QronikaPlus
მაია ცირამუა - „მზია ამაღლობელი მნიშვნელოვანი ფიგურაა და ის განსაკუთრებულად ისჯება“

მაია ცირამუა - „მზია ამაღლობელი მნიშვნელოვანი ფიგურაა და ის განსაკუთრებულად ისჯება“

2025-08-13 08:47:14

ირინა მაკარიძე

 

„ქართული ოცნება“ თითქოს დროში გვამოგზაურებს, უკან გვაბრუნებს იმ მძიმე წარსულში, რომელიც უკვე ისტორიის საკუთრება გვეგონა და აღარ ველოდით, რომ ადამიანების უსამართლოდ დაკავებები, რეპრესიები კვლავ ყოველდღიურობად იქცეოდა. დროის ისეთ მონაკვეთში მოვექეცით, როდესაც გვიწევს ბრძოლა წარსულის ბოროტ აჩრდილებთან. ამის ბოლო აკორდი იყო დაკავებულ მასწავლებელ ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნა, რამაც საზოგადოება აღაშფოთა და ნაზი შამანაურის ტრაგიკული ისტორია გაახსენა. აღმოჩნდა, რომ ფსიქიატრი დავით მაღრაძე, რომელიც ფიგურირებს დისიდენტ  ნაზი შამანაურის ისტორიაში, კვლავ საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა და დაკავებული მასწავლებლის ფსიქიატრიულ შემოწმებას ხელმძღვანელობს. 

 

პოლიტიკურ ფსიქიატრიაზე, უწყვეტ პროტესტსა და ჩვენი დროის გმირების მორალური ბრძოლის უპირატესობაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ფსიქოლოგი და მწერალი მაია ცირამუა:

 

- ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნაზე საზოგადოებას სრულიად ბუნებრივად გაუჩნდა ნაზი შამანაურის ისტორიასთან ასოციაცია. ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რაც ითვალისწინებს იძულებით გადაყვანას და დაკვირვებას ექსპერტიზის ბიუროში, საბჭოთა კავშირისთვის საკმაოდ ჩვეული პრაქტიკა იყო, რაც რეპრესიის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა, განსაკუთრებით, როგორც ვიცი, ნიკიტა ხრუშოვის პერიოდის შემდეგ დაიწყო ასეთი ტიპის რეპრესიები, როდესაც ფსიქიატრია გამოიყენებოდა, როგორც ინსტრუმენტი განსხვავებული აზრის ადამიანების წინააღმდეგ. აღმაშფოთებელია ის, რომ დღეს უნდათ ნაზი შამანაურის ისტორიის გადაწერა. გვარწმუნებენ, რომ ნაზი შამანაურის წინააღმდეგ არანაირი მიუღებელი ზომა არ ყოფილა გამოყენებული. ამაში გვარწმუნებს ის ადამიანი (დავით მაღრაძე), რომელიც მონაწილეობდა ნაზი შამანაურის ისტორიაში და დღეს ეს ადამიანი ატარებს ნინო დათაშვილის ექსპერტიზას. ამასთან, მიზეზი, თუ რატომაც უნდათ ჩაუტარონ ამ ადამიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, არის სრულიად ალოგიკური, არაპროფესიონალური. რაც უწერია მას დიაგნოზში, არანაირად არ არის კავშირში ფსიქიატრიასთან. თითქოს ერთი სული ჰქონდათ, რაღაც დაეჭირათ ამ ადამიანის ბიოგრაფიაში, რაც შეიძლებოდა მის საწინააღმდეგოდ გამოეყენებინათ. იმდენად არაემპათიურია და არაა ადამიანზე ორიენტირებული პროკურატურის დამოკიდებულება, რომ რაღაც იპოვეს, რომლითაც ცდილობენ გაახანგრძლივონ და გაუსაძლისი გახადონ ამ ადამიანის პატიმრობაში ყოფნა. ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად გვიმძაფრებს ეჭვს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ მართლაც ჩაფიქრებულია რეპრესიის ამ ფორმის გამოყენება, რაც არის ადამიანის ჩაგვრა, სტიგმატიზება, გარიყვა.

- აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ დავით მაღრაძე, რომელიც, როგორც ირკვევა, მონაწილეობდა შამანაურის ისტორიაში, კვლავ თანამდებობაზეა. ეს ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, ამ სფეროში დიდად არაფერი შეცვლილა და საბჭოთა ტრადიცია გრძელდება?

- ალბათ, არიან ასეთი ადამიანები სისტემაში დარჩენილები, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში საქმიანობდნენ და ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების მიმართ არ ჰქონდათ მოუღებლობა. ასეთი ადამიანები არიან არა მხოლოდ ხელმძღვანელი პირები, არამედ პრაქტიკოსები. ამ ადამიანებს, ბუნებრივია, არც ახლა ექნებათ მსგავსს მოთხოვნაზე პროტესტი, ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა. ყველამ კარგად იცის, და თუ არ იცოდა, ახლა გაიგო, რომ ისეთი დიაგნოზი, როგორიცაა „დუნედმავალი შიზოფრენია“, იყო მხოლოდ საბჭოთა ფსიქიატრიის დიაგნოზებში და არსად სხვაგან. ეს იყო სწორედ ამ მიზნით შექმნილი, რომ გამოეყენებინათ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ. მაშინაც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ეს კითხვებს არ უჩენდათ, მონაწილეობდნენ ასეთ პროცესებში და, ალბათ, ახლაც არიან.  ძალიან დიდი შრომა ჩაიდო ამაში, რომ ეს სფერო ამ სტიგმისგან გათავისუფლებულიყო, ადამიანებს გასჩენოდათ ნდობა სპეციალისტების მიმართ, მიემართათ მათთვის. შემთხვევები ვიცი, როდესაც უკიდურესად მწვავდება ადამიანების მდგომარეობა და სტიგმის არსებობის გამო არ მიდიან სპეციალისტთან. ამის მთავარი ბარიერი იყო სტიგმა და შიში, რაც შემინიშნავს არა მხოლოდ უფროსი თაობის, არამედ ახალგაზრდა ასაკის ადამიანებში. ძალიან ეშინიათ ფსიქიატრის დანიშნულების მიღების. ზოგჯერ ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული ჩარევა არ არის საკმარისი და ადამიანს სჭირდება მედიკამენტი, მაგრამ არ იღებს, ფსიქიატრების მიმართ უნდობლობის გამო. ჩვენ ვიცით, რომ ამ მედიკამენტებს ბოროტად იყენებდნენ. ცნობილია, რომ საბჭოთა ეპოქისთვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი მედიკამენტი იყო. ეს არის ამ ტრავმული გამოცდილებიდან ამოზრდილი შიშები. განგვიახლდა ახლა ისევ ეს შიში, რაც სერიოზულ პრობლემას აჩენს არა მარტო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება აქტიურობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აპროტესტებდნენ, არამედ ეს შეიძლება კიდევ უფრო მეტად დამაზიანებელი იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

- რაც შეეხება მზია ამაღლობელის საკითხს, შეიცვალა მისი საქმის კვალიფიკაცია და მას 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, რას იტყვით ამის შესახებ?

- ისეთი გარემოება შეიქმნა, თითქოს მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა და 5 ან 7 წელი არ მიუსაჯეს. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს ქმედება, რის გამოც ამაღლობელი არის ციხეში, უფრო ადმინისტრაციულ შეფასებას შეესაბამება. ამიტომ არანაირად არ შეიძლება, ვინმე იყოს კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება და მაქვს განცდა, რომ ეს ადამიანი მნიშვნელოვანი ფიგურაა და განსაკუთრებულად ისჯება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა პირობა არსებობდა, რომ მზიაც ისევე გათავისუფლებულიყო 6 აგვისტოს სასამართლო დარბაზიდან, როგორც გათავისუფლდა ექიმი გიორგი ახობაძე. ეს იქნებოდა მართლაც რეალურად უკანდახევა და მცდელობა სამართლიანობის, რაც ასე არ მოხდა და სამწუხაროა.

