QronikaPlus
ზებრა უბია ვირადა

ზებრა უბია ვირადა

2017-01-11 11:06:24

ხშირად ვამბობთ, რომ 90-იანი წლები ბრუნდება, ან უკვე _ დადგა. ვამბობთ, თუნდაც, გახშირებული ხოცვა-ჟლეტის, თუ აგუგუნებული გენერატორების გადამკიდე, მაგრამ ამ მიეთმოეთში ერთი რამ გვავიწყდება, მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, _ მაშინ არავინ გვეუბნებოდა, რომ კარგად ვცხოვრობთ, რომ არ იზრდება ფასები, არაფერი მოსდის ეროვნულ ვალუტას და ა. შ. ერთხელ თქვა ნანული შევარდნაძემ, მომჭირნე დიასახლისი ოჯახს მთელ თვეს 7 ლარად აცხოვრებსო და ეს ერთი ნათქვამი დღემდე ყველას ახსოვს, მაგრამ ახლა მე თქვენ გეკითხებით, მსგავსი რამ რამდენჯერ ითქვა, თუნდაც, მხოლოდ გუგულა ძალოს პირიდან? აგერ, ახლაც, გამოხტა და გაიძახის, თამბაქოს გაძვირება სასარგებლოაო. შე კაი ადამიანო, თუ პენსიონერი ხარ, თუ ასაკში ხარ, რაღას ეწევიო, წადი, ჭამე, სვი, სიგარეტის მაგივრად შოკოლადი იყიდე, ხილი იყიდე, უფრო სასარგებლოაო. ანუ რა გამოდის, _ თუ ადამიანი ასაკში ხარ, აღარც უნდა მოწიო! და ამას ამბობს უჰასაკო? ქალი იგი გუგული! ეს სხვა უნდა გავიდეს პენსიაშიც, ცხოვრების დამკაშიც, არც მოწიოს, მაგრამ რა გინდა, ალტერნატივასაც ხომ სთავაზობს პენსიონრებს, ხილი ჭამეთ, შოკოლადიო. ბარემ დროზე ადრე ჩააწვინოს ხალხი კუბოში და ის ხილი და შოკოლადი, ჯამით ხორბალთან ერთად თავთით დაუდგას! ისე, ამ ხელისუფლებას კი ეხერხება კუბოებზე ტენდერების ცხადება. აი, თავად მარადიულად ქორფა გუგული კი მუდამ პარლამენტში უნდა იჯდეს და იქიდან მოძღვროს გერტრუდა სტაინივით მთელი ერი! მოკლედ, ბიძინას რეჟიმს 90-იანი წლებისგან განასხვავებს უტიფრობის ხარისხი. დიახ, მაშინ არ გვაბოლებდნენ, მაინც რომ ყველაფერი კარგად იყო, ჩუმად მაინც იყვნენ, ახლა კი უფასო ფულის რა მოგახსენოთ და ჭკუას კი ყოველდღე გვარიგებენ უფასოდ. არ აქვთ, მაგრამ მაინც გვარიგებენ, გაგიგიათ ასეთი გულუხვობა? გუგულა ძალო კი მოძღვრავს ერს, სვით და ჭამეთო და თან თუ ადრე 10-თეთრიანი სალათის ფურცლით და გვიან ბაზარზე წამოკრეფილი ლარტყა-ლურტყა ხორცით გვიმასპინძლდებოდა მთელ ერს, ახლა _ ხილით და შოკოლადით. რა გინდა, თემატური ქალია, თოვლის ბებო გუგულა _ საახალწოდ ხილი და შოკოლადები მოგვაყარა. და ის სულ არ ენაღვლება, რომ ხილიც და შოკოლადებიც სიგარეტზე ნაკლებად არ ძვრდება. გეგონება, ლარის ვარდნა, საწვავზე, თამბაქოზე ფასების ზრდა არანაირ ზეგავლენას არ ახდენს სხვა პროდუქციის გაძვირებაზე, გეგონება, მარტო საწვავი და სიგარეტი ძვირდება და სხვა ყველაფერი უცვლელად რჩება. მაგრამ გუგულა ძალოს რა უნდა მოსთხოვო, კომუნისტური მორალის მკვლევარ ფსიქოლოგს, როცა, აგერ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე კაკაურიძე ხადურის რეკორდებს რეკორდულ დროში ხსნის, გამობრძანდა, გადმოგვხედა „აჩკებიდან“ და სერიოზულად დააბრახუნა, _ საწვავი კი ნამდვილად გაძვირდება 20-25 თეთრით, მაგრამ საწვავის კომპონენტი არ აისახება ყველა პროდუქციაზეო, როდესაც დავთვალეთ, საწვავს რა წილი უჭირავს თითოეული პროდუქტის ღირებულებაში, მათ შორის პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ვნახეთ, რომ ძალიან მცირე წილი აქვს და შემიძლია ვთქვა, რომ პროდუქტებზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არისო. არა, რას ამბობთ?! არანაირ პროდუქციას არ სჭირდება ტრანსპორტირება, არც