ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025
2025-06-26 07:29:09
გიგა გელხვიიძე
გასული წლის მარტში მთაწმინდის პარკის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა 21 წლის თათული მაჭარაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ის მრავლობითი დაზიანებით შემთხვევის ადგილიდან ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, მას რამდენიმე რთული ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ქრონიკა+“-ს თათული მაჭარაშვილის მამა, მამია მაჭარაშვილი დაუკავშირდა, რომელიც დეტალურად მოგვიყვა, თუ რა გახდა რეალურად მისი 21 წლის ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზი, მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა.
მაჭარაშვილი გვიყვება, რომ ფატალური შედეგი კლინიკაში არსებულმა ვირუსმა გამოიწვია, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში არის გავრცელებული და ერთ-ერთი ოპერაციის დროს პაციენტის ორგანიზმში შეიჭრა, რამაც მძიმე შედეგები მოიტანა.
_ ბატონო მამია, რა ვითარებაში აღმოჩნდა თქვენი შვილი ალადაშვილის კლინიკაში?
_ შემთხვევა მოხდა მარტში, ჩემი შვილი ახალგაზრდა მძღოლის თანხლებით გამოვიდა მთაწმინდის პარკიდან და ოქროყანის გადმოსახვევზე, მთაწმინდისა და კოჯრის შესაერთებელ მთავარ გზაზე მოხდა ავარია.
შემთხვევის დროს მხოლოდ ჩემი გოგო დაიმტვრა, 21 წლის იყო. ასეთი მძიმედ დამტვრეული ბავშვი გადმოიყვანეს ალადაშვილის კლინიკაში და გვეუბნებიან, ფეხი აქვს მოტეხილიო. კლინიკაში შეყვანიდან ერთ საათში ექიმმა გვითხრა, _ გადარჩება თუ არა ბავშვი, არავინ იცისო.
_ რა აძლევდათ ამ ვარაუდის გამოთქმის საშუალებას?
_ ამოაჭრეს ელენთა, მუცლის ღრუში სისხლი იდგა და გაწმინდეს, გაუკერეს სწორი ნაწლავი, ფილტვი ორივე გახეთქილი ჰქონდა, მოტეხილი ჰქონდა სამი მალა და ასევე ჰქონდა ბზარები ნეკნებზე, გული იყო გადარჩენილი მხოლოდ. მესმოდა, რომ ბავშვი მძიმე იყო და ვეგუებოდი იმას, რომ ხვალ-ზეგ ის სასუფეველში უნდა გამეცილებინა, თუმცა მოხდა ისე, რომ ბავშვი გადარჩა.
_ როგორ ვითარდება პროცესები ამის შემდგომ?
_ მესამე დღეს იწყება უკვე ლაპარაკი იმაზე, რომ აქ ვირუსებია და გვეშიანია, ეს ვირუსი არ შეიჭრას ორგანიზმში და საწრაფოდ არის გასაკეთებელი მალების, ნეკნების ოპერაცია და ფეხის ოპერაცია, რომელიც მოტეხილი იყო.
ვუთხარი ექიმებს, რომ ან შეიყვანეთ პალატაში, სადაც არ არის ეს ვირუსები, ან გამატანეთ ბავშვი და მე მივხედავ თავისი საავადმყოფოებით და მე ვიქნები პასუხისმგებელი ყველაფერზე-მეთქი. იყო პრობლემა რეანომობილების, რომელსაც მსგავსი ტიპის პაციენტი შეიძლებოდა გადაეყვანა. როგორც გავიგე, სულ სამი ყოფილა საქართველოში.
_ მოახერხეთ გადაყვანა?
_ თავს იგიჟებდნენ, რომ ბავშვის განძრევა არ შეიძლებოდა, რადგანაც გზაში დაიღუპებოდა. ამის ფონზე სხვა საავადმყოფომ ვერ აიღო პასუხისმგებლობა და ოპერაცია არსებულ საავადმყოფოში (ალადაშვილი) ჩაუტარდა. ეს ყველაფერი ხდება ავარიიდან ათი დღის შემდეგ, მაგრამ ბაქტერიაზე საუბარი მანამდეც იყო, თუმცა არ გვაშინებდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ანტიბიოტიკები უკვე დაწყებული გავქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბავშვი გადავარჩინოთო, მთელი საავადმყოფო ფეხზე დგასო.
