QronikaPlus
სანდრო ცხადაძე - „ვუძლებთ ამ ყველაფერს, რადგან ჩვენს გარდაცვლილ მშობლებს ასე ენდომებოდათ“

სანდრო ცხადაძე - „ვუძლებთ ამ ყველაფერს, რადგან ჩვენს გარდაცვლილ მშობლებს ასე ენდომებოდათ“

2025-08-13 09:04:57

თამარ სანაძე

 

გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციისას დაკავებული დემონსტრანტების ორ საერთო საქმეზე (რომლებშიც პროკურატურა ჯგუფურ ძალადობასა და ორგანიზებაზე დაობს და ჯამურად 19 ადამიანს ეხება) ბრალდების მხარემ

მტკიცებულებების შესწავლა დაასრულა. საქმის მთავარი გამომძიებელი არის არსენ ხუნაშვილი. 8 დემონსტრანტს განსჯის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი, ხოლო 11-ს _ ნინო გალუსტაშვილი. „მაინც მოვიგებთ ბოლოს, ხომ იცით, ბიჭებო!“ _ დარბაზში მყოფმა დამსწრეებმა 31 ივლისს ამ შეძახილით გააცილეს სინდისის პატიმრები.

 

პოლიტიკური პატიმრების პროცესებზე, მათ განცდებსა და დაკავებულების ოჯახის წევრების ემოციურ მდგომარეობაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება უკანონოდ დაკავებული იუმორისტ ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე:

 

- სანდრო, 31 ივლისის პროცესზე სინდისის პატიმრების ძალიან ემოციური სიტყვები მოვისმინეთ. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ონისეს სიტყვები: „მინდა, ეს ამბავი ერთ იუმორისტულ ნომერში მოვყვე და დავივიწყო, არც ბოღმა მექნება და არც შურისძიების განზრახვა, დღეს ეს გაფუჭებული კარი გაგვიღეთ, პირადად მოვალ და შევაკეთებ, ამით დავიწყებ სასამართლოს რეფორმას“. შესაძლებელია ციხეში უსამართლოდ გატარებული დღეების, თვეების დავიწყება?

- აბსოლუტურად დავიწყება რაღაცის, ვფიქრობ, შეუძლებელია და ეს დაავადება იქნებოდა. ონისემ იგულისხმა ემოციური განულება ამ ყველაფრის. მეცხრე თვე დაიწყო, რაც სინდისის პატიმრები ციხეში სხედან, ყოველდღე ახალ-ახალ ემოციებს გადიან და სიტყვებსაც იმის მიხედვით არჩევენ. არ მგონია, ეს ყველაფერი ონისემ ფაქტობრივ დონეზე დაივიწყოს, მაგრამ ემოციურად არ არის ის ადამიანი, რომ ღვარძლი, ბოღმა და შურისძიების განწყობა წლები ატაროს. ახლა ვისაუბრებ ონისეს განცხადებაზე, რომელიც მან სასამართლოს მიმართ გააკეთა: რა თქმა უნდა, რეფორმა რომ აუცილებელია, ეს ყველამ ვიცით, შესაბამისად, ონისესაც თავისი შეხედულება და ხედვა აქვს ამ საკითხის შესახებ. სარეფორმოც არაფერია, უბრალოდ, აუცილებელია, კეთილსინდისიერი ადამიანები დაასაქმო ამ მიმართულებითაც და შემდეგ ისინი გააჯანსაღებენ გარემოს. მართალია, ამ საკითხზე ონისესთან პირადად არ მისაუბრია, მაგრამ მე, როგორც მისმა უახლოესმა ადამიანმა, ასე გავიგე.

- საზოგადოება ონისეს ვიცნობდით, როგორც იუმორისტს, ანდრო ჭიჭინაძეს, როგორც მსახიობს. ხალხს სინდისის პატიმრების სხვა მხარე არასოდეს უნახავს, თუმცა სასამართლო პროცესებზე ძალიან ძლიერი მხარეები დავინახეთ, მათი შემართება ბრძოლის სურვილს გვიღვივებს. თქვენ რა კუთხით დაინახეთ თქვენი ძმა და რა დაგანახათ ამ პროცესებმა?

