ოთხშაბათი, 13 აგვისტო, 2025
2025-08-13 08:57:16
შორენა მარსაგიშვილი
სინდისის პატიმარ ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშნვამ ჩვენი საზოგადოება ბნელ საბჭოთა წარსულში დააბრუნა, როცა რეჟიმი დისიდენტებს ფსიქიატრიულ კლინიკებში ათავსებდა და იქ აწამებდა. ამის ნათელი მაგალითი გახლავთ ნაზი შამანაურის ისტორია.
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩხეიძე, რომელსაც საბჭოთა რეპრესიები საკუთარ თავზე აქვს გადატანილი, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა ეს მახინჯი ტრადიცია. „ქრონიკა+“-თან თამარ ჩხეიძე ამბობს, რომ „ოცნებამ“ თუ ამ ტემპებით გააგრძელა, შესაძლოა, საქართველოში სიკვდილით დასჯაც კი აღადგინონ.
- ქალბატონო თამარ, თქვენ, რომელსაც გამოვლილი გაქვთ საბჭოთა რეპრესიები, გახსოვთ როგორ უშვებდნენ ადამიანებს ფსიქიატრიულში განსხვავებული აზრის გამო, წარმოიდგენდით, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 34 წლის შემდეგ საქართველოში ეს მახინჯი ტრადიცია დაბრუნდებოდა?
- ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამე დაბრუნდებოდა. პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოში ნამდვილი დემოკრატია არ იყო, ეს გახლდათ ფასადური დემოკრატია. დღეს, სამწუხაროდ, ეს ფასადური დემოკრატიაც კი სანატრელი გახდა. მართალია, მაშინ დემოკრატია ფასადური იყო, მაგრამ რაღაც წესებს მაინც იცავდნენ. და ეს თავის კარგ საქმეს აკეთებდა. ახლა საშინელება ხდება. მართლა ვერ წარმოვიდგენდი, თუ 21-ე საუკუნეში ეს მოხდებოდა.
- მართლა ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ საქართველოში საქმე აქამდე მივიდოდა. ყველა საშინელებაზე ვამბობდით, რომ „ქართული ოცნება“ ამის იქით ვეღარ წავიდოდა, მაგრამ ის არ ჩერდება. თქვენი აზრით, რამდენად შორს შეუძლია „ქართულ ოცნებას“ წასვლა? მგონი, მარტო დახვრეტა და სიკვდილით დასჯის აღდგენა დარჩათ.
- მართალი ხართ, მართლა ამის აღდგენა დარჩათ მხოლოდ. სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირში რა სისტემაც ჩამოყალიბდა, ის ბევრად თავშეკავებული იყო, ვიდრე „ქართული ოცნება“. სტალინის პერიოდსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ არ არსებობს დახვრეტის მუხლი. თუმცა თუ ასეთი წარმატებით იარეს, არც ამის გაკეთება გაუჭირდებათ. ტოტალიტარიზმისკენ თუ გააგრძელებენ სვლას, ყველაფერზე წავლენ, არაფერზე უკან არ დაიხევენ.
თქვენ მკითხეთ, სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? - საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა მთლიანად არის დამოკიდებული პუტინის საკითხთან. ეს რომ ასე არ იყოს, ივანიშვილი და მისი გუნდი ამდენ რამეს ვერ გაბედავდნენ. ძალაუფლებასაც კი ვერ შეინარჩუნებდნენ.
გასულ კვირას მათ მოუწიათ გიორგი ახობაძის განთავისუფლება. ეს ადამიანი სრულიად უკანონოდ დააკავეს და მისი განთავისუფლება ძალიან მიხარია. ახობაძის ამბავს ვუკავშირებ იმას, რომ საერთაშორისო მასშტაბით პუტინის პოზიციები შესუსტდა და ამათაც შეეშინდათ. იფიქრეს, ვაითუ, მარცხდება პუტინიო. ესენი ხომ მასზე არიან დამოკიდებული. მისი შესაძლო დამარცხების გამო შიში შეეპარათ და რაღაცნაირად უკან დახევა დაიწყეს.
