდა, მიხეილ სააკაშვილი კი ციხეში დარჩა.

სააკაშვილზე საერთოდ არ იღებს ხმას გიგა ბოკერია, რომელიც „ნაციონალების“ მმართველობის დროს მესამე პრეზიდენტის კარზე ყველაზე გავლენიანი პირი იყო. ის სააკაშვილს, ჯერ კიდევ, 2016 წელს განუდგა.

ბოკერიასგან განსხვავებით, სააკაშვილზე ხშირად საუბრობს მისი მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი. ის არ ერიდება მესამე პრეზიდენტის კრიტიკას. გასულ კვირას მან სააკაშვილის დედას მიმართა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ზნედაცემული სააკაშვილი ძალაუფლებას აღარ შეეხოს.

_ 2016 წელს ყველა კვლევა აჩვენებდა, რომ სააკაშვილის ლიდერობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ნახევარსაც კი არ უნდა _ მთელ მოსახლეობაზე არაფერს ვამბობ.

კვლევებს მალავდნენ ვერაგი ამოცანით, ემტკიცებინათ, რომ მიშას გარეშე ნულები ვართ.

სააკაშვილის დევნილობის მთელი 9 წელი სააკაშვილი ითხოვდა, მისი ჩამოსვლის მოთხოვნით გრანდიოზული აქციების გამართვას. ვუხსნიდით, რომ ეს შეუძლებელია, რომ ხალხს მისი საკითხი არ ანაღვლებს, სხვა თემები აინტერესებს.

2019 წელს მის სახელს ვერ ახსენებდნენ აქციებზე _ უბრალოდ, შეუძლებელი იყო, ტალახს ესროდნენ.

ყველა მოღალატედ შეგვრაცხა, ვინც რეალობის ახსნას ცდილობდა, მისი მანქურთებიც აიყოლია, გვბლოკა, მტრებად გამოგვაცხადა, ტალახს გვესროდა, ცილს გვწამებდა _ ცოდვას სჩადიოდა!

ხოდა, აი, ახლა დედამისს ეს უკვირს!

დიახ, ქალბატონო გიული _ ჩვენ ვუხსნიდით, რომ ქართველ ხალხს ის არ უნდა და მოღალატეებს გვიწოდებდა.

ახლა ზის იქ, სადაც ზის _ მე ის პოლიტიკურ პატიმრად მიმაჩნია და როცა ჩემი ნება იქნება, აუცილებლად გავათავისუფლებ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი ზნედაცემული შვილი ძალაუფლებას არ შეეხოს.

გამომივა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან შევეცდები, _ დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩერგოლეიშვილის ეს განცხადება არ შეიმჩნია. რაც დრო გადის, ისინი სულ უფრო იშვიათად ახსენებენ მიხეილ სააკაშვილს. „ქართული ოცნება“ რომ არა, მიშა აღარავის გაახსენდებოდა. დღეს მეოცნებეები უფრო ხშირად ახსენებენ მესამე პრეზიდენტს, ვიდრე მის მიერვე შექმნილი პარტია.

სამოთხე რუსებისთვის

იმ დროს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთის წინააღმდეგაა, საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანას მკერდით გადაეფარა. იმ ქვეყანაზე არ იღებს ხმას, რომელსაც მისი ტერიტორიებს 20% აქვს ოკუპირებული. „ქართული ოცნების“ ლიდერები თავს ვალდებულად მიიჩნევენ, ორ დღეში ერთხელ საჯაროდ გააკეთონ განცხადება, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება. არადა, საქართველოსთვის არავის, მათ შორის, უკრაინასაც არ მოუთხოვია, სანქციებს შეუერთდითო.

სანქციების დაწესებით რუსეთს ვერაფერს დავაკლებდით და ამ მხრივ რაღაცნაირად კიდევ გასაგებია ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა, მაგრამ უკრაინელების სისხლის ხარჯზე რომ ფულის შოვნა სურთ, ეს უკვე მეტისმეტია. ორიოდე კვირის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა თქვა, რუსულ ბაზარზე შესვლაზე ვიფიქროთო. გასულ კვირას იგივე გაიმეორა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა. მისთვის ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამშობლო.

სამწუხაროდ, საქართველოში ბევრისთვის ფული უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სამშობლო. უკრაინა რომ არ ადარდებთ, ეს გასაკვირი არ არის. მოგეხსენებათ, რუსები საქართველოში მრავლად შემოდიან. თურმე, პუტინის რეჟიმს გამოექცნენ და ლტოლვილები არიან.