გერმანია ჩაერთო, ისრაელი ჩაეთო, თუ საჭირო იყო, ამერიკაშიც გადავიყვანდი.
_ ვინ იყო ექიმი?
_ ექიმი იყო ლევან ბესელია, რომელთანაც გვქონდა კონტაქტი, რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელია და ვენდეთ მას. რადგან ღიად გვეუბნებოდა, რომ იყო ბაქტერია, თუმცა ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ 21 წლის ბავშვის სიცოცხლე გადაერჩიენა, მეთქი კარგი, მოგცემთ თანხმობას, ხელსაც მოგიწერთ ყველაფერზე, წამლებსაც შემოვიტან, ექიმი არის საჭირო? ექიმს მოვიყვან ნებისმიერს. გაკეთდა ოპერაცია, მალები აღდგა, ფეხი აღდგა და ოპერაციის მეორე დილას ბავშვმა ტელეფონზე დმირეკა: „მამა, ყველაფერი კარგად არის, გამომაფხიზლეს და საჭმელი მომიტანე“. ჭამა დაიწყო ბავშვმა და წარმოიდგინეთ, რა სიხარული გვექნებოდა. აღარ ვჩიოდი მის დაჭრას, დაკოჭლებას, არაფერს, უბრალოდ, ბავშვს ხმა ამოეღო და ის ბავშვი მე ჩამეხუტებინა, ეს იყო უმთავრესი ჩემთვის.
_ როდესაც თათული მდგომარეობიდან გამოვიდა, რას ამბობდნენ ექიმები ვირუსთან დაკავშირებით?
_ მივედით, საჭმელიც მივიტანეთ, ბავშვმა ჭამაც დაიწყო და ყველაფერი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ლევან ბესელიამ გვითხრა, რომ ძალიან ეშინოდა, ვირუსი არ შეჭრილიყო, რომელიც იყო რეანიმაციულ განყოფილებაში. ვთხოვე, გაეყვანა სხვა პალატაში, არ მქონდა ფულზე ლაპარაკი. მეუბნებოდა, რომ ნუ გეშინია, მე ბავშვს გამოვიყვან მდგომარეობიდანო.
_ წამალი თქვენ შეგქონდათ კლინიკაში თუ კლინიკას ჰქონდა ამ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი?
_ დამიდო წამალი, ანტიბიოტიკი, რომელშიც ვიხდიდი 350 ლარს. თითქმის ორი კვირის განმავლობაში ოთხი ცალი წამალი შემქონდა დღეში, რომელიც ძალიან დეფიციტური იყო. პერიოდულად რომ მივდიოდი, შეშფოთებული იყო ექიმი, მაგრამ მაინც დაწყნარებულს გვიშვებდა. ერთ დღეს რომ მივედი მითხრა, ვერ იყო კარგად ბავშვი, ენა დაება და ანალიზები გადავაგზავნეთ ლაბორატორიაშიო, მათ თავიანთი ლაბორატორია ჰქონდათ. მითხრა, რომ ბავშვი უნდა დაეძინებინა, რადგანაც ასე უფრო მარტივად გააკონტროლებდა მის მდგომარეობას.
_ ამის შემდგომ დამძიმდა ვითარება?
_ შეაერთეს აპარატზე, ანალიზების პასუხი მოვიდა სამი დღის შემდეგ. ანალოგიური ანალიზი მე ლუგარის ლაბორატორიაში 24 საათში გავაკეთე და მოვუტანე დასკვნა, თუ რა ბაქტერია იყო და რა პრეპარატი კლავდა ამ ბაქტერიას. წარმოიდგინეთ, სამი დღე ველოდე მათი ლაბორატორიის პასუხს, შემდეგ გამატანეს ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში და 24 საათი იმის პასუხს ველოდებოდი და უკვე რომ მოვიტანე, ბავშვი ვეღარ იყო კარგად. წამლების შეტანას კვლავ ვაგარძელებდი.
