21 ივნისს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზზე დარეკეს და განაცხადეს, რომ ჩეხი გოგონა სიღნაღში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში ღამის გასათევად დაბინავდა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცმა გააუპატიურა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის რაიონული განყოფილების წარმომადგენლები მივიდნენ. ექიმებმა გოგონა წნორში, „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს. ეს ფაქტი კახეთის საინფორმაციო ცენტრს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრშიც დაუდასტურეს და წნორის კლინიკაშიც. სამედიცინო ცენტრის დირექტორის, ოთარ რუაძის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პოლიციელებმა ის ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს. სამართალდმცველებმა ბრალდებული, ახალგაზრდა მამაკაცი, მალევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ჩეხი ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებული 37 წლის დავით ლეკაშვილი დამნაშავედ ცნო და 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ ბეგიაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
რა მოხდა, რეალურად? ამ საკითხზე „ქრონიკა+“ მსჯავრდადებულ დავით ლეკაშვილის ადვოკატს, ზურაბ ბეგიაშვილს ესაუბრება:
_ დავით ლეკაშვილი არის უდანაშაულო პატიმარი. თუ ვინმე დაზარალდა ამ ფაქტიდან, დაზარალდა თავად დავით ლეკაშვილი. აღსანიშნავი და ლოგიკურია, რომ იგი არ აღიარებს დანაშაულს. ის განმარტავს, რომ გაუპატიურება არ ყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულის სასამართლოს წინაშე პირველი წარდგენისა და მთელი განხილვის მიმდინარეობის დროს აღნიშნავდა, რომ დარღვეული იყო მთელი რიგი საპროცესო ნორმები. ადგილი ჰქონდა ბრალდებულის უკანონო დაკავებას და რომ მის მიმართ გატარდა მთელი რიგი უკანონო მოქმედებები.
_ კერძოდ, რაზე დაობს მხარე, ბატონო ზურაბ?
_ პირველი: გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მოსამართლის განჩინების გარეშე. ამასთან, არ მომხდარა ჩატარების კანონიერების შემოწმება სასამართლოს მეშვეობით. თავიდანვე ლეკაშვილი მოსამართლის განჩინების გარეშე დააკავეს.
მაგალითად, ბრალდებულის მხარემ დაკავების ოქმი შეადგინა არა დაკავების დროს ქალაქ თბილისში, არამედ პოლიციის განყოფილებაში სიღნაღში, რაზეც ბრალდებულის მხარეს ოქმის შეუდგენლობის ობიექტური მიზეზი არ ჰქონია. ასევე ცალკეულმა პოლიციის მუშაკებმა სრულიად უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ლეკაშვილს, არ შედგა სათანადო ოქმი, რაც ადამიანის უფლების დარღვევაა. დღეს უკვე მსჯავრდადებულის მიმართ საქმე არის ინსპირირებული, ის აღსავსეა გამოგონილი და შეთითხნილი ცრუ ფაქტებით და ცრუ მტკიცებულებებით.
_ ე. ი. ამბობთ, რომ გაუპატიურება არ ყოფილა?
_ კანონი გვეუბნება, რომ გაუპატიურება და უმწეო მდგომარეობის დროს სქესობრივი კავშირი ორივე თანაბრად დასჯადია. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მათი ვერსიით, დაზარალებულის განცხადებით, ის იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში და სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ დავითი დამნაშავედ გამოაცხადეს.
_ რა მოხდა რეალურად?
_ ლეკაშვილი შემთხვევით ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამ ჩეხ ტურისტს შეხვდა, რომელთაც სიღნაღში წასვლა სურდათ. დავითმა მათ მეგზურობა გაუწია და სიღნაღში წაიყვანა, სადაც ისინი ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში დააბინავა. სამი ტურისტიდან ორი მანდილოსანი იყო, ხოლო ერთი _ მამაკაცი. როგორც ტურისტებმა დავითს უთხრეს, ისინი იყვნენ სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლები.
_ რა მნიშვნელობა ჰქონდა, სად მუშაობდნენ?
_ ოდნავ მოგვიანებით მიხვდებით, რა მნიშვნელობაც ჰქონდა. სიღნაღში გიდობა-მეგზურობა მათ დათომ გაუწია, საღამოს კი, როგორც ქართველ კაცს სჩვევია, ერთად ივახშმეს და ალკოჰოლიც დალიეს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მოსასვენებლად წავიდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, ტურისტმა გოგონამ, დათო თავისთან ოთახში მიიწვია, სადაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მათ შორის ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი მოხდა. აქვე გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ოთახში, სადაც ე. წ. დაზარალებული და ახლა უკვე მსჯავრდადებული იმყოფებოდნენ, იწვა ამ გოგონას მეგზური ტურისტი გოგონაც, რომელსაც საძილე ტომარაში ეძინა. რატომღაც, მას მხოლოდ მოგვიანებით გამოეღვიძა და დათოსგან გასაკვირად ის და მისი პარტნიორი ერთმანეთს გამოელაპარაკნენ. ამას მოჰყვა უჩვეულო ხმაური, ხმაურზე მეზობელი ოთახიდან ტურისტი ბიჭიც შემოვიდა და მან ცხელ ხაზზე დარეკა, სადაც შეტყობინება გააკეთა, რომ მისი მეგობარი გააუპატიურეს.