ნედლეულის და შემდეგ არც მზა პროდუქციის ადგილამდე მიტანაა საჭირო. ტრანსპორტირებაში კი, აბა, რა შუაშია საწვავი, თუ ინტრიგანი არ ხარ? და, საერთოდ, თუ მართლა ინტრიგანი არ ხარ, რას უყურებ ფასებს, რომ უკვე გაზრდილია? აგერ, მინისტრის მოადგილე ამბობს, არ გაიზრდებაო და არ უნდა დაიჯერო? მერე რა, რომ ფასები უკვე გაზრდილია, მაინც უნდა დაიჯერო, თუ ხარ ქოცი ჭეშმარიტი! აბა, რა გინდათ, მიშა მობრუნდეს? არ გინდათ, ხომ? ჰოდა, უნდა იახადოთ მეტი საწვავშიც, დენშიც, გაზშიც, პურშიც, სიგარეტშიც, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ის გადარეული მიშა არ მობრუნდეს. აბა, თქვენ რა გეგონათ? ასეა საჭირო. არადა, ამ მართლაც გამოქოცებულ მთავრობას ავიწყდება, რომ სწორედ ამ ფასების უპრაგონო მატებით და ცხოვრების დონის გაუარესებით, სწორედ მიშას პოტენციურ მხარდამჭერთა რიცხვს ზრდიან. შეგნებულად ვწერ მიშას და არა „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ხალხში სწორედ ამ ტიპის იმედი ჩნდება _ ქვეყანა ისე აირია, ამ დომხალს მიშა თუღა დაალაგებს. და ეს ჩნდება მის მხარდამჭერებში კი არა, იმ ნაწილშიც, რომელსაც მიშა დიდად არ ეპიტნავება, იმ ხალხში, რომელმაც 2012 წელს ხმა მისცა ხელისუფლებიდან მის ჩამოშორებას, მეტიც, აგერ ახლაც არ მიუცია ხმა მისი პარტიისთვის. არც ახლა უნდათ, მაგრამ სხვა გზას ვეღარ ხედავენ, ხედავენ, რომ რადიკალური ცვლილებების გარეშე ამ ყოფას აღარაფერი ეშველება. და ის კი ახსოვთ, ვის აქვს შნო ამ ტიპის რადიკალური ცვლილებებისა. სწორედ ეს ხალხი გამოცვივდება ქუჩაში, სწორედ ეს ხალხი მოგევლინებათ მის დასაყრდენად მის ნახევარმილიონიან აქტიურ მხარდამჭერთან ერთად. აგერ, ჩემი ერთი განქოცებული ახლობელი, რომელიც დიდის ამბით შეეგება 2012-ში ბატონ ბიძინას და მისი რაზმის მოსვლას ხელისუფლებაში, იმ იმედით, რომ ხიზილალის ჭამაზე გადავიდოდა და მერე ზებრის ჩლიქებიც არ ერგო, ამ არჩევნებზე გამწარებულმა ყველა გადახაზა იმ თავისი პასტით, რომლითაც 2012-ში იყო არჩევნებზე. ახლა კი აქეთ ჩხუბობს, _ სადაა ეგ მიშა, თუ მოდის, დროზე მოვიდესო. ყველა სეზონის ტანსაცმელი აქვს გამზადებული სამიტინგოდ. ეს გინდათ? ქართულ საზოგადოებას, დიახ, ახასიათებს, ჩვევაში აქვს თავის მოტყუება, წასთვლემს ხოლმე და იჯერებს სიზმრებს. ასე დაიჯერეს _ შევარდნაძე აგვაყვავებსო, ასე დაგიჯერეს თქვენც... რა ვქნათ, უყვართ ფერადი სიზმრებიც, მაგრამ, თქვენდა სავალალოდ, მინდა გითხრათ, მერე სხვა ჩვევაც აქვთ, _ უცებ გამოფხიზლდებიან და ისეთს დაგიჭყეტენ თვალებს, კუდამოძუებულებს გარბენინებენ. კრიფეთ მერე კრწანისის ყაყაჩოები. და უტიფრობას, აბა, თუ იცით, რა ძალა აქვს? მოქმედებს, როგორც ცეცხლზე ნავთი. ტყუილად გაქვთ იმის იმედი, რომ სააკაშვილს ქვეყანაში არ ჩამოუშვებთ და ამ გზით აიცილებთ ყველა გართულებას თავიდან. ფრთხილად, სკაიპს უფრთხილდით, დიდ დემონსტრაციებზეც შეიძლება სკაიპით ჩართვა. ტექნოლოგიები წინ მიდის. უფრო სწორად, წინაა წასული და უკვე აპრობირებულიც _ თუნდაც მისი პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებში. და რა, სკაიპით ჩართულ მიშას მუხტი მოაკლდება, თუ ქარიზმას დაიჭერს სკაიპი? ნურც იმის იმედად იქნებით, რომ „რუსთავი2“-ს წაიღებთ და უტრიბუნოდ დატოვებთ. ფეისბუკის ხანაში უტელევიზოროდაც გავა კაცი ფონს. 10%-იან შემცირებას, თუ იცით, რა მოსდევს? სამსახურიდან