QronikaPlus
გია ხუხაშვილი: „ოპოზიციამ ღმერთის ანაბარად დატოვა ქართული საზოგადოება“

გია ხუხაშვილი: „ოპოზიციამ ღმერთის ანაბარად დატოვა ქართული საზოგადოება“

2025-08-13 09:41:56

თამარ სანაძე

 

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა, თეთრ სახლში ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის არის შედეგი მთავარ საკითხზე _ სამომავლო მოლაპარაკებები ნავთობის შესახებ. ამერიკული კომპანიები ამ ორ ქვეყანაში დახარჯავენ ძალიან ბევრ ფულს, რაც ეკონომიკურ ბენეფიტებს მოუტანს სამივე ქვეყანას.

 

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე, კავკასიის რეგიონში საქართველოს როლსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

 

- ბატონო გია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ გლობალური წესრიგისთვის. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას და სად არის საქართველოს როლი ამ რეალობაში?

- სამწუხაროდ, ძალიან სევდიანი სურათი გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს ერთგვარი პროქსი ომი და ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი. ამ დაპირისპირების ფონზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ლოჯისტიკური კავშირების შენარჩუნებას რუსეთის გვერდის ავლით. რუსეთი დომინირებდა ამ მხრივ. ჩვენ ვიცით, რომ ლოჯისტიკური ხაზი რუსეთის გავლით იყო დომინანტური და ამ პრობლემების გამო გლობალური ინტეგრაციის პროცესებში გარკვეული საბოტირება შეიძლებოდა გვეხილა რუსეთის მხრიდან. სამხრეთ კავკასიური დერეფანი არის უმნიშვნელოვანესი არხი, რომელსაც შეუძლია რუსეთის გვერდის ავლით ნორმალური კავშირები უზრუნველყოს. აქ დგას ირანის პრობლემაც, საჭიროა ირანის გვერდის ავლაც.

სამხრეთ კავკასია არ არის ახალი ამბავი, საყოველთაოდ ცნობილია და ამ დერეფნის სტრატეგიული განვითარებით ყველა დაინტერესებულია, მთელი დასავლური სამყარო _ ამერიკა, ევროპის ჩათვლით და გარდა ამისა, დაინტერესებულია ცენტრალური აზია და ჩინეთამდე ყველა ის ქვეყანა, რომელსაც არ უნდა რუსეთის გავლენის ქვეშ ამ ეკონომიკური ურთიერთიერთობების მოქცევა. ეს არის დიდი გეოპოლიტიკური თემა, ამ მხრივ აზერბაიჯანისა და სომხეთის შეთანხმებასთან ისე, რომ დერეფანი განვითარებული იქნება ამერიკის მხრიდან, სავარაუდოდ უსაფრთხოების სისტემების ჩამოყალიბების ფონზე, არის რუსეთისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა. ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ ომი მხოლოდ უკრაინაში მძვინვარებს. არანაკლებ მნიშვნელოვანი თემები წყდება სულ სხვა მეთოდებით და სხვა მონაწილეებით და ზუსტად ასეთი ფაქტი ვიხილეთ.

სამწუხაროდ, ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია ყოველთვის იყო ამ დერეფნის განუყოფელ ნაწილად ჩამოყალიბება და ამას ძალიან დიდი ხანი დასჭირდა, ჯერ კიდევ შევარდნაძიდან დაწყებული ბაქო-ჯეიჰანის პროექტი, მერე შაჰ დენიზის გაზის პროექტი. ეს ყველაფერი ამ ფუნქციის გაძლიერებას ეხმაურებოდა. დღეს ჩვენ მივიღეთ სურათი, როდესაც საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა. გაუგებარია, რომელ მხარეს ვთამაშობთ ამ გლობალური დაპირისპირების ფონზე. ამ თემაში საქართველო უფრო რუსეთის მხარეს გამოდის, ვიდრე _ დასავლეთის.