უცებ გახდა სასწრაფოდ გადასაყვანი ბავშვი სხვა კლინიკაში, რომ გადაეღოთ მისთვის ე. წ. კატე. არ იყო რეანომობილი, რომელიც შეძლებდა ბავშვის ასეთ მძინარე მდგომარეობაში გადაყვანას. მყავს ისეთი ადამიანები, რომელთა ჩარევით დილის 10 საათზე გადასაყვანი ბავშვი საღამოს 10 საათზე გადავიყვანეთ ალადაშვილიდან დიღომში.
_ რა შედეგი აჩვენა კატემ?
_ გაუკეთდა ყველაფერი და აღმოაჩნდა თავის ქალის დასაწყისში მოგროვებული რაღაც სითხე. გვითხრეს, რომ უნდა გვიხაროდეს, რომ ეს იყოს ჩირქი და არა რაიმე სხვა. მე ამ დინებას მივყვები, ნათქვამი მაქვს, რომ არავის არ ვუჩივი, ჩემი სიტყვით არავის რაიმეს არ ეტყვიან, ოღონდ შვილი გადამირჩინეთ-მეთქი.
_ საბოლოოდ ჩირქი იყო ეს სითხე, თუ რაიმე სხვა?
_ გადავიყვანეთ უკან კლინიკაში, ეს ლევანი გამოდის, გვილოცავს ყველას, რომ არიქა, გვეშველა, ეს არის ჩირქი. ღამის პირველ საათზე ხდება ეს, თუ კარგად მახსოვს, 27 მარტი იყო. ამის შემდეგ მიდის ბჭობა, ხელი უნდა მოგვეწერა დოკუმენტებზე, რომ თავზე უნდა გაკეთებულიყო პატარა ოპერაცია კისრის მალაში. გვითხრეს, რომ ამას ნებისმიერი პრაქტიკანტი გააკეთებდა, მაგრამ ვინაიდან ვეხებით 21 წლის ბავშვის სიცოცხლეს, თავად ექიმი ჩაატარებს ოპერაციასო.
_ როგორ ჩაიარა ამ ოპერაციამ?
_ ოპერაცია დიდხანს არ გაგრძელებულა, ეს სითხე ამოიღეს და ამოღებისთანავე უცებ გავარდა ტვინში ყველა სინდრომი ამ ვირუსის. ეს ვირუსი არის „კლებსიელა“, რომელიც განვითარდა რეანიმაციულ განყოფილებაში, განა მარტო მაგ საავადმყოფოში, ყველგან გავრცელებულია, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამ საავადმყოფოს ის რეგუალცია, რომელიც უნდა ჩააბაროს, ორი წლის განმავლობაში არ ჩაუბარებია.
29 მარტს მითხრეს, რომ ორი წამალი შემოგვიტანეთ, ტყუილად რომ არ დაიხარჯოთო და მაშინ მივხვდი, რომ ბავშვის სიცოცხლე გადადებული იყო. მოვითხოვე, _ ვხვდები, რომ ცუდად არის საქმე, მაგრამ სანამ ბავშვის გული ფეთქავს, მანამდე მაინც მანახეთ-მეთქი. მაჩვენეს ბავშვი. შევედი და ბავშვი, ფაქტობრივად, აღარ იყო _ ძვალი და კანი იყო დარჩენილი და მარტო გული ფეთქავდა. არაფერი მითქვამს, გამოვედი გარეთ და ვითხოვე ასეთი რაღაც, რომ არ გიჩივით, ხელწერილს დაგიდებთ, ოღონდ ბავშვი რაც არის, ის გამატანეთ და ასე მინდა მივაბარო მიწას-მეთქი. დიდი ბოდიშების მოხდით მითხრეს, რომ ბატონო მამია, დივიზიაც რომ დაგვაყენოთ, ბავშვი მაინც უნდა გავკვეთოთო. მანდაც ჩავიქნიე ხელი.
