ოთხშაბათი, 13 აგვისტო, 2025
2025-08-13 10:02:14
გიგა გელხვიიძე
საქართველოში მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაწყებულია ადევნებისა და თვალთვალის მუხლით, თუმცა გამოკვლეული გარემოებების მიხედვით იკვეთება, რომ მთავარი ამ საქმეში არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალადობაა, რომელსაც ბიოლოგიური დედა ახორციელებდა.
არასრულწლოვანი ამჟამად საქართველოში, მის ბიოლოგიურ მამასთან იმყოფება. ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, თუმცა საერთაშორისო კონვენციების მიხედვით, ქართული მხარე ვალდებულია, აღძრას საქმე სექსუალური ნიშნით ძალადობაზე, რასაც ის არ აკეთებს.
საქმის დეტალების შესახებ „ქრონიკა+“-ს დაზარალებულის ადვოკატი ირაკლი ალხაზაშვილი ესაუბრა.
ცნობისთვის: მასალაში არ არის გამოყენებული არც ბავშვებისა და არც მათი მშობლების სახელები, გვარები ან რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი მინიშნება.
- ბატონო ირაკლი, საქმის ირგვლივ რომ ვისაუბროთ: რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე და სად ხდება მოქმედება?
- საკითხი ეხება ორ არასრულწლოვან გოგონას, რომლებიც არიან რუსეთის მოქალაქეები. ისინი 2022 წლის ივნისიდან ცხოვრობენ საქართველოში მამასთან და მის ამჟამინდელ მეუღლესთან ერთად.
საქართველოში ცხოვრების პერიოდში ამ ასაკისთვის (იმ დროს იყო 6 წლის) შეუფერებელი და არადამახასიათებელი ქცევა გამოვლინდა.
- კერძოდ?
- ეს იყო სექსუალური შინაარსის, ამ ასაკისთვის არადამახასიათებელი ქცევა. მოგვიანებით, როდესაც მამა დაინტერესდა ამ ქცევებით და დაიწყო გამოკვლევა შესაბამისი პროფესიის მქონე პირების ჩართულობით, ვგულისხმობ ფსიქოლოგებს, აღმოჩნდა, რომ ამ არასრულწლოვანს გადატანილი ჰქონდა მძიმე ტრავმა და ეს, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ დღესაც მიმდინარე ტრავმაა. და ეს ტრავმა გამომიდინარეობს ბიოლოგიური დედის სექსუალური შინაარსის ქმედებებიდან, რაც არაერთჯერადი ხასიათის იყო ამ ბავშვთან მიმართებით, და ხდებოდა ყოველდღიურ რეჟიმში.
- შეგიძლიათ გვითხრათ უფრო კონკრეტულად, რა სახის ქმედებაზეა საუბარი?
_ ეს ქმედებები ხორციელდებოდა დიდწილად რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ გამოვლინდა საქართველოში და რეალურად არასრულწლოვანმა ფსიქოლოგებთან ურთიერთობის დროს (რამდენიმე სესია) აღნიშნა კონკრეტული ქმედებები, რასაც მასთან მიმართებით დედა ახორციელებდა. საუბარია ბიოლოგიურ დედაზე, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობდა. ბავშვი აღწერს იმას, რომ დედა მას სისტემატურად თავის ლოგინში იწვენდა, მასზე საშოსა და ანუსში თითით აღწევდა და თითქოს იქ რაღაცას ეძებდა ალმასების სახით. ეს გარემოებები ბავშვმა დაადასტურა ფსიქოლოგებთან ინტერაქციის პირობებში, ასევე დადასტურებულია არაერთი ექსპერტიზის დასკვნით, რომ ეს ფაქტი მოხდა. ეს გარემოებები დადასტურებული არის ბოლოს ჩატარებული სამხარაულის ექსპერტიზის დროს ექსპერტ-ფსიქიატრის მონაწილეობით. რეალურად არასრულწლოვანი ამ ფაქტებს აღიქვამდა, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, რომ თითქოს დედა ბავშვებს ასე უნდა ექცეოდეს და ჩამოუყალიბდა ამგვარი ქცევის მიმართ მიმღებლობა. დედა სარგებლობდა ბავშვის მოწყვლადი მდგომარეობით, რომ ის ვერ აცნობიერებდა ქმედებების შინაარსს და თავისი შვილის მიმართ ამ ქმედებებს ახორციელებდა სისტემატურად. ეს ყველაფერი გამოვლინდა საქართველოში.
- როდის გამოვლინდა?
