ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025
2025-06-26 07:31:13
ირინა მაკარიძე
რა არგუმენტები აქვთ უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საწინააღმდეგოდ? როგორ წარმოუდგენიათ პროცესების განვითარება ბოიკოტირების შემთხვევაში? _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება იურისტი, უწყვეტი პროტესტის მონაწილე, კახა წიქარიშვილი:
_ პარლამენტთან მიმდინარე უწყვეტი პროტესტი არის თვითორგანიზებული პროცესი. მოდის ხალხი, ზოგი ერთ კუთხეში დგება, ზოგი მეორე კუთხეში, ზოგი რუსთაველზე, ზოგი ტროტუარზე. რაღაც ნაწილი ერთმანეთს ვიცნობთ, ცხადია, ჩვენს აზრებსაც ვუზიარებთ ერთმანეთს, ასევე გვაქვს სოციალური კავშირებით კონტაქტები, მათ შორის, სტუდენტებთან. მე, როგორც საპროტესტო საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვიზიარებ მოსაზრებას, რომ უნდა მოხდეს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი. ამისთვის მაქვს რამდენიმე არგუმენტი. პირველი: ეს არის გამოცდილება _ ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და მასთან ბრძოლის სტრატეგიებს. ჩემი გამოცდილება უფრო უკავშირდება სასამართლო სისტემას. როდესაც სასამართლო სისტემაში რეფორმაზე იყო საუბარი, იყო ორი სტრატეგია, _ ერთი გახლდათ ბოიკოტის სტრატეგია და მეორე „ყვავს კაკალი გავაგდებინოთ“ სტრატეგია. ეს სიტყვები: „ყვავს კაკალი გავაგდებინოთ“, ჟღერდებოდა ზუსტად შეხვედრებზე. სამწუხაროდ, ამ სტრატეგიამ არ გაამართლა. ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ „ოცნებამ“ სრულად მოახდინა სასამართლო სისტემის უზურპაცია, ამავდროულად მიიღო ევროპისა და აშშ-ის თვალში ამ რეფორმების ნაწილობრივი ლეგიტიმაცია. თავიდანვე რომ ყოფილიყო ბოიკოტის რეჟიმი, ამით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს გავაგებინებდით, რა ტიპის სასამართლო იქმნებოდა და უფრო ადრეულ ეტაპზე გვექნებოდა წითელი სიგნალი ანთებული მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. შედეგად მივიღეთ ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრულად დაიკავა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სრულად დაიკავა უზენაესი სასამართლო, თავიდან დააკომპლექტა სასამართლო სისტემა, განდევნა სისტემიდან განსხვავებული აზრი, თან ისე, რომ ამ ყველაფერში წლების განმავლობაში იყრებოდა უამრავი ფული, უამრავი რესურსი, ტრენინგები დასავლეთის მხრიდან, შეხვედრები, სამოქმედო გეგმები, ანგარიშები. მიუხედავად ამისა, მივიღეთ დღევანდელი უსამართლო სასამართლო. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ვემხრობი ბოიკოტის სტრატეგიას. ჩემთვის „ყვავს კაკალი გავაგდებინო“ სტრატეგია არის მიუღებელი. ჩემი აზრით, იგივე ხდება ახლა ამ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
მეორე არგუმენტი: ხელისუფლების სამივე შტო _ საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება სრულად ხელში უჭირავს „ქართულ ოცნებას“. ეს ნიშნავს, რომ ავტობუსში, რომელშიც ჩვენ ვსხედვართ, მძღოლი არის „ქართული ოცნება“. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ამ სტრუქტურებში რამე განსაკუთრებული როლი არ გააჩნია, ვგულისხმობ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის გადაწყვეტას, რაც დღეს ყველაზე პრობლემურია. - ეს არის საგარეო მიმართულება, რომ ჩვენ ვშორდებით ევროპას და საშინაო მიმართულებით ავტორიტარიზმი ყალიბდება. პარლამენტი იღებს კანონებს, რომლითაც ზღუდავს თავისუფლებებს და აღმასრულებელი ხელისუფლება დაკავებულია ხალხის უსამართლო რეპრესიებით. ეს არის ყველაზე პრობლემური საკითხი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კიდეც რომ გაიმარჯვოს ოპოზიციამ, ვერც ერთი ეს პრობლემები ვერ გადაწყდება, ვერც მართლმსაჯულების პრობლემა გადაწყდება, ვერც საგარეო პოლიტიკის პრობლემა გადაიჭრება. ვერც უსამართლო კანონები შეიცვლება და ვერც პოლიციური სახელმწიფო აღიკვეთება. შესაბამისად, ოპოზიცია მოიგებს თუ არა რამდენიმე ოლქს, მიმდინარე პრობლემებზე ამას რაიმე ზეგავლენა არ ექნება. მესამე საკითხი, რის გამოც მე ვეწინააღმდეგები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასა და ბოიკოტის რეჟიმს ვუჭერ მხარს, ეს არის ღირებულებითი საკითხი. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან მკაფიოდ და აშკარად დგება არასწორ მხარეს, საპროტესტო საზოგადოება კი დგას ღირებულებით სწორ მხარეს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში უნდა აღდგეს სამართლიანობა, უნდა შეიცვალოს ავტოკრატიული რეჟიმი. ანუ ბოიკოტის პირობებში უფრო მკაფიოდ ჩანს, სად არის შავი და სად არის თეთრი. ვერ გეტყვით, რომ საპროტესტო საზოგადოებაში ან ოპოზიციაში ყველას მოსაზრებას ვიზიარებ, პირიპით, ძალიან ხშირად ვაკრიტიკებ სამოქალაქო საზოგადოებასაც, საპროტესტო საზოგადოებასაც აქვს თავისი ხარვეზები, ოპოზიციასაც თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ღირებულებითი გამყოფი ხაზი ბოიკოტის მეშვეობით უფრო კარგად წარმოჩნდება. სხვა შემთხვევაში, ეს ღირებულებითი სისტემა შეიძლება გაბუნდოვანდეს. _ ამომრჩეველმა კიდევ ერთელ რომ იბრძოლოს არჩევნების გზით თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად, რატომ შეუშლის ხელს პროტესტს? რას ხედავთ ამაში მიუღებელს?