_ გავარკვიოთ უმწეო მდგომარეობის მნიშვნელობა: იქნებ, ტურისტი სწორედ ასეთი დაუცველი იყო იმ წუთში?
_ შეუძლებელია, ის ტურისტი გოგონა საკმაოდ ცნობილი სპორტსმენია, მასზე დათო ძალას ვერ იხმარდა. თან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა როგორც ერთი, ასევე მეორეც. თავად გამოძიება როგორც ასახელებს ტურისტის ფიზიკურ მდგომარეობას, ვიზუალურად ცალსახაა, რომ აქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. აქვე აღვნიშნე, რომ ოთახში მასთან ერთად იყო კიდევ ერთი გოგო. თუ ეს ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი არ იყო, მაშინ დაზარალებული, უბრალოდ, დაიყვირებდა მაინც? რა გამოდის, სქესობრივი კავშირი შედგა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ახლად გაღვიძებულმა ყვირილი, ხოლო მათმა მეგზურმა მეგობარმა კი ცხელ ხაზს დაურეკა.
_ თავად დაზარალებული რას ამბობს?!
_ იგი ამბობს, რომ მას ეძინა და ვერ გაიგო, როგორ დაამყარეს მასთან სქესობირვი კავშირი(!). მან მხოლოდ მაშინ ერთადერთხელ მისცა გამოძიებას ჩვენება და საქართველოდან გაემგზავრა, მას შემდეგ ის არ გამოჩენილა, არც სასამართლო პროცესზე ჩამოსულა, ყველანაირი საკომუნიკაციო წყარო გააუქმა და მხოლოდ ასე, ერთი კუთხიდან დანახულზე, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სამშობლოს დაცვის მეტი არაფერი გაუკეთებია თავისი ცხოვრების მანძილზე, დააკავეს და მიუსაჯეს. რატომ და რისთვის, პასუხი არ არსებობს.
_ რა გახდა მთავარი მიზეზი, ანუ რატომ დაადანაშაულეს ლეკაშვილი?
_ მივყვეთ ქრონოლოგიურად:
პირველი აღვნიშნე, რომ ტურისტებმა მას უთხრეს, რომ ისინი სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლები იყვნენ. ბუნებრივია, მათ სამოგზაურო დაზღვევა ჰქონდათ. დაზღვევის შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მათზე ძალადობა დაფიქსირდებოდა და ამაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა, ისინი საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას მიიღებდნენ, მათ ეს ძალიან კარგად იცოდნენ, ისინი სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლები იყვნენ. სწორად ჰქონდათ გათვლილი, სად, რომელ ქვეყანაში რა უნდა გაეკეთბინათ და, აი, ამ დროს ლეკაშვილი აღმოჩნდა მსხვერპლი.
_ გამოძიებამ ეს არ იცოდა?
_ გამოძიებას ძალიან კარგად შეეძლო ამის დადგენა, უბრალოდ, როდესაც ტურისტები საზღვარზე შემოვიდნენ, ენახათ, რა სამოგზაურო დაზღვევა ჰქონდათ მათ, მაგრამ გამოძიება ამ მიმართულებით საერთოდ არ წავიდა. უარესი, ტურისტებმა დაიხურეს ქუდი და მეორე დღესვე გაქრნენ საქართველოდან. რატომ? ნუთუ, არ აინტერესებდათ, რა ბედი ეწეოდა საქმეს? იმიტომ, რომ მათ ნახეს, საქმე აღიძრა, ჩეხეთის საელჩო ახმაურდა და შედეგიც ნათელი იქნებოდა... ამ ყველაფრის ფონზე ისმის კითხვა, _ ვინ არის ამ ორ ადამიანს შორის დაზარალებული _ ჩეხი გოგონა, თუ ქართველი დავითი?!
_ საკმაოდ არგუმენტირებულად უდგებით ამ თემას..
_ მაქვს ამის მტკიცებულებებიც და მიტომ. უბრალოდ, მთავარი სხვა რამეა: სახელმწიფომ საკუთარ ტერიტორიაზე მისთვის ომგამოვლილი ვაჟკაცი არ დაიცვა, ან ვერ დაიცვა, და სხვა სახელმწიფომ თავისი მოქალაქე, რომელმაც ზღაპრები მოყვა, ბოლომდე დაიცვა. ერთია, იყო დამნაშავე და იხდიდე სასჯელს...
მეორე _ იყო დანაშაულის, სიცრუისა და ცილისწამების მსხვერპლი!
არა უსამართლობას!
თავისუფლება ქართველ ჯარისკაცს!
ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ!
მაკა მოსიაშვილი