ხელისუფლება საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ლტოლვილების მიმართ ადამიანური დამოკიდებულება გამოიჩინოს. იმათ კი, ვინც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ვერ შიყვარებს, კანონით ემუქრებიან. ხშირად მოგვიწოდებენ „სტუმარ-მასპინძლის“ წაკითხვისკენ. აშკარად თავად არ აქვთ ეს გენიალური ნაწარმოები წაკითხული. წაკითხული რომ ჰქონოდათ, ეცოდინებოდათ, რომ ჯოყოლამ არ იცოდა, მისი ძმის მკვლელი რომ მიიყვანა სახლში. რომ სცოდნოდა, ზვიადაურს ადგილზევე მოკლავდა. საქართველოში ყველამ იცის, რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპანტისთვის ფეხქვეშ გაგებას სტუმარ-მასპინძლობა ნამდვილად არ ჰქვია.

ხელისუფლების მსგავსად, საქართველოში რუსების ჩამოსვლას ბევრი ქართველი შეხვდა დიდი სიხარულით. განსაკუთრებით ის ხალხი, რომელიც ბინებს აქირავებს. ისინი ქართველ მდგმურებს ყრიან სახლებიდან და ბინებს რუსებზე აქირავებენ _ რუსები უფრო მეტს იხდიანო. ამასთან, ნატრობენ, ნეტავ, უფრო ბევრი რუსი შემოვიდეს, უფრო ბევრ ფულს ვიშოვითო.

რუსები საქართველოში ოჯახებით ჩამოდიან. ბავშვებს სკოლა სჭირდებათ. საქართველოში რუსული სკოლები სულ რამდენიმეა. და რუსებმა თავი კომფორტულად რომ იგრძნონ, საქართველოს ხელისუფლებამ ამაზეც იზრუნა. კერძოდ, გადაწყდა, რომ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში რუსული სექტორი აღდგება. პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნონა მამულაშვილი, აცხადებს, რომ ამ ინიციატივის უკან საქართველოს განათლების სამინისტრო დგას.

_ განათლების სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში რუსული სექტორის აღდგენა იგეგმება. ეს კანონი ჩუმად და უხმაუროდ, ორი მოსმენით უკვე გაატარეს საპარლამენტო კომიტეტზე. კატეგორიულად მიუღებელია, მით უმეტეს იმის ფონზე, როცა გრუშევსკის სახელობის 41-ე ქართულ-უკრაინულ საჯარო სკოლას ფუნქციონირების საშუალება არ მიეცა. 2011 წელს ყველა რუსული სექტორი გადავიდა ქართულად სწავლებაზე. ამ სექტორების აღდგენა დიდი მავნებლობა და პრორუსული განწყობების წახალისებაა, _ აცხადებს ნონა მამულაშვილი.

ამ ამბავს სხვა ოპოზიციონერებიც აპროტესტებენ, მაგრამ არაფერი გამოდის. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო რუსებისთვის სამოთხე იყოს. თავის მონურ დამოკიდებულებას რუსეთის არგაღიზიანებით ხსნის. ამ არგაღიზიანების პოლიტიკას „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან მიმართავს. რა შედეგებიც მოაქვს ამ არგაღიზიანებას, ყველანი ვხედავთ. საქართველოს ტერიტორიაზე ავლებენ მავთულხლართებს და ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ადამიანებს იტაცებენ.

არგაღიზიანების პოლიტიკამ რუსები კიდევ უფრო გაათავხედა და ისინი ახლა ლუგარის ლაბორატორიაში შესვლას ითხოვენ. ლუგარის ლაბორატორია რუსებს დიდი ხანია, ყელზე ადგათ. ამ ლაბორატორიის წინააღმდეგ აქამდე განცხადებებს აკეთებინებდნენ ხოლმე ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლებს. ისინი წლებია ამტკიცებენ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში გამოიგონეს ღორის ჭირი, რომლითაც ქართველებმა თავიანთი ღორები დააინფიცირეს, მერე ეს ღორები შვიდნენ ცხინვალის რეგიონში და პატიოსან ოს ღორებს გადასდეს ჭირი.

მართალია, ოსი ჩინოსნები ამ განცხადებებს მჭმუნვარე გამომეტყველებით აკეთებენ, მაგრამ მათ სერიოზულად რუსებიც კი ვერ აღიქვამენ. ამიტომაც ახლა რუს გენერალს გააკეთებინეს ლუგარის ლაბორატორიაზე განცხადება. და თუ რუს სპეციალისტებს ლუგარის ლაბორატორიაში არ შევუშვებთ, ისინი თურმე სათანადო ზომებს მიიღებენ. საქართველოს ხელისუფლება რუსულ მუქარას არ იმჩნევს, ხომ არ გააღიზიანებენ მოსკოვს. ანდა, როგორც გია ვოლსკი ამბობს, კალაშნიკოვის ლულა გვაქვს საფეთქელზე მობჯენილი და ამ ვითარებაში ისედაც ბევრს ვლაპარაკობთო.