QronikaPlus
გიორგი სიორიძე - „გვაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გაზაფხულზე დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები“

გიორგი სიორიძე - „გვაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გაზაფხულზე დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები“

2025-08-13 09:47:24

 

ირინა მაკარიძე

 

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოზიცია, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, არ არის გასაგები უწყვეტი პროტესტის მომხრე საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყოფილი პარტნიორებისგან არჩევნებში მონაწილეობა იმ ბოიკოტის ღალატია, რომელშიც ბრძოლის გარკვეულ ეტაპზე ერთად იყვნენ. რამდენიმე დღის წინ ინციდენტიც მოხდა რუსთაველზე, როდესაც „ლელოს“ წარმომადგენლებს პროტესტის მონაწილეები დაუპირისპირდნენ და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

 

რატომ ვერ აუხსნეს სათანადოდ საზოგადოებას თავიანთი პოზიციის სისწორე? რა შედეგს ელოდება პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისგან? „ქრონიკა+“-ის ამ კითხვებს პასუხობს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი გიორგი სიორიძე:

 

- ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანა არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ეს მიზანი და ამოცანა დაისახა ქართულმა საზოგადოებამ. ეს არის ცვლილება, პირველ რიგში. არა საპარლამენტო არჩევნები როგორც ასეთი, თვითმიზანი, არამედ როგორც საშუალება იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს მთავარ მიზანს, _ ეს არის რეჟიმის ცვლილება, რაც, რა თქმა უნდა, უკლებლივ ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლების შემდეგ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში. ეს არის ორი მთავარი მიზანი, რომელიც აქვს წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დგას ყოველდღიურად ქუჩაში. ამ მოთხოვნას ჩვენი პარტიაც არ შეცვლის, სანამ ის არ შესრულდება. რაც შეეხება ამ მიზნისკენ მისაღწევ გზას, ის არის ძალიან დიდი გზა. ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ 2024 წლის 27 ოქტომბრიდან, მიტაცებული არჩევნების მეორე დღიდან, როდესაც დავიწყეთ გაანალიზება, თუ რა მოხდა რეალურად, არჩევნების გაყალბების რა მასშტაბთან გვქონდა საქმე, დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა. სამართლებრივი ბრძოლის ყველა გზა ამოვწურეთ, ყველა ინსტანციაში. გამომდინარე იქიდან, რომ დარღვეული იყო ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპები არჩევნებისა, რომლის საფუძველზეც ჩვენ მაშინაც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა გამოცხადებულიყო არჩატარებულად. შესაბამისად, უნდა დანიშნულიყო ახალი საპარლამენტო არჩევნები. 28 ნოემბერს, როდესაც ირაკლი კობახიძემ თავისი მოღალატეობრივი განცხადებით ამცნო საზოგადოებას, რომ საქართველომ შეიცვალა თავისი ევროპული კურსი, რისი უფლებაც არ აქვს არც ერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას, მით უმეტეს, არალეგიტიმურს, დაიწყო უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა, რომელიც გრძელდება დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა მასშტაბი ჰქონდა ამ საპროტესტო მოძრაობას, ეს არის უწყვეტი, და ყველაზე მეტად ის არის გამოვლენილი რუსთაველის ყოველდღიურ პროტესტში. უწყვეტი პროტესტი არის ასევე საქართველოს ქალაქებში, სადაც ყოველდღიურად იკრიბებიან მოქალაქეები და აპროტესტებენ საქართველოს კურსის ცვლილებას და არალეგიტიმურ რეჟიმს. რუსთაველის პროტესტი არის სიმბოლო იმისა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა არც ერთი წუთით არ გაჩერებულა, ეს გამოიხატება სასამართლოებში, სადაც მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ სინდისის პატიმრებს. ეს პატიმრები არიან საქართველოს სინდისი მართლაც, რომლებმაც შეუნახეს ჩვენს საზოგადოებას ღირსება და ჩვენ ამ ადამიანებს,  ბუნებრივია, გვერდით ვუდგავართ. ამ წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეები ჩვენ ვიყავით ყოველთვის და ვიდექით მის ავანგარდში. მათ შორის, საგარეო ფრონტზე ჩვენმა მუშაობამ გამოიღო ხელშესახები შედეგები „ქართული ოცნების“ იზოლაციით, სანქციებითა და არაღიარებით. ბუნებრივია, ჩვენ თავიდანვე გაცნობიერებული გვქონდა, რომ ეს არ იქნებოდა მოკლევადიანი პროცესი, ეს არ იყო სპრინტი, ეს იყო მარათონი. პროტესტს აქვს უკვე რამდენიმეთვიანი ისტორია და ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, მთავარი მიზნის მისაღწევად დამატებით სხვა საშუალებები უნდა გამოვიყენოთ.  ვინაიდან წინააღმდეგობა არის მრავალკომპონენტიანი, მრავალპლასტიანი, წინააღმდეგობის ასეთ დამატებით საშუალებად მიგვაჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული. თუმცა იმ პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით და იმ რეჟიმის პირობებში, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ, ამას ვუწოდებთ დე ფაქტო არჩევნებს. რადგან პოლიტიკურ კალენდარზე დადგა დღე არჩევნების, ჩვენ გადავწყვიტეთ, დამატებით საშუალებად, დამატებით ბრძოლის ველად ეს გამოგვეყენებინა იმის სრულად გათვალისწინებით, რომ ამდენი ხნის წინააღმდეგობით მიღწეული შედეგები ამით ვერანაირად დაზიანდება.

- ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ამით ზიანდება ის შედეგი, რაც უწყვეტმა პროტესტმა მოიტანა, რას უპასუხებთ მათ?

- პირიქით, სტატუს კვო, რომელიც არსებობს „ქართული ოცნების“ არაღიარების ნაწილში, არ და ვერ შეიცვლება. ამისთვის „ლელო _ ძლიერმა საქართველომ“ სხვებთან ერთად იმუშავა საგარეო პარტნიორებთან, სანქციების, „ქართული ოცნების“ იზოლაციის პოლიტიკის მიმართულებით და ჩვენ ამას ვაგრძელებთ. ეს რომ ასეა და არანაირი ცვლილება დელეგიმიტაციის პროცესში არ მოხდება, დადასტურდა ევროკავშირის მიერ. რეზოლუციაში პირდაპირ არის ნახსენები, რომ მხოლოდ და მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებით შესაძლებელია საქართველოში კრიზისის დასრულება, სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნებით. ბუნებრივია, რეჟიმი სამართლიან არჩევნებს არ ატარებს, არა მხოლოდ არჩევნებს, არაფერს სამართლიანობასთან კავშირი არ აქვს, როცა რეჟიმი ბატონობს. ამის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ შიდა წინააღმდეგობით, შიდა წნეხით და საგარეო წნეხით... ლეგიტიმაციის საკითხი დახურა თვითონ ევროკავშირმა, ვითარების ნორმალიზება შეუძლებელია მათ შორის ამ უთანასწორო, უსამართლო არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის გზითაც, მაშინ როდესაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები არიან ციხეში. როგორ წარმოგიდგენიათ რომელიმე საერთაშოროსო შეფასება, ანგარიში თუ რეზოლუცია, სადაც ეწერება, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და სამართლიანი, მასში მონაწილეობა მიიღო, ოპოზიციურმა პარტია „ლელომ“, რომლის ორი ლიდერი არის პოლიტპატიმარი? ეს არის ის რწმენა, რომელზედაც დაფუძნებულია ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება და ნაბიჯი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საშუალება იმისთვის, რომ ბარიერი შეექმნას „ქართულ ოცნებას“, რომ არ მოახდინოს მან თავისი ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია, მათ შორის, მუნიციპალურ დონეზე. ამის ახსნას ვცდილობდით ჩვენ სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ. ჩვენ მათ პარტნიორებს ვუწოდებთ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ მათგან მოდის ძალიან დიდი იერიშები „ლელოზე“. ჩვენ ამას არ ვპასუხობთ, მიგვაჩნია რა, რომ ჩვენი მეტოქე არის რუსეთის მიერ დასმული ივანიშვილის რეჟიმი, „ქართული ოცნება“. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომლითაც რეჟიმი მარცხდება, ეს არის დამატებითი ფლანგი რეჟიმის დასაზიანებლად.

