ოთხშაბათი, 13 აგვისტო, 2025
2025-08-13 10:12:11
ელისო კილაძე
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში დაწყებული საეკლესიო სკანდალი ამ დრომდე გრძელდება. მეუფე ჯამდელიანის მიერ ამბიონიდან გაკეთებული განცხადებები, რომ მას ექს გუბერნატორი შინჯიკაშვილი მონაზონ თეკლას დახმარებით წამლავდა და ეს ფაქტი მას მონაზონმა უამბო, წმინდა წყლის პროვოკაცია და ტყუილი აღმოჩნდა. თეკლა კუბლაშვილმა აღიარა, რომ ინტერვიუ და ცრუ ჩვენება მეუფის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის შედეგად მისცა. მოგვიანებით, მან მთხოვა, ძამის ხეობიდან წამოსვლაში დავხმარებოდი და შინაგან საქმეთა სამინისტროში რვასაათიან გამოკითხვაზე დეტალურად მოყვა ჯამდელიანის ეპარქიაში მომხდარი ამბები.
„ქრონიკა+“-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა თეკლა კუბლაშვილთან. მან ჩვენ აქამდე უთქმელი ამბები მოგვიყვა:
- თეკლა, როგორ მოხვდით მონასტერში და რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, მონაზონი გამხდარიყავით?
- მეთვრამეტე წელი დაიწყო, რაც მონასტერში ვარ, შეყვარებული მომიკლეს და მაგის გამო წავედი მონასტერში. თრუსოს ხეობაში ჩავედი, იღუმენია ეკატერინეს დავუკავშირდი და ერთი თვე ქობულეთში ვიყავი. მაშინ ლაზეთის ეპარქიას ეკუთვნოდა ეს მონასტერი და შემდეგ გადაეცა სტეფანწმინდის ეპარქიას. ერთი თვე ვიყავი მამა იოანესთან. მაშინ იქ მამა კირიონი იყო და ერთი თვის მერე სასაზღვრო ვერტმფრენით ჩავფრინდით თრუსოს ხეობაში. შვიდი წელი ვიყავი თრუსოს ხეობაში. ასე მოვხვდი მონასტერში.
- ჯამდელიანზე მომიყევით.
- მარნეულში ჩემი მეგობრების, დათო კაშიასა და გიორგი ყვავაძის რეკომენდაციით მოვხვდი. მეუფის სულიერი შვილები არიან და თრუსოდან რომ ვაპირებდი წამოსვლას, მათი რეკომენდაციით ჩავედი მეუფესთან გასაუბრებაზე. პირველივე გასაუბრებაზე გადავწყვიტე, რომ დავრჩენილიყავი. ვითხოვე, ცოტა დრო მომეცით, რომ უკან ჩავიდე, მამაოს აღსარება ვუთხრა და დავბრუნდე-მეთქი. მოკლედ, 2021 წლის 6 დეკემბერს გადავედი მარნეულის ეპარქიაში თრუსოდან.
- როგორი იყო და რა დაგხვდა ჯამდელიანის ეპარქიაში?
- ახალი მისული რომ ვიყავი, არ იყო თავიდან რაღაც ისე. ახალი რომ ხარ ყველა უფრთხილდება რაღაცას, რომ შიდა სამზარეულოში არ ჩაიხედო, არ გახედებენ ისე, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ იქ რჩები. ეს ზოგადად ყველგან ასეა, ყველა მონასტერში ასეა, მაგრამ ადამიანის თვალსა და ყურს რა გამოეპარება, ხომ? საკმაოდ გამჭრიახი ვარ და ერთი-ორი კვირის თავზეც მივხვდი ყველაფერს, რა და როგორ იყო. ჩემს თავს ვადანაშაულებ იმაში, როდესაც თავიდანვე მივხვდი, რაც ხდებოდა, რატომ არ წამოვედი იქიდან, მაგრამ იმას ვფიქრობდი, რომ ახალი გადმოსული ვარ, იქნებ, რამე შეიცვალოს ან მე რა შუაში ვიყავი საერთოდ ამ ელოშვილის თემებამდე.
- რა ხდებოდა, რაც მალევე შეამჩნიეთ?
_ მაგალითად, დედა ემილიას საქციელები, ხუშტურები: სად მიდიხარ? რატომ მიდიხარ? და ისე არ იქცეოდა, როგორც მონაზონი უნდა იქცეოდეს ეპისკოპოსთან. არანაირი მოკრძალება, საერთოდ არაფერი. საქმის გარჩევები და მოკლედ, რაღაც მსგავსი. ჩემთვის ცოტა უხერხული არის ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ მეუფისგან წამოსული ვარ და ამდენი რამ ხდება ჩვენ გარშემო, როგორც ეპისკოპოსს, მაინც პატივს ვცემ. აღარ მაწუხებს, ვის ორი ჯვარი აქვს თუ სამი და ჩინ-მედლები და იერარქია. ალბათ, ეს ყველაფერი ძალაუფლების გამო არის დადგენილი. რაც შეეხება საეკლესიო თემებს, დიდად ვერ შევეხები, რადგანაც თეოლოგი არ ვარ. თეოლოგებმა თავად იციან ეს ყველაფერი.
- მეუფემ რომ ცოლი მოიყვანა, როგორ შეიტყვეთ ეპარქიაში?
