QronikaPlus
გიორგი გუგავა - „ხალხის უწყვეტი პროტესტი, ადრე თუ გვიან, ივანიშვილის რეჟიმს ჩამოშლის“

გიორგი გუგავა - „ხალხის უწყვეტი პროტესტი, ადრე თუ გვიან, ივანიშვილის რეჟიმს ჩამოშლის“

2025-07-31 11:51:53

შორენა მარსაგიშვილი

 

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ოპოზიციური პარტია. მათ შორის ისინი, რომლებიც, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, არ ცნობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. გახარიას პარტიისა და „ლელოს“ ამ არჩევნებში შესვლამ ბევრი გააკვირვა. ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ეს მოსალოდნელი იყო.

„ქრონიკა+“-თან ინტერვიუში გუგავა საუბრობს, თუ რატომ მონაწილეობს ოპოზიცია არჩევნებში:

_ ბატონო გიორგი, თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, არ შედგა არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება. რით ხსნით ამ პარტიების გადაწყვეტილებას?

_ ამ პარტიების გადაწყვეტილებამ საქართველოში ბევრი გააოცა. მე ის მიკვირს, ხალხს რომ გაუკვირდა. ამ პარტიებისგან სხვა არაფერი იყო მოსალოდნელი და ის უნდა გაგვკვირვებოდა, არჩევნებში თუ არ მიიღებდნენ მონაწილეობას. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. დროა, ჩვენმა მოსახლეობამ გაიგოს, რომ ყველა პარტია, რომელსაც ოპოზიციური პარტია ჰქვია, ოპოზიცია არ არის. ისინი თამაშობენ ბიძინა ივანიშვილის თამაშს და ეს ახლა კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ეს სხვა დროსაც არაერთხელ გამოჩენილა, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას ამის დანახვა, რატომღაც, არ უნდა.

ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ „ქართული ოცნება“ და ოპოზიციის დიდი ნაწილი სინამდვილეში ერთი წარმონაქმნი არიან. მათ შორის განსხვავება მხოლოდ პარტიის სახელებშია. ისინი ერთი საშინელი სისტემის შვილები არიან და ერთად ყვლეფენ ამ საწყალ ქვეყანას. მართალია, ხშირად ლანძღავენ საჯაროდ ერთმანეთს, მაგრამ როგორც კი კრიზისული სიტუაცია შეექმნება ამ საშინელ რეჟიმს, მაშინვე იწყებენ ხელისუფლების თამაშს. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რამენაირად გადაარჩინონ არსებული რეჟიმი. ეს ოპოზიცია რომ არა, „ქართული ოცნება“ უკვე დავიწყებული ექნებოდა ჩვენს ხალხს.

მინდა, თქვენს მკითხველს გავახსენო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები: ის არჩევნები ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ საშინლად გააყალბა. პარლამენტში გასულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ ამ არჩევნების შედეგებს არ სცნობდა და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. ბოიკოტთან დაკავშირებით განცხადებები საჯაროდ გაკეთდა.

_ მარტო განცხადებები არ გაკეთებულა, ოპოზიციამ მემორანდუმსაც მოაწერა ხელი.

_ მემორანდუმზე ხელმოწერა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ოპოზიციისთვის, რომ ხელისუფლების თამაში ეთამაშა.  ბოიკოტმა რამდენიმე თვე გასტანა და შედეგიც გამოიღო, „ქართულ ოცნებას“ სერიოზული კრიზისული სიტუაცია შეექმნა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩამოშლის პირას იყვნენ. იმ გაერთიანებას, რომელიც ნათელაშვილის ფანჩატურის სახელით არის ცნობიოლი, ცოტა ხანი კიდევ რომ გაეძლო, ძალიან მალე მივიღებდით ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებდა. სამწუხაროდ, ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. ვერ მივაღწიეთ იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასრულება არ იყო ამ ბატონების ინტერესში.

_ რომელი ბატონების?

_ იმ ბატონების და ქალბატონების, რომლებმაც პირობა დაარღვიეს. მათ გატეხეს ხალხისთვის მიცემული სიტყვა და შეცუნცულდნენ უკანონო პარლამენტში. მათ არ აწყობდათ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა და ამიტომ „გააპრავეს“ პარლამენტი. „ქართული ოცნება“ გადარჩა. დღესაც ივანიშვილის რეჟიმის გათეთრების პროცესი მიმდინარეობს.

_ თუმცა ამჯერად ოპოზიცია პარლამენტში აღარ შესულა.

