QronikaPlus
ნიკა მელია: „გიგა ბოკერიას რომ ბერკეტები ჰქონოდა, პარტიაში დროებითი დაკავების იზოლატორს გახსნიდა“

ნიკა მელია: „გიგა ბოკერიას რომ ბერკეტები ჰქონოდა, პარტიაში დროებითი დაკავების იზოლატორს გახსნიდა“

2017-01-20 05:55:19

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, მიიჩნევს, რომ გიგა ბოკერიამ ენმ-ში სადამსჯელო ექსპედიცია მოაწყო და ეს მაშინ, როცა პარტიიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. მისი თქმით, ბოკერია იმდენად გააღიზიანა პოლიტსაბჭოს კენჭისყრის დროს დამარცხებამ, რომ ბერკეტების ფლობის შემთხვევაში, პარტიაში დროებითი დაკავების იზოლატორსაც კი გახსნიდა და მასაც და სხვებსაც ჩასვამდა. „ქრონიკა+“-თან საუბრისას ნიკა მელია არც გიგი უგულავას კრიტიკას მორიდებია და პირდაპირ თქვა, რომ ის პოლიტპატიმრად და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად შევიდა ციხეში, მაგრამ იქიდან უკვე სხვა პარტიის წევრად გამოვიდა. პირველი შეკითხვა, რაც ნიკა მელიას დავუსვით, ციხეში მყოფ პარტიის გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს უკავშირდებოდა: _ თუ არის გარკვეული და ცნობილი, ვიწრო წრეში მაინც, რა პოზიცია აქვს ვანო მერაბიშვილს და აპირებს თუ არა ის ამ პოზიციის გამჟღავნებას? _ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი და ჩვენ ყველა მისი პოზიციის დაფიქსირებას ველოდებით. ჩემი ინფორმაციით, ის ამ დრომდე ამ დაპირისპირებაში არ ჩარეულა და არც ერთი მხარე არ დაუჭერია, მაგრამ, ჩვენი აზრით, მან თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს და მე მჯერა, რომ გამოხატავს კიდეც. _ უშვებთ შესაძლებლობას, რომ ის პარტიის ყრილობის ჩატარებას ელოდებოდეს, რომ ან გადაირჩიონ, ან ხელახლა აირჩიონ გენერალურ მდივნად, მხარდაჭერის ხარისხს დააკვირდეს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღოს? _ ამაზე ვერაფერს გეტყვით, დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია, ის ჩვენი პარტიის გენმდივანია და, რასაკვირველია, ყრილობაზე, მისი ნების საწინააღმდეგოდ ან მასთან შეუთანხმებლად არ ვაპირებთ მის გადარჩევას და სხვა პირის არჩევას. ყველანი ველოდებით მის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ სად ხედავს საკუთარ თავს. _ გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ის, ჯერ კიდევ, 2013 წელს უპირისპირდებოდა მწვავედ მიხეილ სააკაშვილს, როცა ის პრეზიდენტი იყო და ეუბნებოდა, რომ ქვეყნის პირველი პირის პოსტისთვის მიეხედა, ხოლო პარტიის თავმჯდომარე სხვა ყოფილიყო. თქვენ, ვინც 2013 წელს მიხვედით ენმ-ში, გსმენიათ თუ არა თავად უგულავასგან, ან ვინმე სხვისგან ამ დაპირისპირების არსებობის შესახებ? _ არა, რასაკვირველია, არანაირი მსგავსი დაპირისპირებისა და საუბრის შესახებ არ მსმენია და, საერთოდ, გიგი უგულავას გამონათქვამები ჩემში დიდ გაოცებას იწვევს, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისე საუბრობს, როგორც არ საუბრობენ ყველაზე მწვავე კრიტიკოსებიც კი „ქართული ოცნებიდან“. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. იცით, რა ხდება? გარეთ რომ გახვიდე და თავში აგური დაგეცეს, შეიძლება, ეს მართლაც შემთხვევითობა იყოს, მაგრამ ცხოვრებაში არის ეპიზოდები, როცა თავში აგურის დაცემას შემთხვევითობას ვერ მიაწერ... _ ანუ კიდევ ერთხელ ადასტურებთ, რომ რასაც გიგი უგულავა აკეთებს და, ზოგადად, რაც ენმ-ში მოხდა, ივანიშვილის ხელს ხედავთ? _ რასაკვირველია, არ ვიქნები გულწრფელი, ამ კითხვაზე თუ გიპასუხებთ, რომ ივანიშვილის ხელს ვერ ვხედავ. ივანიშვილის ხელი რომ ჩანს გიგი უგულავას გამოშვებაში, ესეც ცხადზე ცხადია, სხვაგვარად ვინმე ფიქრობს? ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ უგულავა ივანიშვილმა დაიჭირა და ივანიშვილმავე გამოუშვა? ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, მე ის უფრო მაოცებს, რომ ეს კაცი, ვინც ივანიშვილმა დაიჭირა და ივანიშვილმა გამოუშვა, სააკაშვილზე ბრაზობს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილმა დაიჭირა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მაგრამ ის ციხიდან გამოუშვა, როგორც უკვე სხვა პარტიის წევრი... _ ის, რომ გიგი უგულავა ივანიშვილის გამოშვებულია, არც გიგა ბოკერიას უარუყვია, ოღონდ, ის ამბობს, რომ, ადრე თუ გვიან, ყველა პოლიტპატიმარი განთავისუფლდება და, უბრალოდ, უგულავასთან მიმართებით ეს ადრე მოხდა, რადგან სხვადასხვა ფაქტორმა, ძირითადად კი, საერთაშორისო ზეწოლამ იმოქმედა... _ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გიგი უგულავა პოლიტპატიმარი იყო და ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის რომ მოსულიყო პარტიაში, ხელები დაეკაპიწებინა და ეთქვა, აბა, ახლა საქმეს მივხედოთო, ვის მოუბრუნდებოდა ენა მის საწინააღმდეგოდ? მაგრამ ის, რაც მან განთავისუფლების შემდეგ გააკეთა, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება: მას უნდა წარმოაჩინოს, რომ პარტია დაინგრა და დაიშალა, რაც ასე არანაირად არაა. როგორ შეიძლება, ასე იყოს, თუკი პარტიაში რჩება უმრავლესობა და მხოლოდ მცირე ნაწილი მიდის? ასე ინგრევა პარტია? ცხადია, არა. გიგი უგულავას პოზიცია ციხის კარებშივე გახდა ცნობილი, როცა გამოვიდა და „ბიბლიოთეკის უკლონისტები“ უწოდა ჯგუფს, რომელიც ახლა უმრავლესობაშია. ეს იყო მისი პირველი გზავნილი, ხოლო შემდეგ მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელა, რომ წარმოეჩინა, თითქოს პარტია დაინგრა და დაიშალა... _ თქვენთვის წინასწარ იყო ცნობილი იმის შესახებ, თუ რა პოზიციას დაიკავებდნენ გიგა ბოკერია და მისი მხარდამჭერები? _ დიახ, ჩემთვის ამ ჯგუფის საჯარო განცხადებამდე ერთი თვით ადრე იყო ცნობილი ორი რამ: რომ ბოკერია და მისი გუნდი პარტიიდან გეგმავდა გასვლას და რომ ივანიშვილი გიგი უგულავას ყრილობამდე გამოუშვებდა. ამის შესახებ მე საუბარი მქონდა გიგა ბოკერიასთანაც და გიგი უგულავასთანაც, როცა მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევხვდი... _ ანუ თავდაპირველი გეგმა ეგ იყო? პარტიიდან გასვლას ვგულისხმობ. თუ ენმ-ში დარჩენას და, როგორც ამ პროცესს შეარქვეს, „სააკაშვილისთვის პარტიის ახევას“ ცდილობდნენ? _ არა, რასაკვირველია, თავდაპირველი გეგმა არ ყოფილა პარტიის დატოვება, ისინი ამას არ აპირებდნენ, გიგა ბოკერიას გუნდს რომ პოლიტსაბჭოს კენჭისყრის დროს არ წაეგო, სადაც 7-ათასიანი ყრილობის ჩატარება გადაწყდა. ეს წაგება იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც გიგა ბოკერიამ, მის გუნდთან ერთად, პარტიის დატოვება გადაწყვიტა და, რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა, გადაწყვიტა, პარტია ისე დაეტოვებინა, რომ მაქსიმალურად ევნო მისთვის: მისი ინიციატივით პარტიის ცენტრალური ოფისიდან გაათავისუფლეს უამრავი ადამიანი, თანამშრომლები, რომლებიც მას არ ეთანხმებოდნენ და მის მხარდამჭერებად არ მოიაზრებოდნენ, ასევე, ბოკერიამ პარტიული სიიდან ამოყარა ის ადამიანები, რომლებიც მას მხარს არ უჭერდნენ და ეს ყველაფერი გააკეთა მაშინ, როცა პარტიიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა... _ უკვე მეორედ ახსენებთ, რომ პარტიიდან წასვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი. როდიდან ჰქონდათ ეს გადაწყვეტილი? _ როგორც კი გიგა ბოკერიამ 30 ნოემბრის პოლიტსაბჭოს კენჭისყრაზე წააგო, სადაც გადაწყდა, რომ მრავალათასიანი ყრილობა ჩატარდებოდა, ისიც და მისი მომხრეებიც საჯაროდ ღიად გამოთქვამდნენ მზადყოფნას, რომ ყრილობის სამზადისში მიიღებდნენ მონაწილეობას, რომ ემორჩილებიან პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომ სწორედ ეს არის შიდაპარტიული დემოკრატია... სინამდვილეში კი საპირისპიროს სჩადიოდნენ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პარტიისთვის ევნოთ... სადღაც, 5 დეკემბერს, მე მათ შევხვდი და ველაპარაკე. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ პარტიის დატოვებას აპირებდნენ, მაგრამ მაშინ ამბობდნენ, რომ ისინი არ აპირებდნენ პარტიიდან წასვლას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რაც არ იყო გულწრფელი და დამაჯერებელი. ეს შემდეგ მალევე გამოჩნდა კიდეც. ფაქტი კი ისაა, რომ რაც იმ კენჭისყრის წაგების შემდეგ გიგა ბოკერიამ გააკეთა, სწორედ ამის გამო იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას ვერ იტანდნენ _ ეს იყო ანგარიშსწორება, სადამსჯელო ექსპედიცია... სწორედ ეს მესმოდა ამომრჩევლებისგან სულ ენმ-ს შესახებ, რომ კი, ისინი მოაზროვნე ხალხია, შეუძლიათ რეფორმების გატარება, მაგრამ ამ რეფორმების გზაზე ყველაფერს იკადრებენ და ყველაფერს გადაუვლიანო... ეს დაადასტურა სწორედ გიგა ბოკერიას იმდროინდელმა საქციელმა, რადგან ის, ელემენტარულად, დამარცხებას ვერ შეეგუა... ახლა წარმოიდგინეთ, რომ გიგა ბოკერიას იმ მინიმალურ ბერკეტზე მეტი ჰქონოდა, რასაც პარტიაში ბერკეტის ფლობა გულისხმობს, თუნდაც, სახელისუფლებო... ალბათ, მისი ნება რომ ყოფილიყო, პარტიაში დროებითი დაკავების იზოლატორს გახსნიდა და იქ ჩამსვამდა მეც და ყველა სხვასაც, იმდენად ვერ შეეგუა იმას, რომ დამარცხდა... _ ახლა ორი სიტყვით თქვენი კიევური შეხვედრების შესახებ მიხეილ სააკაშვილთან. ვიცი, რომ კონფიდენციალური საუბრის დეტალების გამჟაღვნებას არ აპირებთ, მაგრამ ვთქვათ, იმაზე თუ ილაპარაკეთ, რომ, მაგალითად, 20 იანვარს ყრილობაცაა და აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაც, სადაც სააკაშვილია მიწვეული? _ დიახ, რა თქმა უნდა, როცა ტექნიკურ დეტალებზე ვისაუბრეთ, ეს საკითხებიც გავიარეთ. ცნობილია, რომ ყრილობაზე დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის ჩართვა, რომ მან ენმ-ს ყრილობის დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს მიმართოს და ეს ისე უნდა გავაკეთოთ, ტრამპის ინაუგურაციაზე ყოფნის გამო ხელი არ შეეშალოს... _ ისე, „ოცნების“ მხარდამჭერები და „შუაშისტების“ ნაწილი რომ ამბობენ, ინაუგურაციის ბილეთები ჩვეულებრივ იყიდება და ყველას შეუძლია მისი ყიდვა, სააკაშვილმაც სწორედ ასე იყიდაო, ეგ თუ იცის? _ თუნდაც ასე შეიძლებოდეს ბილეთის ყიდვა, ძალიან სასაცილოა იმის მტკიცება, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ მიწვევის გარეშე მივიდოდა. რასაკვირველია, მე დეტალები არ ვიცი, მაგრამ, ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი ინაუგურაციას მიწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრება. _ ზოგადად, განახლებული ენმ-ს მართვაზე, დისტანციის პრობლემაზე საუბარი თუ გქონდათ? _ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შეცვლილი არ არის: ის მიიჩნევს, რომ პარტია ეკუთვნის მის მხარდამჭერებს, აქტივისტებს, რომლებიც ადგილზე პოლიტსაბჭოს წევრებს ნდობას გამოუცხადებენ. ძირითადი გადაწყვეტილებები ადგილზე მიიღება, რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციით, თუმცა მისი ინიციატივაა სწორედ ის, რომ გადაწყვეტილებები ადგილზე იყოს მიღებული, რასაც შემდეგ ის მხარს დაუჭერს. და, ზოგადად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განახლება არის არა ის, რომ პარტიული სიის პირველი ათეული განახლდება, არამედ სწორედ ის, რომ პარტიის მართვის სტილი შეიცვლება და ის დაუბრუნდება ხალხს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, ვის მხრებზეც გადადის ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან ბრძოლის მთელი სიმძიმე...   ლაშა ბერულავა  

გაზიარება