- მეუფის ცოლის მოყვანის ამბები გავიგე ტელევიზიით, როცა თებერვალში გავიდა რეპორტაჟი „მთავარ არხზე“. ისე, ნოემბერში რაღაც მოძრაობები იყო, სვანები ჩამოდიოდნენ: დათო ქურდიანი, მუთო ჯაფარიძე, ბიჭები და ვინც არიან მეუფის ახლობელი და რაღაცები ხდებოდა, მაგრამ რა ვიცი, ჩემთვის არ უთქვამთ. ერთი ის თქვა მეუფემ, რომ რაღაც ხდებაო და რაღაცებს მიგეგმავენ და თუ საჭირო გახდება, გაიგებთო, მაგრამ მერე ისე ჩაიარა ამ ყველაფერმა, რომ ნელ-ნელა ტელევიზიებიც მიწყნარდნენ, სოციალური ქსელებიც მიწყნარდნენ და არაფერი უთქვამთ ჩვენთვის. აღარც მე მიკითხავს რაიმე, თუმცა ამის ლეგიტიმური უფლება მქონდა, რომ რაღაც ხდება და რატომ არ უნდა მცოდნოდა? სადაც ხარ და შენი სული ვისთვისაც გაქვს მინდობილი, შენი მოძღვრისთვის, ვისაც აღსარებას აბარებ, იმის გარშემო რაც ხდება, უფლება აქვს ყველას, რომ იცოდეს, თუნდაც ეკლესიაში არსებული პრობლემები. ვფიქრობ, იქ რომ ცხოვრობ, უნდა იცოდე ყველაფერი. თუ იღუმენია ვიქნებოდი, უნდა მცოდნოდა ან მე ან სხვებს. თუმცა სხვებს ეს ყველაფერი სცოდნიათ და მერე დაიწყო ზურგს უკან საუბრები ერთი ბერის მხრიდან ჩემთან, რომ აქ ისეთი რაღაცების ხდებოდა და ასეთი რაღაცები ხდებოდა და თურმე იმიტომ აფარებდა მეუფე ხელს დედა ემილიას ყველაფერზე, რომ ცოლი ჰყოლია მისი დეიდაშვილი. ჩემთვის დაუჯერებელი იყო ეს ფაქტი, ოღონდ მართლა გულით ვამბობ, რომ ეპისკოპოსს, თან მეუფეს, სქიზმაში აღკვეცილს, ჰყავდეს ცოლი. თუ ჩვენ ქალწულების აღთქმა გვაქვს დადებული ქალებს, ანუ მონაზვნებს, კაცებიც ხომ დებენ იგივე აღთქმას აღკვეცის დროს და ხომ თანაბრად უნდა დავიცვათ ეს და დაბალანსებული ხომ უნდა იყოს ეს ყველაფერი? იმიტომ იყო დაუჯერებელი ჩემთვის ეს ყველაფერი, ჩემი თავიდან გამომდინარე ვამბობ ამას, თორემ მე რომ ჩემი თავისთვის ის შემეტყო, რომ ან გათხოვება მინდოდა ან მონასტრიდან წასვლა, მონაზვნად ხომ არ აღვიკვეცებოდი? მოგვიანებით, გავიგეთ, რომ მეუფემ მარეხ ჯაფარიძე მოიყვანა ცოლად. ჩემი მონაზვნად აღკვეცის მერე რამდენიმე ხანში აირია ყველაფერი.
- გელა ელოშვილთან დაკავშირებით რა მოხდა?
- ნასაუბრები მაქვს მე ლაივ ჩართვაში. კონკრეტულად ის მოხდა, რომ ჩემი მეგობარი არის გელა ელოშვილი, რომელიც ყაზბეგში, ეპარქიაში ყოფნის დროს გავიცანი. ის და მისი ოჯახის წევრები და-ძმანივით ვიყავით. ყულარში ცხენსაშენი არის მარნეულში, იქიდან გაიცნო მეუფემ გელა. შემოიარე ხოლმეო და რაღაც. მოკლედ, მისი სულიერი შვილი გახდა, აღსარება ჩააბარა ორჯერ, თუ არ ვცდები, მეტი ვერ მოასწრო. დადიოდა ხოლმე ჩვენთან დღესასწაულებზე, ჩვენ თუ თბილისში რამე გვინდოდა, ჩავდიოდით და გვეხმარებოდა მანქანით გადაადგილებაში, ყველანაირად გვერდით ედგა ეპარქიას. შემდეგ დედა ემილიას და მას შორის ხდებოდა მიმოწერა ჩემს ზურგს უკან. არ ვიცოდი, თუ ასეთ ღრმა მიმოწერებში იყვნენ. საოპერაციოდ ვიყავი თურქეთში წასული, დედა ემილია მახლდა და მთელი ღამე ამ გელას ელაპარაკებოდა ტელეფონზე. მე ვუთხარი, _ ამდენი ლაპარაკი რა უბედურებაა-მეთქი და რა ვიცი, რაღაცებს მიყვება მასზეო როცა თურქეთიდან ჩამოვედით, მეუფის დასთან, თათოსთან მქონდა გავლილი ეს თემები და შენ რას მირჩევ-მეთქი, უფრო იცნობ შენს ძმას და ვუთხრა თუ არ ვუთხრა-მეთქი. მან მითხრა, რომ კი, უთხარი მეუფეს, თორემ რამე რომ მოხდეს, შენ დაგბრალდებაო. მე ვუთხარი, რომ ვეტყვი-მეთქი მეუფეს, რომ რამე უბედურებაში არ გადავარდეს და ეს ბიჭი მოსაკლავი არ გახდეს-მეთქი. თუმცა მე გელასაც ვეუბნებოდი, რომ გაჩერდი, თორემ სვანები ცოცხლად გაგატყავებენ-მეთქი. რას ნიშნავს, მონაზონს ემესიჯები?! ზღვარგადასული იყო მათი ეს ქმედება.
- მერე როგორ განვითარდა მოვლენები?