_ ვერც ერთ არსებულ პრობლემას ვერ წყვეტს ოპოზიციის მიერ ზოგიერთ ქალაქებში გამარჯვების მოპოვება, თუნდაც ეს თბილისი იყოს. მეორე საკითხი: გასაგებია, რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ თავისი ინტერესები, რაც ნორმალურია. პოლიტიკური პარტია მოსახლეობასთან უნდა მივიდეს, ესაუბროს მას საჭიროებებზე, საარჩევნო პროცესის საშუალებით უნდა მოუგვაროს პრობლემები. პოლიტიკური პარტია იკვებება პოლიტიკური პროცესით, მაგრამ უფრო მაღალი ღირებულება არის საქართველოს გადარჩენის საკითხი, ვიდრე პოლიტიკური პარტიების თვითგადარჩენის პროცესი. დღეს საქართველოს სათავეში გვყავს ძალა, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს არასწორი მიმართულებით. ჩვენ ან უნდა ჩამოვაშოროთ ეს ძალა ხელისუფლებას, ან უნდა შევიკრათ დანარჩენი საზოგადოება, თვითორგანიზება მოვახდინოთ და რაღაცით დავუპირისპირდეთ ამ ძალას. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით ვერ ვხედავ რაიმე სერიოზული წინააღმდეგობის პოტენციალს, რომ ეს ძალა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. თვითმმართველობის არჩევნებით „ქართული ოცნება“ არ ჩამოშორდება ხელისუფლებას, ხომ? შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ბოიკოტი გვაძლევს სამოქალაქო სექტორისა და საპროტესტო სპექტრის მობილიზაციის შესაძლებლობას. საპროტესტო სპექტრის მობილიზაცია იძლევა მომავალში იმის შესაძლებლობებს, რომ უფრო მეტად ორგანიზებული გახდეს პროტესტი, გამოყენებულ იქნას ყველა სხვა ბერკეტი, მათ შორის, საერთაშორისო ზეწოლის, ქუჩის აქციების ჩათვლით, მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაზრდის საშუალებით. ბოიკოტის მხარეს გაცილებით უფრო ძლიერი პოტენციალია, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მხარეს.
_ რატომ ვერ მოიპოვეს პოლიტიკურმა პარტიებმა ქუჩის პროტესტის მონაწილეების მხარდაჭერა?
_ აქ პრობლემა არის პოლიტიკური პარტიების ხარვეზებშიც. ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებიც უკვე რამდენიმე ათწლეულია პოლიტიკაში ტრიალებენ, საზოგადოებას უკვე მობეზრებული ჰყავს ეს პოლიტიკოსები, მათ დაბალ რეიტინგს ვერ შველის ტელეეთერებში მუდმივი ტრიალი. ოპოზიციაში ახალი ძალები კი არსებობენ, მაგრამ მათაც ვერ მოახერხეს სახალხო პროტესტის კვალდაკვალ გაყოლა, ცალკეული გამონაკლისების გარდა. მაგალითად, „თავისუფლების მოედანი“ სულ იქ დგას და აქციებსაც ატარებს, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი სხვა პარტიეზე. ამასთან, ეს პროტესტი ჩამოყალიბდა როგორც ზეპარტიული პროტესტი, ამდენად ამ პროტესტის სათავეში ვერც ერთი მოქმედი ოპოზიციური პარტია ვერც მოექცეოდა, მაგრამ ზოგიერთი პარტია ახერხებს მასთან კოორდინაციას, ზოგიერთი ვერ ახერხებს, ზოგი პირიქით, შეიძლება ხელსაც უშლის პროტესტს.
_ როგორ წარმოგიდგენიათ ბოიკოტის პირობებში პროცესების განვითარება?