- 2023 წლის მარტის პერიოდში, რადგან ამ პერიოდიდან იწყება სისტემური ექსპერტიზების ჩატარება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივი ექსპერტიზები ტარდებოდა სხვადასხვა უწყებაში. დღეის მდგომარეობით შვიდი ექსპერტიზა არის ჩატარებული და შვიდი ექსპერტ-ფსიქოლოგი არის ბავშვთან გასაუბრების პირობებში ნამყოფი, რომლებმაც გამოავლინეს ქმედებები და დაადასტურეს ფაქტი. ბოლო ექსპერტიზა ჩატარდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სასამართლოს დავალებით და მანაც დაადასტურა ამ ფაქტების არსებობა. ექსპერტები და ფსიქოლოგები ამ ფაქტებს თავად არ აფასებენ, ეს ძალადობაა არის თუ არა, ანუ არ აძლევენ კვალიფიკაციას, უბრალოდ, მსხვერპლთან მიმართებით რა ქმედებები იყო განხორციელებული ეს ფაქტები არის დადასტურებული.
- რა ხდება გამოძიების მხრივ?
- ამ ყველაფრის ფონზე, სასამართლოში მიმართვიანობა ჩემი მხრიდან ხდება ბავშვების სახელით, რომ დედას შეეზღუდოს ყველა უფლება, რაც კი აქვს შვილთან მიმართებით და ეს მოთხოვნა იმით არის განპირობებული, რომ დედობის ჩამორთმევის უფლება თვითონ მსხვერპლსაც კი არ აქვს, ეს უნდა განახორციელოს კომპეტენტურმა ორგანომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დაზარალებულთა დაცვის სააგენტომ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ქვემდებარეა სტრუქტურულად. ამ უწყებას აქვს ამის უფლება მხოლოდ.
- ვინაიდან ისინი არიან რუსეთის მოქალაქეები, რამდენად შესაძლებელია საქართველოში არსებულმა ამ უწყებამ შეუზღუდოს დედობა დამნაშავეს? თუ მსხვერპლის მეორე მშობელი, მამა, არ ითვლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქედ?
- ამის შესაძლებლობა განსაზღვრული არის პირდაპირ სხვადასხვა კანონმდებლობაში, ეს არის ბავშვთა უფლებათა კონვენცია, რომელიც საქართველოში არის მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტი და ეს კანონით უფრო მარლა დგას, ვიდრე შიდა სახის კანონმდებლობა. საერთაშორისო კერძო სამართლის კანონი პირდაპირ ადგენს იმას, რომ არასრულწლოვნების ადგილსამყოფლის მიხედვით გამოიკვლევა ყველა საკითხი, ანუ სადაც არასრულწლოვანი იმყოფება, განურჩევლად მოქალაქეობისა, ეს იქნება საქართველოს მოქალაქე თუ არა, იმ სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ ყველა მოქმედება. მიმართვიანობის შესაძლებლობა მათ ჩვეულებრივ აქვთ, მაგრამ პრობლემა გახლავთ შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლიდან მიმდინარეობს სასამართლოში დავები, მიუხედავად იმისა, პოლიციისა და პროკურატურის მთავარ სამმართველოში, ბავშვთა უფლებათა დეპარტამენტში არაერთხელ არის არასრულწლოვანი გამოკითხული, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება დამატებითი აგრესია დედის მხრიდან, რაც გამოიხატება იმით, რომ იმ ოჯახზე, სადაც არასრულწლოვნები იმყოფებიან, ხორციელდება ადევნება და თვალთვალი და ამაზე არის საქმე აღძრული.
- კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, ბავშვები იმყოფებიან საქართველოში, ხომ?
- ბავშვები იმყოფებიან საქართველოში, ქვეყნიდან გასვლაც კი აკრძალული აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილებით და, შესაბამისად, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტორია იმისა, რომ მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ქვეყანა არის საქართველო, რომ სასამართლოს აკრძალვა ადევს გასვლაზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, თავიდან ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობდა პროკურატურის მხრიდან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ამის შედეგი არის ის, რომ დამნაშავე პედოფილი დედისგან ამოღებულია მობილური ტელეფონი, სადაც პორნოგრაფიული შინაარსის უამრავი მასალა აღმოჩნდა, რომელიც თავისი არსით ეხებოდა არასრულწლოვნებს.
- როგორ მოხერხდა დედის ტელეფონის ამოღება?