- მეუფეს როცა ვუთხარი, რომ ცოტა ისეთი ხშირი მიმოწერა აქვთ, რეკვები და საუბრები-მეთქი და ა. შ. დედა ემილიას ტელეფონი გამოართვა, ნახა მესიჯები და თვითონ დარწმუნდა მეუფე ყველაფერში. წაიკითხა ეს მესიჯები და დედა ემილია ეპარქიიდან გაუშვა ძამას ხეობაში დედათა მონასტერში. მეორე დღეს გელა დაიბარა. ჯერ დაურეკა, აგინა, მუქარები იყო, რაღაცები და იმან უთხრა, ამაღამვე ჩამოვალო. მეუფემ, _ ამაღამ არა და ხვალ ჩამოდიო. ჩამოვიდა გელა ეპარქიაში ჩვენს მეგობარ უჩა ხუციშვილთან ერთად. მოდის კაცი აღსარებაზე და იარაღით ხომ არ მოვა, რომც სცოდნოდა, რომ იარაღით დახვდებოდნენ, არც ისე მოვიდოდა ეპისკოპოსთან, იმდენად დაუჯერებელი არის ეს ყველაფერი. რეზიდენცია განთავსებული არის ძველი პროკურატურის შენობაში და მას ქვემოთ აქვს ნული სართული, სარდაფებია, სატრაპეზოც იქ არის მოწყობილი და მარანივით არის ერთი ადგილი, სადაც ცარიელ ქილებს ვინახავდით. მანდ შეიყვანეს გელა, ავტომატის ჯერი გადაატარა მეუფემ თავზე, როგორც თქვენ მოგეწოდათ ინფორმაცია, რაც დაწერეთ, ზუსტად ეგრე იყო ასი პროცენტით, იქ მყოფებმა მოყვნენ. დააჩოქეს ეს გელა, ჩაარტყეს იარაღის ტარი, წააქციეს და უთხრეს, მოყევი ყველაფერიო! ამან თქვა, რომ გვქონდა მიმოწერა ერთმანეთში, მაგრამ დედაომ დაიწყო ეს მიმოწერაო. თავს მაცოდებდა, რომ მარწუხებში ვყავარ მეუფესო, ძალადობის ქვეშ ვარო და მე, როგორც ადამიანს, როგორც ქალი შემეცოდა და ავყევი მესიჯებშიო. ამ ბიჭმა აღიარა ეს ყველაფერი. მოკლედ, მერე ამას ესწრებოდნენ დათო ქურდიანი, ლაშა ჯამდელიანი და გიორგი ნავერიანი _ დედა ემილიას ბიძაშვილი, დედამისის ძმისშვილი. ესენი როგორც განმარტავენ, ქურდულშიც ასე ხდება და ისედაც, რომ ჩვენ მაგის სისხლს ვერ დავღვრიდითო და გიორგის დააჭრევინეს გელა საჯდომზე, ანუ ქურდულად რაღაც „შრამს“ ეძახიან. მოკლედ, ეს გელა საჯდომზე დააჭრევინეს გიორგის და დასისხლიანებული კაცი გაუშვეს. უჩა ხუციშვილმა წაიყვანა საავადმყოფოში. იმ საღამოს ეპარქიაში გაიმართა ტრაპეზი, იქეიფეს, იმღერეს კიდევაც, კარგადაც მოილხინეს, დედა ემილიასაც დაურეკა მეუფემ და უთხრა, რომ შენი კერპი კარგად ვცემეთო და კარგად დასისხლიანებული გავუშვით აქედანო. მე ამაზე მეუფესთან გამოვთქვი პროტესტი და დათო ქურდიანი შემპირდა, შვილებს ვფიცავ თმის ღერი არ ჩამოუვარდება ამ კაცსო, არაფერს ვუზამთო. მერე მე ვუთხარი და პასუხი იყო: რას ამბობ, ყველაფერი აღიარა და თქვაო, რომ ვწერდი, რაღაც სიყვარულობაში იყვნენ გადასული და მე მანდ დავაფიქსირე საკუთარი აზრი, ჩემი ძმაც რომ ყოფილიყო რომელიმე, ღმერთმა დაიფაროს და მონაზონს ასე დაუწყებდა მესიჯობას, არც იმას დავინდობდი-მეთქი. ასე არ უნდა მოქცეულიყავით, უნდა მოგეკლათ და ეგ იქნებოდა-მეთქო. წასვლის დროს გელას უთხრეს მეუფემ და ბიჭებმაც, რომ აქედან წახვალ და თუ ვინმეს რამეს ეტყვი, ვერ იცოცხლებო. ეს ბიჭი უპატრონო არ არის, იმასაც ჰყავს თავისი წრე და ყველასთან ამბობდა, რომ არაფერი მომხდარა.
- არ უნდოდა, რომ გახმაურებულიყო?
- რა თქმა უნდა, არ უნდოდა იმიტომ, რომ ეკლესიის სახელს უფრთხილდებოდა ეს ადამიანი პირველ რიგში და მერე მე მიფრთხილდებოდა, რადგან იმ ეპარქიაში დავრჩი და არ წამოვედი, ეს ძალიან დიდი დანაშაული ჩავიდინე, როდესაც ჩემს მეგობარს ასეთი რამ უქნეს, ჩემს მიყვანილ ადამიანს. აწი რას იზამს, ეს მისი საქმეა, რადგანაც მთელმა ქვეყანამ გაიგო, ისედაც ბევრმა იცოდა ეს ამბავი. ასეთი ავაზაკობები რომ ხდება ეკლესიაში, ამას ხელი არ უნდა დაეფაროს. ადრევე რომ მესაუბრა ამ თემებზე, ახლა ამ პროცესებში არ ვიქნებოდით.
- გადავიდეთ ბოლო, გახმაურებული სკანდალის ისეთ დეტალებზე, რომლებზეც ამ დრომდე არ ყოფილა საუბარი. რა უძღოდა წინ მეუფის განცხადებას, რომელიც მან ამბიონიდან გააკეთა, რომ თითქოს მას შენი დახმარებით წამლავდნენ?