_ სამაგიეროდ თვითმმართველობის არჩევნებში აპირებენ შესვლას და ამით „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას. ოპოზიციის ამ ქმედებით გაკვირვებულ მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ აქ გასაკვირი არაფერია, ამ ოპოზიციას აწყობს დღეს არსებული სისტემა და ამიტომაც მონაწილეობს არჩევნებში, რომელიც სინამდვილეში სულაც არ არის არჩევნები.

_ თქვენ რამდენჯერმე თქვით, რომ ოპოზიციას აწყობს დღეს არსებული სისტემა. რატომ აწყობს?

_ დღეს არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა მათ არანაკლებ აწყობთ, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. ამ სისტემით ისინი ძალიან დიდ ფულს შოულობენ. მგონი, საქართველოში ყველამ იცის, რამხელა მოგებაზე გავიდა „თიბისი ბანკი“, საუბარია მილიარდიან მოგებაზე. როდესაც ხაზარაძის კომპანიები, მათ შორის, სამშენებლო და სადისტრიბუციო, წარმოუდგენელ მოგებას ნახულობენ, როგორ გგონიათ, მათ უნდათ არსებული სისტემის შეცვლა? რა თქმა უნდა, არ სურთ. იმას არ უარვყოფ, რომ ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირებული არიან, მაგრამ სისტემის შეცვლა ნამდვილად არ სურთ.

_ მაშინ რატომ არიან დაპირისპირებული, თუ არსებული სისტემის შეცვლა არ უნდათ?

_ დაპირისპირებული იმიტომ არიან, რომ გავლენის სფეროებს ვერ იყოფენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ასეთი დავები და დაპირისპირებები ხშირად ხდება ხოლმე მაფიოზურ სინდიკატებში. ერთმანეთს უპირისპირდებიან კლანები, რათა გავლენის სფეროები გაინაწილონ. მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი მაფიის წინააღმდეგი არიან და არსებული სისტემის შეცვლა სურთ. ასე ხდება ქართულ პოლიტიკაშიც. ოპოზიციის დიდ ნაწილს არ სურს დღეს არსებული მახინჯი პოლიტიკური სისტემის შეცვლა ჯანსაღით _ ეს არის და ეს, მეტი არაფერი ხდება ქართულ პოლიტიკაში! სისტემა რომ არ გაჯანსაღდეს, სწორედ ამიტომ მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

ამ ძალებმა ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებში შესვლის გადაწყვეტილება მათთვის პოლიტიკურად წამგებიანია. ისინი ხალხის ნდობასა და მხარდაჭერას დაკარგავენ. ეს მათ არ ადარდებთ. ამ ხალხისთვის პოლიტიკა არის მეორადი საქმე. მათთვის მთავარი არის ბიზნესი, ქარვასლა და მოგება. ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ არჩევნებით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების

ლეგიტიმაცია მოახდინონ. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ „ქართული ოცნება“ დიქტატუარად არ იქნეს მიჩნეული. მოგეხსენებათ, რომ დასავლეთში არაღიარების პოლიტიკაა „ქართული ოცნების“ მიმართ. ამას თან ერთვის ხალხის წინააღმდეგობა და უწყვეტი პროტესტი, რაც, ადრე თუ გვიან, ივანიშვილის რეჟიმს ჩამოშლის. ეს რომ არ მოხდეს, ოპოზიცია ადგა და არჩევნებში მონაწილეობს. მათი მიზანია სისტემის გადარჩენა, რათა შემდეგ მილიონები და მილიარდები იშოვონ.

_ დასავლეთი თუ აქამდე არ აღიარებდა არჩევნებს, ახლა რატომ აღიარებს?

_ ოპოზიციამ თუ მიიღო მონაწილეობა და შედეგები არავინ გააპროტესტა, ისინიც აღიარებენ. დაახლოებით ისეთივე ვითარება შეიქმნება, რაც აზერბაიჯანშია. იქაც არ ტარდება დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ დასავლეთი შეეგუა, რადგან არავინ აპროტესტებს იქ არჩევნების შედეგებს. ოპოზიციის არჩევნებში შესვლა ამ მიზანს ისახავს. შესაბამისად, ეს ოპოზიცია ივანიშვილის სისტემის ნაწილია. ვინც ამ სისტემის ნაწილი არ გახდა, მათ წინააღმდეგ რეპრესიები განხორციელდა. ეს რეპრესიები შეგვეხო ჩვენ. 2020  წელს არჩეული პარლამენტი მარტო ლეიბორისტებმა არ ვაღიარეთ და ამისთვის დავისაჯეთ. შემდეგი სანქციები ჩვენ ოპოზიციამ დაგვიწესა.

