QronikaPlus
„Тупы как пробки“

„Тупы как пробки“

2017-04-08 09:07:47

რაც ვერ მოახერხა ვერც ერთმა ხელისუფლებამ, ის მოახერხა ცუკერბერგმა _ ოფიციალური თუ არა, ერთგვარი, არაოფიციალური ლუსტრაცია მაინც ჩაგვიტარა.   უკვე ყველა წერს, ვისაც კი სკოლისა თუ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სტრიქონი არ დაუწერია და ყველას გვაქვს საშუალება, თვალი ვადევნოთ მათ ფიქრებს, აზრებს, განწყობებსა და სურათი მართლაც შემაძრწუნებელია. ფეისბუკის მინდვრებში ღვარად მოედინება გესლი, ბოღმა, შურისძიების დაუოკებელი წყურვილი, მატრაბაზობა, მატრაკვეცობა და რაღა აღარ. ადრე თუ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გესლი და ბოღმა მხოლოდ მათ ვიწრო წრეში იფრქვეოდა და მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ საშუალება, ეს თავისი ღვარძლი ბეჭდური, ან ტელემედიით გაეცნოთ ფართო საზოგადოებისთვის, დღეს ეს ყველას შეუძლია. შეუძლია და ძალასაც არ იშურებს. ბოლო ეტაპზე ორი მოვლენის მიმართ დამოკიდებულებამ მიიქცია ჩემი ყურადღება. ერთი _ უკვე დამდგარი სიკვდილი და მეორე _ კარს მომდგარი სიკვდილი. გარდაიცვალა რუსული პოეზიის წარმომადგენელი ევტუშენკო. სიკვდილის პირასაა ვახტანგ რჩეულიშვილი, მძიმედაა ავად მისი მეუღლე _ მაია რჩეულიშვილი, ციხეშია მათი ვაჟი, დაიჭირეს მაია რჩეულიშვილის დაც _ რუსუდან კერვალიშვილი. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ისეთი აღმაფრენით ეგებება რჩეულიშვილების ოჯახის მიზანმიმართულ ამოწყვეტას და ისეთი გზნებით გლოვობს ევტუშენკოს, გული თუ გაქვს, თუ არ გაგისკდება, უნდა აგერიოს მაინც. და თუ ოდნავ მსუბუქი დამოკიდებულება შეგატყვეს მტრულად განწყობილი პოეტის სიკვდილის მიმართ, უმალ აქეთ დაგადანაშაულებენ  შოვინიზმში, ქსენოფობიაში, რომ ადამიანის სიკვდილი გიხარია, რომ „მაააღალი“ პოეზიის არაფერი გაგეგება. მერე რა, რომ ბევრმა სიკვდილის შეტყობის მერე დაგუგლა, ვინ იყო, საერთოდ, ეს ევტუშენკო, მთავარია, რომ ახლა მოდაშია ცრემლების ღვრა, მათი თქმით, გენიალური პოეტის გარდაცვალების გამო. ვიღაც ახსენებს მის დისიდენტობას, _ იმას, თუ როგორ შეხვდა პროტესტით პრაღის მოვლენებს. მერე რა, რომ 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საერთოდ კრინტიც არ დაუძრავს და მერე და მერე არ იშურებდა ანტიქართულ კომენტარებს. არ სურთ, არ აწყობთ იმის აღიარება, რომ ევტუშენკოს სძულდა ქართველები და იხსენებენ იმას, თუ როგორ უყვარდა. და არ გაინტერესებთ, როდის და როგორ უყვარდა? უყვარდა რუსის მონებად, მანამ ქართველმა არ მოითხოვა კუთვნილი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. და უყვარდა არა როგორც თანასწორს თანასწრორი, არამედ უყვარდა კვარცხლბეკიდან _ ზემოდან ქვემოთ. სულ ხუთი ღერი რუსული რომ იცით და სამ ღერს რომ უშურველად აფენთ მის კუბოზე, ჩახედეთ მის პოეზიას. მხოლოდ რამდენიმე სტრიქონის გახსენებაც კმარა: „Там лимоны, апельсины, сладкое вино Там усатые грузины ждут давным-давно. Пусть они тупы как пробки – это не беда...