- მეუფის განცხადებას ამბიონიდან წინ ის უძღოდა, რომ გიორგი შინჯიკაშვილის დაცვასთან და მის მეუღლესთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა, რაღაც ფული ვასესხე და ამაზე მოგვივიდა კამათი. ამ დაცვის მეუღლემ დედებს უთხრა, რომ ოჯახს მინგრევდაო, ქმარს მართმევდაო, მიმოწერები, ეს ის. მეუფეს შეატყობინა დედა ემილიამ ეს ყველაფერი და მე ამ დროს წასული ვარ ეპარქიიდან. მეუფემ დამიბარა,დამიძახა სატრაპეზოში, (მაშინ ფსიქოტროპულ წამლებს ვსვამდი,) ჩავედი სატრაპეზოში და მითხრა, რომ შენ არ იქცევი სწორადო. ერთხელ ხომ ამირიე ეპარქია და ახლა კიდევ გინდა, რომ ამირიოო? მე არ ვიცოდი, რა ხდებოდა, აზრზე არ ვიყავი. მერე გადავხედე მიმოწერებს იოსელიანთან, ნონა (იოსელიანის მეუღლე) დედაოებს დაუმეგობრდა, ჩვენთან დადიოდა ხშირად. მე არ ვიცოდი, თუ იმას რაიმე ჰქონდა დედაოსთან ნათქვამი და ეს შეტყობინებები რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ ამ გოგოს ნალაპარაკები იყო რაღაცები. მაშინ გადავიჭერი ხელები და დღემდე მაქვს იარები. დილის ექვსი საათი იყო, როცა გავედი რეზიდენციიდან და „იანდექსის“ ტაქსი გამოვიძახე. არ მოვიდა, ბენზინგასმართ სადგურზე ველოდებოდი. მოვიდა დაგვიანებით, რვის ათი წუთი იყო თუ რაღაც. ჩავედი თბილისში, მივედი ამ ჯაბასთან და ნონასთან, ვისაუბროთ-მეთქი, სახლში არ შემიშვა ჯაბამ. ამის მერე მთელი ერთი თვე თბილისში ვიყავი, ორჯერ დამირეკა მეუფემ და მერე უკვე ვუთხარი, რომ არ ჩამოვალ-მეთქი. ჩემს ძმას დაურეკა , მან მითხრა, ჩადი და ესაუბრე, თუნდაც ეს მასთან ბოლო საუბარი იყოს, გაერკვიეთ სიტუაციაშიო. ჩავედი, ვესაუბრე მეუფე გიორგის და მან მითხრა, რომ აი, თურმე შენს მეგობარს ოჯახს უნგრევდი, ქმარს ართმევდიო, ეს რა მონაზვნის საქციელიაო და ბოლოს მითხრა, დაბრუნდი მონასტერშიო. ვუთხარი, რომ დავბრუნდებოდი, თუმცა არ ვიქნებოდი რეზიდენციაში. გამიშვა თამარისში დედათა მონასტერში დედა ფოტინესთან. აღდგომის ჩავლის შემდგომ ოთხ მაისს დედაჩემის დაბადების დღეა, კახეთში წავედი და იმ დღეს მომწერა მეუფემ, რომ განყენებული ვიყავი ეპარქიიდან. ჩვენ ვყოფილვართ ავაზაკებიო და შენ ყოფილხარ ანგელოზი და მოძებნე შენნაირი ანგელოზებიო. კარგით, მადლობა ყველაფრისთვის-მეთქი და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. შემდგომ კომუნიკაცია არ გვქონია საერთოდ მანამ, სანამ დარიალში არ ჩავედი დედათა მონასტერში. იქ დროებით ვიყავი ჩასული, დარჩენას არ ვაპირებდი. დედაომ მითხრა, ჩამოდი, დამშვიდდებიო და მერე გადაწყვეტ ყველაფერსო. მეუფემ დაურეკა მამა იოსებს და ჰკითხა, ჩემი მონაზონი როგორ მიიღეო? მამაომ უპასუხა, არ მიგვიღია, დროებით არისო და ამის შემდგომ ჩემს მეგობართან გადავედი დროებით. სადაც მივდიოდი და რომელ მონასტრებშიც შემეძლო მისვლა, ყველგან რეკავდნენ და ამბობდნენ, რომ მე მაგისთვის განტევების წერილი არ დამიწერია და ვერ მიიღებთ ჩემ გარეშეო. ყველგან უარი მითხრეს. მეუფეს ვუთხარი, რომ რატომაც წამოვედი ეპარქიიდან და ჩავვარდი ამ დღეში, აღსარება არის ეს წერილი-მეთქი და იქ იოსელიანსა და მისი ცოლის გარშემო ვსაუბრობ, იოსელიანი რომ მეხუმრებოდა,, მოწამლე და დაისვენებთ და ა. შ. დამირეკა მეუფე გიორგიმ, ჩაიწერა საუბარი და მითხრა, რომ უბრალოდ სახელი მითხრაო, წერილში ვწერ, რომ იმის დაცვის წევრი და შინჯიკაშვილი-მეთქი. გიორგის რომ შევხვდი იოსელიანის თხოვნით, ეგეც მოვუყევი, ყველაფერი მოვუყევი აბსოლუტურად. ვყვებოდი იმიტომ, რომ გარკვეულიყო ეს ადამიანი სიტუაციაში და არა საჩემოდ. მერე უკვე მითხრა, რომ მე გაგაგებინებ, როდის უნდა ჩამოხვიდე და გადავწყვიტოთ, სად იქნები, რეზიდენციაში თუ მონასტერშიო. ორი დღის მერე დამირეკა, ჩამოდიო. სად შევხვდეთ-მეთქი, შენ ჩამოდი, შევხვდეთ და მერე მე გადავწყვეტო. ჩავედი ჩემს მეგობარ დიანასთან, კაფეში ველოდებოდი, არ ვიცოდი, თუ იქ უნდა გვესაუბრა, არც დიანამ იცოდა. მოვედიო, გავედი და მანდ ხალხი არისო? არა-მეთქი. ასე კონკრეტულად იმიტომ ვყვები ამას, გარკვეული რომ იყოს საზოგადოებისთვის ყველაფერი. დავაკეტინეთ კაფე, დიანა შემოვიდა, მეუფეს ყავა შესთავაზა ან რაიმეს ხომ არ მიირთმევთო? _ არა, არაფერსო. დავიწყეთ საუბარი რაც „ტვ პირველზე“, გავიდა მეუფისგან, იყო ეგ ყველაფერი ჩაწერილი, ჩემი ტელეფონი მას ეჭირა ხელში, მე ჩამწერი არ მქონდა მიმაგრებული და რომც მქონოდა, ჩემს აღსარებასა და ჩემს საუბარს რატომ ჩავიწერდი? „ტვ პირველს“ რატომ მივაწვდიდი, ეს ხომ აბსურდია. მერე მითხრა, რომ შენ ან დიანამ ჩაწერეთო. ამ გოგოს თავისი ბიზნესი აქვს და დედა ემილიამ მისცა მისამართი ჟურნალისტებს, მაგან გაუშვა დიანასთანაც, იოსელიანთანაც და ყველასთან. იოსელიანის ნომერიც მან მისცა. მე არცერთ ჟურნალისტთან არ მისაუბრია თქვენამდე, გარდა სალომე ბოკუჩავასი (ტვ „ფორმულა“). ისიც, ეგენი მეუბნებოდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს ისაუბრეო. დედა ემილია მეუბნებოდა,( სქრინებიც მაქვს მისი მოწერების) და ის მეუბნებოდა, რომ თქვი სინჯიკაშვილზე ბოლოს და ბოლოსო. აქედან დაიწყო ყველაფერი, მეუფეს აღსარება ვუთხარი და მერე უკვე ისე დაიგეგმა ყველაფერი მეუფის მხრიდან, რომ იქნებ შეიხვედრო შინჯიკაშვილი და პაროლად იყოს მეუფე იეგუდიელთან ერთად ვარო. მე მივხვდები, მოვალ და მაგას დედას ვუტირებ იქ და რას ჰქვია, ჩემს მონაზონს ჩემს ზურგს უკან გხვდება?! მიზეზი რაც არ უნდა იყოს, არ უნდა გხვდებოდესო. ეს ვინ და როგორ გადააფიქრებინა, არ ვიცი. მაისში ვისაუბრე მასთან, თუ ივნისის დასაწყისში, ზუსტად ეგ არ მახსოვს, თბილისში რომ ვიყავი ჩასული, აღსარება რომ ვუთხარი და 5 ივნისს დამირეკა საღამოს და მითხრა, რომ დილიდან იყავი თბილისშიო, ჩავედი თბილისში დილიდან, დავურეკე, რომ აქ ვარ-მეთქი, _ 10 საათზე მამა არსენი მოგაკითხავს და მოგიყვანსო. მე მგონია, რომ თბილისში უნდა მიმიყვანოს. როცა მამა არსენი წავიდა მარნეულისკენ, ვკითხე, რა ხდება-მეთქი. მითხრა, რომ მეუფე იქით არის, აქ ჩამოიყვანე დედაოო. ჩავედი, თავზე გადამაფარეს ჩემი ჯინსის ქურთუკი და ისე შემიყვანეს, _ აქ შეიძლება ზედმეტი კამერები იყოს ჩვენი კამერების გარდაო. რა ხდება-მეთქი? იქ გავიგე, რომ შინჯიკაშვილი უნდა მოსულიყო დასაპირისპირებლად. წამლებით ვიყავი გაბრუებული, ბევრი დიაზეპამი და ფსიქოტროპული წამლები მქონდა დალეული. შინჯიკაშვილი რომ მოვიდა, იქ რაღაცები ჰკითხეს, ზემოთ სადაც ჩაწერილი არის ის ვიდეო და მანდ დამიძახეს მერე მე, ამოდიო. როცა გიორგის ვესაუბრებოდი, მეუფე მეუბნებოდა, არ შეხედო გიორგისო. იმდენად დამარწმუნებლად უნდა მესაუბრა, გიორგისთვის რომ შემეხედა, შეიძლებოდა დავბნეულიყავი. პირზე დადგომაც ეგრე მოხდა და ვერსია ისე უნდა ყოფილიყო, რომ ამ კაცს მე გავეუპატიურებინე. მაშინ ჩემს ძმას რომ შეატყობინა ეს მეუფემ, ისიც ხომ უნდა ყოფილიყო დაპირისპირებაზე და როგორც ელოშვილი დაჭრა გიორგი ნავერიანმა, ჩემი ძმაც მიაგებდა საკადრისს მას, თუმცა ჩემი ძმა ძალიან გონიერია და ეგ არ დაიჯერა, არ არსებობს გამორიცხულია, ეგ რომ შენთვის გაეკეთებინათ ან არ აცოცხლებდი, ან მე მეტყოდი, შენ ისეთი ხარო.
- ამ შეხვედრას რომ იწერდნენ, იცოდით?
- არა, რას ამბობთ. ფორმატიც არ ვიცოდი მაგისი, ვიცოდი, რომ მე, მამა ანდრია, მეუფე და გიორგი უნდა ვყოფილიყავით. მამა ანდრია კიდევაც ეუბნება (იქ ამოჭრილია), რომ სასაუბროდ არ არის ეს ფორმატიო.ჩვენს გარდა, თხუთმეტი კაცი იყო.
- თქვენ გარდა ვინც კადრში ჩანს?
- კი, კი. ვინც ვჩანვართ კადრში: მეუფე, მე, ოთო სტეფნიაშვილი, ზაზა შერვაშიძე, გიორგი და მამა ანდრია. ერთი თხუთმეტი კაცი იყო. მუთო იყო ჯაფარიძე იარაღით და სხვებზე მე იარაღი არ შემიმჩნევია. ავტომატი ჰქონდა მუთოს და სხვას რომ ჰქონოდა ავტომატი, როგორ ვერ შევამჩნევდი? კახეთიდან რომ ჩამომიყვანეს მაგათმა (ყაზბეგის ნაწილის მერე, თქვენ რომ ჩამობრძანდით ჩემთან, კახეთში წამიყვანა ჩემმა ძმამ), იმ საღამოს თუ მეორე საღამოს გავიგეთ, დედა ემილიამ თქვა, მეუფემ არ იცის, „ფორმულას“ მივეცი ვიდეოო. მე არ დავიჯერე, მეუფის ცოდნის გარეშე როგორ გაბედავდა ამას-მეთქი. მე მაჯერებდნენ. რატომ მიეცით „ფორმულას“, რომ მცოდნოდა, იწერდნენ, ხმას არ ამოვიღებდი-მეთქი. მე იმაზეც გამოვთქვი პროტესტი, რომ ამდენ ხალხთან რატომ უნდა ვისაუბრო-მეთქი? მანამდე ლაშა ჯამდელიანი შემოვიდა ჩემთან კელიაში, _ დედაო, თქვი რომ გაგაუპატიურა და დედას ვუტირებთ მაგასო და ა. შ.