_ ოპოზიციამ როგორ დაგიწესათ სანქციები?

_ როგორ და ოპოზიციურ არხებზე კატეგორიულად აკრძალულია ლეიბორისტების გამოჩენა. თუ ისინი მართლა რეჟიმს ებრძვიან, მაშინ მათ ინტერესებში არ უნდა იყოს, რომ ლეიბორისტული პარტია ჩანდეს ეკრანზე? იმიტომ არ ვჩანვართ, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი რეჟიმის დაუძინებელი მტრები ვართ. ვამხელთ და ვანგრევთ ამ რეჟიმს. დღეს რომ სანქციებზე ბევრს ლაპარაკობენ, ჩვენი დაწყებულია ეს თემა.

_ ეს თემა ნამდვილად ლეიბორისტების წამოწყებულია.

_ ჩვენი წამოწყებულია, მაგრამ ახსოვს ვინმეს? შალვა ნათელაშვილმა ამერიკას რომ მოსთხოვა ივანიშვილის დასანქცირება, ესენი იცინოდნენ და ახლა ყველა ამ სანქციებზე საუბრობს. არჩევნების ბოიკოტის თემაც ჩვენს ე. წ. ფანჩატურში შეიქმნა და ბოიკოტს ბოლომდე ვუერთგულეთ. სანქციებიც და ბოიკოტიც ჩვენი დაწყებულია და ამ თემებზე სალაპარაკოდაც კი აღარ გვიწვევენ ოპოზიციური ტელევიზიები. ეს, ბუნებრივია, კითხვებსა და ეჭვებს აჩენს. ჩვენი გაქრობა იმიტომ მოინდომეს სატელევიზიო ველიდან, რომ არ სურთ ხალხმა სიმართლე გაიგოს. გაგვაქრეს ჩვენ და თავად ტკბილად ახორციელებენ იმ პოლიტიკას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ანგრევვს ჩვენს ქვეყანას.

_ თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ არჩევნებმა აზრი დაკარგა და იქ შესვლა პირდაპირ ქვეყნის ღალატია?

_ სადაა არჩევნები? რაც ტარდება, არჩევნები არ არის და ვინც არჩევნებში მონაწილეობს, ის ღალატობს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, მომავალსა და სუვერენიტეტს.

_ ბევრი ფიქრობს, რომ არჩევნები მაინც არის გამოსავალი. ზედმეტად მკაცრ გაცხადებას ხომ არ აკეთებთ?

_ იმას ვამბობ, რაც ქვეყანაში ხდება. ეს არის სიმართლე შეულამაზებლად. საქართველოში დღეს არანაირი არჩევნები არ ტარდება, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლა არ უნდა გავაგრძელოთ უსამართლობის წინააღმდეგ.

_ ბრძოლის გაგრძელება როგორ წარმოგიდგენიათ არსებულ სიტუაციაში?

_ წინააღმდეგობით და ბოიკოტით. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ამ მძიმე ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში ერთი კარგი რამ მაინც ხდება. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვისთან აქვს საქმე.

_ ამის გარჩევა ადრეც ხომ შეეძლო საზოგადოებას?

_ შეეძლო, მაგრამ ვერ ან არ გაარჩია. ახლა ეს ყველაფერი იმდენად აშკარა და თვალსაჩინოა, მისი არშემჩნევა უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩვენმა ხალხმა გადაწყვიტა, თავი დაიხსნას რუსეთისგან და დიქტატურის მარწუხებისგან. ეს ბრძოლა აუცილებლად მივა ბოლომდე. ამას ვერანაირი გამყიდველობა და ფარისევლობა ვერ შეაჩერებს.

_ ქართველი ხალხის ნება რომ აღსრულდეს, ამისთვის საჭიროა რაღაც ძალა. ოპოზიციაზე ძალიან მძიმე განცხადებები გააკეთეთ. ვინ უნდა ითავოს, რომ მიზანი მიღწეულ იქნეს? ასეთ ძალად ლეიბორისტულ პარტიას მიიჩნევთ, ალბათ, მაგრამ მარტო თქვენი პარტია საკმარისი არ იქნება. თან, როგორც თავად თქვით, საინფორმაციო ველიდანაც ჩაგხსნეს.

_ ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ინტერესებისთვის არ გვიღალატია. ეს არის ძალიან მძიმე ბრძოლა და მარტოებს გაგვიჭირდება. საბედნიეროდ, ამ ბრძოლაში ჩვენ გვყავს მოკავშირეები დასავლეთის სახით. რაღაც მომენტში დასავლეთმაც შეუწყო ხელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას, რომელსაც უზარმაზარი ოკუპანტი იმპერია უმაგრებს ზურგს. 2020 წლის არჩევნების შემდეგ დასავლეთი აქტიურად მოუწოდებდა ოპოზიციას, შესულიყო პარლამენტში. მაგრამ მაშინ მსოფლიოში სხვა ვითარება იყო. ახლა ბევრი რამე შეიცვალა. ახლა დასავლეთი ქართველ ხალხს უდგას გვერდით. ეს ძალიან დიდი ძალაა, მაგრამ ბრძოლა მაინც ძნელი იქნება. გაჭირდება, მაგრამ ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს!

_ მრავალი წელია გვესმის, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, მაგრამ ეს გამარჯვება არ ჩანს.

_ სხვანაირად არ შეიძლება მოხდეს. ახლა დასავლეთიც კარგად აცნობიერებს, რომ აქ ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს. მსოფლიოში ისეთი გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა, რომ სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება იყოს. ეს გეოპოლიტიკური სიტუაცია გარდაუვალად ჩამოანგრევს სისხლიან რუსულ იმპერიას. ჩამოინგრევა ასევე მის მიერ მხარდაჭერილი რეჟიმები. ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში თავისმა მოკავშირეებმა ზურგი აქციეს.

_ სომხეთმა და აზერბაიჯანმა კი აქციეს ზურგი. სამაგიეროდ, საქართველოა ახლა რუსეთის მხარეს.

_ ეს ძალიან მძიმე ამბავია. ამ სამი ქვეყნიდან რუსეთმა ყველაზე მეტად ჩვენ დაგვჩაგრა. ჩვენ გვქონდა რუსეთთან ბოლო წლებში რამდენიმე ომი. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მაინც საქართველოა რუსეთის მხარეს. ამ შემთხვევაში ივანიშვილის ხელისუფლებას ვგულისხმობ. საქართველო და მისი ხალხი საღ პოზიციაზეა. საქართველოს ამ იმპერიისგან თავის დაღწევა სურს და ქართველი ხალხის ნება აუცილებლად აღსულდება.

რამდენიმე წლის წინათ ვინმეს რომ ეთქვა, საქართველო რუსულ ორბიტაზე იქნებაო, ვერ დავიჯერებდი. როგორ შეიძლება, საქართველო რუსეთისკენ იყოს?! იმ ქვეყანას როგორ უნდა უჭერდე მხარს, რომელმაც შენს მოსახლეობას გენოციდი და ეთნოწმენდა მოუწყო? საბედნიეროდ, ეს დროებითი მოვლენაა. ეს ჩვენი მოღალატეების დამსახურებაა, ისინი ცდილობენ, რომ ისევ რუსულ გვამში შეგვტენონ. ეს ამბავი არ გამოუვათ, რადგან გეოპოლიტიკას აქვს თავისი კანონზომიერება, ისევე როგორც ისტორიას.

_ ისტორიისა და გეოპოლიტიკის კანონზომიერებით ვაქცევთ რუსეთს ზურგს, თუ ეს იქნება ქართველი ხალხის მყარად გამოხატული პოზიცია?

_ ერთიც იქნება და მეორეც. ქართველი ერი მრავალი წელია, იბრძვის გამარჯვებისთვის და გამორიცხულია, მან ბრძოლა შეწყვიტოს. ჩვენ ბელარუსის მსგავსად შემგუებელი ერი რომ ვყოფილიყავით, რა თქმა უნდა, ჩავიკარგებოდით რუსეთში. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი არ ეგუება ოკუპაციას. აქ წინააღმდეგობის ცეცხლი ანთია და ეს აუცილებლად დაწვავს იმპერიის გავლენას. ხალხი, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, აუცილებლად გაიმარჯვებს. მართალი ხალხის გამარჯვება გარდაუვალია. ამას დაუმატეთ გეოპოლიტიკური ვითარებაც. საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს თავის ისტორიულ ადგილს. საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი.

_ იპოვის, მაგრამ როდის? რუსეთის ჩამოშლას უნდა დაველოდოთ? ცუდი არ იქნებოდა რუსეთის ჩამოშლა, მაგრამ ეს ცოტა ძნელი წარმოსადგენია. დასუსტებით კი მართლა ძალიან დასუსტდება რუსეთი.