- სისხლის სამართლის საქმის პირობებში, რომელიც აღძრულია საქართველოში ადევნებაზე. მას მოუწია საქართველოში ჩამოსვლა სხვადასხვა გარემოების გამო, მათ შორის იმის, რომ საქართველოში სხვადასხვა ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო პროცესი მიმდინარეობდა, სადაც ის მხარეს წარმოადგენდა. მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ საქმე იყო აღძრული და ეს მოხდა იმგვარად, რომ მისთვის მოულოდნელობის ეფექტი იყო. აეროპორტშივე ამოიღეს ტელეფონი, თუმცა დიდი დრო დასჭირდა დაცული ინფორმაციის მიღებას. ექსპერტიზის პროცედურების გათვალისწინებით, არ იგზავნებოდა დიდი ხნის განმავლობაში ექსპერტიზაზე. ამოღებული ინფორმაციის თანახმად, ფაქტობრივად, დადასტურდა ამ ქალბატონის მონაწილეობა იმ ფაქტში, რომ მისი დაკვეთით ხორციელდებოდა თვალთვალი და ეს აღიარებული აქვს ცალკეულ სუბიექტებს, ვინც მონაწილეობდა ამ თვალთვალსა და ადევნებაში. ამ მოპოვებული ინფორმაციის მიუხედავად, რომლის მიხედვითაც ბავშვები დაზარალებულად არიან ცნობილი, დღემდე არ არის სათანადო ბრალი წაყენებული იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც, მინიმუმ, აღიარებენ ამ ფაქტში მონაწილეობას.
- ადევნების ნაწილზეა საუბარი?
- ადევნებისა და თვალთვალის ნაწილზე.
- ეს პირებიც რუსეთის მოქალაქეები არიან?
- ეს პირები, რომლებიც აქ მონაწილეობდნენ თვალთვალში, არ არიან რუსეთის მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეები არიან და, შეიძლება ვთქვათ, რომ იმ წრიდან, სადაც გამოკვეთილია სამი სუბიექტი მინიმუმ, არის საქართველოს მოქალაქე. ჯამურად, დაახლოებით ხუთი სუბიექტია, რომლებიც არიან ამ ეტაპზე გამოკვეთილები თვალთვალსა და ადევნებაში. აქ მთავარი არის ის, რომ ამოღებული ინფორმაციის ფარგლებში მჟღავნდება ასევე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სუბიექტებიც კი იყვნენ ჩართული თვალთვალის ფაქტზე. ანუ მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ამ ქალბატონის ტელეფონიდან იყო ამოღებული, არის ისეთ ინფორმაცია, რომლებზედაც მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების პირებს აქვთ წვდომა.
შესაბამისად, ამით იმასაც ვუსვამ ხაზს, რომ არათუ რამდენიმე განშტოება არის ამ საქმეში, არა მხოლოდ ძალადობის სუბიექტი უნდა იყოს გამოკვეთილი ამ საქმეში, არამედ ის პირიც, რომელიც ეხმარებოდა ამ ადამიანს და თავის თანამდებობას ბოროტად იყენებდა ზიანის მიყენების თვალსაზრისით და ის პირიც კი არ არის გამოკვეთილი.
- ეს პირი წარმოადგენს უშიშროებას?
- კი, ის ინფორმაცია, რომელიც არის იმ ტელეფონში და არის ამოღებული, პირდაპირ მიუთითებს ამაზე. ასეთ ბაზაში წვდომა მხოლოდ უშიშროების წარმომადგენელს აქვს.
- ამ ტელეფონის ამოღება, ბავშვების გამოკითხვა რის საფუძველზე მოხდა?
- სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მხოლოდ ადევნებაზე, საქმე აღძრული არ არის საქართველოში სექსუალური თვალსაზრისის ძალადობასთან დაკავშირებით. თუმცა ამგვარი საქმის აღძვრის უფლება აქვს ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საერთაშორისო სამართლის დოკუმენტი, ეს არის მანსეროკის საერთაშორისო კონვენცია, რომლის რატიფიცირებაც საქართველომ მოახდინა 2015 წლიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა დანაშაული, განურჩევლად იმისა, სად არის მომხდარი, უნდა იქნეს გამოძიებული და გამოვლენილი იმ ქებანის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, სადაც იმყოფება ან დამნაშავე ან მსხვერპლი. ვინაიდან მსხვერპლი საქართველოში იმყოფება მინიმუმ მესამე წელია, შესაბამისად, საქართველოში უნდა ჩატარდეს გამოკვლევა და სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ამის ვალდებულება. ეს არის უფრო მაღლა მდგომი დოკუმენტი, ვიდრე სისხლის სამართლის კოდექსი და ამის აღსრულებაზე ქვეყანას აქვს ვალდებულება აღებული. ამ ფაქტის გამო პირდაპირ ღიად გვითხრეს პროკურატურაში, რომ ამის პრაქტიკა არ გვაქვსო და პირველი ნაბიჯის გადადგმა არ გვსურსო. ჩვენ მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს, რომ მოგვეხდინა შესაბამისი განმარტება უწყებებისთვის, რადგან რატიფიცირების შემდგომ საერთაშორისო დოკუმენტის აღსრულებაში იუსტიციის სამინისტრო არის ზედამხედველი უწყება, რომელმაც უნდა იზრუნოს ამგვარი აქტებს საქართველოში აღსრულების ნაწილთან დაკავშირებით. მიუხედავად არაერთი მიმართვისა,. დღეის მდგომარეობითაც კი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პასუხი არ გვაქვს. თავისი არსით ეს ძალიან მძიმე დანაშაულია, რაც ხდება იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო პოზიციონირების იმგვარად, რომ იცავს ოჯახურ ღირებულებებს და ამით ესაუბრება ხელმომწერ სხვა დასავლურ სახელმწიფოებს, რომ მისთვის არასრულწლოვნების ქალებისა და ოჯახური ინტერესების დაცვის პროპაგანდა არსებობს და ამის პარალელურად არის აბსოლუტურად უმოქმედობა, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოუძიებლობას, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებითი ჩვენებებია. ეს არის ორმაგი სტანდარტი.