- ნაწილობრივ მზია ამაღლობელთანაც დაიხიეს უკან. მისი მუხლი გადაკვალიფიცირდა.
- ესეც უკან დახევაა. თუმცა მზია ამაღლობელი საერთოდ უნდა გამოეშვათ. ეს ადამიანი სრულიად უკანონოდ ზის ციხეში. მის წინააღმდეგ მიდის ანგარიშსწორება. მუხლის გადაკვალიფიცირებაც ერთგვარი სიმპტომია იმისა, რომ „ოცნებას“ შიში შეეპარა. ბევრს ფიქრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, პუტინი დამარცხდეს.
- ამ უკან დახევას ტრამპის ულტიმატუმიც უძღოდა წინ, რომელიც მან რუს ტირანს წაუყენა. თუმცა რა იქნება შემდეგ, არ ვიცით.
- სამწუხაროდ, არ ვიცით, რამდენად განხორციელდება ბოლომდე ეს ულტიმატუმი. მოსკოვში მის სპეცწარმომადგენელ უიტკოფის ჩასვლა მაინცდამაინც არ იყო სასიამოვნო. ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ უკვე ეჭვი შეეპარა თავისი პუტინის გამარჯვებაში.
- რუსი პროპაგანდისტებიც საკმაოდ შეშინებულები ჩანან.
- მათაც ეტყობათ გარკვეული შიში. ვნახოთ, რა იქნება. საბოლოო ჯამში, პუტინი მაინც დამარცხდება. დასანანი ისაა, რომ ამის გაკეთება ბევრად ადრე შეიძლებოდა, ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა.
- სამწუხაროდ, დასავლეთმა ყველაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ რუსი დიქტატრი დამარცხებულიყო ან არ გაებედა ომი.
- სამწუხაროდ, ყველაფერი არ გაკეთდა იმისთვის, რომ პუტინი დამარცხებულიყო. ამას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა უკრაინაში.
- პუტინის დაუმარცხებლობამ დააზარალა საქართველოც. ჩვენი საგარეო კურსი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.
- ჩვენც ძალიან დავზარალდით. დასანანია, რომ საქართველოს საგარეო კურსი ასე რადიკალურად შეიცვალა. მნიშვნელოვნად გაუარესდა ჩვენი დემოკრატიის ხარისხი. უამრავი ადამიანი ზის დღეს ციხეში სრულიად უკანონოდ.
- ქალბატონო თამარ, ამდენი პოლიტპატიმარი ჰყოლია ოდესმე საქართველოს, რამდენიც ახლა ჰყავს?
- ამდენი პოლიტპატიმარი საქართველოს საბჭოთა პერიოდშიც კი არ ჰყოლია. მე გასული საუკუნოს 60-იანი წლების შემდგომი პერიოდის შესახებ მოგახსენებთ. სად იყო მაშინ ამდენი პოლიტპატიმარი.
- მანამდე საშინელება ტრიალებდა.
- სტალინის პერიოდში კი. განსაკუთრებით პირველ პერიოდში ათასობოთ პოლიტპატიმარი იჯდა ციხეში. ადამიანებს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე ხვრეტდნენ. თუმცა სტალინის შემდეგ ამ მხრივ ვითარება ბევრად შეიცვალა. იმდენი პოლიტპატიმარი საქართველოში ნამდვილად აღარ ყოფილა, რამდენიც ახლა გვყავს.
- ამდენი ადამიანის ციხეში გაშვებას რას უკავშირებთ? რატომ იქცევა ივანიშვილის ხელისუფლება ასე?