_ საბოლოო ჯამში, მგონია, რომ ბოიკოტის რეჟიმი შესაძლებლობას მოგვცემს, პროტესტის თვითორგანიზების ახალი ფორმები გამოვძებნოთ. ერთ-ერთი ასეთი ახალი ფორმა იქნება დროებითი მთავრობის მომზადება. ეს არის ის გეგმა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა, რაც გათვალისწინებული იყო პრეზიდენტის ქარტიით ტექნიკური მთავრობის კონცეფციის სახით. მომზადდეს ეს ტექნიკური მთავრობა, გუნდი, რომელიც იქნება მზად, რომ დროებით, ერთი ან ორი წლით ხელში აიღოს მართვის სადავეები. ამ გუნდზე უნდა მოხდეს შეთანხმება, როგორც საპროტესტო საზოგადოების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. შეთანხმება უნდა იყოს გუნდზე, ადამიანებზე, რომელსაც ყველა ან უმრავლესობა ენდობა. ამის შემდეგ პროტესტის პარალელურად უნდა დაველოდოთ დროს, როდესაც „ქართული ოცნება“ ან იძულებით წავა, ან იძულებით დანიშნავს ახალ არჩევნებს. დროებითმა მთავრობამ უნდა აიღოს ხელისუფლება ან არჩევნების გზით, ან არჩევნებამდე დროებითი მთავრობის სახით.
_ ამ საკითხზე რამდენად მსჯელობთ, არის თუ არა ეს საკითხი შიდა ჯგუფებში განხილვის საგანი?
_ ჩვენ ვართ მოქალაქების ჯგუფი, რომლებიც პერიოდულად ვმსჯელობთ ამ საკითხებზე და სერიოზულად ვმუშაობთ, რომ მომზადდეს კონცეფცია დროებითი მთავრობის, ასევე შეირჩეს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მზად არიან ერთი ან ორი წლით ხელში აიღონ ძალაუფლება და უხელმძღვანელონ აღმასრულებელ ხელისუფლებას. საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ეშინია ომის, ეშინია „ნაცების“ დაბრუნების, ეშინია ქართველობის დაკარგვის და ეშინია ქაოსისა და დესტაბილიზაციის, ამით შეიძლება ვუპასუხოთ. ჩვენ შეგვეძლება მათ ვუთხრათ, რომ „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს და შემდეგ არც ომი იქნება, არც „ნაცები“ დაბრუნებიან, რისიც თქვენ გეშინიათ, არც ქართველობას დავკარგავთ, არც ევროპას დავკარგავთ და არც ქაოსი იქნება. დროებითი მთავრობის შექმნა ეს არის მაგიური ჯოხი, რომელმაც შეიძლება მოაგვაროს პრობლემა, ვიდრე ქვეყანაში აღდგება ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები და ჯანსღი პოლიტიკური კონკურენცია პარტიებს შორის.
_ ოთხი ბარიერგადალახული პარტიის პოლიტიკურ ლიდერებს ერთმანეთის მიყოლებით ციხეში სვამენ. გარდა ამისა, მიმდინარეობს ზეწოლა მედიის, სამოქალქო საზოგადოების მიმართ, იჭერენ სამოქალაქო აქტივისტებს და ადამიანებს რუსთაველზე გავლისთვისაც კი უწერენ 5-ათასლარიან ჯარიმებს. ამ ვითარებაში როგორ წარმოგიდგენიათ ამ გეგმის განხორციელება, რაზედაც ისაუბრეთ?
_ „ქართული ოცნება“ დგას ორი არჩევანის წინაშე: ქვეყანა მართოს ან სამართლით, ან უსამართლობით. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ის უკვე გადავიდა მეორე მოდელზე _ ქვეყანა მართოს უსამართლობით, ანუ დააშინოს ხალხი უსამართლო კანონებით, უსამართლო პოლიციით და უსამართლო სასამართლოთი. ის უკვე აღარ ცდილობს შეფუთოს ეს უსამართლობა, ამისთვის აღარ იწუხებს თავს. ძალა აღმართს ხნავს. ამ ვითარებაში უკვე „ქართული ოცნება“ კარგავს იმ იდეურ კავშირებს თავის ამომრჩეველთან, რომელიც ჯერ კიდევ ჰყავს ჩვენს ნათესავებში, მეგობრებში, მეზობლებში, ჩვენს კოლეგებს შორის, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს, როგორც სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტს. სამართლიანობის საყრდენი თუ გამოეცლება „ქართულ ოცნებას“, მაშინ ის იდეურ მხარდაჭერას დაკარგავს. ამით სახალხო პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება და მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში. თუკი ბევრს დაიჭერენ, ბევრს „ჩაუდებენ“, ბევრს სცემენ, ბევრს დააჯარიმებენ და უსამართლოდ დაჩაგრავენ, ამით წაიშლება ის საყრდენი, რომ „ქართული ოცნება“ არის ჰუმანური და სამართლიანი და „ნაცმოძრაობა“ იყო უსამართლო“.