გამოყრილი 10% თქვენი მოსისხლე მტერი ხდება, იმათ 100%-ს კი, ვისაც მაინც სჯეროდა თქვენი მოყოლილი ზღაპრებისა დასაქმებაზე, ეფანტება ყველა ილუზია, რომ დასაქმებას ეღირსება თქვენს ხელში. როგორ გგონიათ, ეგ თქვენი მინისტრი ჯეჯელავა, კომბლეს დევნას რომ შეეშვება და თავის თანამშრომლებს გამოუდგება, ვინც ცუდად მუშაობს, იმას ვუშვებ სამსახურიდანო, ეგ კარგ შედეგს მოგიტანთ? აგერ მე კი არა, გია ხუხაშვილიც გეუბნებათ, ეს მწარედ დაგიბრუნდებათო. ადამიანს ულუკმაპუროდ ტოვებთ, სამსახურიდან უშვებთ და თან იქვე ლანძღავთ, _ ცუდად მუშაობ, ბალასტი ხარ, არარაობა ხარო. გაჩვენებთ ეს ხალხი, რა ბალასტიც და არარაობაცაა და რაც არ უნდა იძახოს თქვენმა ღარიბაშვილზე უკეთესმა კვირიკაშვილმა, _ 2017 წელი იქნება ძალიან მაგარიო, _ არავინ დაუჯერებს. რაც არ უნდა იძახოს და საიდანაც არ უნდა იძახოს, _ გინდა გუდაურიდან იძახოს, გინდა იალბუზზე შეხტეს, მე შენ გეტყვი და გორგასალივით დიდმა მთებმა არ იწყონ დრეკა. არა, მაინც ისევ იმ თემას ვუბრუნდებით _ უტიფრობის თემას, ქვეყანას ფულის ნაცვლად ხელში ფუჩეჩი დაგვაჭერინეს, ყველაფერი გაგვიძვირეს, ხან წყალი წყდება, ხან დენი ითიშება, ქარხნების ნაცვლად გენერატორებს გაუდის გუგუნი და ეს მაინც დგას და გაჰკივის, _ ენთუზიაზმით და ოპტიმიზმით ვარ სავსე, და დარწმუნებული ვარ, 2017 წელი ძალიან მაგარი წელი იქნებაო. გადასატანად ნამდვილად მძიმე და მაგარი იქნება. ლარის გაუფასურების პირობებში კი მალე ყველას ენთუზიაზმზე მოგვიწევს მუშაობა, მე შენ გეტყვი და არ გვიმუშავია იმ შავბნელ 90-იანებში _ ხელში ბღუჯა-ბღუჯა კუპონები რომ გვეჭირა. აქეთ კვირიკაშვილი გაიძახის, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, იქნება კიდევ უფრო დიდი მომავლის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველიო და იქით, კიდევ, პარლამენტის თავმჯდომარე გვმოძღვრავს, დღეს გვაქვს უნიკალური ისტორიული შანსი, რომ, ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოვაყალიბოთ კონსტიტუციაო. საქართველოს დამფუძნებელი მამები... ახალ საქართველოს გვიფუძნებენ ბიჭები... კონსტიტუციას რა დღეშიც ჩააგდებენ, კი ხვდებით, კომისია კი შეადგინეს მრავალრიცხოვანი, მაგრამ „პრიმერკებს“ ვინც აუღებს კონსტიტუციას, კი ხვდებით _ თერძი ბიძო. ეს ყველაფერი გარდაუვალია, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ, მაგრამ მთელ ამ მიეთმოეთში სასაცილო იცით, რა არის, ამათ რომ სჯერათ, მათი დაწერილი, უფრო სწორად, გადაკეთებულ-გადმოკეთებული კონსტიტუცია დარჩება საქართველოს მარადიულ კონსტიტუციად. წახვალთ ხელისუფლებიდან და თან წაიღებთ მაგ კონსტიტუციას. ამოიღლიავების გამოცდილება კი გაქვთ, თუ არადა, ზაქარია ქუცნაშვილი გასწავლით. ან ამ კომისიის ამდენ წევრს, ამდენ ექსპერტს სჯერა, რომ კონსტიტუციას ისე დაწერენ, როგორც მათ მიაჩნიათ მართებულად? და არა ისე, როგორც იმ ბრძენ კაცს უნდა? უკაცრავად და კონსტიტუციონალისტები ხართ თუ ბიძინას ნოტარიუსები? რის იმედად ხართ, რომ ეს ყველაფერი მარადიულად გაგრძელდება და სახის, თუნდაც, პროფესიული სახის შენარჩუნება საჭირო არაა? ან თქვენ რატომ ირთულებთ ცხოვრებას, ან ჩვენ რატომ გვირთულებთ არსებობას? ბატონებო, უკვე ყველამ გაიგო და დარწმუნდა, იმ ბრძენ კაცს, _ ზებრა უბია ვირადა, არცა ვუღირვართ ჩირადა...   რეზო შატაკიშვილი    

გაზიარება