- რუსეთის დავალებებს ასრულებენ. „ქართული ოცნება“ ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე შეუდგა რუსეთის დავალებების შესრულებას. არანაირი პროდასავლურები ისინი არ ყოფილან. ვიღაცები ამბობენ, რომ თავიდან არ იყვნენ პრორუსულებიო. ყოველთვის რუსეთის მხარეს იყვნენ. უბრალოდ, თავიდან ისინი შენიღბულად მოქმედებდნენ. პუტინი მათ აძლევდა იმის დროს, რომ ეს რუსული საქმე ნელ-ნელა, ეტაპობრივად განეხორციელებინათ. მას შემდეგ, რაც უკრაინის ომი დაიწყო, საქართველოშიც ძალიან დააჩქარა პროცესები პუტინმა. საბოლოო ჯამში, ამათ ძალიან აჩქარებს. უნდა აიკრძალოს ყველა პარტია და არასამთავრობო, ვინც დასავლეთის მხარესაა; უნდა დაისაჯოს საზოგადოება და აქტივისტები, რომლებიც პროდასავლურად არიან განწყობილი, რათა მერე საქართველო რუსული ხელისუფლებისთვის ადვილი სამართავი გახდეს. ეს ყველაფერი თუ არ მოიშორა, ისე რუსეთი საქართველოს ვერ მართავს. და ახლა ამას აკეთებინებს ივანიშვილის ხელისუფლებას. ამას უკავშირდება ის, რომ დღეს საქართველოს ამდენი პოლიტპატიმარი ჰყავს.
- ამ ყველაფერმა საზოგადოებაზე დიდი გავლენა მაინც ვერ მოახდინა. ამხელა რეპრესიების მიუხედავად, ხალხი მაინც გამოდის ქუჩაში პროტესტის გამოსახატავად. მეცხრე თვე დაიწყო, რაც რუსთაველზე და საქართველოს რამდენიმე რეგიონში უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
- როგორც „ქართულ ოცნებას“ და რუსებს უნდოდათ, ისე არ გამოვიდა, რადგან წინააღმდეგობა იყო ძალიან დიდი. ხშირად მომისმენია, აი, ამდენი მიტინგი ტარდება და შემდეგ იშლებიანო და ამით არაფერი გამოვაო. მინდა, მათ და სხვებსაც ვუთხრა, რომ ამ აქციებით ძალიან დიდი საქმე კეთდება. დასავლეთი საქართველოს ასეთ მხარდაჭერას რომ უცხადებს, ეს, პირველ რიგში, ამ აქციების დამსახურებაა. ეს არის იმის საფუძველი, რაც საქართველოს, საბოლოო ჯამში, გაამარჯვებინებს. ეს პროტესტი რომ არ ყოფილიყო, დასავლეთისთვის ბევრი რამე არ გახდებოდა ცნობილი იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ქართველი ხალხი დაფიქსირდა სულ სხვა ნების მქონედ და არა იმ კურსის მომხრედ, რომელიც აქვს ივანიშვილის ხელისუფლებას.
- რეპრესიებზე მინდა გკითხოთ: რატომ ერჩიან ასე მწარედ ქალებს? ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულში უშვებენ, მზია ამაღლობელი 2 წლით გამოკეტეს ციხეში. ბევრმა პატარა გოგომ გაატარა საპატიმროში დღეები, თუ კვირები. ასე „ნაციონალები“ კი არა, კომუნისტებიც არ იქცეოდნენ.
_ ქალების ასეთი დევნა ნამდვილად არ ყოფილა. წინა ხელისუფლებას ბევრი გადაცდომა ჰქონდა, მაგრამ ისინი პოლიტიკოსებსაც ნაკლებად ერჩოდნენ. სულ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება ასეთი. ერთ-ერთი ასეთი იყო ირაკლი ბათიაშვილის ეპიზოდი.
- იმ პერიოდისთვის ირაკლი ბათიაშვილი აქტიურ პოლიტიკაში აღარ იყო.