პარადოქსია!  2-3 წლის წინათ სხვა სურათი იყო, პირიქით ხდებოდა ყველაფერი. რუსეთის ძირითადი საყრდენები კავკასიაში სომხეთი და აზერბაიჯანი იყვნენ და საქართველო იყო ფლაგმანი დასავლური ინტერესების ფორმირების საქმეში. ახლა აბსოლუტურად თავდაყირა დადგა სურათი. სომხეთი და აზერბაიჯანი გამოდიან რუსული გავლენის სფეროდან, საქართველომ კი პირიქით, თავი შეყო რუსული გავლენის სფეროში. ერთადერთი სასარგებლო არგუმენტი დღეს რუსეთისთვის არის საქართველო. მეტი არგუმენტი ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში აღარ დარჩათ. რუსეთს ერთადერთ საყრდენად და იმედად დარჩა „ქართული ოცნება“, რომელიც, სამწუხაროდ, ამ როლზე უარს არ ამბობს. ეს არის მოცემულობა, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს დერეფანი აწყობილი იყო აზერბაიჯანი საქართველოს მიმართულებაზე, შემდგომ შავი ზღვის გავლით დასავლეთისკენ, ახლა კი მთელი აქცენტები გადადის ე. წ. ზანგეზურის დერეფნის მხარეს, სადაც აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით თურქეთისკენ შეიძლება გადამისამართდეს ამ დერეფნის ძირითადი არხები, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფი ტემპით შეიძლება განვითარდეს. თუ ჩვენთან რაიმე არ შეიცვალა და არ შევინარჩუნეთ კონკურენტუნარიანობა და რუსეთთან კოლაბორაციულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ბუნებრივია, ძირითადი ინვესტიციები წავა ზანგეზურის მიმართულებით და ჩვენი დერეფანი შეილება იმდენად დაკნინდეს, რომ დაკარგოს ფუნქცია და დერეფანმა თუ ფუნქცია დაკარგა, ჩათვალეთ, რომ საქართველო დაკარგავს თავის ფუნქციას.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ რეგიონში რუსეთისთვის ერთადერთი არგუმენტი საქართველოა, ისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავისი ფუნქცია შესაძლოა დაკარგოს. ამ რეალობაში რა შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით რიგითი მოქალაქეები?

- აღმოვჩნდებით რუსეთის იმპერიაში, ვიქნებით რუსეთის ლუკმა. სხვა გზა ჩვენ არ გვექნება. შეიძლება სხვა ქვეყნების ინტერესებიც გატარდეს, მაგრამ ის სტრატეგიული ხაზი, რაც კონსტიტუციით არის გამაგრებული, საითაც არის კეთილდღეობა და განვითრება, დასავლეთს ვგულისხმობ, საბოლოოდ ჩაიკეტება. თუ ჩვენ აღმოვჩნდით ძირითადად რუსეთის, პარალელურად ირანისა და სხვა ამ ტიპის ქვეყნების გავლენის სფეროში, გასაგებია, რაც გველოდება.

- 17 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ყოველთვის ვისმენდით სპეკულაციებს ამის შესახებ, მაგრამ კობახიძემ გმირების საფლავზე თქვა, რომ ომი დაიწყო სააკაშვილმა „დიფ სთეითის“ წაქეზებით. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ განცხადებებზე?

- ეს არის რუსეთის გზავნილი - ის, რასაც რუსეთი 2008 წლის შემდეგ ამტკიცებს. ის, რასაც კობახიძე ლაპარაკობს, დიდი ხანია რუსეთშია დაწერილი, ის იმეორებს რუსულ გზავნილებს და იქცევა ისე, როგორც რუსი ჩინოვნიკი მოიქცეოდა. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათი ტექსტები, ფაქტობრივად, მოსკოვში იწერება.

ასევე იმიტომ არის ომის დაწყების თარიღიც მნიშვნელოვანი, რომ ის ყბადაღებული კითხვა, ვინ დაიწყო ომი, იყოს დახურული. რაც შეეხება საკუთრივ ამ პოლემიკას, რაც აბსოლუტურად უაზროა, საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყება აბსურდული თემაა, აბსურდია ამაზე საუბრის დაწყებაც კი. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთ ღალატზეც კი წავიდეს, რომ დაადანაშაულოს საკუთარი ქვეყანა. კი ბატონო, ისინი ცდილობენ დაადანაშაულონ მაშინდელი ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლება ყოველთვის წარმოადგენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, დავაბრალო ხელისუფლებას და ქვეყანა არაფერ შუაში არის, ეს პოლემიკა წარმოუდგენელია, მაგრამ ვიღაცას ამას აჭმევენ.

- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას 31 აგვისტომდე აქვს მიცემული დრო. საქართველო შეიძლება ვიზალიბერალიზაციის გარეშე დარჩეს. რა რეალობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა?

- ჩვენი ხელისუფლება მიდის იქით, რომ ააშენოს რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმი. ხდება პირდაპირი კოპირება სამთავრობო მიმართულებით, პროპაგანდა, ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით, ეკონომიკაში თამაშის კუთხით, პირდაპირი სინქრონიზაცია მიმდინარეობს რუსეთის იმპერიის სტანდარტებთან. იმ რეალობაში აღმოვჩნდებით, რომ ინტეგრაციის ეს პროცესი მიიღებს შეუქცევად ხასიათს. წასასვლელი აღარსად დაგვრჩება. რუსეთის კარი იქნება ღია - ეს იქნება.

- ბატონო გია, გიორგი ახობაძე გაათავისუფლეს. მოსამართლემ თქვა, რომ საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები, შეიძლება ეს ფაქტი ხელისუფლების უკან დახევად ჩაითვალოს?

- არანაირად, ეს არის ტაქტიკური თამაშები. გიორგი ახობაძე ერთადერთი იყო მათ შორის, ვინც დაკავებულია აქციებზე ფორმალურად არა აქციაში მონაწილეობის მიზეზით, არამედ ნარკოტიკებზე. მათთვის ყველაზე მტკივნეულია მზია ამაღლობელის თემა და ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელი პროცესები.

მზია ამაღლობელის პროცესი და გიორგი ახობაძის განთავისუფლება ერთმანეთს დაამთხვიეს, რათა შეერბილებინათ ის მოსალოდნელი შედეგები, რაც მზიასთვის პატიმრობის მისჯას მოჰყვებოდა. მეორე მხრივ, ამით სხვა რამეც ითქვა, რომ ნარკოტიკების თემა არ არის ისეთი მტკივნეული ამ ხელისუფლებისთვის და ამაზე შეიძლება თვალიც დახუჭონ. გარკვეული გზავნილები იყო ნარკოდამნაშავეებისთვის. მე იმას არ ვგულისხმობ, რომ გიორგი ახობაძე ნარკოტიკებთან კავშირშია, ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური თემა იყო. ფორმალურად მას ედავებოდნენ ნარკოტიკს. შესაბამისად, ამით მათ თქვეს, რომ ჩვენ ყველანაირად შეგვიძლია, სამართალს მოვაბათ კუდი საითაც გვინდა _ დღეს ჩაგიდოთ და ხვალ გაგიშვათ.

- თქვენ წარსულშიც საუბრობდით ღარიბაშვილისა და  კობახიძის დაპირისპირების შესახებ. ახლა გვაქვს რეალობა, როცა დააკავეს ღარიბაშვილის კადრები. რა შეიძლება იყოს კობახიძის მომდევნო ნაბიჯი? საინტერესო იქნება თქვენი შეფასება ამ საკითხის ირგვლივ.

- ეს დაპირისპირებებიც არის პატარა კაცუნების თამაში მეფის კარზე. ეს დაპირისპირებაც არის ინსპირირებული და ივანიშვილის გარკვეული თამაშების შედეგი. ეს არის ივანიშვილის თამაშის მონახაზი. მან ერთგვარად ირაკლი კობახიძეს დაუგრძელა საბელი, შეუქმნა ილუზია დამოუკიდებლობის და მიმართულებაც მისცა. ორი ამოცანაა ამ შემთხვევაში: პირველი ის, რომ გარკვეულწილად დაფერთხონ ის ადამიანები, რომლებმაც ამ პერიოდში ფული იშოვეს. ეს არის ბიძინას ტექნოლოგია, ის უქმნის ადამიანებს ასეთ განწყობას, რომ ყველაფერი მოსულა. როდესაც შენ თვითონ არ გინდა, რომ კორუმპირებულის სახელი გერქვას, მაგრამ შემოსავლის მიღება გინდა, ეს არის სწორი ტაქტიკა: შემოიკრიბო ირგვლივ ხარბი ადამიანები და მათ მისცე გასაქანი. როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობს, ის განსაკუთრებით ეფექტიანია ფულის შოვნაში. ფული აშოვნინა მათ ივანიშვილმა და ახლა დადგა პარსვის დრო. ვისი ხელით უნდა გაეპარსა ეს ხალხი? ის ამას აკეთებს იმ ადამიანის ხელით, რომელიც შემონახული ჰყავს სუფთად კორუფციის გაგებით. ეს ადამიანი არის კობახიძე და მიუქსია ახლა ამ ხალხს და აპარსვინებს. ბენეფიციარი ამ ყველაფრისა მაინც ბიძინა ივანიშვილია.