- ონისე იუმორისტი ადამიანია. იუმორისტმა ზუსტად იცის, რა არის სასაცილო და, შესაბამისად, აქამდე რაც სასაცილოდ ეჩვენებოდა, ხუმრობდა ყველაფერზე და იმ საკითხებს, რაც სერიოზულად საბრძოლველი იყო, იღებდა სერიოზულად. იმიტომაც იდგა იმ აქციაზე. ის სწორად იღებს და აღიქვამს იმ საფრთხეებს, რაც „ოცნებამ“ და ე. წ. პრემიერმა მოუტანა საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. მართალია, ის ხან ხუმრობს და ხან სერიოზულად აღიქვამს მოვლენებს, მაგრამ გააჩნია, როგორ გამოამჟღავნებს ამ ყოველივეს. ყველამ ვიცით, რამდენად დიდ საქმეზე სხედან და რამდენად სერიოზულ საქმეს აკეთებენ ჩვენთვის. ჩემთვისაც ის ყოველთვის უმცროსი ძმა იყო, მე ვიყავი მისი მცველი და ვიცავდი ყოველთვის მას, ვარიგებდი და ვასწავლიდი, მაგრამ როცა ციხეში ჩასვეს, სხვა სოციუმია, ალბათ, იქ, უფრო მეტი დრო მიეცა ფიქრისთვის, ამ ყველაფერმა ბევრ რამეზე დააფიქრა, როგორც ჩანს, და გააძლიერა ის მხარე, რაც უკანა ადგილზე ჰქონდა გადატანილი. პირადად მასში რაიმე უჩვეულო და ახალი არ აღმომიჩენია, უბრალოდ, წინა ხაზზე გადმოწია ის მხარე, რაც არ ჩანდა აქამდე მასში, როგორც იუმორისტში.

- თქვენი ოჯახისთვის ძალიან მძიმე პერიოდი იყო მამის გარდაცვალება. ეს ამბავი ონისემ საპატიმროში შეიტყო. ასეთი ტრაგედია რამდენიმე სინდისის პატიმარმა გაიარა. პოლიტპატიმრებს ოჯახის წევრების პანაშვიდზე ყოფნის შესაძლებლობა ძალიან მცირე ხნით მისცეს. რას ეტყვით იმ პოლიტპატიმრებს, რომლებმაც ეს მძიმე პერიოდი გაიარეს?

- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ურთულესია ოჯახის წევრის დაღუპვა, ეს წარმოუდგენლად მძიმეა და არავის ვუსურვებ. ძალიან მძიმე იყო ზურა ჯაფარიძის ნახვა, როდესაც მოიყვანეს დედის დაკრძალვაზე, იმ მომენტში იქ ვიყავი და ეს მძიმე სანახავი იყო. საბედნიეროდ, გიორგი ახობაძე გარეთ არის, ასევე ველოდებით, რომ გური მირცხულავა გამოვა და ონისეც. ჩვენ დავკარგეთ ოჯახის წევრები და ძალიან მძიმე და მწვავე ფაზას გავდივართ ცხოვრებისას, ჯერჯერობით ვერ ვეტყვი მათ, როგორ და რანაირად გადახარშონ ეს ყველაფერი, მაგრამ დრო, ალბათ, ყველაფრის მკურნალია. გლოვის ფაზებს, როგორიც არის ფსიქოლოგიაში, რომ გაივლის ადამიანი, ყველაფერს გადალახავს. ჩვენ ვართ ძლიერები, ვუძლებთ ამ ყველაფერს, რადგან ჩვენს გარდაცვლილ მშობლებს ასე ენდომებოდათ, რა თქმა უნდა. მათ არ მოეწონებოდათ ჩვენი ნახვა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. უნდა გავიშალოთ მხრებში და ავწიოთ თავი ზემოთ, რადგან ჩვენ შესანიშნავი მშობლები გვყავს და გვყავდნენ. ამის თქმა მინდა მათთვის მხოლოდ.

- გალუსტაშვილმა დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა და თქვა, რომ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ შეწყალება. შეწყალება არ იქნება! _ ასეთი იყო სინდისის პატიმრების პასუხი. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

- გალუსტაშვილი არის ფრონტზე გაშვებული ახალწვეული ჯარისკაცი, რომელიც სასამართლოს კლანის მხრიდან თუ შევხედავთ,  მოვკლავ ან მომკლავენ პრინციპით ცხოვრობს. წარმოუდგენელი ტრაგედიაა ჩემთვის ეს ყველაფერი, ასეთი ადამიანი, რომელიც თითქმის ჩემი ასაკისაა, ასე წყვეტდეს ადამიანის ბედს და თან იცოდეს, რომ ისინი უდანაშაულოები არიან, არავის შეწყალებას არ სთხოვენ. მას შეეძლო ეთქვა, სააპელაციოში გაასაჩივრეთო. პირდაპირ პრეზიდენტის შეწყალების ხსენება ცალსახად ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურია, არანაირი სამხილი იქ არ არსებობს, თორემ პირიქით, მხრებგაშლილი ათასსიტყვიან წერილს დადებდა გალუსტაშვილი, თუ რატომ გამოუტანა ასეთი განაჩენი და მართალიც იქნებოდა. საცოდაობაა ამ ადამიანის ყოფა და ჩვენც ველოდებით, ალბათ, იმავეს, რადგან ტენდენცია ასეთია.

- გაათავისუფლეს გიორგი ახობაძე, თქვეს, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა მის საქმეში. მტკიცებულებები არ არსებობს სხვა პოლიტპატიმრების საქმეებშიც, ვერაფერი ამტკიცებს მათ ბრალეულობებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, „ოცნების“ მთავრობა დაიხევს უკან და გაათავისუფლებს სხვა პოლიტპატიმრებსაც?