- არ იყო, მაგრამ მისი დაკავება იმ ბრალდებით გაუმართლებელი იყო. „ნაციონალები“ ასეთ რაღაცებს არ აკეთებდნენ, რასაც ესენი სჩადიან. დასავლეთს საერთოდ არ ლანძღავდნენ. ამ დოზით დასავლეთს თავად პუტინიც კი არ ლანძღავს. ესენი ძალიან ბევრს იღებენ საკუთარ თავზე. პუტინი ამას მიესალმება. მას აწყობს, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის გაჩნდეს ბზარი და აღიმართოს კედელი.
- და ამიტომაც გამოიყვანეს ასპარეზზე დიპ სტეიტი.
- ეს ძალიან სასაცილო ამბავია. ჯერ ამას გლობალური ომის პარტიას ეძახდნენ. თუ ვინმეს ან რამეს შეიძლება ეწოდოს გლობალური ომის პარტია, ეს არის რუსეთი და მისი მოკავშირეები. დასავლეთი ომს არასდროს იწყებს, პირიქით, ყოველთვის მშვიდობისკენ ისწრაფვის.
- ამიტომაც ბოლო წლები ევროპაში განიარაღების ბუმი იყო, მაშინ როცა რუსეთი გამალებით იარაღდებოდა და სხვისი მიწების ოკუპაციისთვის ემზადებოდა.
- რა თქმა უნდა. ამ ლანძღვის მიზანია დასავლეთთან დაშორება. ეს დიპ სტეიტი სულ სხვა რაღაცას ნიშნავს. სხვა გაგებით იხმარეს ამერიკაში. ტრამპის თანამოაზრებმაც გამოიყენეს ეს ტერმინი, მაგრამ სულ სხვა კონტექსტში. მისი შინაარსი არანაირ კავშირში არაა იმ შინაარსთან, რომელსაც ივანიშვილის ხელუსუფლება ამაში დებს. იქ ბიუროკრატიულ აპარატზე და სახელმწიფოს მუდმივ ხერხემალზეა საუბარი. კარგად თუ დავფიქრდებით, ეს უარყოფითი სულაც არ არის. ამათი დიპ სტეიტი კარგა გვარიანად კომიკურია.
- სირიის ყოფილი დიქტატორი, ბაშარ ალ ასადი, ხშირად ახსენებდა დიპ სტეიტს იგივე კონტექსტში და მერე ცუდად დასრულდა მისი ამბავი.
- იმიტომ, რომ ეს ყველაფერი რუსეთიდან მოდის. ასეთი ხალხი ხომ თავისით არაფერს იგონებს. ეს მესიჯბოქსი მოსდით რუსეთიდან. ასადი ამათსავით მოსკოვიდან იმართებოდა.
- ბევრი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნებაც“ მალე გაიზიარებს ასადის ბედს. თქვენ რას ფიქრობთ? დათმობები მათი მხრიდან აშკარაა და ამაზე თქვენ ზემოთაც ისაუბრეთ.
- ვერ გეტყვით, გაიზიარებს თუ არა ივანიშვილის ხელისუფლება ბაშარ ალ ასადის ბედს. მათი მხრიდან დათმობები აშკარად ჩანს. ჯერ მხოლოდ მცირე, მაგრამ ჩანს. შევხედოთ, როგორ განვითარდება შემდეგში მოვლენები. ახლა ჩვენ დამოკიდებული ვართ იმ ახალგაზრდებსა და აქტივისტებზე, რომლებიც, ამდენი რეპრესიების მიუხედავად, აგრძელებენ პროტესტს. ჩვენი მომავლის ბედის მთავარი განმსაზღვრელი მაინც საერთაშორისო თანამეგობრობაა და ის პროცესებია, რაც დღეს მიდის. ჩვენი ბედი განსაკუთრებულად დამოკიდებულია უკრაინაში მიმდინარე ომზე.
- იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ომს უკრაინა აუცილებლად მოიგებს.