არის ერთი ქართული გამოთქმა, ქურდის ქურდი ცხონდაო, ბიძინას ხომ არ მოუპარავს, სხვებმა მოიპარეს და ბიძინამ წაართვა ამ სხვებს. ესეც არის წმინდა ტექნოლოგიური თემა. ამ პროცესში ვიღაცას მოურიგდებიან, ვიღაცას დაიჭერენ, ვიღაცა გაასწრებს და აი, ასე. ეს ყველაფერი ამ კუთხის ეკონომიკური განზომილებაა, მაგრამ არის კიდევ პოლიტიკური განზომილებაც - წინასაარჩევნოდ ფასადური იმიტაცია კორუფციასთან ბრძოლის, ესეც ტექნოლოგიურად საინტერესო თემაა. ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ და გაბრაზებულები არიან, მათ ვიღაც ხომ უნდა გადაუგდონ საჯიჯგნად და შეუქმნან ილუზია, რომ ხელისუფლება კარგია, მაგრამ ვიღაცები ხრავდნენ ბიუჯეტს და ამიტომ ხართ თქვენ ფინანსურად ცუდად. ამ ვიღაცებს დავიჭერთ და ხვალ ვიცხოვრებთ კარგად. ეს არის იმიტაციური პროცესი. კორუფცია ამ ხელისუფლების განუყოფელი ნაწილია. ერთ-ერთი ბურჯია ეს ხელისუფლება ამ მხრივ. კორუფციის გარეშე ასეთი ხელისუფლებები ვერ იარსებებენ. ამ ცხვრებს გაპარსავენ, ახალს მოიყვანენ, იმასაც გაპარსავენ და უბედურებებში ვიტრიალებთ, თუ რამე არ შევცვალეთ.

- ოპოზიციაზე საუბარს გვერდს ვერ ავუვლით. მართალია, ლიდერების დიდი ნაწილი დაპატიმრებულია, მაგრამ როგორი უნდა იყოს ოპოზიციის როლი ამ პროცესებში?

- მართალი გითხრათ, ვეღარ ვხედავ ოპოზიციის როლს. ისედაც სუსტი კოორდინაცია, ისედაც სუსტი ოპოზიცია, არცთუ კონკურენტუნარიანი ოპოზიცია კიდევ უფრო დაიქსაქსა. კიდევ უფრო უარესი, ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ პროცესს, როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი თავის მთავარ ამოცანად მეორე ნაწილის განულებას ისახავს და ამას აკეთებს მაქსიმალური აგრესიით, ცილისწამების, შეურაცხყოფის ფონზე. ეს, ბუნებრივია, ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებს. როდესაც ისედაც არაფერი შეგიძლია და ერთმანეთის ცემა-ტყეპაში ხარ, რისი იმედი უნდა გქონდეს? შესაბამისად, თუ აქაც არ მოხდა პოლიტიკური გონის წინ წამოწევა და ემოციების მოთოკვა, იმის არგააზრება, რომ ამით ყველა ზიანდება, არაფერი გამოვა. ფაქტობრივად, ოპოზიციამ ღმერთის ანაბარად დატოვა ქართული საზოგადოება. დღეს ძირითადად თვითდაზიანების რეჟიმში მუშაობს ოპოზიცია. ეს ყველაფერი არის ხელისუფლების კოზირი, რომლითაც ხალხს ეუბნება, კი ბატონო, მე უვარგისი ვარ, მაგრამ ისინი ნახე, რას აკეთებენ. ეს მოცემულობა ხალხში აჩენს ნიჰილიზმს და ვიღებთ ახლანდელ რეალობას.

გაზიარება