- რაც შეეხება გიორგი ახობაძის შემთხვევას, სინდისის პატიმრების მიმართ წინა საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გათვალისწინებით ყველასათვის მოულოდნელი იყო მისი განთავისუფლება. სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა, იყო თუ არა ეს რეჟიმის უკან დახევა, თქვენ რას იტყვით?

- სულ მახსენდება, გიორგი ახობაძე როგორ ითხოვდა სასამართლო პროცესზე, რომ მას ჰქონოდა შესაძლებლობა, ყოფილიყო ავადმყოფ დედასთან ახლოს, რომელსაც სჭირდებოდა მისი დახმარება, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა. როგორც ცნობილია, ის თვითონ უვლიდა ლოგინად ჩავარდნილ დედას, მაგრამ მოხდა ისე, რომ მან  ვერ შეძლო ყოფილიყო მის უმთავრეს პაციენტთან, რომელიც მისი პატიმრობის დროს გარდაიცვალა. წარმოუდგენელი  უსამართლობაა, რომ ეს ხდება უდანაშაულო ადამიანის მიმართ და ამის აღიარება მოუწია სასამართლოსაც. შეუძლებელია, ამაზე არ გაგიჩნდეს პროტესტი. ვინ აუნაზღაურებს ახობაძეს მორალურ ზიანს, რომელიც მიიღო ამ პატიმრობის შედეგად?! და როგორ არ უნდა დაისაჯნონ ის ადამიანები, რომლებიც გახდნენ მთავარი კონტრიბუტორები იმის, რომ ეს ადამიანი მოწყდა ოჯახს, პროფესიას, საზოგადოებას ამდენი ხნით?! რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ გიორგი ახობაძის შემთხვევაში დადგა გამამართლებელი განაჩენი. ძალიან მძიმე მუხლი იყო და ველოდით დიდ სასჯელს. ამ ფონზე მისი გათავისუფლება მართლაც შოკისმომგვრელი იყო, თუმცა აღმაშფოთებელია ის, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრების 8 თვე გაატარა ციხეში, მაშინ როდესაც მას ეს არ ეკუთვნოდა.  ეს უსამართლობის განცდას კიდევ უფრო აღრმავებს. ჩვენ გვიჩნდება სამართლიანი სურვილი, რომ დაისაჯონ ისინი, რომლებმაც ეს ძვირფასი ადამიანი ჯოჯოხეთში ამყოფა.

- „ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად აღიარა, რომ ეს არის პოლიტიკური დაკავებები. მან თქვა, რომ რეპრესიები არავის სურს, მაგრამ მათ მოუწიათ „პრევენციულად“ ადამიანების დაკავება. ყველამ შეაფასა, რომ იურისტის მიერ ასეთი განცხადების გაკეთება არის სრულიად აბსურდული. თქვენი, როგორც ფსიქოლოგის აზრით, ეს წამოცდენაა თუ რა ხდება?

- დაიჭირო ადამიანი წინასწარ, რომ მან არ ჩაიდინოს დანაშაული, ეს ხომ აბსურდია? ასეთი რამე არსად, არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდება. შესაბამისად, ყველასათვის ცხადია, რომ ეს არის პოლიტიკური დაკავებები და ამის აღიარება იყო ეს განცხადება. წამოცდენა ეს არ ყოფილა, ესენი პირდაპირ და ღიად ამბობენ ყველაფერს, ეს კიდევ უფრო შემზარავია. მათი მიზანია, რომ ეს იყოს დამაშინებელი, ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი საზოგადოებისთვის. ისინი ძალიან ხშირად ამბობენ მსგავსს რამეს, იმუქრებიან, რომ ყველას დაიჭერენ, პარტიებს აკრძალავენ, ადამიანებს სამსახურებიდან გაუშვებენ, ამას არც მალავენ.