_ რუსეთის ჩამოშლას არც უნდა დაველოდოთ. ესეც მოხდება, მაგრამ ჯერ არა. დასუსტებით კი ძალიან არის იმპერია დასუსტებული. უკრაინასთან ომმა რუსებს დიდი ზიანი მიაყენა. დასავლეთი ამ ომში სწორ პოზიციაზეა, მოსკოვს სანქციები დაუწესა და როგორც ამბობენ, კიდევ უფრო გაამკაცრებს. რუსეთის დასუსტება ნიშნავს იმას, რომ მოსკოვის გავლენები ძალიან შემცირდება. რუსეთი ვერაფერს გააკეთებს. მას საკუთარი თავი გასჭირვებია. ყველამ ვიცით, რომ რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე იყო ირანი. ამერიკამ და ისრაელმა ერთ კვირაში გაანადგურეს ირანი, თან ისე, რომ რუსეთს არაფერი ჰკითხეს. რომ კრემლმა პროტესტის გამოხატვაც ვერ მოასწრო.

სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან ორმა უკვე ზურგი აქცია რუსეთს. სომხეთისა და აზერბაიჯანის ასეთ პოლიტიკაზე მოსკოვი, ფაქტობრივად, ვერ რეაგირებს. საქართველოს დათმობაც მოუწევს. ყველაფერი წინ არის, რუსეთს მძიმე დღეები ელოდება. ამერიკის სენატში აპირებენ, დააწესონ დამანგრეველი სანქციები აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ სანქციებით რუსული ნავთობის გაყიდვა, ფაქტობრივად, აიკრძალება. რომელი ქვეყანაც შეისყიდის, მას 100%-იან გადასახადებს დაუწესებენ. ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქვს, რომ ბარელი ნავთობის ფასი ჩამოიყვანოს 40 დოლარამდე. საბჭოთა კავშირის დანგრევა თავის დროზე ნავთობის ფასების ვარდნამ გამოიწვია. მაშინაც კატასტროფულად დაეცა ნავთობის ფასი. რუსეთს გათვლილი 70 დოლარზე აქვს, ასე ინარჩუნებენ სტაბილურ ბიუჯეტს. სწორედ ამ მიმართულებით მიდის დარტყმა.

დამანგრეველი სანქციები არ დაწესებულა და რუსეთმა უკვე დაკარგა მოკავშირეები. მან დაკარგა სირია, ირანი; ფაქტობრივად, დაკარგული ჰყავს სომხეთი და აზერბაიჯანი. დაკარგავს საქართველოსაც. სანქციებს შუერთდა დიდი ბრიტანეთიც. ბრიტანეთმა დაასანქცირა მთელი ჩრდილოვანი ფლოტი, რომლითაც ნავთობი გადაჰქონდა რუსეთს. ამ ამბავში საქართველოც იყო ჩართული და ისიც ეხმარებოდა რუსეთს, რომ ფარულად გაეყიდა თავისი ნავთობი სხვა ქვეყნებში.

დღეს რუსეთი იმდენად შესუსტებულია, რომ მას საქართველოსთვის უკვე აღარ სცალია. ახლა მთავარია, ქართველმა ხალხმა გამოიჩინოს პრინციპულობა და არ გავხდეთ ლეღვის ფოთლები და მოღალატეები. არ უნდა დავუშვათ „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია. დასავლეთი ჩვენ მხარესაა, რუსეთიც ვეღარ დაუჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს და მალე ის ჩამოიშლება. ახლა ჩვენს პრინციპულობაზე გადის საქართველოს მომავალი და სუვერენიტეტი. „ქართული ოცნება“ განწირულია, ისევე როგორც მისი მფარველი რუსეთი. ივანიშვილის რეჟიმის გადარჩენა ახლა მხოლოდ ოპოზიციას შეუძლია.

_ ოპოზიციას როგორ შეუძლია?

_ არჩევნებში მონაწილეობით. ამით რუსული ხელისუფლება ლეგიტიმაციას მიიღებს და დასავლეთიც შეეგუება ამ ხელისუფლებას, ისევე როგორც შეეგუა აზერბაიჯანში არსებულ ვითარებას. ამიტომ არის საჭირო ბოიკოტი და პროტესტი. არჩევნები მხოლოდ მაშინ იქნება შედეგიანი, როცა ეს ხელისუფლება გადადგება. სხვანაირად აზრი არ აქვს. პოლიტიკას უნდა დაუბრუნდნენ პოლიტიკოსები. უნდა დასრულდეს დრო, როცა საქართველოში პოლიტიკა იყო ერთი დიდი ქარვასლა.

გაზიარება