“ გეკითხებით თქვენ, რაიმეთი განსხვავდება იგი ლერმონტოვისგან, რომელიც ბრძანებდა: „Бежали робкие грузины!“ იმ ლერმონტოვისგან, რომელიც წერდა: ,,მე მიყვარს კავკასია, მაგრამ მძულს ისინი, ვინც ცხოვრობს იქ. არსად მსოფლიოში არ არის ისეთი ველური ჩვევები და მახინჯი ხალხი, როგორც კავკასიელები. თუ ჩვენ არ ამოვწყვეტთ მათ, ეს ჭუჭყი ჩვენს ქალაქებში აღმოჩნდება“. დიახ, გეკითხებით, განსხვავდება იგი ამ ლერმონტოვისგან? მაგრამ თქვენთვის ხომ ორივე „ძაან ძვირფასი და ახლობელია“... თუ თქვენი თავმოყვარეობისთვის მხოლოდ ის კმარა, ლერმონტოვს რომ არ ეთანხმება და ამბობს: „Пусть они тупы как пробки – это не беда, Но зато они не робки – парни хоть куда!“ უმორჩილესი თხოვნა მაქვს, ნუ ჩაჰყვებით მთლად საფლავში ევტუშენკოს, განა რამე, უბრალოდ, ზემოთაც გვჭირდებით ჯერ... არ მემეტებით საფლავისთვის. და თუ მაინც თქვენსას არ იშლით, სანამ ჩაჰყვებით საფლავში, იქნებ, ამიხსნათ, რატომაა თქვენთვის ასე ძვირფასი პოეტი, რომელსაც სძულს ქართველები? ან ისეთებად უყვარს, როგორც თავად სურს, რომ ვიყოთ? და ჩვენ მიმართ სიძულვილსაც რომ შევეშვათ და განზოგადდეთ, ხომ ფაქტია, თუ ადამიანს რომელიმე ერის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს, ის ასევეა განწყობილი სხვა ერების მიმართ, საერთოდ, კაცობრიობის მიმართ? და რატომ უნდა ახალო თავი კაცთმოძულე პოეტის კუბოს? მით უმეტეს, მაშინ, როცა მსოფლიო პოეზია სავსეა კაცთმოყვარე, ჰუმანისტი პოეტებით? რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ცოცხალია და ვინ მკვდარი, ვინ ქართველია, ვინ რუსი, ვინ ფრანგი და ვინ ამერიკელი? ლექსი მჭადია, ხინკალია თუ ბოზბაში, მხოლოდ ცხელი, ქაფქაფი რომ ვარგოდეს? მეტყვით, ჩვენ რა ვიცით, ის პოეტები რას ფიქრობდნენ სხვა ერებზეო. კი, შეიძლება, ზოგი ფიქრობდა კიდეც სხვაგვარად და ალმაცერადაც უყურებდა სხვა ერებს, მაგრამ იღვრებოდა ეს მათ პოეზიაში? სიძულვილს და ჩვენ მიმართ აგდებულ დამოკიდებულებასაც რომ შევეშვათ, იქნებ, ამიხსნათ, რა ფენომენია რომელიმე ერზე ასე ხელაღებით დასკვნის დადება, თან პოეზიაში? შესაძლოა, მას მართლაც „პროპკასავით ტუპოები“ შეხვდნენ აქ, მაგრამ ერს რომ რამდენიმე შემხვედრით აფასებ, პოეტი ხარ თუ უბრალოდ შლოპანციანი ტურისტი? გასაგებია, რომ ბევრი იქცევა ასე, უცხო ქვეყანაში რომ ჩადის, რამდენიმე შემხვედრის მიხედვით იქმნის განწყობას იტალიელებზე, ბერძნებზე, ფრანგებზე, იგივე რუსებზე. ზოგს კარგი ადამიანები გადაეყრებიან და მთელ ერზე განავცრობს ამ განწყობას, ზოგს უხიაგი _ და შემდეგ ყველას ერთად ლანძღავს. კი მაგრამ, ამ ზედაპირული დამოკიდებულებებით უნდა სარგებლობდეს პოეტი, თქვენგან ასე ნაქები და პატივცემული? და კიდევ, ევტუშენკო ხშირად დაიარებოდა საქართველოში, ხვდებოდა არაერთ ქართველს აქაც და მოსკოვშიც და ეს არც ის შემთხვევაა, რომ მას სამიოდე ქართველი გადაეყარა სადღაც და დაასკვნა, რომ ქართველები არიან „тупы как пробки“ იმ წითელ ინტელიგენციას მინდა ვკითხო, რომელსაც ის არაერთხელ უქეიფებია და თან გადაჰყოლია, ეს გხიბლავთ, ვიღაცისთვის „тупы как пробки“ რომ ხართ? ანდა მათ, ვინც დღეს ძაან „სვეტსკობს“ და