- ეს ომი უკრაინამ აუცილებლად უნდა მოიგოს. მისი დამარცხება ძალიან დიდი უსამართლობა იქნება. არა მგონია, რომ დასავლეთმა ეს დაუშვას.
- სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაფორმებული შეთანხმება რაიმე გავლენას მოახდებს ჩვენს მომავალაზე?
_ ის, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა საერთო ენა გამონახეს და სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს, რუსეთის ერთ-ერთი სერიოზული მარცხია. რუსეთის ნებისმიერი მარცხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ ფრონტზე მოსკოვის დამარცხება ნიშნავს იმას, რომ კავკასიაში მისი პოზიციები შესუსტდა.
- მთლად შესუსტდაო ვერ ვიტყვით. ჩვენზე ისევ დიდი გავლენა აქვს რუსეთს.
- როგორ არ შესუსტდა, ძალიან შესუსტდა. ჩვენს ხელისუფლებაზე კი აქვს დიდი გავლენა, მაგრამ ხალხი ბოლომდე იბრძვის, რომ საქართველო საბოლოოდ არ აღმოჩნდეს რუსეთის გზაზე.
- სომხეთთან და აზერბაიჯანთან მარცხი ხომ არ მოასწავებს იმას, რომ კრემლი ახლა მთელი ძალით შეეცდება საქართველოს შენარჩუნებას?
- ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ რა მოხდება ამ მიმართულებით. წინასწარ ამის თქმა მიჭირს. როგორ განვითარდება მოვლენები ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი მართლა კიდევ უფრო ჩაეჭიდოს საქართველოს. იმედი მაქვს, რომ ეს მოსკოვს არ გამოუვა.
- რა გაძლევთ ამის იმედს?
- დასავლეთისთვის და იგივე სომხეთისა დ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. არა მგონია, რომ ისინი ასე იოლად შეეშვან საქართველოს.
- ვარაუდობენ, რომ ზანგეზურის დერეფნის ამოქმედების შემდეგ საქართველო, შესაძლოა, უინტერესო გახდეს დასავლეთისთვის.
- არა მგონია. ეს დერეფანი სრულებით ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს. თან არანაირი სიმპტომები არ ჩანს იმისა, რომ ევროპა და ამერიკა აპირებენ, საქართველო რუსეთს გადაულოცონ. მე ასეთ საშიშროებას ვერ ვხედავ. ჯერჯერობით ასეა და მომავალში არ ვიცი, რა იქნება. ღმერთმა არ ქნას, ასე მოხდეს. ეს ძალიან ცუდი მოვლენა იქნებოდა. ამ შემთხვევაში საქართველოზე მაქვს საუბარი, თორემ ივანიშვილი და მისი გარემოცვა ამაზე დიდად არ იდარდებდა. ისინი სიამოვნებით შეითავსებდნენ დამარცხებული რუსეთის სატელიტის როლს. ვფიქრობ, რომ ეს არ მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი დამარცხდება, მაგრამ ამისთვის ერთი რამეა საჭირო.
- რა არის საჭირო?
- ამისთვის სრულად უნდა მომარაგდეს უკრაინა იარაღით. დანარჩენს ჩვენი უკრაინელები გააკეთებენ. ისინი იქ დღეს კაცობრიობისთვის იბრძვიან, ყველაზე მეტად კი ჩვენი მომავლისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო არასდროს დაუბრუნდება რუსულ ორბიტას. ჩვენს ხალხს ეს არ უნდა და ამას ყველანაირად შეეწინააღმდეგება. ამას ის პროტესტიც მეტყველებს, რომლის ჩახშობასაც ხელისუფლება ვერაფროთ ახერხებს. ეს პროტესტი კიდევ უნდა გაგრძელდეს, რომ დასავლეთმა არ თქვას, ქართველებმა ხელი ჩაიქნიესო.