- უკან დახევის თუ არა, „ოცნების“ ხელისუფლება ერთ ადგილზე ტკეპნის რეჟიმში მაინც არის. არანაირი მტკიცებულებების არარსებობის საკითხი აქ არ იყო. თავიდანვე საინტერესო გახლდათ, რომ გიორგი ახობაძისა და მზია ამაღლობელის პროცესები ერთ დღეს ჩანიშნეს. ჩემი აზრით, გადაფარეს და გადაწონეს მზია ამაღლობელის ამბავი. ვაჭრებთან გვაქვს საქმე. ვიცით, რა ხელისუფალთან გვაქვს საქმე, რა ადამიანებთან. ბარტერი იყო, ასე ვთქვათ: გაიცვალა მზია ამაღლობელის ამბავი გიორგი ახობაძის ამბავში, რადგან მთელი მსოფლიო გამადიდებელი შუშით გვაკვირდება. ჩვენ არ გვაქვს არანაირი იმედი. სასამართლოთი რომ რაიმე წყდებოდეს, აუცილებლად ვიქნებოდი იმედიანად. დანარჩენი ყველაფერი მანიპულაციაა, თამაშია და მორევაზეა ყველაფერი. ჩემი აზრით, ხელისუფალს არაფერი საიმედო არ გააჩნია რეგიონში პოლიტიკური ვითარების შემდეგ. ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ და ვნახოთ, როგორ დასრულდება.

- თქვენ ხართ სახელისუფლებო წნეხის ქვეშ. რა ამხნევებს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს ამ მოცემულობაში?

- მე პირადად ის მეხმარება, რომ მაქვს სამედიცინო განათლება, ვარ ფსიქიატრიით დაინტერესებული, მიმუშავია ფსიქიატრიულში და კარგად ვერკვევი ადამიანების ემოციებში, რაც ადამიანმა შეიძლება გაიაროს: შიში, საფრთხის განცდა, პარანოია. ძალიან კარგად შემიძლია ასეთი ადამიანებისგან წნეხისა და ზეწოლის მოგერიება. ვიცი, ისინი ამას რატომ აკეთებენ. მე მამხნევებს ჩემი პირადი გამოცდილება, განსაკუთრებით ღრმა ცოდნა ადამიანის ფსიქოლოგიის. დანარჩენი ჩვენი, უკანონოდ დაპატიმრებულების ოჯახის წევრების გადასატანია, გავუძლებთ ისეთ დღეში ვართ გაზრდილები, ისეთი სირთულეები გამოგვივლია, ფიზიკური ტერორი და მხედრიონი, იარაღი და ბეტეერი გვინახავს ჩვენს ეზოებში. შესაბამისად, უფრო დიდი გამოცდილება ამარცხებს პატარა წნეხს და უფრო დიდი გამოცდილების არეალში ექცევა ჩვენი მტრის ქცევა. ჩვენ, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს, გვაძლიერებს სიმართლე. ჩვენ ვიცით, რომ მართლები ვართ და სახელისუფლებო ტროლ-ბოტები რაღაც ტყუილებს რომ იგონებენ, არავინ იჯერებს, ამით ვხვდებით, რომ მათი პროპაგანდა ვერ მუშაობს.

- რა არის საჭირო და რა უნდა გავაკეთოთ საზოგადოებამ, რომ სინდისის პატიმრებმა მეტი მხარდაჭერა იგრძნონ?

- ის, რაც მათ გააძლიერებს არის ჩვენი დაუღალაობა. ამას ყოველთვის ვამბობ. ეს მრავალრაუნდიანი ბრძოლაა, რომელიც სპორტულ შეჯიბრებას ჰგავს. დასაწყისშივე შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო ყველაფერი ნოკაუტით ერთ-ერთი მხრიდან: ან ჩვენ დავმარცხდებოდით ან _ ისინი. ახლა ყველაფერი შესულია გაძლების ფაზაში. ვინც უფრო დიდი ხანი იდგება და ვისაც უფრო მეტი ენერგია აღმოაჩნდება, ის გაიმარჯვებს და ის შეიტანს გარდამტეხ წვლილს ამ ბრძოლაში. ჩვენ მართლები ვართ, გაბრაზებულები ვართ, ცუდად მოგვექცნენ, უსამართლობა ვნახეთ, შესაბამისად, ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. ამიტომ საჭიროა, არავინ მიატოვოს ბრძოლა. შეიძლება ვინმემ დაისვენოს, სხვა საქმე აიღოს, ყველა შეიძლება ფრონტის ხაზზე არ იდგეს, მაგრამ ვისაც თავის სიმართლის სჯერა, იმ სიმართლის უნდა სჯეროდეს და ამისთვის უნდა იბრძოდეს ბოლომდე. როდესაც ჩვენ ამგვარ ემოციას დავინახავთ, ძალიან მხნედ და შემართებით ვიქნებით და დიდი გამარჯვების იმედი გვექნება.

გაზიარება