ატრიალებს მის სტრიქონებს წაღმა-უკუღმა. ეს სტრიქონებიც დაატრიალეთ, ესეც მისი „ოქროს კალმის“ ნაჟურია. და კიდევ, კარგად გაიხსენეთ ყველა მისი ანტიქართული განცხადება, თუ არ გახსოვთ, დაგუგლეთ. ალბათ, იცით კიდეც და სულ არ გაღელვებთ, რა გაეწყობა, გადაფრინდით და ორი წრე დაარტყით მის ცხედარს, ეგებ, დაგიფასოთ და სიკვდილის მერე მაინც შეიცვალოს თქვენზე აზრი ბოროტების იმპერიის იდეოლოგმა.... ევტუშენკოს იქ მისტირიან, გლოვობენ და აქ ვხატანგ რჩეულიშვილის უმძიმეს მდგომარეობაზე ღლიცინებენ და ნიშნის მოგების ტაშფანდური აქვთ. არასოდეს დამიკლია კრიტიკა ამ ოჯახისთვის, არც მაშინ, როცა შევარდნაძეს გვერდს უმშვენებდა, არც შემდეგ, უცელოფნოდ რომ ისროდა ისტორიის სანაგვეზე იგივე შევარდნაძეს და არც შემდეგ, ისევ გვერდით რომ ამოუდგა იმავე შევარდნაძეს. და არც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მაგრამ ბეცი უნდა იყო, რომ დღეს არ დაინახო, _ მისი ოჯახი პირადი შურისძიების მსხვერპლია და მიზანმიმართულად ხორციელდება ამ ოჯახის ამოწყვეტა. არავის ადარდებს დაზარალებულები, ვისი ინტერესების მოშველიებითაც ცდილობს არაერთი შერჩევითი სამართლის ამ უმახინჯესი გამოვლინების „გაპრავებას“. დიახ, ეს ხელისუფლება და მისი არაოფიციალური მმართველი ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში შევლენ იმით, თუ როგორ ამოწყვიტეს რჩეულიშვილებისა და კერვალიშვილების ოჯახი. დაზარალებულის ინტერესებს რომ გვახსენებთ, ვინც სოლიდარული ვართ მათი მდგომარეობის მიმართ, გეკითხებით, რომელიმე დაზარალებულს აუშენდა, ან აუშენდება რამე მათი ამოჟუჟვით? ამ კითხვას რომ სვამ იგივე ფეისბუკში, ერთნაირი მესიჯბოქსით გპასუხობენ, _ არც მკვლელის დასჯით ცოცხლდება მკვდარი და მკვლელი არ დაისაჯოსო?! დიახ, მკვლელის დასჯით არ ცოცხლდება მოკლული, მაგრამ არც მკვლელის დაუსჯელობით ცოცხლდება მოკლული! მოკლულს ვეღაფერი გააცოცხლებს, იმ ტიპის შეცდომას თუ დანაშაულს კი, რაც ამ ოჯახის კისერზეა, ეშველება _ შეიძლებოდა სიტუაციის გამოსწორება და დაზარალებულების დაკმაყოფილება, მაგრამ ამ ხელისუფლებას სულ ზებრის ზოლებზე ახატია დაზარალებულები, მათ სხვა ამოცანა აქვთ და იმ ამოცანას ასრულებენ, ამოცანა კი ამ ოჯახის სამაგალითოდ დასჯაა. თუ ამ ხელისუფლებას სამშენებლო კომპანიებისგან დაზარალებულთა ხვედრი აღელვებს, რატომ არ იჭერენ იმ სხვა კომპანიების საღსალამათ მესვეურებს, არხეინად რომ დაიარებიან? რატომ არ პოულობენ გამოსავალს ამ დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად? ამას რომ შეახსენებ, ვიღაც გეცემა და გეტყვის, _ რახან იმათ არ იჭერენ, რა, ესენიც არ დაიჭირონო? და წაგიკითხავენ ლექციას, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ავადმყოფი იქნება თუ კარგად მყოფი. ისეთ აზარტსა და ისტერიკაში ვარდებიან, გეგონება, ვინმე ამბობს, რომ დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს, გეგონება, ვინმე ამბობს, რომ მათ დაზარალებულებს ზარალი არ უნდა აუნაზღაურონ. მაგრამ რანაირად და ვინ აუნაზღაურებს დაზარალებულებს ზარალს? აპარატს მიერთებული ვახტანგ რჩეულიშვილი? გისოსებს მიღმა მყოფი მაია რჩეულიშვილი? გუკა რჩეულიშვილი, თუ რუსუდან კერვალიშვილი? დაზარალებულებზე აპელირებით, რომ ცდილობთ გულქვაობისა და მეტიც, ავი სიხარულის „გაპრავებას“. დავიჯერო, იოტისოდენა განსხვავებას ვერ ხედავთ ადამიანის სიცოცხლესა და ბინის აშენების ხანგრძლივ ლოდინს შორის? როდესაც სასწორის ერთ პინაზე დევს ადამიანის სიცოცხლე, აზრი აქვს, რაღა დევს მეორე პინაზე? რაა ფასეული ამქვეყნად _ ადამიანის სიცოცხლე, თუ აუშენებელი ან აშენებული კედლები? გეკითხებით, თუ ასე გაღელვებთ, რატომ არ ითხოვთ სხვა კომპანიების მესვეურთა ციხეში გამოკეტვას? რატომ ხართ სოლიდარულები ბიძინა ივანიშვილისა და მის მიერ ორკესტრირებული შერჩევითი სამართლის მიმართ? რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის კონსტიტუცია, ღმერთი _ ნიშნის მოგება და შურისძიებაა მხოლოდ? როდესაც გარკვეულ ნაწილს სიხარულს გვრის ადამიანის სიკვდილი და ამ საიხარულს არც მალავს. არც ესირცხვილებათ და ურცხვად წერენ, _ ახია, უარესის ღირსები არიან და ა. შ. იმ ბილწ და უხამს შეფასებებს, რასაც არ იშურებენ, არც გავიმეორებ. უხარიათ შორენა ბეგაშვილის გოგოს გადმოვარდნა, მაია ასათიანის ქალიშვილის ტრაგიკული აღსასრული, ახლა რჩეულიშვილების ამოწყვეტა უხარიათ. ალბათ, ვერ ამბობენ, თორემ ნინო დარასელის ნახვაც უნდათ გისოსებში და, ალბათ, ზაზა დარასელის საფლავსაც დაადგამდნენ გისოსებს. ვერ მალავენ სიძულვილს, სიხარულს, რომელსაც რჩეულიშვილების ამოწყვეტა ანიჭებთ და ამ სიხარულს სამართლის დაპურებადაც ასაღებენ და რაღას არ იხსენებენ, _ აუშენებელ ბინებს თუ მაია რჩეულიშვილის ძველ ინტერვიუებს, სადაც ის სიმდიდრით იწონებდა თავს. ზოგმა, მე მგონი, შურისძიებით ისე გაიხარა, რომ ზარალი აღარც ახსოვს და ზდილობისთვისაა დაზარალებული... როგორც ჩანს, ეს ქვეყანა ის ქვეყანაა, სადაც არაფრის დიდებით არ უნდა წაიქცე, არც ჩაიმუხლო, თორემ ისე გადაგთელავენ გახარებულები, ძვლებსაც ვერ აკრეფ. მტერი უნდა გძულდეს და უნდა უმტრო. ოღონდ ეს მხოლოდ სამშობლოს მტრებს ეხება და არა შენს პირად მტერს თუ გადამგდებს, მომტყუებელს, რომელსაც საუკუნო მტრად აცხადებ და ყიჟინას სცემ, როცა ჰორიზონტზე მის გვამს ხედავ. მესმის, გაგიხარდეს იმის გამწარება, გაკოტრება, დაჭერა, ვინც გაგამწარა, მოგატყუა, მაგრამ სიკვდილი? და ისე გაგიხარდეს, რომ აღარც გაგახსენდეს, იმ ზარალს ვინ აგინაზღაურებს? ივანიშვილი გაყიდის მათ ქონებას და თქვენ დაგირიგებთ? თუ თქვენთვის უნდოდა ფულის დარიგება, ზარალის ანაზღაურება, მაგათი ამოწყვეტა რა საჭირო იყო, ისე ვერ გაუყიდდა ქონებას და ვერ დაგირიგებდათ? თავისი ანგარიშები გაასწორა მაგ ოჯახთან და თქვენ? შურისძიებით მოგვრილი სიხარული გარგუნათ მხოლოდ. მე ერთი რამ მიკლავს გულს, ერთი და იგივე გული როგორ ჩვილდება, როცა კაცთმოძულე პოეტი კვდება და როგორ ქვავდება, როდესაც მთელი ოჯახი წყდება?!. ჩვენს წინაპრებს ნათქვამი ჰქონდათ, „მტერსაც არ ვუსურვებო“. და ახლა რას ვშვრებით, მტრის კუბოს თავს ვახლით და ყველა სხვას ვუსურვებთ იმას, რასაც მტერსაც არ უსურვებდნენ?.. რეზო შატაკიშვილი

გაზიარება