- ამ საქმეში ფაქტი, როგორც ასეთი, დადასტურებულია ექსპერტების მხრიდან, არ დაწყებულა გამოძიება, ანუ კი არსებობს მტკიცებულება, მაგრამ არ იწყება გამოძიება?
- თავისუფლად აქვს ამ ქალს შესაძლებლობა, ჩამოვიდეს საქართველოში, არანაირი შემზღუდავი ბერკეტი არ გააჩნია მას საკანონმდებლო მექანიზმის სახით, რომ მსხვერპლს არ მიუახლოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ამას ყველა ექსპერტიზა კრძალავს, რადგანაც ეს იწვევს ბავშვის აბსოლუტურ ტრავმირებას. დღემდე გადის მსხვერპლი რეაბილიტაციას, იმის გამო რაც მის თავს ხდებოდა და ეს არ არის მარტივად მართვადი პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის ფონზე სახელმწიფომ ყველა თავისი მექანიზმით უნდა მოახერხოს არასრულწლოვნის დაცვა, აბსოლუტურად ღია კარის პირობებში იმყოფება არასრულწლოვანი და შეიძლება ის გახდეს თავდასხმის მსხვერპლი ბიოლოგიური დედის მხრიდან. წარმოიდგინეთ, რომ მისთვის საკუთარი შვილი არის პირდაპირი მოწმე, არა მხოლოდ მსხვერპლია ის და ამ მოწმის არ არსებობის პირობებში ჩვენ ვერაფერს ვიზამთ.
- ჰქონდა თუ არა სამართალდამცავ უწყებებს რაიმე სახის კონტაქტი რუსულ მხარესთან?
- ჩვენთვის ამის თაობაზე, არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად, ცნობილი არ არის. მათი პოზიცია არის ის, რომ საქართველო არ არის ვალდებული, რაიმე განახორციელოს, რადგანაც არასწორად კითხულობენ ან არ კითხულობენ იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც გვაქვს. ჩვენ იმაზე გვაქვს პრეტენზია, რომ არაფერს აკეთებენ, არ მაქვს იმის განცდა, რომ აქვთ უნარი, აღიქვან ეს განაწესი. მაქვს იმის განცდა, რომ მათ ვიღაც ავალებს ისე მოქცევას, როგორც ისინი იქცევიან.
- ახლა რა ეტაპზე არის გაჩერებული გამოძიება და რას ელით?
- ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ აღძრული სისხლის სამართლის საქმის პირობებში გამოკვეთილი სუბიექტების მიმართ დადგეს პასუხისმგებლობა, არასრულწლოვნები ითხოვენ იმას, რომ ჩადენილი დანაშაულის პირობებში აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ვგულისხმობ სექსუალურ დანაშაულს და გამოიკვეთოს დამნაშავეები. ეს უნდა მოხდეს კონკრეტულ პირთან მიმართებით, რომლის შესახებ დაკვნა დადო ექსპერტიზებმა. საქმის აღძვრის პირობებში არსებობს იმის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ არასრულწლოვნები იქნებიან დაცული, რომ მსგავსი დანაშაული აღარ განმეორდება იგივე სუბიექტის მიერ. მეორე მხრივ, ამ ქალბატონმა უნდა აგოს პასუხი სამართლებრივად, ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რაც ლეგიტიმურია. რაც შეეხება მოლოდინს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ის დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევა სამართალდამცავი სტრუქტურა. დღეს გვაქვს სურათი, რომ დაახლოებით ორ წელზე მეტია, ჭიანურდება სათანადო მოქმედებების განხორციელება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მტკიცებულება სახეზეა და ძირითადი ნაწილი არის ჩვენი მოპოვებული.