ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ ლიდერი, ლალი ანთია, „ქრონიკა+“-ის დახმარებით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მიმართავს. კვირიკაშვილთან და გომელაურთან მისი მიმართვის მიზეზი ამჯერადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაა.
8 აგვისტოს ლალი ანთიამ ზუგდიდში ბრიფინგი გამართა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ლევან შონიას წინააღმდეგ სკანდალური ფაქტების გამომზეურებას აპირებს. ანთია ისევ ულტიმატუმზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ აგვისტოს ბოლომდე სამეგრელოს გუბერნატორის მხრიდან რეაგირება არ იქნება, ყველაფერზე ღიად ილაპარაკებს.
„ქრონიკა+“ ლალი ანთიას ესაუბრა და შეეცადა გაერკვია, რა დამატებითი პრეტენზიები აქვს მას ლევან შონიასთან:
„მივმართავ ბატონ კვირიკაშვილსა და ბატონ გომელაურს: 67 წლის ქალი ვარ, რომელიც წლებია, ვებრძვი უსამართლობას. მოგახსენებთ, რომ გამართლებული ვარ ე. წ. მილების საქმეზე, რომელიც ჩემმა მტრებმა ხელზე დაიხვიეს და რაც სოფელ რუხიდან და რიყიდან მოქმედი თუ უმოქმედო მილების ამოღებას ეხება, გამართლებული ვარ ყველა ინსტანციაში _ უზენაეს სასამართლოშიც კი.
მე, სრულიად უდანაშაულომ, ყველა სიძნელე გადავლახე, ჯანმრთელობა უკიდურესად შემერყა, მაგრამ მაინც ბოლომდე მივდიე ამ საქმეს. მაქსიმალურად ვიკავებ თავს, ვერიდები ნებისმიერ დაპირისპირებას, წყენას, წინააღმდეგობას, არ მინდა ზედმეტად ხმაური.
ნამდვილად გულწრფელად გეუბნებით, არ გებრძვით. განსაკუთრებით თქვენ მოგმართავთ, ბატონო ვახტანგ, რადგან თქვენ უფრო დამაჯერებლად იცით, რა ხდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სამეგრელოში და კერძოდ, ზუგდიდში, როგორ ეწინააღმდეგებოდნენ ბატონ ბიძინას მწამებლები იმ დროს. სამწუხაროდ, სწორედ იმ ხალხის მხარდამჭერები მართავენ დღეს ზუგდიდს _ ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმიდან გადმოპორტირებულები არიან დღეს ვითომ „ოცნების“ მხარდამჭერები.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლებს შორის საინიციატივო ჯგუფში თავიდან 7 კაცი ვიყავით და 10 დღეში გავხდით 150, მერე კი ამაზე ბევრად მეტიც...
დღეს ვისაც ხედავთ ხელისუფლებაში ზუგდიდში, „ოცნების“ მოწინააღმდეგეები იყვნენ 2012 წლის 15 აგვისტოს და 22 სექტემბერს, როცა ბიძინა ივანიშვილი სტუმრობდა სამეგრელოს და ზუგდიდს თქვენთან ერთად. დღეს ჩვენ ვართ მტრებად მონათლული და ისინი _ მოკეთეებად. აი, ამიტომ ვარ თავშეკავებული: დაუფასებლობა და ერთგულების იგნორირება ძალიან გულსატკენია.
ბევრჯერ სცადეს ჩემი და ჩემი ოჯახის მორალურად განადგურება. ფიზიკურად განადგურებაზეც არ იტყვიან უარს. ყველანაირი სიბინძურე მე მომახვიეს თავს, მაგრამ პასუხი არ გამიცია, მაშინაც მაქსიმალურად შევიკავე თავი.
ბატონო ვახტანგ, არ დამთავრდა არაფრით „მილების თემით“ სპეკულირება იმის მიუხედავად, რომ სამართლიანი მოსამართლეების მიერ გამოტანილი გამამართლებელი გადაწყვეტილება ხელთ მაქვს. მაინც „მილების საკითხი“ წამოწიეს და ისევ მორალური ტერორის ქვეშ ვარ.
განგებ ქმნიან ფონს, რომ ვიხმაურო. ვერიდები არეულობას, დაპირისპირებას, წყენას, მაგრამ არ მაძლევენ სიმშვიდის, სიწყნარის ნებას, ძალიან უნდათ, ხელის შემშლელად გამომაცხადონ და ამით თავიანთი უნიათობა გადაფარონ.
დაგროვდა ბევრი გადაუჭრელი პრობლემა, ხალხი მოატყუეს, ზუგდიდის ხელისუფლება ადგილზე ერთმანეთთან დაპირისპირებითაა დაკავებული, ვერ იყოფენ თანამდებობებს, მილიონიან ტენდერებს, გამძაფრებულია ნეპოტიზმი, დაყოფილი არიან კლანებად. ხალხის პრობლემები არავის აწუხებს.
კიდევ ვიმეორებ: ამ ყველაფერს ვუყურებ უხმაუროდ და შორიდან, მაგრამ ამ ფონზე რომ მთავარი ყურადღების საგანი მე და მილების თემა ვართ, ეს სასაცილოა და უკვე ყველანაირ ზღვარს გადასვლაა. ამიტომ მოგმართავთ თქვენ, რომ მაიძულებენ, დამთავრებულ საქმეზე ვილაპარაკო და მუდმივად თავი ვიმართლო.
ბევრჯერ მაქვს აღნიშნული, რომ მილებთან მე არაფერი შეხება არ მქონია. ლევან შონია, დღევანდელი გუბერნატორი იყო მაშინ სამხარეო პოლიციის უფროსი, უშიშროებაც მას ემორჩილებოდა, ძალაუფლება თვითონ ჰქონდა, თუ ჰქონდა. ედიშერ თოლორაია იყო გამგებელიც და „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეც. სად იყვნენ მაშინ? რატომ არ დამაკავეს, თუ ქურდი ვიყავი?
ბევრი რომ არ გავაგრძელო, 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, 178-ჯერ ჩაინიშნა პროცესი მთელი ამ ხნის განმავლობაში, რამაც მორალურადაც და ფიზიკურადაც გამანადგურა. ამის მიუხედავად, ყველა წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად ახსენებენ საზოგადოებას მილების საქმეს და, პირველ რიგში, გუბერნატორი ლევან შონია, მერე კი ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლება, იძულებულს მხდიან, ყველაფერს ფარდა ავხადო _ ვინ იყო „მილების საქმის“ ინიციატორი, ვინ მიითვისა ფული მათი ჯართად ჩაბარების შემდეგ, ვინ შეუწყვიტა ამ გზით სასმელი წყლის მიწოდება რიყის მოსახლეობას.
მე არ მინდა, ხიფათს გადავყარო პარტიის ვითომ მხარდამჭერები, არ მინდა, ჩირქი მოვცხო პარტიას, იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლობას ებრძოდნენ, მაგრამ ასე მამწარებენ. სიმართლეს ვეტყვი საზოგადოებას ერთ კვირაში და ყველას დავასახელებ, ვინც მილების საქმეში იყო ჩარეული _ ხალხი ნახავს მათ ფოტოებს“.
ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ ლიდერი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას ცალკე მიმართავს და იმ თანადგომას ახსენებს, რაც მისთვის გაუწევია:
„ლევან, გაიხსენე, რამდენი სიკეთე გამიკეთებია შენთვის, როცა 2012 წელს სამხარეო პოლიციის უფროსად დაგნიშნეს, საზოგადოების დიდი ნაწილი წინააღმდეგობას გიწევდა და არა მარტო მე, ბევრი გედექით მხარში.
ლევან, შენ ის კაცი ხარ, ვინც შენს მოადგილეს „ქურდულად“ გაურჩიე საქმე და სამსახურიდან სრულიად უდანაშაულოდ გაათავისუფლე.
შენ ის კაცი ხარ, ვინც ცხონებულ გია ჭანიას, რომელიც უანგაროდ გედგა გვერდით, უთხარი, ორი თვით ჩაჯექი ციხეშიო და ზუგდიდიდან მოსკოვში გააქციე... ჩემ თვალწინ დავაჟკაცებული, ოთხი შვილის მამა, სრულიად გაურკვეველ ვითარებაში იქ დაიღუპა...
ლევან, ხომ ვაჟკაცად მიგაჩნია თავი და მოდი, შევხვდეთ მრგვალ მაგიდასთან, შენს მხარეს ვინც გინდა, ის დაისვი, მე დავჯდები აქეთ და მალაპარაკე სიმართლე, ვინაა ჩემსა და შენ შორის ქურდი? თუ არ ვცდები, ღარიბაშვილის მინისტრობის დროს მილების საქმესთან დაკავშირებით გენინსპექციაში პასუხი გაგებინეს _ დანარჩენს უფრო ვრცლად ვიტყვი...
ღმერთია მოწმე, 67 წლის, მძიმე ავადმყოფი ქალი, არ ვაპირებდი არანაირ ხმაურს და დაპირისპირებას, მაგრამ რახან ასე გინდა, „მილების საქმეს“ კი არა, ბევრ საქმეს ავხდი ფარდას.
გამგონი გაიგებს: მე მიშას ბოდიში კი არ მოვუხადე, არამედ ის ვთქვი, რასაც ახლაც ვიმეორებ: თუ გადმოპორტირებულები ისევ თანამდებობებზე იქნებოდნენ, მაშინ მიშას რას ვერჩოდი, კუბოთი რომ დავრბოდი _ 2012 წელი ნეტა რატომ მოხდა-მეთქი?!.“
ლაშა ბერულავა