_ რამდენ ხანში გარდაიცვალა ამ ამბის შემდგომ?
_ ბავშვი სამ აპრილს გარდაიცვალა, მე სახლში ვიყავი წასული და ღამე შემატყობინეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. ჩემ მისვლამდე იქ ქალბატონებმა მიმასწრეს და იყო ერთი ამბავი, გაწევ-გამოწევა. სწორად გამიგეთ, საქონელს არ გადაიყვანენ იმ მანქანით, მიცვალებულზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. მისვლისთანავე ყველას დაველაპარაკე, ვთხოვე დაწყნარებულიყვნენ და მათთვის მიეცათ თავიანთი საქმის შესრულების საშუალება.
მეორე დღეს მოასვენეს, მე მასთან არავინ მიმიშვებდა. ჩემი და შევიდა და აღმოჩნდა, რომ ბავშვი სულ დაჩეხილი იყო, მარტო სახე ჰქონდა მთელი. ჩემი და გადამირჩა გაგიჟებას და წამლებზე მყავს ახლაც ამ სურათის შემდგომ.
_ რამდენადაც ვიცი, თქვენ დღემდე არ გაქვთ ხელთ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც უნდა იყოს მითითებული, თუ რა გახდა რეალურად გარდაცვალების მიზეზი. ამ დასკვნის მომზადებას 48 სამუშაო დღე სჭირდება.
_ არ ვჩივივარ, მაგრამ პასუხის ღირსიც აღარ ვარ მშობელი მამა? ვიცი, რომ საავადმყოფოს ვერ მოვუგებ, ის საბუთებიც ნანახი მაქვს, რაც წერია ბავშვის კლინიკური სიკვდილის მიზეზად, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა მაინც მომცენ, რომ რაღაც სიმშვიდე მივიღო. მეუბნებიან, რომ სასამართლო უნდა გაიმართოს, რად უნდა ამას ერთი წელი, სად არის სამართალი?
მაქვს სურვილი, თუ ეს გამომივიდა, ყველა საავადმყოფოს უნდა ჩაუტარდეს რემონტი და ეს ვირუსი გაქრეს, ეს უნდა დაიწყონ აღნიშნული კლინიკიდან. ახალგაზრდა თუ ხანში შესული ადამიანი რომ შევა კლინიკაში, ის რომ ცოცხალი გამოვიდეს საავადმყოფოდან.
არც არავინ მაქცევს ყურადღებას და ერთი მეორესთან მამისამართებენ. ვხვდები, რომ დროს აჭიანურებენ, კედელთან ვარ მიყენებული.
აღნიშნულის შესახებ „ქრონიკა+“ დაუკავშირდა თათული მაჭარაშვილის საქმის გამომძიებელ ირაკლი იაძეს, რომელმაც არ ისურვა ჩვენთან საუბარი და გვითხრა: „თუ რამე აინტერესებს (მამია მაჭარაშვილი), თავად დამიკავშირდეს. მე მას ვესაუბრე და იცის კარგად ყველაფერი, რის გამოც არის დროში გაწელილი ეს პროცესი. ამ საკითხზე სხვასთან საუბარს არ ვაპირებ“.
რედაქციისგან: Klebsiella pneumoniae არის გრამუარყოფითი ბაქტერია, რომელიც ნორმალურად შეიძლება იყოს ნაწლავურ ფლორაში, მაგრამ იმუნოდეფიციტურ პაციენტებში ან რეანიმაციაში ყოფნისას იწვევს მძიმე ინფექციებს.
თუ პაციენტი დიდი ხნის მანძილზე იმყოფება რეანიმაციაში და მას აღნიშნული ვირუსი შეეჭრება, ის იწვევს: ფილტვების ანთებას (პნევმონია), შარდსასქესო გზების ინფექციას, სისხლის ინფექციას (სეფსისი) და ჭრილობების ინფექციებს.