- ევროპამ აგვისტოს ბოლომდე მისცა „ოცნებას“ სიტუაციის გამოსწორების ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, უვიზო რეჟიმი შეგვიჩერონ. თქვენ რას ელოდებით „ოცნებისგან“, გამოასწორებენ რამეს? გარეგნულად არ იმჩნევენ, მაგრამ წესით, შეწუხებული უნდა იყვნენ უვიზოს შეჩერების პერსპექტივით.
- უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებით ესენი შეწუხებულები არ არიან. მათ სხვა რამე აწუხებთ. ამ თემის წამოწევამ მნიშვნელოვანი პროცესი გამოიწვია. საქართველოში საპროტესტო მუხტი რაღაცნაირად უკვე შესუსტებული და დაწეული იყო. უვიზოს შეჩერების საფრთხემ გამოიწვია ხალხის გამოფხიზლება. ამით ივანიშვილის ხელისუფლება ნამდვილად ძალიან შეწუხებულია. ეს თემა კიდევ უფრო გაზრდის საპროტესტო მუხტს. სხვა შემთხვევაში მათ არ ადარდებთ უვიზო რეჟიმის გაუქმება. ეს მათ უხარიათ კიდევაც.
- რატომ უნდა უხაროდეთ?
- იმიტომ, რომ რუსეთის დავალებას ასრულებენ. რუსეთს კი აწყობს, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის კედელი აღიმართოს და საქართველომ საბოლოოდ გადაუხვიოს დასავლური კურსიდან. ეს „ქართულ ოცნებასაც“ აწყობს. მაგრამ არის ერთი მომენტი. მათ ეშინიათ, რა რეაქცია ექნება ამაზე ხალხს და შერჩებათ თუ არა ყველაფერი.
- იმდენი რამე შერჩათ, რომ არაა გამორიცხული, ესეც შერჩეთ. თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ?
- ვერ გეტყვით, რადგან ქართველები ცოტა უცნაური ხალხი ვართ. ვერ გათვლი, ვის რა დროს რას შეარჩენს და რას არა. თუმცა მგონია, რომ ამაზე ჩვენს საზოგადოებას ძალიან მკვეთრი რეაქცია ექნება.
- რატომ ფიქრობთ, რომ ამაზე რეაქცია იქნება?
- იმიტომ, რომ ევროპაში უვიზოდ წასვლა სერიოზულად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. ხალხი იქ სამკურნალოდ დადის. ახალგაზრდები იქ სასწავლებლად მიდიან. ევროპაში შეუფერხებლად წასვლა ჩვენს ორგანულ ნაწილად იქცა. უვიზო რეჟიმის გაუქმება ძალიან დიდი დანაკარგი იქნება ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ამაზე იქნება ძალიან მწვავე რეაქცია. ეს ხელისუფლებამ კარგად იცის და ამიტომ ეშინია. ეშინია ხალხის რეაქციის და არა იმის, რომ უვიზო მიმოსვლა გაუქმდება. ამას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვება.
- რასაც, თავის მხრივ, რეპრესიებს მოაყოლებს ხელისუფლება.
- ასე იქნება. რეპრესიებს აუცილებლად მიმართავს ივანიშვილი.
- ამაზე შორს შეიძლება წავიდნენ? მეტი რაღა უნდა გააკეთონ, რაც უკვე გააკეთეს? ზემოთ სიკვდილით დასჯაზე ვისაუბრეთ და მართლა ამ მუხლს ხომ არ აღადგენენ?
- ყველაფერი თუ ასე გაგრძელდა და ამ გზით წავიდნენ შესაძლოა სიკვდილით დასჯაც აღადგინონ. ბევრ ქვეყანაში არსებობს ეს მუხლი. ასე რომ, არაფერი არაა გამორიცხული. დიდი იმედი მაქვს, რომ აქამდე არ მივა საქმე. თუ წლები დარჩნენ, მერე აღადგენენ და საქართველოში ცხოვრება უკვე შეუძლებელი იქნება.