- კახეთიდან მარნეულში წამოგიყვანეს? ეპარქიაში იყავით?
- კი, მარნეულში ვიყავი ორი ღამე და სამი დღე. ვინც მოდიოდა იქ, თუ ვინმე უნდა მოსულიყო, დედა ემილია მწერდა, რომ არ შეხვდე, არ დაგინახოს, შედი კელიაში და ა. შ. კონკრეტულად, ომარ დადეშქელიანზე მითხრეს, რომ ომარი არის მოსული და არ შეხვდეო. ამ დროს მე და ომარი გარეთ ეზოში ვსაუბრობდით და უკვე ვნახე-მეთქი. მაგის მერე იყვნენ იმ დღეს მოსულები მამა არსენის ძმისშვილის ცოლი, ვისთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა. არ გამომიყვანეს კელიიდან, არ ანახეს ჩემი თავი.
- მე რომ მოვედი ეპარქიაში დილას?
- თქვენ რომ მოხვედით, იმ დილას მანდ ვიყავი რეზიდენციაში. კელიაში ვიყავი მაგ დილას და დედა ემილიამ მითხრა, ელისო არის მოსული, მეუფესთან ინტერვიუს ჩაწერა უნდაო. თქვენ რომ იყავით მოსული, მაგ საღამოს მითხრა მეუფემ, რომ ძამას ხეობაში, მეუფე იობის რეკომენდაციით, ერთ-ერთ მონასტერში გაჩერდი, სანამ ეს პროცესები იქნებაო. მე ისედაც ვხვდებოდი, რისთვისაც უნდოდა, მასთან სიახლოვეს რომ ვყოფილიყავი, ადვილად სამართავი ვიქნებოდი, კახეთიდან ჩემი ძმა გამოკითხვებზე მე არ გამომიშვებდა.
- როგორ გაიძულათ, რომ ეს ამბავი ასე მოგეყოლათ და შემდეგ გამოკითხვაზე მისულიყავით და მიგეცათ ჩვენება?
- გიორგისთან დაპირისპირების მერე ყაზბეგში ვბრუნდებოდი მეორე დღეს და მითხრა, რომ მაგან შენ გაგაუპატიურა კიდევაცო და ეს შენ როგორ უნდა მოითმინო, გმირი მამის შვილი ხარო?! და რას ჰქვია მაგან შეურაცხყოფა მოგაყენაო?! ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, _ ვერ აცნობიერებ, რა და როგორ ხდება და იცოდე, დედაო, რომ „გიხმარა“ და მიგაგდოო. არაფერი არ ყოფილა მსგავსი. მან ხომ იცის, აღსარებაში რა ვთქვი და რა არ ვთქვი , რომც რაიმე ყოფილიყო, უნდა წააქეზო ადამიანი და ეს სიტყვები უნდა უთხრა? ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი ჩემთვის და რა ვთქვა, არ ვიცი. მაშინ დამირეკა და მითხრა, რომ ასე უნდა თქვაო და მერე უკვე დაემთხვა ეს ყველაფერი: ამათი დაცვის ბიჭების მოსვლა, რომ ჩემთან საუბარი ნდომებიათ იმიტომ, რომ ვერ იჯერებდნენ ამ ყველაფერს. ყველა მიხვდა, იმ დაპირისპირებაზე დამუშავებული როგორც ვიყავი და ამათ უნდოდათ, რომ მე მეთქვა სიმართლე, როგორც იყო.
- იარაღით როდის გემუქრებოდათ?
- იარაღით ორწელიწად-ნახევრის წინ დედა ემილია რომ ჰყავდა გაშვებული ელოშვილის თემაზე, მაშინ, დიდ ხუთშაბათს, სიმართლე თქვიო, ამათ რაიმე ურთიერთობა ხომ არ ჰქონდათო? მათი არაფერი ვიცი-მეთქი. მაშინ მემუქრებოდა იარაღით. გიორგი ნავერიანი ესწრებოდა, დედა ელენე და მეუფე თვითონ, სხვა იქ არავინ ყოფილა.
- ეს რომელი მუქარაა, იარაღის ტარით კბილი რომ მოგტეხათ?
- არა, ეს კიდევ სხვა არის, ამ ბოლოს იყო. ხელი მომიქნია და მაგ დროს იყო ეგ. ბიჭები მოვიდნენ ყაზბეგში, მე რომ დავურეკე. მართლა ძალიან შემეშინდა, ესენი რომ დავინახე, ჯაბასი შემეშინდა უფრო, მას ჩემთან ისეთი რაღაცები ჰქონდა მოყოლილი, ირანის ჯარი გამოვლილი, ასე და ისე. ძალიან შემეშინდა ჯაბასი, მეგონა, მას შურისძიება სურდა. ვუთხარი, კახა, გარეთ გაუშვი, ჯაბა არ შემოვიდეს-მეთქი. კახა იმდენად მშვიდად მესაუბრებოდა, ერთი ფიქრი კი ვიფიქრე, ხომ არ დაველაპარაკო-მეთქი, მაგრამ მე მეუფესთან დარეკილი მქონდა უკვე საპირფარეშოში რომ ჩავიკეტე, _ მეშინია და არ გაატანოთ ჩემი თავი-მეთქი. ამ დროს თემუკა კალანდაძე წამოსული იყო უკვე ყაზბეგში ჩემ წასაყვანად და სანამ თემუკა იქ არ მოვიდა, არ ვიცოდი, რომ წამოვიდა. მეუფემ მითხრა, პოლიცია მანდ არის და გადაგიყვანს განყოფილებაში, რათა დაცული იყო მაგათგანო. მერე კი გავარკვიე პოლიციაში, ვინც დარეკა. თემუკასთან მეუფის მხრიდან დაირეკა და მადლობელი ვარ იმ ადამიანის, ვინც დარეკა პოლიციაში, თორემ კიდევ რაღაც კუდებს მოაბამდნენ ამ ყველაფერს, რომ მესამე ძალა გამუშავებს და ასე ხარ და ისე ხარ. იმან განაპირობა ეს ყველაფერი, მე რომ გამოვიკითხე, როცა მივედი, 15 წუთი ველოდეთ. მეუფე, დედა ემილია და ძალიან ბევრნი იყვნენ და, სხვათა შორის, დედა ემილიამ თქვა, რომ შეიარაღებული ვიყავიო იმ დღეს, როდესაც მოვედით იქ. იარაღით ჯაბა უნდა მომეკლა და ელისო თუ იქნებოდა, დანით ავკუწავდიო, მაგას მაინც მოვერეოდიო.