რაც შეეხება რუსთაველზე მომხდარ ინციდენტს, ჩვენთვის სამწუხაროა, რომ მათ, სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ჩვენ მიმართ აქვთ სხვაგვარი რიტორიკა, ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ იმ ადამიანების ნაწილს, რომლებიც ინტენსიურად დგანან რუსთაველზე, აქვთ ძალიან გულწრფელი შეხედულებები და  გულის ტკენაც, შეიძლება, ჩვენს გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რასაც, ბუნებრივია, პატივს ვცემთ. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კომუნიკაციის შედეგად გვქონოდა ურთიერთგაგება, თუმცა გვესმის მათი გულწრფელი წუხილი. ამას, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გაიმიჯნოს, რომ პროტესტი და ბოიკოტი ერთი და იგივე არ არის. საპროტესტო მოძრაობა და წინააღმდეგობა, რომელიც ასეულობით ათას ადამიანს მოიცავდა, ეს ადამიანები შეიძლება ყოველდღიურად არ დგანან ქუჩაში, მაგრამ ისევ ისეთი და უფრო მეტადაც გაბრაზებულები არიან, როგორც დეკემბერში, ისევ თვლიან თავს წინააღმდეგობის ნაწილად, ისევ სურთ რეჟიმის ცვლილება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან სხვა შეხედულების და რომლებიც არიან წინააღმდეგობის მოძრაობის ნაწილი. როგორც ერთი მოქალაქე, მეც ყოველდღიურად ვდგავარ რუსთაველზე, მიმაჩნია თავი პროტესტის ნაწილად, პატივად მიმაჩნია, რომ ამ იდეალისტ პატრიოტებთან ერთად 250 დღეზე მეტია ვიდექი, ვდგავარ და ვიდგები კიდევ რუსთაველზე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. გასაგებია, რომ არის გულის წყვეტა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი მიდგომა არის ასეთი.

- ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებამ პარტია დააზიანა, თქვენივე პარტიის ლიდერებისთვისაც არ გახდა ეს პოზიცია მისაღები და გასაგები, გარდა იმისა, რომ პარტია გახდა თავდასხმების სამიზნე ყოფილი პარტნიორებისგან, იმის გათვალისწინებითაც, რომ თქვენ იცით, რა არასამართლებრივ საარჩევნო გარემოში შედიხართ. რა შედეგის მიღებას ელოდებით ამის სანაცვლოდ?

- ჩვენთვის მთავარი ის არ არის, რას მიიღებს პარტია, არამედ ის, რომ ამ ქვეყნისთვის მოვიტანოთ შედეგი. ეს არის რეჟიმის დაზიანება. რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაზრდა და გაძლიერება არის ადგილობრივ არჩევნებში ჩვენი შესვლის მიზანი. ჩვენთვის რომ პარტიული ინტერესი არ არის მთავარი, იქიდანაც ჩანს, რომ პარტიულ იდენტობას ვთმობდით, რომ ერთიანობა შემდგარიყო, თუნდაც თბილისში, თუმცა ეს ერთობა ვერ შედგა. თუმცა პარტიები რომ გაძლიერდნენ, ეს არის არა მხოლოდ მათი ინტერესი, ეს არის მათი პასუხისმგებლობაც. როდესაც ჩვენ მივაღწევთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ამიტომ არის თუნდაც მნიშვნელოვანი, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებში ჩვენი მხარდამჭერები მოვამზადოთ თუნდაც იმისთვის, რომ როდესაც გვექნება მთავარი, გენერალური ბრძოლა გადასახდელი, უნდა ვიყოთ მზად. ამას მოვუწოდებდით სხვა პარტიებსაც. თქვენ ახსენეთ, რომ პარტიის რამდენიმე წევრმა დატოვა პარტია, ისინი ჩვენი მეგობრები და ჩვენი თანამებრძოლები არიან. პარტიაში მისი არსებობის 6-წლიან ისტორიაში ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა, კამათი, რაც იმის მანიშნებელი გახლდათ, რომ პარტია არის დაფუძნებული შიდა დემოკრატიაზე და ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება. მეც პირადად, არაერთხელ ვყოფილვარ ხოლმე უმცირესობაში.

- თქვენ თქვით, რომ ეს არ არის მოკლევადიანი ბრძოლა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ თქვენ არ გაქვთ მოლოდინი, რომ მოკლე ვადაში ჩამოიშლება რეჟიმი ან საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება?

- თითქმის ერთი წელი გავიდა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გაზაფხულზე  დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები. მთავარია, ოპოზიციური სპექტრი შეხვდეს ამას მომზადებული და იყოს ერთიანი საერთო მიზნის მისაღწევად. 

 

გაზიარება