- ავტორიტარიზმი ღიად ცხადდება, თუმცა ვხედავთ, რომ ამის მიუხედავად, მათ ჰყავთ მომხრეები, ეს რა ფენომენია?

- ამას აკეთებს ტოტალიტარული რეჟიმი, დიქტატურა, რომ ადამიანებში იმგვარი იდეოლოგია ინერგება, რომ მორალისთვის აღარ რჩება ადგილი. დღევანდელ საქართველოში, ისევე როგორც საუკუნის წინანდელში, მთავარი გამოწვევა საზოგადოებისთვის იყო, ვინ გადარჩებოდა, როგორც ადამიანი. ადამიანად გადარჩენა, ალბათ, უფრო რთულია, ვიდრე ფიზიკურად გადარჩენა. ბევრისგან მოისმენ, რომ „აი, რად უღირს ახლა მზია ამაღლობელს, მოითხოვოს საპროცესო შეთანხმება, რა უაზრო პრინციპულობაა, ციხეში ჯდომას არ ურჩევნია?“  მზია ამაღლობელი ამბობს, რომ ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასიაო. ანუ არის რაღაც, რაც ცოცხლად გადარჩენაზე უფრო ძვირფასია. ასეთი ადამიანები ბევრნი არ არიან საზოგადოებაში. შეიძლება ისინი, როგორც კაშკაშა ვარსკვლავები, ანათებენ, მაგრამ ბევრნი არ არიან. თუმცა ძალიან ბევრი შეიძლება იყოს ისეთი, ვინც საპირისპიროდ მოიქცევა პირადი კეთილდღეობიდან გამომდინარე. რეჟიმი ვიღაცას მოსყიდვით იმორჩილებს, ვიღაცას პროპაგანდით აჯერებს... ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ უკიდურესად ბოროტები და თავი გაიმართლონ, რომ ეს გადარჩენისთვის სჭირდებოდათ ან პასუხისმგებლობა მათზე არ არის. ხშირად გაგვიგია, რომ „მაშინ ასეთი დრო იყო...“ და ამით ამართლებენ ბოროტებას. აღმოჩნდა, რომ ის დრო შეიძლება 21-ე საუკუნეშიც დადგეს... კეთილისა და ბოროტის ბრძოლა დაუსრულებლად გრძელდება.

- თუ, ერთი მხრივ, ვხედავთ ძალადობასა და რეპრესიებს, მეორე მხრივ, ვხედავთ ადამიანებს, სინდისის პატიმრებს, რომლებიც გვაჩვენებენ მორალურ სიმაღლეს, ამაზე რას იტყვით?

_ ასეთი მორალური ადამიანების მხრებზე გადადის ქვეყნის ბედი და ისტორია. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მორალური გავლენა ჰქონდეთ საზოგადოებაზე, ისინი ბევრნი არ არიან, მაგრამ მათ მხრებზე გადადის პროგრესი. ის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, მარტო დღეს შესაფასებელი არ არის, რაღაც დრო რომ გავა, ყველაფერს კიდევ სხვა პერსპექტივიდან და სიმაღლიდან დავინახავთ, უფრო მკაფიო შეფასებების გაკეთების შესაძლებლობა გვექნება. ისინი არიან ჩვენი დროის გმირები!

- ამ უწყვეტ პროტესტზე გკითხავთ, - ეს შეუგუებლობა რეჟიმთან, ართანამშრომლობა შეიძლება არის მორალურად სწორი, მაგრამ რამდენად პრაგმატული შეიძლება აღმოჩნდეს შედეგის თვალსაზრისით?

- რაც უნდა შეთქმულების თეორიებსა და „დიფ სტეიტებზე“ გველაპარაკებოდეს მთავრობა, ჩვენ ყველას გვაქვს საფრთხე იმის, რომ შეიძლება მოვწყდეთ ცივილიზებული სამყაროს ორბიტას, ქვეყანას ვკარგავთ, ამიტომ ბრძოლას ვერ შევწყვეტთ. არ შეიძლება ის, რაც მორალურად სწორია, მას არ ჰქონდეს შედეგი.

გაზიარება