- ეს როდის, ყაზბეგში?
- ყაზბეგიდან რომ გადმომიყვანეს მცხეთაში გამოკითხვაზე.
- იქ ემილია იყო და შეიარაღებული ვიყავიო?
- კი, მეუფესთან ერთად რომ მარტო არის დედაო და ცოდოაო. ზუსტად ასე თქვა, გაფორმებული აქვს დედაოს იარაღი. ნიჭიერი ადამიანი არის და ჩააბარა გამოცდა და აქვს გაფორმებული იარაღი.
- დანით მე რომ მომერეოდა, რა ეგონა, მონაზვნობა უშველიდა?
- ჩათვალა, რომ ვითომ ჩემ დასაცავად. მაგ დროს უკვე კალანდაძის მოადგილე იყო, სახელი და გვარი არ ვიცი. რომ მოვიდნენ იქ ესენი,მეუფემ ერთი წუთით მე და დედაო გარეთ გავალთო და იმან უთხრა, რომ არ შეიძლებაო. ადვოკატთან ერთად ხომ შეიძლებაო, ჩემი სულიერი შვილიაო. გავედით გარეთ და მეუფემ მითხრა, _ დედაო, ჩვენ ვისაუბრეთ, და ასე გადავწყვიტეთ, რომ (დიმიტრი იყო ლორთქიფანიძე კიდევ,) ჩემი ადვოკატი, გელა და მეუფე, გადავწყვიტეთ, რომ იურიდიული მხრით სამართლებრივად ჯობია, რომ მიჰყვე გაუპატიურებაზეც და ყველაფერზეო. მე ვუთხარი, რომ არ მინდა მაგ თემაზე საუბარი-მეთქი და აბა, ისე როგორ მოვერევითო? მარტო ამით ვერ დავამტკიცებთ ამას ჩვენო. შევედი გამოკითხვაზე, 16 საათი მიმდინარეობდა გამოკითხვა, ეს იმიტომ, რომ ქვემო ქართლის პროკურორს უგზავნიდა მასალებს გამომძიებელი და ყველასგან სხვადასხვა კითხვები მიდიოდა. ასე დასრულდა ეს დღე. შემდეგ ჩამომიყვანეს მარნეულში პირდაპირ და მეორე თუ მესამე დღეს ჩემი ძმა მეძებდა. ნივთმტკიცებად ამოიღეს მეუფის ნაყიდი ტელეფონი. ჩემი მეუფემ გამომართვა, მითხრა, რომ შენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჯობია. მე მქონდესო, რათა ეგონოთ, რომ აქ ხარ მარნეულშიო და მიყიდა სხვა ტელეფონი „სამსუნგ გალაქსი ს23“, რაც ნივთმტკიცებად ამოიღო მცხეთის პოლიციამ. მიწერ-მოწერები რომ მქონდა, ამიტომ დაიტოვეს ის ტელეფონი და ახლაც იქ არის.
- საპატრიარქოში რომ წახვედით, ამბიონიდან გაკეთებული განცხადების მერე იქ რა
მოხდა?
- ეს დაპირისპირების მერე იყო, საპატრიარქოში რომ მივედით. როდესაც მივედით, კამერა ჩართეს და როგორც გამოკითხვაზე, ისე ვისაუბრე იქ, ჩვეულებრივად კითხვებს მისვამდნენ როგორც გამომძიებლები, ისე მეუფე შიო მუჯირი, მეუფე თეოდორე და მეუფე გიორგი. მე რომ ვსაუბრობდი, მეუფემ რამდენჯერმე გამაწყვეტინა და მეუფეებს ეუბნებოდა, რომ მე დედაო გაგდებული მყავსო. ამ დროს არ ვყავდი გაგდებული. ერთი დღეც კი არ ვყოფილვარ გაგდებული მისი ეპარქიიდან, ჩემი ნებით ვიყავი წამოსული და მანდ ცოტა შევკამათდით. მეუფე შიომ უთხრა, დააცადეთ დედას, ისაუბროსო. ეს ჩანაწერი მერე სინოდზე არ გაიტანეს ამათმა, რადგანაც იქ მე მეტყობოდა, ჩვენი შეკამათებიდან გამომდინარეც მეტყობოდა, რომ დამუშავებული ვიყავი. მერე მითხრეს, საუბარს რომ მოვრჩი, გარეთ გადიო. მეუფემ, ცოტა ხანში გამოვალო და ჩართული ტელეფონი ჩამიდო ჯიბეში. მამა მიქაელ ბოტკოველმა მითხრა, დედაო, შემოდი, გავისაუბროთო და ვისაუბრეთ მე და მან, ეპარქიის რაღაცები აინტერესებდა, მაგრამ მე შიშით არაფერი მითქვამს მისთვის.
- ამ დროს ჩართული ტელეფონი გქონდა ჯიბეში, რომ ჩაგეწერა?
- კი, ანუ შეიძლება შიში ჰქონდა რაიმე, რომ ზედმეტი რამე არ მეთქვა, რაღაც ისეთი არ ყოფილიყო, რომ სცოდნოდა მას და ასე, საპატრიარქოდანაც წამოვედით. ძალიან ისე ისაუბრეს. მამა მიქაელმაც თქვა, მეც ვიცი შინჯიკაშვილზე რაღაცები, არ აქებენ და ასე და ისეო. მე მაგ ადამიანთან ისეთი მეგობრული ურთიერთობა მქონდა, ახლა მის ძაგებას აქ ვერ დავიწყებ-მეთქი. რაც იქ ვისაუბრე და როგორც ვისაუბრე, თქვენც შემატყობდით და დანარჩენი ღმერთისთვის და თქვენთვის მომინდვია და მერე გავიგე, მე რომ ის ჩანაწერი არ გაიტანეს. კი გავბრაზდი, მაგრამ მიხვდნენ, ალბათ, რომ ზეწოლის ქვეშ ვიყავი.
- მერე რატომ გადაწყვიტეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს წერტილი დაგესვათ ამ ყველაფრისთვის?
- იმიტომ გადავწყვიტე ეს ყველაფერი, რომ როგორც ახლა გიორგისთან მოდიოდა
ხმები და ყველაფერი იცოდა, მეუფესთან მიდიოდა ხმები, ჩემთანაც მოდიოდა ხმები იმაზე მეტი, ვიდრე ამათთან და მეც მეუბნებოდნენ, რომ მეუფე კაცებს უგზავნის შინჯიკაშვილს, მედიატორებს ვიღაცებს, რომ დედაომ შეცდომაში შემიყვანა, დედაომ რაღაცები მომატყუა, შევრიგდეთ და მე გამოვდიოდი გაწეული და მართლმსაჯულებას მე ჩავუვარდებოდი ხელში, მე ჩამსვამდნენ ციხეში და ეკლესიაშიც პრობლემები მე შემექმნებოდა. ისე გამოდიოდა, რომ მე რაც არ მინდოდა ტყუილი ყოფილიყო და სიმართლე ვისაუბრე მასთან, სხვანაირად დაატრიალა ყველაფერი, ჩემზე მიდიოდა. იურიდიული მაქვს დამთავრებული და ჩემი ადვოკატის გარდა სხვებთანაც გავიარე ეს ყველაფერი. მათ მირჩიეს, რომ დედაო, ჯობია სიმართლე ითქვას და მანდ დამთავრდეს ყველაფერიო. ადამიანის უსუსური მხარეც არის და მეორე მხარეც არის. როდესაც არ ყოფილა ასეთი ფაქტი და გაწვება ვიღაც, რომ ასე თქვიო, სინდისი გაწუხებს. მთელი ღამეები არ მეძინა, ისე ვნერვიულობდი და ყველა მეუბნებოდა, რომ შენ რაღაც ზეწოლის ქვეშ ხარო. დედაჩემის ტელეფონზე მიდიოდა კომუნიკაცია მეუფისგან და დედა ემილიასგან, მე ხომ აღარ მქონდა ტელეფონი. ამიტომ გადავწყვიტე ეს ყველაფერი, რომ თქვენთან დავმჯდარიყავი და მეთქვა. ვიღაცებს ახლა პრეტენზია აქვთ, ელისოსთან რატომ ისაუბრეო? იმიტომ ვისაუბრე, რომ თქვენ მომაკითხეთ ყაზბეგში და მე მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, ნეტავ, მაშინვე მესაუბრა ეს ყველაფერი, მგონი, აჯობებდა, ნაკლები სტრესი მექნებოდა, მაგრამ მაშინ სხვანაირად ვფიქრობდი ამ ყველაფერს , მერე უკვე, როცა გავაანალიზე და რაღაცებში დავრწმუნდი, იქ ჟურნალისტს მიაწოდეს და ამოჭრეს რაღაცები, რაც აწყობდათ, არავისთან აღარ მქონდა გულახდილად საუბრის სურვილი. თორემ არავისგან ყოფილა დაძალება, პირიქით, ჩემი ინიციატივით დაგიკავშირდით და ვთქვი, რომ ერთადერთხელ ვისაც ვენდობი, რომ არ მოჭრის არაფერს, ეს ხართ თქვენ.
- შინჯიკაშვილსა და მეუფეს შორის ასე რატომ გართულდა ურთიერთობა? რა იყო მიზეზი, რის გამოც მეუფემ გადაწყვიტა, რომ შინჯიკაშვილი უნდა გაენადგურებინა?
- მეუფე კი ამბობს, რომ შენ დაიწყე, შენ მოხვედი და შენ მითხარიო, მაგრამ მე როგორ დავიწყე, ჩემი მისვლის დღიდან ამ ადამიანზე კარგი არაფერი გამიგია და მერე 2024 წლის ნოემბერში გიორგი შინჯიკაშვილს პრობლემები შეექმნა ხარებასთან და რაღაცა, მაგის მერე მიწის თემაზე მოუვიდათ ძალიან დიდი დაპირისპირება ამათ და დაიბარეს გიორგი (შინჯიკაშვილი) მაშინაც იქ, შეიარაღებული ხალხი იყო, ხომ არ ვიცით, როგორ მოვა, ვისთან ერთად მოვა და მაშინაც მარტო მოვიდა ორ კაცთან ერთად. ერთადერთი რაღაც იარაღი აჩუქა მეუფეს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, რომ მე შენთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვსო. დაუბლოკა საკათედრო ტაძრის მიწის თემა თუ არ დაუბლოკა, ეს არ ვიცი. Mეუფეს სულ ეჩვენებოდა, რომ შინჯიკაშვილი მის მკვლელობას გეგმავდა,
- რატომ იგონებს?
- ეგ მიზეზები არ ვიცი, რატომ და რის გამო იგინებდა.
- ახლა როგორ გააგრძელებთ ცხოვრებას, მონასტერში აპირებთ დაბრუნებას?
- არ ვიცი. ერთადერთი ჩემი განმოსვა მეუფეს ხელეწიფება, მან აღმკვეცა მე, მისი აღკვეცილი ვარ. არ ვიცი, რა და როგორ იქნება მომავალში. თუ განმმოსავს, მერე მივმართავთ ზომებს. მამა ანდრიაც გამოუშვა და მამები გამოჰყვნენ მათ მოძღვარს. ზოგი იუდას გვეძახის და ზოგი პეტრე და პავლე მოციქულს, მაგრამ ღვთისთვის რა ვართ, ეს არის ჩემთვის პირადად მთავარი. ალბათ, მამა ანდრიასთვისაც, თუმცა მე არ მაქვს მასთან კომუნიკაცია. ღვთის ნებას ვარ მინდობილი, როგორც იქნება, იმის მიხედვით ვიმოქმედებ მეც.